Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 366

ვარიკოცელე – varicocele – варикоцеле

ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკისა და სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაფართოებაა. ის ყველა ასაკში გვხვდება, მაგრამ უპირატესად 14-15 წლის მოზარდებს შორის არის გავრცელებული.
ვარიკოცელე აღმოცენდება სათესლის ვენებში წნევის მატების გამო, რაც მათი განლაგების ანატომიურ თავისებურებებს უკავშირდება. დაავადება, მარცხენა სათესლე ჯირკვალში ვენის თავისებური შესვლის გამო, უმეტესად მარცხნივ ვითარდება.
ვარიკოცელეს კიდევ ერთი მიზეზია ვენის მიჭყლეტა მეზობელი ორგანოების სიმსივნური წარმონაქმნით (უმეტესად – მისი თირკმლის ვენაში შესვლის ადგილას) ან თირკმლის ვენის თრომბოზის გამო.
ვარიკოცელეს განვითარების რისკფაქტორებია ხანგრძლივი, ინტენსიური ფიზიკური გადაღლა და დაავადებები, რომელთა დროსაც იმატებს მუცელშიგა წნევა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფი უჩივის ქაჩვის შეგრძნებას და ტკივილს ცალ ან ორივე სათესლე ჯირკვალში, სათესლე პარკში ან შორისის მიდამოში, დაზიანების მხარეს, ასევე – სათესლე პარკის გადიდებას ან დაშვებას (უმეტესად – მარცხნივ). ტკივილი ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის, სიარულის, სქესობრივი აქტის დროს.
განასხვავებენ ვარიკოცელეს განვითარების რამდენიმე სტადიას.
I სტადია: ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიმჩნევა მხოლოდ შეხებისას, სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჭინთვის დროს.
II სტადია: სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება თვალით შესამჩნევია. ჯირკვლის ზომა და კონსისტენცია უცვლელია.
III სტადია: სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერება მკვეთრად არის გამოხატული, ჯირკვლის ზომა და კონსისტენცია შეცვლილია.

ვარიკოცელე და უშვილობა. ვარიკოცელე აქვს მთელი მსოფლიოს მამრობითი სქესის მოსახლეობის 10-15%-ს და უშვილო მამაკაცთა 40%-ს. მეტიც: თუ ცალკე გამოვყოფთ მეორეული უშვილობის მქონე მამაკაცებს (ანუ იმ მამაკაცებს, რომელთაც ადრე ჰქონდათ ბავშვის ჩასახვის უნარი, ახლა კი – არ აქვთ), აღმოჩნდება, რომ მათ 80%-ს ვარიკოცელე აწუხებს.
ვარიკოცელეს დროს უშვილობა შემდეგი მიზეზების გამო ვითარდება: სათესლე პარკის ვენებში სისხლი სათესლე ჯირკვლიდან და მიმდებარე ქსოვილებიდან გულისკენ მიედინება. ამ დროს ის ქვემოდან ზემოთ, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ მოძრაობს. ვენაში სისხლის უკუდინებას ეწინააღმდეგება ვენის კედლების სპეციალური სარქვლოვანი სისტემა. ვენების გაგანიერების დროს ეს სარქვლები მუშაობას წყვეტს. შედეგად სისხლი ვენაში ქანქარასებურად იწყებს მოძრაობას. სათესლე ჯირკვლის სისხლით მომარაგება ირღვევა. მის ირგვლივ ვენური ქსელი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სათესლე ჯირკვალი ვენების ღრუბლით არის გარშემორტყმული. სათესლე ჯირკვლის გარშემო არსებული ვენური ბალიში ხელს უშლის ჯირკვლის გაგრილებას. სპერმატოზოიდის გამომუშავებისთვის აუცილებელი ტემპერატურა 32,5-34,5 გრადუსია, ეს კი ნიშნავს, რომ ვარიკოცელე სპერმატოგენეზს თრგუნავს. გარდა ამისა, ვარიკოცელეს დროს სათესლე ჯირკვლის ქსოვილში შეიძლება განვითარდეს ასეპტიკური აუტოიმუნური ანთება, რაც ასევე ხელს უშლის სპერმატოზოიდების წარმოქმნას.

დიაგნოსტიკა. ვარიკოცელეს დიაგნოზი უმეტესად შემთხვევით, რიგითი სამედიცინო შემოწმების დროს დაისმის. დიაგნოზის დაზუსტება ძნელი არ არის. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება როგორც ტრადიციული (დათვალიერება, პალპაცია, ფუნქციონალური სინჯები), ისე ინსტრუმენტული მეთოდები (ექოსკოპია, დოპლერული სკანირება, ფლებოგრაფია). უნაყოფობის გამოსავლენად ხდება ეაკულატის გამოკვლევა. პაციენტების 65-75%-ს საგრძნობლად აქვს შემცირებული სპერმატოზოიდების რიცხვი და დაქვეითებული – მათი მოძრაობა.

