Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 384

ფშატი – Elaeagnus Angustifolia L – Лох узколистный

ფშატისებრთა ოჯახში შედის. ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი და ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა 3-7 (10) მ სიმაღლით. ორივე, ან მარტო ქვედა მხრიდან ვერცხლისფერ თეთრი, ლანცეტა ფორმის, 3-7 სმ სიგრძისა და 0,4-1,5 სმ სიგანის ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ჩვილი ყლორტები მთლიანად მოვერცხლოსფერო ქერქლებითაა დაფარული. ტოტებსა და ყლორტებზე ქერქი მოწითალო ან მუქი მურა ფერისაა.
ორსქესიანი, მძაფრსუნიანი ყვავილები 1-3 ცალიან ჯგუფებად ფოთლების უბეებშია განლაგებული. მცირე რაოდენობით ინვითარებს მამრობით ყვავილებსაც.
0,7-1,4 სმ სიგრძის და 0,5-1 სმ სიმსხოს მრგვალი ან ოვალური მშრალხორცოვანი ნაყოფი ერთთესლიანი კურკიანაა.
ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, უხვად ნაყოფმსხმოიარობს ყოველწლიურად.
ფშატი ჩვეულებრივი ჭალის მცენარეა და ნესტიან ადგილებში იზრდება. მაგრამ იმავე დროს დიდ სიმშრალესაც იტანს ხანგრძლივი გვალვების დროს. ადვილად მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით, კალმებითა და ძირკვის ამონაყარით.
უმეტესწილად ჭალებში იზრდება, გხვდება მშრალ, ხრიოკ ფერდობებზეც, კარგად იტანს წყლით დროებით დატბორვას, იტანს ნიადაგის დამლაშებას, მისი ფესვები მარილებს არ ითვისებს, ამიტომ მიწის ზედა ნაწილებში მარილების დაგროვება არ აღინიშნება.
ნაყოფის მშრალი ხორცოვანი რბილობი, ველურ ფორმებში მთელი ნაყოფის წონის 52 პროცენტს შეადგენს, რომელიც 40 პროცენტზე მეტ შაქრებს შეიცავს. გარდა ამისა, მასში ნაპოვნია კალიუმისა და ფოსფორის მარილები, აგრეთვე 10 პროცენტზე მეტი ცილები.
ნაყოფს ჭამენ როგორც უმად, ასევე მისი ფქვილით ამდიდრებენ პურის ფქვილს. ნაყოფის ფხვნილს შემკვრელი თვისება გააჩნია და კუჭაშლილობის დროს გამოიყენება.
ფშატის გუმფისის გამოყენება შესაძლოა საქსოვ წარმოებაში, წებოს მოსამზადებლად, ლაქსაღებავების დასამზადებლად.
ფოთლებსა და ქერქს ტყავის გასათრიმლავად და მის შავფერად ან ყავისფრად შესაღებად ხმარობენ.
ფშატის ფესვებზე არსებულ კოჟრებში მცხოვრები ბაქტერიები ახდენენ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის ფიქსირებს, ამიტომ ფშატი ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. იგი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა და რაც მთავარია ეფექტურად წმენდს ჰაერს მავნე მინარევი გაზებისაგან, რის გამოც ფრიად სასურველი მცენარეა ქალაქების გასამწვანებლად.
 ფშატის ნაყოფებისაგან მიღებულია მთრიმლავი კოლოიდური ნივთიერებების კონცენტრატი – ფშატნი, რომელიც კუჭისშემკვრელად გამოიყენება ენტეროკოლიტის დროს. პრეპარატის მიღების შემდეგ უმჯობესდება ავადმყოფთა მომნელებელი ორგანოების ფუნქცია და საერთო მდგომარეობა. იგივე იხმარება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ნაირგვარი დაავადებების დროს. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ შფატი ცხოველთა ნაწლავების მოტორული ფუნქციის დამუხრუჭებას იწვევს, ექსპერიმენტულად გამოწვეული კუჭაშლილობის დროს. იგი ადგილობრივ გამაღიზიანებელ გავლენას არ ახდენს.

 

