Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 367

ეგზემა – eczema – экзема

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს - მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.
ეგზემის მიზეზი უცნობია. დაავადების წარმოქმნის მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის (უპირატესად - ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის) ფუნქციური დარღვევებით. ამ დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ეგზემით დაავადებულებში ერთობ თვალსაჩინოდ არის გამოხატული.
ენდოგენური ფაქტორების არსებობისას (ნერვული და ენდოკრინული სისტემების, ღვიძლის, ნაწლავების ფუნქციის მოშლის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში) ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ეგზოგენური გამღიზიანებლები, რომლებსაც ორ ჯგუფად - ჩვეულებრივ ანუ ბანალურ გამღიზიანებლებად და ალერგენებად ყოფენ.
ბანალური გამღიზიანებელია სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე საყოფაცხოვრებო თუ პროფესიულ პირობებში. მათ შორის - მეტეოროლოგიური ფაქტორები (სიცივე, სიცხე, ქარი, მზის სხივები), წყალი, საპონი, მჟავები, ტუტეები.
ენდოგენური დარღვევებისა და ეგზოგენური გამღიზიანებლების კომპლექსი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას (სენსიბილიზაციას) გარე გამღიზიანებლების მიმართ.
ალერგენები ისეთი გამღიზიანებლების მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ორგანიზმზე ერთჯერადი მოქმედებისას შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივი, მრავალჯერადი ზემოქმედებისას ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლას - სენსიბილიზაციას განაპირობებს. ალერგენების მაგალითად გამოდგება ორგანული ნივთიერებები: სკიპიდარი, საღებავები, ნიკელის, ქრომის მარილები და სხვა.
სენსიბილიზაციის დასაწყისში შესაძლოა ორგანიზმი რომელიმე ერთ გამღიზიანებელზე რეაგირებდეს. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ორგანიზმის რეაქტიულობა იცვლება და იწყება რეაგირება მრავალ სხვადასხვა, მათ შორის - ბანალურ გამღიზიანებლებზეც კი.
ენდოგენური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომლის მნიშვნელობაზეც მიუთითებს ქავილისა და წვის შეგრძნებები და თერმორეგულაციის დარღვევა.
დაავადებულთა ალერგიულ მდგომარეობას შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ინფექციის კერებმა (ტონზილიტმა, სინუსიტმა, ქოლეცისტიტმა, აპენდიციტმა, პროსტატიტმა, კოლიტმა). აგრეთვე - სოკოვანი დაავადების გამწვავებამ, ნაწლავთა პარაზიტების ცხოველმყოფელობის პროდუქტებმა და ა.შ. გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი განწყობა დაავადების მიმართ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების ოთხ კლინიკურ ფორმას: ჭეშმარიტს, სებორეულს, მიკრობულსა და პროფესიულს. ჭეშმარიტი ეგზემის კლინიკური სურათი იწყება კანის მეტ-ნაკლებად გამოხატული შეშუპებით და ანთებით (ერითემული სტადია), რასაც თან სდევს ინტენსიური ქავილი. ამ ფონზე ჩნდება მრავალრიცხოვანი წვრილი, წერტილოვანი, იშვიათად - მსხვილი კვანძი (კვანძოვანი სტადია) და გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები (ბუშტუკოვანი სტადია), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეგზემა მხოლოდ შეშუპებით და ანთებითი სიწითლით მიმდინარეობს. ბუშტუკები სკდება და შიშვლდება კანის სველი ზედაპირი. სითხე გამოიჟონება წვრილი ელემენტებიდან და ვრცლად ფარავს კერებს. ამ სტადიაზე დაავადებას სველ ეგზემას უწოდებენ. სითხე თანდათან შრება და თავდაპირველად - ნახევრად გამჭვირვალე-მოყვითალო, შემდეგ კი სქელ მორუხო ან მოყავისფრო ლაქებად გარდაიქმნება (ქერქოვანი სტადია). რამდენიმე დღის შემდეგ ქერქი კანის ზედაპირს სცილდება და მის ქვეშ ჩნდება ღია ვარდისფერი სადა, ნაზი, ოდნავ პრიალა ეპიდერმისით დაფარული კანი, რომელიც იწყებს აქერცვლას (აქერცვლისა და ეპითელიზაციის სტადია). ანთებითი პროცესი თანდათან სუსტდება და კანი ბუნებრივ ელფერს იღებს. ზოგჯერ კერაში მუქი შეფერილობის ლაქა რჩება. შესაძლოა, პროცესი განვითარების რომელიმე (ნებისმიერ) სტადიაზე შეჩერდეს, უკუგანვითარდეს და რამდენიმე ხანში განკურნებით დასრულდეს. შესაძლოა, კერაში ერთდროულად სხვადასხვა ნიშანმა იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ გამონაყარი პოლიმორფულია.

ჭეშმარიტი ეგზემის კერა სხვადასხვა ზომისაა, აქვს არცთუ მკვეთრად გამოხატული საზღვრები, ახასიათებს უპირატესად სიმეტრიულობა და ჩნდება ხელის ზურგზე, წინამხრებზე, ტერფების ზემოთა ზედაპირზე, ბავშვებში - სახეზე, ტანზე, გულმკერდზე და ნებისმიერ სხვა მიდამოში. ჭეშმარიტი ეგზემის ლოკალიზაცია დაავადების მორფოლოგიურ სურათზე გავლენას არ ახდენს. გამონაკლისია ხელისგულები და ფეხისგულები, სადაც კანის აგებულების თავისებურებების (რქოვანას სისქის) გამო დაავადება სხვაგვარი ფორმით ვლინდება. მას დისჰიდროზულ ეგზემას უწოდებენ. ამ დროს ხელისგულებისა და ფეხისგულების, თითების გვერდითა ზედაპირებზე ჩნდება მრავალი წვრილი ბუშტუკი. ეპიდერმისის სისქის გამო ანთებითი ფონი ამ ადგილებში ძლიერ სუსტად არის გამოხატული. ბუშტუკები ან იხსნება, ან ხმება და ბრტყელ მოყვითალო ფუფხად იქცევა. დისჰიდროზული ეგზემის კერა მკვეთრად არის შემოსაზღვრული ჯანმრთელი კანისგან. დაზიანების კერა შესაძლოა გაფართოვდეს და გადავიდეს ხელის მტევნებსა და ტერფების ზემოთა ზედაპირზე, სადაც პროცესი ჭეშმარიტი ეგზემის ტიპურ კლინიკურ სურათს შექმნის.
სახელწოდება `დისჰიდროზული~ ოფლის გამოყოფის დარღვევით მიმდინარეს ნიშნავს, თუმცა საოფლე ჯირკვლები ამ დროს ნორმალურად ფუნქციონირებს.
გახანგრძლივების შემთხვევაში მწვავე ეგზემამ შესაძლოა ქვემწვავე ან ქრონიკული ხასიათი მიიღოს.
ქრონიკული ეგზემა გახანგრძლივებული მორეციდივე ეგზემის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს და დამოუკიდებლადაც. ქრონიკული ეგზემის შემთხვევაში სისველე სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ აღინიშნება. ქრონიკული ეგზემის მთავარი ნიშნებია კანის ინფილტრაცია, ლიქენიფიკაცია და აქერცვლა. ბუშტუკოვანი ელემენტები მხოლოდ პროცესის გამწვავებისას ჩნდება.
სებორეული ეგზემა, რომლის წინარე მდგომარეობა სებორეაა, უმთავრესად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე: თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებზე, სახეზე, შუბლის, საფეთქლების, ცხვირ-ლოყის ნაოჭებში, გულმკერდსა და ბეჭთაშუა არეებში, იღლიისქვეშა ფოსოში, საზარდულის, ჭიპის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მომხრელ და გვერდით ზედაპირებზე. პროცესი თავის თმიანი ნაწილიდან იწყება. ამ უბანზე სისველის შედეგად დიდი რაოდენობის ქატოსებრ, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლთან ერთად გროვდება უხვი ქერქი, რომელიც ზოგჯერ მთელ თავს ფარავს. ყურის ნიჟარების უკან კანი შეშუპებული, წითელი და სველია, დაფარულია ქერქით. ყურებს უკანა ნაოჭებში მტკივნეული ნაპრალებია, სისველის პერიოდებს ცვლის კანის მეტისმეტი სიმშრალის პერიოდები. სებორეული ეგზემის მძიმე შემთხვევაში იქ, სადაც დაზიანება უფრო ინტენსიურია, თმა ცვივა. პროცესს თან სდევს ქავილი, წვა, ზოგჯერ - ტკივილი, თუმცა შესაძლოა, სებორეული ეგზემა თითქმის სუბიექტური შეგრძნებების გარეშე მიმდინარეობდეს.
მიკრობული ეგზემა ვითარდება პიოდერმიის, სოკოვანი დაავადების (მიკოზური ეგზემა), ინფიცირებული ტრავმის, ჭრილობის, დამწვრობის (პარატრავმული ეგზემა), ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის, ტროფიკული წყლულის (ვარიკოზული ეგზემა) მეორეული ეგზემატიზაციის შედეგად. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით, დაავადება გამოირჩევა ასიმეტრიული განლაგებით (ანთებითი შეშუპებული კანი დაფარულია წვრილი ბუშტუკებით ან ჩირქოვანი ელემენტებით), მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით, ჩვეულებრივ, იოლად ექვემდებარება მადეზინფიცირებელი საშუალებებით მკურნალობას, რომელთა გამოყენება ჭეშმარიტი ეგზემის დროს გაღიზიანებას იწვევს. დაზიანება ლოკალიზებულია წვივებისა და ჭიპის გარშემო, სარძევე ჯირკვლების ქვეშ.
ვარიკოზული ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ტრავმები და სენსიბილიზაცია ვარიკოზული დაავადების სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
პროფესიული ეგზემა ჭეშმარიტისგან კლინიკურად არ განსხვავდება. იგი ვითარდება საწარმოო ალერგენებთან მრავალჯერადი კონტაქტის შედეგად, რომელიც წლობით გრძელდება. თავდაპირველად კანის ანთებით რეაქციას ალერგენის ზემოქმედების ადგილებზე ალერგიული დერმატიტის ხასიათი აქვს და ალერგენის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ მალევე უკუვითარდება. ალერგენთან კონტაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში დაავადება უფრო მდგრადი ხდება. ამ დროს მოსალოდნელია გამწვავება არამარტო საწარმოო გამღიზიანებელზე.
პროფესიული ეგზემის გახანგრძლივებისას შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია არა მარტო საწარმოო, არამედ საყოფაცხოვრებო გამღიზიანებლებზეც.