მკურნალობა. ვარიკოცელეს მკურნალობა უპირობოთ უნდა იქნას დაწყებული, ვინაიდან ეს დაავადება იწვევს სათესლე ჯირკვლის სრულ ატროფიას (ზომებში შემცირებას და ფუნქციის სრულ დაკარგვას).

არსებობს ვარიკოცელეს მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები, მაგრამ უფრო ეფექტურად ქირურგიული მკურნალობა მიიჩნევა. ოპერაციის შემდეგ ნაყოფიერების უნარი მეტწილად აღდგება.

ოპერაციის ჩვენებად ითვლება სპერმოგრამის დარღვევები, II – III ხარისხის ვარიკოცელე, ვარიკოცელე რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლის ატროფიას, ტკივილი.

დღეისთვის ოპერაციული ჩარევის 120-ზე მეტი სახეობაა დანერგილი. ბოლო ხანს იყენებენ ქირურგიული ჩარევის ნაკლებინვაზიურ მეთოდებს: სათესლე ჯირკვლის ვენის ემბოლიზაციას და სკლეროთერაპიას. სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის მიზნით სათესლე ჯირკვალში ჩადგმული კათეტერიდან სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური საცობი (ემბოლი) ან მასკლეროზებელი ნივთიერება.
ვარიკოცელე სქესობრივ აქტიურობაზე არ მოქმედებს, მაგრამ თუ მეორე ჯირკვალიც არასრულფასოვანია, ვითარდება ტესტოსტერონის დაქვეითება სისხლში, ქალის მიმართ ლტოლვის შემცირება, იმპოტენცია. დაავადების საწყის სტადიებზე უნდა იყოს დაწყებული მედიკამენტური მკურნალობა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელინ სათესლე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებების თავიდან აცილება. გარდა ამისა რეკომენდებულია:

  • ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა;
  • სპორტის აქტიური სახეობებისგან (მათ შორის – ჯირითისგან) თავშეკავება;
  • სუსპენზორის ტარება.

 

 

ვარიკოზი – Varicosis  – варикоз

ვენების ვარიკოზული დაავადება ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა, რომლის დროსაც ვენის კედელი გადაგვარებულია. კერძოდ, შემაერთებელი ქსოვილი სუსტად არის გამოხატული, ვენის კედელი განიერდება, ეშვება და დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის. ზიანდება სარქვლოვანი სისტემაც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ნაკადის უკუდინებისთვის. თუ უკუქცევა შეფერხებულია, სისხლი პერიფერიულ ვენურ სისტემაში გუბდება. კიდურებიდან გულისკენ სისხლის უკუდინებაში წვივის კუნთებიც მონაწილეობს. მათი შეკუმშვა-მოდუნება ვენებს სისხლის გულისკენ გადატუმბვაში ეხმარება.
პერიფერიული ვენური სისტემიდან სისხლის უკუდინებაში გულიც მონაწილეობს – ის ხომ სისხლს არა მარტო გადაისვრის, არამედ უკანაც ქაჩავს. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, მუცელშიგა წნევა, სისხლძარღვის შიდა ტონუსი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვენის სარქვლებია, რომლებსაც ქოლგისებური ეფექტი აქვს – როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან უკუმიედინება, სარქველი იხსნება და აკავებს მას, ქვემოთ ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს. როცა ვენის კედელი გაგანიერებულია და სარქვლები დაზიანებულია, ხდება რეფლუქსი – სისხლი არა გულისკენ, არამედ უკან მიედინება.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება შესაძლოა გენეტიკურად იყოს განპირობებული. ამ დროს ვენის კედელი პირველადად არის დაზიანებული. მართალია, ბავშვთა ასაკში ვენების დისპლაზია გამოხატული არ არის (ან ძალიან იშვიათია), მაგრამ დროთა განმავლობაში გენეტიკური ფაქტორი თავს იჩენს და კლინიკურად გამოვლინდება.
შესაძლოა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება მეორეულად, რომელიმე დაავადებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთების ან სიმსივნის დროს შეიძლება მოხდეს ზეწოლა თეძოს ვენებზე, რაც პერიფერიულ ვენურ სისტემაში შეგუბებას განაპირობებს. ოპერაციის ან მშობიარობის დროს შესაძლებელია თეძოს ვენების თრომბოზის განვითარება, რომელიც, განსაკუთრებით – ღრმა ვენებში, შეგუბებით მოვლენებს განაპირობებს.
ვენების ვარიკოზის რისკფაქტორს წარმოადგენს პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას მოითხოვს (ქირურგის, მასწავლებლის და სხვა).

