Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 386

ურთხელი, უთხოვარი – Taxus Baccata L – Тис ягодный

ურთხელისებრთა ოჯახის 20-25 (32) მ სიმაღლის ორსახლიანი ხეა 1,5 მეტრამდე დიამეტრითა და მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. მისი სქესგაყოფილი ყვავილები ცალ-ცალკე გაბნეულია ვარჯში. თესლი შემოხვეულია წითელი ხორცოვანი საჭმელად ვარგისი თესლით, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება და ტკბილი წვენით ივსება.
საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა, საუკუნეების განმავლობაში დაუზოგავი გაძლიერებული ექსპლუატაციის გამო. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე. მდ. ალაზნის ზემოწელში, პანკისის ხეობაში.
ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მ სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს.
მიუხედავად საკმაოდ ვრცელი არეალისა, ამჟამად გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. საუცხოოა გამწვანებისათვის.
საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს.
ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია. მათ ადრე დასავლეთის ქვეყნებში საკვებად აძლევდნენ მეწველ საქონელს წველადობის გაზრდის მიზნით. წიწვებს იყენებდნენ გულის სამკურნალოდ და წყლისადმი შიშის დასაოკებლად.

 

უნაბი – Ziziphus Jujuba Mill – Зизифус настоящий, или унаби

ხეჭრელისებრთა ოჯახში შედის. დატოტვილი 3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია ან 6-8 მ სიმაღლის ხეა და კუთხულ-დაბრეცილი ყლორტებით, რომლებზეც 3 სმ-მდე სიგრძის გრძლად წაწვეტილი ეკლებია განლაგებული. ქერქი ღეროზე მუქი მოშაოა, ყლორტებზე კი მოყავისფრო.
განიერი ლანცეტა ან კვერცხისებრი, ზემოდან მბრწყინავი ქვემოდან ბაცი, 20-50 მმ სიგრძის, 15-20 მმ სიგანის, კიდეწვრილხერხისებრდაკბილული, არათანაბარგვერდებიანი, მეტად მოკლე ყუნწიანი ფოთლები, წვრილ ყლორტებზე ორ მწკრივადაა განლაგებული და ასეთი თავისებურები სგამო კენტფრთართულ ფოთოლს მოგვაგონებს. ხუთწვერიანი პატარა ყვითელი ყვავილები სამ-სამ ყვავილიან მჭიდრო თანაყვავილედებად შეჯგუფული ფოთლების უბეებშია განლაგებული. მრგვალი ან მოგრძო ოვალური ფორმის, მბრწყინავკანიანი, 15-20 მმ სიგრძის, მუქმოწითალო ან მოყავისფრო, ხორციანი ნაყოფებიც ფოთლების უბეებშია განლაგებული.
 შუა აზიის და ამიერკავკასიის მთებში იგი ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზეა აღრიცხული. ფრიად გვალვაგამძლე მცენარეა, ამავე დროს 30 გრადუს ყინვასაც იტანს.
ნაყოფი 40 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 5 პროცენტზე მეტ პროტეინს, 1,5 პროცენტზე მეტ ქარვის და ვაშლის მჟავებს, 2,5 პროცენტამდე პენქტინოვან ნივთიერებს, 2 პროცენტზე მეტ ფისებს, 1,2 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. ფრიად მდიდარი C ვიტამინით (880 მგ პროცენტამდე). იჭმება როგორც უმი, ასევე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული.
გამოყენებულია საკონდიტრო წარმოებაში და გამაგრილებელი წყლების დასამზადებლად. ნაყოფები უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც რბილი ამოსახველებელი, მატონიზებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება. ამჟამად მეცნიერული მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდდამდენი თვისება გააჩნია. ცალკეული ექიმი-მკვლევარები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს. ხშირ შემთხვევებში სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა ბევრ ავადმყოფს უნაბის ნაყოფებით ჩატარებული სპეციფიური მკურნალობის შედეგად.
უნაბის ფოთლები 10-20 მგ პროცენტამდე C ვიტამინს შეიცავს და მაანესთეზირებელი თვისებებიც გააჩნია. ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში ადამიანი დროებით ჰკარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.
ქერქი ტყავის გასათრიმლად და შესაღებად, ხოლო მკვრივი, მოწითალო გულიანი მერქანი წვრილი სახარატო ნაკეთობისათვის გამოიყენება.

 

ტყის ჩიტისთვალა – Asperula Odorata L – Ясменник душистый

ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მრავალწლიანი 10-60 სმ სიმაღლის, სწორმდგომი ოთხწახნაგოვანღეროიანი მცენარეა. თხელი, თავწვეტიანი ლანცეტა ფორმის, კიდეხაოიანი მუქიმწვანე ფოთლები ღეროზე რგოლურადაა განლაგებული, რომელთა რიცხვი თითოეულ რგოლში 6-8 არ აღემატება.
თეთრი ყვავილები (გახმობისას შავდება) თავმოყრილია კერულ, მეჩხერ ნახევარქოლგა თანაყვავილედებად. ნაყოფი მოკლე კაუჭაბეწვიან გარსშია მოთავსებული. გვხვდება უმთავრესად დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვანსა და წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ხშირია წიფლნარებსა და ნაძვნარ-სოჭნარებში.

ჩიტისთვალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს კუმარინს, გლიკოზიდ ასპერულოზიდს, ციტრონსა და ასპერტანის მჟავებს, პიროკატეხინის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ფისებს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთს. ჩიტისთვალას პრეპარატები შეისწავლება როგორც ჰიპოტენზიური საშუალება. ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალა გამოიყენება, როგორც საგულე საშუალება (დამაწყნარებელი და სპაზმების საწინააღმდეგო), აგრეთვე ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, შარდის ბუშტის კენჭოვან-ქვიშიანი დაავადებების დროს, აძლიერებს დიურეზს .
გერმანიის ხალხური მედიცინა მას იყენებს დამაწყნარებლად, უძილობის, მუცლის ტკივილის, ნერვებაშლილობის და მენსტრუაციული ანომალიების დროს. გამოიყენება აგრეთვე ოფლისა და შარდმდენ საშუალებად. იყენებენ წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი (დაახლოებით 1,8 გ ) წვრილად დაჭრილი ბალახი 1 ჭიქა ცივ წყალზე. დგამენ 8-10 საათის განმვლობაში, სვამენ ერთი დღის განმავლობაში საჭირო სიფრთხილე. დიდი დოზით მიღება იწვევს პირღებინებას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას.
უკრაინის ხალხური მედიცინა ჩიტისთვალას სხვა სამკურნალო ბალახებთან შერევით, როგორც მსუბუქად გამხსნელ საშუალებას, ხმარობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ხოლო როგორც შარდდენის გამაძლიერებელი, საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს შარდის ბუშტისაგან ქვებისა და ქვიშის გამოდევნისათვის.
თვით მარტო ჩიტისთვალას უკრაინაში იყენებენ დოზით: 10-15 გ 1 ლ მდუღარე წყალზე (მთელი ღამე თბილ ღუმელში დგამენ); სვამენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-4-ჯერ.
ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალას ნედლ ბალახს უფრო ეფექტურ მომქმედად მიიჩნევენ ხმელთან შედარებით. რეკომენდებული ნაწლავების ჭვალის, უძილობის, შეტევითი ისტერიის, დისმენორიის, ღვიძლის დაავადებებისა და სიყვითლის დროს. მოქმედებს აგრეთვე შარდმდენ და ოფლისმომგვრელად წყალმანკის დროს და საშარდე ბუშტში ქვებისა და ქვიშის დაგროვების საწინააღმდეგოდ. იღებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი ერთ ჭიქა ცივ წყალზე, დგამენ 8 საათის განმავლობაში და ერთი დღის განმავლობაში სვამენ რამოდენიმეჯერ. ჩიტისთვალას ზეთი ლიქიორისა და ლუდის წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ფესვები ხასხასა წითელ ფერად ღებავს ქსოვილს.

 

ტყის მარწყვი – Fragaria vesca – Земляника лесная

 

ტყის მარწყვი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება წვრილი ფესვები და გრძელი მიწისზედა მხოხავი ყლოტები. ყლორტები მუხლებიდან ნიადაგში ფესვებს იდგამენ და ხორციელდება მცენარის ვეგეტაციური გამრავლება. მიწისზედა ნაწილი შედგება ფესვთანური ფოთლებისა და წვრილი პწკალებისაგან 1-2 ზრდადაუსრულებელი პატარა მარტივი ფოთლით. ამ ღეროებზე ვითარდება ყვავილები. ფესვთანური ფოთლები სამფოთოლაკიანია, სხედან გრძელ ყუნწებზე და ქმნიან როზეტს.
ყვავილები თეთრია, მსხვილი, სხედან გრძელ ყუნწებზე, ქმნიან ნახევარქოლგას. მარწყვის ნაყოფი ცრუა. იგი წარმოიქმნება ყვავილსაჯდომის გამსხვილებისაგან. ნაყოფი წვნიანი წითელი რბილობია, რომელშიც მოთავსებულია წვრილი, მშრალი, მოგრძო თესლურები. ტყის მარწყვი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში.
ტყის მარწყვს იმერეთში დადალას ეძახიან, რაჭაში – წიწინდერას, სულხან-საბა უწოდებს უელს, ხოლო სამეგრელოში – წიწიმდერას.