ფუნთუშა მწვავე  – Sedum Acre L – Очиток едкий, или седум

სქელფოთლიანთა ოჯახის წარმომადგენლია, ფუნთუშას კახეთში, რაჭაში და იმერეთში კატაძუძუს ეძახიან, აჭარაში კაკნისაკვნეტელა, კაკნისაკნატურას. მრავალწლოვანი, 4-15 სმ სიმაღლის მცენარეა. თასმისებრი დატოტვილი ფესურით. საყვავილე ყლორტები ზეაღმართულია, უნაყოფო ტოტები კი მიწაზეა გართხმული. კრამიტისებურად განწყობილი სუკულენტური ფოთლებით.
ზურგის მხარეს ამობურცული, ძირში გასქელებული, 2-5 მმ სიგრძის, შიშველი, კვერცხისებრი, ხორცოვანი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. თითოეულ ყვავილედში სულ 3-5 ყვავილია, რომელიც ყლორტების კენწეროებზეა თავმოყრილი. ყვავილის ჯამის ფოთოლაკები ხუთია, ნაცრისფერმწვანე, ან მოყვითალო. ყვავილის გვირგვინი ჯამზე 2-3-ჯერ უფრო გრძელია, 5 ოქროსფერი-ყვითელი, ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტა წვეტიანი გვირგვინის ფურცლებით. ყვავის მაისიდან ივლისის ჩათვლით, ზოგჯერ აგვისტოშიც.
იზრდება მთელი ტყიანი ზონის ქვედა სარტყელიდან დაწყებული სუბალპების ჩათვლით, ზოგან ალპურ სარტყელშიც კი აღწევს. მისი უმთავრესი ადგილსამყოფელია კლდეები და ქვაინი ადგილები, მშრალი ხირხატნიადაგიანი ფერდობები. გვხვდება აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, მთიულეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.
ხალხურ მედიცინაში გარეგან სახმარად გამოიყენება დამწვრობისა და წყლულების სამკურნალოდ. მის ნაყენს სვამენ ეპილეფსიის, მალარიის დროს, აგრეთვე როგორც გამხსნელ და პირსასაქმებელ საშუალებას. ექსპერიმენტებში იწვევს სისხლის წნევის მომატებას .
ნედლ, დანაყილ ფუნთუშას კიბოს წყლულოვან კერებზე იდებენ, რომელიც ასეთ კერებს ასუფთავებს, საქონლის ქონში არეული მისი წვენი კარგი საშუალებაა თავის კანზე არსებული გამონაყრების, ჩირქოვანი მუწუკების მოსარჩენად. ეპილეფსიის სამკურნალოდ, ფხვნილად ქცეული გამხმარ ფოთლებს ხმარობენ შაქართან შერევით დღეში ორჯერ (დილით და საღამოთი) თითო მიღებაზე 15 გ რაოდენობით. მკურნალობა გრძელდება არანაკლები სამი თვისა.
ცნობილ ბერძენ ბუნების მკვლევარსა და მკურნალს ჰიპოკრატეს ეს მცენარე სიმსივნების გასაკურნ საშუალებად მიაჩნდა. ზოგი ექიმი ფუნთუშას ნაყენს (2-3 სუფრის კოვზი ბალახი ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე) ურჩევს ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ, მიღების წესია სუფრის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
ნედლი, დანაყილი ფუნთუშა ბალახი ხალხში კანის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ბულგარეთის მედიცინის მონაცემების მიხედვით დამტკიცებულია ფუნთუშას ტკივილიგამაყუჩებელი მოქმედება ბუასილის და ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების დროს. იგი დიურეტულ გავლენას ახდენს, რაც ამართლებს მის გამოყენებას სისხლის მაღალი წნევის დროს.
ბულგარეთის ხალხური მედიცინა მის დალევას ურჩევს ეპილეფსიის, სურავანდის, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. გარეგან სახმარად რეკომენდებულია ნედლი, დანაყილი, ფაფისებრი მასის ახალწარმონაქმნზე (კანის სიმსივნეებზე) დაფენა.

 

ფიჭვი  – Pinus sylvestris  – Сосна обыкновенная

 

