Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 333

ჰაიმორიტი

ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში მწვავე სურდოს, გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს.
2-3 წლის ასაკში თავის ქალაში ფორმირდება წიაღები, რომლებიც ქალას ცხვირის ღრუსთან აკავშირებს. ეს წიაღები ჰაერით სავსე და ცხვირის ლორწოვანის მსგავსი გარსით ამოფენილი პაწია გამოქვაბულებია. განასხვავებენ სფენოიდურ, ზედა ყბის (ჰაიმორის), შუბლის (ფრონტალურ) და ცხავის ძვლის (ეთმოიდურ) წიაღებს. სფენოიდური წიაღი კენტია, დანარჩენები კი წყვილ-წყვილი. ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ჰაიმორიტის დროს ტკივილს ყვრიმალის ძვლების არეში შევიგრძნობთ. ტკივილის ლოკალიზაციისა და ირადიაციის შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებით გესაუბრებით.
ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასულა. ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ჰაიმორიტის ჩირქოვანი, ჩირქოვან-პოლიპოზური და პოლიპოზური ფორმები, კატარული, ჰიპერპლასტიკური, ალერგიული და სხვა ფორმები შედარებით იშვიათია.

მიზეზები
ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს.
ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს:
1. ყველა ის მდგომარეობა, რომელიც კი ცხვირით სუნთქვას არღვევს: ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები.
2. იმუნური სისტემის დასუსტება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებით, ალერგიული მდგომარეობით და სხვა.
3. ბანალური გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტის დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა.
4. ბაქტერიამატარებლობა.
5. ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
6. ჰაიმორის ღრუს ლორწოვანის ტრავმული დაზიანება.
7. ცხვირის ღრუში ვირუსის ან ბაქტერიის შეღწევა.
8. მაღალი ტემპერატურისა და მშრალჰაერიან დახურულ შენობაში დიდხანს ყოფნა.
9. სასუნთქ გზებში ქიმიური ორთქლის მოხვედრა.
10. კბილების და ღრძილების ჩირქოვანი დაავადებები (განსაკუთრებით ზედა ყბის).
11. რინიტის სამკურნალო ცხვირის წვეთების რეგულარული გამოყენება ხდება ჰაიმორის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვების მიზეზი, რის ფონზეც შეიძლება განვითარდეს ჰაიმორიტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა
1. უსიამოვნო შეგრძნება. ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში აღმოცენდება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. ტკივილი დილით სუსტია, საღამო ხანს კი ძლიერდება. ნელ-ნელა შეგრძნება კარგავს განსაზღვრულ ლოკალიზაციას და ადამიანს მთელი თავი სტკივდება. თუ პროცესი ცალმხრივია, ტკივილიც, შესაბამისად, ცალ მხარეს აღინიშნება.
2. სუნთქვის გაძნელება. ავადმყოფს ცხვირი გაჭედილი აქვს, ლაპარაკობს დუდღუნით. წესისამებრ, იჭედება ცხვირის ორივე ნახევარი. ცხვირით სუნთქვის გაძნელება უმეტესად მუდმივია. დროდადრო მოსალოდნელია ხანმოკლე გაუმჯობესება. ზოგჯერ ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნესტოები მონაცვლეობით იჭედება.
3. გამონადენი. ავადმყოფთა უმრავლესობას აქვს ცხვირიდან ლორწოვანი (გამჭვირვალე) ან ჩირქოვანი (ყვითელი, მწვანე) გამონადენი, მაგრამ თუ ცხვირი ძლიერ არის გაჭედილი, გამონადენი შესაძლოა არ შეინიშნებოდეს, რადგან წიაღებიდან ლორწოს დენა გაძნელებულია.
4. ტემპერატურის მატება. სხეულის ტემპერატურა იწევს 38-მდე და უფრო მაღლა. წესისამებრ, ეს სიმპტომი მწვავე ჰაიმორიტის დროს იჩენს თავს. ქრონიკული ჰაიმორიტის შემთხვევაში ტემპერატურის მატება იშვიათია.
5. საერთო სისუსტე. ავადმყოფი მოთენთილია, უარს ამბობს ჭამაზე, ერღვევა ძილი.
მწვავე ჰაიმორიტის ნიშნები ორგვარია – ადგილობრივი და ზოგადი. ადგილობრივი სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება დაზიანებული წიაღის ან ორივე მხარეს, ტკივილი, რომელიც გადაეცემა საფეთქლებს, სახეს, თავს, ჩირქოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, ყნოსვის დარღვევა. დამახასიათებელია ტკივილის გაძლიერება ან სიმძიმის შეგრძნება თავის დახრისას. ზედა ყბის ძვლის წიაღის წინა კედელი შეხებისას მტკივნეულია. ჰაიმორის წიაღის საპროექციო არისა და თვალის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება ჩირქოვანი ჰაიმორიტის გართულებაზე (თვალბუდის ფლეგმონაზე, პერიოსტალურ აბსცესზე) მიუთითებს.
მწვავე ჩირქოვანი ჰაიმორიტის პარალელურად ცხავის წიაღში ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესები, რაც ჰაიმორიტის მიმდინარეობას ამძიმებს. ჰაიმორიტის ზოგადი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მატება (380C-მდე და უფრო მეტად), ცუდი განწყობა, უმადობა, თავის ტკივილი. იცვლება სისხლის საერთო ანალიზი (მომატებულია ედს, შემცირებულია ლეიკოციტების რაოდენობა). მწვავე ჰაიმორიტი 2 კვირამდე გრძელდება. არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში პროცესი გახანგრძლივდება და შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაშიც კი გადაიზარდოს.
ქრონიკული ჰაიმორიტის კლინიკური სურათი ანთების ფორმაზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული ნიშანია ხანგრძლივი ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცალი ან ორივე ნესტოდან, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, პერიოდულად თავის ლოკალური ან დიფუზური ტკივილი. ორმხრივი პროცესის დროს (განსაკუთრებით – პოლიპოზური ფორმის შემთხვევაში) ყნოსვა შესაძლოა დაქვეითდეს (ჰიპოსმია) ან სრულიად დაიკარგოს (ანოსმია). ცხვირით სუნთქვის გაძნელება იწვევს პირის სიმშრალეს, შრომის უნარის დაქვეითებას, ყურების პერიოდულ დაგუბებას. სმენის დაქვეითებაც კია მოსალოდნელი.
რემისიის პერიოდში ავადმყოფის საერთო მდგომარეობა და განწყობა დამაკმაყოფილებელია, ორგანიზმი პათოლოგიურ მოვლენას ეგუება და ავადმყოფი იშვიათად მიმართავს ექიმს. ქრონიკული ჰაიმორიტის გამწვავების პერიოდში შესაძლოა მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, გაუარესდეს განწყობა, გაძლიერდეს თავის ტკივილი და ჩირქოვანი გამონადენის გამოყოფა. დაზიანების მხარეს თვალის ირგვლივ არსებული და სახის რბილი ქსოვილების მტკივნეული შეშუპება ჰაიმორიტის გართულებაზე მიუთითებს.

გართულებები
ყველაზე საშიში გართულება, რაც კი ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი _ ტვინის გარსის ანთება. გარდა ამისა, არსებობს მიოკარდიტის, თირკმელების დაზიანების, გენერალიზებული ინფექციის განვითარების საფრთხე.

დიაგნოსტიკა
ჰაიმორიტის დიაგნოზს სვამენ ავადმყოფის ჩივილების, კლინიკური, რენტგენოგრაფიული, რინოსკოპიული მონაცემების საფუძველზე. შესაძლოა, საჭირო გახდეს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. ზოგჯერ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით ავადმყოფს უტარდება დაზიანებული ზედა ყბის ძვლის წიაღის პუნქცია.

მკურნალობა
ზედა ყბის ძვლის წიაღის ქრონიკული ანთების მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ორბიტული და ქალასშიდა გართულებების შემთხვევაში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს. ჰაიმორიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას. რემისიის სტადიაში ანტიბიოტიკებს არ იყენებენ, გამწვავების პერიოდში კი არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია.

ჯიბლიბო

ჯიბლიბო თმის ფოლიკულის ან წამწამის ძირში მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა, რომელიც ვითარდება ბაქტერიული ფლორით (როგორც წესი, სტაფილოკოკებით  ჩირქის გამომწვევი მავნე ბაქტერიებით) ინფიცირების შედეგად.

მიზეზები
ჯიბლიბოს განვითარების მიზეზად შესაძლოა იქცეს ინფექცია, ჭუჭყიანი ხელებით თვალების მოსრესა, ჭუჭყიანი პირსახოცით სარგებლობა, წამწამის პარაზიტი დემოდექსი, კუჭ-ნაწლავის რომელიმე ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს იმუნური სტატუსის დაქვეითება.

სიმპტომები
თავდაპირველად შეინიშნება ქუთუთოს კიდის ქავილი, მერე კი მცირე ზომის შესივება. 2-4 დღის შემდეგ მის მწვერვალზე ჩნდება მოყვითალო თავი, შიგთავსი ჩირქოვანი მასით არის სავსე.

მკურნალობა
ჯიბლიბოს სამკურნალოდ იყენებენ მშრალ სითბოს, ფიზიოთერაპიას, მალამოებს, რომლებიც სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებს შეიცავს.
ჯიბლიბოს ხელით ან ნემსით გამორწყვა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა ჩირქი სისხლძარღვებში მოხვდეს და ქუთუთოების აბსცესი, სეფსისი ან მენინგიტი გამოიწვიოს.
ვიდრე ჯიბლიბო დამწიფდება, შეიძლება მისი ფრთხილად დამუშავება სპირტით ან მწვანე ბრილიანტით. ხალხური მედიცინიდან გირჩევთ ასეთ საშუალებას: კვერცხი მოხარშეთ და ცხელ-ცხელი, ნაჭუჭიანად დაიდეთ მტკივან ადგილზე (მოხარშული კვერცხი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ეს მშრალი სითბო ანთებითი პროცესის მომწიფებას უწყობს ხელს). რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს პროცედურა და ჯიბლიბო მალე გაიხსნება.
თუ ჯიბლიბოს დროს ტემპერატურამ აიწია, გადიდდა ლიმფური კვანძები და მდგომარეობა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგაც არ გაუმჯობესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს და სხვ.
ჯიბლიბომ შეიძლება მკურნალობის გარეშეც გაიაროს, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი იქნება. ეს პროცესი შეიძლება მშრალი სითბოთი დავაჩქაროთ. მაგალითად, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ანთება სწრაფად ჩაქრება.

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს ისინი სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია.
ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და ერთდროულადაც.

ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება, ურტიკარია (Urtica – ლათ. ჭინჭარი) – ეს სახელი დაავადებამ თავისებური სიმპტომების გამო მიიღო: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. თან სდევს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, თავი იჩინოს თავის ტკივილმა და სისუსტემ. ჭინჭრის ციება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და გენერალიზებულიც (მაშასადამე, მოიცვას სხეულის ცალკეული ნაწილი ან გავრცელდეს მთელ ტანზე), მწვავეც და ქრონიკულიც. ასევე, შესაძლოა, რომელიმე სხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენდეს.

მიზეზები
ჭინჭრის ციება შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ფიზიკურმა ფაქტორებმა – სითბომ, სიცივემ, წნევამ, მზის რადიაციამ;
  • დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ);
  • სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა და ა.შ.

როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ. უმეტესად კი წარმოშობის მიხედვით ორგვარ ჭინჭრის ციებას განასხვავებენ: ალერგიულსა და არაალერგიულს. ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ მემკვიდრეობით ფორმასაც. მწვავე ჭინჭრის ციება უმეტესად ალერგიული ბუნებისაა, ხოლო ქრონიკული, მორეციდივე ფორმის კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა და საზოგადოდ, გამომწვევი მიზეზის დადგენა მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ჭინჭრის ციების მწვავე ფორმა
ჭინჭრის ციების მწვავე ფორმის კლინიკური სურათი ტიპობრივია. კანზე წარმოიქმნება ბებერები, რომლებიც მკვრივი კონსისტენციისაა და მკვეთრი საზღვრები აქვს. გამონაყარი სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. შესაძლოა, შეფერილობაც სხვადასხვაგვარი ჰქონდეს. ყველაზე ტიპობრივია ბაცი ვარდისფერი და ფაიფურისმაგვარი თეთრი. ფორმით შესაძლოა იყოს რგოლისებრი, ნახევარმთვარისებრი, კვანძოვანი. ბებერები შესაძლოა ერთმანეთს შეეზარდოს ან სისხლჩაქცევისმაგვარი ხასიათიც მიიღოს. ასეთი წარმონაქმნების ალაგების შემდეგ კანზე რჩება პიგმენტური უბნები.
გამონაყარი უპირატესად ჩნდება კიდურების გამშლელ მხარეს, ტანზე, დუნდულებზე. სწრაფად წარმოიშობა და მალევე ქრება. მწვავე ჭინჭრის ციებას თან ახლავს ქავილი და წვა ბებერის მიდამოში. გამორიცხული არ არის ტემპერატურის 38-39 გრადუსამდე მომატება. თუ სასუნთქი გზების ლორწოვანი დაზიანდა, სუნთქვა ძნელდება და დაერთვის ხველაც. სასუნთქი გზების ლორწოვანის სწრაფად განვითარებული შეშუპება შესაძლოა ასფიქსიის მიზეზად იქცეს. ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელია მუცლის ტკივილი და ფაღარათი.