ტყის მარწყვი გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებში, მდელოებში, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე და ბუჩქნარებში.
ნედლეულად იყენებენ ნაყოფს, ფოთლებს და ფესვებს. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს. ფოთლებს კრეფენ ყუნწების გარეშე ყვავილებისა და ნაყოფის დამწიფების პერიოდში. ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, აცილებენ წვრილ ფესვებს და აშრობენ.
უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანში მარწყვმა შეიძლება გამოიწვიოს ჭინჭრის ციების მსგავსი ალერგიული გამონაყარი.
ტყის მარწყვის ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. შედარებით კარგად არის შესწავლილი ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. მასში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე, ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) დასათრიმლავ ნივთიერებები (0,4%-მდე), ვიტამინები: B, C,  კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი.
ფოთლებში აღმოჩენილია სათრიმლავი ნივთიერებანი, ვიტამინი C (250-280 მგ %), ალკალოიდის კვალი და გლიკოზიდი ფრაგარინი. ფესურებსა და ფესვებშიც ნაპოვნია სათრიმლავი ნივთიერებები (9,4%-მდე).
ტყის მარწყვის ხილი ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების, ატონური გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ თავი ნიკრისის ქარისაგან განიკურნა ტყის მარწყვის ნაყოფით.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ ნაღვლისმდენ საშუალებად. მას გააჩნია აგრეთვე დიურეტიკული მოქმედების უნარი. ნაყოფის წვენს, ნაყენს და ნახარშს აქვს ოფლმდენი თვისებები, უკლავს წყურვილის სურვილს, აუმჯობესებს ჭამის მადას. ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად წითელი ქარის დაავადებების დროს, პატარა ჭრილობების, ეგზემისმაგვარი მდგომარეობის, კანზე ლაქების, ჭორფლისა და ფერისმჭამელების მოსაცილებლად. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სუფრის კოვზ ახალ წვენს. შეიძლება ნაყენის დასამზადებლად გამოყენებული იქნეს გამშრალი ნაყოფი და ფოთლები. ერთ ჭიქა ნაყენს იღებენ ერთი დღის განმავლობაში.
ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენს იღებენ როგორც ოფლმდენ, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებას, აგრეთვე თირკმელში და ღვიძლში ქვების, ავიტამინოზის, საშვილოსნოდან სისხლის დენისა და გაცივების დროს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშებსაც, ფაღარათების, თირკმელში და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის, კანის დაავადებების და სისხლისდენის დროს. ახალი ფოთლები ჭრილობის შესახორცებელი კარგი საშუალებაა.
სამკურნალოდ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მწვანე მარწყვი (Fragaria viridis Duch), რომელიც ამავე რაიონებში ხარობს, რომელშიც იზრდება ტყის მარწყვი, მაგრამ გვხვდება უფრო გაშლილ, სწორ, ბალახოვან ფერდობებზე. მისი ნაყოფი ბურთისებრია, მოყვითალო-თეთრი, წითლდება მხოლოდ წვერში და ძნელად სცილდება ყვავილსაჯდომს.
ტყის მარწყვის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 სთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ გასტრიტების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათების დროს.

ტყის კამა – Peucedanum Caucasicum (M. B.) c Koch – Горичник

ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. ტყის კამა 30-120 სმ სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა. მისი წვრილად დაღარული, გულგულით ამოვსებული ღერო განივჭრილში მრგვალშემოწერილობისაა და შუა და ზედა ნაწილში დატოტვილია. ღეროს ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები ფრთისებრ ორ-სამჯერაა დაყოფილი; ბოლო სეგმენტი ფართო სოლისებრ-რომბული ან კვერცხისებრ-რომბულია. ფოთლის ყველა სეგმენტის კიდე მსხვილადაა დაკბილული; ღეროს კენწრული ნაწილის ფოთლები ძლიერ დაკნინებულია, სამადაა გაყოფილი ან მარტივი და ლანცეტა ფორმისაა. კენწეროსა და ფოთლების იღლიებიდან ამოსული ტოტების ბოლოებზე განლაგებული უთანაბრო სიგრძის ქოლგები მრავალრიცხოვანი, 6-10 (16) სხივით: ქოლგას საერთო საბურველის ფოთლები არა აქვს. კერძო საბურველი 2-3 ჯაგრისებრ ფოთლისაგან შედგება და ქოლგას აღემატება.
თითისტარისებურად გამსხვილებული ფესვი ოდნავ მოყვითალო-თეთრია; ფესვის ყელი გამხმარი ფოთლების ყუნწების მუქწაბლისფერ ქეჩისებრ ბოჭკოებშია გახვეული.
ყვავის ივნისს-აგვისტოში მოყვითალო ყვავილებით. გავრცელებულია ბარში. მთაში ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლემდე გვხვდება. ხშირია მუხნარებში; კარგად ვითარდება საშუალო და დაბალი სიხშირის ტყის კორომებში; შედარებით მცირე რაოდენობით იზრდება ფიჭვნარებში, ფიჭვნარ-ნაძვნარებში და სოჭნარ-ნაძვნარებში, ბუჩქნარებში და პატარა ყალთაღებში.
ნორჩი ღერო და ფესვი იჭმება მოხარშული, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. საქონელი ხალისით ძოვს განსაკუთრებით ჩვილ ღეროსა და ფოთლებს.
ფესვები შეიცავს ფურიკუმარინ პეუცედანინს, რის გამოც მცენარეს დაერქვა სახელწოდება – Peucedanum Morisonii Bess., რომელიც დასავლეთ ციმბირში, ყაზახეთსა და ალტაიშია გავრცელებული. ამ ბოლო დროს მედიცინაში გამოიყენება, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატ თიოფოსფამიდის მოქმედების გამაძლიერებელი საშუალება. ამიტომ ამ პრეპარატთან ერთად პეუცედანინი ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში გამოიყენება.
ამ მიმართებით ჩვენს ტყეებში გავრცელებული ტყის კამა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და ელოდება გულდასმით ფარმაკოლოგიურ გამოკვლევებსა და მრავალმხრივ კლინიკურ ცდებს.
ხალხში ტყის კამის ფესვებს იყენებდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. შარდმდენ და ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებად, მასვე ხმარობდნენ ძვლებში ე.წ. “მტვრევის” შეგრძნების საწინააღმდეგოდ.

