Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 392

კავკასიური სურო – Hedera Caucasigena Pojark. (H. Helix Auct. Cauc. Non L.) – Плющ кавказский

სუროსებრთა ოჯახის, მცოცავი (ლიანა), მარადმწვანე მცენარეა. ახალგაზრდა ტოტები შებუსვილია, ხანდაზმული კი შიშველი. საკმაოდ გრძელყუნწიანი ტყავისებრი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა გაწყობილი, რომელნიც მიწაზე გართხმულ უნაყოფო და მცოცავ ყლორტებზე საერთო გარეგნული შეხედულებებებით სამკუთხა კვერცხისებრია, 3-5 (7) ნაკვთით, უფრო ხშირია სამნაკვთიანი ფოთლები. ფოთლის შუა ნაკვთი სხვებთან შედარებით ჩვეულებრივ უფრო დიდია. გენერაციული ტოტების დაუნაკვთავი ფოთლები კვერცხისებრი ან რომბულია. ფოთოლი ზემოდან მუქ-მწვანე, ქვემოდან კი უფრო მკრთალია. ფოთლების ყუნწები შებუსვილია.
მომწვანო-მოყვითალო ყვავილები აღმამდგომი მტევნის ცალკეულ ტოტებზე ქოლგებადაა შეკრებილი. მთელი ყვავილედი თეთრი ვარსკვლავისებრი ბეწვითაა მოფენილი, ყვავის გვიან ზაფხულში (ხშირად სექტემბერში). მრგვალი 2-4 თესლიანი შავი ფერის კენკრა ნაყოფები შემოდგომით საკმაოდ გვიან მწიფდება. მრავლდება თესლითა და კალმებით, მიწაზე მხოხავი ყლორტები ცალკეულ კვანძებში ფესვებს ივითარებს. ხეებსა და სხვა საყრდენ საგნებზე მცენარე დამატებითი ფესვებით საიმედოდ ემაგრება. ჩრდილის დიდი ამტანია, ამიტომ კარგად იზრდება ტყეებში, როგორც საბურველქვეშ, მიწაზე გართხმული, ასევე ადვილად აღწევს ხეთა ვარჯებში. უპირატესად ტყის მცენარეა, მაგრამ ზოგან შიშველ კლდეებზედაცაა შეფენილი. ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ მდიდარ ნიადაგებზე იზრდება ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე სიმაღლეზე. გვხვდება იმერეთში, რაჭა-ლუჩხუმში, აჭარაში, ქართლსა და თრიალეთზე. საქართველოში გარდა განხილულისა იზრდება კოლხური და პასტუხოვის სუროები, რომელთა ფოთლები დანაკვთული არაა.
ფარმაკოქიმიურად უფრო კარგად შესწავლილია კავკასიური სურო, დანარჩენი ორი კი ძლიერ სუსტად ან სრულებითაც არაა გამოკვლეული. საერთოდ ცნობილია, რომ ქიმიური შემადგენლობით სუროების სხვადასხვა სახეობები ერთმანეთისაგან არსებითად არ განსხვავდება. ხალხიც სამკურნალოდ გამოყენებისას სახეობრივ ნაირგვარობას ყურადღებას არ აქცევს. იყენებს იმ სახეობას, რომელიც მისთვის ტერიტორიულად უფრო მისაწვდომია.
სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება, მაგრამ გლიკოზიდ ჰედერნინის და საპონინების შემცველობის გამო მომწამვლელ გავლენას ახდენს, რაც მათ სამკურნალოდ გამოყენებისადმი ფრთხილად მიდგომის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.
ჰედერინს გამხსნელი და პირსასაქმებელი თვისება გააჩნია. დანით დასერვის შემთხვევაში ღეროდან ფისოვან-გუმფისოვანი წვენი გამოდის, რომელიც ჰაერზე გამჭვირვალე მუქყავისფერ მყარ ნაწილებად მკვრივდება. იგი წვის დროს საკმევლის სურნელისებრ არომატს აფრქვევს. მისგან ღვინის სპირტში გახსნით ამზადებენ ლაქს, რომელიც ფერწერაში გამოიყენება.
მიუხედავად არასასიამოვნო გემოსი, ნაყოფებს ორნიტოფაუნის ბევრი წარმომადგენლი ჭამს.
სუროს პრეპარატები მცირე დოზით სეკრეტორიტულ გავლენას ახდენს ქრონიკული ბრონქიალური კატარის დროს, ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს გარეგანი ხმარებისას ქალებში თეთრად შლისას. მასვე იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. გარეგან სახმარად გამოიყენება კოჟრების, მეჭეჭების, პოლიპების, დამწვრობით გამოწვეული ჩირქოვანი მუწუკების სამკურნალოდ. დასალევად იყენებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 1/2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ერთ ჭიქა წყალს ასხამენ და 8 საათს დგამენ. ესაა დღე-ღამის დოზა.

