Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 380

ხურმა ჩვეულებრივი  – Diospyros lotus L – Хурма обыкновенная, или кавказская

აბანოზისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ხურმა 20-25 მ სიმაღლის ხეა, მისი მყიფე, ადვილად მტვრევადი ყლორტები უხვმეჭეჭიანი მოყავისფრო ქერქითაა დაფარული, ტოტების ქერქი მონაცრისფროა, ღერო კი მუქი მოშავო ელფერისაა ღრმა ნაღარებით. შესანიშნავი ტექნიკური მნიშვნელობის მქონე მერქანი საუცხო მასალაა საავეჯო წარმოებისათვის.
ფოთლები დიდია, მოხაზულობით კვერცხისებრი ან მოგრძო ელიფსური, 70-100 მმ სიგრძისა და 25-40 მმ სიგანის, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ლეგა მწვანე, ორსახლიანი მცენარეა, ორი-სამი ყვავილი ჯგუფადაა განლაგებული ფოთლის იღლიაში, ყვავილობას მაისში იწყებს მოყვითალო ფერის ყვავილებით.
მომრგვალო ნაყოფი სრულ სიმწიფემდე მოყვითალო-წითელია, მწიფე კი მოშაო-მუქი. ლეგა-ლურჯი ელფერით. მწიფე ნაყოფი მწკლარტეა, გადამწიფებული კი ძალიან ტკბილი და გემრიელია.
ხურმა ბარის მცენარეა, მთაში ზღვის დონიდან 900 მეტრზე მაღლა თითქმის არ გვხვდება. მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია დაბლობი, ტენით უზრუნველყოფილი დაბლობები, ხევები და ნესტიანი ფერდობები. ბუნებრივად დასავლეთ საქართველოს ბევრ რაიონში, უფრო მეტად კი კოლხეთში, კახეთში ალაზნის მარცხენა მხარესაა, საკმაოდ სწრაფმზარდი ხეა ძლიერი ფესვთა სისტემით, ფართოდ კულტივირებული საქართველოში, გამოყენებულია ხურმის მსხვილნაყოფა საუკეთესო საბაღო ფორმების საძირედ.
ხურმის ნაყოფი 61 მგ პროცენტამდე ვიტამინ C-ს  და კაროტინს შეიცავს. აღმოსავლეთის ხურმის ნაყოფების დაკონსერვებული წვენი თირეოტოქსიკოზის დროს გამოიყენება, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ახალად დაკრეფილი ნაყოფებიდან გამოწურულ წვენს 20 პროცენტის რაოდენობით ემატება სპირტი. ნაყოფებისგანვე ამზადებენ შესქელებულ წვენს (ხურმადოშაბი), რომელსაც ჰიპერტონიის დროს იყენებენ, აგრეთვე სისხლნაკლულობისას და ამოსახველებელ საშუალებად სასუნთქი გზების კატარის დროს.

 

ხეჭრელი – Frangula alnus Mill – Крушина ольховидная

ხეჭრელი ბუჩქიანი დაბალტანიანი ხეა ხეჭრელისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 2-5 მ, ძველ ტოტებზე მუქი ნაცრისფერი ქერქი აქვს, ხოლო ყლორტებზე მოწითალო-ყავისფერია. ქერქის გარე ფენის ჩამოფხეკის შემდეგ შეიმჩნევა მუქი-ჟოლოსფერი კორპისებრი ფენა. სწორედ კორპის ფენის საშუალებით შეიძლება იგი ადრე გაზაფხულზე გამოვარჩიოთ ხეჭრელთა სხვა სახეობის ბუჩქებისაგან. ფოთლები მორიგეობითია, უკუკვერცხისებრი ან ელიფსური, ყუნწიანი, სიგრძით 3-8 სმ. სიგანით 1,5-4,5 სმ, კიდემთლიანი, 7-10 წყვილი ძარღვით. ყვავილები წვრილია ორსქესიანი, მოკლე ყვავილის ყუნწით, ზარისები, მომწვანო-თეთრი ფერის ხუთფურცლიანი გვირგვინით, მოთავსებულია ფოთლის უბეებში და ქმნიან 2-7 ყვავილიან ჯგუფს. ნაყოფი სფეროსებრია, კურკიანი, წვნიანი, დიამეტრით 8 მმ. დამწიფებამდე წითელია, ხოლო სრული სიმწიფის დროს მოიისფრო-შავია, 3 კვერცხისებრი კურკით. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფება აგვისტო-სექტემბერში. ხეჭრელი უხვთესლიანია და სწრაფად მრავლდება. ბუჩქზე ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ყვავილები, ასევე უმწიფარი და მწიფე ნაყოფიც.
საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული: ტყეებში, ტყის პირებზე, მდინარის ხეობებში, მთაში.
სამკურნალოდ გამოიყენება ხეჭრელის ქერქი. მას ამზადებენ  წვენის ინტენსიური მოძრაობის პერიოდში – აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე.
იმ ადგილებში, სადაც ხეჭრელი დიდი რაოდენობითაა, ჭრიან ტოტებს უკეთებენ წრიულ ნაჭდევებს და აცლიან 1 სმ სისქის ქერქს ხის სპეციალური პატარა ნიჩბებით. ნედლეულს აშრობენ კარგ ამინდში ჩრდილში სხვენზე, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის მქონე ნაგებობებში. ცუდ ამინდში კი აშრობენ დამატებით გამთბობი ხელსაწყოების დახმარებით. ყოვლად დაუშვებელია ახალი ქერქის გამოყენება. გამშრალი ქერქი უნდა შეინახოს არანაკლებ 1 წლისა და გახურდეს 100 გრადუს ტემპერატურაზე 1 სთ-ის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება.
ხეჭრელის ქერქი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (8%-მდე), მათ შორის გლუკოფრანგულინს, ემოდინს და იზოემოდინს, აგრეთვე ტრიტენპენოიდულ გლიკოზიდებს, ქრიზოფანის მჟავას და სხვა.
ხეჭრელის ქერქი გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. მასში არსებული ანტრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, ამიტომ ქერქი ხშირად იხმარება სპასტიკური კოლიტებისა, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს კუჭნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს და სხვა.
ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს ხეჭრელის თხევად და მშრალ ექსტრაქტებს. მართალია ხეჭრელის პრეპარატების მიღება არ არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, მაგრამ მისი ხანგრძლივი დროით მიღების შედეგად ორგანიზმი ეჩვევა მას და მისი მოქმედების ეფექტი მცირდება; ხეჭრელის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება ფეხმძიმე ქალებისათვის დაუშვებელია.
ხეჭრელის ქერქის ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. სვამენ 1/2 ჭიქას დილას და საღამოს.