 

 

ტუხტი სამკურნალო – Althaea officinalis – Алтей

სამკურნალო ტუხტი ცნობილი იყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ. ამის შესახებ წერდნენ ტეოფრასტი და დიოსკორიდი. მას რომაელებიც იყენებდნენ, რაზეც მიუთითებს პლინიუსის ნაშრომები. სამკურნალო ტუხტს ხმარობდნენ შუა საუკუნეებშიც – მასზე წერდა რომაელი ექიმი ალექსანდრე ტრალიანუსი (VI საუკ.). მის კულტივირებას მისდევდნენ მონასტრების ეზოებში.
სამკურნალო ტუხტი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურითა და დატოტვილი ფესვებით. მთავარი ფესვი გახევებულია, ხოლო მრავალრიცხოვანი გვერდით-ხორციანი. ღერო საერთოდ რამდენიმეა, შებუსული, სწორმდგომი, ქვევით გახევებული, სიმაღლით 1-1,5 მ და უფრო მეტი. ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი; ზედა – მთლიანი, კვერცხისებრი, შუა და ქვედა – სამ ან ხუთნაკვთიანი, წაგრძელებული წვერით, გულისებრი, თათისებრად დაძარღვული, დაკბილული, რბილი და ხავერდისებურად შებუსული. ყვავილები თავმოყრილია წვრილი ფოთლების უბეებში და ქმნიან ღეროს და ტოტების კენწრულ ნაწილში თავთავისებრ ყვავილედს. ყვავილები სწორია, ღია-ვარდისფერი, ხუთფურცლიანი, მელნისფერი მტვრიანებით. ჯამი ხუთფურცლიანია ჯამქვეშა 6-9 ფოთოლაკით. ყვავილობს  ივნისიდან სექტემბრამდე. ნაყოფი რთულია, ჩაჭყლეტილ-მომრგვალებული, გარშემორტყმული ჯამით, იშლება ცალკეულ თესლურებად.
მცენარეს ყოველ ორგანოში აქვს დამცავი მოწყობილობა ზედმეტი აორთქლების საწინააღმდეგოდ ლორწოვანი უჯრედების სახით.
ნედლეულად იყენებენ ფესვებს, რომლებსაც აგროვებენ შემოდგომით. მიწიდან ამოთხრის შემდეგ მას აცილებენ მთავარი ფესვის გახევებულ ნაწილს და წვრილ განშტოებებს, ტოვებენ მთავარი ფესვის რბილ ნაწილს და მსხვილ გვერდით ფესვებს. საერთოდ აგროვებენ ორ და სამწლიანი მცენარის ფესვებს, ვინაიდან უფრო ძველი, გახევებული ფესვების გამოყენება არ შეიძლება. შეგროვილ ფესვებს ასუფთავებენ მიწისგან, დანით ჩამოფხიკავენ ნაცრისფერ საცობს და აშრობენ. ნედლეულის გამოყენება არ შეიძლება თუ მასში არის გახევებული, დაობებული, მჟავე სუნის მქონე ფესვები. ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია.
სამკურნალო ტუხტის ფესვების შემადგენლობაში შედის 10%-მდე ლორწოვანი ნივთიერება, 50% სახამებელი, შაქარი, ეთერზეთი.
სამკურნალო ტუხტი გამოიყენება ხველის, ყივანახველის (განსაკუთრებით პედიატრიაში) დროს, აგრეთე კოლიტების, ენტეროკოლიტების, დიზენტერიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
გარეგან საშუალებად იხმარება ფესვის  ნაყენი პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისა და კონიუნქტივიტის დროს.
სამკურნალო ტუხტს დიდ შეფასებას აძლევდა ავიცენაც. იგი წერდა, რომ სამკურნალო ტუხტი არბილებს სიმსივნეებს და ხელს უშლის მათ წარმოშობას. იგი აყუჩებს ტკივილებს სახსრებში, განსაკუთრებით ბატის ქონთან ერთად, სასარგებლოა საჯდომი ნერვის ანთების, კიდურების ცახცახის, კუნთების დაჭიმვის დროს. ტუხტის საფენები კარგ შედეგს იძლევა ყბაყურა ჯირკვლების გადიდებისა და მკერდის სიმსივნეების დროს. ტუხტის თესლი გუმფისთან ერთად გამოიყენება საშვილოსნოს გამკვრივებისა და შეკუმშვის დროს; თესლის ნახარში ასუფთავებს ორგანიზმს მშობიარობის შემდგომი გამონადენებისაგან.
სამკურნალო ტუხტის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვი (იშვიათად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები) დაასხით 500 მლ ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი დასატკბობად. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ორი საათის შემდეგ.
სამკურნალო ტუხტის ყვავილში შედის პიგმენტი მალდვინი, რომლის  გამოყენება შეიძლება შალის შეღებვის დროს.

 

