Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 383

შხამა  – Veratrum Lobelianum Bernh – Чемерица обыкновенная

შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შხამა 1-1,7 მ სიმაღლის მრავალწლიანი ფესვურიანი ბალახია. ღერომხვევი განიერი 15-25 სმ სიგრძის ფოთლები, ფართო-ელიფსური ფორმისაა, ბოლოწვეტიანი, ქვედა მხრიდან მოკლე ბეწვით შებუსვილი, მისთვის დამახასიათებელია ნაკეცები ფოთლის მთელ სიგრძეზე, რკალურად განლაგებული ძარღვების გასწვრივ.
5-8 სმ სიგრძის ფესურა უფრო ხშირად ღეროს ვერტიკალურ გაგრძელებას წარმოადგენს მიწაში, მაგრამ ზოგჯერ დახრილ მდგომარეობასაც იღებს. ფესურის გარშემო განლაგებულია 2-4 მმ სიმსხოს მრავალრიცხოვანი თასმისებური ფესვები.
მომწვანო ყვითელი ყვავილები კენწრულ აღმამდგომ საგველასებრ ყვავილედებადაა შეკრებილი. კვერცხისებრი თანაყვავილები ყვავილის ყუნწებზე გრძელია.
ყვავის და თესლებს ივითარებს ივნის-აგვისტოს განმავლობაში. გავრცელებულია უმთავრესად ნესტიან მდელოებზე სუბალპურ სარტყელში და ალპურ მდელოებამდეც აღწევს. დიდი რაოდენობითაა საქონლის ძოვებით გადატვირთულ სუბალპურ მეჩხერ ტყეებში, აქ იგი ხშირად ცოცხალი საფარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ბალახია, გვხვდება ტყეებში არსებულ მდელოებსა და ტყისპირებშიაც.
ძლიერ შხამიანი მცენარეა, მის ნექტარში არსებული ალკალოიდებით მოწამლული ფუტკარი იღუპება, განსაკუთრებული ტოქსიკურობით ფესურა და ფესვები გამოირჩევა. ალკალოიდების გარდა ფესურა შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ფისებს, გუმფისს, ცხიმებს, სახამებელს, შაქრებს, მინერალურ მარილებს და სხვ.
სამკურნალოდ ფესურა და ფესვები გამოიყენება. ვეტერინარიაში შხამას ფესურისა და ფესვების ნახარში მადის გასაუმჯობესებლად და პირღებინების საშუალებად გამოიყენება ღორების, ძაღლებისა და კატებისათვის. ფესურისა და ფესვების ნაყენი გამოიყენება მცოხნავი ცხოველების კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ხოლო მათგან მომზადებული მალამო მუნის საწინაააღმდეგოდ. ფესვებსა და ფესურის ნახარშს ხალხური ვეტერინარია ცხოველთა პარაზიტი მწერების მოსასპობად ხმარობს.
გამხმარი ფესურის ფხვნილისგან მომზადებული მალამო, სპირტზე ნაყენი და გამონახარში მედიცინაში ტკივილების გამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენება ნევრალგიისა და რევმატიზმის დროს.
ფესურისა და ფესვების ნახარში, აგრეთვე ნაღებზე მომზადებული მათი ნაყენი ხალხურ მედიცინაში წარმატებით გამოიყენება ეგზემის სამკურნალოდ. ამავე მიზნით გამოიყენება ხალხურ ვეტერინარიაშიც.
ფესვებისა და ფესურის გაგრილებულ ნახარშს ცოტაოდენ საფუარს ურევენ და 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ. ძალიან კარგ შედეგებს იძლევა შხამას ფესვ-ფესურების და სვიის ნაყოფების ერთობლივი ნახარში. ნახარშში დასველებულ საფენებს იდებენ ეგზემურ ადგილებზე, ცდილობენ დღეღამის განმავლობაში რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეთ სველი საფენები ეგზემიან კერებზე.
ნახარშის დოზა 60-70 გრ წვრილად დაჭრილი ფესურა და ფესვები 1 ლიტრ წყალზე. ხარშვა ხდება 5-7 წუთის განმავლობაში ნელი დუღილით. გაგრილებულ ნახარშს საფუარს ურევენ მცირე დოზით თვალზომურად. უკეთესია მომზადდეს შხამასა და სვიის ერთობლივი ნახარში, ან ცალ-ცალკე მოხარშოს და შემდეგ შევურიოთ. სამკურნალო ეფექტი ვლინდება განუწყვეტელი მკურნალობით 1-2 კვირის განმავლობაში. ძალიან ხშირია ეგზემიან ავადმყოფთა სრული განკურნების შემთხვევები.
ფესვებსა და ფესურის სპირტზე ნაყენი (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფესვები და ფესურა, 4 ნაწილი სპირტი) ხალხში ნაცადი საშუალებაა ჭორფლისა და ხალების მოსაცილებლად. ფესურის ნახარში პოპულარული საშუალებაა ქერტლის მოსაცილებლად.
შხამას ფესვებსა და ფესურებს აგროვებენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე და მიწისგან გაწმენდილს კარგად ახმობენ ჩრდილში, ქარგამჭოლ ადგილას.
შხამას ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო ეფექტი ხალხური მედიცინის დიდი ხნის პრაქტიკით დადასტურებული ფაქტია. ბოლო ხანებში მისმა სამკურნალო ეფექტმა აღიარება ჰპოვა მეცნიერულ მედიცინაშიც. მაგრამ შხამას გამოყენებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ძლიერ შხამიან მცენარესთან და საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა. კატეგორიულად დაუშვებელია მისი თვითნებური გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
მავნე მწერების: მცენარეების, ტილების და მატლების საწინააღმდეგოდ დადებით შედეგებს იძლევა შხამას გამოყენება. საამისოდ 1 კგ ახლად შეგროვილ ბალახს ფესვებითა და ფესურებით, 500 გ შემჭკნარს ან 250 გრ გამხმარს და წვრილად დაჭრილს ასხამენ 10 ლიტრ წყალს, რომელსაც დგამენ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შესაძლოა აღნიშნული დოზებით ნახარშის მომზადებაც, ხარშვა გრძელდება 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
მავნე მწერების წინააღმდეგ საერთოდ უკეთესია გამოვიყენოთ მცენარეული საშუალებები, ვიდრე სინთეზური ძლიერ მოქმედი ქიმიკატები, რომელთა დიდი ნაწილი ძალიან დიდხანს ინარჩუნებს თავის მედეგობას და საშიშია ადამიანისა და ცხოველებისათვის.