სიმპტომები და მიმდინარეობა. ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას აქვს პრემორბიდული კლინიკა: ადამიანი შეიგრძნობს სიმძიმესა და წვას კიდურებში, ფეხები ადვილად ეღლება და დიდხანს სიარულის დროს ოდნავ უშუპდება, ზოგჯერ წვივის კუნთების კრუნჩხვაც კი ვითარდება, მაგრამ ეს ნიშნები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფი მათ ყურდღებას არც კი აქცევს. დროთა განმავლობაში ქვემო კიდურებზე ჩნდება სხვადასხვა ხარისხით გაგანიერებული ვენები.
იმისდა მიხედვით, რომელი ვენაა დაზიანებული, განასხვავებენ ღერძულ, ქსელურ და შერეულ ვარიკოზს. დაავადების დასაწყისშივე (ვიზუალურ გამოვლინებამდე) დიაგნოსტირება უმთავრესად ფუნქციონალური სინჯებით ან ინსტრუმენტული გამოკვლევებით არის შესაძლებელი.

გართულებები. ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება გართულდეს:

  • ქრონიკული ვენური უკმარისობით;
  • კანის ფერის ცვლილებით და ტროფიკული წყლულით;
  • ვარიკოზული ვენის გახეთქვითა და სისხლდენით;
  • თრომბოზითა და თრომბოფლებიტით.

დიაგნოსტიკა. ზედაპირული ვენების ვარიკოზი კიდურებზე იმდენად შესამჩნევია, რომ მისი დიაგნოსტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ დაავადების ხარისხის დადგენის, მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევისა და ოპერაციის ჩვენების განსაზღვრისთვის გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო.
კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და ამავე დროს არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. საჭიროებისამებრ, ტარდება ფუნქციონალური სინჯები ღრმა ვენების გამტარობასა და სარქვლების უკმარისობაზე.

მკურნალობა. არსებობს ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები.
კონსერვატიული მკურნალობისას, სასურველია, ავადმყოფმა ატაროს ქუსლიანი ფეხსაცმელები – როცა წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს. იყენებენ ასევე ელასტიკურ ბანდს და ელასტიკურ ტრიკოტაჟს (გეტრებს, წინდებს, კოლჰოტებს).
არ შეიძლება დიდხანს დგომა ან ჯდომა, ავადმყოფი ან უნდა იწვეს, ან დადიოდეს, საწოლი ფეხებისკენ ოდნავ ამაღლებული ჰქონდეს, შეასრულოს სპეციალური ვარჯიშები. კარგია კონტრასტული შხაპი, ცურვა.
ვენების გაგანიერების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია სკლეროთერაპია – დაზიანებული ვენების სკლეროზირება. ამ დროს წამლების საშუალებით იწვევენ ვენის კედლის ანთებას, შემდეგ კი ახდენენ ვენის კომპრესიას კედლების ერთმანეთთან მიხორცებისა და სანათურის ობლიტერაციის (დახშობის) მიზნით.
ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღება დაუშვებელია, თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც დაავადების პროგრესს აფერხებს.
გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომლებიც ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს გამოგადგებათ. ისინი გააქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, მოახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, მოხსნის ვენურ შეგუბებას. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა ან ფეხზე დგომა.
1. დაჯექით სკამზე. ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ. 15-20-ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე.
2. ორივე ხელით დაეყრდენით სკამს ან კომოდს და 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერებზე.
3. ორივე ხელით მხრების სიმაღლეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერებზე.
4. ჩასუნთქვისას ფეხის წვერებზე აიწიეთ და ხელები ასწიეთ, ამოსუნთქვისას დაეშვით (20-ჯერ).
5. დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს: ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ).
6. ერთდროულად აიწიეთ ორივე ფეხის წვერზე.

 

 

ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია – Macroglobulinemia Valdenstrema – Макроглобулинемия Валденстрема




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ვაგინიზმი – Vaginismus – вагинизм

ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას (სპაზმს) და საშოს შესასვლელის გადაკეტვას, რამაც შესაძლოა გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სქესობრივი აქტის ჩატარება.
ექიმები ვაგინიზმისგან განასხვავებენ კოიტოფობიასა (სქესობრივი აქტის შიშს) და ვაგინიზმის მსგავს დარღვევებს (ისინი აბორტის ან ტრავმის შემდეგ ვითარდება). ვაგინიზმიც, კოიტოფობიაც და ვაგინიზმის მსგავსი დარღვევებიც კარგად ექვემდებარება მკურნალობას.
ვაგინიზმი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ქალს და სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს. განასხვავებენ მის სამ ხარისხს.
I ხარისხის ვაგინიზმი – რეაქცია იწყება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანისას;
II ხარისხის ვაგინიზმი – რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს (ინსტრუმენტის) შეხებისთანავე;
III ხარისხის ვაგინიზმი – რეაქცია იწყება სქესობრივ აქტზე ან გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე გაფიქრებისთანავე.
ვაგინიზმით დაავადებულთა უმრავლესობას არ ახასიათებს ფრიგიდულობა (სქესობრივი გულგრილობა).