ბავშვებში ეგზემა ვლინდება ჭეშმარიტი, სებორეული და მიკრობული ფორმებით. შესაძლოა კომბინირებული განვითარებაც - სხვადასხვა ადგილას დაავადება სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი.
მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ნერვული, ენდოკრინული დარღვევების ლიკვიდაციას, ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას, ჰიპოალერგენულ დიეტას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკი და თანმხლები დაავადებანი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, პროფესია, ცხოვრებისა და კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები.
ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად ინიშნება სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, განგლიობლოკატორები (ვალერიანის ექსტრაქტი, სედუქსენი, ამინაზინი). ჰიპოსენსიბილიზაციისთვის ანუ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შესამცირებლად ინიშნება კალციუმის ქლორიდისა და ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარები. ფართოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები (როგორც საინექციოდ, ისე შინაგანად) და ვიტამინები (უპირატესად - B ჯგუფისა).
დაავადების მყარი და მძიმე ფორმების შემთხვევაში სისტემური დანიშნულების კორტიკოსტეროიდულ თერაპიასაც მიმართავენ.
განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ დიეტას. რეკომენდებულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსების შეზღუდვა. უკუნაჩვენებია ალკოჰოლი და თამბაქო.

ადგილობრივი მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, კლინიკურ ფორმაზე, ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. სისველის სტადიაში ანთებითი მოვლენებისა და შეშუპების შესამცირებლად ინიშნება გამაგრილებელი (რეზორცინის, ბორის მჟავას, რივანოლის) საფენები, ზედაპირის შეშრობის შემდეგ - გოგირდისა და კუპრის მალამოები, კორტიკოსტეროიდული მალამოები. მიკრობული ეგზემის შემთხვევაში ინიშნება იგივე მალამოები ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ ფიზიოთერაპიულ საშუალებებსაც: ულტრაიისფერ სხივებს, ელექტროფორეზს, პარაფინის აპლიკაციებს და სხვა. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია კურორტული მკურნალობა (წყალტუბო, ურეკი).

 

 

დუოდენიტი – duodenitis – дуоденит

დუოდენიტი თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით-დისტროფიული დაავადებაა. ამ დროს თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, ხოლო მისი ჯირკვლოვანი აპარატი - განუწყვეტელ ატროფიას. დუოდენიტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და მეტწილად მამაკაცებს შორის გვხვდება.
დუოდენიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე დუოდენიტი, წესისამებრ, მიმდინარეობს კუჭისა და ნაწლავების მწვავე ანთებასთან ერთად მწვავე გასტროენტერიტის, გასტროენტეროკოლიტის სახით. განასხვავებენ მის კატარულ, ეროზიულ-წყლულოვან და ფლეგმონურ ფორმებს. მწვავე დუოდენიტი შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ინტოქსიკაციამ - იმ ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლამ, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენს, ასევე - მწარე და ცხარე საკვების ჭარბმა მიღებამ, ალკოჰოლიანმა სასმელებმა, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის უცხო სხეულით დაზიანებამ.
მწვავე დუოდენიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, ძლიერი სისუსტე. ეპიგასტრიუმის მიდამოში შეხება მტკივნეულია. დიაგნოზი დასტურდება დუოდენოფიბროსკოპიით, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში ანთებით ცვლილებებს ავლენს.
ფლეგმონური ფორმის დროს ავადმყოფის მდგომარეობა სწარაფად უარესდება. ეპიგასტრიუმის არეში კუნთები დაჭიმულია. ტემპერატურა იმატებს. მომატებულია ედს-იც. ამ დროს ზონდირება და დუოდენოფიბროსკოპია უკუნაჩვენებია.
მწვავე კატარული და ეროზიულ-წყლულოვანი დუოდენიტი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში თვითგანკურნებით სრულდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის განმეორებად ხასიათს იღებს და ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. ფლეგმონური დუო¬დენიტის პროგნოზი კი მძიმეა: მოსალოდნელია ნაწლავებიდან სისხლდენა, ნაწლავის კედლის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება იყოს პირველადიც, როდესაც თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება დამოუკიდებლად ვითარდება, და მეორეულიც, როდესაც ის სხვა დაავადებით არის განპირობებული. უკანასკნელ შემთხვევაში დუოდენიტი შერწყმულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების პათოლოგიასთან, მაგალითად, გასტრიტთან, წყლულოვან დაავადებასთან, პანკრეატიტთან, ქოლეცისტიტთან.
დუოდენიტის დროს ანთებითი პროცესი შეიძლება მთელ ნაწლავზე გავრცელდეს. ასეთ შემთხვევაში ანთებას დიფუზურს უწოდებენ. თუ ანთებითი პროცესი თორმეტგოჯა ნაწლავის რომელიმე ნაწილზეა ლოკალიზებული, დუოდენიტი ლოკალურია.
პირველადი ქრონიკული დუოდენიტი იშვიათია. მის მიზეზად შეიძლება იქცეს კვების რეჟიმის დარღვევა (არარეგულარული კვება, ცხარე საკვების მიღება, არასრულფასოვანი ღეჭვა, მაგარი ალკოჰოლური სასმელების, მაგარი ყავის ან ჩაის ჭარბი მოხმარება). გამაღიზიანებელი საკვების მიღებისას იმატებს კუჭის წვენის მჟავიანობა და მისი ნეგატიური ზემოქმედება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. იშვიათად პირველადი ქრონიკული დუოდენიტი მწვავე ფორმის შემდეგ ვითარდება. მის განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს წევა - სიგარეტის კვამლში არსებული ნივთიერებები ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და თრგუნავს თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე რეაქციის მქონე სეკრეტის პროდუქციას.
მეორეული ქრონიკული დუოდენიტი შედარებით ხშირად გვხვდება. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ჰელიკობაქტერიული ინფექცია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი. შესაძლოა, განვითარდეს ალერგიული დაავადების, ნაწლავებსა და სანაღვლე გზებში გლისტების არსებობის, თორმეტგოჯა ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე სხვა პათოლოგიების დროსაც.
ჰელიკობაქტერიული ინფექციისას ანთებითი პროცესის დასაწყისსა და გაქრონიკულებაში ჰელიკობაქტერიის დამაზიანებელ ზემოქმედებას მიუძღვის ბრალი. რაც შეეხება ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებს, ამ დროს ფერმენტების ბალანსი ირღვევა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი მათ აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის. ანთებითი პროცესი მხოლოდ ლორწოვანი გარსის ზედა შრეზე ვრცელდება. ლორწოვანი გარსი შუპდება, უჯრედთა კვება ირღვევა და უჯრედები განილევა.
დიფუზური დუოდენიტის დროს დისტროფიული პროცესი ვრცელდება ლორწოვანი გარსის მთელ სისქეზე და მოიცავს თორმეტგოჯა ნაწლავის ჯირკვლებს. ამ დროს სეკრეტორული ფუნქცია შესაძლოა მომატებულიც კი იყოს.
ანთების ერთ-ერთ ფორმას, ატროფიულ დუოდენიტს, ნაწლავის ლორწოვანი გარსის განლევა და მისი სეკრეტორული ფუნქციის დათრგუნვა ახასიათებს.
გვხვდება ეროზიული დუოდენიტიც, რომლის დროსაც ნაწლავის ლორწოვან გარსზე წვრილ-წვრილი ზედაპირული წყლულები ჩნდება.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება მიმდინარეობდეს წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის მსგავსი ან შერეული სიმპტომებით. არსებობს დაავადების ფარული ფორმაც, რომლის დროსაც ავადმყოფს, ფაქტობრივად, არაფერი აწუხებს.
ქრონიკული დუოდენიტის დროს ავადმყოფი უჩივის ყრუ, მჩხვლეტ ან სპაზმურ ტკივილს კუჭის ქვედა არეში. ზოგჯერ ეს შეგრძნება ჭიპის მიდამოსაც გადაეცემა. ტკივილი, წესისამებრ, აღმოცენდება ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. აყუჩებს ანტაციდური პრეპარატების ან საკვების მიიღება. ზოგჯერ კუჭში ჩნდება სიმძიმის შეგრძნებაც.
თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილის ანთება შესაძლოა კუჭის წყლულოვან დაავადებას ჰგავდეს, ქვედა ნაწილისა კი ქოლეცისტიტის ან პანკრეატიტის მსგავსი ჩივილებით მიმდინარეობს. იშვიათად აღინიშნება ღებინება, შედარებით ხშირად - ბოყინი ან გულძმარვა. ზოგჯერ თავს იჩენს მოულოდნელი შიმშილის გრძნობა.
ხშირია შემთხვევა, როდესაც დუოდენიტს თან სდევს ცვლილებები ვეგეტაციური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევა, რომლებიც თავს იჩენს ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. ენაზე ჩნდება ნადები, მკერდის ძვლის ქვედა არის შეხება მტკივნეულია.
ქრონიკული დუოდენიტის დიაგნოზი დაისმის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოსკოპიული გამოკვლევისა და ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის საფუძველზე. გარდა ამისა, ტარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის კვლევა, დუოდენალური ზონდირება.
ქრონიკული დუოდენიტის მკურნალობისას, პირველ ყოვლისა, დიეტა ინიშნება. გამწვავების პერიოდში დიეტა დამზოგველი უნდა იყოს, რათა ლორწოვანი გარსი მექანიკური, თერმული და ქიმიური გამღიზიანებლებისგან დავიცვათ. საჭიროა კვება დღეში 5-6-ჯერ. მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ანტაციდური, მარილმჟავას სეკრეციის დამაქვეითებელი, თორმეტგოჯა ნაწლავის უჯრედთა რეგენერაციის გამაძლიერებელი და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის მარეგულირებელის პრეპარატების მიღებას. მეტად ეფექტურია ფიზიოთერაპიული მკურნალობა. რეკომენდებულია სანატორიულ-კურორტული თერაპია.
დუოდენიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს რეჟიმულ კვებას, ალკოჰოლისგან თავის შეკავებას, დუოდენიტის მაპროვოცირებელი დაავადებების მკურნალობას.

 

 

დიფთერია – diphtheria – дифтерия

დიფთერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც დიფთერიის ტოქსინი იწვევს. ტოქსინებს Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები გამოიმუშავებს. დიფთერიის გამოწვევა არატოქსიგენურ გამომწვევებსაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადების კლინიკური მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომელიც გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან ავადმყოფობის დასასრულამდე, ზოგჯერ - მის შემდეგაც. დიფტერიის ბაქტერიები ცხვირ-ხახის ლორწოვანზე ბინადრობენ და ხველის, ცემინების, კოცნის დროს ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდებიან. ბაქტერია გარემოში დიდხანს ძლებს, ამიტომ ავადმყოფის სათამაშოებმა, ჭურჭელმა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვი დაასნებოვნოს.

დაავადება ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში. დიფთერიით უმეტესად ის ბავშვები და მოზარდები ხდებიან ავად, რომელთაც სწორად არ ჩაუტარდათ ან საერთოდ არ ჩასტარებიათ დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა. აუცრელი ადამიანის ორგანიზმში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია, ყელისა და სასუნთქი გზების ანთება და ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ხორხის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, გულის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. წინათ დიფთერია ხშირად იწვევდა სიკვდილს. რამდენიმე ათეული წელია, გეგმური აცრების შედეგად ავადობა და სიკვდილიანობა, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა, თუმცა გვხვდება ერთეული, ზოგჯერ - დაგვიანებით ნამკურნალევი და მძიმედ მიმდინარე შემთხვევები.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დიფთერიის ფარული პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება. განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:

  • ხახის დიფთერიას;
  • სასუნთქი გზების დიფთერიას;
  • ცხვირის დიფთერიას;
  • იშვიათი ლოკალიზაციის (კანის, გარეთა სასქესო ორგანოების) დიფთერიას.

