Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 385

ქრისტესბეჭედა  – Sanicula Europea L – подлесник европейский

ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლიანი ტიპიური ტყის მცენარეა. იგი მხოლოდ ტყეებსა და ტყისპირებში იზრდება. სწორმდგომი ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა. ღეროს ძირში შეჯგუფული სამ-ხუთად გაყოფილი ფოთლების ფორმა მომრგვალო გარემოხაზულობისაა. თითოეული სეგმენტი სამნაკვთიანია, ფოთლის ნაპირები კი დაკბილულია. ღეროზე განლაგებული ფოთლები დაკნინებულია, ზოგჯერაც ღერო სავსებით უფოთლოა, ყვავის მაის-ივნისში 3-5 სხივიანი, ქოლგებად შეკრებილი თეთრი ყვავილებით. მრავალრიცხოვანი კაუჭებით დაფარული ნაყოფები ტანსაცმელს და საქონლის ბეწვს ადვილად ედება და ამ გზით შორ მანძილზე ვრცელდება. გვხვდება უმთავრესად ნაძვნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში, წიფლნარებში, ჩრდილოეთისაკენ მიმართულ ფერდობებზე, დასახლებულ ფიჭვნარებსა და ფიჭვნარ-ნაძვნარებში., აგრეთვე მუხნარებშიც. კარგად ეგუება ტუტე რეაქციის ნიადაგებს. ამიტომ ასეთი ნიადაგების ინდიკატორად ითვლება. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის ტიპების დადგენისათვის.
ქრისტესბეჭედას ფოთლებს მალამოსა და მონახარშის სველი საფენების სახით ხალხი დუდკოს (საწერელის, გარცმულას) სამკურნალოდ იყენებს. წყალზე ნაყენი ხველების, ხოლო ფხვნილი კი ჭრილობებზე დასაყრელ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ქრისტესბეჭედას ნორჩ ყლორტებს ყვავილიანად გაზაფხულ-ზაფხულზე აგროვებენ. ჭრიან წვრილად და ახმობენ ჩრდილში. ხმელი მცენარისაგან ადვილად მზადდება ფხვნილი. ხალხში იგი პოპულარულია ფილტვებიდან სისხლღებინების დროს. გარდა ამისა ფოთლები ე.წ. შვეიცარული ჩაის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

 

ქერიფქლა  – Verbascum Thapsiforme Schrad – Коровяк скипетровидный

შავწამალასებრთა ოჯახის მაღალი, ორწლოვანი, რუხი ბეწვებით სქლად შებუსვილი მცენარეა. 30-200 სმ სიმაღლის ღერო მარტივი ანუ დაუტოტავია. პირველ წელს ფესვის ყელთან როზეტად განლაგებულ ფოთლებს ივითარებს, ხოლო მეორე წელს ღეროს, რომელიც ყვითელი კაშკაშა ყვავილებით შემკული მტევნით ბოლოვდება.
ფესვის ყელთან განლაგებული 10-40 სმ სიგრძის ფოთლები მჯდომარე ან მოკლე ყუნწიანი, წაგრძელებული და ელიფსური ფორმისა, ღეროზე განლაგებული მოგრძო ფოთლები კიდეხერხკბილაა.
ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება. ქერიფქლა ძირითადად მშრალი, სილნარი, ღია ადგილების მცენარეა, მაგრამ ხშირად გვხვდება გამეჩხრილ ტყეებსა და ტყეკაფებზეც. განსაკუთრებით ხშირია მშრალ ფიჭვნარებში. მთაში 2000 მ სიმაღლემდე და ზოგან უფრო მაღლაც იზრდება.
ფუტკარი ყვავილის მტვერს აგროვებს და მით ავსებს ფიჭის უჯრედებს. სასარგებლო ბალახია ხრიოკი ადგილების გასამშვენიერებლად.
მედიცინაში ყვავილის გვირგვინის ფურცლები ჯამის გარეშე გამოიყენება ამოსახველებელ საშუალებად, ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას.
მას ანთების საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს ზედა სასუნთქი გზების კატარის და ძლიერი ხველის შემთხვევაში. იყენებენ აგრეთვე კუჭ-ნაწლავის დაავადების სამკურნალოდ. ამ მიზნით იყენებენ გამონაწვლილს (15-20 გ ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე) იღებენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. პოლონელი მეცნიერებისაგან რეკომენდებულია 10%-იანი ნახარშის მიღება ძილის წინ თაფლთან ერთად, როგორც დამაწყნარებელი საშუალება.
ხალხში უფრო ფართოდ იყენებენ: სულის ხუთვის, თავის ტკივილის, ბრონქიალური ასთმის, ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის კატარის, ღვიძლისა და ელენთის სამკურნალოდ და შარდმდენ საშუალებად. ამ დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ ნაყენს (2 სუფრის კოვზი ყვავილის გვირგვინის ფურცლები 2 ჭიქა მდუღარე წყალზე), იღებენ 50 გ ყოველ სათში ერთხელ. ზოგან ფაღარათიანობის წინააღმდეგ მთელი მცენარის (ღერო-ფოთლები) ნახარშს ხმარობენ. ფოთლების რძეზე ნახარშს შემამსუბუქებელ საშუალებად ურჩევენ ჩირქოვანი მუწუკების, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების, ბუასილისა და სირსველის სამკურნალოდ.
ფხვნილად ქცეული ყვავილის გვირგვინის ფურცლებს ძუძუმწოვი ბავშვებიანი ქალები დახეთქილ ძუძუსთავზე იყრიან შეხორცების დასაჩქარებლად. ამავე მიზნით გამოიყენება თითებშორის დამსკდარი კანის სამკურნალოდ.
ციმბირის მოსახლეობა ფოთლებისა და ფესვების ნახარშს სვამენ ქრონიკული ცისტიტის დროს შარდმომგვრელ საშუალებად. ქერიფქლის ყვავილის გვირგვინის ფურცლების ჩაის სმით ხალხი წარმატებით მკურნალობს ბუასილს. სისხლდენა 2-3 დღეში წყდება და საერთოდ რამდენიმე დღეში ავადმყოფობა სავსებით ქრება.
ბულგარეთში თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ ქერიფქლას, მაგრამ განსხვავებული დოზით: ყვავილის გვირგვინის ფურცლებს 2 ჩაის კოვზის რაოდენობით იღებენ და ერთ ჭიქა წყალს ასხამენ. მოზრდილთათვის იგი დღე-ღამის, ხოლო ბავშვებისათვის კი 2 დღე-ღამის დოზაა.