 

 

 

 

 

 

 

 

კავკასიური სოჭი  – Abies Nordmanniana (Stev). Spash.  – пихта кавказская

ფიჭვისებრთა ოჯახს ეკუთვნის. კავკასიური სოჭი სიმაღლეში 60-70 მეტრამდე აღწევს. დიამეტრი კი – 2 მეტრამდე. მისი ფისითა და მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი ქერქი ერთწლიან ყლორტებზე მოყვითალომწვანე ან მურა-მოწითალოა, ზოგჯერ – ღია ყავისფერი. ევროპული სოჭისაგან განსხვავებით, ყლორტის კენწეროზე ოთხი კვირტი ზის.
ბლაგვი ან წვერომოკვეთილი ბრტყელი წიწვი ქვედა მხრიდან წყვილ თეთრზოლიანია, ტოტზე წიწვები ორ მწკრივადაა განლაგებული.
ღია ადგილზე სოჭი 30-40 წლის, ხოლო კორომში 60-70 წლის ასაკში იწყებს მსხმოიარობას.
მოყვითალო მწვანე მამრობითი ყვავილები თავთავისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი წიწვების იღლიებში და გასული წლის ტოტების კენწრულ ნაწილში არის განლაგებული.
მდედრობითი აღმამდგომი გირჩები გასული წლის ყლორტების კენწეროებზე ზის, ამასთან ხის მხოლოდ კენწეროშია თავმოყრილი.
თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, გირჩის დაშლა და თესლის გამობნევაც ამ დროს ხდება.
1000 ცალი თესლის წონა 64 გრამს შეადგენს. კავკასიური სოჭის სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 წელს აღწევს.
კავკასიური სოჭი ქიმიკო-ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი, მაგრამ ამ მიმართებით იგი ძალიან ახლოს დგას ციმბირულ სოჭთან და მის შემცვლელადაც გამოდგება.
მედიცინაში სოჭის წიწვები, ქერქი და ახალგაზრდა ტოტები გამოიყენება, მათგან მიღებული ეთერზეთი ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სინთეზური ქაფურის მისაღებად.
ქაფური სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის აღმგზნები, ინფექციური და სხვა დაავადების დროს გულის მოქმედების გამაძლიერებელი საშუალება. ამავე მიზნით გამოიყენება გულის გასამაგრებლად ნარკოტიკებით, ძილისმომგვრელი და ტკივილგამაყუჩებელი (მორფინი) ნივთიერებებით მოწამვლისას და სხვ. ქაფურს გარეგან საშუალებადაც იყენებენ მიოზიტის, ნევრიტის და სახსრების რევმატიზმების დროს. დიდი დოზით შიზოფრენიის მკურნალობაში იყენებენ. სოჭისაგან მიღებულ სკიპიდარს გარეგან სახმარად იყენებენ გამაღიზიანებელ საშუალებად.
კვირტებისა და ჩვილი წიწვების ნახარში ვიტამინიზებული სასმელია და შესაძლოა გამოყენებული იქნას სურავანდის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
სოჭის ფისისაგან მიღებული “სოჭის ბალზამი” მედიცინაში ჭრილობების შეხორცების მასტიმულიზებელ საშუალებადაა ცნობილი, მასვე ხმარობენ მინის შესაწებებლად.

 

