Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 380

წითელი ნემსიწვერა  – Geranium sanguineum L – Герань кровяно-красная

ნემსიწვერასებრთა ოჯახს ეკუთვნის. წითელყვავილებიანი ნემსიწვერა მრავალწლიანი ბალახია. 30-50 სმ სიმაღლის ღერო სწორმდგომი ან წამოწეულია. უხვადდატოტვილი და აბურძგნილი ბეწვით დაფარული. ბეწვითაა დაფარული აგრეთვე ყვავილების ყუნწები, ჯამი და ფოთლების ყუნწები.
გარეგნული მოხაზულობით ფოთლები მომრგვალო-თირკმლისებრია და 5-7 სეგმენტადაა გაყოფილი. თითოეული სეგმენტი, თავის მხრივ, 5-7 ნაწილადაა დანაკვთული.
ყვავის სისხლისფერ-წითელი ყვავილებით ივნის-ივლისის განმავლობაში, ზოგჯერ აყვავებულ ეგზემპლარებს სექტემბერშიაც კი ვხვდებით. ყვავილის გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებრია და 15-20 მმ სიგრძისაა. თითო ყუნწზე თითო ყვავილია მოთავსებული.
დიდი რაოდენობით გვხვდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, უფრო მეტად - შეთხელებულ ტყეებში, ტყისპირას, ტყის მასივებში არსებულ ველებსა და დაბლობებზე, აგრეთვე ღია ადგილებშიც. მთაში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე აღწევს.
წითელ ნემსიწვერას საქონელი ხალისით ძოვს, ამასთან გამხმარს უფრო გემრიელად შეექცევა. მისი ფოთლები, ღერო და ფესვები მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით. ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. ფართოდ იყენებენ ვეტერინარიაშიც თურქულისა და საქონლის ეგზემის სამკურნალოდ.
 წითელი ნემსიწვერას ფესურა კუჭშემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო გავლენას ახდენს კუჭაშლილობის, კუჭ-ნაწლავის კატარის, დიზენტერიის დროს; გარეგან სახმარად უნიშნავენ, კერძოდ ნაყენის ტამპონებს ცხვირიდან სისხლდენის დროს. ნაყენის კომპრესი საუკეთესო საშუალებაა კანის დაავადებების მარგულის (წყლულის ერთ-ერთი სახეობა), კანის ანთებადი ქავილის და სხვათა სამკურნალოდ.
დასალევად იღებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და 8 საათის განმავლობაში დგამენ (ერთი დღის დოზა). ამავე გამონაწვლილს ხმარობენ ტამპონების და კომპრესებისათვის.
წითელი ნემსიწვერას ნახარშით იბანენ თავს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

 

წითელი მოცვი – Vaccinium vitis – idaea – Брусника

 

 