 

 

ქაცვი – Hippophae rhamnoides – Облепиха

ქაცვი ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან. სიმაღლით 1,5-3,5 მ, იშვიათად 10 მ-მდე სიმაღლის ხეა. მას ქართლში კატაფშატას, ჭყარტლას ეძახიან, კახეთში – ეშმაკის ფეხას, რაჭაში – ტუნირს, გურიაში – ყვავტყემალას. აქვს სუსტი, ზედაპირული, ზონრისებური ფუნჯა ფესვთა სისტემა, ეკლის დაბოლოებული ყლორტები.
ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, სირგძით 2-8 სმ, სიგანით 0,5 სმ. კიდემთლიანი, ზემოდან მონაცრისფრო-მუქი მწვანე, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი, დაფარული თეთრი და რუხი ვარსკვლავისებრი ბუსუსებით.
ყვავილები ორბინიანია, სწორი ხამისებური, უფურცლებო ყვავილსაფარით. ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმისაა, 1 სმ-მდე სიგრძის კურკით, სპეციფიკური გემოთი და არომატით.
ყვავილობს აპრილ-მაისში, ფოთლების გაშლამდე ან მასთან ერთად. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბრის განმავლობაში.

 

ქაცვი გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლემდე. გვხვდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე ერთნაირად კარგად იტანს როგორც ზაფხულის სიცხეს, ასევე ზამთრის ყინვასაც.
ამზადებენ ქაცვის მწიფე ნაყოფს. ნაყოფის შეგროვებას აწარმოებენ  ხელით, ჩამობერტყვით,ტოტების დამტვრევით (რაც ცხადია აჩანაგებს ქაცვის ბუჩქებს) ან სპეციალური, მოღუნულბოლოებიანი მავთულის პინცეტის საშუალებით და ათავსებენ სპეციალურ ტარაში. ახლადშეგროვილ ნაყოფს ინახავენ არაუმეტეს 3 დღისა გრილ, ბნელ ადგილას, ხოლო გაყინულს – ექვსი თვის განმავლობაში.
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.
ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს  უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს.
გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.
ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად. თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2-3 კვირის განმავლობაში.
ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად: 3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი (ნატურალური) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2-3 ჭიქა დღეში (უმჯობესია უზმოზე).
ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ 5 წთ-ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება. 2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
საზოგადოდ, ქაცვის მიღების დროს გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება. ქაცვის ზეთის მისაღებად გაჭლეტილ, წვენგამოწურულ მასას დაასხით ასეთივე რაოდენობით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა). ნარევი შედგით ჰაერღუმელში წყლის აბაზანით და გააჩერეთ იქ 24 სთ-ის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე. უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იშლება და მიღებულ ზეთს ეკარგება სამკურნალო თვისებები. შემდეგ შეგრილებული ნარევი გაწურეთ. თუ გინდათ მიიღოთ უფრო დიდი პროცენტული შემადგენლობის ქაცვის ზეთი, წვენგამოწურულ ახალ მასას დაასხით უკვე მიღებული ქაცვის ზეთი და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. ორი, სამჯერადი გამეორებით მიიღება მაღალი ხარისხის ქაცვის ზეთი. შეინახეთ გრილ ადგილას, ბოთლებში. ერთი კვირის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ.