 ფიჭვი მარადმწვანე წიწვიანი ხეა ფიჭვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 40 მ-მდე, სწორი ტანით, კონუსისებრი ან მომრგვალებული ვარჯით.
ქერქი მურა-წითელი ფერისაა, ტოტებზე მოყვითალო კვირტები მოგრძო-კვერცხისებრია, წამახვილებული, სიგრძით 6-12 სმ, ფისოვანი, გარშემო სამკუთხა-ლანცეტისებრი ქერქლით, გამჭვირვალე აპკისებური კიდით. წიწვები წყვილწყვილადაა განლაგებული, მონაცრისფრო-მწვანეა, ოდნავ მორკალული, სიგრძით 4-7 სმ, ყლორტებზე 2-3 წელი ჩერდება. მამრობითი გირჩები მრავალრიცხოვანია, ყვითელი, შეკრებილია მიმდებარე ყლორტის ფუძესთან. მდედრობითი-მოწითალოა, ცალკეულად ან 2-3 იმავე ყლორტების წვეროებშია.
გირჩები 17 თვის მანძილზე მწიფდება, მოგრძო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 7 სმ-მდე, ნაცრისფერი, ფრთიანი თესლებით.
ფიჭვი გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში, ბევრ ადგილას გვხვდება ფიჭვნარები. ფიჭვი კარგად ხარობს ღარიბ ქვიშნარ ნიადაგებში, მდინარეთა ხეობებში, ინტენსიურად იზრდება პირველი 30-40 წელი, ყოველწლიურად იმატებს 70-80 სმ. ცოცხლობს 350-400 წელი.
მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ფიჭვის კვირტებს, წიწვებს და ფისოვან გამონაყოფს, რომელიც ხის ტანის მექანიკური დაზიანების ადგილებზე გამოიყოფა. მისგან მზადდება კანიფოლი, სკიპიდარი და სხვა პროდუქტები.
ფიჭვის კვირტებს აგროვებენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მცენარეთა ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ, მშრალ ამინდში. ჭრიან მჭრელი დანით 2-3 სმ სიგრძის ყლორტის კენწრულ ნაწილს და აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში. არ შეიძლება მათი გაშრობა თუნუქის სახურავიან სხვენზე, ან ღუმელებში, რადგან ხდება კვირტებიდან ფისების აორთქლება. გამშრალი კვირტები გარედან მონაცრისფრო-მოვარდისფროა, გადატეხისას მწვანეა, ან მურა. აქვს მწარე გემო, არომატულია. ინახავენ გრილ, ჩაბნელებულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ქილაში ერთი წელი.
ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთეზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიკრინს. წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს. ფისოვანი გამონაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს, ტანიდებს, ფისოვან მჟავებს. ასკორბინის მჟავას რაოდენობა მეტია ორ და სამწლიან წიწვებში ზამთარში და ადრე შემოდგომით.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. მათ გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისება და აქვთ ნახველის გამოყოფისა და მისი გაწოვის უნარი. მათგან დამზადებული ექსტრაქტები მოქმედებს ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად. აქვთ აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება.
ფისოვანი გამონაყოფისაგან დამზადებული სკიპიდარი გამოიყენება გარეგანად იშიასის, ნევრალგიის, მიოზიტისა და რევმატიზმის დროს, ხოლო სკიპიდარის ლინიმენტი იხმარება არტრიტების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.
ფიჭვის წიწვებისაგან მიღებული პრეპარატი ცინაბინი გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ნეფრიტებისა და ნევროზების დროს. ფიჭვის წიწვებისგან ამზადებენ ვიტამინებით მდიდარ პრეპარატებს, ნაყენებს, კონცენტრატებს ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის.
ფიჭვის კუპრი გამოიყენება მალამოების სახით კანის დაავადებების სამკურნალოდ (ფსორიაზი, ეგზემა). იგი შედის ვიშნევსკის მალამოს შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში ფიჭვის კვირტების ნახარში გამოიყენება წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. იყენებენ აგრეთვე როგორც ნაღვლისმდენ საშუალებას. ფიჭვის მტვრისა და თაფლის ნარევს იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ასევე საერთო სისუსტის დროს ავადმყოფთა გასამაგრებელ საშუალებად.
ფიჭვის ნედლი წიწვებისაგან ვიტამინიან სასმელს ამზადებენ შემდეგნაირად: 50 გრ-მდე მთელ წიწვებს პატარა ულუფებით ყრიან მდუღარე წყალში (250 მლ), ადუღებენ 20 წუთი (გაზაფხულზე შეგროვებულ წიწვებს ადუღებენ 40 წუთი), გადაწურავენ, გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ ცოტა ძმარსა და შაქარს. სვამენ დღის განმავლობაში ორ მიღებაზე. ზამთრის პერიოდისათვის ფიჭვის წიწვების ნედლად შესანახად მის ტოტებს თოვლის ქვეშ ინახავენ ან ცივ ნაგებობაში 2 თვის განმავლობაში. შესაძლებელია საცხოვრებელ ბინაში წყალში ჩადგმული ტოტები შევინახოთ 10 დღის განმავლობაში. წიწვებისაგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ აბაზანებში ნერვული და გულის სისხლძარღვთა დაავადების დროს.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული ნახარში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება ნახარშის მოსამზადებლად 10 გრ (1 სუფრის კოვზი) კვირტები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ან მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთი. შემდეგ ამოიღეთ ჭურჭელი, გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის  მიღებამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით. ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, როგორც ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი საშუალება.
ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ ხმარობენ კვირტების ნახარშსა და ნაყენს ინჰალაციის სახით. ნაყენის მოსამზადებლად იღებენ 20 გრ კვირტს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე.
ფიჭვის კვირტები წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალო ნაკრების შემადგენელ ნაწილს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფიჭვის კვირტების სპირტიან ნაყენს ფილტვების ტუბერკულოზის დროს, მაგრამ მისი სპეციფიკურობის გამო იხმარება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.
ჰიპოკრატეს დროიდან დაწყებული დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ ფიჭვის წიწვების წყლიან ექსტრაქტებსა და ფიჭვის ფისებისაგან დამზადებულ სკიპიდარს ბრონქებისა და ფილტვების დაავადების დროს.
ხალხურ მედიცინაში ზემოთ აღწერილი წესით მომზადებული ნახარშების გარდა, ბრონქიტებისა, ანგინის, რევმატიზმის, გაცივების, იშიასის სამკურნალოდ შემდეგნაირად მომზადებულ ნაკრებს იყენებენ: 100 გრ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2,5 ლ წყალი, ხარშეთ მანამ, სანამ არ დადგება 0,5 ლ, ცხელი ნახარში გადაწურეთ და დაუმატეთ 250 გრ კრისტალური შაქარი, ხოლო გაცივების შემდეგ 250 გრ თაფლი. ბულგარელები მასში უმატებენ აგრეთვე 10 გრ დარიჩინს, 5 გრ მიხაკს და 1 მუსკატის კაკალს, სვამენ ყავის ფინჯნით – 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

 