ტილჭირი  – Aconnitum Nasutum Fisch – аконит носатый

ბაიასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, მომრგვალო ტუბერებიანი ბალახია. მისი საკმაოდ ლურჯი ან მუქი იისფერი ყვავილები აღმამდგომ კენწრულ ყვავილებადაა შეკრებილი. ყვავილსაფარი 5 ფოთლისაგან შედგება, რომელთაგან სულ ზედა მუზარადისებურადაა ჩამოფარებული და ირიბად ძირს დახრილი ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი კარგად გამოსახული ნისკარტითაა დაბოლოებული.
ტილჭირი საერთოდ შეუბუსავი მცენარეა, მაგრამ ზოგ ეგზემპლარს ყვავილედის მოკლე ბეწვით შებუსვა ემჩნევა. ნაყოფი 3 ფოთლურისაგან შედგება, რომელიც უფრო ხშირად შიშველია, ზოგ ეგზემპლარს ფოთლურების ურთიერთ შერწყმის გამომსახველი ნაკერის შებუსვა ემჩნევა.
ტილჭირის სიმაღლე 50-120 სმ ფარგნლებში მერყეობს; ღეროს ზედა ნაწილი ხშირად დატოტვილია. საკმაოდ გრძელყუნწიანი, 5 სეგმენტად თათისებრ დაყოფილი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, სეგმენტი განიერ ლანცეტისებრია და შორშორს ღრმადაა დაკბილული.
ყვავილობს ივლის-აგვისტოში, გავრცელებულია საქართველოში თითქმის ყველგან. უმთავრესად გვხვდება სუბალპური სარტყლის ტენიან წიწვოვან ტყეებსა და შამბნარებში. ტყეში უმთავრესად ნაკადულების პირას იზრდება.
მუქი ლურჯი, მუზარადისებრი, მსხვილი ყვავილებით და ორიგინალური ფორმის ფოთლებით ტილჭირი ლამაზი შესახედაობისაა და კარგია დაჩრდილული ადგილების გასამშვენიერებლად.
აღსანიშნავია ამ მცენარის ძლიერი შხამიანობა. შხამკალოიდებს ყველაზე მეტად ტუბერები შეიცავს. ალკალოიდ აკონიტინის შემცველობა მათში 1,8%-მდე აღწევს.
მთლიანად მცენარე ძლიერი შხამიანობით ყვავილობის ფაზაში გამოირჩევა. მომწამვლელი თვისებით ფრიად საშიშია როგორც ცხოველების, ასევე ადამიანებისათვისაც. ამ მცენარით მოწამვლის უშუალო შედეგია მთელი ორგანიზმის დაჩირქებული დამბლა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება. შხამინია როგორც ნედლი, ასევე გამხმარიც, მისი 300-400 გ ნედლი ფესვი სასიკვდილო დოზაა ცხენისათვის. საქონელი ეცემა მცენარის მიღებიდან 14 საათის განმავალობაში.
სპეციალური ცდებით დადგენილია, რომ 14-16 გ ტილჭირი საკმაოა თხის მოსაკლავად. ამ ბალახით მოწამლული საქონლის ხორციც მოშხამული და საჭმელად უვარგისია. ტილჭირს საქონელი საერთოდ არ ეტანება, მაგრამ თუ ტყეში სხვა ბალახი ნაკლებადაა, მოსალოდნელია საქონელმა პირი წაატანოს მას; ძლიერ მცირე დოზით მიღებული ბალახი საქონლის დაცემას არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივ აავადებს მომნელებელი სისტემის მოშლით.
უკიდურესი შხამიანობა ძლიერ ზღუდავს ტილჭირის სამკურნალოდ გამოყენებას. მიუხედავად ამისა ტილჭირის სხვადასხვა სახეობები დიდი სიფრთხილით გამოყენებას მაინც პოულობს მედიცინაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში სამასამდე სახეობაა ცნობილი და მათი უმეტესობა ტოქსიკური თვისებისაა.
ტილჭირი ფართოდ გამოიყენება ჰომეოპატიაში სისხლდენისა და ლორწოვანი გარსების კატარალური დაავადებების დროს.
რუსულ ხალხურ მედიცინაში იგი ცნობილია როგორც გარეგანსახმარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ფრიად ეფექტურად მიიჩნევენ რევმატული ტკივილების საწინააღმდეგოდ. ტუბერების სპირტზე ნაყენით იზელენ რევმატული ტკივილებით შეპყრობილ სახსრებსა და კუნთებს. რამოდენიმე შეზელვის შემდეგ მტკივნეული იარები ჩნდება. ასეთ შემთხვევაში ნაყენის ხმარებს წყვეტენ, მორჩენამდე. შემდეგ კვლავ იმეორებენ შეზელვის პროცედურებსა. მეორედაც მოსალოდნელია მტკივნეული იარების განვითარება. ამ დროსაც აუცილებლად წყვეტენ ნაყენის გამოყენებას, მათ სრულ მორჩენამდე. შემდგომში გაგრძელებული შეზელვის პროცედურებით უკვე მოსალოდნელი აღარაა იარების გაჩენა.
ტიბეტურ მედიცინაში ზოგი სახეობის ტილჭირის ფხვნილის სხვა ბალახებთან შერევით ციმბირის წყლულსა და ფილტვების ანთებას მკურნალობენ. ჩინეთში ტილჭირი პოპულარულია როგორც კიბოსა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებათა შემადგენელი ნაწილი.
 ტილჭირის ტუბერების სპირტზე ნაყენი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მწვავე ტკივილების დროს (სამწვერა ნერვის ნევრალგია, რევმატული ტკივილები კუნთებსა და სახსრებში, გაციებით გამოწვეული დაავადებები).  იგი ეფექტურად მოქმედ, მაგრამ საშიშ საშუალებად მიაჩნიათ მაღალი ტოქსიკურობის გამო. მედიკოსთა რეკომენდაციით ტილჭირის სპირტზე ნაყენის თერაპიული დოზებია 0,002-0,003 მგ 2-3-ჯერ დღეში. გამოიყენება აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით.
ხალხურ მედიცინაში ტილჭირის ფოთლების და ტუბერების წყლით გამონაწვლილი გამოიყენება სველი საფენების სახით რევმატიზმის, იშიასის და ავთვისებიანი სიმსივნის დროს.
ტილჭირის ფხვნილი და ნახარში წარმატებით გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.