 

ქართული ყოჩივარდა  – Cyclamen Vernum Sweet – Дряква весенняя

ფურისულასებრთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი ტუბერისმაგვარი განიერფესვურიანი მცენარეა. იგი ადრე გაზაფხულზე, ცისთვალას, თეთრყვავილასა და სხვა ადრე მოყვავილე, ტყის კალთის ქვეშ მოზარდ ყვავილებთან ერთად წითელი (მოვარდისფრო) ლამაზი ყვავილებით ამკობს ჩვენს ტყეებსა და ბუჩქნარებს. ზემოდან და ქვემოდან შებრტყელებული, მომრგვალო ფესვურის სიმსხო 2-4 სმ ფარგლებში მერყეობს. ფესვები ფუნჯისებრია და ტუბერის ქვედა მხარეს ვითარდება.
ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზოგჯერ მოგრძო კვერცხისებრ გულისნაირი, კიდემთლიანი, ზემოდან თეთრ-მომწვანო, ლაქებით. საერთოდ ყვავილების ყუნწები სწრომდგომია, მაგრამ ყვავილობამდე და ყვავილობის ჟამს თავდახრილი, დაყვავილების შემდეგ კი სპირალურად ეხვევა და თესლი მიწაში ჩააქვს.
ყოჩივარდას ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობა შხამიანია და ყველა ცხოველს წამლავს, გარდა ღორისა. გამხმარი ტუბერი ტოქსიკურობას ჰკარგავს და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება.
მრავალრიცხოვანი წითელი ყვავილებით და თეთრლაქებიანი ფოთლებით ყოჩივარდა ლამაზი მცენარეა, იგი ფართოდ ინერგება დეკორატიულ მებაღეობაში; სელექციონერებმა გამოიყვანეს მისი საბაღო ფორმებიც.
ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლის და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტის და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატიური თავის ტკივილების დროს ცხვირის ნესტოებში ფესურის თბილ წვენს იწვეთებენ.
ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ნერვებაღგზნებულობის დროს. რეკომენდებულია აგრეთვე ნევრალგიის, საჭმლის მონელების მოშლის, გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალების და რევმატული ტკივილების შემთხვევებში.
ხმარობენ ფესურის წყალზე ნაყენს ცხელ მდგომარეობაში (1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა 2 ჭიქა წყალზე, ორი დღის დოზა), ან სპირტიან ნაყენს (1გ ნედლეული 10გ 70 გრადუსიან სპირტზე). 30-40 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.

ფშატი – Elaeagnus Angustifolia L – Лох узколистный

ფშატისებრთა ოჯახში შედის. ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი და ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა 3-7 (10) მ სიმაღლით. ორივე, ან მარტო ქვედა მხრიდან ვერცხლისფერ თეთრი, ლანცეტა ფორმის, 3-7 სმ სიგრძისა და 0,4-1,5 სმ სიგანის ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ჩვილი ყლორტები მთლიანად მოვერცხლოსფერო ქერქლებითაა დაფარული. ტოტებსა და ყლორტებზე ქერქი მოწითალო ან მუქი მურა ფერისაა.
ორსქესიანი, მძაფრსუნიანი ყვავილები 1-3 ცალიან ჯგუფებად ფოთლების უბეებშია განლაგებული. მცირე რაოდენობით ინვითარებს მამრობით ყვავილებსაც.
0,7-1,4 სმ სიგრძის და 0,5-1 სმ სიმსხოს მრგვალი ან ოვალური მშრალხორცოვანი ნაყოფი ერთთესლიანი კურკიანაა.
ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, უხვად ნაყოფმსხმოიარობს ყოველწლიურად.
ფშატი ჩვეულებრივი ჭალის მცენარეა და ნესტიან ადგილებში იზრდება. მაგრამ იმავე დროს დიდ სიმშრალესაც იტანს ხანგრძლივი გვალვების დროს. ადვილად მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით, კალმებითა და ძირკვის ამონაყარით.
უმეტესწილად ჭალებში იზრდება, გხვდება მშრალ, ხრიოკ ფერდობებზეც, კარგად იტანს წყლით დროებით დატბორვას, იტანს ნიადაგის დამლაშებას, მისი ფესვები მარილებს არ ითვისებს, ამიტომ მიწის ზედა ნაწილებში მარილების დაგროვება არ აღინიშნება.
ნაყოფის მშრალი ხორცოვანი რბილობი, ველურ ფორმებში მთელი ნაყოფის წონის 52 პროცენტს შეადგენს, რომელიც 40 პროცენტზე მეტ შაქრებს შეიცავს. გარდა ამისა, მასში ნაპოვნია კალიუმისა და ფოსფორის მარილები, აგრეთვე 10 პროცენტზე მეტი ცილები.
ნაყოფს ჭამენ როგორც უმად, ასევე მისი ფქვილით ამდიდრებენ პურის ფქვილს. ნაყოფის ფხვნილს შემკვრელი თვისება გააჩნია და კუჭაშლილობის დროს გამოიყენება.
ფშატის გუმფისის გამოყენება შესაძლოა საქსოვ წარმოებაში, წებოს მოსამზადებლად, ლაქსაღებავების დასამზადებლად.
ფოთლებსა და ქერქს ტყავის გასათრიმლავად და მის შავფერად ან ყავისფრად შესაღებად ხმარობენ.
ფშატის ფესვებზე არსებულ კოჟრებში მცხოვრები ბაქტერიები ახდენენ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის ფიქსირებს, ამიტომ ფშატი ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. იგი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა და რაც მთავარია ეფექტურად წმენდს ჰაერს მავნე მინარევი გაზებისაგან, რის გამოც ფრიად სასურველი მცენარეა ქალაქების გასამწვანებლად.
 ფშატის ნაყოფებისაგან მიღებულია მთრიმლავი კოლოიდური ნივთიერებების კონცენტრატი – ფშატნი, რომელიც კუჭისშემკვრელად გამოიყენება ენტეროკოლიტის დროს. პრეპარატის მიღების შემდეგ უმჯობესდება ავადმყოფთა მომნელებელი ორგანოების ფუნქცია და საერთო მდგომარეობა. იგივე იხმარება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ნაირგვარი დაავადებების დროს. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ შფატი ცხოველთა ნაწლავების მოტორული ფუნქციის დამუხრუჭებას იწვევს, ექსპერიმენტულად გამოწვეული კუჭაშლილობის დროს. იგი ადგილობრივ გამაღიზიანებელ გავლენას არ ახდენს.