 

 

შქერი – Rhododendron Ponticum L – Рододендрон понтийский

მანანასებრთა ოჯახიდანაა. მარადმწვანე ბუჩქი ან დაბალი 3-6 (8) მ სიმაღლის ხეა მოყავისფრო ქერქით, ყლორტები მწვანე ქერქიანია. 9-27 სმ სიგრძის, 4-7 სმ სიგანის, ბოლოწვეტიანი, ფუძეშევიწროებული, წაგრძელებულ-ელიფსური, სქელი ტყავისებრი, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბაცი ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განწყობილი.
მოწითალო-სოსანი ყვავილები, ტოტების დაბოლოებებზე ქოლგისებრ თანაყვავილედებადაა შეკრებილი.
ხუთსაგდულიანი, შეუბუსავი, ცილინდრული კოლოფა ნაყოფის სიგრძე 1,5 სმ-მდე აღწევს, 1000 ცალი თესლის წონა 0,8 გრამია. ყვავის აპრილ-მაისში, მაღალ მთებში კი ივნის-ივლისში. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით და გადაწვენით. ტიპიური მეზოფიტია, კარგად იზრდება ნესტიან, ნოყიერ ნიადაგებზე. მართალია, ნორმალურად შედარებით თბილ ზონაში იზრდება, მაგრამ აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში არცთუ იშვიათად კარგად შეკრულ რაყებს ქმნის ზღვის დონიდან 2200 მეტრამდე სიმაღლეზე.
სამედიცინო პრაქტიკაში შქერის ფოთლები გამოიყენება. მისი ნაყენი და ფოთლისგან მიღებული ახალგალეონური პრეპარატი გულზე ფუტკარას ჯგუფის გლიკოზიდებისებურად მოქმედებს, ადიდებს გულის კუმშვის ძალას და გულის რიტმს ანელებს. აღგზნებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწყნარებს, ამასთან ბაქტერიოციდური თვისებაც გაჩნია. ხალხური მედიცინა ფოთლებს რევმატიზმის, ნიკრისის ქარის დროს და საგულე და შარდმდენ საშუალებად იყენებს.  1962). 

 