 

ხეშავი – Rhamnus cathartica – крушина слабительная

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, ელიფსური ან მომრგვალო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 5 სმ-მდე, სიგანით 3 სმ-მდე, სამი წყვილი რკალისებრი ძარღვით. ფოთლები ზემოდან _ მწვანე ან მორუხო ფერისაა, ქვედა მხრიდან უფრო ღია ფერისა, შიშველი, ან ორივე მხრიდან თხლად შებუსული. ყვავილები წვრილი აქვს მომწვანო-მოთეთრო ფერის, ერთსქესიანი, შეკრებილია 10-15 კონად ფოთლით უბეებში. ნაყოფი სფეროსებრია, კურკიანი 6-8 მმ დიამეტრით მოლურჯო-შავი ფერის, პრიალა ზედაპირით, ზოგჯერ ნაფიფქით.
ხეშავი ყვავილობს მაის-ივნისში, 10-12 დღის განმავლობაში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში და მცენარეზე დიდხანს რჩება.
გავრცელებულია მთის ხეობებში, მეჩხერ ტყეებში, ტყის პირებზე. ზოგჯერ იგი გაუვალ ბარდებსაც ქმნის. გვხვდება ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. ჩვენში სამკურნალოდ გამოიყენება იმერული ხეშავი (Rhamnus imeretina Booth).
სამკურნალოდ იყენებენ გვიან შემოდგომით დაკრეფილ მწიფე ნაყოფს, რომელსაც კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც იგი შავი ფერის ხდება. ნაყოფს ჯერ აჭკნობენ ჰაერზე, შემდეგ კი აშრობენ საშრობებში, ღუმელებში 50-60 გრადუს ტემპერატურაზე. მშრალ ნაყოფს შავი ფერი, სუსტი, უსიამოვნო სუნი და მოტკბო-მომწარო გემო აქვს. ინახავენ ნაჭრის ტომრებში 4 წლის განმავლობაში.
ხეშავის ნაყოფი შეიცავს 1%-მდე ოქსიმეტილანტრაქინონს. მის შემადგენლობაში ნაყენი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქრონიკული შეკრულობის დროს. მოქმედება ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ.
ხეშავის ნაყოფისაგან ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ. მიიღეთ ძილის წინ 1/2 ჭიქა.
ხეშავი შედის საფაღარათო ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში ხეშავს იყენებენ აგრეთვე დაავადებული ღვიძლის სამკურნალოდაც, როდესაც პათოლოგიას თან ახლავს ასციტი. თვლიან, რომ მას აქვს უნარი, არეგულიროს და მოაწესრიგოს დეფეკაცია, რითაც იზღუდება ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრა ნაწლავებიდან ღვიძლში. ბულგარელი მედიკოსების აზრით ხეშავის ნაყოფი უმჯობესია გამოვიყენოთ დამზადებიდან ერთი წლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.

ხებალახა – Solanum pseudocapsicum – Соланум или Паслен

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლიანი, ძირში ღეროგამერქანებული, 1-4 მ სიგრძის მცოცავი მცენარეა. სოსანი ყვავილები ქოლგისებრ საგველა ყვავილედადაა შეკრებილი. წითელი, კვერცხისებრი, კენკრა ნაყოფები ღეროზე ქოლგებადაა დაკიდული. ამოკვეთილდაკბილულკიდეებიანი, კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი.
იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებსა და არხის პირებში, ზღვის დონიდან უფრო ხშირად 1000 მეტრამდე სიმაღლეზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, ქართლში, მთიულეთში, გარეკახეთში, გარდაბანში, თრიალეთზე, ქვემო ქართლსა და მესხეთში. შესანიშნავი მცენარეა ვერტიკალური გამწვანებისათვის.
ფარმაკოქიმიურად უფრო კარგად S. dulcamara L. არის შესწავლილი, რომელთანაც თავისი ქიმიზმით და სისტემატიკური მდგომარეობითაც ძალიან ახლოს დგას აქ განხილული სახეობა. ამიტომ სამკურნალოდ იგი წარმატებით გამოიყენება S. dulcamara L. მსგავსად.
უმეტეს ავტორთა აღიარებით შხამიანი მცენარეა, მაგრამ ზოგი მკვლევარი დასაშვებად მიიჩნევს ნაყოფების ჭამას.
ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება კატარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე ოფლმომდენ და შარდმდენ საშუალებად. ხალხურ მედიცინაში ხებალახას ხმარობენ სასუნთქი გზების კატარის, ხველის, რევმატიზმის და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ნედლ ტოტებს ბეღლებში ყრიდნენ თაგვებისა და ვირთხების დასაფრთხობლად (ტოტების სუნს ვერ იტანენ და გარბიან ბეღლიდან).
ატროფინის მსგავსად ხებალახა გლიკოზიდი თვალის გუგის გაფართოებას იწვევს.
ციმბირისა და რუსეთის ხალხური მედიცინა სამკურნალოდ უპირატესობას ყლორტების გამოყენებას აძლევს, რომელთაც ძლიერმომქმედად სცნობენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის (“პოდაგრა”), იშიასის, წყალმანკის, სიყვითლის, ეგზემის, ესკუდატური დიათეზის, ბრონქების, კატარის, ბრონქიალური ასთმის საწინააღმდეგოდ. მასვე ჭიისდამდენ და შარდმომგვრელ კარგ საშუალებად მიიჩნევენ. ნაყოფების ნახარშს სვამენ ეპილეპსიისა და თავის შეტევითი ტკივილების დასაწყნარებლად. ყვავილების ნახარშს ურჩევენ ფილტვების დაავადებისა და ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს .