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა მოცვისებრთა ოჯახიდან, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ ფენებშია განლაგებული. ღერო სწორმდგომია, სუსტად დატოტვილი. ფოთლები ტყავისებურია, მოკლეყუნწიანი, ელიფსური ან უკუკვერცხისებრი, სიგრძით 3 სმ, სიგანით 2 სმ, ზემოდან მუქი მწვანეა, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია ფერის, მქრქალი. ყვავილები ზარისებრი გვირგვინია, თეთრი ან ვარდისფერი, შეკრებილია მოკლე, დახრილ კენწრულ მტევნად. ნაყოფი - მრავალკურკიანი ღია წითელი ფერის სფეროსებრი, პრიალა კენკრაა, დიამეტრით 8 მმ-მდე. თესლი მორუხო-წითელი ფერის კურკაა.
ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
წითელი მოცვი გვხვდება საქართველოს მთაგორიან ადგილებში, ტყეებში, ძირითადად შერეულ ან ფიჭვნარ ტყეებში, თითქმის ალპურ ზონამდე.
სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი; ფოთლებს აგროვებენ თოვლის დნობის დამთავრების შემდეგ, ყვავილობამდე. ფოთლებს აგლეჯენ ხელით, გაშავებულ ან ფერშეცვლილ ფოთლებს არ აგროვებენ.
ფოთლებს აშრობენ სხვენზე, თბილ შენობებში, კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. უნდა გაიფინოს ქაღალდზე ან ქსოვილზე თხელ ფენად (3-5 სმ), ხშირად აირიოს, გაშავებული ფოთლები პერიოდულად ამოირჩეს. შენახვის ვადა 3 წელია.
ნაყოფს ხელით კრეფენ გაზაფხულზე, როდესაც თოვლის დნობის შემდეგ კენკრა გამოჩნდება. მის შემადგენლობაში შემავალი ბენზოინის მჟავა,თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, კარგად ინახავს ნედლ ნაყოფს და ასევე მისგან მიღებულ პროდუქტებს.
წითელი მოცვის ფოთლები შეიცავს 9%-მდე არბუტინს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდ ჰიპეროზიდს და სათრიმლავ ნივთიერებებს, C ვიტამინს პროვიტამინ A-ს. ამ შემადგენლობიდან ძირითადია არბუტინი, რომელსაც ბაქტერიოციდური და შარდმდენი თვისებები გააჩნია.
ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-9%, ორგანულ მჟავებს, 2,3%-მდე. მათ შორის: ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. იგი ასევე შეიცავს პექტონებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდ ვაქსინინს, კაროტინს და სხვა.
წითელი მოცვის ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით არსებობა განაპირობებს მის მრავალმხრივ გამოყენებას. მისი ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალება. მისი ფოთლების წყლიან გამონაწურს იყენებენ ცისტიტების, პიელიტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კერძოდ ოსტერეოქონდროზის, ნიკრისის ქარების, სახსრების რევმატული დაავადების, არასპეციფიკური ინფექციური ართრიტების დროს.
წითელი მოცვის ნაყოფს იყენებენ ავიტამინოზის დროს. ნაყოფის წყლიანი ნაყენი ითვლება გაციების დროს წყურვილის მოკვლის შესანიშნავ საშუალებად.
მისი ფოთლების ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ გაცივებული 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად 6 გრ (2 სუფრის კოვზი) ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში ანადუღარი წყლის დამატებით შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ მიღებამდე) შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ხალხურ მედიცინაში ნედლი ნაყოფი ან მისგან დამზადებული მურაბა იხმარება დაბალი მჟავიანობის, გასტრიტების, კუჭის აშლილობის, ნიკრისის ქარების, რევმატიზმის დროს. ნაყოფის წვენს სვამენ მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის დროს, იყენებენ სურავანდის საწინააღმდეგოდაც. მას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებები.
ცივ ადგილას შენახვის დროს ნაყოფი ექვსი თვის განმავლობაში ინარჩუნებს 20-30% C ვიტამინს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნაყოფს აქვს აგრეთვე სედატიური მოქმედების უნარი, ამიტომ მისგან მომზადებული ნახარშის გამოყენება შეიძლება ჰიპერტონული დაავადების მსუბუქი ფორმების დროს.
მისი ნაყოფი როგორც შარდმდენი საშუალება გამოიყენება  რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს, აგრეთვე - სიმთვრალის დროს გამოსაფხიზლებლად. მისი წყლიანი გამონაწური ნაყოფთან ერთად ითვლება მადის აღმძვრელ საშუალებად, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამოყოფას.
გერმანიაში ფოთლების ნახარშს და ნაყენს გამოიყენებენ შარდის ბუშტის ანთების დროს. ავსტრიელების ხალხური მედიცინა კი თვლის, რომ ფოთლების ნახარში შარდსადენ გზებს დეზინფიცირებას უკეთებს.
ბულგარელები შემდეგნაირად ამზადებენ ნახარშს: წვრილად დაჭრილ ფოთლებს (3-4 ჩაის კოვზი) ხარშავენ 500 მლ წყალში  5-10 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ აცივებენ 15-20 წუთი, გადაწურავენ და სვამენ 100 მლ 3-4-ჯერ დღეში.