 

ფუნთუშა მწვავე  – Sedum Acre L – Очиток едкий, или седум

სქელფოთლიანთა ოჯახის წარმომადგენლია, ფუნთუშას კახეთში, რაჭაში და იმერეთში კატაძუძუს ეძახიან, აჭარაში კაკნისაკვნეტელა, კაკნისაკნატურას. მრავალწლოვანი, 4-15 სმ სიმაღლის მცენარეა. თასმისებრი დატოტვილი ფესურით. საყვავილე ყლორტები ზეაღმართულია, უნაყოფო ტოტები კი მიწაზეა გართხმული. კრამიტისებურად განწყობილი სუკულენტური ფოთლებით.
ზურგის მხარეს ამობურცული, ძირში გასქელებული, 2-5 მმ სიგრძის, შიშველი, კვერცხისებრი, ხორცოვანი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. თითოეულ ყვავილედში სულ 3-5 ყვავილია, რომელიც ყლორტების კენწეროებზეა თავმოყრილი. ყვავილის ჯამის ფოთოლაკები ხუთია, ნაცრისფერმწვანე, ან მოყვითალო. ყვავილის გვირგვინი ჯამზე 2-3-ჯერ უფრო გრძელია, 5 ოქროსფერი-ყვითელი, ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტა წვეტიანი გვირგვინის ფურცლებით. ყვავის მაისიდან ივლისის ჩათვლით, ზოგჯერ აგვისტოშიც.
იზრდება მთელი ტყიანი ზონის ქვედა სარტყელიდან დაწყებული სუბალპების ჩათვლით, ზოგან ალპურ სარტყელშიც კი აღწევს. მისი უმთავრესი ადგილსამყოფელია კლდეები და ქვაინი ადგილები, მშრალი ხირხატნიადაგიანი ფერდობები. გვხვდება აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, მთიულეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.
ხალხურ მედიცინაში გარეგან სახმარად გამოიყენება დამწვრობისა და წყლულების სამკურნალოდ. მის ნაყენს სვამენ ეპილეფსიის, მალარიის დროს, აგრეთვე როგორც გამხსნელ და პირსასაქმებელ საშუალებას. ექსპერიმენტებში იწვევს სისხლის წნევის მომატებას .
ნედლ, დანაყილ ფუნთუშას კიბოს წყლულოვან კერებზე იდებენ, რომელიც ასეთ კერებს ასუფთავებს, საქონლის ქონში არეული მისი წვენი კარგი საშუალებაა თავის კანზე არსებული გამონაყრების, ჩირქოვანი მუწუკების მოსარჩენად. ეპილეფსიის სამკურნალოდ, ფხვნილად ქცეული გამხმარ ფოთლებს ხმარობენ შაქართან შერევით დღეში ორჯერ (დილით და საღამოთი) თითო მიღებაზე 15 გ რაოდენობით. მკურნალობა გრძელდება არანაკლები სამი თვისა.
ცნობილ ბერძენ ბუნების მკვლევარსა და მკურნალს ჰიპოკრატეს ეს მცენარე სიმსივნების გასაკურნ საშუალებად მიაჩნდა. ზოგი ექიმი ფუნთუშას ნაყენს (2-3 სუფრის კოვზი ბალახი ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე) ურჩევს ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ, მიღების წესია სუფრის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
ნედლი, დანაყილი ფუნთუშა ბალახი ხალხში კანის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ბულგარეთის მედიცინის მონაცემების მიხედვით დამტკიცებულია ფუნთუშას ტკივილიგამაყუჩებელი მოქმედება ბუასილის და ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების დროს. იგი დიურეტულ გავლენას ახდენს, რაც ამართლებს მის გამოყენებას სისხლის მაღალი წნევის დროს.
ბულგარეთის ხალხური მედიცინა მის დალევას ურჩევს ეპილეფსიის, სურავანდის, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. გარეგან სახმარად რეკომენდებულია ნედლი, დანაყილი, ფაფისებრი მასის ახალწარმონაქმნზე (კანის სიმსივნეებზე) დაფენა.