ჭინჭრის ციების ქრონიკული ფორმა
დაავადება შესაძლოა გაქრონიკულდეს და ტალღისებური, მორეციდივე ხასიათი შეიძინოს. ასეთი ფორმა შესაძლოა 20-30 წელიწადსაც გაგრძელდეს. ქრონიკულ ჭინჭრის ციებას ახასიათებს ტიპური ურტიკარიული გამონაყარის პაპულოზურად გარდაქმნა და ძლიერი ქავილი.

კვინკეს შეშუპება

კვინკეს შეშუპებას (ის პირველად გ. კვინკემ აღწერა 1882 წელს) ანგიონევროზულ შეშუპებას და გიგანტურ ჭინჭრის ციებასაც უწოდებენ. თუ კანის ზედაპირული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ქავილი, გავრცელდა კანქვეშა ქსოვილში, სადაც ნერვული დაბოლოებები არ არის, ქავილი აღარ იგრძნობა, ხოლო მდგომარეობას კვინკეს შეშუპებად მოიხსენიებენ.
შეშუპება უმეტესად იქ ვითარდება, სადაც ფაშარი შემაერთებელი ქსოვილია (ტუჩები, ქუთუთოები, ყურები, ენა, ხელის მტევნები და სხვ.).
საზოგადოდ კი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, განვითარების ერთიანი მექანიზმიდან გამომდინარე, ერთად განიხილება.
კვინკეს შეშუპებამ შესაძლოა მნიშვნელოვან ზომებს მიაღწიოს. იგი იწვევს დაზიანებული ადგილის დეფორმაციას, მერე კი შესაძლოა უკვალოდ გაქრეს, ხოლო თუ ხელახლა განვითარდა, უმეტესად კვლავ ადრინდელ ადგილას ლოკალიზდება.
სიცოცხლისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ხორხის შეშუპება, რომელიც შემთხვევათა 20-25%-ში შეინიშნება. ხორხის შეშუპებას თან ახლავს:

  • ხმის შეცვლა;
  • მყეფავი ხველა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • სახის მოცისფრო ელფერი;
  • მოგუდვის შეგრძნება (ამ დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა).

თუ კვინკეს შეშუპება თავზეა ლოკალიზებული, აღმოცენდება თავის ტკივილი. ტვინის გარსების შეშუპებამ შესაძლოა ეპილეფსიური შეტევები, მენინგოკოკური მოვლენები და გონების დაბინდვა გამოიწვიოს.
არსებობს მემკვიდრეობითი წარმოშობის კვინკეს შეშუპება, რომელიც მამაკაცებთან უფრო ხშირად გვხვდება. შეშუპებული უბანი ამ დროს მტკივნეული არ არის; ხშირია ხორხის შეშუპება.

მიზეზები
მწვავე ჭინჭრის ციება ხშირად საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგიის ნიშანია. იმ პროდუქტებიდან, რომლებიც მის განვითარებას იწვევს, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კვერცხი, არაქისი, სოია, ღორის ხორცი, რძე, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, ქათამი, თხილი და კაკალი. უნდა გავითვალისწინოთ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების (ვთქვათ, პროდუქტისა და მტვრის ან ლატექსის ერთობლივი მოქმედების) შესაძლებლობაც. წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა შეუძლია ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მაგალითად, პენიცილინის ჯგუფისას), სულფანილამიდებს, კოდეინს. ჭინჭრის ციებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სისხლის გადასხმასთან ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანასთან. არ არის გამორიცხული, გამონაყარი სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმაც გამოიწვიოს. ჭინჭრის ციების მიზეზად შესაძლოა იქცეს აგრეთვე რომელიმე ინფექციური ან ვირუსული დაავადება, მაგალითად, ჭიებით ინვაზია, ჰეპატიტი ან ლამბლიოზი. ზოგჯერ ის ისეთ პირებთანაც იჩენს თავს, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები აქვთ.
კვინკეს შეშუპებისთვის დამახასიათებელია კავშირი გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებთან (ასეთებია, მაგალითად, რენიტეკი, კაპოტენი, ენაპი, პრესტარიუმი). ამ დროს შეშუპება ხშირად ენასა და ტუჩებზეა ლოკალიზებული.

დიაგნოსტიკა
ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ანამნეზს კრებს. მომდევნო ეტაპი სხეულის დათვალიერება და ლაბორატორიული კვლევებია, მათ შორის – ვასერმანის რეაქცია, რენტგენოგრაფია, ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური კვლევები. გამოკვლევა გულდასმით უნდა ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს დაავადებები, რომელთა მიმდინარეობა ჭინჭრის ციებას ჰგავს. გარდა ამისა, საჭიროა იმ პათოლოგიების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს შეუპოვრად მიმდინარე ჭინჭრის ციებას. ასეთი გახლავთ ქრონიკული ტონზილიტი, კარიესი, ქოლეცისტიტი, ოსტეომიელიტი, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და სხვა.

საშიშია თუ არა?
ლოკალური ჭინჭრის ციება მსუბუქ ალერგიულ რეაქციად მიიჩნევა, ხოლო გენერალიზებული ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება – საშუალოდ და მძიმედ. განსაკუთრებით საშიშია შეშუპება სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის მიდამოში – შესაძლოა, სუნთქვის გაძნელება და მოხრჩობაც მოჰყვეს, თუ პაციენტს დროულად არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.

პროფილაქტიკა
ავადმყოფი კარგად უნდა იცნობდეს თავის დაავადებას და მუდამ თან ჰქონდეს ალერგიული ავადმყოფის პასპორტი, რომელშიც მითითებულია დიაგნოზი და მოცემულია რეკომენდაციები. ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც გადაუტანია ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, უნდა ერიდოს ასპირინსა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებს, არ უნდა გაეკაროს ალკოჰოლს. სახიფათოა ასევე ცხელი შხაპი და აბაზანა, ზოგიერთი წნევის დამწევი საშუალების მიღება. თუ ალერგიის მაპროვოცირებელი საკვები დადგენილია, მისი მიღებაც უნდა აიკრძალოს. მზისმიერი ჭინჭრის ციების დროს გარუჯვა რეკომენდებული არ არის. პაციენტები, რომელთაც მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპება აქვთ, უნდა ერიდონ კბილის ამოღებას.

მედიკამენტური მკურნალობა
ისევე როგორც სხვა ფორმის ალერგიული დაავადებების მკურნალობისას, ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროსაც, თუ ალერგენის დადგენა მოხერხდა, ყველაზე ეფექტურია მისი მოცილება, რასაც მედიცინაში ელიმინაციას უწოდებენ. მაგრამ ზოგჯერ – და, უნდა ითქვას, რომ უმეტესადაც – ურტიკარიის მიზეზის იდენტიფიცირება ჭირს და მასთან ბრძოლის ძირითად მეთოდად მედიკამენტური მკურნალობა რჩება.
ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობა უმთავრესად 3 ჯგუფის მედიკამენტებს მოიაზრებს:

  • ადრენომიმეტიკებს – ადრენალინს, ნორადრენალინს;
  • ანტიჰისტამინურ პრეპარატებს – ლორატადინს, ასტემიზოლს, ტერფენადინს, კეტოტიფენს, ცეტირიზინს;
  • გლუკოკორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, პრედნიზოლონს.

მწვავე ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს პირველ ადგილზე დგას ის საშუალებები, რომლებსაც სიმპტომების სწრაფი კუპირება ძალუძს. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს დავჯერდეთ (ასეთებია დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი. გაცილებით უკეთესია ახალი თაობის პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს, მაგალითად, კლარიტინი, ალერფასტი და სხვა). არცთუ იშვიათად შედეგიანია გამწმენდი ოყნა და ენტეროსორბენტები (სმექტა, გააქტიურებული ნახშირი). საშუალო სიმძიმისა და მძიმე შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სპეციალისტების მაღალკვალიფიციური დახმარება. დაბოლოს: ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობის რეკომენდაციებში ჩართულია მეთოდები, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება მეცნიერულად არის დამტკიცებული. ამავე დროს, რეკლამა ეწევა ჭინჭრის ციებისა და კვებითი ალერგიის სხვადასხვა ფორმის მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებს. მათი მიმდევრების აქტიურობის მიუხედავად, ზოგიერთი ამ მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, ზოგიერთმა კი ვერ გაუძლო ობიექტურ გამოცდას. რაც მთავარია, ზოგი მათგანი არცთუ უსაფრთხოა. თუ მაინც გადაწყვეტთ არატრადიციული მეთოდებით მკურნალობას, მათი უსაფრთხოების ხარისხი ექიმთან ერთად განიხილეთ.

წყლულოვანი კოლიტი (არასპეციფიკური)

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მსხვილ ნაწლავს აზიანებს. ამ დროს ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება და მის ზედაპირზე მცირე ზომის ჭრილობები – წყლულები წარმოიქმნება. ამ წყლულებიდან დის სისხლი, ჩირქი და ლორწო. ანთება იწვევს კუჭში ხშირად გასვლის მოთხოვნილებას, რაც სისხლიანი ფაღარათითა და მუცლის ტკივილით მთავრდება. დაავადება თანაბრადაა გავრცელებული ქალებსა და მამაკაცებში, უმეტესად 15-დან 30-მდე და 50-დან 70 წლამდე ვითარდება, თუმცა მისგან არც ერთ ასაკში არ ვართ დაზღვეულნი.

მიზეზები
მიუხედავად იმისა, რომ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი კარგა ხანია მეცნიერთა ყურადღების საგანია, მისი მიზეზები ბოლომდე არ აუხსნიათ, თუმცა დადგენილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის აღმოცენებას.

1. მემკვიდრეობა
მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ დაავადების შემთხვევები ხშირია ერთსა და იმავე ოჯახებში, ასევე – განსაზღვრული ეთნიკური წარმომავლობის პირებში. გარდა ამისა, გამოვლინდა გენეტიკური მარკერები, რომლებიც ხშირადაა ასოცირებული არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტთან.

2. გარეგანი ფაქტორები
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის აღმოცენებაში გარეგანი ფაქტორების როლის შესახებ მრავალი მეცნიერული ჰიპოთეზა არსებობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კვების თავისებურებები. ერთ-ერთი თეორია ასეთია: ვინაიდან მსხვილი ნაწლავი მრავალი საკვები ნივთიერების ზემოქმედებას განიცდის, ადვილი შესაძლებელია, მათ ანთების პროვოცირება მოახდინონ, – თუმცა აღნიშნული მოსაზრება მეცნიერულად ვერ დადასტურდა. ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს ძუძუთი კვების დამცავ ეფექტზე. არსებობს მონაცემები ინფექციის როლზე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის განვითარებაში.

3. იმუნური ფაქტორები
არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს აუტოიმუნურ პათოლოგიათა რიცხვს მიაკუთვნებენ. ამ ტიპის დაავადებების დროს ირღვევა იმუნური სისტემის ფუნქცია, რის შედეგადაც ის თავისივე ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილთან იწყებს ბრძოლას. ამ მოსაზრებას ადასტურებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს არა მარტო მსხვილი ნაწლავის, არამედ ორგანიზმის სხვა სისტემებისა და ორგანოების დაზიანებაც.