წალიკა – polygonum hydropiper – Горец перечный

წალიკას, როგორც სამკურნალო მცენარეს, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მას შესწევს უნარი გაასუფთავოს იარა და დაშალოს სიმსივნეები. წალიკას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ძველ ჩინეთშიც, როგორც გარეგან გამაღიზიანებელს. ევროპაში მას საფენებად და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად ხმარობდნენ.
ქართლ-კახეთში მას წყლის ინასა და ცხენის იანს ეძახიან, გურიაში - ულტამს, მესხეთში - დათვის ჩაღანდარს, იმერეთსა და რაჭაში - სალდას.
წალიკა განეკუთვნება მატიტელასებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი 70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, წვრილი ფესვებითა და დატოტვილი ღრუ, მწვანე, დამუხლული ღეროებით, რომლებიც ნიადაგში იდგამენ ფესვებს და შემოდგომისათვის ხშირად წითლდებიან. ფოთლები მორიგეობითია,  წაგრძელებულ-ლანცეტისებრი, 3-10 სმ-ის სიგრძის, მთლიანკიდეებიანი, შიშველი, ძირში ღერომხვევი ხალთით, რომელიც წარმოქმნილია ორი ფოთოლაკის შეზრდის შედეგად. ხალთა მორუხო, ნაპირებში მოკლეწამწამებიანი, შიშველია. ყვავილები წვრილია, მომწვანო, ზევით ხშირად ვარდისფერია. ყვავილსაფარი ოქროსფრად დაწინწკლულია, რაც მასში ფისების არსებობაზე მიუთითებს, მაგრამ ეს წერტილები მხოლოდ ლუპის ქვეშ შეიმჩნევა. მტვრიანა - 6, იშვიათად - 8, ბუტკო 2-3 სვეტით. ყვავილები შეკრებილი თხელ თავთავისებრ ყვავილედებად, რომლებით თანდათან გადადიან შეფოთლილ ღეროში. ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. ნაყოფი მოთავსებულია ყვავილსაფარში. იგი ცალ მხარეს გამობურცულია ან სამწახნაგოვანია, აქვს მუქი რუხი ფერი. მცენარის ახალ ფოთოლს აქვს წიწაკასავით ცხარე გემო, რაც შრობის მერე იკარგება.
წალიკა იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, ჭაობიან ადგილებში, ტენიან მდელოებზე, ხშირად როგორც სარეველა მცენარე.
მცენარეს კრეფენ ხელით, ზაფხულის ბოლოს, ყვავილობის პერიოდში, ხოლო დიდი რაოდენობით დამზადების დროს ხმარობენ ნამგალს. ნედლეულს ჭრიან მიწიდან 10-20 სმ-ის სიმაღლეზე. აშრობენ სწრაფად. შრობის დროს თხელ ფენად აწყობენ და ხშირად აბრუნებენ, ვინაიდან ხანგრძლივი დროით შრობის შემთხვევაში მცენარე შავდება. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია.
ნედლეულის შემგროვებლებს ხშირად ეშლებათ სამკურნალო წალიკა სხვა სახეობის მატიტელებში, თუმცა მხოლოდ წალიკას აქვს ცხარე გემო და მხოლოდ მას აქვს ყვავილსაფარზე ოქროსფერი წერტილები;. შედარებით ადვილი გასარჩევია ბოსტნის წალიკა (Polygonum pericaria L.), რომელსაც ვარდისფერი ყვავილები და ფოთლებზე მუქი სისხლისფერი ლაქები აქვს. შესაძლებელია ნედლეულს შეყვეს რბილი წალიკა, რომელსაც თხელი, თავდახრილი თავთავი აქვს (როგორც წალიკას), მაგრამ არ აქვს ყვავილსაფარზე წერტილები, რომლებიც მხოლოდ ლუპის ქვეშ შეიმჩნევა. ხალთა კი დაფარულია ხაოიანი ბეწვებით. სხვა მსგავსი სახეობებისაგან განსასხვავებლად საჭიროა ყვავილსაფარზე დაკვირვება.
წალიკაში აღმოჩენილია გლიკოზიდი პოლიგოგიპერინი, დიდი რაოდენობით ვიტამინი K, რომელსაც აქვს სისხლის შედედების უნარი შინაგანი სისხლის დენის დროს. ნაპოვნია აგრეთვე ფლავონური გლიკოზიდი რუტინი (რუტინს აქვს ვიტამინ P-ს თვისებები) და სათრიმლავი ნივთიერებები.
წალიკას პრეპარატებს იყენებენ საშვილოსნოდან სისხლის დენის, მტკივნეული მენსტრუაციის დროს. მისი ექსტრაქტების გამოყენება შეიძლება აგრეთვე სისხლის ამოხველების, შარდის ბუშტიდან, კუჭიდან და ჰემოროიდალური სისხლის დენის დროს. წალიკა ისევე მოქმედებს როგორც მატიტელა, მაგრამ მისი შედეგები ვლინდება უფრო ნელა და ამასთან აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც. წალიკას გამოყენება დაუშვებელია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს.
წალიკას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გრ (1-2 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, როგორც სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალება.
წყალში გახსნილ წალიკას წვენს ხმარობენ პირის ღრუში გამოსავლებად პაროდონტოზის დროს.
თავის ტკივილის დროს თითებში კარგად დასრესილ ბალახს იდებენ უკან, კეფაზე, მდოგვის ნაცვლად. ბუასილის დროს სვამენ წალიკას ნაყენს ან იკეთებენ აბაზანებს.

 

 