ფითრი – Viscum album – Омеля белая

ფითრი მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, მრავლადატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზეც. ფოთლები ტოტებზე მოპირისპირედაა განლაგებული, სქელი ტყავისებრი, მოგრძო-ლანცეტისებრი ან ელიფსური ფორმისაა, კიდემთლიანი, ყვავილები წვრილია, მოყვითალო-მწვანე, მარტივი სამ-ოთხ ფურცლიანი ყვავილსაფარით, ერთსქესიანი, მამრობითი 3-4 მტვრიანათი, მდედრობითი 3-4 ბუტკოიანი ზედა ნასკვით. ნაყოფი მოყვითალო 1 სმ-მდე სიმსხოს, მრგვალი, თესლიანი ცრუ კენკრაა, რომელიც გარედან წებოვანი გარსითაა დაფარული.
ფითრი ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც დაბლობში, ისევე მთაში. იგი გარკვეულწილად ზარალს აყენებს მებაღეებს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას არამარტო როგორც სამკურნალო მცენარე, არამედ როგორც საქონლისა და ფრინველის საკვები.

 

სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები. ისინი შეიცავენ ალკალოიდის მსგავს ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, სპირტებს, ქოლინს, ამინომჟავებს და სხვა.
ფითრის ყლორტებს აგროვებენ გვიან შემოდგომით, როდესაც ძირითადი მცენარის ფოთლები ჩამოცვივა. აშრობენ საშრობებში ან თბილ ნაგებობებში, წინასწარ ამტვრევენ 5-10 სმ სიგრძის ნაჭრებად.
ფითრის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლისაღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და შესაძლებელია მისი გამოყენება ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაში. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც.
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრ ფოთოლი მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩიას ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში.
ნახარშის მისაღებად 6-8 გრ ფოთოლი მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20-30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, შემდეგ დოლბანდზე გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

 

ფარსმანდუკი – Achillea millefolium – Тысячелистник

ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება რამდენიმე მსხვილი ლანცეტისებრი ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი. ღერო დაუტოტველია, სიმაღლით 20-40 სმ, მცირეფოთლიანი შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო, კეწრულ ნაწილში თავდება მსხვილი რთული ყვავილედით – ფარით. ფარის წვრილ ტოტებზე სხედან პატარა ყვავილედები – კალათები. კალათები მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ენისებრი ყვავილით და კალათის შუაში მოთავსებული რამდენიმე მილისებრი, ასევე თეთრი, ყვავილით, გარედან კალათას აქვს კრამიტისებურად განლაგებული საფარველი, რომელიც შედგება წაგრძელებული, მომწვანო, კიდეებში სიფრიფანა ფოთლებისაგან. მთელი მცენარე სურნელოვანია. ყვავის ივნისიდან ოქტომბრამდე.
ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. ქართლ-კახეთსა და ფშავი მას მელაკუდასა და მელისკუდას ეძახიან, ხევსურეთში – ციცისკუდას, მთიულეთში – მელაგუნდას, თუშეთში – წყლულის ბალახს, რაჭასა და იმერეთში – კრავისკუდას. იგი ხარობს მდელოებში, მინდვრებში, დასახლებული ადგილების მახლობლად.
ფარსმანდუკისაგან ამზადებენ ორი სახის ნედლეულს – ბალახსა და ყვავილედებს. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში (ივნისში, აგვისტოს პირველ ნახევარში), ჭრიან ღეროს 15 სმ-ის სიმაღლეზე. ყვავილების შეგროვების დროს კრეფენ კალათებს ან ფარებს 2 სმ სიგრძეზე. ნედლეულს ჭრიან დანით ან ნამგლით, აწყობენ თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში. მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ბალახის შენახვის ვადა 2 წელია, ხოლო ყვავილებისა 5 წელი.
ფარსმანდუკი შეიცავს 0,8%-მდე ეთერზეთს (მთავარი კომპონენტია აზულენი), მწარე ნივთიერებებს, ვიტამინ K-ს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდ ახილენს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.
ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად. ბალახის ნაყენს ხმარობენ თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენს – კუჭის დაავადებისა და ფაღარათის დროს.
მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლისდენისას აიღეთ ფარსმანდუკი – 5 წილი, წიწმატურა – 5 წილი, მარწყვაბალახა – 5 წილი, მუხის ქერქი – 2 წილი, 1 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წთ. შემდეგ გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა.
კანის ჩირქოვანი დაავადების დროს აიღეთ 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას.