კლინიკური ნიშნები
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავრცობილია მსხვილი ნაწლავის დაზიანება. ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი, რომლის დროსაც სისხლსა და ლორწოსთან შერეული თხიერი განავალი გამოიყოფა. სისხლმდინარე კერა ვლინდება რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევის დროსაც. დაავადებას, ჩვეულებრივ, თან სდევს მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობაც ზომიერიდან ძალიან ძლიერამდე მერყეობს. როგორც უკვე ითქვა, სხვადასხვა პაციენტთან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მოიცავს მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილს – სწორი ნაწლავიდან განივ კოლინჯამდე. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ სწორ ნაწლავზეც (პროქტიტი). ამ შემთხვევაში შესაძლოა დაავადების ერთადერთი გამოხატულება სწორი ნაწლავიდან სისხლდენა იყოს. ზოგჯერ შეინიშნება სწორი ნაწლავის ტკივილი, დეფეკაციის ცრუ სურვილი. ზოგჯერ პროცესი მოიცავს სწორ ნაწლავსა და სიგმურ კოლინჯს (პროქტოსიგმოიდიტი), კოლინჯის მთელ მარცხენა ნახევარსა და მთელ მსხვილ ნაწლავს (პანკოლიტი). ბუნებრივია, რაც უფრო დიდ ფართობსაა მოდებული პათოლოგიური ცვლილებები, მით უფრო მნიშვნელოვანია კლინიკური სიმპტომატიკა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დაავადების გავრცობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი მიმდინარეობის სიმძიმეც. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მსუბუქი ფორმის დროს კუჭის მოქმედება დღე-ღამეში ოთხჯერადზე ნაკლებია, განავალში სისხლის მინარევი შესაძლოა არც იყოს, ზოგადი ინტოქსიკაცია გამოხატული არ არის, ტემპერატურა ნორმალურია, სისხლში ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ დასტურდება (ედსი ნორმალურია). გამოხატულია ზომიერი მუცლის ტკივილი ან კუნთების სპაზმი. შეინიშნება კუჭის მოქმედების ცრუ სურვილი (ცრუ ჭინთვები, ტენეზმები), რომლის შედეგადაც განავალი არ გამოიყოფა ან გამოიყოფა ძალიან მცირე ოდენობით. ზომიერი სიმძიმის ფორმის დროს კუჭის მოქმედების ანუ დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 4-ს აღემატება, თუმცა ინტოქსიკაციის ნიშნები მინიმალურია, ცხელება 38-39°C-ს აღწევს, ტკივილი ზომიერია, ვლინდება ანემია, თუმცა არცთუ მკვეთრი. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მძიმე ფორმას ახასიათებს ხშირი (დღე-ღამეში 6-ზე მეტი) დეფეკაცია და ინტოქსიკაციის სიმპტომები – ცხელება, ტაქიკარდია (გულის აჩქარება), ანემია და ედსის მატება. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს დაავადების ელვისებური ფორმა, რომლის დროსაც კუჭის მოქმედებათა რიცხვი დღე-ღამეში 6-ს აღემატება. განავალი მუდმივად სისხლიანია. ვლინდება მკვეთრი ინტოქსიკაცია. მუცელი მტკივნეულია. ანემია მკვეთრია. ანთებითი პროცესი სცდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს და ვრცელდება ქვემდებარე შრეებზე, რაც არღვევს მსხვილი ნაწლავის კედლის ელასტიკურობას. მოსალოდნელია მისი მკვეთრი გაფართოებაც, რასაც მედიცინაში ნაწლავის ტოქსიკურ დილატაციას უწოდებენ. ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია შესაძლოა მისი პერფორაციის (კედლის გახვრეტის) მიზეზად იქცეს. სათანადო მკურნალობის გარეშე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ელვისებური ფორმა სიკვდილით სრულდება.

ზოგადი სიმპტომები

სამწუხაროდ, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მხოლოდ ნაწლავის დაავადება არ არის. ის სისტემური პათოლოგიაა, რომელმაც შესაძლოა ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება გამოიწვიოს. ზოგჯერ ზოგადი გამოხატულება, მაგალითად, სახსრების ტკივილი, დაავადების პირველი ნიშანიც კია და უსწრებს ნაწლავისმხრივ ჩივილებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში დაავადების დიაგნოსტიკა რთულდება. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ზოგად გამოვლინებათაგან უნდა აღინიშნოს:

  • აფთოზური წყლულები პირის ღრუში;

თვალების მხრივ:

  • ირიტი ან უვეიტი (ფერადი გარსის ანთება);
  • ეპისკლერიტი;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:

  • სახსრების ანთება ანუ ართრიტი, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ერთი დიდი ან რამდენიმე წვრილი (მტევნის ან ტერფის) სახსარი;
  • ხერხემლის სვეტის ართრიტი ანუ მაანკილოზებელი სპონდილიტი;
  • ხერხემლის სვეტის ქვედა ნაწილის და გავა-თეძოს ართრიტი;

კანის მხრივ:

  • ერითემა (კანქვეშა ქსოვილის ანთება) ქვემო კიდურებზე;
  • განგრენული პიოდერმია (კანის ჩირქოვანი მტკივნეული დაწყლულება).

არცთუ იშვიათია:

  • ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
  • აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;
  • თითების დეფორმაცია;
  • სანაღვლე გზების ანთება, მასკლეროზებელი ქოლანგიტი.

დიაგნოსტიკა
როდესაც ექიმი არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის არსებობას ეჭვობს, ის პაციენტს განსაზღვრულ გამოკვლევებს უნიშნავს. უპირველეს ყოვლისა, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, რათა დადასტურდეს ანემიისა და ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. დაავადების დიაგნოსტიკისთვის უმნიშვნელოვანესია ენდოსკოპიური კვლევა, კერძოდ, კოლონოსკოპია, რომლის დროსაც სპეციალური ხელსაწყოს – კოლონოსკოპის მეშვეობით მთელი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანს ათვალიერებენ. ამ პროცედურის დროს შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის ქსოვილის აღება მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის ანუ ბიოფსიის ჩატარება. მიკროსკოპიული კვლევით მიღებული მონაცემები დიაგნოზის დადასტურებაში გვეხმარება. სადიაგნოზოდ გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კონტრასტული (ბარიუმის ფაფით) რენტგენოლოგიური გამოკვლევაც, თუმცა ის ისეთი ინფორმაციული არ არის, როგორიც კოლონოსკოპია.

იზრდება თუ არა მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს?
ამჟამად მიიჩნევა, რომ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი მაღალია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ამ პათოლოგიით მოავადე პაციენტთა 90%-ს მსხვილი ნაწლავის კიბო არ უვითარდება. რისკი იმატებს, როცა დაავადების ხანგრძლივობა 10 წელს აღემატება და მთელი მსხვილი ნაწლავია დაზიანებული. ამ შემთხვევაში პაციენტმა ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს კოლონოსკოპია, რათა დროულად გამოვლინდეს სიმსივნის სიმპტომები.

მედიკამენტური მკურნალობა
მედიკამენტური მკურნალობის მიზანია ანთების ლიკვიდაცია, ვინაიდან დაავადების კლინიკური ნიშნების აღმოცენებას სწორედ ის განაპირობებს. წარმატებული მკურნალობით შესაძლებელია არა მარტო სიმპტომების ლიკვიდაცია, არამედ ხანგრძლივი რემისიის ანუ იმ მდგომარეობის მიღწევა, როდესაც დაავადების ნიშნები აღარ ვლინდება. ანთების ლიკვიდაციისთვის სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებია რეკომენდებული. მათი ეფექტიანობა სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვანაირია. შესაბამისად, ექიმს დრო სჭირდება იმ საშუალების შესარჩევად, რომელიც კონკრეტული პაციენტისთვის იქნება ეფექტური. გარდა ამისა, ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ რეკომენდებული ზოგიერთი პრეპარატის გვერდით ეფექტს. მათი დანიშვნისას სარგებლობა, რომელიც მკურნალობას მოაქვს, უნდა აღემატებოდეს მკურნალობასთან დაკავშირებულ შესაძლო დისკომფორტს. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მოიცავს სულფასალაზინის პრეპარატებსა და კორტიკოსტეროიდებს. გარდა ამისა, გამოიყენება იმუნოსუპრესიული (იმუნური სისტემის დამთრგუნველი) საშუალებები, რომლებიც ასევე თრგუნავს ანთებით პროცესს. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება იმ პრეპარატების გამოყენებაც, რომლებიც უშუალოდ ანთებით პროცესზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ დაავადების ნიშნების ლიკვიდაციას უწყობს ხელს. მათ სიმპტომურ საშუალებებს უწოდებენ. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფაღარათო ან შემკვრელი საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, რკინის პრეპარატები. ამ ღონისძიებათა უეფექტობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა – დაზიანებული ნაწლავის ამოკვეთა.

არატრადიციული საშუალებები

ზოგჯერ, ტრადიციული სამკურნალო საშუალებების უეფექტობის ან გვერდითი ეფექტების გამო, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით დაავადებულები შვებას სხვა საშუალებებში ეძებენ. არსებობს მონაცემები ამ კუთხით სხვადასხვა ბიოაქტიური დანამატის (ბად), პრობიოტიკებისა (ბაქტერიული პრეპარატების) და თევზის ქონის ეფექტიანობის შესახებ, თუმცა ეს საშუალებები ოფიციალურად აღიარებული არ არის.

როდის მივმართოთ ექიმს
ჩვეულებრივ შემთხვევებში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ, როგორც ითქვა, ის შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს, ამიტომ აუცილებელია, დროულად მივმართოთ ექიმს, თუ:

  • კუჭის მოქმედება უჩვეულოდ გახშირდა;
  • დაერთო მუცლის ტკივილი;
  • განავალში სისხლის მინარევია;
  • მიუხედავად დიეტისა, ფაღარათი არ წყდება;
  • ამ ნიშნებს ერთვის ცხელება.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს
ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის შეცვლა დაავადების სიმპტომების შემსუბუქებასა და გამწვავებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მართალია, ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რომ ამა თუ იმ საკვებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის გამორიცხვა სიმპტომებს ამსუბუქებს.
გირჩევთ:

  • ერიდოთ რძესა და მის პროდუქტებს. ისინი ამძიმებენ დაავადების მიმდინარეობას, ვინაიდან ამ დროს ხშირია რძის გადამამუშავებელი ფერმენტის – ლაქტაზის დეფიციტი.
  • შეარჩიოთ თქვენთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული – მართალია, ისინი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისას ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა დიარეა და მეტეორიზმი გააძლიეროს. მიიღეთ მხოლოდ ის ხილ-ბოსტნეული, რომელსაც კარგად იტანთ.
  • ამოიღეთ რაციონიდან საკვები, რომლის მიღებაც დისკომფორტს გიქმნით. ეს შეიძლება იყოს ლობიო, ციტრუსები, ყავა, კოლა, ალკოჰოლი.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით.
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. უმჯობესია, ეს იყოს წყალი. მინერალური წყალი მხოლოდ უგაზო შეგიძლიათ დალიოთ.
  • რაკი იძულებული ხართ, შეზღუდოთ განსაზღვრული პროდუქტები, მიიღეთ პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი გაცილებით ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით, თუ თავს აარიდებთ სტრესს და რეგულარულად შეასრულებთ მსუბუქ ვარჯიშს.
არასპეციფიკური წლულოვანი კოლიტის დიაგნოზი იმას არ ნიშნავს, რომ სასოწარკვეთილებას უნდა მიეცეთ. მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ეს დაავადება, მაგრამ მკურნალობისა და ექიმთა რეკომენდაციების შესრულების წყალობით მათი სიცოცხლე სრულფასოვანია.

წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკა

პეპტიკური წყლულის დიაგნოსტიკისთვის ინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა ორმაგი კონტრასტირებით. რენტგენოგრამაზე წყლული კრატერის მსგავს ჩაღრმავებად მოჩანს. რაღა თქმა უნდა, პეპტიკური წყლულის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევაა მიჩნეული. რენტგენოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან შედარებით ენდოსკოპიური გამოკვლევის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ წყლულის გამოვლენა, არამედ ბიოფსიის ჩატარება, PH-ის განსაზღვრა, ასევე – ადგილობრივი მკურნალობა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტის შეფასება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მეთოდის ინფორმაციულობა აბსოლუტური არ არის – მხოლოდ 90%-ს აღწევს. კუჭის წყლულის აღმოჩენა ზოგჯერ ენდოსკოპიურადაც ვერ ხერხდება. ამას ხელს უშლის ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფირებული ნაოჭები, კუჭში დიდი ოდენობის საჭმლის ან სისხლის არსებობა, ლორწოს დაგროვება, ასევე – წყლულის მაღალი ლოკალიზაცია. პეპტიკური წყლულის დიაგნოსტიკისას კუჭის სეკრეციული ფუნქციის განსაზღვრა ყოველთვის არ არის აუცილებელი. დაავადების გამოვლენის შემდგომი, მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ეტიოლოგიური ფაქტორის განსაზღვრა. წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება Helycobacter pylori-ს გამოვლენას, ვინაიდან ინფიცირებულ ავადმყოფთა სათანადო მკურნალობა უმეტესად განკურნებით სრულდება. სადღეისოდ ჰ. პყლორი-ს აღმოსაჩენად რამდენიმე ტესტს იყენებენ. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანის სიზუსტე არ არის 100%-იანი, თუმცაღა ინფორმაციულობა 90%-ს აღემატება. საყურადღებოა ისიც, რომ ტესტების ჩატარება რეკომენდებულია არანამკურნალევი ავადმყოფებისთვის.

კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის ენდოსკოპიური
გამოკვლევა

1. ენდოსკოპიური მეთოდის არსი და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია
გამოკვლევის ენდოსკოპიური მეთოდი სპეციალური ხელსაწყოს, ენდოსკოპის, მეშვეობით ღრუ შინაგანი ორგანოების დათვალიერებას გულისხმობს. ენდოსკოპი სინათლის წყაროთი და ოპტიკური გამტარი ბოჭკოებით აღჭურვილი გრძელი, წვრილი, დრეკადი მილია, რომელიც ორგანოს შიგნითა ზედაპირის (ლორწოვანის) დათვალიერების საშუალებას გვაძლევს.
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების: საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, – გამოკვლევას გულისხმობს. ამ მანიპულაციისთვის განკუთვნილ ენდოსკოპს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპს უწოდებენ. ზოგჯერ ექიმები სიმოკლისთვის უბრალოდ გასტროსკოპიას ან გასტროსკოპს ამბობენ.

2. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოსტიკისთვის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის აუცილებლობა და რენტგენოლოგიური კვლევის ინფორმაციულობის დონე
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის კლინიკური ნიშნების არსებობისას შესაძლოა, ექიმმა გამოკვლევა კონტრასტული რენტგენოსკოპიით (ბარიუმის ფაფის გამოყენებით) დაიწყოს. არცთუ შორეულ წარსულში ის წყლულის დიაგნოსტიკის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ რენტგენოსკოპიით წყლულის დიაგნოსტიკა ასიდან 30 შემთხვევაში ვერ ხერხდება. ეს წყლულის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. რენტგენოლოგიური მეთოდით ძალიან ძნელია მცირე ზომის წყლულებისა და ეროზიების გამოვლენა. დიაგნოსტიკა კიდევ უფრო რთულია, როცა წყლული ლოკალიზებულია კუჭის წინა კედელზე, კარდიულ ზონაში, პილორუსის არხში ან თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის ქვემოთ (ეგრეთ წოდებული პოსტბულბური წყლულები). ძნელია რენტგენოლოგიური გამოკვლევით მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, როცა თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვზე ადრე არსებული წყლულის შეხორცების შედეგად ჩამოყალიბებულია ნაწიბუროვანი ცვლილებები. ამასთანავე, რენტგენოლოგიური გამოკვლევით ზუსტად ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან წყლულსა და ავთვისებიან სიმსივნეს.
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის დროს კუჭის ლორწოვანის სრულფასოვანი დათვალიერება და რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის მიუწვდომელი ცვლილებების აღმოჩენაც გახლავთ შესაძლებელი, ამიტომ დღეს ენდოსკოპიური გამოკვლევა წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდად მიიჩნევა. რენტგენოსკოპია მას ვერ შეცვლის. ასე რომ, ბარიუმის ფაფით გამოკვლევის შემდეგ აუცილებლად ტარდება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია. ის დიაგნოზის დაზუსტების ან უარყოფის საშუალებას იძლევა. ამავე დროს შესაძლებელს ხდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზემოთა ნაწილის თანმხლებ დაზიანებათა გამოვლენას წყლულოვანი დაავადებისა და სიმსივნური პროცესის როგორც ვიზუალური (თვალით შესამჩნევი) მონაცემების საფუძველზე, ასევე დამიზნებითი ბიოფსიით ერთმანეთისგან განსხვავების გზით. ბიოფსიითვე შეიძლება Helycobacter pylori-თ ინფიცირების დადგენა ენდოსკოპიის ამ ღირსებათა გამო, ზოგჯერ, როცა დაავადების ნიშნები წყლულის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს, ექიმი კვლევას პირდაპირ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით იწყებს.
დიაგნოსტიკასთან ერთად ენდოსკოპიური მეთოდი დანაწიბურების პროცესისთვის თვალყურის დევნების და მკურნალობის ეფექტურობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით ერთჯერადად დგინდება კუჭის მჟავიანობა. შესაძლებელია წყლულის ადგილობრივი მკურნალობაც.

3. როგორ ტარდება და რამდენად უმტკივნეულოა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას ატარებს ექიმი ენდოსკოპისტი საგანგებოდ მოწყობილ კაბინეტში. გამოკვლევამდე 8-10 საათის განმავლობაში პაციენტმა საკვები არ უნდა მიიღოს, ვინაიდან ის ხელს შეუშლის კუჭის დათვალიერებას და სწორ დიაგნოსტიკას. ყლაპვისას მგრძნობელობის დასაქვეითებლად ექიმი ყელს სპეციალურ საანესთეზიო პრეპარატს – ლიდოკაინის 10%-იან აეროზოლს – მიასხურებს. პაციენტის ყლაპვითი მოძრაობისას ექიმს მხედველობის კონტროლით გასტროსკოპი უმტკივნეულოდ შეჰყავს საყლაპავში, შემდეგ – კუჭში, თორმეტგოჯა ნაწლავში, ყურადღებით ათვალიერებს ლორწოვანს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, ატარებს ბიოფსიას.
გამოკვლევისას პაციენტს უსიამოვნო შეგრძნება აქვს, რადგან მის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჰაერი შეჰყავთ და კუჭი იბერება. შესაძლოა, კუჭის არეში უმნიშვნელო ტკივილმაც შეაწუხოს. თუმცა, საერთო ჯამში, გამოკვლევა უმტკივნეულოდ მიიჩნევა.
კლასიკური გასტროსკოპია 3-დან 5 წუთამდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა იმატებს ბიოფსიისა და ქირურგიული მანიპულაციების დროს. ექიმი ყველა გზას მიმართავს, რათა პროცედურა იოლად ასატანი იყოს. ენდოსკოპიური კაბინეტის პერსონალი ყურადღებით აკვირდება პაციენტის მდგომარეობას.
ენდოსკოპიური გამოკვლევა დღეს ფართოდ გავრცელებული და სპეციალისტთა მიერ სრულყოფილად ათვისებული პროცედურაა, ასე რომ, შიში უსაფუძვლოა.

4. გამოკვლევის ასევე ინფორმაციული ალტერნატიული მეთოდი
ენდოსკოპიის საოცარი მიღწევაა დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და რუსეთში უკვე აპრობირებული ენდოსკოპიური კაფსულა. ეს არის გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებული მინიატურული (1-3 სმ), სინათლისა და კვების წყაროთი აღჭურვილი ვიდეოსისტემა, რომელსაც პაციენტი ყლაპავს. კაფსულა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილდება. ამ დროს გამოსახულება ვიდეოკამერის მეშვეობით ეკრანზე აღიბეჭდება და ვიღებთ ინფორმაციას მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის მდგომარეობის შესახებ. არსებობს ვიდეოენდოსკოპები, რომელთა დაბოლოებაზე ექოსიგნალის გადამწოდებია დამონტაჟებული. მათი მეშვეობით ტარდება ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა ანუ ექოსკოპია.

5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ენდოსკოპიური სურათი
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ენდოსკოპის ოპტიკური სისტემით ლორწოვანის დათვალიერებისას ექიმი აღმოაჩენს წყლულის კრატერს. ეს არის ჩაღრმავება, რომელსაც არათანაბარი შეფერილობა აქვს: ფსკერი და კიდეები კაშკაშა წითელია, ზოგჯერ – ციანოზურიც (მოლურჯო); თუ წყლულის კედელში სისხლი ჩაიღვარა, ის მუქი მურაფერისა ხდება; ლორწოვანი ნადები წყლულის ზედაპირს მოთეთრო ფერს სძენს, ხოლო ჩირქოვანი და ფიბროზული – მოყვითალოს; ნეკროზული პროცესების დროს წყლულის ზედაპირი მუქია.
ენდოსკოპიური სურათის მიხედვით ექიმი წყლულის ფაზის შესახებ მსჯელობს: ახალი წყლულის კიდეები წითელი და ანთების გამო შეშუპებულია; შეხორცების დასრულებისას წყლული თეთრ ლაქას ემსგავსება; სიმსივნის შემთხვევაში წყლულის კიდეები გასქელებული არათანაბარი, ხორკლიანი და კვანძოვანია. ასეთ შემთხვევებში ექიმი ბიოფსიას ატარებს.

6. ბიოფსია
ბიოფსია გასული საუკუნის 50-იანი წლებში დაინერგა. ის უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც ენდოსკოპისტი ბიოფსიური დანის მეშვეობით ამოკვეთს ლორწოვანის ქსოვილის მცირე ნაწილს (საჭიროა 2-3 ნაჭერი პათოლოგიური ანუ დაავადებული უბნის სხვადასხვა ადგილიდან) და მიკროსკოპიულად იკვლევს, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. დამიზნებითი ბიოფსიის დროს ქსოვილს ლორწოვანის განსაზღვრული, წინასწარი დათვალიერებისას შერჩეული, სიმსივნის არსებობის თვალსაზრისით საეჭვო უბნიდან ამოკვეთენ.
გარდა სიმსივნის დაზუსტებისა ან უარყოფისა, ბიოფსიით მიღებული ქსოვილის მიკროსკოპიული ან მიკრობიოლოგიური შესწავლით შესაძლებელია Helycobacter pylori-თ ინფიცირების დიაგნოსტიკა.

ენდოსკოპიური გამოკვლევის უკუჩვენება

ამჟამად გასტროსკოპიის ერთადერთი აბსოლუტური უკუჩვენებაა ავადმყოფის უარი პროცედურაზე. შედარებით უკუჩვენებებად მიჩნეულია:
-ორგანოს პერფორაციის რისკი საყლაპავისა და კუჭის ქიმიური და თერმული (სითბური) დამწვრობისა და ნაწიბუროვანი შევიწროებისას;
-გულმკერდის აორტის ანევრიზმა (პარკისებრი გამოდრეკა);
-საყლაპავის ვენების ძლიერი გაგანიერება (ვარიკოზი);
-პაციენტის მძიმე საერთო ან ფსიქიკური მდგომარეობა;
-მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მწვავე სტადია.
აღსანიშნავია, რომ წყლულიდან სისხლდენის დროს ენდოსკოპია არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა. მისი მეშვეობით ადგენენ წყლულის მდებარეობას, სისხლდენის ხასიათს (შეჩერებულია თუ გრძელდება, წყლულის ფსკერი სისხლის კოლტით ხომ არ არის დაფარული და სხვა), ატარებენ სხვადასხვა მანიპულაციას სისხლდენის შესაჩერებლად და არჩევენ შემდგომი მკურნალობის მეთოდს (ოპერაციულსა თუ კონსერვატიულს).

წყლულის ადგილობრივი მკურნალობა ენდოსკოპიით
არსებობს წყლულის ადგილობრივი მკურნალობის მრავალი მეთოდი. მათგან განსაკუთრებით ფართო გამოყენება პოვა ლაზერულმა თერაპიამ. ეს არის ენდოსკოპის მეშვეობით წყლულის დასხივება ლაზერის აპარატში წარმოქმნილი სხივით. შემუშავებულია აგრეთვე აზოტის ოქსიდით თერაპია, მკურნალობის ინექციური მეთოდი, არგონოპლაზმური დასხივება, რადიოტალღური დასხივება. ამ მეთოდებს (საჭიროა რამდენიმე სეანსი) მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად იყენებენ. შესაძლებელია წყლულიდან სისხლდენის შეჩერებაც.