 

სვია – Humulus lupulus – Хмель обыкновенная

სვია მრავალწლიანი, ხვიარა ბალახოვანი მცენარეა კანაფისებრთა ოჯახიდან, მრავალწლიანი, გრძელი ფესურით. ღეროები ერთწლიანია, ექვსკუთხა, ხვიარა, ყოველწლიურად ამოდიან ფესურას კვირტებიდან, სწრაფად იზრდებიან, ყვავილობის დასაწყისისათვის 6-7 მ სიმაღლისაა. ფოთლები მოპირისპირეა, გრძელყუნწიანი, მთლიანი ან სამ-ხუთჯერ დანაკვთული, კიდეები ხერხისებრი. ორსქესიანი მცენარეა, ყვავილები წვრილი აქვს. მტვრიანიანი ყვავილები საგველაადა შეკრებილი და ფოთლის უბეებშია მოთავსებული, ბუტკოიანი ყვავილები კი დაფარულია კრამიტისებურად განლაგებული ფურცლებით, რომლებიც გრძელ (1,5-2 სმ) ყვავილედს ქმნიან. ეს თანაყვავილედი გირჩია, ნაყოფი _ დაბრტყელებული, ერთთესლა კაკლუჭაა.
სვია ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში.
საქართველოში იგი ფართოდაა გავრცელებული, ამრავლებენ კიდევაც ბოსტნებსა და საბაღე ნაკვეთებში, ლუდის გამოსახდელად, სამრეწველო მიზნებისათვის.
სამკურნალოდ გამოიყენება მდედრობითი გირჩები. მათ აგროვებენ ხელით, გლეჯენ 2 სმ-ის სიგრძის ყუნწით, სიმწიფის პერიოდში, როდესაც გირჩები მოოქროსფრო-მწვანეა. შემოსულ გირჩებს სწრაფად ახმობენ ჩრდილში, მზისგან დაცულ ადგილას.
შეიცავს მწარე ნივთიერება ლუპუოინს, ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის მირცენოდი, ჰუმულენი, ფარნეზენი. გარდა აღნიშნულისა, გირჩებში ნაპოვნია ალკალოიდი ჰუმულინი, ჰორმონები, ქლოროგენის, ვალერიანის მჟავები, ფლავონური გლიკოზიდები, საღებავი, ფისოვანი ნივთიერებები, ვიტამინები და სხვა.
გირჩებში არსებული ლიპულინი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ფლავონოიდები, ჰორმონები და ვიტამინები განაპირობებენ მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, კარგად მოქმედებენ წყლულოვან დაავადებებზე, ამაგრებენ კაპილარებს. მათ გააჩნიათ აგრეთვე ჰიპოსენსიბილური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
არის ცნობები იმის შესახებ, რომ გირჩებს ახასიათებთ ესტროგენური აქტივობა.
გირჩებისაგან დამზადებული ექსტრაქტები ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. მრეწველობა მათ ბაზაზე უშვებს რიგ სამკურნალო მალამოებსა და ხსნარებს ქერტლის საწინააღმდეგოდ, თმის ძირების გასამაგრებლად, დერმატიტების და ფერისმჭამელების სამკურნალოდ.
გირჩების წყლიანი ნაყენი გამოიყენება მადის მომგვრელ საშუალებად, კუჭ-ნაწლავების ტრაქტის მოსაწესრიგებლად, კატარის, გასტროენტერიტების სამკურნალოდ. მას ხმარობენ აგრეთვე როგორც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთების, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების დროს (1 სუფრის კვზი 3-ჯერ დღეში). მის ნაყენს ხშირად იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის დროს, ამ შემთხვევაში ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, გააჩერებენ 20-30 წუთი, სვამენ თბილს საღამოს, ძილის წინ.
გირჩებისაგან დამზადებული ნაყენებითა და ნახარშებით იბანენ თავს ადრეული გამელოტებისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ. ნაყენების და ნახარშების საფენები გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება დაჟეჟილობის, ნიკრისის ქარების რევმატიული ტკივილების, წყლულების, ეგზემის, კანის ანთების დროს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენების დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირღებინება, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილი, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის გრძნობა.
ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული გირჩები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წუთი. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ, შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
გარეგანი საფენებისთვის ამ ნაყენებით ასველებენ დოლბანდს და იფენენ მტკივან ადგილებზე.
ბულგარელი მედიკოსების აზრით სვიის გირჩების შემადგენლობაში შემავალი ფენოლის მოქმედებითაა განპირობებული მისი დიურეტიკული ეფექტი. კარგი სამკურნალო თვისებები გააჩნია კლიმაქტერული დარღვევების, უძილობის, ნერვული აღგზნების დროს.
 ხალხურ მედიცინაში რეკომენდირებულია სვიის გირჩებით ავსებული ბალიშების ხმარება ძილის გაუმჯობესებისათვის. მათივე რეკომენდაციით ნაყენის მომზადება ცივი სახითაც შეიძლება. ამისათვის 1-2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 12-42 სთ, გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპებით საღამოს, ძილის წინ.

 