წაბლი  – Castanea Sativa Mill – Каштан посевной

წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ სიმსხოს ხეებიც. ყლორტები თეთრმეჭებიანი მოყავისფრო ქერქიანია. ხნიერი ტოტები კი ნაცრისფერკანიანია, ღეროს ქერქი მუქი-მოყავისფროა, ღრმად დაღარული.
10-25 სმ სიგრძის ლანცეტა, კიდეხერხკბილა, ზემოდან შიშველი ან სუსტად შებუსვილი, ქვემოდან დატოტვილი ბეწვებით შებუსვილი, ტყავისებრი ბოლოწვეტიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვითელი ყვავილები გრძელ აღმამდგომ თავთავისებ მჭადა თანაყვავილედებშია შეკრებილი, რომელთა სიგრძე 10-35 სმ ფარგლებში მერყეობს, სიმსხო კი 1 სმ-მდე აღწევს. თანაყვავილედთა უმეტესობა კი მხოლოდ მამრობითი ყვავილებისაგან შედგება, ნაყოფი ერთთესლიანი, ტყავისებრ კანიანი კაკალია. სამ-სამი, იშვიათად 1-7 ნაყოფი ბურთისებრ მრგვალი და ხშირეკლებიან საერთო საბურველშია გახვეული, რომელიც მომწიფებისას 4 სეგმენტად სკდება და ნაყოფები სცვივა.
წაბლი იფოთლება აპრილ-მაისში, ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება და სცვივა სექტემბერ-ოქტომბერსა და ზოგჯერ ნოემბერში, რამდენიმე წლის განმავლობაში ერთხელ უხვად ნაყოფმსხმოიარობს, ცოტა კი თითქმის ყოველ წელს ასხია. გავრცელებულია უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, სამეგრელო, რაჭა, იმერეთი, აჭარა, გურია). აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სურამ-ქვიშხეთსა და სამხრეთ ოსეთში. კახეთში ალაზნის მარცხენა ნაპირის მხარეშია გავრცელებული ახმეტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. გავრცელებულია ბარსა და მთის შუა სარტყელში ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე. ამ ნაშრომის ავტორთა მიერ შიდა აჭარაში არცთუ იშვიათად აღწერილია 1700-1800 მეტრზეც ზღვის დონიდან. მაგრამ საუკეთესო ზრდით ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გამოირჩევა.
ხშირად შერეულია მუხასთან, წიფელთან, სოჭსა და რცხილასთან. ერთ ჰექტარზე წაბლის მარაგი მისთვის ზრდის ოპტიმალური პირობებში 400-600 კუბმეტრს შეადგენს. იგი მეზოფიტი და სიცივის ნაკლებ ამტანი ჯიშია. კარგად იზრდება ტენით უზრუნველყოფილ ღრმა ნოყიერ ნიადაგებზე მთის შუა სარტყელში. მისი მერქანი მეტად მაღალხარისხოვანი და ფრიად გამძლეა ლპობისა და მავნე ენტომოფაუნის მიმართ. ფართოდ გამოიყენება მშენებლობასა და საავეჯო წარმოებაში, სხვადასხვა სახის საყრდენ მასალად სოფლის მეურნეობაში. ვიტამინებით მდიდარი მწვანე ნეკერი ფართოდ გამოიყენება მეცხოველეობაში.
ნაყოფი 60 პროცენტამდე სახამებელს, 15 პროცენტამდე შაქრებს, თითქმის 6 პროცენტამდე ცილებს და 2 პროცენტამდე ცხიმებს შეიცავს. მეტად ყუათიანია და კარგი გემოთიც გამოირჩევა, განსაკუთრებით მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში. გამოიყენება ტორტების, შაქარლამის, ნაყინის, კანფეტების და სხვა კულინარიული ნამზადისათვის. ხმელი წაბლის ფქვილით ამდიდრებენ პურის ფქვილს, იყენებენ ყავის შემცვლელად. საუცხოო საკვებია როგორც გარეული, ასვე შინაური ცხოველებისათვის. საშუალო საჰექტარო მოსავალი ტყეში 1 ტონამდე აღწევს.
წაბლის თითქმის ყველა ორგანო ტანინებით მდიდარია (მერქანში 8-18, ქერქში - 10, ნაყოფის ეკლიან საბურველში - 8-20, ახლად ჩამოცვენილ ფოთოლში - 12, დაცვენილ ყვავილედებში - 13 პროცენტი). ფართო შესაძლებლობები ისახება მისი მთრიმლავი ექსტრაქტების წარმოებაში დასანერგავად. ამ მიმართებით ნედლეული საკმაოდ უნდა იყოს, რადგან ჩამოცვენილი ფოთლების მასა ერთ ჰექტარზე 2000 კგ, თანაყვავილედები - 400 და ეკლიანი საბურველი 800 კგ შეადგენს.
წაბლი ფართოდ ცნობილი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლები K ვიტამინითა და ტანინებით სიმდიდრის გამო ხალხურ მედიცინაში შიდა ორგანოებში სისხლჩაქცევების დროს გამოიყენება. ქერქისაგან მაღალხარისხოვანი მელანი მზადდება. ყლორტები, ფოთლები და ნაყოფის კანი შავად და მუქყავისფრად ღებავს ქსოვილებს, საღებავად გამოიყენება ქერქიც.

 