პაციენტის თვითშეგრძნება გამოკვლევის შემდეგ და მოსალოდნელი გართულებები
გამოკვლევის შემდეგ პაციენტს შესაძლოა ყელში უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდეს, რომელიც მალე გაუვლის. რაც შეეხება გართულებებს, დრომ აჩვენა, რომ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია უსაფრთხო პროცედურაა და გართულება, პრაქტიკულად, არ ახასიათებს.

მკურნალობა
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე რგოლს მოიცავს:
-სამკურნალო კვება. ავადმყოფს ენიშნება დიეტა 1ა; 1ბ; 1 (თეთრი ორცხობილა, თეთრი გამომშრალი პური, რძე, ნაღები, თოხლო კვერცხი, სუფლე, კარაქი, ლორწოვანი სუპი, კისელი, ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ახალი ხაჭო, არაჟანი, გახეხილი ფაფა, ხორცისა და თევზის ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა, კომპოტი, ბოსტნეულის პიურე). საკვები უთუოდ ახალი და დამზოგველი უნდა იყოს, ამასთანავე – თბილი, უცხიმო, ნაკლებკალორიული. ავადმყოფმა პროდუქტი მოხარშული უნდა მიიღოს, ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით.
-კონსერვატიული მკურნალობა – ბოლო ხანს პეპტიკური წყლულის მკურნალობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. წინათ პოპულარული ტრადიციული მკურნალობა მხოლოდ კუჭის სეკრეციის დამთრგუნველი და ანტაციდური პრეპარატებით შემოიფარგლებოდა, რაც არსით მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას წარმოადგენდა და მისი წარმატების შემთხვევაშიც კი წყლულის შეხორცება დროებითი გახლდათ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად წყლულის შეხორცება სპონტანურად ხდება და არა მკურნალობის შედეგად. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ამ მეთოდს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც წყლულის მიზეზი უცნობია ან ის მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის შედეგს წარმოადგენს, აგრეთვე – რეფლუქს-ეზოფაგიტის არსებობისას. პეპტიკური წყლულის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი, უწინარეს ყოვლისა, წყლულის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიკაციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. Helycobacter pylori პეპტიკური წყლულის მკურნალობა რამდენიმე პრეპარატის, კერძოდ, ანტიბიოტიკებისა და ტრადიციული პრეპარატების (ანტაციდების, H2-რეცეპტორების ანტაგონისტების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, შემომგარსველი საშუალებების) ერთდროულ, კომპლექსურ მიღებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამჟამად უპირატესად მკურნალობის სამკომპონენტიანი სქემა გამოიყენება. ასეთი სქემით მკურნალობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეკომენდებული პრეპარატების გვერდითი მოვლენების მაღალი სიხშირე. ათიდან 7 შემთხვევაში სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის ფონზე ორი კვირის განმავლობაში ხდება Helycobacter pylori სრული ერადიკაცია. სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის აუტანლობის შემთხვევაში მკურნალობა ორკომპონენტიანი მკურნალობის რომელიმე სქემით გრძელდება. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა რეკომენდებული დოზების ზუსტი დაცვა. პეპტიკური წყლულის მკურნალობის ტრადიციული სქემის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლული Helycobacter pylori-სთან არ არის ასოცირებული, მაგრამ გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ, აღნიშნული პრეპარატების გამოყენება აუცილებლად ექიმ სპეციალისტის დანიშნულების შესაბამისად უნდა მოხდეს. გამოიყენება ანტაციდური საშუალებები (ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის ნარევი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ბიკარბონატი-სოდა და ა.შ.), H2-რეცეპტორების ანტაგონისტები (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი, ნიზატიდინი), შემომგარსველი საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები) და სხვა.
-ქირურგიული მკურნალობა – არის შემთხვევები, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, თავს იჩენს გართულებები და აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
განასხვავებენ საოპერაციო შემთხვევების აბსოლუტურ და ფარდობით ნიშნებს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა:
1. წყლულის პერფორაცია (გახვრეტა), რომლის დროსაც გადაუდებელი ოპერაცია ტარდება; აგრეთვე – მიფარებული პერფორაცია (ზოგჯერ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის გახვრეტილ ადგილს რომელიმე ორგანო მიეფარება) 48 საათის განმავლობაში და შემდეგაც, თუ მიფარება საიმედო არ არის;
2. კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავიდან პროფუზული სისხლდენა (თუ სისხლდენა 48 საათის განმავლობაში არ შეწყდა ან სისტემატურად მეორდება);
3. ეჭვი ან უტყუარი ინფორმაცია კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარების შესახებ;
4. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბუროვანი დეფორმაციები;
5. კალოზური (დიდი ზომის, გარქოვანებული) და მეზობელ ორგანოში პენეტრირებული (ჩაზრდილი) წყლული.
ოპერაციის შედარებითი ჩვენებაა: თერაპიულ კლინიკაში მართებული მკურნალობის უშედეგობა, წყლულოვანი დაავადება, რომელიც უკვე 2-3 წელია მიმდინარეობს და რეციდივი მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესების შემდეგ.
ოპერაციის უკუჩვენებაა: წყლულოვანი დაავადების ახალი შემთხვევები, როცა ავადმყოფს არ მოუწესრიგებია ცხოვრებისა და შრომის რეჟიმი და არ ჩაუტარებია კონსერვატიული (დიეტური), მედიკამენტური, სანატორიულ-კურორტული და ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

წყლულოვანი დაავადება

წყლულის სახეები
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ 4 ტიპის წყლულს:
I. ლოკალიზებულია კუჭის სხეულში და ახასიათებს ჰიპოაციდური მდგომარეობა;
II. ჩნდება კუჭზე ან თორმეტგოჯა ნაწლავზე (კუჭში – მცირე სიმრუდეზე, თორმეტგოჯაში – ბოლქვის უკანა კედელზე) და ახასიათებს ჰიპერაციდური მდგომარეობა;
III. პილორულ არხშია ლოკალიზებული და ნორმო- ან ჰიპერაციდური მდგომარეობა ახასიათებს;
IV. ლოკალიზებულია ზემოთ, მცირე სიმრუდეზე, უმთავრესად – საყლაპავი მილის კუჭში გადასვლის ადგილას. ძალიან წააგავს I ტიპის წყლულს, მაგრამ უფრო მეტად არის მიდრეკილი მალიგნიზაციისკენ (სიმსივნედ გადაგვარებისკენ).
ყველაზე ხშირად გვხვდება თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის უკანა კედლის წყლული, მეორე ადგილზეა პილოროდუოდენური მიდამოს კედლის წყლულები, მესამეზე – მცირე სიმრუდისა.
დეფექტის ქსოვილოვანი ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ეროზიას, მწვავე და ქრონიკულ წყლულებს.
ეროზია ზერელე დეფექტია, რომელიც მკურნალობის შემდეგ უმეტესად ადვილად და უნაწიბუროდ ხორცდება.
მწვავე წყლული 2 სმ-მდე დიამეტრის ოვალური ან მრგვალი ღია დეფექტია, რომელიც ქვემოთა შრეებში ძაბრივით ვიწროვდება. მწვავე წყლულის შეხორცების შემდეგ ვარსკვლავისებრი ნაწიბური რჩება.
ქრონიკული წყლულიც მომრგვალო-ოვალური ფორმისაა, ოღონდ მწვავეზე გაცილებით დიდია – 10 სმ-მდე დიამეტრისა. მის ირგვლივ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ქრონიკული წყლულის მარცხენა კიდე დამრეცია და ლორწოვანი გარსი დეფექტისკენ არის გადმოფენილი. წყლულის მარჯვენა კიდე ციცაბოა, ლორწოვანი გარსი გადაწეულია დეფექტიდან და წყლულის კიდეში საფეხურებივით მოჩანს ლორწქვეშა შემაერთებელი ქსოვილი, კუნთოვანი და ზოგჯერ სეროზული გარსიც.
ქრონიკული წყლულის ჩამოყალიბებას წინ უძღვის ეროზია ან მწვავე წყლული, რომლებიც მხოლოდ ლორწოვანი გარსის დეფექტებს წარმოადგენს, ამიტომ მათ წარმოქმნას უჯრედთა რეგენერაცია სდევს თან, მაგრამ კუჭის წვენის მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევის, ჰიპერაციდური მდგომარეობის, კუჭის პერისტალტიკის მოშლის გამო რეგენერაციული ქსოვილი მომწიფებას ვერ ასწრებს, კვლავ ნეკროზს განიცდის და წყლული შეუხორცებელი რჩება.
ლორწოვანი გარსის დაზიანების შემდეგ ასეთივე პროცესები თანმიმდევრობით კუჭისა და თორმეტგოჯას შიგნითა გარსებს მოიცავს. ვითარდება ღრმა წყლული, რომელმაც შესაძლოა სეროზულ გარსამდეც მიაღწიოს და ორგანოს კედლის მთლიანობა დაარღვიოს. ასეთ დროს ვითარდება წყლულოვანი დაავადების მეტად საშიში გართულება – წყლულის პერფორაცია.

რა აჩენს წყლულს
წყლულოვანი დაავადების განვითარების მექანიზმს თანამედროვე თეორიები ასე ხსნიან:
-აშოფის თეორია – წყლულოვანი დაავადება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანების შედეგია, გზა-ბილიკი კუჭის მცირე სიმრუდის გასწვრივ, რომელზეც საკვები მასა მიემართება, დამცავი ნაოჭების უქონლობის გამო ხშირად ტრავმირდება და ლორწოვანი გარსიც ეროზიას განიცდის;
-ანთებითი თეორია – დაავადებისთვის დამახასიათებელი წყლული ჰიპერაციდული გასტრიტის გამწვავების შედეგია;
-ბერნარდის პეპტიკური თეორია – წყლული აქტიური კუჭის წვენის (მარილმჟავა და პეპსინი) მიერ ლორწოვანი გარსის თვითმონელების შედეგია, ამასთანავე, დამნაშავეა არა იმდენად პეპსინი, რამდენადაც მარილმჟავა – სწორედ მისი დახმარებით იჭრებიან წყალბადის აქტიური იონები კუჭის კედელში და აზიანებენ მას;
-ლორწოვანი გარსის მყარი იშემია – კუჭის სისხლძარღვის კედელში გაჩენილი ათეროსკლეროზი, სპაზმი, ემბოლია ან თრომბოზი იწვევს სისხლის მიმოქცევის ადგილობრივ მოშლას და აქვეითებს ლორწოვანი გარსის მედეგობას კუჭის წვენის მიმართ, დაზიანებულ ნაწილს შემდგომ კუჭის წვენი ინელებს და წარმოიქმნება წყლული;
-ნერვულ-ტროფიკული თეორია – წყლულოვანი დაავადება ზოგჯერ ვეგეტატიური ნერვული სისტემის უმაღლესი ცენტრების ქრონიკულ გაღიზიანებას უკავშირდება;
-ვისცერო-ვისცერული თეორია – წყლულის წარმოშობის მიზეზი შესაძლოა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (ბრმა ნაწლავის დანამატის, ნაღვლის ბუშტის) რეცეპტორთა ქრონიკული გაღიზიანებაც იყოს;
-კორტიკო-ვისცერული თეორია – წყლულოვანი დაავადება თავის ტვინის ქერქსა და ქერქქვეშა არეებში აგზნება-შეკავების პროცესთა დარღვევის გამო ვითარდება, რაც ცდომილი ნერვის გააქტიურებას და კუჭის წვენის ჰიპერსეკრეციას იწვევს. სწორედ ამ თეორიის მიხედვით შეიქმნა წყლულოვანი დაავადების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი – ცდომილი ნერვის ტოტების სელექციური ამოკვეთა (ვაგოტომია);
-ენდოკრინული თეორია – სტრესულ სიტუაციებში ადრენოკორტიკოტროპული და გლუკოკორტიკოსტეროიდების სეკრეცია კუჭის წვენის ჰიპერსეკრეციას იწვევს, ზრდის მარილმჟავას კონცენტრაციას, აქვეითებს დამცავი ლორწოს სინთეზს, ამუხრუჭებს ეპითელური შრის ზრდას და უჯრედების რეგენერაციას;
-ბაქტერიული თეორია – წყლულოვანი დაავადება სპირალური ფორმის, შოლტებიანი სპიროქეტას – პილორუსის ჰელიკობაქტერიის (HP) დამსახურებაა, რომელიც, თანამოძმეებისგან განსხვავებით, შოლტების წყალობით დაუბრკოლებლად აღწევს ლორწქვეშა შრეში და აზიანებს მას;
-სარქვლების თეორია – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილებს შორის არის ჩამკეტი სტრუქტურები, რომლებიც ტრაქტის წინა ნაწილებიდან მომდევნოში საკვების დროულ და საჭირო რაოდენობით გადანაცვლებას არეგულირებს. საკმარისია, ტრაქტის რომელიმე ნაწილში სარეგულაციო მექანიზმი მოიშალოს, რომ შეფერხდება მთელი სისტემის ფუნქციობა, მათ შორის – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავისაც, სადაც საკვების ნორმალური ევაკუაციის დარღვევა და მარილმჟავას არანორმალური კონცენტრაცია წყლულის გაჩენის მიზეზად იქცევა.
წყლულოვანი დაავადების მექანიზმის ასახსნელად ზოგჯერ რომელიმე ერთი თეორიაც კმარა, უფრო ხშირად კი ის რამდენიმე მათგანის ერთობლიობით აიხსნება, თუმცა ამ მოსაზრებათა გვერდით აუცილებელია იმ ფაქტორთა დასახელებაც, რომლებიც არანაკლებ როლს ასრულებს წყლულის წარმოქმნაში. ესენია: კვების არასწორი რეჟიმი; ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით – ტკივილგამაყუჩებლებისა; ალკოჰოლისა და თამბაქოს ბოროტად გამოყენება; ხშირი სტრესი; გენეტიკური განწყობა და სისხლის I (0) ჯგუფი – წყლულოვანი დაავადება უმთავრესად უნივერსალურ დონორთა ხვედრია.