ყველაზე ხშირია დიფთერიის ხახის ფორმა. თავდაპირველად ის ზოგადი სიმპტომებით: საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მუცლის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, უმადობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით ვლინდება. ინფიცირებული ბავშვი ფითრდება, ხახა, ნუშურა ჯირკვლები და სასა შეწითლებული აქვს, დიდი ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები - გადიდებული, გულისცემა - გახშირებული. გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება დამახასიათებელი აპკოვანი ნადები, რომელსაც აქვს ჭუჭყიანი რუხი ფერი, მკვრივი კონსისტენცია და იმდენად მჭიდროდ არის შეზრდილი ქვეშ მდებარე ქსოვილთან, რომ მოცილებისას სისხლდენაც კი იწყება. დაავადების ხანგრძლივობის კვალობაზე, აპკოვანი ნადები სხვადასხვა ფართობს იკავებს, ხოლო ფერი მოყვითალო-მორუხოდან კრემისფრამდე იცვლება. ავადმყოფი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, შესაძლოა, აღებინოს კიდეც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ასაკის ბავშვებს ეს სიმპტომები დაავადების სრულ განვითარებამდე არც კი უვლინდებათ.
თუ ხახის დიფტერია დროულად არ იქნა ამოცნობილი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები 6-7 დღე გრძელდება, მეორე კვირიდან კი თითქოსდა გამოჯანმრთელება იწყება: ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, ნადები შორდება ლორწოვანს (ავადმყოფი ამ ნადებს ან გადმოაფურთხებს, ან ყლაპავს), მაგრამ სიფითრე და აჩქარებული პულსი რჩება. თითქოსდა განკურნებულ ავადმყოფს შესაძლოა აღმოაჩნდეს უმძიმესი გართულებები მიოკარდიტისა და დამბლის სახით.
ცხვირის დიფთერია გაცილებით იშვიათია და მცირე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება. ამ დროს ცხვირიდან მოედინება ლორწოვან-ჩირქოვანი, სისხლიანი სითხე, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია.
ხორხის დიფთერია (კრუპი) იწყება ტემპერატურის მატებით, ხმის ჩახლეჩით, უხეში მყეფავი ხველით. ბავშვი ხმას მალე კარგავს. ვითარდება დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ინტოქსიკაცია. ხორხისა და საყლაპავის შეშუპება იწვევს სუნთქვის გაძნელებას. აპკმა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გადაფაროს სასუნთქი გზა. კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. მძიმე შემთხვევაში ეგზოტოქსინი აღწევს კისრის ქსოვილებში და იწვევს მათ შეშუპებას (ე.წ ხარის კისერს). თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, ნადებისა და ძლიერი შეშუპების გამო სუნთქვის უკმარისობა გაძლიერდება, ბავშვი თანდათან დასუსტდება, გალურჯდება და შესაძლოა, დაიხრჩოს.

გართულებები. თუ ანტიტოქსინის შეყვანა დაგვიანდა, მოსალოდნელია შემდეგი გართულებების განვითარება:

  • ბაქტერიის ტოქსიკური მოქმედების შედეგად მინიმუმ - 3-14 დღეში, მაქსიმუმ - 4-7 კვირაში შესაძლოა განვითარდეს გულის კუნთის მძიმე დაზიანება (ტოქსიკური მიოკარდიტი), რომელიც ხშირად ლეტალურად სრულდება. ამ გართულების ალბათობა 50%-ს შეადგენს.
  • მოსალოდნელია გულის უკმარისობა და უეცარი სიკვდილი.
  • ავადმყოფების 20-30%-ს კარდიოგრამაზე აღენიშნება უმნიშვნელო ცვლილებები, გულის სრული ბლოკადა, პარკუჭოვანი არითმია, რომლის დროსაც ხშირია ლეტალური დასასრული.
  • მონო- ან პოლინევრიტი: რბილი სასის პარეზი (ხმის ჩახლეჩა, სასის ლაგამის ასიმეტრიული განლაგება, სასის რეფლექსის უქონლობა), თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზი (მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, რომლის შედეგადაც შეუძლებელი ხდება წვრილი ნაბეჭდი შრიფტის წაკითხვა). გართულება 14-24 დღეში იჩენს თავს. მისი განვითარების ალბათობა 20%-ს შეადგენს. მეოთხე-მეხუთე კვირას მოსალოდნელია ტანის, კიდურებისა და სასუნთქი კუნთების გენერალიზებული დამბლა.
  • ტოქსიკური ნეფროზი - 5-8 დღე.
  • ტოქსიკური შოკი - პირველი 3-4 დღე.
  • პნევმონია - 2-4 კვირა.
  • ასფიქსია (სასუნთქი გზების დიფტერიის დროს) - 3-5 დღე.

ამჟამად დიფთერიის ლეტალური დასასრულის ალბათობა 10%-ს შეადგენს. უმეტესად იღუპებიან 5 წლამდე ასაკისა და 40 წელს გადაცილებული პაციენტები.
სპონტანური გამოჯანმრთელება მიმდინარეობს ნელა, კვირების განმავლობაში. დაავადების გვიანდელ ეტაპზე ანტიტოქსინის ან კორტიკოსტეროიდების დანიშვნა მიოკარდიტსა და დამბლას ვერ ამსუბუქებს.

მკურნალობა. დიფთერიის ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. დიფტერიის საწინააღმდეგო შრატით დროული მკურნალობა მოკლე ხანში გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. კრუპის შემთხვევაში საჭიროა ხორხში სპეციალური მილის ჩადგმა (ინტუბაცია) ან სხეულის გარედან გაკვეთა (ტრაქეოტომია).

პროფილაქტიკა. დიფთერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა აცრაა. დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ანტიტოქსიკური ანტისხეულების წარმოქმნას, რაც დიფთერიის კლინიკურ გამოვლენას შეუძლებელს ხდის. ეფექტი 95-100%-ში მიიღწევა. დაავადების შემთხვევაში დითტერია მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინის მოქმედების პერიოდი 10 წელია.

 

 

დისპლაზია – dysplasia – дисплазия

დისპლაზია ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევაა. ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია. ის ჩვენში სამხარეო პათოლოგიად მიიჩნევა - საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში იყო აღრიცხული.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ემბრიონის განვითარების მე-4-5 კვირას იწყება, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევა შეიძლება მოხდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი გენეტიკური დეფექტია. თუ ბავშვის დედას ან მის რომელიმე ნათესავს ჩვილ ასაკში ან ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ასეთი გადახრის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა დიდია. განსაზღვრულ როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები და ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული დარღვევები.
ორთოპედიაში დისპლაზიური სინდრომის ცნება გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან შერწყმული სახსრების ჰიპერმობილურობის (ჭარბი მოძრაობის) სახით. დისპლაზია დამოუკიდებელი დიაგნოზი არ არის. ის მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.

დისპლაზიის ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ბარძაყის თავის ამოვარდნილობა. განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილების ურთიერთდამოკიდებულების დარღვევის სამ ძირითად ფორმას: ბარძაყის წინარეამოვარდნილობას, ბარძაყის ქვეამოვარდნილობას და ბარძაყის ამოვარდნილობას. განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს დისპლაზიური, მოუმწიფებელი მენჯ-ბარძაყის სახსარი (ხშირად ბარძაყის თავი ცდომის გარეშეა და საგანგებო მკურნალობას არ მოითხოვს).
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობაა. ის უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და გოგონებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ვაჟებში. ხშირია ჯდომით წინმდებარეობით დაბადებულ და მცირეწონიან (2500 გ-ზე ნაკლები წონის) ახალშობილებში. ჯდომით წინმდებარეობისას სახსრებში, განსაკუთრებით - მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოძრაობის მოცულობა მცირდება, რაც სახსრის განუვითარებლობის წინაპირობას წარმოადგენს, მცირე მასა კი, როგორც წესი, შერწყმულია კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან, რაც სახსრის არასწორი განვითარების ალბათობას ზრდის. გარდა ამისა, ბარძაყის ამოვარდნილობის რისკფაქტორია საშვილოსნოს გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოში შეხორცებითი პროცესები და სხვა, რამაც მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის მოძრაობის შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს).

დაავადების ნიშნები. ბარძაყის თავის ამოვარდნილობა შეიძლება დაკვირვებულმა დედამაც შეამჩნიოს. მისი ნიშნები ასეთია:

  • ბავშვს ცალი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს;
  • ბარძაყზე დამატებითი ნაოჭი ჩნდება;
  • დუნდულა კუნთისა და საზარდულის ნაოჭები ასიმეტრიულია
  • მენჯ-ბარძაყის განზიდვისას ბარძაყების მდებარეობა ასიმეტრიულია
  • განზიდვისას ისმის ტკაცუნი ხან მენჯ-ბარძაყის, ხან მუხლის სახსრებში.

ეს არის თანდაყოლილი ამოვარდნილობის უტყუარი ნიშნები, რომელთა აღმოჩენისთანავე დედამ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მიუყვანოს ორთოპედს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების გამო ბავშვი შესაძლოა დაკოჭლდეს.

დიაგნოსტიკა. ბავშვი ორთოპედმა უნდა გასინჯოს და საეჭვო შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექსკოპიურ კვლევაზე გაგზავნოს. ეს კვლევის უვნებელი მეთოდია, რომელიც 6 თვემდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ამის შემდეგ რენტგენული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკისთვის ნაჩვენებია ფართო შეხვევა: ბავშვს ფეხებს შორის უნდა ამოვუფინოთ დიდი ზომის საფენი, რაც უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის სახსრის განზიდვას და ბარძაყის თავის სწორ მდებარეობას ტაბუხის ფოსოში. სახსრების სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური მოცულობა (რაც ჩვილის მჭიდროდ შეხვევისას გამორიცხულია), მოსვენებისას კი ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნება.

მკურნალობა. თუ ორთოპედი ამოვარდნილობის დიაგნოზს დაადასტურებს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. იყენებენ ფართო შეხვევას, გამბჯენებს (სპეციალური არტაშნით), პავლიკის თასმას, თაბაშირის ნახვევს, რაც ქმნის პირობებს სახსრის ყველა ელემენტის (ბარძაყის თავის, ტაბუხის ფოსოს) განვითარებისთვის. გამბჯენების ტარების ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე თვიდან 1 წლამდე მერყეობს. მთავარია, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყდეს. ასევე ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, თუმცა ისინი მკურნალობის მხოლოდ დამხმარე მეთოდებია.
რაც უფრო ადრე დაიწყება კონსერვატიული მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციას, რომლის მიზანიც ბარძაყის ძვლის თავის გასწორება და მენჯ-ბარძაყის სახსრის ელემენტების ანატომიური ურთიერთმდებარეობის აღდგენაა. ქირურგიული ჩარევის მოცულობა ინდივიდუალურია (ზოგჯერ რამდენიმე ოპერაცია ხდება საჭირო). ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ხანგრძლივი ფიქსაცია, შემდეგ - აღდგენითი მკურნალობა სახსრის ადეკვატური ფიზიკური დატვირთვით, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ფიზიოთერაპია.
თუ ბარძაყის თავის ამოვარდნილობას არ ვუმკურნალეთ ან მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, 20 წლისთვის ან მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელია სახსრის ტკივილი და კოჭლობა, მოგვიანებით კი შესაძლოა კოქსართროზი განვითარდეს. ეს მეტად მძიმე დაავადებაა, თან სდევს ძლიერი ტკივილი, კოჭლობა, სახსრის მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა, რაც საბოლოო ჯამში ინვალიდობას იწვევს. მისი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური სახსრის ჩადგმით, თანაც რაც უფრო გვიან გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული განკურნების შანსი.