 გერმანული ხალხური მედიცინა ხებალახას იყენებს ბღერის (მუნის), ნევრალგიის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის სამკურნალოდ, აგრეთვე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად ყურებსა და ყელში. გამოიყენება სპირტზე ნაყენი და ფხვნილი დღეში 1-2გ დოზით რამოდენიმე დღის განმავლობაში.
უკრაინაში ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით შეგროვილი ყლორტის ნახარშს იყენებენ 1-1/2 კოვზი დაქუცმაცებული ყლორტი (15-22 გ) ერთი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე იხარშება 2 ჩაის ჭიქა წყალში. მიიღება სუფრის კოვზით დღეში 2-3-ჯერ როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და თავის ტკივილის საშუალება.
იყენებენ აგრეთვე ყლორტების ნახარშს: 1 ჩაის კოვზი (1,5-3 გ) ნედლეული 1 ჩაის ჭიქა წყალზე (ერთი დღის დოზა) სახსრების ტკივილების, ბრონქების ქრონიკული დაავადების აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად გამოწვეული კანის დაავადებების (ექსუდატური დიათეზის, საყმაწვილო სურავანდის სხვადასხვა გამონაყრების ეგზემის, პსორეაზის, დერმატიზების), ასთმის, ყივანახველის, ნიკრისის ქარის, წყალმანკის, სიყვითლის, კუჭაშლილობის და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
ბულგარეთის მედიცინა სამკურნალოდ ყლორტებს იყენებს ფოთლებითურთ, რომელთა ქიმიზმი შემდეგნაირი შემადგენლობით ხასიათდება, გლიკოალკალოიდები: სოლაცეინი (1%-მდე) და სოლანეინი (0,7%მ-დე), ნაყოფები 0,5%-მდე ალკალოიდ სოლანინს შეიცავენ. გარდა აღნიშნულისა ფოთლებში 8,5-11,5% ტანინები და სხვა ნივთიერებები მოიპოვება.
ყლორტები ფოთლებიანად ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ნაცადი საშუალებაა კანის დაავადების, კანის მქავანა ეგზემისა და კანის ანთების, ბრონქიალური ასთმის, გაციებისდროინდელი და მისი მიზეზით გამოწვეული შედეგების: ნევრალგიის, რევმატიული ტკივილების, საშარდე ბუშტის ანთების, კუჭაშლილობის, არარეგულარული მენსტრუაციის, ყურების ტკივილის დროს. ბულგარელები მას ნახარშის სახით იყენებენ: 1 ჩაის კოვზ (3 გ) ფხვნილადქცეულ ნედლეულს 150 გ წყალში 10 წუთს ხარშავენ (10 დღის დოზა. მიიღება 2 ჩაის კოვზი ერთი დღის განმავლობაში. კანის დაავადების სამკურნალოდ ხებალახას ყლორტებისა და ფოთლების ფხვნილს იყენებენ, იმდენს რასაც დანის წვერი აიღებს (0,10 გ) დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
უფრო დიდხანს და მეტი დოზებით მიიღება სახიფათოა. ხებალახა, როგორც უკვე აღინიშნა, შხამიანია და ექიმის დანიშნულების გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.

 