სელიჭა – Linaria Vulgaris Mill – Льнянка обыкновенная

შავწამალასებრთა ოჯახში შედის. სწორმდგომღეროიანი, 90 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი მცენარეა. ხაზურ-ლანცეტა ან ხაზურ, მახვილწვერიანი, შიშველი, 2-7 მმ სიგრძის მჯდომარე ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. ორტუჩა, დეზიანი, ქვედა ტუჩზე კაშკაშა ნარინჯისფერამონაბურცვიანი (ზოჯერ ამონაბურცვი კაშკაშა ყვითელია), ყვითელი ყვავილები, აღმმადგომ კენწრულ მჭიდრო მტევანშია შეკრებილი. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. ოვალური კოლოფა ნაყოფი ჯამზე ორჯერ უფრო გრძელია. შავი თესლები ბადროსებრია სიფრიფნა არშიით.
იზრდება მთის შუა სარტყლამდე მთის ტყიან ზონაში, როგორც სარეველა და რუდელარული მცენარე მდელოებსა და მინდვრებზე, ტყისპირებში, გზებისა და ბილიკების პირას საქართველოს ყველა რაიონში. მართალია ვრცელი არეალით ხასიათდება, მაგრამ სელიჭას მარაგი არც თუ დიდია.
სელიჭას ღერო და ფოთლები ალკალოიდ პეგანინს შეიცავს, გარდა ამისა, მოიპოვება ფოანიდური გლიკოზიდების (ლინაონი და სხვ.) ფიტოსტერინი, ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ორგანული მჟავები.
სელიჭას ექსტრაქტის ექსპერიმენტულმა შესწავლამ ცხოველებში გამოავლინა მისი გამხსნელი თვისება. ექსტრაქტის გამოყენებამ ნაწლავთა ატონიით, მეტეროიზმითა და ხანგრძლივი კუჭშეკრულობით შეპყრობილ ავადმყოფებში დადებითი შედეგები გამოიღო.
სელიჭას ფოთლებიდან მიღებულმა ალკალოიდმა პეგანინმა 0,01 გ. დოზით დღეშ სამჯერ, 30 დღის განმავლობაში განაპირობა იმ ავადმყოფთა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელთაც მუსკულატურის პროგრესული დისტროფია ჰქონდათ, გაიზარდა მუსკულატურის ძალა, კიდურების სახსრებში გაიზარდა აქტიურ მოძრაობათა მოცულობა.
მიოპატიით ავადმყოფთა პეგანინით მკურნალობისას 3 კვირის შემდეგ აღინიშნა ძალის მომატება კიდურების მუსკულებში, გაიზარდა მოძრაობის უნარი და სხვა.
ხალხურ მედიცინაში სელიჭას საფაღარათო და შარდმდენ საშუალებად იყენებენ. ერთ მუჭა აყვავებულ სელიჭას 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, დგამენ რამოდენიმე წუთს, წურავენ, გემოვნებით უმატებენ შაქარს და თითო სუფრის კოვზს იღებენ ყოველ 1 ან 2 საათში. სელიჭას თესლის ნახარშს ამზადებენ თანაფარდობით: 15-30 გ 1 ლ მდუღარე წყალზე და თითო ჩაის კოვზს იღებენ დღეში რამდენიმეჯერ, როგორც საფაღარათო და ნაღვლისდენის გამაძლიერებელ საშუალებას.
40,0 გ სელიჭას 1 ლ მდუღარე წყალზე დაყენებულ ჩაის ღვიძლის სამკურნალოდ ხმარობენ. სელიჭას იღებენ აგრეთვე ბუასილის დროს მალამოს სახით: 1 ნაწილი სელიჭას ყვავილები, 1 ნაწილი მუხის ქერქი, 1 ნაწილი წყლის წიწაკა (წალკი). ყოველივე ამას ერთმანეთში ურევენ, 12 საათის განმავლობაში აყენებენ გამდნარ ღორის ქონზე (ე.ი. გამდნარ ქონში ურევენ), დროდადრო ურევენ, შემდეგ აცხელებენ და წურავენ. მალამოთი ჟღენთავენ დოლბანდის ნაჭერს და იგი სწორ ნაწლავში შეყავთ 4-5 საათით. აღინიშნება ტკივილების გაყუჩება და ანთებითი მოვლენების შემცირება. სისხლისდენის შეჩერება. სელიჭას ნახარშის მოსამზადებლად იღებენ 20,0 გ ბალახს, რომელსც 0,5 მმ სიგრძის ნაწილებად აქუცმაცებენ, ასხამენ ოთახის ტემპერატურის 1 ლ წყალს, ადუღებენ 30 წუთს, მაშინვე წურავენ რომელსაც შარდმდენ და ნაღველისდენის გამაძლიერებელ საშუალებად იყენებენ.
აღსანიშნავია სელიჭას ბუასილის საწინააღმდეგო ეფექტიც. ამ მიზნით გამოიყენება მალამო, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ნაწილ ბალახს 5 ნაწილ ღორის ქონში აცხელებენ, წურავენ და მალამოს იცხებენ ბუასილურ გამონაზარდებზე (სწორი ნაწლავის კიდეზე გარეთ გამოსულ მსხვილ მეჭეჭისებრ გამონაზარდებზე). ამავე მალამოთი სარგებლობენ ეგზემის მკურნალობაში, აგრეთვე სირსველის წინააღმდეგაც.
სელიჭას მოსახლეობა ოთახის მწერების მოსასპობადაც იყენებს, ე.ი. მას ინსექტიციდური თვისებაც გააჩნია, ამ მიზნით ნედლ ბალახს იყენებენ. იგი ცხენებისათვის საწამლავი ბალახია.
 სელიჭას ჩაის (40,0 გ 1 ლ მდუღარე წყალზე) სვამენ ნაწლავთა გაბერვისა და ღვიძლის დაავადებათა დროს. სიყვითლის დროს ნეგოსთან შერევით, ორივე 15-15 გ. 10 გ სიმინდის “ულვაშის” დამატებით. ყველა ამ ნარევს, 40,0 გ. იღებენ 1 ლ წყალზე. ამავე ნარევს წყლით გამონაწვლილის სახით იღებენ თირკმლების სამკურნალოდ (ჩაი მთელი ღამე იდგმება თბილ ღუმელში და დილით იწურება).
წყლიანი ნაყენი გამონაწვლილი შემდეგი ნარევისაა: 1 ნაწილი სელიჭა, 1 ნაწილი ღიღილოს ფურცლები, 1 ნაწილი კორდისკბილა. ამ ნარევს ასხამენ მდუღარე წყალს და 8 საათს დგამენ. ამ ხსნარში დასველებულ ნაჭერს ანთებინ თვალებზე იფენენ. შველის სიყვითლის დროს თვალებში არსებული დაჩირქებებს და საერთოდ მხედველობას აუმჯობესებს. ამ პროცედურების კეთებას ავტორი მთელი თვეების განმავლობაში ურჩევს სრული სისუფთავის დაცვით ამავე სითხის თვალში ჩაწვეთებითაც. დადებითი შედეგი მხოლოდ ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ შეიმჩნევა.