უცუნა ლამაზი  – Colchicum Speciosum Stev – Безвременник великолепный

შროშანისებრთა ოჯახს ეკუთვნის. უცუნა ფრიად უცნაური მცენარეა, ნაყოფი გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე მწვანე ფოთლებთან ერთად, ყვავის შემოდგომით. იგი ლამაზად მოყვავილე ტუბერბოლქვიანი მცენარეა. ტუბერბოლქვი წაგრძელებული და ცალ მხარეს ამობურცულია. მის მოპირისპირე მხარეს კი შებრტყელებულია, სიგრძით 7, სიგანით კი 3 სმ-ია, დაფარულია მუქმოყვავისფრო ვაგინებით, რომელნიც წვერისაკენ მილადაა წაგრძელებული.
მოკლე ღეროზე 3-4 შიშველი, ხორცოვანი, მბრწყინავი, წაგრძელებული-ლანცეტა ფოთლები სიგრძით 25-40 სმ, სიგანით კი 2-4 სმ., ერთი ტუბერბოლქვიდან 1-3, მოვარდისფრო ყვავილი ამოდის. ყვავილსაფარის მილი სამწიბოიანია, 20-25 სმ სიგრძის, რომელიც მიწის პირიდან 8-10 სმ-ით ამოდის მაღლა. ყვავილსაფარის გვირგვინის ფურცლისებრი ნაწილები ბლაგველიფსურია, შიგნითა მხარეს ბუსუსებით. ბუტკო სამნასკვიანია, რომელიც ყვავილსაფარის მილის მიწისქვეშა ნაწილშია ჩამალული.
წაგრძელებულ-კვერცხისებრი წვეტით დაბოლოებული სამად გამოყოფილი ნაყოფი კოლოფაა. თესლი მუქი-მოყავისფროა, თითქმის მრგვალი, ხორცოვანი თანათესლით.
ყვავის აგვისტო-სექტემბერში, როგორც უკვე თქვი, ყვავილობისას მცენარეს ღერო და ფოთლები არა აქვს. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა. განაყოფიერებული ნასკვი მიწისქვეშ იზამთრებს. მეორე წელს კოლოფა ნაყოფი ფოთლებთან ერთად მიწის ზედაპირზე ამოდის. თესლი ივნისში მწიფდება და უცუნას მიწისზედა ნაწილები ხმება. ამ დროს ხდება ახალი დედა ტუბერბოლქვის განვათარება და ძველი დედა ტუბერბოლქვის კვდომა.
აქ განხილული უცუნა და მასთან ახლო მდგომი C. autumnale L. საკმაოდ ფართო ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეებია, გავრცელებულია, ზღვის დონიდან 150-3000 მ სიმაღლის ფარგლებში. გვხვდება წაბლნარ, წიფლნარ და წიფლნარ-რცხილნარ ტყეებსა და ალპურ საძოვრებზეც. ხშირად სუბალპურ ტყეებში. სინათლის მომთხოვნია და ტენით უზრუნველყოფილი, მაგრამ დრენირებულ ნიადაგებზე იზრდება. ვერ უძლებს მდგარი წყლით დაჭაობებას. ტუბერბოლქვების მოსავალი ტყეში 20-40 ც/ჰა აღწევს, სუბალპებში კი 25 ც/ჰა არ აღემატება.
უცუნამ ჯერ კიდევ ფიტოქიმიის განთიადზე მიიქცია მკვლევართა ყურადღება. პელტემ და კავენუსმა უცუნას ტუბერბოლქვიდან 1829 წელს სხვა ნივთიერებებთან ერთად გამოჰყვეს ყვითელი ამორფული ნივთიერება ალკალოიდის თვისებით და შეცდომით იმ დროს უკვე ცნობილ ალკალოიდად ვერატრინად მიიჩნიეს. 13 წლის შემდეგ გერმანელმა მეცნიერმა ჰეიგერმა გაიმეორა უცუნას გამოკვლევა, გამოჰყო მისგან ალკალოიდისმაგვარი ნივთიერება და დაამტკიცა, რომ იგი ვერატრინი არაა. ამის დადგენა არც თუ ძნელი იყო. ვინაიდან ვერატრინს გააჩნია თვისება, რომ შეუკავებელი ცხვირცემინება გამოიწვიოს, ეს თვისება სრულიადაც არ გააჩნდა უცუნასაგან გამოყიფილ ნივთიერებას. ჰეიგერმა ამ ახალ ნივთიერებას კოლხიცინი უწოდა.