ძმერხლი  – Ruscus Hypophyllum L – Иглица подлистная

შროშანასებრთა ოჯახის 60 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. მისი ფოთლისმაგვარი ტოტები (კლადოდიუმები) 2-4 სმ სიგანისა და 1 სმ-მდე სიგრძისაა, ბოლოში მოკლე ან საშუალო სიგრძის უეკლო წვეტით, კლადოდიუმები რკალისებრ ძარღვიანია, მოყვანილობით ოვალური ან ოვალურ-ლანცეტა, რომელნიც ღეროსთან მიმაგრების ადგილას ფოთლის ყუნწისებურადაა შევიწროებული.
ძმერხლის ნამდვილი ფოთლები ძლიერ სახეშეცვლილია. დაკნინებული და ფოთოლტოტების ანუ კლადოდიუმების ქვედა მხარეზე, შუა ნაწილში ქერქლებადაა წარმოდგენილი, სადაც აგრეთვე ყვავილები ვითარდება.
ორსახლიანი მომწვანო ან მოთეთრო ყვავილები კლადოდიუმების ქვედა მხარეს შუა ძარღვზე ჯგუფურად ზის. დაყვავილების შემდეგ ბურთივით მრგვალი წითელი კენკრა ნაყოფი ვითარდება. იზრდება უმთავრესად ნესტიანი ტყის ღელეებში, დასავლეთ საქართველოს რაიონებში ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. აღმოსავლეთ საქართველოში მარტო ბორჯომის ხეობაშია აღწერილი.
საუცხო საკვები მცენარეა, შესამჩნევად ზრდის წველადობას. ხასხასა მწვანე ფერის გამო შესანიშნავია გამწვანებისათვის, ზოგან ოთახის მცენარედაც იყენებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამხმარ მდგომარეობაში კლადოდიუმები ფორმასა და ხასხასა მწვანე ფერს არ იცვლის. ამიტომ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს საყვავილე მაღაზიებისათვის. ამის გამო უკანასკნელ ხანს მეტად მიუღებელი ფორმით უმოწყალო ექსპლოატაციას უწევენ ზოგი მეყვავილეობის მაღაზიების დამამზადებლები აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ სხვა რაიონებში.
მართალია არეალის მიხედვით ეს მცენარე ფართოდაა წარმოდგენილი, მაგრამ მისი მარაგი მცირეა, რაც უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა ზემოაღნიშნული ფაქტების გამო.
სავსებით სამართლიანად ძმერხლი გადაშენების ზღვრამდე მისულ მცენარედაა მიჩნეული საკავშირო წითელ წიგნში, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია ამ მცენარის დამზადების ყველგან აკრძალვა და მისი გამრავლების ხელშეწყობა.
წინათ ძმერხლის ნახარშს საშვილოსნოს სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც სისხლგამომდევნ საშუალებას მშობიარობის შემდეგ, თესლს ფქვავდნენ და ყვავილის სუროგატად იყენებდნენ. ნაყოფი იჭმება, მაგრამ არცთუ მაინცა და მაინც მიმზიდველი გემოს გამო მას ნაკლებად ეტანებიან.
ძმერხლის ნაყოფებისაგან გამოწურულ ზეთს გვამების ბალზამირებისათვის იყენებედნენ.

 

ძირტკბილა – Glycyrrhiza glabra – Солодка

ძირტკბილა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ. ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  მცენარეა იმ სამკურნალო მცენარეებს შორის, რომელთა დამზადება ხდება სამრეწველო წესით. მისი მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს დასამზადებელ ნედლეულს, შედგება დედა-ფესვისაგან და ვერტიკალური ჰორიზონტალური ფესურებისაგან, რომლებიც ქმნიან მრავალფენიან გადახლართულ და ნიადაგში ჩამაგრებულ დამატებით ფესვთა ქსელს. ისინი თითქმის 8 მ-ის სიღრმეზეა ჩასული და აღწევს გრუნტის წყლებს.
მიწისზედა ყლორტები ამოდიან არამარტო ძირითადი ფესვიდან, არამედ ჰორიზონტალური ფესურებიდანაც.
ღეროები შიშველი ან მოკლედ შებუსულია, საზოგადოდ, იშვიათად მიმობნეული წერტილოვანი ჯირკვლებით ან ჯირკვლოვანი ხორკლებით. ფოთლები კენტფრისებრრთულია, სიგრძით 5-20 სმ, ჯირკვლების დიდი რაოდენობის გამო წებოვანი, პრიალა, მკვრივი, მოგრძო კვერცხისებრი ან ლანცეტა, 3-10 წყვილი ფოთოლაკით. ყვავილედი ფოთლის უბეში მოთავსებული მტევანია, სიგრძით 5-12 სმ, საყვავილე ყუნწი 3-7 სმ-ია. ყვავილების გვირგვინი მოთეთრო-იისფერია, ჯამი - მახვილკბილებიანია, სიგრძით 8-12 სმ. ნაყოფი  მოგრძოა, სწორი ან ოდნავ მოღუნული 1-8 თესლიანი პარკია, სიგრძით 3,5 სმ-მდე. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
საქართველოში ძირტკბილა იზრდება ტენიან ადგილებში, დამშრალი მდინარის კალაპოტებში, ასევე ნაკადულების, არხის პირებზე. ძირტკბილა სარეველაა და ხშირად გვხვდება ნათესებში, ნასვენ მიწებში, ნარგავებში, მთიან ადგილებში, ზღვის დონიდან თითქმის 2000 მ სიმაღლეზეც კი გვხვდება.
როგორც აღვნიშნეთ, სამკურნალოდ გამოიყენება ძირტკბილას ფესვი და ფესურები. დამზადების დრო დამოკიდებულია გავრცელების ადგილსა და ამინდზე. ამის შესაბამისად დამზადება ხდება მარტიდან ნოემბრამდე.
სამრეწველო დამზადების დროს იყენებენ მექანიზაციას, ხოლო საოჯახო პირობებში თხრიან ნიჩბებით. შეგროვილ ფესვებს აწყობენ ფაჩხატ თივის ზვინზე, მზეზე გასაშრობად. ფესვები ასევე შეიძლება გაშრეს ფარდულში, ორპირ ქარში, ხოლო საშრობებში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუსს. ფესვი გამომშრალად ითვლება თუ იგი გადაღუნვის დროს ტყდება.
ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.
ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებში შედის საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთი და სხვა ნივთიერებები.
ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ნახარში ძირითადად გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების ანთების, ფილტვების იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა, რადგან ფესვებში არსებული საპონინები არბილებენ და აადვილებენ ხველას. ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები იხმარება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, როგორც შარდმდენი, სპაზმოლიტური საშუალება.
ძირტკბილას ფესვებისაგან ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი. დაახურეთ თავსახური, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15-20 წთ. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გაწურეთ; მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ხმარობენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდის შეკავების დროს. ძირტკბილას ფესვების გამონაწური ასე დაამზადეთ: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ (1/2 ლიტრი) წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ.
გაცივების შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ღვინის ჭიქა ყოველი ჭამის წინ.