შროშანა – Convallaria transcaucasica – Ландыш закавказский

შროშანა მრავალწლიანი ერთლებნიანი მცენარეა, 2-3 ფოთლით. ფოთლები ვითარდება მხოხავი, რამდენიმე განშტოებული მიწისქვეშა ფესურიდან, რომელსაც თავის მხრივ მრავალი წვრილი ფესვი აქვს. სიცოცხლის პირველ წლებში შროშანა არ ყვავის, მხოლოდ 2-3 წლის მერე ფესურაზე ვითარდება მსხვილი კვირტი, რომელიც გაზაფხულზე იძლევა უკვე ყვავილიან ყლორტს. ამის შემდეგ ყვავილობა ისევ წყდება 2-3 წლით. აი ამიტომ არის, რომ იმ ადგილებში, სადაც იზრდება შროშანა, ყოველთვის ბევრია ყლორტი ფოთლებით, მაგრამ ცოტაა ყვავილები.
შროშანას ფოთლები ვითარდება ფესვის ყელიდან. ისინი გრძელყუნწიანებია, მოგრძო-ელიფსური, წამახვილებული ფოთლის ფირფიტით, მთლიანკიდიანი, ხასხასა მწვანე, ზედა მხარეს მტრედისფერი, ხოლო ქვედა მხარეს მბრწყინავი.
საყვავილე ისარი გლუვია, ზედა ნაწილში სამწახნაგოვანი, სიმაღლით 15-20 სმ: ყვავილსაფარი თოვლივით თეთრია, ოდნავ გადაღუნული ექვსი კბილით. ყვავილის შიგნით ბუტკოს გარს აკრავს 6 მტვრიანა, რომლებიც მიმაგრებული არიან ყვავილსაფარის ქვედა ნაწილზე.
შროშანას ბურთისებრი კოკრები მდებარეობენ ზეაწეულ ყუნწებზე. ისინი ყვავილის გაშლასთან ერთად თანდათანობით დაბლა იხრებიან. ნაყოფი სამბუდიანი კენკრაა. იგი დასაწყისში მწვანეა, დამწიფებასთან ერთად ხდება კაშკაშა ნარინჯისფერ-წითელი.
შროშანას ქართლში დათვიყანას, დათვისიმინდს ეძახიან, რაჭაში – მკვდრის ყვავილს.
შროშანა გავრცელებულია წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარის ძირში.
ნედლეულად იყენებენ ცალკე ყვავილებს და ცალკე ბალახს ან ყვავილებს და ფოთლებს ერთად. შროშანას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ახალი გაშლილია და ჯერ არ გაყვითლებულა. საუკეთესო ნედლეულად ითვლება მხოლოდ ყვავილი. ამ დროს კრეფენ ყვავილის მთელ ისარს და შემდეგ ხელით აცლიან ყვავილებს. მეორეხარისხოვანი ნედლეულის დამზადებისათვის დასაშვებია მთელი ყვავილედის შეგროვება უკანასკნელი ყვავილიდან 3 სმ-ზე ქვემოთ. ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან  მის დასასრულამდე, შეგროვების დროს არ შეიძლება ფესურის დაზიანება, რადგან იგი იწვევს მთელი ბარდების დაზიანებას.
შეგროვილი ნედლეული სწრაფად უნდა გაშრეს. ტრანსპორტირების დროს მას ათავსებენ კალათში,  ისე რომ არ ჩაიტკეპნოს. ზევიდან აფარებენ რაიმეს მზის სხივებისგან დასაცავად. შრობის დროს აწყობენ თხელ ფენად ყვავილებს და ფოთლებს ცალ-ცალკე. მთელი მცენარე შხამიანია.
შროშანა შეიცავს საგულე გლიკოზიდებს. მიწის ზედა ნაწილებიდან გამოყვეს გლიკოზიდები, კონვალოტოქსინი, კონვალოტუქსოლი, კონვალოზიდი, გლიკონვალოზიდი, ვალაროტოქსინი და სხვა. ფესვები შეიცავენ კონვალამარინს. გარდა აღნიშნულისა, შროშანაში ნაპოვნია ეთერზეთის კვალი, ასპარაგინი, სახამებელი, შაქარი, ვაშლის და ლიმონის მჟავები.
შროშანასაგან დამზადებული პრეპარატები გამოყენება სისხლის მიმოქცევს მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, გულის უკმარისობის დროს. მისგან მზადდება შროშანას სპირტიანი ნაყენი (სამრეწველო წესით),  კორგლიკონის საინექციო ხსნარი.