 

ფიჭვი  – Pinus sylvestris  – Сосна обыкновенная

 

 ფიჭვი მარადმწვანე წიწვიანი ხეა ფიჭვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 40 მ-მდე, სწორი ტანით, კონუსისებრი ან მომრგვალებული ვარჯით.
ქერქი მურა-წითელი ფერისაა, ტოტებზე მოყვითალო კვირტები მოგრძო-კვერცხისებრია, წამახვილებული, სიგრძით 6-12 სმ, ფისოვანი, გარშემო სამკუთხა-ლანცეტისებრი ქერქლით, გამჭვირვალე აპკისებური კიდით. წიწვები წყვილწყვილადაა განლაგებული, მონაცრისფრო-მწვანეა, ოდნავ მორკალული, სიგრძით 4-7 სმ, ყლორტებზე 2-3 წელი ჩერდება. მამრობითი გირჩები მრავალრიცხოვანია, ყვითელი, შეკრებილია მიმდებარე ყლორტის ფუძესთან. მდედრობითი-მოწითალოა, ცალკეულად ან 2-3 იმავე ყლორტების წვეროებშია.
გირჩები 17 თვის მანძილზე მწიფდება, მოგრძო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 7 სმ-მდე, ნაცრისფერი, ფრთიანი თესლებით.
ფიჭვი გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში, ბევრ ადგილას გვხვდება ფიჭვნარები. ფიჭვი კარგად ხარობს ღარიბ ქვიშნარ ნიადაგებში, მდინარეთა ხეობებში, ინტენსიურად იზრდება პირველი 30-40 წელი, ყოველწლიურად იმატებს 70-80 სმ. ცოცხლობს 350-400 წელი.
მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ფიჭვის კვირტებს, წიწვებს და ფისოვან გამონაყოფს, რომელიც ხის ტანის მექანიკური დაზიანების ადგილებზე გამოიყოფა. მისგან მზადდება კანიფოლი, სკიპიდარი და სხვა პროდუქტები.
ფიჭვის კვირტებს აგროვებენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მცენარეთა ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ, მშრალ ამინდში. ჭრიან მჭრელი დანით 2-3 სმ სიგრძის ყლორტის კენწრულ ნაწილს და აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში. არ შეიძლება მათი გაშრობა თუნუქის სახურავიან სხვენზე, ან ღუმელებში, რადგან ხდება კვირტებიდან ფისების აორთქლება. გამშრალი კვირტები გარედან მონაცრისფრო-მოვარდისფროა, გადატეხისას მწვანეა, ან მურა. აქვს მწარე გემო, არომატულია. ინახავენ გრილ, ჩაბნელებულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ქილაში ერთი წელი.
ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთეზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიკრინს. წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს. ფისოვანი გამონაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს, ტანიდებს, ფისოვან მჟავებს. ასკორბინის მჟავას რაოდენობა მეტია ორ და სამწლიან წიწვებში ზამთარში და ადრე შემოდგომით.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. მათ გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისება და აქვთ ნახველის გამოყოფისა და მისი გაწოვის უნარი. მათგან დამზადებული ექსტრაქტები მოქმედებს ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად. აქვთ აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება.
ფისოვანი გამონაყოფისაგან დამზადებული სკიპიდარი გამოიყენება გარეგანად იშიასის, ნევრალგიის, მიოზიტისა და რევმატიზმის დროს, ხოლო სკიპიდარის ლინიმენტი იხმარება არტრიტების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.
ფიჭვის წიწვებისაგან მიღებული პრეპარატი ცინაბინი გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ნეფრიტებისა და ნევროზების დროს. ფიჭვის წიწვებისგან ამზადებენ ვიტამინებით მდიდარ პრეპარატებს, ნაყენებს, კონცენტრატებს ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის.
ფიჭვის კუპრი გამოიყენება მალამოების სახით კანის დაავადებების სამკურნალოდ (ფსორიაზი, ეგზემა). იგი შედის ვიშნევსკის მალამოს შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში ფიჭვის კვირტების ნახარში გამოიყენება წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. იყენებენ აგრეთვე როგორც ნაღვლისმდენ საშუალებას. ფიჭვის მტვრისა და თაფლის ნარევს იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ასევე საერთო სისუსტის დროს ავადმყოფთა გასამაგრებელ საშუალებად.
ფიჭვის ნედლი წიწვებისაგან ვიტამინიან სასმელს ამზადებენ შემდეგნაირად: 50 გრ-მდე მთელ წიწვებს პატარა ულუფებით ყრიან მდუღარე წყალში (250 მლ), ადუღებენ 20 წუთი (გაზაფხულზე შეგროვებულ წიწვებს ადუღებენ 40 წუთი), გადაწურავენ, გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ ცოტა ძმარსა და შაქარს. სვამენ დღის განმავლობაში ორ მიღებაზე. ზამთრის პერიოდისათვის ფიჭვის წიწვების ნედლად შესანახად მის ტოტებს თოვლის ქვეშ ინახავენ ან ცივ ნაგებობაში 2 თვის განმავლობაში. შესაძლებელია საცხოვრებელ ბინაში წყალში ჩადგმული ტოტები შევინახოთ 10 დღის განმავლობაში. წიწვებისაგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ აბაზანებში ნერვული და გულის სისხლძარღვთა დაავადების დროს.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული ნახარში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება ნახარშის მოსამზადებლად 10 გრ (1 სუფრის კოვზი) კვირტები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ან მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთი. შემდეგ ამოიღეთ ჭურჭელი, გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის  მიღებამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით. ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, როგორც ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი საშუალება.
ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ ხმარობენ კვირტების ნახარშსა და ნაყენს ინჰალაციის სახით. ნაყენის მოსამზადებლად იღებენ 20 გრ კვირტს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე.
ფიჭვის კვირტები წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალო ნაკრების შემადგენელ ნაწილს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფიჭვის კვირტების სპირტიან ნაყენს ფილტვების ტუბერკულოზის დროს, მაგრამ მისი სპეციფიკურობის გამო იხმარება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.
ჰიპოკრატეს დროიდან დაწყებული დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ ფიჭვის წიწვების წყლიან ექსტრაქტებსა და ფიჭვის ფისებისაგან დამზადებულ სკიპიდარს ბრონქებისა და ფილტვების დაავადების დროს.
ხალხურ მედიცინაში ზემოთ აღწერილი წესით მომზადებული ნახარშების გარდა, ბრონქიტებისა, ანგინის, რევმატიზმის, გაცივების, იშიასის სამკურნალოდ შემდეგნაირად მომზადებულ ნაკრებს იყენებენ: 100 გრ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2,5 ლ წყალი, ხარშეთ მანამ, სანამ არ დადგება 0,5 ლ, ცხელი ნახარში გადაწურეთ და დაუმატეთ 250 გრ კრისტალური შაქარი, ხოლო გაცივების შემდეგ 250 გრ თაფლი. ბულგარელები მასში უმატებენ აგრეთვე 10 გრ დარიჩინს, 5 გრ მიხაკს და 1 მუსკატის კაკალს, სვამენ ყავის ფინჯნით – 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