მკურნალობა. ვაგინიზმის მკურნალობა გულისხმობს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ფსიქოთერაპიას, რომლის მეშვეობითაც მოხდება დეფლორაციის მტკივნეულობაზე მცდარი წარმოდგენის კორექცია და სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების მკურნალობა, მაგრამ ასეთი თერაპია ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევა მკვეთრად ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული ცნობიერებაში ან მის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს სირცხვილი და არასაკმარისი სექსუალური ლტოლვა. ჭეშმარიტი ვაგინიზმის დროს მკურნალობის ძირითად მეთოდს ფსიქოთერაპია წარმოადგენს. ამასთან ერთად ექიმი პაციენტს ასწავლის სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც მიმართულია სქესობრივი აქტის შიშის დამარცხებისა და მასთან დაკავშირებული სპაზმის მოხსნისკენ.

 

 

ეშერიხიოზი – Escherichiosis – эшерихиоз

ეშერიხიოზი ნაწლავთა მწვავე  ინფექციაა, რომელსაც ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli) იწვევს. დაავადება მიმდინარეობს გასტროენტერიტით ან  გასტროენტეროკოლიტით. ყველაზე ხშირია ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში. გამოვლინება ზოგჯერ ერთეულია, ზოგჯერ კი ეპიდემიური აფეთქების სახეს იძენს. ეშერიხიოზით ავადდებიან მოზრდილებიც და ბავშვებიც, განსაკუთრებით – 5 წლამდე ასაკში.
ადამიანისთვის პათოგენური ეშერიხიები სამი ტიპისაა: ენტეროტოქსიგენური, ენტეროპათოგენური და ენტეროინვაზიური.
ენტეროტოქსიგენური E. coli გამოიმუშავებს თერმოლაბილურ ან თერმოსტაბილურ ენტეროტოქსინებს, ზოგჯერ – ორივეს ერთად. იწვევს ბავშვებისა და მოზრდილთა დიარეას. ამ ტიპის ეშერიხიებით გამოწვეულ დაავადებას ზოგჯერ ქოლერის მსგავს ეშერიხიოზს უწოდებენ. დაავადება გვხვდება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში, ასევე – იმ პირებში, ვინც ასეთ ქვეყნებში მოგზაურობს (მოგზაურთა დიარეა).
ენტეროპათოგენური E. coli უმთავრესად ჩვილებს აავადებს და წვრილი ნაწლავის დაზიანებას იწვევს.
ენტეროინვაზიური E. coli, ენტეროტოქსიგენურისგან განსხვავებით, ენტეროტოქსინებს არ გამოიმუშავებს, მაგრამ შესწევს ნაწლავის ლორწოვანის ეპითელიუმში ინვაზირებისა და დაღუპვის შემდეგ ენდოტოქსინის გამომუშავების უნარი. ენტეროინვაზიური E. coli-თ გამოწვეული დაავადება დიზენტერიას ჰგავს.
ინფექციის წყაროს ავადმყოფი წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია წაშლილი (უსიმპტომო) ფორმით დაავადებული ადამიანი, შედარებით ნაკლებად საშიში – ბაქტერიამატარებელი.  ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს შინაური ცხოველი და ფრინველიც.
ეშერიხიოზით დასნებოვნება ფეკალურ-ორალური გზით ხდება. დაავადების განვითარებისთვის აუცილებელია, ორგანიზმში საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით მოხვდეს პათოგენური ნაწლავის ჩხირი. ინფექცია ინფიცირებული რძისა და მისი ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით ვრცელდება, შედარებით იშვიათად – დაბინძურებული წყლით. არც ინფექციის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით გავრცელებაა გამორიცხული.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი, ჩვეულებრივ, 18-24 საათს გრძელდება, შედარებით იშვიათად – 3 დღემდე.
ენტეროტოქსიკური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადება ქოლერას წააგავს. მიმდინარეობს ტოქსიკოზით და მწვავე გასტროენტერიტის ან ენტერიტის სინდრომით. ახასიათებს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ხშირი ღებინება, ასევე – ხშირი დეფეკაცია წყლისებრი, ულორწოო და უსისხლო მასით. ავადმყოფი უჩივის მჭრელ ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში. ხშირი ღებინებისა და ფაღარათის შედეგად ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოება. სხეულის ტემპერატურა უმეტესად ნორმალური რჩება. დაავადება 3-4 დღეს გრძელდება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ენტეროპათოგენური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადების კლინიკური სურათი სალმონელოზის მსგავსია. ფარული პერიოდის შემდეგ (იგი 2-4, იშვიათად 14-24 საათს შეადგენს) თავს იჩენს საერთო სისუსტე, შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. განავალი უხვია, წყლისებრი კონსისტენციის, ლორწოსა და სისხლის მინარევების გარეშე. დიარეა გრძელდება 1-6 დღეს. ზოგჯერ ვითარდება ზედა და ქვედა კიდურების კრუნჩხვა. ღებინებისა და დიარეის შედეგად ორგანიზმი უწყლოვდება. ვითარდება კოლაფსი. დაავადება გრძელდება 2-5 დღეს. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ენტეროინვაზიური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადება დიზენტერიის მსგავსად მიმდინარეობს. ავადდებიან ყველა ასაკის ადამიანები. დაავადება მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციით, გასტროენტეროკოლიტის ან ენტეროკოლიტის ნიშნებით.
ფარული პერიოდის შემდეგ ვითარდება დაავადების მწვავე სურათი, ავადმყოფს ამცივნებს, ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს. ცხელება 1-2 დღეს გრძელდება. ინტოქსიკაცია ზომიერია, ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით. ავადმყოფი უჩივის მუცლის მჭრელ ტკივილს. ვითარდება დიარეა, რომელიც დაავადების წამყვანი კლინიკური ნიშანია.  დეფეკაცია დღე-ღამეში 5-10-ჯერ ხდება. განავალი თხიერია, შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ სისხლსაც. აღინიშნება ცრუ ტენეზმები. ღებინება იშვიათია, მუცელი შებერილი და შეხებისას მტკივნეულია. მსუბუქად მიმდინარე დაავადება 2-7 დღეში, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა არსებობს მძიმე ფორმებიც.