 

ძირმწარა – Aristolochia Clematis L – Кирказон ломоносовидный

ძირმწარასებრთა ოჯახში შედის. ძირმწარა 30-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი თავისებური სასიამოვნო სუნის მქონე, მოკლე მხოხავფესვურიანი მცენარეა. სწორმდგომი რამდენადმე დაკლაკნილი შესახედაობის ღერო უფრო ხშირად მარტივი, ე. ი. არ იტოტება, იშვიათად გვხვდება მცირედ დატოტვილ ეგზემპლარებიც.
ღია მწვანე ფერის კიდემთლიანი, გულისებრფუძიანი, საკმაოდ გრძელყუნწიანი, კვერცხისებრი ან მომრგვალო ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული და ზედა მხრიდან უფრო მუქ-მწვანეა ქვედა მხარესთან შედარებით.
18-25 სმ სიგრძის ყვითელი ყვავილები ფოთლების იღლიებში ჯგუფურადაა განლაგებული, 2-8 ცალის რაოდენობით.
მოუმწიფებელი ნაყოფი მწვანე ფერის ხორციანი, მსხლისებრი ან მომრგვალო ფორმის კოლოფია, რომელიც მომწიფებისას 5-6 სმ სიგრძეს აღწევს და 6 გრძივი ნაბზარით იხსნება. ყვავის და ნაყოფი უმწიფდება მაის-სექტემბრის განმავლობაში.
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან ბუჩქნარებსა და ტყეებში, კერძოდ, წიფლნარებში, ტყის ნესტიან ველობებზე, ხევებში, ტყის ნაკადულების პირას. სამკურნალოდ გამოიყენება უფრო ხშირად ფესვურა, ზოგან ნაყოფი და ფოთლებიც. შეგროვების ვადაა მაის-ივნის-ივლისი.
საქართველოში ჩვეულებრივ ძირმწარას გარდა გვხვდება აგრეთვე სამკურნალო სახეობა - ქართული ძირმწარა - (Aristolochia iberica F. A. M.). გარეგნულად იგი იმით გამოირჩევა, რომ მისი ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული. ყვავილსაფრის გადანაღუნი, მომწვანო-ყვითელ ფონზე. სხვადასხვაგვარ სურათს იძლევა. ხახაში ყვითელი ლაქები არ აქვს (როგორც ჩვეულებრივ ძირმწარას), ფოთლები უფრო დიდი ზომისაა, ფართო კვერცხისებრი. გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში და კახეთში. დეკორატიულია. ორივე სახეობა ერთნაირი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ხალხური მედიცინა ძირმწარას ფესურის და ფოთლის გამონახარშს და მისგან მიღებულ წყლის გამონაწვლილსა და სპირტზე ნაყენს იყენებს ხველის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ჭრილობების შეხორცების დამაჩქარებელ საშუალებას და წყლულების მკურნალობისას სველი საფენების სახით. მცირე დოზით მის ნაყენს იყენებენ ოფლისა და შარდმომგვრელ საშუალებად. მასში შემავალი ალკალოიდი "არისტოლოხინი" ტოქსიკური ბუნებისაა და იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გაგანიერებას. სუნთქვის რამდენადმე აღგზნებით ამცირებს სისხლის წნევას ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიაში.
ძირმწარას წყლის გამონაწვლილის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილ ფესვურას იღებენ ერთ ჩაის კოვზს, რომელსაც ასხამენ წინასწარ ანადუღარ და გაგრილებულ ერთ ჭიქა წყალს, ასე ტოვებენ რვა საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გაწურავენ და ერთ ჭიქა გამონაწვლილს იღებენ ერთი დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ რამდენიმეჯერ.
გარეგან სახმარად (სველი საფენები) იღებენ ორ ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფესვებს ორ ჭიქა წყალზე, რომელსაც ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე და გაგრილების შემდეგ წურავენ სუფთა დოლბანდში ან ძაბრში ჩაფენილი სუფთა ბამბით.
ძირმწარა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობითაა დასაშვები.