 

ფითრი – Viscum album – Омеля белая

ფითრი მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, მრავლადატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზეც. ფოთლები ტოტებზე მოპირისპირედაა განლაგებული, სქელი ტყავისებრი, მოგრძო-ლანცეტისებრი ან ელიფსური ფორმისაა, კიდემთლიანი, ყვავილები წვრილია, მოყვითალო-მწვანე, მარტივი სამ-ოთხ ფურცლიანი ყვავილსაფარით, ერთსქესიანი, მამრობითი 3-4 მტვრიანათი, მდედრობითი 3-4 ბუტკოიანი ზედა ნასკვით. ნაყოფი მოყვითალო 1 სმ-მდე სიმსხოს, მრგვალი, თესლიანი ცრუ კენკრაა, რომელიც გარედან წებოვანი გარსითაა დაფარული.
ფითრი ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც დაბლობში, ისევე მთაში. იგი გარკვეულწილად ზარალს აყენებს მებაღეებს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას არამარტო როგორც სამკურნალო მცენარე, არამედ როგორც საქონლისა და ფრინველის საკვები.

 

სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები. ისინი შეიცავენ ალკალოიდის მსგავს ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, სპირტებს, ქოლინს, ამინომჟავებს და სხვა.
ფითრის ყლორტებს აგროვებენ გვიან შემოდგომით, როდესაც ძირითადი მცენარის ფოთლები ჩამოცვივა. აშრობენ საშრობებში ან თბილ ნაგებობებში, წინასწარ ამტვრევენ 5-10 სმ სიგრძის ნაჭრებად.
ფითრის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლისაღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალოდ.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და შესაძლებელია მისი გამოყენება ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაში. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც.
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრ ფოთოლი მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩიას ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში.
ნახარშის მისაღებად 6-8 გრ ფოთოლი მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20-30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, შემდეგ დოლბანდზე გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

 