მაგრამ მხოლოდ 1856 წელს იქნა მიღებული უცუნას ნამდვილი ალკალოიდი, რომელსაც ძველი სახელწოდება შეუნარჩუნეს. გამოირკვა, რომ ჰეიგერმა თავის დროს მიიღო არა ალკალოიდი, არამედ მისი დაშლის ერთ-ერთი პროდუქტი – კოლხიცინი.
კოლხიცინი მეტად შხამიანი გამოდგა. სამედიცინო პრაქტიკაში მისი გამოყენება 1853 წლიდან დაიწყეს რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. 1866 წელს ავსტრიელმა ექიმმა შკოდამ ერთ-ერთ თავის ლექციაზე განაცხადა, “სახსრის რევმატიზმის წინააღმდეგ ჩვენ არ ვიცით უკეთესი საშუალება, ვიდრე კოლხიცინია”. ბევრი ევროპული ქვეყნის ფარმაკოპეაში კოლხიცინი დღესაც შემორჩენილია. ამჟამად იგი თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფარმაკოპეაში შედის, როგორც ნიკრისის ქარისა და სხვა დაავადების სამკურნალო.
გარდა სამედიცინო დანიშნულებისა, კოლხიცინს სხვა გამოყენებაც აქვს, რაც მის მეტად საინტერესო იმ თვისებაზეა დამყარებული, რომ გაყოფის პროცესში მყოფ მცენარეულ უჯრედთან კონტაქტის შემთხვევაში იწვევს პოლიპლოიდის მოვლენას. პოლიპლოიდურ უჯრედებში იზრდება უმნიშვნელოვანესი მემკვიდრელი აპარატის – ქრომოსომთა რიცხვი.
1937 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ეიგსტმა, ბლეკსლიმ და აივერმა აღმოაჩინეს, რომ კოლხიცინით დამუშავებული თესლისაგან პოლიპლოიდური მცენარე ვითარდება. ამით სელექციონერებმა მიიღეს მეტად მარტივი და მყარი მეთოდი მცენარეთა პოლიპლოიდური ფორმების მისაღებად. უცუნა ფრიად ეფექტურია მავნე მწერების წინააღმდეგ.
1948 წელს ჩეხოსლოვაკიელმა ქიმიკოსმა შანტავიმ დაიწყო უცუნას სისტემატური და ღრმა ქიმიური გამოკვლევა და შედარებთ მოკლე დროში მისგან 20-მდე ალკალოიდი გამოჰყო. ერთ-ერთ ამ ალკალოიდთაგანს შანტავის ნივთიერება ეწოდა, რომელმაც გამოყენება ჰპოვა კანის კიბოს თერაპიაში.
სამედიცინო პრაქტიკაში უცუნას ტუბერბოლქვი და თესლი გამოიყენება. უცუნას ალკალოიდებიდან მედიცინაში კოლხიცინი ნიკრისის ქარის, ხოლო კოლხამინი (ამინი) ქრონიკული ლეიკოზებისა და კანის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება.
კანის კიბოს სამკურნალოდ ომაინის (კოლხამინის) მალამოს უსვამენ კანის დაზიანებულ ნაწილს. ომაინის მალამოს, განსაკუთრებით მასზე გიალურონიდაზის დამატებისას დიდი უნარი აქვს შეაღწიოს ლორწოვან გარსში და ორგანიზმის კანის საფარველშში. ამასთან კიბოიან უჯრედებზე შერჩევითი ზემოქმედების თვისება აქვს და საღ უჯრედებს თითქმის არ შლის. მკურნალობის ბოლოს შეიმჩნევა ეპითელიზაცია კარგი კოსმეტიკური ეფექტით. საუკეთესო გავლენით ხასიათდება კიბოს საწყის სტადიაში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მანამ სხვა საშუალებებით არ არის ნამკურნალები. დოზების გადაჭარბებას შეიძლება თან მოჰყვეს ადგილობრივი და საერთო ინტოქსიკაციის მოვლენა. უცუნას გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მტკიცე ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება.