შოთხვი – Padus Racemosa (Lam.) Gilib – Черемуха обыкновенная

ვარდისებრთა ოჯახში შედის. შოთხვი მაღალი ბუჩქია, ზოგან კი დაბალტანოვან ხედაც იზრდება 2-10 მ სიმაღლით. ხშირტოტებიანი ვარჯის შემადგენელი ტოტები მოყავისფრო, მოთეთრო-მოყვითალო მეჭეჭებით მოფენილი გლუვქერქიანია. ყვავილებს, ფოთლებსა და ქერქს ამიგდალინის თავისებური სუნი აქვთ, რაც ძალიან კარგად შეიგრძნობა მათი თითებშორის გასრესით. ღერო დაფარულია მოშაო ნაცრისფერი დამსკდარი ქერქით.
ფოთლები მოხაზულობით ელიფსურია 10 სმ-მდე სიგრძით, განიერსოლისებრი ან მომრგვალებული ფუძით და მოკლე წვეტით, კიდეები წვრილად დაკბილულია, კბილები მოწითალო-ნაცრისფერი ჯირკვლებით ბოლოვდება. ფოთლის ფირფიტა ზემოდან რამდენადმე დაჭმუჭნილი შესახედაობისაა, ქვემოდან კი ნათელი ნაცრისფერი.
ფრიად არომატული, ნექტარით მდიდარი თეთრი ყვავილები, 12 სმ-მდე სიგრძის თავჩაქინდრულ მტევნებშია შეკრებილი.
შავი ფერის ნაყოფი ერთკურკიანია, ხორცოვანი მწკლარტე რბილობით, ყინვანაკრავი სასიამოვნო მომწკლარტო გემოსია და ხალისით იჭმება.
მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით და კალმებით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლისიდან დაწყებული სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოში მთის ზედა და შუა სარტყლის ტყეებსა და ტყისპირებზე იზრდება აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში და ჯავახეთში. მცირე რაოდენობით ამ ნაშრომის ავტორთა მიერ აღწერილია ასპინძის რაიონში.
 მასობრივად გვხვდება სვანეთის სოფლებს უშგულსა და კალას შორის, აგრეთვე მთათუშეთში.
უფრო ხშირად ზღვის დონიდან 1200-1250 მ სიმაღლეზე გვხვდება, ცალკეულ ადგილებში კი მცირე რაოდენობით იზრდება უფრო მაღლაც, და ხელოვნურად გაშენებულ დაბლობებშიც კარგად ხარობს.
ნორმალური ზრდა მისთვის აზოტით მდიდარ საკმაოდ ნოყიერ და ნესტიან ნიადაგებზეა დამახასიათებელი. ოპტიმალურ პირობებში ნაყოფის მოსავალი 400 კგ/ჰეტ. აღწევს, საშუალოდ კი ერთ ჰექტარზე დაახლოებით 100 კგ ნაყოფს იძლევა. შოთხვს ბარში მცხოვრები ქართველების უმეტესობა ვერ სცნობენ, მაგრამ მთაში მცხოვრებნი კი კარგად ცნობენ და მათში საკმაოდ პოპულარობითაც სარგებლობს, როგორც კარგი ხილი.
შოთხვის ნაყოფი შეიცავს 5 პროცენტამდე შაქარს, ბევრ მთრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, ფლაონოიდებს და ეთერზეთს. სჭამენ როგორც უმად, ასევე მისგან ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს, მისი წვენით აფერადებენ ღვინოს და სხვ. ხმელი ნაყოფის ფხვნილი საუცხოო არომატსა და გემოს აძლევს ღვეზელს, შესანიშნავია მისგან მომზადებული კისელიც.
მთრიმლავი ნივთიერებებით სიმდიდრის გამო ნაყოფს შემკვრელ საშუალებად იყენებენ კუჭაშლილობის დროს.
ფოთლები 280 მგ პროცენტამდე ვიტამინ C-ს შეიცავს, გარდა ამისა მოიპოვება ეთერზეთი, 2-3 პროცენტამდე ტანიდებშემცველ ქერქს წინათ ტყავის, მატყლისა და ქსოვილების მწვანედ და მონაცრისფრო-წითელ ფერად შესაღებად იყენებდნენ.
შოთხვი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ფუტკარს უმასპინძლდება როგორც ნექტრით, ასევე ჭეოთი.
ფრიად დეკორატიული მცენარეა, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, ამიტომ იგი დიდმნიშვნელოვანია მაღლა მთებში არსებული დასახლებული პუნქტების გამწვანებ-გამშვენიერებისათვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე მაღალმთიანეთის გასატყევებლად, ეროზიის საწინააღმდეგო ნარგავების გასაშენებლად. შოთხვი შეზღუდული არეალის მცენარეა და გულმოდგინედ დაცვას საჭროებს, უამისოდ მისი არსებობა უკვე საფრთხეშია.
მედიცინაში შოთხვს იყენებენ არაინფექციური ბუნების ფაღარათიანობის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის სხვა შემთხვევებში.
ამ მიზნით გამოიყენება ნაყოფების მონახარში. ერთ სუფრის კოვზ შოთხვის ნაყოფებს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 20 წუთს ნელი დუღილით ხარშავენ, რის შემდეგაც წურავენ. მოზრდილებს უნიშნავენ 1/4 ჭიქას დღეში ორ-სამჯერ.
ხმარებაშია შოთხვის ნაყოფების ნაყენიც: ერთ სუფრის კოვზ ნაყოფს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 5 წუთს ნელი დუღილით ადუღებენ, ამის შემდეგ დგამენ 2 საათის განმავლობაში. მიიღება 1/4 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
ხალხური მედიცნა შოთხვის ქერქსაც იყენებს როგორც დიურეზულ, ოფლმომგვრელ და შემკვრელ საშუალებას. ფოთლების ნაყენს ზოგჯერ ფაღარათიანობის და ბრონქიტის დროს იყენებენ, ყვავილების ნაყენს კი ნივთიერებათა ცვლის მოშლისას, ხოლო მცენარის ყველა ნაწილს იყენებენ ანემიის (სისხლნაკლულობის) და ლორწოვანი გარსის ანთებისას.