ხბოშუბლა სამკურნალო  – Galega officinalis L – Галега лекарственная

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლიანი 40-90 სმ სიმაღლის მცენარეა. ფესვის ყელიდან მრავალი ღერო ამოდის, თითოეული ღერო თავის მხრივ, დატოტვილია. ფოთლები კენტფრთართული აქვს, ფოთლის ყუნწის ფუძესთან შუბისებრი თანაფოთლებია განწყობილი. ფოთოლი 5-10 წყვილ ფოთოლაკს შეიცავს, რომელიც წაგრძელებული, ხაზური და ლანცეტა მოყვანილობისაა, მცირედ წაწვეტებული წვერით.
ღია მოცისფრო ან ღია მოიისფრო, ზოგჯერ თეთრი ყვავილები, 8-27 სიგრძის მტევნებად ფოთლების იღლიებშია განლაგებული, ყვავის ივნისიდან აგვისტომდე. გვხვდება ბუჩქნარებში, გამეჩხრილ ტყეებში, ტყისპირებში, მდინარეთა ნაპირებზე და მდელოებზე.
ხალხურ მედიცინაში ხბოშუბლა გამოიყენება როგორც ოფლმდენი და შარდმომგვრელი საშუალება, აგრეთვე რძის სეკრეციის გასაძლიერებლად და დიაბეტის სამკურნალოდ, ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ ადგილობრივი გამოყენებისას გალეგინი იწვევს თვალის გუგის შევიწროებას, კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის დაქვეითებას. საზღვარგარეთელი ზოგი ექიმი გალეგინს იყენებს დიაბეტის სამკურნალოდ და მშობიარე ქალებში რძის სეკრეციის გასაძლიერებლად .
ხბოშუბლა ინსულინისებურად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტის დროს, განსაკუთრებით ამ დაავადების იოლი ფორმის შემთხვევაში. დიაბეტის სამკურნალოდ მას დამატებით საშუალებად იყენებენ ინსულინით მკურნალობასთან ერთად, რაც ინსულინის დოზის შემცირების საშუალებას იძლევა. უფრო მყარი ეფექტი მიიღება ხბოშუბლას თესლის ნაყენის გამოყენებით (1/2-1 ჩაის კოვზი თესლი 1 ჭიქა წყალზე).
ბალახი წყლიანი ნაყენის სახით მიიღება შიგნით სახმარად (1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხბოშუბლას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, რაც ერთი დღის დოზას წარმოადგენს).
ბალახი წყლიანი ნაყენის სახით მიიღება შიგნით სახმარად (1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხბოშუბლას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, რაც ერთი დღის დოზას წარმოადგენს). ბულგარეთის ხალხური მედიცინა ამავე მიზნებისათვის ხბოშუბლას მარტო ყვავილების გამოყენებას ურჩევს.
ხბოშუბლას ყველა სახეობა შხამიან მცენარეებად ითვლება. მათი ბალახი განსაკუთრებით მავნეა ცხვრებისათვის., 3კგ ხბოშუბლა ცხვრისათვის სასიკვდილო დოზაა. მარილწყალში მოხარშული ხბოშუბლას ნორჩი ღერო და ფოთოლი ადამიანისათვის საჭმელად ვარგისია, როგორც ჩანს, ჩვილი ხბოშუბლა ნაკლებტოქსიკური უნდა იყოს.

 

ხახვთესლა – Lysimachia Verticillata Pall – Вербейник

ფურისულასებრთა ოჯახში შედის. ხახვთესლა 50-100 სმ სიმაღლის მრავალწიანი ფესურიანი ბალახია. ოდნავ წახნაგოვანი ღრუ ღერო ზედა ნაწილში დატოტვილია, რომლის მუხლებიც ხშირბუსუსიანია. თვით ღერო კი მეჩხერბეწვიანია.
მოგრძო კვერცხისებური, ზოგჯერ ელიფსური, გრძელყუნწიანი, კიდემთლიანი, მაგრამ კიდეწამწამიანი ფოთლები ღეროზე 3-4 ცალიან რგოლებადაა გაწყობილი. ფოთოლი ზემოდან მუქმწვანეა, ქვედა მხრიდან კი ბაცი ფერისა.
ყვავილები ნახევარჩხროებადაა შეკრებილი ფოთლების იღლიებში, ყვავის ყვითელი ყვავილებით მაის-აგვისტოს განმავლობაში.
ძირითადად ნესტიანი ადგილების მცენარეა. გვხვდება წითლნარებში, წიფლნარ-ნაძვნარებსა და წიფლნარ-რცხილნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში და სხვ. მთაში სუბალპურ სარტყლამდე აღწევს.
ფოთლებს ხალხი ყვითელი საღებავის მისაღებად იყენებს. მისი კვამლი ხოცავს ბუზებს. ღვინოზე ნაყენს ან წყლიან გამონაცემს ჩაის სახით ხმარობენ სისხლიანი ხველის, ძლიერი კუჭაშლილობის, დიზენტერიის და რევმატიზმის წინააღმდეგ. დასალევად ერთი დღე-ღამის დოზას ამზადებენ შემდეგნაირად: იღებენ 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვთესლას და ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 7-10 წუთს შემდეგ ჩაისებური გამონაწვლილი მზადაა მისაღებად.
ხახვთესლას მონახარში შაქრით დატკბობისა და ცოტაოდენი ძმრის შერევის შემდეგ გამოიყენება პირში გამოსავლებად, პირის ღრუში წვრილი გამონაყარის დროს.
მონახარშის მოსამზადებლად შესაძლოა ავიღოთ 30 გრ წვრილად დაჭრილი ხახვთესლა 2 ჭიქა წყალზე, რომელსაც ვადუღებთ 10 წუთს, გაცივებისა და გაწურვის შემდეგ სვამენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.
ნედლი ბალახისგან გაწურული წვენი ახალ ჭრილობაზე ხმარებისას აჩერებს სისხლდენას. წვენს ხმარობენ დასალევადაც თითო სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.
ფხვნილად ქცეული ხახვთესლა წარმატებით გამოიყენება ბუზების საწინააღმდეგოდ.