 

ურთხელი, უთხოვარი – Taxus Baccata L – Тис ягодный

ურთხელისებრთა ოჯახის 20-25 (32) მ სიმაღლის ორსახლიანი ხეა 1,5 მეტრამდე დიამეტრითა და მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. მისი სქესგაყოფილი ყვავილები ცალ-ცალკე გაბნეულია ვარჯში. თესლი შემოხვეულია წითელი ხორცოვანი საჭმელად ვარგისი თესლით, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება და ტკბილი წვენით ივსება.
საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა, საუკუნეების განმავლობაში დაუზოგავი გაძლიერებული ექსპლუატაციის გამო. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე. მდ. ალაზნის ზემოწელში, პანკისის ხეობაში.
ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მ სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს.
მიუხედავად საკმაოდ ვრცელი არეალისა, ამჟამად გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. საუცხოოა გამწვანებისათვის.
საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს.
ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია. მათ ადრე დასავლეთის ქვეყნებში საკვებად აძლევდნენ მეწველ საქონელს წველადობის გაზრდის მიზნით. წიწვებს იყენებდნენ გულის სამკურნალოდ და წყლისადმი შიშის დასაოკებლად.

 

უნაბი – Ziziphus Jujuba Mill – Зизифус настоящий, или унаби

ხეჭრელისებრთა ოჯახში შედის. დატოტვილი 3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია ან 6-8 მ სიმაღლის ხეა და კუთხულ-დაბრეცილი ყლორტებით, რომლებზეც 3 სმ-მდე სიგრძის გრძლად წაწვეტილი ეკლებია განლაგებული. ქერქი ღეროზე მუქი მოშაოა, ყლორტებზე კი მოყავისფრო.
განიერი ლანცეტა ან კვერცხისებრი, ზემოდან მბრწყინავი ქვემოდან ბაცი, 20-50 მმ სიგრძის, 15-20 მმ სიგანის, კიდეწვრილხერხისებრდაკბილული, არათანაბარგვერდებიანი, მეტად მოკლე ყუნწიანი ფოთლები, წვრილ ყლორტებზე ორ მწკრივადაა განლაგებული და ასეთი თავისებურები სგამო კენტფრთართულ ფოთოლს მოგვაგონებს. ხუთწვერიანი პატარა ყვითელი ყვავილები სამ-სამ ყვავილიან მჭიდრო თანაყვავილედებად შეჯგუფული ფოთლების უბეებშია განლაგებული. მრგვალი ან მოგრძო ოვალური ფორმის, მბრწყინავკანიანი, 15-20 მმ სიგრძის, მუქმოწითალო ან მოყავისფრო, ხორციანი ნაყოფებიც ფოთლების უბეებშია განლაგებული.
 შუა აზიის და ამიერკავკასიის მთებში იგი ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზეა აღრიცხული. ფრიად გვალვაგამძლე მცენარეა, ამავე დროს 30 გრადუს ყინვასაც იტანს.
ნაყოფი 40 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 5 პროცენტზე მეტ პროტეინს, 1,5 პროცენტზე მეტ ქარვის და ვაშლის მჟავებს, 2,5 პროცენტამდე პენქტინოვან ნივთიერებს, 2 პროცენტზე მეტ ფისებს, 1,2 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. ფრიად მდიდარი C ვიტამინით (880 მგ პროცენტამდე). იჭმება როგორც უმი, ასევე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული.
გამოყენებულია საკონდიტრო წარმოებაში და გამაგრილებელი წყლების დასამზადებლად. ნაყოფები უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც რბილი ამოსახველებელი, მატონიზებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება. ამჟამად მეცნიერული მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდდამდენი თვისება გააჩნია. ცალკეული ექიმი-მკვლევარები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს. ხშირ შემთხვევებში სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა ბევრ ავადმყოფს უნაბის ნაყოფებით ჩატარებული სპეციფიური მკურნალობის შედეგად.
უნაბის ფოთლები 10-20 მგ პროცენტამდე C ვიტამინს შეიცავს და მაანესთეზირებელი თვისებებიც გააჩნია. ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში ადამიანი დროებით ჰკარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.
ქერქი ტყავის გასათრიმლად და შესაღებად, ხოლო მკვრივი, მოწითალო გულიანი მერქანი წვრილი სახარატო ნაკეთობისათვის გამოიყენება.

 

ტყის ჩიტისთვალა – Asperula Odorata L – Ясменник душистый

ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მრავალწლიანი 10-60 სმ სიმაღლის, სწორმდგომი ოთხწახნაგოვანღეროიანი მცენარეა. თხელი, თავწვეტიანი ლანცეტა ფორმის, კიდეხაოიანი მუქიმწვანე ფოთლები ღეროზე რგოლურადაა განლაგებული, რომელთა რიცხვი თითოეულ რგოლში 6-8 არ აღემატება.
თეთრი ყვავილები (გახმობისას შავდება) თავმოყრილია კერულ, მეჩხერ ნახევარქოლგა თანაყვავილედებად. ნაყოფი მოკლე კაუჭაბეწვიან გარსშია მოთავსებული. გვხვდება უმთავრესად დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვანსა და წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ხშირია წიფლნარებსა და ნაძვნარ-სოჭნარებში.

ჩიტისთვალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს კუმარინს, გლიკოზიდ ასპერულოზიდს, ციტრონსა და ასპერტანის მჟავებს, პიროკატეხინის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ფისებს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთს. ჩიტისთვალას პრეპარატები შეისწავლება როგორც ჰიპოტენზიური საშუალება. ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალა გამოიყენება, როგორც საგულე საშუალება (დამაწყნარებელი და სპაზმების საწინააღმდეგო), აგრეთვე ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, შარდის ბუშტის კენჭოვან-ქვიშიანი დაავადებების დროს, აძლიერებს დიურეზს .
გერმანიის ხალხური მედიცინა მას იყენებს დამაწყნარებლად, უძილობის, მუცლის ტკივილის, ნერვებაშლილობის და მენსტრუაციული ანომალიების დროს. გამოიყენება აგრეთვე ოფლისა და შარდმდენ საშუალებად. იყენებენ წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი (დაახლოებით 1,8 გ ) წვრილად დაჭრილი ბალახი 1 ჭიქა ცივ წყალზე. დგამენ 8-10 საათის განმვლობაში, სვამენ ერთი დღის განმავლობაში საჭირო სიფრთხილე. დიდი დოზით მიღება იწვევს პირღებინებას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას.
უკრაინის ხალხური მედიცინა ჩიტისთვალას სხვა სამკურნალო ბალახებთან შერევით, როგორც მსუბუქად გამხსნელ საშუალებას, ხმარობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ხოლო როგორც შარდდენის გამაძლიერებელი, საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს შარდის ბუშტისაგან ქვებისა და ქვიშის გამოდევნისათვის.
თვით მარტო ჩიტისთვალას უკრაინაში იყენებენ დოზით: 10-15 გ 1 ლ მდუღარე წყალზე (მთელი ღამე თბილ ღუმელში დგამენ); სვამენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-4-ჯერ.
ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალას ნედლ ბალახს უფრო ეფექტურ მომქმედად მიიჩნევენ ხმელთან შედარებით. რეკომენდებული ნაწლავების ჭვალის, უძილობის, შეტევითი ისტერიის, დისმენორიის, ღვიძლის დაავადებებისა და სიყვითლის დროს. მოქმედებს აგრეთვე შარდმდენ და ოფლისმომგვრელად წყალმანკის დროს და საშარდე ბუშტში ქვებისა და ქვიშის დაგროვების საწინააღმდეგოდ. იღებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი ერთ ჭიქა ცივ წყალზე, დგამენ 8 საათის განმავლობაში და ერთი დღის განმავლობაში სვამენ რამოდენიმეჯერ. ჩიტისთვალას ზეთი ლიქიორისა და ლუდის წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ფესვები ხასხასა წითელ ფერად ღებავს ქსოვილს.