ვარჯიშები. მასაჟიც და ვარჯიშიც მაგარ, ბრტყელ ზედაპირზე უნდა შესრულდეს. ყველაზე მოხერხებული ზეწარგადაფარებული მაგიდაა. მასაჟი კეთდება დღეში ერთხელ, მაშინ, როცა ბავშვი კარგ გუნებაზეა. კურსი 10-15 სეანსს მოიცავს, შემდეგ კეთდება 3-თვიანი შესვენება და კურსი მეორდება. მასაჟი ბავშვისთვის დატვირთვაა, ამიტომ შესვენება აუცილებელია. სამკურნალო კომპლექსი ტარდება დღეში 2-3-ჯერ, თითოეული ვარჯიში მეორდება 10-15-ჯერ.

  • ველოსიპედი:  ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და მოახდინეთ პედლების ტრიალის იმიტაცია.
  • ფეხების გაშლა-მოხრა: ერთი ფეხი მოხრილია მუხლში, მეორე - გაშლილი და ასე რიგრიგობით.
  • მოახრევინეთ ბავშვს ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში, გააკეთეთ ბრუნვითი მოძრაობები - ცალი ხელით მენჯ-ბარძაყის სახსარი შეაკავეთ, მეორე ხელი მუხლში მოჰკიდეთ და მსუბუქი მიწოლით აბრუნეთ ბარძაყი გარედან შიგნით.
  • ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და ფრთხილად განუზიდეთ. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, რათა პატარას ტკივილი არ მიაყენოთ.

საუკეთესო ვარჯიშია იატაკზე ხოხვა 8 თვის ასაკიდან.

 

 

დისბაქტერიოზი ბავშვთა – disbacteriosis of children – дисбактериоз детский

ბავშვი სტერილური ნაწლავებით იბადება. ბაქტერიებით მათი დასახლება მშობიარობის პროცესშივე იწყება - საშოში ბინადრობენ ლაქტობაქტერიები, რომლებიც სამშობიარო გზების გავლისას ნაყოფის ნაწლავებში ხვდებიან. ნაწლავის დასახლება აქტიურად გრძელდება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში, თავდაპირველად - ხსენით, შემდეგ კი დედის რძით კვებისას. სწორედ დედის რძე აძლევს ახალშობილს ყველაფერს, რაც ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო: სასარგებლო ბაქტერიებს, ანტისხეულებს, საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ჰორმონებსა და მიკროელემენტებს.
ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბების პერიოდში ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს არაფორმირებული განავალი და აწუხებდეს მუცლის შებერვა. ამ მდგომარეობას ნაწლავური დისბიოცინოზი ეწოდება და ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ადაპტაციური რეაქციაა საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებაზე. 10-14 დღის ბავშვის ნაწლავური მიკროფლორა მეტ-ნაკლებად მუდმივია (ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, რძემჟავა ბაქტერიები, ენტეროკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა), მაგრამ ზოგიერთი ფაქტორის გავლენით ეს წონასწორობა შეიძლება დაირღვეს.

ჩვილთა დისბაქტერიოზის მიზეზებია: გართულებული მშობიარობა; ბაქტერიული ვაგინიტი (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება) და მასტიტი; ძუძუს დაგვიანებით მიცემა; რეანიმაციული ჩარევა; ნაწლავის ფიზიოლ¬ოგიური ჩამოყალიბების შეფერხება, ახალშობილის ორგანიზმში პატარ-პატარა ჩირქოვანი კერების არსებობა და ა.შ.; ძუძუს წოვის პერიოდში არახელსაყრელი პრემორბიდული ფონი; ხელოვნურ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა; დისპეფსიური დარღვევები; მწვავე რესპირაციული ინფექციით ხშირი ავადობა სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში; დიათეზი,  რაქიტი,  ანემია, ჰიპოტროფია; ცვლილებები ბავშვის ფსიქ¬ონევროლოგიურ სისტემაში; ინფექციური და სომატური პათოლოგიები.

სკოლის ასაკის ბავშვებში დისბაქტერიოზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს: არარაციონალური კვება, დახურულ შენობაში (ბაღი, სკოლა) დიდხანს ყოფნა; ქრონიკული დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციით ხშირი ავადობა; ალერგიული რეაქციები; ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია; ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა; ენდოკრინოპათიები.
დისბაქტერიოზის განვითარებაზე ნებისმიერ ასაკში მოქმედებს ანტიბიოტიკების (განსაკუთრებით ფართო სპექტრის) არარაციონალური გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები დისბაქტერიოზით უფრო ხშირად ავადდებიან. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები დედის რძის მეშვეობით იღებენ ბიფიდოგენურ ფაქტორებს, რომლებიც ნაწლავებში ბიფიდობაქტერიების გამრავლებას განაპირობებს, ეს კი ხელს უწყობს ნაწლავთა ნორმალურ ფუნქციონირებას და საჭმლის მონელებას. ხელოვნური კვების დროს ეს ვერ ხერხდება. ამიტომ არის, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს ხშირად უნიშნავენ ფერმენტებს. ჩვილისთვის ფერმენტების მიცემა ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია, რადგან მათი დანიშვნა ყოველთვის არ არის საჭირო - გააჩნია, რით იკვებება ბავშვი, თანაც ფერმენტები ვითარების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
ბუნებრივი და ხელოვნური კვების გამო ნაწლავური ფლორის შემადგენლობაში არსებული განსხვავება 6-7 თვისთვის ქრება და ნაწლავთა ფლორა მიღებული საკვების შესაბამისად იცვლება.

სიმპტომები. განასხვავებენ პირველად და მეორეულ დისბაქტერიოზს. პირველადი დისბაქტერიოზი შეიძლება იყოს რექაცია სხვადასხვა ცვლილებაზე, რომელიც ასე ხშირად გვხვდება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში (კბილის ამოსვლა, ვირუსული ინფექციები, ახალი საკვების მიცემა).
მეორეული დისბაქტერიოზი რომელიმე დაავადების ფონზე ვითარდება და, როგორც წესი, ამძიმებს მას. ასეთ შემთხვევაში დისბაქტერიოზი ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ გაივლის.
დისბაქტერიოზის დროს ბავშვი მოუსვენრობს ნაწლავთა შეტევითი სპაზმის გამო, რომელიც კვებიდან 1,5-2 საათის შემდეგ აღმოცენდება, ერღვევა ძილი. დისბაქტერიოზს პრაქტიკულად ყოველთვის სდევს თან მუცლის შებერვა და ნაწლავებში საკვების გადაადგილების დარღვევა, რაც ბოყინითა და ღებინებით ვლინდება. ზოგ ბავშვს აღენიშნება ხშირი დეფეკაცია, ზოგი ყოველი კვების შემდეგ გადის კუჭში, ზოგს კი, პირიქით, შეკრულობა ეწყება და კუჭის ამოქმედება მხოლოდ ოყნით თუ ხერხდება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ვითარდება მალაბსორბციის სინდრომი (წვრილ ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა) და აღინიშნება წონის კლება.
განასხვავებენ დისბაქტერიოზის 4 ხარისხს.
I ხარისხის ანუ კომპენსირებული დისბაქტერიოზის დროს ბავშვს შესაძლოა დაავადების არავითარი სიმპტომი არ გამოაჩნდეს და მიკროფლორის დარღვევა სრულიად შემთხვევით, სულ სხვა მიზნით გაკეთებული განავლის ანალიზით იქნეს აღმოჩენილი.
II ხარისხის დისბაქტერიოზის დროს განავალი თხევადია, მომწვანო, მოსალოდნელია შეკრულობა ან გულისრევის შეგრძნება.
III ხარისხის დისბაქტერიოზის დროს ბავშვს მადა დაქვეითებული აქვს, განავალი - თხევადი, მეტწილად - მწვანე ფერის, ზოგადი მდგომარეობა - გაუარესებული.
IV ხარისხის დისბაქტერიოზისთვის დამახასიათებელია სხეულის მასის დეფიციტი, კანის სიფითრე, მადის დაქვეითება, ხშირი თხევადი, მომწვანო, ლორწოვანი განავალი მკვეთრი მჟავე სუნით. ბავშვს შებერილი აქვს მუცელი და წონაში იკლებს.
ნაწლავებში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ორგანიზმში შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი, მაგალითად, გახანგრძლივებული ალერგიული რეაქცია არაალერგიული პროდუქტების მიმართაც კი, ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის, ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია. ასევე, მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების: გასტრიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, ნეიროდერმიტის, ბრონქული ასთმის,  ჰიპოვიტამინოზის (განსაკუთრებით - B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის) განვითარება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზს განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. განავალი გამოკვლეულ უნდა იქნეს დეფეკაციიდან არა უგვიანეს 2 საათისა. მკურნალობა ინდივიდუალურია.

პროფილაქტიკა. მოზრდილ ბავშვებს კომპენსირებული დისბაქტერიოზის მკურნალობა არ სჭირდებათ, ჩვილებისთვის კი მკურნალობა ნებისმიერი ხარისხის დისბაქტერიოზის შემთხვევაში აუცილებელია, ვინაიდან ამ ასაკში ლაბილური იმუნური სისტემის გამო კომპენსირებადი ფორმა აუცილებლად გადაიზრდება დეკომპენსირებულში. იმუნიტეტის მცირედი დაქვეითებაც კი (რაც შეიძლება გამოიწვიოს კბილის ამოსვლამ, აცრამ, ხელოვნურ კვებაზე გადაყვანამ და ა.შ.) მას არაკომპენსირებად ფაზაში გადაიყვანს.
დისბაქტერიოზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. უმჯობესია, მისი პროფილაქტიკა დაბადებისთანავე დავიწყოთ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეძლებისდაგვარად უარი უნდა ვთქვათ წამლების, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკების, მიღებაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს დედის სწორ კვებას. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით. რეკომენდებულია წვენები და ცოცხალი ხილი. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ძნელად მოსანელებელი (ცხოველური ცხიმი, ტორტი, შებოლილი ხორცი, ძეხვი, სოსისი), ძლიერ ალერგენული (თევზი, შოკოლადი, კაკაო) სურსათი. დაორსულებამდე უნდა ვუმკურნალოთ ინფექციის ყველა კერას (კბილის, ცხვირ-ხახის, შარდ-სასქესო და კუჭ-ნაწლავის ინფექციებს). ორსულმა ბევრი უნდა ისეირნოს, მაგრამ არ უნდა გადაიღალოს.
ზოგადად, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს: ბავშვისთვის ძუძუს მიცემას დაბადებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში; ორსულისა და მეძუძური ქალის რაციონალურ, ბალანსირებულ კვებას, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკების გამოყენებისას (ვიტამინებისა და რძემჟავა პროდუქტების ჩართვით); იმ პირთა სანაციას, ვინც უვლის ახალშობილს; კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ფუნქციონალური და ანთებითი პროცესების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას; ბავშვის ზრდა-განვითარებაზე (მადა, წონისა და სიმაღლის მატება) დაკვირვებას; როგორც ხელოვნურ, ისე ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების რაციონში ახალი საკვების თანდათან ჩართვას; ხელოვნური კვების დროს ერთი სახის საკვებიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლას.
დისბაქტერიოზის მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის დიეტას. იგი ბავშვის ასაკს უნდა ეთანადებოდეს. რაციონში უნდა შედიოდეს რძემჟავა ნარევები და რძემჟავა პროდუქტები. კარგია გვირილისა და პიტნის ნახარშები, განზავებული ბროწეულის წვენი. ჩვილებს დისბაქტერიოზის დროს კი არ უნდა შევუწყვიტოთ ძუძუთი კვება, არამედ რაც შეიძლება დიდხანს გავუგრძელოთ.
მედიკამენტებიდან დისბაქტერიოზის დროს ინიშნება ვიტამინები და ფერმენტები. ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმების დეფიციტის შესავსებად გამოიყენება პრობიოტიკები - პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ამ მიკროორგანიზმებს და პრებიოტიკები - არამიკრობული შემადგენლობის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის განვითარებას. რაც მთავარია, აუცილებელია იმ დაავადების მკურნალობა, რომლის ფონზეც განვითარდა დისბაქტერიოზი.