 

 

შმაგა  – Atropa Caucasica Kreyer  – Красавка кавказская

ძაღლყურძენასებრთა ოჯახს ეკუთვნის. შმაგა მრავალწლიანი, დატოტვილი მსხვილფესურიანი, 1-2 (იშვიათად 3 მ) სიმაღლის მცენარეა. მის, ზედა ნაწილში, უხვად დატოტვილი, სწორმდგომი, მწვანე, ზოგჯერ მოიისფრო ელფერის ღერო უხვადაა შეფოთლილი.
ღეროს ქვედა ნაწილის მოკლეყუნწიანი, განიერი, მოგრძო კვერცხისებრი ელიფსური, კიდემთლიანი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. კენწრული უფრო მოკლე ყუნწიანი ფოთლები კი წყვილ-წყვილადაა განწყობილი, რომელთაგან ერთი ჩვეულებრივ უფრო დიდია მეორესთან შედარებით.
გრძელყუნწიანი, მღვრიე სოსანის ფერის, თავჩაქინდრული, ზარისებრი ყვავილები მთელს ვარჯშია გაბნეული ღეროს განტოტებებსა და ფოთლების იღლიებთან სათითაოდ ან რამდენიმე ცალიან ჯგუფებად.
ყვავილის ხუთ ნაწილად გამოყოფილი ჯამის თითოეული ნაკვეთი გრძლად წაწვეტილი ან კვერცხისებრია. დაყვავილებს შემდეგ ჯამი ნაყოფს ძირშივე რჩება.
ნაყოფი ქვემოდან ოდნავ შებრტყელებული, მოიისფრო-შავად მბრწყინავი მბრწყინავი კენკარაა. ყვავის ივნისიდან შემოდგომამდე. ნაყოფის სიმწიფე ივლისიდან იწყება.
გვხვდება როგორც ფოთლოვან ისე წიწვოვან ტყეებში, მაგრამ უფრო ხშირად წიფლნარ ტყეებშია, მცირე ფართობიან ყალთაღებსა და ნაკადულების პირას.
მედიცინაში გამოიყენება ფოთლები, მთლიანი ან დაჭრილი ბალახი და მიწისქვედა ნაწილები.
სამრეწველო მიზნებისათვის შმაგას მოპოვება გაძნელებულია გავრცელების ზონებში მისი სიმცირის გამო, ამიტომ რენტაბელურია კულტურაში გამოყვანა.
შმაგასგან დამზადებულ პრეპარატებს მეცნიერული მედიცინა ძალიან ფართოდ იყენებს ტკივილების გამაყუჩებლად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთებისას, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების კენჭოვანი დაავადებების დროს. იგი ცნობილი ზელენინის წვეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ხალხურ მედიცინაში შმაგა გამოიყენება უმთავრესად ასთმისა და სოკოთი მოწამვლის შემთხვევებში.
შმაგა ძლიერ შხამიანი მცენარეა, წამლავს მსხვილფეხა რქოსან საქონელსა და ცხენს. 120-180 გ გამხმარი შმაგას ბალახის შეჭმის შემთხვევაში ცხენი გარდუვალად იწამლება.
მსხვილფეხა საქონელი უფრო მეტ მგრძნობელობას იჩენს შმაგას მიმართ, 30-60 გრ ფოთოლი იწვევს ძლიერ მოწამვლას, რაც გამოიხატება მუცლის გაბერვასა და ძლიერ აღგზნებაში. თხების და ცხვრების მოწამვლა თითქმის არ შეიმჩნევა. 750 გ ფოთლის შეჭმის შემთხვევაში თხა უვნებელი რჩება.
შმაგას ნექტარისაგან დამზადებული თაფლი მომწარო გემოსია და ადამიანს წამლავს. ამიტომ საფუტკრეების ახლოს შმაგა აყვავებამდე უნდა აითიბოს ან მოისპოს ძლიერმოქმედი ჰერბიციდების შესხურებთ.
აღწერილი თვისებები მიგვითითებს, რომ შმაგას სამკურნალოდ გამოყენებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და ამ მიზნით მხოლოდ ექიმის რჩევით უნდა გამოვიყენოთ.

 