 

ხარისძირა – Helleborus caucasicus A.Br – Морозник кавказский (зимовник кавказский)

ხარისძირასებრთა ოჯახში შედის. ხარისძირას რაჭაში ჯუჯუყვერას, თეთრყაყაჩოს, აჭარაში კრუხის ბუდეს ეძახიან. მრავალწლიანი, 25-60 სმ სიმაღლის მცენარეა, ღერო მცირედ იტოტება, ფოთლები ღრმად დაკვეთილი და ნაპირებზე ხერხისებურად დაკბილულია.
ღეროს ძირში განლაგებული ფოთლები გრძელყუნწიანი და 5-11 ნაკვთიანია. თითოეული ნაკვთი ფართოელიფსური მოყვანილობისა და ბოლოწვეტიანია.
ღეროზე განლაგებული 1-2 ფოთოლი მჯდომარეა, ღეროს კენწეროზე უვითარდება 1-3 ყვავილი. ყვავის დეკემბერ-აპრილში, იმის მიხედვით, თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე იზრდება. გვხვდება ქართული მუხის სარტყელში. უფრო ხშირად ზღვის დონიდან 100 მეტრამდე იზრდება, იშვიათად 1200 მ და უფრო მაღლაც გვხვდება.
ხარისძირა ჩვენი კალთაშეთხელებული ტყეების, ტყისპირების და ბუჩქნარების მკვიდრი, შხამიანი მცენარეა. ფართოდაა გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა მხარეში. ლიტერატურაში აღწერილია ცნობები ხარისძირათი ცხენების მოწამვლისა და სიკვდილიანობის შესახებ. 1 კგ ბალახი ცხენისათვის სასიკვდილო დოზაა.
ხარისძირას ფესვებსა და ფესურაში მოიპოვება გლიკოზიდები, მათ რიცხვშია 0,1 პროცენტი კოლერბორინი P, რომელიც გულზე სტროფანტინის მსგავსად მოქმედებს.
კოლერბორინ P-ს იყენებენ სისხლის მიმოქცევის II და III ხარისხის დარღვევის დროს, უმთავრესად გულის ქრონიკული უკმარობის შემთხვევაში. იგი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სწრაფი და ხანგრძლივი ეფექტი.
კოლერბორინ P ერთჯერადი თერაპიულ დოზაა 0,000125-0,0025 გ ვენაში თანდათანობით შეჰყავთ 20 მლ 40 პროცენტიანი გლუკოზის ხსნარი, დღეში ერთხელ სისხლის მიმოქცევის უკმარობის II და III ხარისხის შემთხვევაში. კოლერბორინ K აბებს უნიშნავენ 0,0002 გ (0,2 მგ) ერთ მიღებაზე დღეში 3-4-ჯერ; საერთო რაოდენობით 0,0008 გ-მდე (0,8 მგ-მდე).
კოლერბორინ K ერთ-ერთი უძლიერესი საგულე გლიკოზიდია. ბიოლოგიური აქტიურობით აღემატება კონვალლატოქსინს, ერიზიმინსა და სტროფანტინს. ტოქსიკურობის მხრივ კი სტროფანტინსა და დიგიტოქსინს შორის დგას. უფრო კი უკანასკნელის ახლოს. მოქმედებას ჩქარა, ორგანიზმში შეყვანისთანავე იწყებს. იგი აძლიერებს სისტოლას, ახანგრძლივებს დიასტოლს, აიშვიათებს გულის რითმს, ამაღლებს სისხლძარღვების ტონუსს, ზრდის დიურეზს და სისხლის გადატანის სისწრაფეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში თითქმის არ იშლება. კოლერბოლინი K ბიოლოგიური აქტიურობით კოლერბორინ P-ს უახლოვდება, მაგრამ იგი უფრო ნაკლებტოქსიკურია, მოქმედებს უფრო ჩქარა და მისი კუმულაციური თვისებაც უფრო ნაკლებადაა გამოხატული .
ხალხური მედიცინა ხარისძირას ფესვებისა და ფესურის ნახაშს ხმარობს მცირე დოზით (1/2 ჩაის კოვზი ფესვები 0,5 ლ წყალზე). სიმსივნეების, ბუასილის, ხველების, პლევრიტის, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ჭრილობების, ქერტლის სამკურნალოდ და თმის გასაზრდელად. ვეტერინარიაში ფესურას მცირე რაოდენობით საკვებში უმატებენ ბატკნებისა და ცხვრების “მოსამაგრებლად”.
ხარისძირას სამკურნალოდ გამოყენება ექიმის რჩევის გარეშე დაუშვებელია მისი ძლიერი ტოქსიკურობის გამო.

 