საყლაპავის წყლული
საყლაპავის წყლულს პეპტიკურს უწოდებენ. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილში, კერძოდ, საყლაპავის ქვედა ნაწილის კედელში არსებული წყლულოვანი პროცესია, რომელიც განპირობებულია საყლაპავში გადასული პეპსინისა და მარილმჟავას შემცველი კუჭის წვენის აგრესიული ზემოქმედებით. ხშირად შერწყმულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქართან ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასთან. საყლაპავის პეპტიკური წყლული შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ხშირად ერთეულია, მაგრამ შეიძლება იყოს მრავლობითიც. ზოგჯერ მოიცავს საყლაპავის დიდ ნაწილს და მაშინ მას დიფუზურს უწოდებენ.

ეტიოლოგია და პათოგენეზი

საყლაპავის წყლული ვითარდება რეფლუქსეზოფაგიტის ან ბერეტის საყლაპავის ფონზე. ამ მდგომარეობათა დროს საყლაპავში გადადის (უფრო სწორად, კუჭიდან უკან ბრუნდება) კუჭის შიგთავსი და მარილმჟავა და პეპსინი აზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს. ამ უკანასკნელს არ აქვს ისეთი დაცვა, როგორიც კუჭის ლორწოვანს. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ საყლაპავის წყლულის განვითარების მიზეზი ბოლომდე მაინც არ არის ცნობილი.
გვხვდება საყლაპავის სიმპტომური წყლულიც. ასეთი წყლული აღმოცენდება ინფექციისა და ზოგიერთი წამლის ზემოქმედების შედეგად, საყლაპავის ტრავმის, დამწვრობის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

საყლაპავის წყლულის მთავარი სიმპტომია ტკივილი მკერდუკანა ან ეპიგასტრიულ არეში, რომელიც წარმოიშობა ან ძლიერდება ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე. ტკივილი ძლიერდება წოლისას, ზოგჯერ – დახრისას. ხშირად მოგვაგონებს კორონარულ ტკივილს. ხშირია დისფაგია, ბოყინი, ამოქაფება კუჭის მჟავე შიგთავსით. გულძმარვა და ბოყინი წოლისას და დახრისას ასევე ძლიერდება.
წყლულოვანი პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობისას წყლულის ადგილას თანდათანობით ჩნდება ნაწიბური და იწყება საყლაპავის სტენოზირება (შევიწროება). ამ შემთხვევაში ავადმყოფს ამოაღებინებს მოუნელებელ საკვებს. თუ პირნაღები მასის შიგთავსი ნაწილობრივ მონელებულია, საუბრობენ საყლაპავის ქვედა სფინქტერის (კარდიოეზოფაგური სფინქტერი) უკმარისობაზე.
საყლაპავის წყლულს ახასიათებს გამწვავება-რემისიის ფაზების მონაცვლეობა – დაავადების გამოვლენა ცხრება, მაგრამ დიეტის დარღვევისას (მწარე, ცხარე და სხვა ტიპის გამაღიზიანებელი საკვების ზემოქმედებით) ხელახლა მწვავდება.

დიაგნოსტიკა
საყლაპავის წყლულის დიაგნოზს ენდოსკოპიური კვლევით სვამენ. ამასთან, ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად აუცილებელია დაზიანებული არიდან აღებული მასალის ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევა.

გართულებები
საყლაპავის წყლულის გართულებებია: პროფუზული სისხლდენა, წყლულის პერფორაცია, საყლაპავის სტრიქტურები წყლულის დანაწიბურებისას და საყლაპავის სტენოზი, საყლაპავის ნაწიბუროვანი დამოკლება და წყლულის გაავთვისებიანება (მალიგნიზაცია).

მკურნალობა
უპირველესად, ინიშნება დიეტა. გამწვავების პროცესში ავადმყოფმა უნდა მიიღოს თხიერი და ცივი საკვები. მოგვიანებით შეიძლება გახეხილ საკვებზე გადასვლა. რემიისის პერიოდში არ არის რეკომენდებული ცხარე, მჟავე და სხვა ტიპის გამაღიზიანებელი საკვების მიღება.
მედიკამენტებიდან ინიშნება:
-შემომგარსველი და ანტაციდური საშუალებები (გასტალი, ალმაგელი, ფოსფალუგელი, ვიკალინი და სხვა);
-სპაზმოლიზური საშუალებები (სუკრალფატი, ვენტერი);
-პროტონული ტუმბოს მაბლოკირებელი საშუალებები (ომეპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ლანზოპრაზოლი);
-საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაწყლულებული ადგილის რეგენერაციის გასაუმჯობესებლად – რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალებები (ალანტოინი, სოლკოსერილი), ფიზიოთერაპიული მკურნალობა. თუ ხანგრძლივი მკურნალობით მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. გართულების შემთხვევაშიც მკურნალობა, წესისამებრ, ქირურგიულია.

კუჭისა და
თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულოვანი
დაავადება

წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს.

წყლულოვანი დაავადების არსი და  გავრცელება საქართველოში
კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეინიშნება არასასურველი ტენდენცია – ამ პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა და ბავშვობის ასაკშიც კი, რაც წინათ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ეს ისევ და ისევ ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას უნდა მივაწეროთ. ტერმინი “კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება- რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმია ცნება “პეპტიკური წყლული-, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს. წყლულის დიამეტრი ვარირებს – 5 მმ-დან ზევით. პეპტიკური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად – საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში. ის აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდებთან გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება. სამწუხაროდ, წყლულოვანი დაავადება არც ბავშვებთანაა გამორიცხული. 6-დან 10 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებს წყლულოვანი დაავადება ერთნაირად ემართებათ, 10 წლის შემდეგ კი ვაჟებთან უფრო ხშირია. ყურადსაღებია ისიც, რომ ბოლო ხანს წყლულოვანი დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. დაავადებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა ხშირი რეციდივით, რომელიც, წესისამებრ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვლინდება.

განსხვავება ეროზიასა  და წყლულს შორის
ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან, იმ განსხვავებით, რომ ეროზია ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტია, ხოლო წყლული – ღრმა, რომელიც ლორწქვეშა შრესაც მოიცავს. სხვა მხრივ ეროზიასა და წყლულს შორის არსებითი განსხვავება არ არის. ეროზია ხშირად წყლულის წინამორბედ სტადიას და პაციენტისთვის ერთგვარ გაფრთხილებასაც წარმოადგენს.

წყლულის განვითარების მიზეზები
ბოლო დრომდე პეპტიკურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. მიიჩნეოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიკური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად უმწვავდებოდა. სადღეისოდ თვალთახედვა რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიკური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარესად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. ზოგ შემთხვევაში პეპტიკური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. არსებობს ამ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:
-მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსებით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
-ფსიქოლოგიური სტრესი;
-კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
-გენეტიკური მიდრეკილება (ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა).
აქ მცირე განმარტებაა საჭირო: ინდივიდს გენეტიკურად გადაეცემა არა დაავადება, არამედ განწყობა მის მიმართ და თუ ამ განწყობას სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი, წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბების რისკი ერთიორად იზრდება.
დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება შემთხვევათა 90%-ში Helycobacter pylori-თ არის განპირობებული და ანტიბიოტიკებით სათანადო მკურნალობას მოითხოვს. დანარჩენ 10%-ში Helycobacter pylori-თ ინფიცირება არ დასტურდება. ამ შემთხვევაში მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ზემოქმედება ან რომელიმე სხვა ზემოხსენებული ფაქტორი. განურჩევლად მიზეზისა, პეპტიკური წყლულის კლინიკურ გამოვლენას, მის შეხორცებასა და გამწვავებას მჭიდრო კავშირი აქვს კუჭის სეკრეციასთან, კერძოდ, კუჭის წვენის  PH-მაჩვენებელთან და პეპსინის აქტიურობასთან. ფარმაკოლოგიური საშუალებებით კუჭის სეკრეციის დათრგუნვა ამცირებს ლორწოვანის დაზიანების ხარისხს, აგრეთვე სისხლდენისა და სხვა გართულებების განვითარების ალბათობას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კლინიკური სიმპტომები და განსხვავება მათ შორის
პეპტიკური წყლულის მთავარი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. მას წყლულოვანი დეფექტის გაღიზიანება, წყლულის ანთებითი მოვლენები, გლუვი მუსკულატურის ადგილობრივი სპაზმი, ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება იწვევს. ეპიგასტრიუმის მიდამოში (კუჭის საპროექციო არეში) აღმოცენებული ტკივილი შესაძლოა მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში გადაეცეს. ტკივილის ინტენსივობა წყლულოვანი დეფექტის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ, მოჭერითი, მჭრელი, მწველი… ზოგჯერ შეგრძნება ისეთი ინტენსიურია, რომ ავადმყოფი იძულებით პოზას იღებს. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, რომელიც ხშირად შვებას ჰგვრის ავადმყოფს. ხშირია მადის გაძლიერება. გარდა ამისა, დამახასიათებელია ნაწლავთა ჰიპომოტორული, ჰიპოტონიური ხასიათის დისკინეზია, რომელიც შეკრულობით გამოიხატება. ტკივილსა და დისპეფსიურ სიმპტომებთან ერთად ავადმყოფებს ასთენოვეგეტატიური სიმპტომატიკაც აღენიშნებათ. ისინი ემოციურები ხდებიან, იოლად ღიზიანდებიან და ფეთქდებიან, ერღვევათ ძილი.
გარდა ამისა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:
-რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.
-ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება.
-ტკივილის ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში.
მუცლის ხანგრძლივი ტკივილი ჩვეული რიტმის გარეშე ხშირად წყლულის პენეტრაციაზე მიუთითებს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანია პერიოდულობა: გამწვავება ვითარდება რამდენიმეკვირიანი ან რამდენიმეთვიანი ინტერვალებით; რემისია, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია და შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პერიოდულობა სეზონურია – წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო მეტად გამოხატულია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, რაც პათოლოგიური პროცესის გამწვავების მაუწყებელია.
კუჭის წყლულის დროს ტკივილი რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, უზმოზე ტკივილის შეგრძნება ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ შეინიშნება. ის მეტწილად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ იჩენს თავს და კუჭის შეგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე ან ღებინებამდე გრძელდება. ამის გამო ხშირად ავადმყოფები ჭამას თავს არიდებენ და ხდებიან. კუჭის ტკივილი იშვიათად შესაძლოა ღამითაც აღმოცენდეს.

კავშირი საკვების მიღებასა და ტკივილის შემცირება-ჩაცხრობას შორის
საკვებისა და ანტაციდური პრეპარატების მიღების შედეგად ტკივილის შემცირება-ჩაცხრობა განპირობებულია კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას ნეიტრალიზაციით, ამასთანავე, საკვების მიღება გასტრინის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის დაცლის შემდეგ კუჭის წვენისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH საგრძნობლად იკლებს, რაც ტკივილის ხელახალი აღმოცენების მიზეზად იქცევა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას მარილმჟავათი განპირობებულ ტკივილს ქემორეცეპტორების გაღიზიანება ან პერისტალტიკური ცვლილებები იწვევს. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელია, კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განაგრძობს და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგან ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.