კავკასიური პანტა  – Pyrus Caucasica A. Grossh. – Груша кавказская

ვარდისებრთა ოჯახში შედის. საკმაოდ მაღალი, 20 მეტრამდე სიმაღლის ხეა ეკლიანი  ტოტებით. ყლორტების კანი მოყავისფროა, ტოტების ქერქი ნაცრისფერი და ღეროზე კი მუქი ნაცრისფერია.
მომრგვალო ან კვერცხისებრი, საკმაოდ გრძელყუნწიანი, პრიალა, კიდემთლიანი ფოთლები დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფურად, დაგრძელებულ ტოტებზე კი მორიგეობითაა გაწყობილი.
საშუალო ზომის (2,5-3,5 სმ დიამეტრში), ხასხასა თეთრი ფერის, ზოგჯერ ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ყვავილედებშია შეკრებილი,
მოუმწიფებელი ნაყოფი მწვანეა, მომწიფების წინ მოყვითალო-მწვანე, ხოლო მომწიფებული – მუქი ყავისფერი, ფორმით მსხლისებრი, მომრგვალო ან მობრტყო, გრძელყუწიანი ნაყოფს რბილობი მდიდარია გაქვავებული უჯრედებით.
ყვავის ფოთლების გაშლასთან ერთად აპრილ-მაისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება, ზოგან უფრო გვიან. უხვი ნაყოფის მსხმოიარობა ყოველი 1-2 წლის შემდეგ მეორდება.
ნაყოფი 6-13 პროცენტ შაქარს (ძირითადად მონოსახარს), 0,12-0,19 პროცენტ შაქრის, ლიმონის და ასკორბინის მჟავას, 4 პროცენტამდე პექტინებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, აგრეთვე მცირედ კაროტინს შეიცავს, იყენებენ კომპოტების და ესენციისათვის, რომლისგანაც ხილის გამაგრილებელ წყლებს ამზადებენ. შაქარშემცველობის გამო ნაყოფები ვარგისია ღვინის, ძმრის და არყის გამოსახდელად. მისგან ბურახსაც აკეთებენ. ხმელ პანტას ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ, მისგან აკეთებენ ტკბილ კვერს, თათარას ჩურჩხელებისათვის და სხვ.
პანტას ნაყოფი უძველესი დროიდანვე აღიარებულია კუჭშემკვრელ საშუალებად და ხალხი ფართოდაც იყენებს კუჭაშლილობის დროს.
მოწითალო ფერის მერქანი უძვირფასესი მასალაა საავეჯო წარმოებისა და წვრილმანი სახარატო ნაკეთობებისათვის.
ყოველივე ზემოაღწერილი ვრცელდება ბერყენას სხვადასხვა სახეობის ნაყოფებზეც. ბერყენას ნაყოფიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც კარგი ხილი და სამკურნალო საშუალება კუჭაშლილობის დროს.

იფანი ჩვეულებრივი – Fraxinus Excelsior L – Ясень обыкновенный

ზეთისხილისებრთა ოჯახის ტანმაღალი ხეა (30-45 მ). ახალგაზრდა ღერო ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიანი ყლორტები კი მწვანე. მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებია, მომრგვალო, ტოტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ მჯდომი შავი კვირტები, კენტფრთართულ მოპირისპირედ განლაგებული, (5) 7-13 ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით, რომლებიც ზემოდან უფრო მუქი მწვანეა, ხოლო ქვემოდან რამდენადმე მკრთალია, შებუსვილი ძარღვებით. ახასიათებს როგორც ცალსქესიანი (მამრობითი), ასევე ორსქესიანი ყვავილები. ყვავილები ჯგუფებადაა განლაგებული, მათ ჯამი და გვირგვინი არ გააჩნიათ. ყვავის ფოთლების გაშლამდე. უფრო ხშირად წვერში ამოკვეთილი ან თავბლაგვი, ხაზურა, წვერისაკენ ოდნავ გაფართოებული, ფრთა ნაყოფი 30-45 მმ სიგრძისაა. ბუნებრივად მთაში 1800 მ სიმაღლემდეა გავრცელებული. გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, რაჭაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში, ქიზიყსა და ქვემო ქართლში.
ხალხურ მედიცინაში ქერქი და ნაყოფები გამოიყენება ციებ-ცხელების, წყალმანკის, დიზენტერიისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ. ქერქს შავ, ყავისფერ და ლურჯ საღებავად იყენებენ. მოუმწიფებელ ნაყოფებს საჭმელად ძმარსა და მარილში ამწნილებენ. ქერქის დაფნის ნაწილის ნახარშს ძლიერ შარდმდენ და ციებცხელების საწინააღმდეგო საშუალებად თვლიდნენ. იგი წინათ (ქერქი) ქინაქინის ქერქადაც კი იყო ცნობილი აფხაზეთში. ფოთლებს რევმატიზმის წინააღმდეგ ხმარობდნენ.
ბულგარეთის მედიცინაშიი სამკურნალოდ იფნის ფოთლები და ქერქი გამოიყენება.
ფოთლები ფლაონურ გლიკოზიდ ქვერციტრინს, მანიტს, ტანინსა და ინოზიტს, აგრეთვე მცირე რაოდენობის ეთერზეთს შეიცავს, ქერქი კი გლიკოზიდ ფრაქსინს, ტანინსა და მანიტს.
ფოთლები რეკომენდებულია სახსრების რევმატიზმის, ღვიძლის, სიყვითლის, თირმკლის კენჭის სამკურნალოდ. მასვე იყენებენ ამოსახველებელ, ჭიისდამდენ და საფაღარათო საშუალებად. ჭრილობებზე ურჩევენ დანაყილი ფოთლის ფაფისებრი მასის დადებას. ქერქსაც ასეთსავე სამკურნალო თვისებებს მიაწერენ. ორივე სახის ნედლეული ცხელი ნაყენის სახით მიიღება: 3 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 10 წუთს დგამენ (ერთი დღე-ღამის დოზა).