შმაგა – atropa caucasica kreyer – Белладона кавказская

შმაგა სულ უმნიშვნელოდ განსხვავდება ბელადონასაგან. შმაგას ღეროს აქვს მტრედისფერი ნაფიფქი და შიშველია; ბელადონას ღეროს ნაფიფქი არ აქვს, ზედა ნაწილში კი თითქოს ჯირკვლებით არის შებუსული, გვირგვინის შეფერილობა უფრო მუქი აქვს ვიდრე შმაგას.
ბელადონა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, ფესურითა და მრავალრიცხოვანი მსხვილი დატოტვილი ფესვით. ღეროები სქელია და წვნიანი, წებოვან-ბუსუსოვანი, იზრდებიან თითო-თითოდ ან რამდენიმე ერთად, სიმაღლით 1-2 მ. მცენარის ზედა ნაწილში ტოტები კვლავ იტოტებიან. ფოთლები ხშირია, მუქი მწვანე. ისინი მორიგეობითია და დაწყვილებული. წყვილში შემავალი ერთი ფოთოლი სიდიდით ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება მეორეს, ხოლო ღეროზე ისეთნაირად არიან განლაგებულნი, რომ ერთმანეთს არ ფარავენ და ქმნიან თავისებურ “ფოთლების მოზაიკას”. დიდი ფოთლები ელიფსურია, მისი წყვილი პატარა კი – კვერცხისებური ფორმის, წამახვილებული. ყვავილი მარტოულია, თავდახრილი. ვითარდება ფოთლის უბიდან. ჯამი ხუთკბილაა, გვირგვინი სწორია, მილისებრი, ხუთი, ოდნავ გადაღუნული ფრთით, მორუხო-მელნისფერი, ფუძისაკენ შედარებით ღია ფერის. მტვრიანა – 5, ნასკვი ზედაა. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი – ორბუდიანი, მბრწყინავი, შავი, წვნიანი, მრავალთესლიანი კენკრაა, ზომით ალუბლის ნაყოფის ოდენა, მუქი მელნისფერი წვენით. თესლი მომრგვალოა დიამეტრით 2 მმ-მდე, შავი, უსწორმაწორო ზედაპირით. კენკრას აქვს მოტკბო-მომჟავო გემო.
ნაყოფი ისევე, როგორც მთელი მცენარე, შხამიანია.
ორივე სახეობა ველურად იზრდება ან ერთეული ეგზემპლარის სახით, ან ქმნიან მცირერიცხოვან ბარდებს ტყის პირას, ველობში, გზის ნაპირებში, მდინარის გასწვრივ, ზღვის დონიდან არაუმეტეს 200 მ-სა.
როგორც ყველა შხამიანი მცენარე, ბელადონაც ყოველთვის იქცევდა ადამიანთა ყურადღებას. ამ მცენარით მოწამლვა იწვევს თავბრუსხვევას, აზრების სწრაფ ცვლას, მრავალსიტყვაობას. სმენით და ბგერით ჰალუცინაციებს, აღგზნებასა და ბოლოს – დეპრესიას. ყოველივე ამის გამო თვლიდნენ, რომ ბელადონას და მის მსგავს მცენარეებს: ლენცოფას, ლემას, მანდრაგორს – ავი სულები მფარველობენ და ამიტომ მათ კრეფას
თან ახლდა მთელი რიგი რიტუალები.
მცენარის სახელწოდება წარმოქმნილია იტალიური სიტყვებისაგან – bella- “ლამაზი” და donna- “ქალი”. ქალები მცენარის წვენს იწვეთებდნენ თვალში, რის შედეგადაც თვალის გუგა ფართოვდებოდა და თვალი იღებდა განსაკუთრებულ ბრწყინვალებას, ხოლო წითელი ნაყოფით ლოყებს იზელდნენ.
ნედლეულად იყენებენ ფოთოლსა და ფესვს. ყვავილობის დასაწყისში კრეფენ მხოლოდ ქვედა ფოთლების ღეროს დატოტვის დაწყებამდე. ყვავილობის ბოლოს კი – ახლად წამოზრდილი ტოტებიდან, თესლის წარმოქმნის დაწყებისას მცენარეს მთლიანად თიბავენ მიწის ზედაპირიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე, ახალი ყლორტების ამოყრის შემდეგ კვლავ კრეფენ ფოთლებს ერთხელ ან ორჯერ, მოთიბულ ბალახს ჭრიან 4 სმ-ის სიგრძეზე და აშრობენ.
5-6 წლის მერე ბელადონას კულტივირებას წყვეტენ. შემოდგომაზე მიწიდან იღებენ ფესვებს, ჭრიან 10-20 სმ სიგრძის ნაჭრებად და სიგრძეზე სერავენ.
ფოთოლსა და თვით მცენარეს აშრობენ სწრაფად, დაახლოებით 40 გრადუსზე, ფესვის გაშრობა ჰაერზეც შეიძლება.
ბელადონას ყოველი ნაწილაკი შეიცავს ალკალოიდებს. ფოთლები შეიცავენ 0,15-დან 1,2%-მდე ალკალოიდებს, ხოლო ფესვები – 0,05-1,3%-ს.
ბელადონას ძირითადი ალკალოიდია _ ატროპინი.
ბელადონას პრეპარატებს იყენებენ როგორც სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭ-ნაწლავის დაავადებისა და კუნთების სპაზმების დროს. იგი იხმარება მორფინითა და სოკოებით მოწამლვის შემთხვევაშიც. ბელადონას ფესვზე დამზადებულ პრეპარატს “კორბელა”-ს იყენებენ პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ. ბელადონა შედის აგრეთვე აბებში “ბელოიდი”, სანთელში – “ანუზოლი” და სხვა.