 ბავშვები ეშერიხიოზით მოზრდილებზე 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადება უმთავრესად 6 თვემდე ასაკის პატარებში იჩენს თავს და გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. აღინიშნება ცხელება, ღებინება, ხანგრძლივი ტოქსიკოზი, მეტეორიზმი, უხვი წყლისებრი განავალი ლორწოვანი მინარევით. დაავადება ტალღისებურად მიმდინარეობს და ხშირი გამწვავება ახასიათებს. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 5-6 კვირას. ხშირად რთულდება მეორეული ბაქტერიული ფლორით (მეტწილად – პნევმონიით).

დიაგნოსტიკა. ეშერიხიოზის დიაგნოზი დაისმის კლინიკური, ეპიდემიოლოგიური სურათის, განავლის ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური კვლევის საფუძველზე. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს დიზენტერია, სალმონელოზი, ქოლერა.

მკურნალობა. ეშერიხიოზის მსუბუქი ფორმა მკურნალობას არ მოითხოვს. საშუალო და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.  ავადმყოფს უნდა ამოურეცხონ კუჭი, გაუწყლოების კორექციისა და დეზინტოქსიკაციის მიზნით ვენაში შეუყვანონ ელექტროლიტები და კოლოიდური ხსნარება (ჰემოდეზი, რეოპოლიგლუკინი). ასევე, უნდა ჩატარდეს ეტიოტროპული მკურნალობა და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა.
ეშერიხიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს სანიტარულ-პიგიენური პირობების ზედმიწევნით დაცვას.

 

 

ექსჰიბიციონიზმი – Exhibitionismus – эксгибиционизм

ექსჰიბიციონიზმი წარმოადგენს არასქესობრივი ურთიერთობის ვითარებაში სქესობრივი კმაყოფილების მიღწევას საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის გენიტალიების დემონსტრაციის გზით. სექსოპათოლოგები ექსჰიბიციონიზმს (სასქესო ორგანოების დემონსტრირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) მძიმე სექსუალურ გადახრად არ მიიჩნევენ. ის მძიმე პათოლოგიად მაშინ განიხილება, როდესაც მამაკაცისთვის დაკმაყოფილების ერთადერთ გზას წარმოადგენს.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის სქესობრივი ქმედებების  მართვა, მასტურბაციული აქტიურობისა და მასთან დაკავშირებული სექსუალური ფანტაზიების მოთოკვა. მკურნალობის შედეგად დაავადებულს უქრება ექსჰიბიციონური ქცევის მოთხოვნილება. წესისამებრ, ასეთი შედეგი მიიღწევა მამაკაცის სასქესო ჰორმონების ბლოკირებითა და ფსიქოთერაპიით, მაგრამ არ არის გამორიცხული რეციდივი. მეტიც – რეციდივის ალბათობა მაღალია. ამიტომ მხოლოდ მკურნალობის კურსი საკმარისი არ არის. აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებებიც.