ფარსმანდუკი – Achillea millefolium – Тысячелистник

ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება რამდენიმე მსხვილი ლანცეტისებრი ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი. ღერო დაუტოტველია, სიმაღლით 20-40 სმ, მცირეფოთლიანი შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო, კეწრულ ნაწილში თავდება მსხვილი რთული ყვავილედით – ფარით. ფარის წვრილ ტოტებზე სხედან პატარა ყვავილედები – კალათები. კალათები მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ენისებრი ყვავილით და კალათის შუაში მოთავსებული რამდენიმე მილისებრი, ასევე თეთრი, ყვავილით, გარედან კალათას აქვს კრამიტისებურად განლაგებული საფარველი, რომელიც შედგება წაგრძელებული, მომწვანო, კიდეებში სიფრიფანა ფოთლებისაგან. მთელი მცენარე სურნელოვანია. ყვავის ივნისიდან ოქტომბრამდე.
ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. ქართლ-კახეთსა და ფშავი მას მელაკუდასა და მელისკუდას ეძახიან, ხევსურეთში – ციცისკუდას, მთიულეთში – მელაგუნდას, თუშეთში – წყლულის ბალახს, რაჭასა და იმერეთში – კრავისკუდას. იგი ხარობს მდელოებში, მინდვრებში, დასახლებული ადგილების მახლობლად.
ფარსმანდუკისაგან ამზადებენ ორი სახის ნედლეულს – ბალახსა და ყვავილედებს. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში (ივნისში, აგვისტოს პირველ ნახევარში), ჭრიან ღეროს 15 სმ-ის სიმაღლეზე. ყვავილების შეგროვების დროს კრეფენ კალათებს ან ფარებს 2 სმ სიგრძეზე. ნედლეულს ჭრიან დანით ან ნამგლით, აწყობენ თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში. მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ბალახის შენახვის ვადა 2 წელია, ხოლო ყვავილებისა 5 წელი.
ფარსმანდუკი შეიცავს 0,8%-მდე ეთერზეთს (მთავარი კომპონენტია აზულენი), მწარე ნივთიერებებს, ვიტამინ K-ს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდ ახილენს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.
ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად. ბალახის ნაყენს ხმარობენ თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენს – კუჭის დაავადებისა და ფაღარათის დროს.
მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლისდენისას აიღეთ ფარსმანდუკი – 5 წილი, წიწმატურა – 5 წილი, მარწყვაბალახა – 5 წილი, მუხის ქერქი – 2 წილი, 1 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წთ. შემდეგ გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა.
კანის ჩირქოვანი დაავადების დროს აიღეთ 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას.