პირველი სიმპტომები, რომელთა შემჩნევისას ექიმს უნდა მივმართოთ

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების საწყის ეტაპზე შეგაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, ტკივილი (მშიერი, ადრეული, გვიანი, ღამის…), გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა და პირღებინება. თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დიაგნოზი ადრევე დაისვას და მართებული მკურნალობა დაინიშნოს.

გართულებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი გართულებები: სისხლდენა, პერფორაცია, პენეტრაცია, დეფორმაცია და პილოროდუოდენალური სტენოზი, მალიგნიზაცია. ზოგი გართულება კი ნელა ვითარდება და ქრონიკულად მიმდინარეობს, თუმცა პაციენტი არც ამ შემთხვევაშია დაზღვეული გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისგან. ქრონიკულ გართულებათაგან, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ პილორუსის (კუჭის გასავლის) ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი (სანათურის შევიწროება), წყლულის პენეტრაცია (მეზობელ ორგანოში ჩაზრდა) და მალიგნიზაცია – ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება.

პილორუსის ან
თორმეტგოჯა
ნაწლავის სტენოზი

პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი (10-12%) მათი სანათურის შევიწროებაა. სტენოზი ორგვარია – ორგანული და ფუნქციური. ორგანული სტენოზის შემთხვევაში სანათურის შევიწროების მიზეზია წყლულის შეხორცებისას წარმოქმნილი ნაწიბურები, ხოლო ფუნქციური – კუნთების სპაზმითა და ლორწოვანის შეშუპებით არის განპირობებული. ფუნქციური სტენოზი უმეტესად წყლულის გამწვავებისას წარმოიშობა და სათანადო მკურნალობის შემდეგ ქრება.

სიმპტომები
თავდაპირველად პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სანათური ზომიერად არის შევიწროებული, შესაბამისად, სტენოზი კომპენსირებულია. პაციენტს აწუხებს ჭამის შემდეგ კუჭის გადავსების შეგრძნება, გულძმარვა, ბოყინი, ღებინება ნაწილობრივ მონელებული კუჭის შიგთავსით, რომელსაც შვება მოაქვს. განსაზღვრული (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე) ხნის შემდეგ მდგომარეობა მძიმდება – ღებინება უხვი ხდება, კუჭის სისავსის შემაწუხებელი შეგრძნების გამო ავადმყოფები მას ხშირად თვითონვე იწვევენ. საკვების მიღებისთანავე ჩნდება დისკომფორტი და ტკივილი, რის გამოც პაციენტები თავს არიდებენ ჭამას და წონას იკლებენ. სტენოზის ხარისხის მატებასთან ერთად მდგომარეობა უარესდება, ღებინებას შვება აღარ მოაქვს, რადგან კუჭის კუნთების დასუსტების გამო შიგთავსისგან მისი დაცლა ვერ ხერხდება. განმეორებითი ხშირი ღებინება არღვევს ელექტროლიტურ ბალანსს, ეს კი კრუნჩხვების მიზეზად იქცევა.

მკურნალობა
პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ორგანული სტენოზის მკურნალობაც ოპერაციულია. ოპერაციამდე აუცილებელია მკურნალობა ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად და პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად.

წყლულის სიმსივნედ
გადაგვარება

მედიკოსები კარგა ხანია მიუთითებენ, რომ ხანგრძლივად მიმდინარე წყლული (მეტწილად კუჭისა და არა თორმეტგოჯასი) შეიძლება სიმსივნედ გადაგვარდეს, თუმცა, ახალი მონაცემების თანახმად, ასეთ შემთხვევებში საქმე გვაქვს თავიდანვე არსებული სიმსივნის არასწორ დიაგნოსტიკასთან და არა წყლულის სიმსივნურ გადაგვარებასთან.

როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები
ჩამოთვლილი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წყლულის დროული მედიკამენტური მკურნალობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ქირურგიულიც. ნუ მოეპყრობით უდიერად საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე რგოლს მოიცავს:
-სამკურნალო კვება. ავადმყოფს ენიშნება დიეტა 1ა; 1ბ; 1 (თეთრი ორცხობილა, თეთრი გამომშრალი პური, რძე, ნაღები, თოხლო კვერცხი, სუფლე, კარაქი, ლორწოვანი სუპი, კისელი, ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ახალი ხაჭო, არაჟანი, გახეხილი ფაფა, ხორცისა და თევზის ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა, კომპოტი, ბოსტნეულის პიურე). საკვები უთუოდ ახალი და დამზოგველი უნდა იყოს, ამასთანავე – თბილი, უცხიმო, ნაკლებკალორიული. ავადმყოფმა პროდუქტი მოხარშული უნდა მიიღოს, ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით.
-კონსერვატიული მკურნალობა – ბოლო ხანს პეპტიკური წყლულის მკურნალობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. წინათ პოპულარული ტრადიციული მკურნალობა მხოლოდ კუჭის სეკრეციის დამთრგუნველი და ანტაციდური პრეპარატებით შემოიფარგლებოდა, რაც არსით მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას წარმოადგენდა და მისი წარმატების შემთხვევაშიც კი წყლულის შეხორცება დროებითი გახლდათ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად წყლულის შეხორცება სპონტანურად ხდება და არა მკურნალობის შედეგად. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ამ მეთოდს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც წყლულის მიზეზი უცნობია ან ის მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის შედეგს წარმოადგენს, აგრეთვე – რეფლუქს-ეზოფაგიტის არსებობისას. პეპტიკური წყლულის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი, უწინარეს ყოვლისა, წყლულის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიკაციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. Helycobacter pylori პეპტიკური წყლულის მკურნალობა რამდენიმე პრეპარატის, კერძოდ, ანტიბიოტიკებისა და ტრადიციული პრეპარატების (ანტაციდების, H2-რეცეპტორების ანტაგონისტების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, შემომგარსველი საშუალებების) ერთდროულ, კომპლექსურ მიღებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამჟამად უპირატესად მკურნალობის სამკომპონენტიანი სქემა გამოიყენება. ასეთი სქემით მკურნალობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეკომენდებული პრეპარატების გვერდითი მოვლენების მაღალი სიხშირე. ათიდან 7 შემთხვევაში სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის ფონზე ორი კვირის განმავლობაში ხდება Helycobacter pylori სრული ერადიკაცია. სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის აუტანლობის შემთხვევაში მკურნალობა ორკომპონენტიანი მკურნალობის რომელიმე სქემით გრძელდება. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა რეკომენდებული დოზების ზუსტი დაცვა. პეპტიკური წყლულის მკურნალობის ტრადიციული სქემის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლული Helycobacter pylori-სთან არ არის ასოცირებული, მაგრამ გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ, აღნიშნული პრეპარატების გამოყენება აუცილებლად ექიმ სპეციალისტის დანიშნულების შესაბამისად უნდა მოხდეს. გამოიყენება ანტაციდური საშუალებები (ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის ნარევი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ბიკარბონატი-სოდა და ა.შ.), H2-რეცეპტორების ანტაგონისტები (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი, ნიზატიდინი), შემომგარსველი საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები) და სხვა.
-ქირურგიული მკურნალობა – არის შემთხვევები, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, თავს იჩენს გართულებები და აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
განასხვავებენ საოპერაციო შემთხვევების აბსოლუტურ და ფარდობით ნიშნებს.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა:
1. წყლულის პერფორაცია (გახვრეტა), რომლის დროსაც გადაუდებელი ოპერაცია ტარდება; აგრეთვე – მიფარებული პერფორაცია (ზოგჯერ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის გახვრეტილ ადგილს რომელიმე ორგანო მიეფარება) 48 საათის განმავლობაში და შემდეგაც, თუ მიფარება საიმედო არ არის;
2. კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავიდან პროფუზული სისხლდენა (თუ სისხლდენა 48 საათის განმავლობაში არ შეწყდა ან სისტემატურად მეორდება);
3. ეჭვი ან უტყუარი ინფორმაცია კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარების შესახებ;
4. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბუროვანი დეფორმაციები;
5. კალოზური (დიდი ზომის, გარქოვანებული) და მეზობელ ორგანოში პენეტრირებული (ჩაზრდილი) წყლული.
ოპერაციის შედარებითი ჩვენებაა: თერაპიულ კლინიკაში მართებული მკურნალობის უშედეგობა, წყლულოვანი დაავადება, რომელიც უკვე 2-3 წელია მიმდინარეობს და რეციდივი მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესების შემდეგ.

წყლულის პერფორაცია

პერფორაციის დროს (ასიდან 7-8 შემთხვევა) კუჭის (ან თორმეტგოჯა ნაწლავის) კედლის მთლიანობა ირღვევა და შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება. დადგენილია, რომ პერფორაცია უფრო ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებთან. ეს გართულება უმთავრესად დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას აღმოცენდება. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ პერფორაციას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ ან მძიმე ტვირთის აწევამ – მდგომარეობამ, რომელიც ხელს უწყობს მუცლის ღრუში წნევის მატებას. ზოგჯერ პერფორაციის მიზეზია მუცლის ტრავმა, წაქცევა. საქართველოში დიდი ხნის წინათ შეამჩნიეს, რომ ეს საშიში გართულება ხშირდებოდა შემოდგომაზე და მაჭრის სეზონს უკავშირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პერფორაციული ხვრელი ზოგჯერ ძალიან პატარაა, ვითარდება ტიპური კლინიკური სურათი, რომლის მიმდინარეობაშიც განასხვავებენ სამ საფეხურს:
-ტკივილით გამოწვეულ შოკს;
-ცრუ გაუმჯობესებას;
-პერიტონიტს – მუცლის ფარის ანთებას.

ტკივილით გამოწვეული შოკი
ამ სტადიას ახასიათებს უეცარი უმწვავესი ტკივილი. ის იმდენად ძლიერია, რომ ხანჯლის ჩაცემასაც ადარებენ. ტკივილის მიზეზია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის მუცლის ღრუში მოხვედრა მათი კედლის მთლიანობის დარღვევის გამო. ტკივილი თავდაპირველად მუცლის ზედა ნაწილშია ლოკალიზებული, მერე კი მთელ მუცელზე ვრცელდება. მკვეთრად ძლიერდება ხველისა და მოძრაობისას. მის შესამსუბუქებლად პაციენტი იღებს იძულებით პოზას – წევს ზურგზე ან გვერდზე, ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

ცრუ გაუმჯობესება

დაახლოებით 6-7 საათის შემდეგ ხდება მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესება – ტკივილი მცირდება, ზოგჯერ გაივლის კიდეც. პაციენტი ამ მდგომარეობას გაუმჯობესებად აღიქვამს, სინამდვილეში კი ვითარდება ნაწლავთა პარეზი, რაც მეტეორიზმით – ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვებით – ვლინდება.

პერიტონიტი – მუცლის ფარის ანთება

ცრუ გაუმჯობესების პერიოდი 10-12 საათს გრძელდება. მას ჩირქოვანი პერიტონიტი მოსდევს, რაც წყურვილით, პირის სიმშრალით, სლოკინით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით ვლინდება. ზოგჯერ, როდესაც პერფორაციის ხვრელი დიდი ბადექონით იფარება ან მასიური შეხორცებითი პროცესი აფერხებს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის გავრცელებას, პერფორაცია არატიპურად მიმდინარეობს. ამ მდგომარეობას მიფარებულ პერფორაციას უწოდებენ.

კუჭის პერფორაციის მკურნალობა
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ამ დროს კონსერვატიული მეთოდების (მედიკამენტური მკურნალობის) გამოყენება დაუშვებელია. ტარდება სასწრაფო ოპერაცია.
გახსოვდეთ: მუცლის მწვავე ტკივილი, განურჩევლად მიზეზისა, ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლის საფუძველია, წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში კი ამ სიმპტომის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.