ხარისჩლიქა – Asarum ibericum Stev – Копытень грузинский

ძირმწარასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ხარისჩლიქა 10 სმ-მდე სიმაღლის, მოკლე ბუსუსებით შემოსილი, მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა. მიწის ზედა ნაწილები სუნითა და გემოთი წიწაკის მსგავსია, გასრესილი ფესურა კი კატაბალახას (კატაპარიას) სუნს გამოსცემს.
ფესურიდან ორი (იშვიათად სამი) გრძელყუნწა ფოთოლი ამოდის, ფოთლები საერთოდ მორიგეობითაა განლაგებული, მაგრამ ზოგჯერ ფოთლების ყუნწები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ მოპირისპირედ განწყობის შთაბეჭდილებას ქმნის. თოვლის ქვეშ მოყოლილი ფოთლები, მარადმწვანე მცენარეების მსგავსად, ხშირად კარგად გადაიზამთრებს ხოლმე. ფოთლის ფირფიტა მომრგვალო თირკმლისებრია, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი.
ფოთლების იღლიებში სათითაოდ ამოსული ყვავილის ყუნწი მიწისკენაა დახრილი და ამიტომ ყვავილი თავჩაქინდრულია, იგი გარედან მწვანე-მოწითალოა, შიგნიდან კი მღვრიე წითელი ფერის. ყვავის მაის-ივლისის განმავლობაში.
იზრდება ნესტიან, ხშირ ტყეებში, განსაკუთრებით წიფლნარებში, სოჭნარ-ნაძვნარებში, თხილის ბუჩქებში და სხვ.
ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, მაგრამ ჩვენთან მისი მიზეზით საქონლის დაცემის შემთხვევა არ არის აღნიშნული. სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის გამო, როგორც ჩანს, საქონელი არ ძოვს, ამავე დროს ხშირ ტყეებსა და ბუჩქნარებში გავრცელების გამო პირუტყვისათვის ძნელად მისადგომია.
ხასხასა მწვანე, ორიგინალური ფორმის ფოთლებით ხარისჩლიქა ძალიან ლამაზი მცენარეა, იგი საუკეთესოა დაჩრდილული ნესტიანი ადგილების გასამშვენიერებლად.
მედიცინაში ხარისჩლიქას ფესვები, ფესურები და ფოთლები გამოიყენება. ხალხურ მედიცინაში ფესურა გამოიყენება, როგორც პირსასაქმებელი და ამოსახველებელი საშუალება, ზოგ ქვეყნებში ამის გარდა სიყვითლის, წყალმანკის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ, როგორც რძისმომგვრელი და საფაღარათო საშუალებაა. ფოთლებს მალარიის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით ფოთლებში არსებული გლიკოზიდი აძლიერებს გულის კუმშვას, ალკალოიდი აზარინი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, ავიწროებს პერიფერიულ ძარღვებს, ამაღლებს ვენების ტონუსს, აზარინი იწვევს პირღებინებას, აგრეთვე აღმგზნებად მოქმედებს გულზე.
გერმანიაში ძირითადი სასმელების არომატიზებისათვის გამოიყენება. მასვე აქვს ოფლმდენი მოქმედება და ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ გაციებულობის დროს. მაგრამ ეს ავტორები ხაზს უსვამენ დიდი სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას ხარისჩლიქას გამოყენებისას, რადგან დიდ დოზებში იგი თავის ტკივილს იწვევს.
უკრაინის ხალხურ მედიცინაში ხარისჩლიქას შარდმდენ საშუალებად ხმარობენ. საამისოდ ხარისჩლიქას ფესურას თხის რძეში ხარშავენ, ან წყლით გამონახარშით სარგებლობენ. ხარისჩლიქას ჩაი ქალებს მენსტურაციას უადვილებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გამოიყენება გასტრიტის, ღვიძლის დაავადებებისა და სიყვითლის წინააღმდეგ; დოზა: 3-5 გ ხმელი ხარისჩლიქას ბალახი ერთ ჭიქა სითხეზე. საუკეთესოდ მიიჩნევენ მის რძესთან ერთად გამოყენებას.
გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებშიც ხარისჩლიქა განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება:
1. ხარისჩლიქას ბალახისა და ნეგოს ყვავილების თანაბარი რაოდენობით ნარევის წყლით გამონაწვლილი სასარგებლოდ ითვლება სიყვითლის დროს (1 სუფრის კოვზი ნარევი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე).
2. ბრონქიტის დროს გამოიყენება შემდეგი ნარევის ნახარში: ხარისჩლიქა – 2,0 გ, ოშოშა – 3,0 და ბირკავა – 2,0 გ. 2 სუფრის კოვზ ამ ნარევს ნახევარ ლიტრ წყალში 10 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით. შემდეგ 20 წუთით დგამენ თბილ ღუმელში, წურავენ და ყლუპ-ყლუპობით სვამენ დღეში არა უმეტეს ორი ფინჯნისა (დაახლოებით ერთი ჭიქა).
საერთოდ გათვალისწინებულია ხარისჩლიქას ძლიერი ტოქსიკურობა, ამიტომ მისი პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი უშუალო მეთვალყურეობით. ხარისჩლიქას თვითნებური გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

 