უცუნა ლამაზი  – Colchicum Speciosum Stev – Безвременник великолепный

შროშანისებრთა ოჯახს ეკუთვნის. უცუნა ფრიად უცნაური მცენარეა, ნაყოფი გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე მწვანე ფოთლებთან ერთად, ყვავის შემოდგომით. იგი ლამაზად მოყვავილე ტუბერბოლქვიანი მცენარეა. ტუბერბოლქვი წაგრძელებული და ცალ მხარეს ამობურცულია. მის მოპირისპირე მხარეს კი შებრტყელებულია, სიგრძით 7, სიგანით კი 3 სმ-ია, დაფარულია მუქმოყვავისფრო ვაგინებით, რომელნიც წვერისაკენ მილადაა წაგრძელებული.
მოკლე ღეროზე 3-4 შიშველი, ხორცოვანი, მბრწყინავი, წაგრძელებული-ლანცეტა ფოთლები სიგრძით 25-40 სმ, სიგანით კი 2-4 სმ., ერთი ტუბერბოლქვიდან 1-3, მოვარდისფრო ყვავილი ამოდის. ყვავილსაფარის მილი სამწიბოიანია, 20-25 სმ სიგრძის, რომელიც მიწის პირიდან 8-10 სმ-ით ამოდის მაღლა. ყვავილსაფარის გვირგვინის ფურცლისებრი ნაწილები ბლაგველიფსურია, შიგნითა მხარეს ბუსუსებით. ბუტკო სამნასკვიანია, რომელიც ყვავილსაფარის მილის მიწისქვეშა ნაწილშია ჩამალული.
წაგრძელებულ-კვერცხისებრი წვეტით დაბოლოებული სამად გამოყოფილი ნაყოფი კოლოფაა. თესლი მუქი-მოყავისფროა, თითქმის მრგვალი, ხორცოვანი თანათესლით.
ყვავის აგვისტო-სექტემბერში, როგორც უკვე თქვი, ყვავილობისას მცენარეს ღერო და ფოთლები არა აქვს. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა. განაყოფიერებული ნასკვი მიწისქვეშ იზამთრებს. მეორე წელს კოლოფა ნაყოფი ფოთლებთან ერთად მიწის ზედაპირზე ამოდის. თესლი ივნისში მწიფდება და უცუნას მიწისზედა ნაწილები ხმება. ამ დროს ხდება ახალი დედა ტუბერბოლქვის განვათარება და ძველი დედა ტუბერბოლქვის კვდომა.
აქ განხილული უცუნა და მასთან ახლო მდგომი C. autumnale L. საკმაოდ ფართო ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეებია, გავრცელებულია, ზღვის დონიდან 150-3000 მ სიმაღლის ფარგლებში. გვხვდება წაბლნარ, წიფლნარ და წიფლნარ-რცხილნარ ტყეებსა და ალპურ საძოვრებზეც. ხშირად სუბალპურ ტყეებში. სინათლის მომთხოვნია და ტენით უზრუნველყოფილი, მაგრამ დრენირებულ ნიადაგებზე იზრდება. ვერ უძლებს მდგარი წყლით დაჭაობებას. ტუბერბოლქვების მოსავალი ტყეში 20-40 ც/ჰა აღწევს, სუბალპებში კი 25 ც/ჰა არ აღემატება.
უცუნამ ჯერ კიდევ ფიტოქიმიის განთიადზე მიიქცია მკვლევართა ყურადღება. პელტემ და კავენუსმა უცუნას ტუბერბოლქვიდან 1829 წელს სხვა ნივთიერებებთან ერთად გამოჰყვეს ყვითელი ამორფული ნივთიერება ალკალოიდის თვისებით და შეცდომით იმ დროს უკვე ცნობილ ალკალოიდად ვერატრინად მიიჩნიეს. 13 წლის შემდეგ გერმანელმა მეცნიერმა ჰეიგერმა გაიმეორა უცუნას გამოკვლევა, გამოჰყო მისგან ალკალოიდისმაგვარი ნივთიერება და დაამტკიცა, რომ იგი ვერატრინი არაა. ამის დადგენა არც თუ ძნელი იყო. ვინაიდან ვერატრინს გააჩნია თვისება, რომ შეუკავებელი ცხვირცემინება გამოიწვიოს, ეს თვისება სრულიადაც არ გააჩნდა უცუნასაგან გამოყიფილ ნივთიერებას. ჰეიგერმა ამ ახალ ნივთიერებას კოლხიცინი უწოდა.
მაგრამ მხოლოდ 1856 წელს იქნა მიღებული უცუნას ნამდვილი ალკალოიდი, რომელსაც ძველი სახელწოდება შეუნარჩუნეს. გამოირკვა, რომ ჰეიგერმა თავის დროს მიიღო არა ალკალოიდი, არამედ მისი დაშლის ერთ-ერთი პროდუქტი – კოლხიცინი.
კოლხიცინი მეტად შხამიანი გამოდგა. სამედიცინო პრაქტიკაში მისი გამოყენება 1853 წლიდან დაიწყეს რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. 1866 წელს ავსტრიელმა ექიმმა შკოდამ ერთ-ერთ თავის ლექციაზე განაცხადა, “სახსრის რევმატიზმის წინააღმდეგ ჩვენ არ ვიცით უკეთესი საშუალება, ვიდრე კოლხიცინია”. ბევრი ევროპული ქვეყნის ფარმაკოპეაში კოლხიცინი დღესაც შემორჩენილია. ამჟამად იგი თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფარმაკოპეაში შედის, როგორც ნიკრისის ქარისა და სხვა დაავადების სამკურნალო.
გარდა სამედიცინო დანიშნულებისა, კოლხიცინს სხვა გამოყენებაც აქვს, რაც მის მეტად საინტერესო იმ თვისებაზეა დამყარებული, რომ გაყოფის პროცესში მყოფ მცენარეულ უჯრედთან კონტაქტის შემთხვევაში იწვევს პოლიპლოიდის მოვლენას. პოლიპლოიდურ უჯრედებში იზრდება უმნიშვნელოვანესი მემკვიდრელი აპარატის – ქრომოსომთა რიცხვი.
1937 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ეიგსტმა, ბლეკსლიმ და აივერმა აღმოაჩინეს, რომ კოლხიცინით დამუშავებული თესლისაგან პოლიპლოიდური მცენარე ვითარდება. ამით სელექციონერებმა მიიღეს მეტად მარტივი და მყარი მეთოდი მცენარეთა პოლიპლოიდური ფორმების მისაღებად. უცუნა ფრიად ეფექტურია მავნე მწერების წინააღმდეგ.
1948 წელს ჩეხოსლოვაკიელმა ქიმიკოსმა შანტავიმ დაიწყო უცუნას სისტემატური და ღრმა ქიმიური გამოკვლევა და შედარებთ მოკლე დროში მისგან 20-მდე ალკალოიდი გამოჰყო. ერთ-ერთ ამ ალკალოიდთაგანს შანტავის ნივთიერება ეწოდა, რომელმაც გამოყენება ჰპოვა კანის კიბოს თერაპიაში.
სამედიცინო პრაქტიკაში უცუნას ტუბერბოლქვი და თესლი გამოიყენება. უცუნას ალკალოიდებიდან მედიცინაში კოლხიცინი ნიკრისის ქარის, ხოლო კოლხამინი (ამინი) ქრონიკული ლეიკოზებისა და კანის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება.
კანის კიბოს სამკურნალოდ ომაინის (კოლხამინის) მალამოს უსვამენ კანის დაზიანებულ ნაწილს. ომაინის მალამოს, განსაკუთრებით მასზე გიალურონიდაზის დამატებისას დიდი უნარი აქვს შეაღწიოს ლორწოვან გარსში და ორგანიზმის კანის საფარველშში. ამასთან კიბოიან უჯრედებზე შერჩევითი ზემოქმედების თვისება აქვს და საღ უჯრედებს თითქმის არ შლის. მკურნალობის ბოლოს შეიმჩნევა ეპითელიზაცია კარგი კოსმეტიკური ეფექტით. საუკეთესო გავლენით ხასიათდება კიბოს საწყის სტადიაში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მანამ სხვა საშუალებებით არ არის ნამკურნალები. დოზების გადაჭარბებას შეიძლება თან მოჰყვეს ადგილობრივი და საერთო ინტოქსიკაციის მოვლენა. უცუნას გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მტკიცე ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება.

 

Don`t copy text!