 

ძეძვი  – Paliurus Spina – Christi Mill – Держи-дерево колючее

ხეჭრელისებრთა ოჯახის 1-4 მ სიმაღლის ხშირტოტებიანი და ეკლიანი ბუჩქი. ჩვილი ტოტები წვრილი ბუსუსებითაა შემოსილი, შემდეგ კი შიშველი. საკმაოდ ყუნწიანი არასიმეტრიულად კვერცხისებრი, და კიდედაკბილული, სამრკალძარღვიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფოთლებით და ყლორტებით ძეძვი ძალიან ჰგავს უნაბს. ფოთლების ყუნწების ძირში წყვილწყვილი ან თითო მოკაუჭებული მაგარი ეკალი ზის.
მცირე ზომის მოყვითალო ყვავილები ფოთლების იღლიებში მოკლე მტევნებადაა შეკრებილი. მოხაზულობით მომრგვალო ბადროსებრი, ტალღოვან მშრალფრთიანი ნაყოფი შუაში ორივე მხრიდან ამობურცული და გრძელყუნწიანია, რომელიც მომწიფებულ მდგომარეობაში მოჩალისფრო ან მოვარდისფროა.
ძეძვი უფრო ხშირად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული ზღვის დონიდან უმეტეს ნაწილად 1200 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში კი ზღვისპირეთის ქვიშნარებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზეა გავრცელებული. რაჭაში მცირე რაოდენობითაა აღწერილი სოფლების წესისა და კვაცხუთის მიდამოებში.
შესანიშნავი ბუჩქია ცოცხალი ღობეებისათვის, საძოვრებზე კი მავნე მცენარებადაა მიჩნეული, რადგან მის რაყებში ცხვარი დიდი რაოდენობით მატყლს სტოვებს, გარდა ამისა მისი ეკლები მტანჯავ ტკივილებს აყენებს საქონელს.
ძეძვის ფოთლები და ქერქი შემკვრელი თვისებისაა, ამიტომ ხალხურ მედიცინაში მათი ნახარში გამოიყენება კატარისა და კუჭაშლილობის დროს.
ყვავილები დიდი რაოდენობით ნექტარს იძლევა და შესანიშნავ თაფლოვან მცენარედაა აღიარებული. ფოთლები 176 მგ% ვიტამინ C. შეიცავს.
ნაყოფების ნახარში ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც კარგი ამოსახველებელი საშუალება. დადებით ეფექტს იღებენ ბრონქიალური ასთმის საწყის სტადიაში გამოყენებით.
ნახარშის მოსამზადებლად ერთ ჩაის ჭიქა ნაყოფს 1 ლ წყალს ასხამენ, ნელი დუღილით 10-15 წუთს ხარშავენ. სვამენ თბილ მდგომარეობაში ღვინის ჭიქით ყლუპ-ყლუპობით დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

 

ძახველი – Viburnum opulus – Калина

 

ძახველი 4 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია ცხრატყავასებრთა ოჯახიდან, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით და გლუვი ყლორტებით. ფოთლები ერთმანეთის მოპირისპირედაა განლაგებული, ფართო კვერცხისებრია, სიგრძით 5-10 სმ, ხუთნაკვთიანი, ყუნწიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვემოდან უფრო ღია ღერის, სუსტად შებუსული ფოთლის ძარღვების გასწვრივ. ყვავილები თეთრია და ორი სახისაა: კიდურა - უნაყოფო, მსხვილი ქოლგისებრი. გვირგვინით, დიამეტრით 2,5 სმ-მდე, შიდა - ნაყოფის მომცემია, პატარა გვირგვინით (0,5 სმ-მდე). ნაყოფი  ღია წითელი ფერისაა, ოვალური ან სფეროსებრი, წვნიანი, 1 სმ-მდე დიამეტრის მსხვილი კურკით.
ძახველი ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
საქართველოში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც.
ნედლეულად ამზადებენ ძახველის ქერქს, გაზაფხულზე, წვენის ინტენსიური მოძრაობის დროს, აპრილ-მაისში. ამ პერიოდში ქერქი ადვილად სცილდება ხეს. ტოტებს ჭრიან მიწიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე ირიბად. მოჭრილ ტოტებზე აკეთებენ წრიულ ნაჭდევებს ერთმანეთისაგან 10-15 სმ დაშორებით, შემდეგ გრძივ ნაჭდევებს უკეთებენ და აცლიან ქერქს ღარებად ან მილისებურად. უმჯობესია ბუჩქნარს გვერდითი ტოტები მოაჭრათ, რათა ძირითადი ტანი არ დაზიანდეს და ახალი ყლორტები ამოიყაროს.