ხარისშუბლა  –  Senecio platyphylloides Somm. et Lev – Крестовник плосколистный

რთულყვავილოვანთა ოჯახში შედის. ხარისშუბლა მრავალწლიანი, ნიადაგში ჰორიზონტალურად გაწოლილი, გრძელ ფესვურიანი მცენარეა. აყვავებული, გულგულით ამოვსებული ღეროს სიმაღლე 100-150 სმ-ია, ზოგან 200 სმ-აც აღწევს, რომელიც მრგვალი გარშემოწერილობისაა და სიგრძეზე წვრილად დაღარულია.
გრძელყუნწიანი, განიერფუძიანი სამკუთხედისებრი, სამკუთხედ თირკმლისებრი, განივრად გულისებრ ამოჭრილ-ფუძიანი, 25-30 სმ სიგანის ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. ფოთლის ყუნწს გვერდებზე კარგად გამოსახული ფრთები ჩასდევს, რომელნიც ყუნწის ფუძესთან ბიბილოებივითაა გაგანიერებული და ღეროს ეხვევიან, ფოთლის ფირფიტის კიდეები ბასრი ხერხკბილაა, საყვავილე ღეროს კენწრულ ნაწილში ფოთლები ფრიად დაკნინებული და წაგრძელებულ-ლანცეტისებრია, ყვითელი კალათა ყვავილები კენწრულ ფარისებრ ყვავილედადაა შეკრებილი: კალათების საბურველის მწვანე ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა, ბოლოში წაწვეტებული და კიდეებში ჩალისფერი სიფრიფანა არშიით შემოვლებული.
ყვავის ივლის-აგვისტო-სექტემბერში. ჩვეულებრივ იგი სუბალპური ლიხისა და შამბის (მაღალბალახეულის) შემადგენლობაში გვხვდება. ხშირადაა სუბალპური დაბალი სიხშირის როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან ტყეებში. უფრო მეტი რაოდენობითაა ტყის ნაკადულების პირას და ჩადაბლებულ ნესტიან ადგილებში.
იგი იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში, აჭარაში, სვანეთსა და აფხაზეთში. უფრო ხშირად ზღვის დონიდან 1500-2500 მეტრამდე სიმაღლეზე ქმნის კარგად განვითარებულ შამბნარს. ამ მცენარის ყველა ნაწილებში მოიპოვება ალკალოიდები (პლატიფილინი, სენეციფილინი, ნეოპლატიფილინი, სარაცინი), ამზადებს ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა.
ფესურისა და ფესვებისაგან, აგრეთვე მიწისზედა ნაწილებისაგან იღებენ პრეპარატ “პლატიფილინის ჰიდროტარტრატს”, რომელსაც მუცლის ღრუს მუსკულატურის სპაზმების დროს იყენებენ, მასვე ხმარობენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, სისხლძარღვების სპაზმების დროს, აგრეთვე ოფტალმოლოგიაში თვალის გუგის გასაფართოებლად.
“სარაცინის ჰიდროტარტრატის” მისაღებად გამოიყენება S. rombifolius(willd) – რომელიც აქ განხილული სახეობისაგან განსხვავდება იმით, რომ ღეროს შუა და ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლების ყუნწებს არ გააჩნია ღერომხვევი ბიბილოები, გარდა ამისა ყვავილედში ყვავილთა რიცხვი მცირეა (5, 8), სარაცინი შინაგანი ორგანოების მუსკულატურის სპაზმების დროს გამოიყენება (პილოროსპაზმი, სპასტიკური კოლიტი, საშარდე გზების სპაზმები), აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ქოლეცისტიტისა და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ .
ალკალოიდი სენეციფილინი ტოქსიკურია, იგი იწვევს გემორარგიულ ცვლილებებს ღვიძლში და მედიცინისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ არაა რეკომენდებული ხარიშუბლას ნაყენი და სხვა გალეონური პრეპარატები, რომლებიც პლატიფილინთან ერთად სენეციფილინსაც შეიცავს.
 პლატიფილინი სპაზმატოლოგიური საშუალებაა ტკივილების მოსახსნელად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპასტიკური კოლიტის, ღვიძლისა და თირკმლების ჩხვლეტის და ქოლეცისტიტის დროს. ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას ვლინდება სიმშრალე პირის ღრუში, გულის გაძლიერებული ცემა, თვალის გუგების გაფართოება და ქოლინორეცეპტორების ბლოკირების გამომხატველი სხვა სიმპტომები. პლატიფილინის დანიშვნა შეუძლებელია გლაუკომის, გულსისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის თანხლებით, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლების ორგანული დაავადებების დროს.
სარაცინით მკურნალობისას ავადმყოფთა უმეტესობას გაუუმჯობესდა მდგომარეობა (წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი და სპასტიკური კოლიტი), უქრება ან შეუმცირდება ტკივილები და პირღებინება, უმჯობესდება მადა, ანელებს გულწვას (გულის რუჯვა) და ბოყინს. სარაცინი არსებით გავლენას არ ახდენს კუჭის სეკრეტორულ და მჟავის გამომყოფ ფუნქციებზე. მისი გავლენით მოხდა კუჭის მოტორული ფუნქციის ნორმალიზება. იგი არ იწვევს გვერდით მოვლენებს და ავადმყოფები კარგად იტანენ.

 