ექინოკოკოზი – Echinococcosis – эхинококкоз

ადამიანის ექინოკოკოზის გამომწვევია ლენტისებრი ჭია. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ექინოკოკით ინფიცირებული ძაღლი, რომელიც განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს კვერცხებს. კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში. შუალედური მასპინძელი, გარდა ადამიანისა, შეიძლება იყოს შინაური ცხოველი. საჭმლის მომნელებელ ორგანოში დაბინძურებულ საკვებთან ერთად თავდაპირველად კვერცხი ხვდება, რომელიც ლიმფური სადინარისა და სისხლძარღვების გავლით ღვიძლში ან სხვა ორგანოში (ფილტვებში, თავის ტვინში, ძვალში) გადადის. აქ ყალიბდება სითხით სავსე ექინოკოკური ბუშტი (კისტა), რომელიც თანდათან იზრდება და მრავალშვილეულ ბუშტს წარმოქმნის. ექინოკოკური ბუშტის ზრდა ორგანიზმზე მექანიკურ, ტოქსიკურ და ალერგიულ ზემოქმედებას ახდენს და მის საპასუხო რეაქციას იწვევს.
საინკუბაციო პერიოდი თვეობით, წლობით გრძელდება და ექინოკოკის ბუშტის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. თავის ტვინსა და ფილტვებში ლოკალიზაციის დროს კლინიკური ნიშნები უფრო ადრე ვლინდება.
ღვიძლის ექინოკოკოზის საწყის ეტაპზე შეიმჩნევა სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ფერდის ქვეშ, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, პერიოდულად – სუბფებრილური ტემპერატურა. ღვიძლი გადიდებულია, ზოგჯერ – საგრძნობლად. დაავადება თანდათან რთულდება. ხშირია კისტის  დაჩირქება და გახეთქვა, რასაც პარაზიტების მთელ ორგანიზმში მიგრაცია მოჰყვება. ზოგჯერ კისტის კედელი სქელდება და მასში მოქცეული ექინოკოკები ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს. შესაძლოა, ნაღვლის ბუშტზე ექინოკოკური ბუშტის ზეწოლის გამო სიყვითლე განვითარდეს. თუ კისტა ღვიძლის ზედაპირის ახლოს მდებარეობს, მუცელზე მცირე ზეწოლამაც კი შეიძლება მისი გახეთქვა გამოიწვიოს.
მუცლის ღრუში ექინოკოკების მოთესვაზე მიუთითებს გამონაყარი და ქავილი. არ არის გამორიცხული უფრო რთული ალერგიული რეაქცია, მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი.
ფილტვის ექინოკოკოზს საწყის ეტაპზე არავითარი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. კისტის გადიდებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ზეწოლის შემთხვევაში თავს იჩენს ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა და ქოშინი. დიდი ზომის კისტამ შესაძლოა გულმკერდს ფორმა შეუცვალოს. არცთუ იშვიათად ვითარდება პნევმონია და პლევრიტი.
კისტა შეიძლება დაჩირქდეს და გასკდეს, ხოლო მისი შიგთავსი ბრონქში გადავიდეს. ამ დროს დიდი რაოდენობით ნახველი გამოიყოფა. არც ის არის გამორიცხული, პარაზიტი ჯანმრთელ ფილტვში მოხვდეს. ექინოკოკური ბუშტის პლევრის ღრუში გახეთქვას თან სდევს ტკივილი, ტემპერატურის მატება, ზოგჯერ – ანაფილაქსიური შოკი.
ექინოკოკების მიერ თავის ტვინის დაზიანებას ავლენს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება. ექინოკოკური ბუშტის ზრდის კვალდაკვალ ეს მოვლენები უფრო ინტენსიური ხდება. შესაძლოა, განვითარდეს დამბლა, პარეზი, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები.
ანამნეზური მონაცემებისა და კლინიკური სიმპტომების საფუძველზე დიაგნოზის დასმა ადვილია, თუმცა მის დასაზუსტებლად ტარდება იმუნოლოგიური კვლევაც.
ექინოკოკოზს უმთავრესად ქირურგიულად მკურნალობენ.