 

ნაყოფს კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, სრული სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში. კრეფის დროს სასურველია ნაყოფი არ დაიჭყლიტოს.
იმის გამო რომ ძახველი ძალზე ნელა იზრდება, ხოლო ქერქის დამზადების დროს ხშირად მთელ ბუჩქებს ანადგურებენ, კარგი იქნება თუ თითოეული თქვენგანი დარგავს ამ სამკურნალო მცენარეს საკუთარ ბაღში ან აგარაკზე.
ქერქს აშრობენ სხვენზე, თუნუქის სახურავის ქვეშ, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში. მშრალი ქერქი მოღუნვის დროს ტყდება. მისი შენახვა შეიძლება 4 წლამდე.
ძახველის ნაყოფს ჯერ ჰაერზე აშრობენ, შემდეგ ღუმელებში, 60-80 გრადუს ტემპერატურის დროს. გამშრალ მარცვლებს აცლიან და ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში, მშრალ ადგილას.
ძახველის ქერქი შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს 2%-მდე, ფისებს 6,5%-მდე, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K-ს, ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, სათრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ამისათვის, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით. დალიეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს, გამოიყენება აგრეთვე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე გინეკოლოგიური დაავადების დროს სისხლისდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება.
დამამშვიდებელი მოქმედება აქვს აგრეთვე ძახველის ნაყოფსაც, მისგან ამზადებენ ჩაის: 1 სუფრის კოვზს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში. ასეთი ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფის წვენი და ასეთი სახის ჩაი სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების დროს.
ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.
ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს. ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.
ახალგაზრდა ტოტების ქერქის ნახარში კარგი  საშუალებაა ფეხების ოფლიანობის დროს.
ძახველის წვენი გამოიყენება აგრეთვე საოჯახო კოსმეტიკაში ფერისმჭამელების მოსაშორებლად და დიათეზის დროს (ისვამენ სახეზე 30 წთ-ით ადრე დაბანამდე).

 

ძაღლის სატაცური – Tamus Communis L – Тамус обыкновенный

დიოსკორეასებრთა ოჯახში შედის. ჩვენს წიფლნარებში და მუხნარებში, აგრეთვე სხვა ფორმაციის ტყეებში ფართოდ გავრცლებული მრავალწლიანი მხვიარა მცენარეა. მისი ტუბერის მსგავსად გამსხვილებული ფესვი, რომლის სიგრძე ზოგჯერ 1 მეტრსაც კი აღწევს, ნიადაგში საკმაოდ ღრმად მიდის, გარედან მუქი მოყავისფრო, ხოლო შიგნით მოთეთრო ფერისაა.
ფესვის ყელიდან ჩვეულებრივ რამოდენიმე ღერო ამოდის, თითოეული მათგანის სიგრძე 4 მ-მდე აღწევს.
გრძელყუნწიანი კიდემთლიანი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. რკალნერვიანი ფოთლის ფირფიტა კვერცხისებრია, ღრმა გულისმოყვანილობის ფუძითა და წვეტიანი ბოლოთი.
მდედრობითი ყვავილები მოკლეყუნწიან მტევნებადაა თავმოყრილი ფოთლების იღლიებში. მამრობითი ყვავილების მტევნები ხშირად ფოთლს ყუნწზე გრძელია.
სფერული ფორმის წითელი, კენკრა ნაყოფი 3-6 თესლიანია, ყვავის აპრილ-ივნისში.
ძაღლის სატაცურის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილები შხამიანია. თავდაპირველად ქართული ხალხური მედიცინა იყენებდა მის ფესვებს რევმატიზმის სამკურნალოდ, როგორც გარეგან საშუალებას.
ძაღლის სატაცურის ფესვი გამოიყენება ქართულ ხალხურ მედიცინაში და კავკასიის სხვა მხარეებში რევმატიზმისა და იშიასის სამკურნალოდ. კლინიკური დაკვირვებებით დადასტურებულია ძაღლის სატაცურის ნახარშის ეფექტურობა აღნიშნული დაავადებების მკურნალობისას.
 ძაღლის სატაცურის ჩვილ ყლორტებს ადუღებენ, წყალს რამდენიმეჯერ გადაწურავენ, შემდეგ კვლავ ახალ წყალში ნახარშს შეამზადებენ და საჭმელად იყენებენ, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით ჭამა კუჭაშლილობას იწვევს.
ძლიერი ტოქსიკური თვისებების გამო, ძაღლის სატაცურის საკვებად გამოყენება დაუშვებლად უნდა მივიჩნიოთ.

 

Don`t copy text!