შინდი  – Cornus Mas L – Кизил мужской или обыкновеный

შინდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შინდი ბუჩქია, მაგრამ ზოგან 8 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება, ნაცრისფერ-მომწვანო ტოტებით, რომლებზედაც ერთიმეორის პირისპირ განლაგებულია ელიფსური, კვერცხისებრი ან ლანცეტა კიდემთლიანი ფოთლები, რომელთაც 3-5 გვერდითა რკალისებრი ძარღვი აქვთ, თანაფოთლები მას არ გააჩნია. ფოთლის სიგრძე 10 სმ-მდე აღწევს. ყვავილედის ძირში გარშემო განლაგებულია 4 სიფრიფანა ფოთოლაკიანი საბურველი. ყვითელი ყვავილები ბუჩქის შეფოთვლამდე იშლება.
ნაყოფი კურკიანია, წითელი, დასაწყისში მწკლარტე, შემდგომ კი მომჟავო-ტკბილი. ყვავის ადრე გაზაფხულზე, უფრო ხშირად მარტში, მთაში კი აპრილში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვიათად გვხვდება იგი მთაშიც 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
შინდის ნაყოფი 10 პროცენტ შაქარს, 2-3,5 პროცენტ ორგანულ მჟავებს და 55 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს. გამოიყენება მურაბისა და კომპოტის, ხილფაფის და მარმელადის, გამაგრილებელი სასმელებისა და ლიქიორის დასამზადებლად. ნედლ და ხმელ ნაყოფებს იყენებენ როგორც საწებ-სანელებელს ხორციანი კერძებისათვის.
მერქანში, ქერქსა და ფოთლებში დიდი რაოდენობითაა მთრიმლავი ნივთიერებები, რომელნიც ტყავს თრიმვლის პროცესში ყვითლად ღებავენ, ქერქსა და ფოთლებს ქსოვილების შესაღებადაც იყენებენ. საუცხოო თაფლოვანი მცენარეა, ამ მხრივ შინდის მნიშვნელობა იმითაა დიდი, რომ იგი ადრე გაზაფხულზე უმასპინძლდება ფუტკარს მიმზიდველი ნექტრით. ამ დროს ბევრი მცენარე კვლავ მიძინებულია და ამიტომ შინდი ადრე გაზაფხულზე ფუტკრის “გაჭირვების ტალკვესია”. შინდი იმავე დროს ფართოდ კულტივირებული მცენარეა.
ნაყოფები შეიცავს პექტინებს, მოქმედებს შემკვრელად ფაღარათობის დროს, გამოიყენება ჩაის სახით: 8-10 გ ხმელი ნაყოფი ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე (სადღეღამისო), რეკომენდებულია ფაღარათობისა და კუჭში სისხლჩაქცევის დროს.

 

შვიტა – Equisetum arvense – Хвощ полевой

შვიტა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. მას ქართლში მუხლას, კახეთში ჯორის ძუას, რაჭაში ვირიძუას ეძახიან. შვიტას აქვს მცოცავი, ღრმად ჩაფლული, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია: გენერაციული და ვეგეტაციური. გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის,  იგი სპორების მატარებელია და მათი შემოსვლის შემდეგ ჭკნება. ფერით რუხი-მოყავისფროა, დაუტოტავი, სიმაღლით 7-25 სმ. სპორები სფეროსებრია, მომწვანო, ოთხი დაგრეხილი დანამატით, შემოდის აპრილ-მაისში.
ვეგეტაციური ღერო გვიან ამოდის, იგი მიწის ზედაპირიდანვე რგოლებადაა დატოტვილი, სიმაღლით 50-60 სმ-ია. თითოეულ რგოლში 6-15 ცალი რკალისებრი მწვანე ფერის ზეაღმართული ღეროა.
შვიტა თითქმის მთელს საქართველოშია გავრცელებული. იზრდება როგორც ველად, ასევე ფიჭვნარ, ფოთლოვან, შერეულ ტყეეში, ტყის ნაკაფებში, ბუჩქნარებში, მდინარის ნაპირებზე. როგორც სარეველა ხშირად გვხვდება ბაღებსა და ბოსტნებში. განეკუთვნება ძნელად ამოსაძირკვავ სარეველებს.
ნედლეულად ამზადებენ შვიტას ვეგეტაციურ ღეროებსა და ტოტებს ზაფხულობით. მათ ჭრიან დანით ან ცელავენ. უხეში ქვედა ნაწილები დასამზადებლად არ გამოიყენება. მოჭრილი ნედლეული გაშრობამდე უნდა გადაირჩეს სხვა მცენარეებისაგან და უნდა გაშრეს გადახურულ ფარდულში, ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში ქაღალდზე ან ქსოვილზე 5-7 სმ სისქით გაფენილი.
შვიტა შეიცავს ვაშლის, მჟაუნის, სილიციუმის მჟავებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ექვიზეტრინის საპონინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, სიტოსტერინს, შემჩნეულია ალკალოიდის ნიშნები.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გამოწვეული შეშუპების სამკურნალოდ, შარდსადენი გზების დაავადებების (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) სამკურნალოდ. ხშირად შვიტას უნიშნავენ სხვა სამკურნალო ბალახების ნაკრებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
გარდა აღნიშნულისა, შვიტას ნაყენები და ნახარშები გამოიყენება საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის, აგრეთვე ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამვლის დროს.
შვიტას ნახარშს აქვს მადეზინციფიცირებელი თვისება, ამიტომ მის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. საზოგადოდ, შვიტა გამოიყენება სხვა სამკურნალო ბალახებთან ერთად კომპლექსურად.
შვიტას ნახარში ან ნაყენი არ შეიძლება მიიღოთ ნეფრიტების, ნეფროზების დროს, რადგან შესაძლებელია თირკმლის გაღიზიანება გამოიწვიოს.
შვიტას ნახარშს და ნაყენს იყენებენ არამარტო როგორც შარდმდენ, არამედ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას, თირკმლის და ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს. შვიტას ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად სტომატიტისა და ტონზილიტის დროს.
შვიტის ნახარშის მისაღებად დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი შეფარდებით 1:10, ადუღეთ 30 წუთი მომინანქრებულ ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე, გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. დალიეთ 3-4-ჯერ დღეში. ან კიდევ: 20 გრ (4 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლიან აბაზანაში 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ). ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა, მიიღეთ 1/4-1/3 ჭქა 2-3-ჯერ დღეში ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.