 

 

დისბაქტერიოზი – Dysbacteriosis – дисбактериоз

ადამიანის ორგანიზმში 500-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს. მათ რამდენიმე ჯგუფად: ობლიგატურ (აუცილებელ), ფაკულტატურ (პირობითად პათოლოგიურ) და ტრანზიტორულ (შემთხვევით) მიკროორგანიზმებად - ყოფენ. ნაწლავთა ფლორის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და ადამიანის ორგანიზმს იცავენ. პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფენ ნაწლავის სტაბილურ მიკრობულ შემადგენლობას. სასარგებლო ბაქტერიები გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, ხელს უწყობენ ზოგიერთი აუცილებელი ნივთიერების (D ვიტამინის, რკინის, კალციუმის) შეწოვას, B ჯგუფის, C, K ვიტამინების, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავას სინთეზს, ანტიბიოტიკური ნივთიერებების გამომუშავებით თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას და ასტიმულირებენ იმუნიტეტს. როგორც კი სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა შემცირდება, პათოლოგიური ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ, ტოქსინებს გამოიმუშავებენ და ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ. ერთი სიტყვით, ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ორგანიზმის მიკრობული წონასწორობის რღვევა.

მიზეზები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (პირის ღრუდან დაწყებული, მსხვილი ნაწლავის ჩათვლით) მიკროფლორაზე გავლენას ახდენს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები. შინაგანი ფაქტორებია ლორწოვანი გარსიდან გამოყოფილი წვენი და კუჭ-ნაწლავის სანათურში არსებულ მიკრობთა ურთიერთობა, გარეგანი - კვება, ანტიბაქტერიული პრეპარატების ჭარბად მიღება, გარემოს ზემოქმედება და სხვა.
დიზბაქტერიოზი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კუჭში, მხოლოდ წვრილ ნაწლავში ან მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, თუმცა უფრო ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთდროული დისბიოზი.
დისბაქტერიოზი შეიძლება გამოიწვიოს წვრილი ნაწლავის ფისტულამ, სეკრეტორულმა უკმარისობამ, კუჭისა და წვრილი ნაწლავების ოპერაციამ, სხვადასხვა ინფექციამ, სიმსივნურმა პროცესებმა, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისა და საფაღარათო პრეპარატების ხანგრძლივმა მიღებამ და სხვა. მსხვილი ნაწლავის დისბაქტერიოზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუასილი, ანალური ნაპრალი, დივერტიკული,  პოლიპი,  სიმსივნე,  ეროზიები, კრონის დაავადება.

სიმპტომები. ავადმყოფის ჩივილები იმაზეა დამოკიდებული, რომელი დაავადების ფონზე განვითარდა დისბაქტერიოზი. ზოგადად, დამახასიათებელია ტკივილები, უმეტესად - მუცლის მარცხენა ქვედა და გვერდით მიდამოში (მსხვილი ნაწლავის საპროექციო არეში), იშვიათად - ჭიპის ირგვლივ, ასევე - მუცლის შებერვა, დისკომფორტი და ტკივილის გაძლიერება საკვების, განსაკუთრებით - ცხიმიანი კერძის, რძის, ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ. ბევრს აწუხებს ტენეზმი (ცრუ ჭინთვა), მუცლის ყურყური, ძლიერი შებერილობა. პერიოდულად აღინიშნება ფაღარათი ფაფისებრი განავლით. ზოგჯერ დეფეკაციის მოთხოვნილება საკვების მიღებისთანავე წარმოიშობა. ხშირია ნაწლავთა არასრული დაცლის შეგრძნება თხელი და გაფორმებული განავლის მონაცვლეობით ანდა დღეში რამდენიმეჯერ ლორწოს გამოყოფით. ხშირად ვითარდება დისპეფსიური სინდრომიც: გულისრევის შეგრძნება, უმადობა, მეტალის გემო პირში. ამ ყველაფერს თან ახლავს სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, ცუდი ძილი, სისუსტე.

დიაგნოსტიკა. აუცილებელია განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, სწორი ნაწლავის ინსტრუმენტული გამოკვლევა.

მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ნაწლავური ფლორის ნორმალიზებას, ნაწლავთა მოშლილი მოტორიკის აღდგენას და თანმხლები და გამომწვევი დაავადებების მკურნალობას, ასევე - ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას.
მეტად მნიშვნელოვანია დიეტა, განსაკუთრებით - დიარეისას. ამ დროს რაციონიდან გამოირიცხება შავი პური, რძე, ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, ცხიმი, სანელებლები. მუცლის შებერვისას დროებით იზღუდება პარკოსანი მცენარეები, კომბოსტო, შაქრიანი საკვები და ყველა სხვა პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური აირების წარმოქმნას. რეკომენდებულია დიეტა #4, #4ბ.

 

 

დიზენტერია – Dysenteria – дизентерия

დიზენტერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მსხვილი ნაწლავის დაზიანება და ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია ახასიათებს. მისი გამომწვევია შიგელას ჯგუფის ბაქტერია, რის გამოც დაავადებას ხშირად შიგელოზსაც უწოდებენ. ინფექციის წყაროა დიზენტერიით დაავადებული და ბაქტერიამატარებელი. ინფექცია ფეკალურ-ორალური (დაბინძურებული საკვების, წყლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობი) ვრცელდება. დიზენტერიას ჭუჭყიანი ხელების დაავადებასაც უწოდებენ, რადგან დასნებოვნების ალბათობა დიდია პირადი და კვების ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში.

მიმდინარეობა და სიმპტომები. დიზენტერიის საინკუბაციო პერიოდი 1-7 დღეა. მას კლინიკურ გამოვლინებათა მრავალფეროვნება ახასიათებს. მკაფიოდ გამოხატულ ფორმებთან ერთად გვხვდება წაშლილი და უსიმპტომო ფორმებიც. არსებობს ასევე დაავადების სუბკლინიკური ფორმა - ბაქტერიამატარებლობა.
მწვავე დიზენტერია ხშირად იწყება შემცივნებით, ძვლებში ტეხის შეგრძნებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, ტემპერატურის მატებით, მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილით, ზოგჯერ - გულისრევითა და ღებინებით. თავდაპირველად განავალი თხიერია, რამდენიმე საათის შემდეგ მასში ჩნდება ლორწო, შემდეგ - სისხლი, მოგვიანებით კი - ჩირქი. დეფეკაცია ხშირია - დღე-ღამეში 10-50-მდე აღწევს. ზოგჯერ ავადმყოფს ყოველ 5 წუთში აქვს დეფეკაცია. მუცლის ტკივილის პარალელურად აღინიშნება ნაწლავთა არასრული დაცლის შეგრძნება და სწორი ნაწლავის კუნთების სპაზმური შეკუმშვა ჭინთვებისა და ტენეზმების სახით. ძლიერმა ჭინთვამ შესაძლოა სწორი ნაწლავის გამოვარდნა გამოიწვიოს.
ავადმყოფს აქვს შეწუხებული იერი, კანი შრება. ვითარდება გულის კუნთის დისტროფიული ცვლილებები. არტერიული წნევა ქვეითდება. ენა შელესილი ან მშრალია და მოყავისფრო ნადებით არის დაფარული. ნერწყვის გამოყოფა დაქვეითებულია, რის გამოც ხშირია პირის სიმშრალე. ავადმყოფს მუცელი ჩავარდნილი აქვს, შეხებისას - მტკივნეული, ცხელება 2-5 დღეს გრძელდება და 37-40 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, თუმცა შესაძლოა, დაავადება ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობდეს.
ქრონიკული დიზენტერია რეციდიულიც შეიძლება იყოს და გახანგრძლივებულიც. ქრონიკული რეციდიული დიზენტერია დიდხანს, წლობით მიმდინარეობს. დაავადების რეციდივი ჰგავს მწვავე დიზენტერიას, მაგრამ ინტოქსიკაციის მოვლენები ან სრულებით არ აღინიშნება, ან სუსტია.
ჩვეულებრივ, რეციდივს თან სდევს მუცლის მოვლითი ტკივილი, ჭინთვა, ტემპერატურა ხშირად ნორმაშია, დეფეკაციის სიხშირე დღეში 2-10-ს აღწევს. განავალი ფაფისებურია, სისხლიან-ლორწოვანი, ზოგჯერ - ჩირქოვანიც. ავადმყოფს ენა შელესილი აქვს, მუცელი - შებერილი, შეხებისას - მტკივნეული.
რეციდივებს შორის არსებულ ნათელ პერიოდში მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მუცლის ყრუ ტკივილი, შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა მაინც აღინიშნება.
ქრონიკული გახანგრძლივებული დიზენტერია თანდათან ყალიბდება. ავადმყოფს მუდმივად აწუხებს მუცლის ტკივილი და ფაღარათი (5-8-ჯერ დღეში). განავალი ლორწოვან-ჩირქოვანია. პროცესში ჩართულია როგორც წვრილი, ისე მსხვილი ნაწლავები, ავადმყოფი პროგრესულად კარგავს წონას, ნივთიერებათა ცვლა, კუჭის, ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქცია მოშლილია, ვითარდება ანემია, ვიტამინებისა და ცილების დეფიციტი, დისბაქტერიოზი. ასეთი ფორმები იშვიათია და მეტწილად გვხვდება მოხუცებში, რომელთაც მძიმე თანდართული დაავადებები აქვთ.
ბაქტერიამატარებლები (ე.წ. ჯანმრთელი მატარებლები), რომელთაც დიზენტერიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, სინამდვილეში ავადმყოფები არიან. მათ სწორი ნაწლავის ლორწოვანზე უვლინდებათ დიზენტერიისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.