 

 

ერითრომიელოზი ქრონიკული – erythromyelosis – эритромиелоз

ქრონიკული ერითრომიელოზი ძალიან იშვიათი დაავადებაა. იგი მიეკუთვნება მიელოპოეზის წინამორბედი უჯრედებისგან წარმოშობილი ლეიკემიების ჯგუფს და ძვლის ტვინში  ერითროკარიოციტების სახით გვხვდება. ამ დროს, მწვავე ერითრომიელოზისგან განსხვავებით, სისხლსა და ძვლის ტვინში არ არის (ან თითქმის არ არის)  ერითრობლასტები და მიელობლასტები.    
კლინიკურად დაავადება ვლინდება შეუპოვარი, პრაქტიკულად მკურნალობას დაუქვემდებარებელი მაკროციტული ანემიით და სისხლწარმომქმნელი წითელი შტოს ჰიპერპლაზიით (ორივე ცვლილება უეფექტო ერითროპოეზზე მიუთითებს), მაგრამ, მწვავე პროცესისგან განსხვავებით, ეს მდგომარეობა განპირობებულია არა ძვლის ტვინის შიდა ჰემოლიზით, არამედ სისხლწარმოქმნის წითელი შტოს სიმსივნით. ამასთანავე, ერითროკარიოციტების მორფოლოგია შესაძლოა ნორმალური იყოს, რაც სიმსივნური პროცესის დიაგნოსტირებას ართულებს. ასეთი სირთულეები ქრონიკული მიელოლეიკემიის მრავალი ფორმისთვის არის დამახასიათებელი.
არ არის გამორიცხული ელენთის გადიდება. ელენთის უჯრედების პუნქციის შედეგად შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს მიელოიდური მეტაპლაზიები ერითროკარიოციტების დიდი რაოდენობით. ხშირად სწორედ ასეთი გამოკვლევა იძლევა დიაგნოზის დასმის საშუალებას, ვინაიდან ქრონიკული ერითრომიელოზის ციტომარკერი ჯერ-ჯერობით არ არის ნაპოვნი.
ქრონიკული ერითრომიელოზი, მწვავისგან განსხვავებით, 3-5 წლის განმავლობაში და უფრო მეტხანს მიმდინარეობს. ტერმინალურ სტადიაში პროცესს თან ახლავს ბლასტური ზრდა ძვლის ტვინში, სარკომული ზრდა ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთასა და სხვა ორგანოებში.
ქრონიკული ერითრომიელოზის სპეციფიკური თერაპია ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. ელენთის ამოკვეთა და დასხივება შედეგს არ იძლევა. ყველაზე ხშირად მიმართავენ ერითროციტული მასის განმეორებით გადასხმებს და ერითროკარიოციტების ანტიშრატის შეყვანას. 
 

 

ერითრემია – Erythaemia – Эритремия

ერითრემია (ვაკეზის დაავადება, ჭეშმარიტი პოლიციტემია) უმეტესად ხანდაზმულ ასაკში გვხვდება. ის ქრონიკული ლეიკემიაა და სისხლის სისტემის კეთილთვისებიან სიმსივნეთა რიცხვს მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია სიმსივნის ჩაზრდა სისხლწარმოქმნის ყველა შტოში, განსაკუთრებით კი ერითროიდულში, რასაც თან სდევს ერითროციტების (ზოგჯერ – ლეიკოციტებისა და თრომბოციტებისაც), ჰემოგლობინის, მოცირკულირე სისხლის მასისა და სიბლანტის, სისხლის შედედების უნარის მატება.