შალამანდილი  – Salvia Glutinosa L – Шалфей железистый

ტუჩოსანთა ოჯახში შედის. შალამანდილი 50-150 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვან-ღეროიანი მრავაწლიანი მცენარეა. მისი 3-4 სმ სიგრძის, ღეროს ზედ ნაწილში მტევნისმაგვარ ყვავილედად თანამოყრილ ყვითელ ყვავილებზე დაკვირვებით მუქი ფერის პატარა ლაქები შეიმჩნევა. ყვავილი ორტუჩიანია. ქვედა ტუჩი თავის მხრივ ორადაა გაყოფილი. ზედა კი მთლიანი და რამდენადმე მოღუნულია.
თხელი, დიდი ზომის გულისებრ-ისრისებური ფოთლების ფირფიტები კიდედაკბილულია. ღეროს შუა და ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები შედარებით უფრო დიდი და გრძელყუნწიანია, ზედა ფოთლები ჩვეულებრივ პატარა ზომისაა. შალამანდილისთვის, კერძოდ მისი ღეროს კენწერული ნაწილისათვის, დამახასიათებელია წებოვნება რის გამოც ხელს ეკვრება.
ყვავის ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე. ტენიანი ადგილების მცენარეა, თუმცა ზოგან შედარებით მშრალ ადგილებზეც სახლდება. გვხვდება უმთავრესად ტყეებში (ნაძვნარ-სოჭნარები, წიფლნარები და სხვა), ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. თაფლოვანი მცენარეა, ამასთან საკმაო რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს. ფოთლებისგან ამზადებენ წყლიან და სპირტიან ნაყენებს.
ხალხურ მედიცინაში მთელ მცენარეს იყენებენ გულმკერდის არეში ტკივილების დროს, აგრეთვე კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ნედლი ან მდუღარე წყლით დათუთქული ფოთლების დაფენით ჩირქოვანი მუწუკების განკურნვის საუკეთესო საშუალებაა.

 

შავწამალა – Scrophularia Nodosa L – Норичник шишковатый

შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. შავწამალა 50-125 სმ სიმაღლის მრავალწლიანი, ფესვურიანი მცენარეა ოთხწახნაგოვანი ღეროთი. ფესურა შედარებით მოკლე და ბოლქვისებურად გამსხვილებულია (ცრუბოლქვი).
ნაპირებში ორმაგხერხკბილა, წაგრძელებული კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის მოპირდაპირედ ჯვარედინადაა განლაგებული.
მოყავისფრო მწვანე ყვავილები კენწრულ მეჩხერ საგველადაა შეკრებილი. ყვავის ივნის-ივლისის თვეებში. იზრდება ნესტიან ადგილებში ტყის კალთის ქვეშ, ტყის გზებისა და ნაკადულების პირას. გვხვდება უფრო ხშირად წიფლნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში, ტყის პირებში, არხების პირას და სხვა.
შავწამალა შხამიანი მცენარეა. განსაკუთრებული ტოქსიკურობით მისი ფესურა გამოირჩევა.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ ფესურებს იყენებს უძილობის, თავის ტკივილის, ეგზემის, ჩიყვის, ბღერის (მუნის) და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. აფხაზები მკურნალობენ თირკმლებს, ხოლო ჩინეთში კი ცნობილია, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება.
ძლიერი შხამიანობის გამო საშიშია ადამიანისთვის და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ დაიშვება მისი სამკურნალოდ გამოყენება და ისიც ექიმის უშუალო მეთვალყურეობით.

 

Don`t copy text!