ჭნავი (ცირცელი) ჩვეულებრივი – Sorbus Aucuparia L – Рябина обыкновенная

ვარდისებრთა ოჯახში შედის. ჩვეულებრივი ჭნავი, ცირცელი ტანმორჩილი ხეა 10 (იშვიათად 15-20) მ სიმაღლის დიდი კენტფრთართული, 5-9 წაგრძელებული ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით, რომ თეთრი ყვავილები ფარისებრ თანაყვავილედებშია შეკრებილი, რომელნიც დამოკლებულ ტოტებზეა განლაგებული, სპეციფიური ძლიერი სუნით.
ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, ნაყოფს თავსში შერჩენილი აქვს ყვავილის ჯამი ვაშლისა და ვარდოსანთა ოჯახის სხვა სახეობების მსგავსად. იგი მკვეთრი ნარინჯისფერ-მოწითალოა. 8-10 მმ სიმსხოთი. თესლი მოწითალოა, ნამგლისებრ მოხრილი, თითო ნაყოფში ჩვეულებრივ სამი ცალია. 1000 ც თესლი დაახლოებით 3,6 გ იწონის, ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერშიც მწიფდება.
გავრცელებულია მეტწილად ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში და წარმოდგენილია ორი სახეობით. ამათგან საქართველოში უფრო ფართოდ გავრცელებულია Sorbus caucasigena Kom, რომელიც ძირითადად მთავარი კავკასიონის მთა-ხეობებზე (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, სამხ. ოსეთი, ქართლი, მთიულეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, კახეთი), აგრეთვე მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში (თრიალეთი, ჯავახეთი, მესხეთი) გვხვდება. მეორე მათგანი Sorbus Boissieri C. K. Schueid., ძირითადად აჭარასა და გურიაში, მცირე რაოდენობით აფხაზეთსა და სამეგრელოშიც გვხვდება. გარეგნულად ორივე სახეობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. განსხვავება იმაშია, რომ პირველი მათგანის ფოთოლი უფრო მეტი რაოდენობის (9-მდე) წყვილი ფოთოლაკებისაგან შედგება. ფოთოლაკები მოგრძო-ლანცეტა ფორმისაა, ნაყოფი კაშკაშა წითელი ან მკრთალი ყვითელია. სახეობა გავრცელების არეალში 5 ფორმითაა წარმოდგენილი. მეორე სახეობის ფოთოლი მხოლოდ 5-7 წყვილი ფოთოლაკისაგან შედგება. ფოთოლაკები უფრო ფართო დ სქელი, კიდეებზე მხოლოდ შუა ნაწილის ზემოთაა ხერხისებრდაკბილული. ნაყოფი ნარინჯისფერი ან მოყვითალო-წითელია. ეს სახეობა 2 სახესხვაობითაა (Var. adscharia – ხულოს რაიონში და var. bachmarensis – მთა ბახმაროზე), რომელიც ერთმნეთისაგან ძირითადად ნაყოფის ფორმით განსხვავდებიან. პირველის ნაყოფი ვაშლისებრ შებრტყელებულია, მეორესი – ფართო ელიფსური. ცირცელი ყვავილობის და ნაყოფის სიმწიფის პერიოდში ძლიერ მიმზიდველია. სასურველია მისი გამოყენება მთიან პირობებში გამწვანებისა და გატყევებისათვის.
უხვად ნაყოფმსხმოიარობს ყოველი 1-2 წლის შემდეგ, მოსავლის რაოდენობა 1 ჰექტარზე 200-400 კგ აღწევს. ადვილად იტანს დიდ და ხანგრძლივ ყინვებს, აგრეთვე გვალვასაც.
დიდი ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, ამიტომ მისი დარგვა-გაშენება შეიძლება არამარტო მაღალი მთის პირობებში, არამედ გაცილებით უფრო დაბლაც, თვით ზღვისპირამდეც კი.
ცირცელის ნაყოფი 4-8 პროცენტ შაქრებს შეიცავს (ფრუქტოზა, გლუკოზა, სორბოზა, საქაროზა), გარდა ამისა, მის შემადგენლობაში 2 პროცენტზე მეტი ვაშლის, ლიმონს, ყურძნის და ქარვის მჟავები, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები. შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას (ასკორბინის მჟავას 200 მგ-მდე. კაროტინს 20 მგ პროცენტამდე და ვიტამინ P-ს).
ნაყოფს ნედლად ჭამენ, ძირითადად კი მას გადაუმუშავებელი სახით იყენებენ. ამზადებენ ხილფაფას, მარმელადს, მურაბას, ღვინოს, ლიქიორს, ძმარს, ბურახს და სხვ. მათგან მზადდება ვიტამინიზებული სამკურნალო სიროფები. ამ მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყოფის წვენი შაქართან დაკონსერვებულ მდგომარეობაში. ხალხურ მედიცინაში ნაყოფს და ყვავილებს გამხსნელ და ოფლმდენ საშუალებად იყენებენ. გარდა ამისა, ნაყოფები შესანიშნავი საკვებია ორნიტოფაუნისათვის (ფრინველისათვის). მერქანი ფართოდ გამოიყენება წვრილმანი ნაკეთობების დასამზადებლად, ქერქი 14 პროცენტამდე მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. წვრილ ტოტებს საქონლის საკვებად იყენებენ, იგი მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის განვითარებისათვისაც, როგორც კარგი თაფლოვანი მცენარე.
ნაყოფების მნიშვნელობას დიდად ზრდის მათში მიკროელემენტების (კალიუმის პერმანგანატი, რკინა, სპილენძი, ალუმინიუმი) შემცველობა.
ცირცელის ყვავილს ხალხში საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს იყენებენ, ნაყოფებთან ერთად კი მათ გამოყენება აქვთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გაციებულობის და კუჭნაწლავების დაავადების დროს. ვეტერინარულ პრაქტიკაში ნაყოფის მაგარ ნახარშს საქონლის ფილტვების დაავადების დროს ხმარობენ.
ხალხში ნაყოფების წვენი გამოიყენება კუჭის წვენის დაბალმჟავიანობისას (იღებენ თითო ჩაის კოვზს ჭამის წინ). ნაყოფების არაყზე ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: ერთი ნაწილი ნაყოფი 10 ნაწილ არაყზე. იღებენ მადის მოსაგვრელად თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ.
მომჟავო-ტკბილი ნაყენის მოსამზადებლად 40 გ ნაყოფს ქვასანაყში ნაყავენ, ასხამენ 200 მლ მდუღარე წყალს და 4 სთ-ს დგამენ, ანჯღრევენ, ფილტრავენ სამფენა დოლბანდით, ამის შემდეგ გემოვნების მიხედვით შაქარს უმატებენ.
 ცირცელის ნაყოფის წვენს – ვაჟინს (1 კგ ახლად დაკრეფილი ნაყოფების წვენს 600 გ შაქართან ერთად ხარშავენ) კარგი გამხსნელი და ოფლმდენი საშუალება აქვს. გამოეყენება რევმატული ტკივილების, თირკმლის და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს, საუკეთესო საშუალება ავიტამინოზის ნიშნების დროსაც.

 

Don`t copy text!