განასხვავებენ დაავადების 3 სტადიას: საწყისს, განვითარებულს (ერითრემიულს) და ტერმინალურს.
საწყის სტადიაში ავადმყოფი უჩივის თავის დამძიმებას, ყურებში ხმაურს, თავბრუხვევას, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას, კიდურების გაცივებას, ძილის დარღვევას. განვითარებულ ანუ გაშლილ სტადიაში კლინიკური სიმპტომატიკა უფრო მკვეთრია. ყველაზე გავრცელებული ნიშანია თავის ტკივილი, რომელიც ზოჯერ შაკიკის შეტევას ჰგავს და თან სდევს მხედველობის დარღვევა. ბევრი უჩივის გულის ტკივილს, რომელიც ზოგჯერ სტენოკარდიის მსგავსია. ასევე დამახასიათებელია ძვლების ტკივილი, ტკივილი ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, გახდომა, მხედველობისა და სმენის დარღვევები, განწყობის ცვალებადობა. კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია კანის ქავილი. შესაძლოა, თითის წვერებში წარმოიშვას შეტევის მსგავსი ტკივილი, რომელსაც თან სდევს კანის შეწითლება.
ავადმყოფის გასინჯვისას ყურადღებას იქცევს კანის მოწითალო-ციანოზური ფერი, რომელიც მუქ შვინდისფერში გადადის. ლორწოვანი გარსები (კონიუნქტივა, ენა, რბილი სასა) წითელია. კიდურების სისხლძარღვთა ხშირი თრომბოზის გამო წვივებზე კანი მუქდება, ზოგჯერ ტროფიკული წყლულებიც კი ჩნდება. ბევრი უჩივის ღრძილებიდან სისხლდენას, სისხლდენას კბილის ამოღების შემდეგ, კანზე ჩალურჯებული ადგილების გაჩენას. ავადმყოფთა 80%-ს ელენთა უდიდდება. განვითარებულ სტადიაში გადიდება ზომიერია, ტერმინალურში კი ხშირად აღინიშნება მკვეთრი სპლენომეგალია. ჩვეულებრივ, ღვიძლიც გადიდებულია.
ერითრემიით დაავადებულებს ხშირად აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა. ლორწოვანი გარსის კვების დარღვევისა და სისხლძარღვთა თრომბოზის გამო შესაძლოა განვითარდეს თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლული.
ერითრემიის კლინიკურ სურათში მნიშვნელოვნი ადგილი უკავია სისხლძარღვთა თრომბოზს. ჩვეულებრივ, ზიანდება ტვინისა და კორონარული არტერიები და ქვედა კიდურების სისხლძარღვები. ერითრემიით დაავადებულებს მიდრეკილება აქვთ სისხლდენისკენ.
ტერმინალურ სტადიაში შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ციროზი, კორონაროთრომბოზი, ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი და სისხლჩაქცევა, მიელოფიბროზი, რომელსაც თან ახლავს ანემია, ქრონიკული მიელოლეიკოზი და მწვავე ლეიკოზი.
ერითრემიის გაშლილ სტადიაში ნაჩვენებია ციტოსტატიკური თერაპია. ყველაზე ეფექტურია იმიფოსი. იგი კუნთებში ან ვენაში სპეციალური სქემის მიხედვით შეჰყავთ. ეფექტისთვის საჭიროა 1,5-2 თვე, რადგან პრეპარატი ძვლის ტვინის დონეზე მოქმედებს. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ანემია, რომელიც თანდათან თავისთავად გაივლის. იმიფოსის ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სისხლწარმოქმნის ჰიპოპლაზია, რომელსაც პრედნიზოლონით, ნერობოლით, B6 და B12 ვიტამინებით და ჰემოტრანსფუზიით მკურნალობენ. დღესდღეობით რემისიის ხანგრძლივობა 2 წელია. შემანარჩუნებელი თერაპია საჭიროდ არ მიიჩნევა. დაავადების რეციდივის შემთხვევაში იმიფოსისადმი მგრძნობელობა შენარჩუნებულია. ლეიკოციტოზის მატებისა და ელენთის სწრაფი ზრდის შემთხვევაში ინიშნება მიელობრომოლი. სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიკოაგულანტები, ჰიპოტენზიური პრეპარატები, ასპირინი. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. დაავადების ხანგრძლივობა უმეტესად 10-15 წელს, ხოლო ზოგჯერ 20 წელსაც კი შეადგენს. საგრძნობლად აუარესებს პროგნოზს სისხლძარღვოვანი გართულებები, ასევე – დაავადების გადასვლა მიელოფიბროზში ან მწვავე ლეიკემიაში.

 

 

ერითრაზმა – Erythrasma – эритразма

ერითრაზმა ზედაპირული ფსევდომიკოზია. მისი გამომწვევია Corynebacterium minutissimum. იგი აზიანებს ეპიდერმის ზემოთა, რქოვან შრეს. დაავადების წყაროა ადამიანი. ინფიცირება შესაძლებელია ნიადაგიდან ფეხშიშველა სიარულის დროს. დაავადების კონტაგიოზურობა დაბალია. ერითრაზმის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი ოფლიანობა.
ერითრაზმა უმთავრესად ზრდასრულ ასაკში ემართებათ და უმთავრესად – მამაკაცებს. ლოკალიზდება უპირატესად მსხვილ ნაკეცებში, განსაკუთრებით – საზარდულ-თეძოს ნაკეცში. კანის დასნებოვნებულ უბნებზე ჩნდება მსხვილი, მოყავისფრო-მოწითალო ფერის მომრგვალო ლაქები. ლაქების ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ – ქერცლიანი. ავადმყოფს არავითარი სუბიექტური ჩივილი არ აქვს. მეორეული ინფექციით გართულების შემთხვევაში ამ ნიშნებს ერთვის ანთებითი მოვლენები, ქავილი და მტკივნეულობა.
სამკურნალოდ გამოიყენება კლოტრიმაზოლი, 5%-იანი ერითრომიცინის მალამო. ნაკეცები დღეში 2-ჯერ უნდა დამუშავდეს 2%-იანი სალიცილის სპირტით. ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში მიმართავენ ერითრომიცინით თერაპიას. ჰიპერპიგმენტაცია მკურნალობის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება.

 

 

Don`t copy text!