წყლულის პენეტრაცია


პენეტრაციის დროს (1-1,5%) წყლული სცდება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედელს და მიმდებარე ორგანოებში ვრცელდება. კუჭის სხეულის წყლული მცირე ბადექონში ან პანკრეასის სხეულში ჩაიზრდება, თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის უკანა კედლის წყლულმა კი შესაძლოა შეაღწიოს პანკრეასის თავში, ღვიძლში ან სანაღვლე გზებში, კუჭსა და ღვიძლს შორის არსებულ იოგში. მოსალოდნელია ასევე პენეტრაცია მსხვილ ნაწლავში ან მის ჯორჯალში.

სიმპტომები
წყლულის პენეტრაცია ცვლის წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობას. ტკივილი, რომელიც ადრე განსაზღვრულ პერიოდში – საკვების მიღების შემდეგ ან, პირიქით, მშიერ კუჭზე იჩენდა თავს, პენეტრაციის შემდეგ მუდმივი ხდება. ჩვეულებრივი წყლულისგან განსხვავებით, მას ვერ ერევა ტკივილის კუპირებისთვის გამოყენებული სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები (სოდიანი წყალი, ალმაგელი და ა. შ.). გარდა ამისა, იცვლება ტკივილის ლოკალიზაციაც იმის მიხედვით, რომელ ორგანოში ჩაიზარდა წყლული. მაგალითად, თუ ეს ორგანო პანკრეასია, ტკივილი იგრძნობა ზურგში, წელის მიდამოში, ზოგჯერ შემომსარტყვლელი ხასიათისაა.

დიაგნოსტიკა
პენეტრირებული წყლულის დიაგნოსტიკა გასტროსკოპიული კვლევით ხდება. ასეთ წყლულს დამახასიათებელი შესახედაობა აქვს, რომელსაც ენდოსკოპისტი კარგად იცნობს.

მკურნალობა
პენეტრირებულ წყლულს ქირურგიულად მკურნალობენ.

წყლულიდან სისხლდენა

ის გართულების ასიდან 80 შემთხვევაში გვხვდება. წყლული თანდათან აზიანებს სისხლძარღვის კედელს და სისხლდენას იწვევს. დადგენილია, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა 5-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კუჭის წყლულიდან. არცთუ იშვიათად, როდესაც დაავადება ფარულად მიმდინარეობს, სისხლდენა შესაძლოა მისი პირველი სიმპტომი იყოს. ექიმები განასხვავებენ აშკარა ანუ მანიფესტირებულ და ფარულ სისხლდენებს. ფარული სისხლდენა მცირე ზომის სისხლძარღვის დაზიანებისას ვითარდება. ის შეიძლება ერთჯერადი იყოს და რამდენიმე ხნის შემდეგ თავისთავად შეჩერდეს, თუმცა არ არის გამორიცხული მისი განმეორება მომდევნო საათებში ან დღეებში. ფარული სისხლდენის გამოვლენა მხოლოდ განავლის სპეციალური გამოკვლევით არის შესაძლებელი.
აშკარა სისხლდენას სამი ძირითადი ნიშანი ახასიათებს:
-სისხლიანი ღებინება;
-მელენა – კუპრისმაგვარი, მყრალი განავალი;
-სისხლის კარგვის ზოგადი სიმპტომები.
სისხლიანი ღებინება უმეტესად კუჭის წყლულიდან სისხლდენისას ვითარდება. პირნაღები მასა მუქი ყავისფერია და ყავის ნალექს მოგვაგონებს. ასეთი შეფერილობა მარილმჟავას ზემოქმედების შედეგად სისხლში არსებული ჰემოგლობინის ქიმიური გარდაქმნის შედეგია.
ალბათ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, რატომ იცვლება განავლის ხასიათი წყლულიდან სისხლდენისას. სისხლი, რომელიც დაზიანებული სისხლძარღვიდან კუჭსა თუ თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება, გადადის ნაწლავებში, ნაწლავთა მიკროორგანიზმების ზემოქმედებით კი ჰემოგლობინის რკინისგან რკინის გოგირდოვანი ნაერთები წარმოიქმნება. სწორედ ეს ნაერთები განაპირობებს განავლის კუპრისმაგვარ შესახედაობას. სისხლდენის ზოგადი ნიშნებია საერთო სისუსტე, სიფითრე, აჩქარებული პულსი ანუ ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება. ამ ნიშნების სიმკვეთრე დამოკიდებულია დაკარგული სისხლის ოდენობასა და სისხლდენის სისწრაფეზე, ასე რომ, სხვადასხვა პაციენტს ისინი შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოუვლინდეს. თუ ავადმყოფს დროულად არ გაეწია დახმარება, მდგომარეობა გაუარესდება, რაც შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს. ზოგ შემთხვევაში ავადმყოფი ნელა და დიდხანს კარგავს სისხლს, რაც რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს და უფრო მეტად ამძიმებს წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობას.
გახსოვდეთ: წყლულიდან სისხლდენისას აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა. დაუყოვნებლივ მიმართეთ სტაციონარს, თუ ავადმყოფს შეამჩნიეთ:
-ღებინება ყავის ნალექისმაგვარი მასებით;
-კუპრისმაგვარი განავალი;
-სისუსტე, თავბრუხვევა, სიფითრე, ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება.
ნუ დაივიწყებთ, რომ ზოგჯერ სისხლდენა წყლულის პირველი გამოვლინებაა.
გაითვალისწინეთ, რომ ტკივილი, რომელიც მანამდე აწუხებდა პაციენტს, სისხლდენისას შესაძლოა ჩაცხრეს.

წყლულიდან სისხლდენის დიაგნოსტიკა

არსებობს წყლულიდან სისხლდენის დიაგნოზირების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ძირითადი მაინც გასტროსკოპიაა (უფრო სწორად, ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპია): სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ათვალიერებენ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანს. სისხლდენის თაობაზე ეჭვის შემთხვევაში ეს გამოკვლევა სასწრაფოდ ტარდება. თანამედროვე ენდოსკოპიური ტექნიკის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო სისხლდენის დიაგნოსტიკა, არამედ მისი შეჩერებაც. გარდა ამისა, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი და სხვადასხვა კვლევა, რომლებიც პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურად შეირჩევა.

წყლულიდან სისხლდენის მკურნალობა
როცა კონსერვატიული მეთოდებით (მხოლოდ მედიკამენტებით) სისხლდენის შეჩერება შეუძლებელია, ტარდება ოპერაცია.

წითურა

წითურა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ბავშვებს ემართებათ და მიმდინარეობს ორგანიზმის სუსტი ინტოქსიკაციით, ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი კატარით, კონიუნქტივიტით, წითელას მსგავსი გამონაყარით (შეუცვლელი ფერის კანის წვრილლაქოვანი გამონაყარი ჩნდება), პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, განსაკუთრებით – კეფის არეში.
წითურა მსუბუქ ინფექციად მიიჩნევა, მაგრამ თუ ორსულს შეხვდა), იწვევს თანდაყოლილ მანკებსა და სიმახინჯეებს, რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

მიზეზები

ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი საინკუბაციო პერიოდის დასასრულიდან მოყოლებული, გამონაყარის გაჩენიდან 7 დღის განმავლობაში, ასევე – ვირუსმატარებელიც.
ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ცხვირ-ხახიდან მისი გამოყოფა იწყება გამონაყარის გაჩენამდე 7-10 დღით ადრე და გრძელდება 7 დღეს, ზოგჯერ – უფრო მეტხანსაც.
ნაყოფი ინფიცირდება ტრანსპლაცენტურად (პლაცენტის გავლით). თანდაყოლილი წითურას დროს ვირუსის გამოყოფა გრძელდება 1,5-2 თვემდე. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობა მაღალია. დედისგან მიღებული იმუნიტეტი ჩვილს 6 თვის განმავლობაში იცავს.
ავადდებიან უმთავრესად 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა – უმეტესად გაზაფხულზე იჩენს თავს. ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მოსახლეობის უმეტესობას გადატანილი აქვს წითურა უსიმპტომოდ ანუ წაშლილი ფორმით.

სიმპტომები და მიმდინარეობა

წითურას საინკუბაციო პერიოდი 16-18 დღეა. პროდრომული პერიოდი ამ დაავადებას არ გააჩნია. ზოგჯერ შეინიშნება სუსტი კატარი, სურდო, ხველა, კონიუნქტივის სიწითლე. აღნიშნული მოვლენები ზოგჯერ რამდენიმე საათში ქრება, ზოგჯერ კი 1-2 დღეს გასტანს. ტემპერატურა ნორმალურია ან სუბფებრილური.
წითურას პირველი ნიშანი გამონაყარია. ის ჯერ სახესა და კისერზე ჩნდება, რამდენიმე საათში კი მთელ ტანს მოედება. ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე, ზურგზე, გულმკერდზე გამონაყარი უფრო ხშირია, მუცელსა და სახეზე – შედარებით იშვიათი. იგი ლაქოვან-კვანძოვანია, ბაცი მოწითალო, ზოგჯერ ელემენტების ზედაპირი ოდნავ სცილდება კანს.
წითურას ტიპური ნიშანია ლიმფური კვანძების გადიდება, რაც გამოყრამდე 1-3 დღით ადრე იწყება და გამოყრის შემდეგ 10-14 დღე გრძელდება. გამოყრამდე რბილ სასასა და ლოყის ლორწოვან გარსებზე ჩნდება ენანთემა, მაგრამ არ ყალიბდება ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქები. მოზრდილ ბავშვებთან დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ბავშვებთან წითურა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, მოზრდილებთან კი – უფრო მძიმედ: მაღალი სიცხით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით. გვხვდება გამონაყარის გარეშე მიმდინარე ფორმებიც.
მიუხედავად ყველაფრისა, წითურა მზაკვარი ინფექციაა. ის მეტად საშიშია ორსულთათვის, განსაკუთრებით – ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ დედა ამ დროს დაინფიცირდა, ნაყოფს უვითარდება მძიმე სიმახინჯეები (გულის მანკი, მიკროცეფალია, ჰიდროცეფალია, სიყრუე, სიბრმავე, გონებრივი ჩამორჩენილობა, არც ნაყოფის სიკვდილი და თვითნებური აბორტია გამორიცხული). ორსულობის ბოლოს ინფიცირებული დედის ახალშობილი წითურათი დაავადებული იბადება. დაავადება დიდხანს და მძიმედ მიმდინარეობს, პროგნოზიც არაკეთილსაიმედოა.

გართულება

წითურა, ბავშვთა სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს გართულებებს. ეს გართულებებია ნევრიტი, ართრიტი, ენცეფალიტი. 3000-დან ერთი შემთხვევა შესაძლოა გართულდეს თრომბოციტოპენიური პურპურათი – ვირუსი იწვევს სისხლის ფირფიტების, თრომბოციტების, დაშლას, მათი რაოდენობის შემცირების გამო სხეულზე ჩნდება ჩალურჯებული ადგილები, ხშირდება სისხლდენები.
დღეს გართულებებთან ბრძოლა ადვილია, მაგრამ ჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი, დაინიშნოს სათანადო, დამზოგველი რეჟიმი, იზოლაცია.

მკურნალობა

წითურას მედიკამენტური თერაპია საჭირო არ არის. იშვიათად ტარდება სიმპტომური მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა თანდაყოლილი წითურას დროს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.
წითურას დროს საჭიროა წოლითი რეჟიმი, გამონაყარს სპეციალური დამუშავება არ სჭირდება, თავისით გაივლის. ავადმყოფი ბავშვის ყოველდღე დაბანა შეიძლება და აუცილებელიც კია, რადგან ვირუსთან მებრძოლ ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება წიდა – ცვლის საბოლოო პროდუქტები – და კანის საშუალებით გამოიყოფა. კვებაც შესაბამისი უნდა იყოს – ბავშვი გადაყვანილ უნდა იქნეს უპირატესად რძის ნაწარმსა და მცენარეულ საკვებზე; აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხე – ლიმონიანი და მურაბიანი ჩაი, ახალი ხილისა თუ ჩირის კომპოტი, ახალგამოწურული ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი. ბავშვი, წესისამებრ, მალე იწყებს გამოჯანმრთელებას.

პროფილაქტიკა

წითურას დროს კარანტინი არ ცხადდება. ავადმყოფი იზოლირებულ უნდა იქნეს 5 დღის განმავლობაში. ორსულები უნდა ერიდონ დაავადებულთან კონტაქტს.
წითურას ვაქცინაცია ერთი წლის ასაკში ტარდება. სკოლაში წასვლის წინ გოგონები იმუნიტეტის გასამყარებლად კიდევ ერთხელ უნდა აიცრან.

Don`t copy text!