 

 

ინულა, ჩვეულებრივი მზიურა  – Inula Vulgaris (Lam) Trevis.; Inula Conyza DC  – Девясил обыкновенный, Девясил растопыренный

ასტრასებრთა ოჯახში შედის. ორი ან მრავალწლიანი, 20-120 სმ სიმაღლის, კენწრულ ნაწილში დატოტვილი, თეთრი ბეწვით შებუსვილი, მთელ სიგრძეზე წვრილად დაღარული, ოდნავ მოწითალოღეროიანი მცენარეა. ამ მცენარის გვარის ბევრ სახეობას აქვს ქართული შესატყვისები – მზიურა, კულმუხო და სხვა. მაგრამ აქ განსახილველი სახეობის ქართული სახელი არაა ცნობილი, ამიტომ მის აღსანიშნავად ლათინური შესატყვისია გამოყენებული.
მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – თითქმის მჯდომარე, ნაპირებში ამოკვეთილი, ტალღისებრი ან წვრილკბილა. ფოთლის ფუძე შევიწროებულია და ყუნწში თანდათან გადადის. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარე თხელბეწვიანია, ქვედა კი სქლადაა შებუსვილი და უფრო მონაცრისფეროა ზედა მხარესთან შედარებით.
ფოთოლს ხალხური მედიცინა კუჭ-ნაწლავში გაზების დაგროვების და სიყვითლის წინააღმდეგ იყენებს; გარდა ამისა მას ხმარობენ როგორც საოფლე და ჭრილობების შემხორცებელ საშუალებას.

 

იაპონური სოფორა  – Sophora Japonica L – Софора японская

პარკოსანთა ოჯახის საშუალო სიმაღლის ხეა, რომელიც სპორადულად ჩინეთსა და იაპონიაშია გავრცელებული. საქართველოში შემოტანილი და უმთავრესად ბაღ-პარკებშია დანერგილი. მცირე რაოდენობით გაშენებულია თბილისისა და გორის შემოგარენის ტყის კულტურებში, აგრეთვე ამიერკავკასიის რკინიგზის დაცვის ტყის ზოლებში.
ტოტებისა და ყლორტების გლუვი, მომწვანო ქერქი უხვადაა მოფენილი მეჭეჭებით. ფოთლები კენტფრთართულია, 7-15 კიდემთლიანი წაგრძელებულკვერცხისებრი ან ოვალური, წვერში მოკლედ წაწვეტებული, ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან მონაცრისფერო თეთრი ბეწვით შებუსვილი ფოთოლაკებით. ფოთლის ყუნწის ძირი მნიშვნელოვნადაა გაგანიერებული; ღია მოყვითალო ფერის ყვავილები კენწრულ საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი ცილინდრული, თესლებს შორის შეზიდული 6 სმ-მდე (ზოგჯერ უფრო გრძელიც) სიგრძის პარკია. თესლები ხორცოვანი პარკის გაგანიერებულ ნაწილებში ზის. ყვავის საკმაოდ გვიან, მაღალი ტემპერატურული რეჟიმის დადგომის შემდეგ, უმეტესად ივლის-აგვისტოში.
საკმაოდ გვალვისამტანი, სითბოს მომთხოვნი მცენარეა, ამიტომ უფრო დაბალი ზონის გამწვანებისთვისაა სასურველი.
სოფორას ბუტონებს (გაშლის ზღვარზე მყოფი საყვავილე კვირტები) სამკურნალოდ იყენებენ სისხლჩაქცევის საწინააღმდეგოდ და სისხლსადინარი კაპილარების ელასტიურობის აღმდგენ საშუალებად.
სოფორის ბუტონები სხვა სამკურნალო მცენარეებთან შედარებით უხვად შეიცავს რუტინს (12-17 (30)%-მდე). ამიტომ სოფორის ბუტონები ამჟამად რუტინის მიღების მსოფლიო მნიშვნელობის ნედლეულს წარმოადგენს. ზემოთჩამოთვლილი ყველა დაავადების დროს რუტინს ვიტამინ C-სთან ერთად იყენებენ.
სოფორის ნაყოფს ბაქტერიციდული თვისებები გააჩნია ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჩხირის მიმართ. ნაყოფისაგან მომზადებულ ნაყენს სველი საფენებისა და ტამპონების სახით იყენებენ ეგზემის, ქრონიკული ანთებითი პროცესის, ჭრილობების, დამწვრობის და ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ.
სოფორის ბუტონები გამოიყენება როგორც შინაგანი საშუალება. იღებენ 0,2-0,5 გ ბუტონების ფხვნილს დღეში 3-4-ჯერ, ან სპირტზე ნაყენს (20 გ ბუტონებს 70 გრადუსიან 100 გრ სპირტზე აყენებენ 7 დღის განმავლობაში,) იღებენ 20-40 წვეთს დღეში 3-ჯერ.