გართულებანი. დიზენტერიის გართულებებიდან ყველაზე ხშირია ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, ინფექციურ-ტოქსიკური ენცეფალოპათია, ნაწლავის პერფორაცია, პერიტონიტი, პნევმონია.
ინფექციურ-ტოქსიკური შოკის პირველი კლინიკური ნიშანია ჰიპერთერმიისა და ჰიპოთერმიის მონაცვლეობა. ავადმყოფი გაფითრებულია, კანი მარმარილოსებრი უხდება. შოკის გაღრმავებასთან ერთად ძლიერდება საერთო სისუსტე. დამახასიათებელია ტაქიკარდია, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, შარდის შემცირება.
ინფექციურ-ტოქსიკური ენცეფალოპათია, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი ინტოქსიკაციის კლინიკური სურათით მიმდინარეობს. ამასთანავე, გამოხატულია თავის ძლიერი ტკივილი, ძილის დარღვევა. ავადმყოფი აგზნებულია, გონება ებინდება, უვლინდება მენინგიალური ნიშნები.

დიაგნოსტიკა. დიზენტერიის დიაგნოზი ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევის მონაცემებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განავლის ბაქტერიოლოგიურ კვლევას.

მკურნალობა. გართულებათა თავიდან აცილების მიზნით დიზენტერიით დაავადებულთა მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, ამიტომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების არსებობისას (განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოხუცებში) დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დიზენტერის მკურნალობა კომპლექსური და ინდივიდუალური უნდა იყოს. კომპლექსურ მკურნალობაში შედის დიეტა, ეტიოტროპული და პათოგენეზური მკურნალობა, იმუნოთერაპია.
ავადმყოფს დიეტას უნიშნავენ დაავადების პერიოდისა და ნაწლავის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით. თავდაპირველად საჭიროა დიეტა, რომელიც კუჭ-ნაწლავს მექანიკური და ქიმიური გაღიზიანებისგან იცავს, კლინიკური განკურნების შემდეგ კი ავადმყოფს ეკრძალება ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს (ცხარე, მჟავე, შებოლილი სურსათი, კონსერვები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა).
ეტიოტროპული საშუალებებიდან ინიშნება ისეთი პრეპარატები, რომლებიც ანადგურებს დიზენტერიის გამომწვევ ბაქტერიებს (ანტიბიოტიკები, ნიტროფურანის ჯგუფის პრეპარატები, სულფანილამიდები და ა.შ.).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის აღსადგენად ინიშნება ფერმენტული პრეპარატები, B ჯგუფის, C ვიტამინები. ზოგჯერ საჭიროა სპაზმოლიზური და გაძლიერებული პერისტალტიკის შემანელებელი საშუალებების დანიშვნა.
პათოგენეზური მკურნალობიდან წამყვანია დეზინტოქსიკაციური თერაპია. ამ მიზნით ხდება იზოტონური მარილოვანი ხსნარების გადასხმა.
ქრონიკული დიზენტერიის მკურნალობა უფრო რთულია. იგი მკაცრად ინდივიდუალური უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პათოგენეზურ მკურნალობას და იმუნიტეტის ამაღლებას. ყოველ კერძო შემთხვევაში მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს ავადმყოფის ძირითად ჩივილს, გამოკვლევის შედეგებს და ითვალისწინებდეს ადრე მიღებულ პრეპარატებს. იმავდროულად აუცილებელია თანმხვედრი დაავადებების მკურნალობა.
დიზენტერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ზედმიწევნით დაცვაა.

 

 

დიარეა – diarrhoea – диарея

დიარეა (ფაღარათი) გულისხმობს ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას - დღე-ღამეში 2-3-ზე მეტ დეფეკაციას თხიერი ან ფაფისმაგვარი განავლით. ფაღარათის დროს განავლოვანი მასის მოცულობა დღე-ღამეში აღემატება 200 მლ-ს და მასში წყლის შემცველობა 85-95%-მდე იზრდება. თუFფაღარათი 2-3 კვირას გაგრძელდა, ლაპარაკობენ მწვავე ფაღარათის სინდრომზე, ხოლო თუ კიდევ უფრო გახანგრძლივდა - ქრონიკულ ფაღარათზე.
დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს, მიკროორგანიზმთაგან ყველაზე ხშირად - ბაქტერია Eსცჰერიცჰია ცოლი და სალმონელა, რომლებიც დაბინძურებულ საკვებსა და წყალში ბინადრობენ. ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დიარეა უფრო ხშირად ემართებათ ტურისტებს, რომლებიც ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობენ, ამიტომ მას მოგზაურთა ფაღარათსაც უწოდებენ.
გარდა ამისა, დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს რომელიმე წამლის (მაგალითად, ანტიბიოტიკის), საფაღარათო საშუალების, ალკოჰოლის, ცხარე საკვებისა და დიდი ოდენობით ხილის მიღება.
ზოგჯერ ფაღარათი სტრესით გამოწვეული ორგანიზმის რეაქციაა. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს სისხლში გადადის დიდი ოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის - საჭმლის მონელებას.
ადამიანს ბაქტერიული ან ვირუსული ბუნების დიარეა შესაძლოა ჰიგიენის დაუცველობის გამო დაემართოს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხელების სისუფთავეს.

სიმპტომები. დიარეის მთავარი ნიშნები ხშირი დეფეკაცია და თხელი განავალია. არცთუ იშვიათად თან სდევს მადის დაქვეითება, მუცელში ჭრის შეგრძნება, მუცლის შებერვა, გულისრევა და ღებინება. ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა (მუდმივი წყურვილის შეგრძნება, კანის სიმშრალე, მუქი შარდი, თავბრუხვევა და დაღლილობა), რაც მეტად საშიშია, განსაკუთრებით - ბავშვებისა და მოხუცებისთვის.
თუ ფაღარათი 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ის შესაძლოა ქრონიკული დაავადების (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, ენტეროპათიების, ქრონიკული პანკტრატიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, დისბაქტერიოზის, კოლორექტალური სიმსივნის ზოგიერთი სახეობის) ბრალი იყოს.

მკურნალობა. დიარეის მკურნალობა მისი მიზეზის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. სხვაგვარად შედეგის მიღება შეუძლებელია. ამის კვალობაზე, აუცილებელია მიზეზის ზუსტად დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა, რასაც ექიმი საჭირო გამოკვლევების საფუძველზე გააკეთებს. არცთუ იშვიათად მწვავე დიარეის დროს საკმარისია ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა ცოტაოდენი მარილიანი და შაქრიანი სითხის ხშირი მიღება. ამავე მიზნით ავადმყოფს ეძლევა რეჰიდრონი. ბაქტერიული დიარეის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, დისბაქტერიოზით გამოწვეული ფაღარათის შემთხვევაში - კოლიბაქტერინი, ლაქტობაქტერინი, ბიფიკოლი, ბიფიდუმბაქტერინი, პარაზიტული ხასიათის დიარეა მოითხოვს ისეთი პრეპარატებით მკურნალობას, რომლებიც პარაზიტულ ინფექციას თრგუნავენ (მაგალითად, მეტრონიდაზოლით).
ანტიბიოტიკებისა და მეტრონიდაზოლის უკონტროლო მიღება დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, ფაღარათი თვითონვე გამოიწვიონ.

 

 

დიათეზი – Diathesis – диатез

სიტყვა "დიათეზი" ბერძნულიდან მომდინარეობს და რამის მიმართ მიდრეკილებას, წინასწარგანწყობას ნიშნავს. დიათეზი არც დაავადებაა და არც დიაგნოზი. ამ ტერმინს მხოლოდ ბავშვის ზოგიერთი დაავადებისადმი მიდრეკილების აღსანიშნავად იყენებენ. დიათეზისგან განკურნება არ შეიძლება, ვინაიდან მიდრეკილება არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი კონტროლირება და კონკრეტული დაავადების (რომლისკენაც მიდრეკილია ორგანიზმი) მკურნალობა. დიათეზი უპირატესად საბჭოთა სკოლის მეცნიერთა მიერ ხმარებული ტერმინია. ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს სიტყვა არ გვხვდება.

მიდრეკილებისა და წინასწარგანწყობის კვალობაზე, დიათეზი სხვადასხვაგვარია. აღწერილია მისი ათამდე ნაირსახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია:

ექსუდაციურ-კატარული ანუ ალერგიული დიათეზი - ალერგიული და ანთებითი დაავადებებისადმი მიდრეკილება;

ლიმფო-ჰიპოპლასტიკური დიათეზი - ინფექციური და ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება, მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ლიმფური კვანძების პათოლოგია;

ნერვულ-ართრიტული დიათეზი - მიდრეკილება სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, არტერიოსკლეროზის, ჰიპერტონიის, სახსრების ანთებისა და მომატებული ნერვული აგზნებადობისკენ;

შარდმჟავა დიათეზი - მიდრეკილება ჭარბი შარდმჟავას წარმოქმნისკენ;

ჰემორაგიული დიათეზი - მიდრეკილება სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისკენ, რაც უმთავრესად განპირობებულია სისხლის ფაქტორების (თრომბოციტების) რიცხვის შემცირებით, კაპილარების კედლის დაზიანებით, განვლადობის მომატებით და სისხლის შედედების ამა თუ იმ ფაქტორის დაქვეითებით ან არარსებობით. ასეთი ცვლილებები უმთავრესად თრომბოციტოპენიური დაავადების, ჰემორაგიული ვასკულიტისა და ჰემოფილიის დროს ხდება.

ექსუდაციური დიათეზი. ექსუდაციური დიათეზი კონსტიტუციური ანომალიაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ორგანიზმის შეცვლილი რეაქციულობა ფიზიოლოგიური გამაღიზიანებლის მიმართ. ახასიათებთ მეტწილად 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს. როგორც წესი, დაბადებიდანვე ვლინდება, პიკს აღწევს 3-6 თვის ასაკში, 1 წლიდან კი თანდათანობით იკლებს, თუმცა სავსებით არ ქრება - ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ალერგიისადმი მიდრეკილი რჩება.
ექსუდაციური დიათეზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკა. მემკვიდრეობით მიღებული ალერგიული განწყობის რეალიზაციას ხელს უწყობს ორსულის მიერ ნახშირწყლების ჭარბი მიღება, ცილების დეფიციტი და ზოგიერთი მედიკამენტით მკურნალობა.
მემკვიდრეობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის სენსიბილიზაციას, რაც ერთფეროვანი ხელოვნური კვების, გამაღიზიანებელი საკვებით გადატვირთვის, ბაქტერიული, მედიკამენტური და სხვა სახის ალერგიის შედეგია.