 

 

 

სამფერა ია – Viola tricolor – Фиалка трехцветная (Анютины глазки)

 

 

სამფერა ია ანუ იაჟუჟუნა ყვავილობს აპრილის ბოლოდან შემოდგომამდე. მისი არასწორი ფორმის ყვავილის ფურცლები შეფერილია სხვადასხვანაირად: ორი ზედა – მელნისფერი ან ლურჯია, სხვადასხვა ელფერით, ქვედა სამი – თეთრია ან ყვითელი. ყვავილის შუაგულიდან როგორც სხივები გამოდიან მუქი ხაზები. ყვავილის ლამაზმა ფორმამ და უცნაურმა შეფერილობამ თავიდანვე მიიქცია მეყვავილეთა ყურადღება. დაიწყეს ბაღებში დეკორატიული ჯიშების გამოყვანა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ ყვავილის სიდიდითა და შეფერილობით. ასი წლის განმავლობაში მეყვავილეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს.
სამფერა ია განეკუთვნება იისებრთა ოჯახს. იგი ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა წვრილი ფესვით. ღერო დატოტვილია, შიგნით ღრუ, სიმაღლით 10-30 სმ. ხშირად ფესვიდან რამდენიმე სწორმდგომი ან მიწაზე გართხმული ღერო ვითარდება. ფოთლები მორიგეობითია, მარტივი, შიშველი, მსხვილი. ქვედა ფოთლები მომრგვალო-გულისებრია, საკმაოდ გრძელი ყუნწით. თანაფოთლები მსხვილია, ფრთისებრ განკვეთილი და სხედან წყვილ-წყვილად ფოთლის უბეებში. ღეროები და ტოტები თავდება მარტოული ყვავილებით.
ყვავილები არასწორია, სხედან გრძელ სამ-ოთხწახნაგოვან, ბოლოში გადაღუნულ ყუნწზე. ჯამი ხუთფოთლიანია, მწვანე, დაყვავილების შემდეგ არ ცვივა, გვირგვინი ხუთფურცლიანია, ქვედა ფურცელს გვირგვინის ბოლოში აქვს დეზი, რომელიც ორჯერ უფრო გრძელია, ვიდრე ჯამის გამონაზარდი; მტვრიანა 5, წვერში ნარინჯისფერ-ყვითელი გამონაზარდით, 2 ქვედა მტვრიანას აქვს ერთი ოდნავ გადაღუნული მომწვანო დეზი, რომელიც მოთავსებულია ქვედა ფოთლის დეზში. ბუტკო ერთი, ზედანასკვით ფუძესთან გადაღუნული, ხოლო ზევითა მხარეს ქინძისთავისმაგვარი გაგანიერებული მოყვითალო სვეტით. დინგი წარმოადგენს დოქის ფორმის ჩაღრმავებას, რომელსაც აპკისებრი თავსახური აქვს. ნაყოფი – მომრგვალო-სამწახნაგოვანი ერთბუდიანი კოლოფია, რომელსაც გარს აკრავს ჯამი (სამი საგდულით იხსნება), თესლი მოგრძოკვერცხისებრია, რუხი, მბრწყინავი, ნედლ ბალახს აქვს მოტკბო-ლორწოვანი გემო, მშრალ ბალახს გემო თითქმის არ აქვს.
სამფერა ია იზრდება მინდვრებში, მდელოებში, ფერდობებზე, როგორც სარეველა.
ნედლეულად აგროვებენ სამფერა იას ბალახს. შეგროვება ხდება ზაფხულში, ყვავილობის პერიოდში. მთელ მცენარეს ჭრიან მიწის ზედაპირიდან ოდნავ მაღლა და აშრობენ ჩრდილში. არასასურველია რომ ნედლეულს შეყვეს დიდი რაოდენობით მწიფე ნაყოფი და დაყვავილებული ყვავილები.
სამფერა იას ბალახი შეიცავს საპონინებს, გლიკოზიდებს, ყვითელ პიგმენტ ვიოლაკვერცეტინს, ვიტამინ C-ს და კაროტინს. მელნისფერ ფურცლებში აღმოჩენილია ანტოციანი ვიოლანინი.
საპონინების წყალობით მცენარეს აქვს ამოსახველებელი თვისებები. მცენარე შედის საყმაწვილო სენის საწინააღმდეგო ნარევში. მას იყენებენ აგრეთვე ეგზემისა და კანზე გამონაყარის დროს. საყმაწვილოს სენის დროს მის ნახარშს სვამენ, ხოლო გარედან იკეთებენ აბაზანებს და საფენებს. მის ნახარაშს იყენებენ როგორც სისხლისდენის შემაჩერებელ, შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას.
სამფერა იის ნახარშის მისაღებად აიღეთ 20 გრ მცენარე, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, გააცივეთ 45 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

Don`t copy text!