 

ტყის მარწყვი – Fragaria vesca – Земляника лесная

 

ტყის მარწყვი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება წვრილი ფესვები და გრძელი მიწისზედა მხოხავი ყლოტები. ყლორტები მუხლებიდან ნიადაგში ფესვებს იდგამენ და ხორციელდება მცენარის ვეგეტაციური გამრავლება. მიწისზედა ნაწილი შედგება ფესვთანური ფოთლებისა და წვრილი პწკალებისაგან 1-2 ზრდადაუსრულებელი პატარა მარტივი ფოთლით. ამ ღეროებზე ვითარდება ყვავილები. ფესვთანური ფოთლები სამფოთოლაკიანია, სხედან გრძელ ყუნწებზე და ქმნიან როზეტს.
ყვავილები თეთრია, მსხვილი, სხედან გრძელ ყუნწებზე, ქმნიან ნახევარქოლგას. მარწყვის ნაყოფი ცრუა. იგი წარმოიქმნება ყვავილსაჯდომის გამსხვილებისაგან. ნაყოფი წვნიანი წითელი რბილობია, რომელშიც მოთავსებულია წვრილი, მშრალი, მოგრძო თესლურები. ტყის მარწყვი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში.
ტყის მარწყვს იმერეთში დადალას ეძახიან, რაჭაში – წიწინდერას, სულხან-საბა უწოდებს უელს, ხოლო სამეგრელოში – წიწიმდერას.

ტყის მარწყვი გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებში, მდელოებში, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე და ბუჩქნარებში.
ნედლეულად იყენებენ ნაყოფს, ფოთლებს და ფესვებს. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს. ფოთლებს კრეფენ ყუნწების გარეშე ყვავილებისა და ნაყოფის დამწიფების პერიოდში. ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, აცილებენ წვრილ ფესვებს და აშრობენ.
უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანში მარწყვმა შეიძლება გამოიწვიოს ჭინჭრის ციების მსგავსი ალერგიული გამონაყარი.
ტყის მარწყვის ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. შედარებით კარგად არის შესწავლილი ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. მასში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე, ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) დასათრიმლავ ნივთიერებები (0,4%-მდე), ვიტამინები: B, C,  კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი.
ფოთლებში აღმოჩენილია სათრიმლავი ნივთიერებანი, ვიტამინი C (250-280 მგ %), ალკალოიდის კვალი და გლიკოზიდი ფრაგარინი. ფესურებსა და ფესვებშიც ნაპოვნია სათრიმლავი ნივთიერებები (9,4%-მდე).
ტყის მარწყვის ხილი ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების, ატონური გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ თავი ნიკრისის ქარისაგან განიკურნა ტყის მარწყვის ნაყოფით.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ ნაღვლისმდენ საშუალებად. მას გააჩნია აგრეთვე დიურეტიკული მოქმედების უნარი. ნაყოფის წვენს, ნაყენს და ნახარშს აქვს ოფლმდენი თვისებები, უკლავს წყურვილის სურვილს, აუმჯობესებს ჭამის მადას. ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად წითელი ქარის დაავადებების დროს, პატარა ჭრილობების, ეგზემისმაგვარი მდგომარეობის, კანზე ლაქების, ჭორფლისა და ფერისმჭამელების მოსაცილებლად. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სუფრის კოვზ ახალ წვენს. შეიძლება ნაყენის დასამზადებლად გამოყენებული იქნეს გამშრალი ნაყოფი და ფოთლები. ერთ ჭიქა ნაყენს იღებენ ერთი დღის განმავლობაში.
ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენს იღებენ როგორც ოფლმდენ, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებას, აგრეთვე თირკმელში და ღვიძლში ქვების, ავიტამინოზის, საშვილოსნოდან სისხლის დენისა და გაცივების დროს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშებსაც, ფაღარათების, თირკმელში და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის, კანის დაავადებების და სისხლისდენის დროს. ახალი ფოთლები ჭრილობის შესახორცებელი კარგი საშუალებაა.
სამკურნალოდ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მწვანე მარწყვი (Fragaria viridis Duch), რომელიც ამავე რაიონებში ხარობს, რომელშიც იზრდება ტყის მარწყვი, მაგრამ გვხვდება უფრო გაშლილ, სწორ, ბალახოვან ფერდობებზე. მისი ნაყოფი ბურთისებრია, მოყვითალო-თეთრი, წითლდება მხოლოდ წვერში და ძნელად სცილდება ყვავილსაჯდომს.
ტყის მარწყვის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 სთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ გასტრიტების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათების დროს.

Don`t copy text!