გამოვლინება და სიმპტომები. ხშირად ექსუდაციური დიათეზის მქონე ბავშვები დიდი წონისანი იბადებიან და ჭარბი წონისკენ მიდრეკილება შემდგომაც ახასიათებთ. აქვთ მოდუნებული კუნთები და ფერმკრთალი კანი. ანთებითი რეაქციები უმთავრესად კანსა და ლორწოვანზე უვითარდებათ. პატარებს თავის თმიან ნაწილსა და წარბებზე სიცოცხლის პირველსავე დღეებში უჩნდებათ მორუხო-მოყვითალო ქერქი, ლოყებზე - შემოფარგლული სიწითლე, კანი მშრალი აქვთ და ადვილად უსკდებათ, შესაძლოა, მცირე ზომის ბუშტუკებიც გაუჩნდეთ. კისერზე, ყურების უკან, იღლიისა და საზარდულის კანის ნაკეცებში აღენიშნებათ სიწითლე და სისველე, ტანსა და კიდურებზე პერიოდულად უჩნდებათ წითელი ლაქოვანი და კვანძოვანი მქავანა გამონაყარი. ქავილი ბავშვს არ ასვენებს, ურღვევს სიმშვიდეს და ძილს. ქავილისას გაჩენილ ნაკაწრებში შეიძლება შეიჭრეს ინფექცია.
შედარებით მოზრდილ ბავშვებს დიათეზის დროს კანზე უჩნდებათ ჭინჭრის ნასუსხისებრი გამონაყარი და აწუხებთ ქავილის შეგრძნება, ენა გეოგრაფიულ რუკასავით აქვთ დაღარული (ე.წ. გეოგრაფიული ენა), ხშირად ემართებათ კონიუნქტივიტი, რინიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი, ასევე - ადენოიდების გადიდება, რის გამოც უჭირთ ცხვირით სუნთქვა და პირღია სძინავთ. პატარებს მადა უქვეითდებათ და საგრძნობლად იკლებენ წონას, მიდრეკილნი არიან შეკრულობისკენ.
ექსუდაციური დიათეზის დროს ბავშვებს უქვეითდებათ იმუნიტეტი, რის გამოც ხშირად ავადდებიან ზემო სასუნთქი გზების ანთებითი და ნაწლავთა პათოლოგიებით.
ასაკთან ერთად კანისმიერი გამოვლინებები ქრება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ისეთი ნიშნები, როგორიც არის აგზნებადობა, შეკრულობა, ხშირი სურდო და ბრონქიტი, ალერგია საკვებზე (კვერცხზე, შოკოლადზე, თაფლზე, ციტრუსებზე, რძეზე და სხვა), მედიკამენტებზე, მცენარეებზე და ა.შ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ექსუდაციური დიათეზის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის გარემოს სისუფთავეს, კვების რეჟიმს, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას, ორგანიზმის გაკაჟებას.
ალერგიული დიათეზის დროს ბავშვმა რაც შეიძლება მეტხანს უნდა წოვოს ძუძუ. ჯერ ერთი, დედის რძის ცილებს არ გააჩნია ალერგიული თვისებები და ბავშვის ფერმენტები მათ ადვილად გადაამუშავებს, მეორე - ქალის რძე დიდი ოდენობით შეიცავს იმუნოგლობულინ A-ს, რომელიც ბავშვის ნაწლავის ლორწოვან გარსს ალერგენების მოლეკულებისგან იცავს, დაბოლოს, ქალის რძე დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ამ პერიოდში დედამ რაციონიდან უნდა ამოიღოს ციტრუსი, ტროპიკული ხილი, მარწყვი, შოკოლადი, ხიზილალა, თევზი, კვერცხი, ჩაი, ყავა, სუნელები, შებოლილი პროდუქტი და სხვა. ასევე არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით ძროხის რძის მიღება. გაცილებით სასარგებლოა მაწონი.
ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე მყოფ ბავშვებს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ ძროხის რძის ცილების შემცველი პროდუქტები. არსებობს სპეციალური საკვები, რომელიც განკუთვნილია ალერგიული ბავშვებისთვის და რომელიც აუცილებლად პედიატრის რეკომენდაციით უნდა შეირჩეს. დიათეზიანმა პატარამ დამატებითი საკვები 5-6 თვეზე ადრე არ უნდა მიიღოს. ამასთანავე, ყოველი ახალი პროდუქტი უნდა მიეცეს მინიმალური ოდენობით, ულუფა თანდათანობით გაიზარდოს და რამდენიმე კვირაში მიაღწიოს ასაკის შესატყვის ნორმას. ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე ბავშვს უნდა შეუწყდეს ამ პროდუქტით კვება (მისი ხელახლა მიცემა მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ არის დასაშვები).
დამატებითი საკვების მიცემა უნდა დაიწყოს თეთრი ან მწვანე ბოსტნეულით ანდა ბავშვთა საკვების ფხვნილის ხსნარზე (და არა რძეზე) მომზადებული წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის ფაფით. ბოსტნეულისა და ფაფის შემდეგ ბავშვს ეძლევა ხილი, შემდეგ - ხორცი. დამტკიცებულია, რომ ალერგიულ დიათეზს ამძიმებს ნახშირწყლების ჭარბი მოხმარება, ამიტომ რეკომენდებულია შაქრის ფრუქტოზათი შეცვლა.
ბავშვს შესაძლოა რეაქცია ჰქონდეს არა უშუალოდ პროდუქტზე, არამედ იმ სასუქზე, რომლით გამდიდრებულ ნიადაგზეც მოიწიეს ეს ნაყოფი. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდი ზომის ხილს ბევრი სასუქი და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება სჭირდება.
ალერგიული რეაქციების ყველაზე ხშირად გამომწვევი პროდუქტები (ასაკის მიხედვით):
ერთ წლამდე - ძროხის რძე (მისი ცილა და ლაქტოზა), ნარინჯისფერი და წითელი ნაყოფი (მისი წვენი და პიურე). დიათეზის ნიშნებია ხშირი და თხელი განავალი ქაფით ან მომწვანო ელფერით, მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ლოყების სიწითლე.
1-დან 3 წლამდე - ციტრუსები, მოწითალო ფერის ხილი და კენკრა (მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, ატამი და სხვა), მარცვლოვანი კულტურები. დიათეზის ნიშნებია კუჭის მოქმედების დარღვევა, ყელში ქავილის შეგრძნება, მგუდავი ხველა, კანის ქავილი, გამონაყარი.
3 წლის შემდეგ - შოკოლადი, კაკაო, არაქისი, თევზი, მარინადი და სუნელები. დიათეზის ნიშნებია კანზე გამონაყარი და ქავილი.

 

 

დიაბეტი შაქრიანი – Diabetes mellitus – диабет сахарный

შაქრიანი დიაბეტი დისჰორმონული, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ ითვისებს შაქარს, რის გამოც სისხლში მისი დონე იზრდება - ვითარდება ჰიპერგლიკემია. ამის მიზეზია ინსულინის სეკრეციის ან მისი მოქმედების დეფექტი, ზოგჯერ - ორივე ერთად.
ინსულინი პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროს - გლუკოზის უჯრედში შეღწევას. ინსულინის ნაკლებობისას გლუკოზა უჯრედში ვერ აღწევს და სისხლში რჩება, რის გამოც უჯრედები შიმშილობენ. საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს, ორგანიზმში მეტი ინსულინი გამომუშავდება და უჯრედები სისხლიდან მეტ გლუკოზას შთანთქავენ. შედეგად უჯრედები საჭირო ენერგიას იღებენ, სისხლში კი შაქრის დონე ქვეითდება. ასეა ნორმაში. ინსულინის დეფიციტის შემთხვევაში კი საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს. მატების ხარისხი ორგანიზმში მოხვედრილი ნახშირწყლების ოდენობაზეა დამოკიდებული.
შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის უკმარისობა შეიძლება იყოს:

  • აბსოლუტური - კუჭუკანა ჯირკვალი არ ან თითქმის არ გამოიმუშავებს ინსულინს;
  • შედარებითი - კუჭუკანა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ კმარა გლუკოზის ნორმალური შეთვისებისთვის.

ამის კვალობაზე, განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ფორმას: ტიპ I-ს და ტიპ II-ს.
შაქრიანი დიაბეტი,  ტიპი I. მას იუვენილურ შაქრიან დიაბეტსაც უწოდებენ. ამ დროს დაზიანებულია ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები და ისინი ინსულინს ან სრულებით ვერ გამოიმუშავებენ, ან გამოიმუშავებენ ძალიან ცოტას. პანკრეასის უჯრედების დაზიანების მიზეზი უცნობია, თუმცა განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა.
შაქრიანი დიაბეტის I ტიპი დიაბეტიან პაციენტთა 10-15%-ში გვხვდება. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა მეტწილად ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს უვლინდებათ სხეულის ნორმალური მასის ფონზე. 30 წლის შემდეგ ის უფრო იშვიათად ვითარდება.
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი II. მას მოზრდილთა დიაბეტსაც უწოდებენ. იგი ვითარდება მოწიფულ ასაკში (40 წლის შემდეგ), ამასთანავე - სხეულის ჭარბი მასის, ზოგჯერ - ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის გამომუშავება არასწორად ხდება. კერძოდ, ორგანიზმი შენელებულად ან არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის ოდენობის მომატებაზე და გამომუშავებული ინსულინი არ კმარა მთელი გლუკოზის ასათვისებლად. არსებობს ტიპი II შაქრიანი დიაბეტის განვითარების მეორე მექანიზმიც: ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ გამომუშავებული ინსულინის მთლიანად გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას ინსულინორეზისტენტობა ეწოდება. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა.
გარდა ზემოთ აღწერილი ორი ძირითადი ფორმისა, არსებობს შაქრიანი დიაბეტის სპეციფიკური ტიპებიც:

  • სხვა (მეორეული) დიაბეტი - ვლინდება ინსულინის წარმომქმნელი ბეტა-უჯრედების გენეტიკური დეფიციტის შედეგად, ენდოკრინოპათიების, გენეტიკური სინდრომების დროს;
  • გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი - ვლინდება ორსულობისას და ზოგჯერ დაავადებად ყალიბდება, ზოგჯერ კი თვითგანკურნებით სრულდება;
  • გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, რაც შუალედური მდგომარეობაა ნორმასა და შაქრიან დიაბეტს შორის. ამ დროს უზმოზე სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონე არ აღემატება ნორმას (ნაკლებია 6,1 მმოლ/ლ-ზე), მაგრამ გლუკოზით დატვირთვიდან (კვებიდან) 2 საათის შემდეგ 7,8-11,1 მმოლ/ლ-ის ფარგლებშია. ეს მდგომარეობა განიხილება როგორც პრედიაბეტი - დიაბეტისწინარე მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში მოსალოდნელია შაქრიანი დიაბეტის განვითარება.

შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორებია:

  • დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
  • სხეულის ჭარბი წონა;
  • რასობრივი კუთვნილება (ინდიელები, ესპანური და აფრიკოამერიკული წარმოშობის პირები);
  • 45 წელზე მეტი ასაკი;
  • წარსულში დიაგნოსტირებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია ან ჰიპერლიპიდემია (სისხლში ქოლეტერინის ჭარბი შემცველობა);
  • გესტაციური დიაბეტი;
  • 4,5 კგ ან ამაზე მეტი წონის ბავშვის გაჩენა.

კლინიკური ნიშნები. II ტიპის შაქრიან დიაბეტს ხშირად არავითარი სიმპტომი არ ავლენს. შესაძლოა, დაავადება წლობით ისე მიმდინარეობდეს, რომ ავადმყოფმა ვერაფერი იგრძნოს. ამ ტიპის დიაბეტის ფონზე, გლუკოზის მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში, მოსალოდნელია:

  • ძლიერი წყურვილი - პოლიდიფსია;
  • შარდის ოდენობის მატება - პოლიურია;
  • ადვილად დაღლა;
  • ქავილი და კანის მორეციდივე დაავადებები;
  • ჭრილობის შეხორცების გაძნელება;
  • საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები;
  • მადის მომატება - პოლიფაგია;
  • 7 წონის უმიზეზო კლება.

I ტიპის შაქრიანი დიაბეტი იწყება მწვავედ. ახასიათებს გაძლიერებული წყურვილი, მადის მომატება, შარდვის გახშირება, წონის კლება, მხედველობის დაბინდვა და სოკოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილება. ბავშვებს ამ სიმპტომების პარალელურად უვითარდებათ სისუსტე და აპათია.
მცირეწლოვან ბავშვებში დიაგნოზის დასმა რთულია. ამ დროს ზრდასა და წონაში ჩამორჩენა შაქრიანი დიაბეტის ეჭვს ბადებს. დიაბეტს ეჭვობენ მაშინაც, როდესაც ბავშვს, რომელსაც მანამდე ასეთი რამ არ აწუხებდა, ღამით უნებლიე შარდვა დასჩემდება.
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ავადმყოფს აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი.
გართულებები. გართულებები შაქრიანი დიაბეტის მთავარი პრობლემაა. სისხლძარღვთა დაზიანება იწვევს თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, სიბრმავეს, მსხვილი არტერიების ათეროსკლეროზს. შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებებია ნეიროპათია და დიაბეტური ტერფიც. არსებობს შაქრიანი დიაბეტის მწვავე გართულებებიც: ჰიპოგლიკემიური და კეტოაციდოზური კომები. ინსულინოთერაპიის ფონზე შესაძლოა განვითარდეს გარდამავალი კეტოზი და ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა. ჰიპეროსმოლარული კომა II ტიპის შაქრიან დიაბეტს ახასიათებს, თუმცა შედარებით იშვიათია.
შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების თავიდან აცილება ერთადერთი გზით შეიძლება: სისხლში შაქრის დონე ნორმასთან უნდა იყოს მიახლოებული. ამას მედიცინაში ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციას უწოდებენ.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:

  • სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა;
  • სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა;
  • შარდში შაქრის დონის განსაზღვრა;
  • შარდში აცეტონის განსაზღვრა.

მკურნალობა მოიცავს:

  • დიეტოთერაპიას;
  • ფიზიკურ დატვირთვას;
  • ტაბლეტირებული შაქრის დამწევი საშუალებების გამოყენებას;
  • ინსულინოთერაპიას.

ტაბლეტირებული შაქრის დამწევი საშუალებები გამოიყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. ისინი ორ ძირითად ჯგუფს აერთიანებს: სულფანილშარდოვანას წარმოებულებს და ბიგუანიდებს. ამჟამად ძალზე გავრცელებულია სულფანილშარდოვანას წარმოებულები: მანინილი, დიაბეტონი, დიამიკრონი, გლურენორმი, ამარილი. ბიგუანიდების ჯგუფს ეკუთვნის მეტფორმინი (გლუკოფაზი, სიოფორი). ცნობილია ასევე ალფა-გლუკოზიდაზის ინჰიბიტორები (აკარბოზა), თიაზოლიდინდიონები - როზიგლიტაზონი (ავანდია) და პიოგლიტაზონი (აქტოსი). საუკეთესო შედეგისთვის მიღებულია ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობა. როგორი კომბინაცია უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში, ამას ენდოკრინოლოგი ინდივიდუალურად წყვეტს. მიღების წესიც ინდივიდუალურია. ზოგჯერ მხოლოდ სულფანილშარდოვანას პრეპარატს უნიშნავენ, ზოგჯერ - სულფანილშარდოვანასა და ბიგუანიდის, სულფანილშარდოვანასა და აკარაბოზას, როზიგლიტიზონის ან პიოგლიტაზონის კომბინაციას.
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია. II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს დიეტის მთავარი მიზანი წონის ნორმალიზებაა. დიეტა I ტიპის დროსაც საჭიროა, ვინაიდან შეუძლებელია ინსულინის ფიზიოლოგიური სეკრეციის ზუსტი იმიტაცია. საზოგადოდ, I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტა ცხოვრების წესია, რომელიც დაავადების ოპტიმალურ კომპენსაციას უზრუნველყოფს. დიაბეტიანს ეზღუდება ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარი საკვები, ზოგჯერ - ცილებიც.
გასათვალისწინებელია, რომ ყოველგვარი ნახშირწყლის მოხმარება არ იკრძალება. ნახშირწყლები სხვადასხვა სახისაა: მარტივი (გლუკოზა, გალაქტოზა, ფრუქტოზა); შედარებით რთული (საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა); რთული (სახამებელი, გლიკოგენი და ცელულოზა).
მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი სწრაფად იწოვს, ამიტომ მათ სწრაფ შაქრებს უწოდებენ. ასეთ ნახშირწყლებს შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები, ზოგიერთი ხილი (ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, თუთა, ბალი). დიაბეტიანებს სწორედ სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ.
რთულ ნახშირწყლებს ორგანიზმი შედარებით ნელა იწოვს, ამიტომ მათ ნელ შაქრებს უწოდებენ. ამ სახის ნახშირწყლებს შეიცავს ყოველგვარი მარცვლეული და მისი ნაწარმი (პური, მაკარონი, სიმინდი), კარტოფილი, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტების მიღება შეიძლება შეზღუდული ოდენობით.
არსებობს ნახშირწყლები, რომლებსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ასეთია უჯრედისი - მცენარეული ბოჭკო. გარდა ამისა, ხსნადი უჯრედისი არეგულირებს ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს. ასეთ სასარგებლო ნახშირწყლებს შეიცავს ხილი (ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა), ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), დაღერღილი ხორბალი, ბურღულეული, მკვრივი ჯიშის ხორბლის მაკარონი.

სასმელები და დიაბეტი
სპირტიანი სასმელები: არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი და სხვა - დიაბეტიანებისთვის აკრძალულია. მცირე რაოდენობით (1-2 ჭიქა) ნებადართულია სუფრის მშრალი ნატურალური ღვინო, რომელიც შეიცავს მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. მშრალი სუფრის ღვინო, განსაკუთრებით - წითელი, მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. მავნე ქოლესტერინის) გამოდევნას.
შაქრიანი დიაბეტის დროს ალკოჰოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ერთ-ერთი კომპონენტი – ტრიგლიცერიდები არ არის მომატებული. თუ ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი მომატებულია, ალკოჰოლის მოხმარება მის მოწესრიგებამდე უნდა აიკრძალოს.
დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უწინარეს ყოვლისა, მკურნალობის რეჟიმზეა დამოკიდებული. ინსულინდამოკიდებულთათვის ის უფრო მკაცრია, ვინაიდან აუცილებელია საკვების მიღება ინსულინის ინექციიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ. თუ კვება დაგვიანდა, შესაძლოა, სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაეცეს და ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს (მხედველობაში გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის დონე 60 მგ/დლ-ზე დაბალია). რეჟიმის დაცვა ტაბლეტოთერაპიის დროსაც საჭიროა, მაგრამ ტაბლეტის მიღებიდან მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას არ გამოიწვევს.
სასურველია, დიაბეტიანი დღეში სამჯერ იკვებებოდეს, შუალედში კი წაიხემსოს ხილით ან ბოსტნეულით (უპუროდ).

ინსულინოთერაპია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ინიშნება. II ტიპის შემთხვევაში აბებს უნიშნავენ, თუმცა გამორიცხული არ არის, დიაბეტიანის ინსულინზე გადაყვანა ამ დროსაც გახდეს საჭირო. ეს მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებლების ნორმალიზება დიეტით და ტაბლეტოთერაპიით ვერ ხერხდება, პაციენტს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ემართება ფილტვების ანთება ან რომელიმე მწვავე პათოლოგია.
ამჟამად გამოიყენება ადამიანის სინთეზური ინსულინი, რომლის პრეპარატები ორ ძირითად ჯგუფად: გახანგრძლივებული და ხანმოკლე მოქმედების ინსულინებად იყოფა. არსებობს ასევე ინსულინის ანალოგები, რომლებსაც ულტრახანმოკლე მოქმედება ახასიათებს. პრაქტიკულად გამოიყენება მხოლოდ გახანგრძლივებული (ბაზალური) ინსულინი ან (უფრო ხშირად) გახანგრძლივებული და ხანმოკლე მოქმედების ინსულინების კომბინაცია. ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინი - ლისპრო, ნოვორაპიდი ასევე კომბინაციაში ინიშნება.
ინსულინოთერაპიის მიზანია სისხლში შაქრის მაჩვენებლის ნორმასთან მიახლოება, შაქრიანი დიაბეტის I ტიპის შემთხვევაში ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველყოფა და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაცემის) თავიდან აცილება. ინსულინის დოზებს, ინსულინოთერაპიის სქემას ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს.
ორსულთა ანუ გესტაციური დიაბეტი ორსულობისას ვლინდება. მშობიარობის შემდეგ შესაძლოა გაქრეს, შესაძლოა, II ტიპის შაქრიან დიაბეტად ჩამოყალიბდეს (ასეთი რამ ხდება ასიდან 50 შემთხვევაში). გესტაციური დიაბეტის დროს პერორალური თერაპია უკუნაჩვენებია. რეკომენდებულია მხოლოდ დიეტოთერაპია და ინსულინოთერაპია. ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია, სისხლში შაქრის დონე მაქსიმალურად უახლოვდებოდეს ნორმას. ორსულობის მე-9-12 კვირას ნაყოფი ჯერ კიდევ ვერ გამოიმუშავებს საკუთარ ინსულინს. ამ დროს მიმდინარეობს ორგანოგენეზი - ნაყოფის ორგანოთა (გულის, ხერხემლის, ზურგის ტვინის და საჭმლის მომნელებელი სისტემის) განვითარება. თუ დედის სისხლში შაქრის დონე მაღალია, შესაძლოა, განვითარდეს ანომალიები. ორსულობის მე-12 კვირას ნაყოფის პანკრეასი იწყებს ინსულინის გამომუშავებას, რაც შემდგომში ჰიპერინსულინემიას და ნაყოფის განუვითარებლობას იწვევს.

ორსულის დიეტა ნახშირწყლებით მდიდარი უნდა იყოს, ცხიმებით - ღარიბი. ცილების ოდენობა კილოგრამზე საშუალოდ 1,5 გრამს უნდა შეადგენდეს. თუ დიეტოთერაპიით სისხლში შაქრის დონის მოწესრიგება ვერ მოხერხდა, ინიშნება ინსულინოთერაპია.
ორსულობისას ინსულინის მოთხოვნილება იცვლება - I ტრიმესტრში შედარებით მცირეა, II ტრიმესტრში კი იმატებს. მშობიარობის შემდეგ ინსულინის მოთხოვნილება მკვეთრად იკლებს და ნულამდე ეცემა. ქალმა, რომელსაც ორსულობისას დიაბეტი განუვითარდა, ხშირად უნდა გაიზომოს სისხლში შაქარი. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სიმსუქნით დაავადებულ ქალებს.

 

 

Don`t copy text!