 

თხილი  – Corylus Avellana L – Лещина обыкновенная, орешник, лесной орех

თხილისებრთა ოჯახში შედის. დიდი ზომის, 7 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, გლუვი თხელი ქერქით 60-120 მმ სიგრძის და 50-90 მმ სიგანის მარტივი, ოვალური, კვერცხისებრი, ან უკუკვერცხისებრი, შებუსვილი, ბოლოწვეტიანი, ფუძეგულისებრი, ორმაგხერხკბილა დაკბილული ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ მჭადაყვავილედშია შეკრებილი, რომლებიც მინიატურული ჩურჩხელებივითაა ჩამოკიდებული ტოტებზე. მდედრობითი ყვავილები სათითაოდაა გაბნეული ვარჯში ან წყვილ-წყვილად ზის შეზრდილი თანაყვავილედის ქერქის იღლიაში.
ღია მწვანე ფერის, კიდედაკბილულ საბურველში ჩამჯდარი ერთთესლიანი კაკალი გარეგნულად სხვადასხვა ფორმისაა საკმაოდ სქელი ნაჭუჭით.
ყვავის ადრე გაზაფხულზე, ხშირად მარტში, ანემოფილური მცენარე. ე.ი. დამტვერვა ქარის მეშვეობით ხდება. ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ბუნებრივ პირობებში მოსავალი 50-500 კგ (ჰა). შეადგენს. უხვმსხმოიარობა 1-2 ან 3 წელში ერთხელ აღინიშნება, ზოგჯერ კი სრულმოუსავლიანი წელიც აღინიშნება ხოლმე, რაც გაზაფხულის ყინვების და ხშირი წვიმების მავნე გავლენითაა განპირობებული, თესლით მიღებული ეგზემპლარები ნაყოფმსხმოიარობას 5-10 წლიდან იწყებს, ვეგეტაციურად გამრავლების შემთხვევაში კი გაცილებით ადრე. ცოცხლობს 60-80Oწელი. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყვით, ძირკვის ამონაყარითა და კალმებით.
გვხვდება როგორც ბარდა, ასევე მთაშიც ზღვის დონიდან 2000-2100 მ სიმაღლემდე. საკმაოდ ყინვაგამძლეა, მაგრამ ხანგრძლივი ძლიერი ყინვის დროს ძლიერ ზიანდება ან მიწის ზედა ნაწილები მთლიანად იყინება. იზრდება როგორც ღია ადგილებში, ასევე ტყის კალთის ქვეშ ქვეტყედ, მაგრამ ძლიერ და ხანგრძლივ დაჩრდილვას ვერ იტანს. ძლიერ ზრდას ტენით უზრუნველყოფილ კირით მდიდან ნოყიერ ნიადაგებზე ამჟღავნებს.
თხილის ნაყოფის გული 58-71 პროცენტ ცხიმს, 14-18 პროცენტ ცილებს, 2-5 პროცენტ საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებს და რკინას შეიცავს. გამოიყენება საჭმელად უმად, ან მისგან ამზადებენ კანფეტებს, კრემს, შაქარლამას, საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.
მოხალული გულისგან მზადდება ყავის მსგავსი სასმელი, ფართოდ გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია, მას, გარდა კვების მრეწველობისა და საღებავების, პარფიუმერიისა და საპნის წარმოებაში იყენებენ. ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი მასა ხალვის დასამზადებლად გამოიყენება.
მერქანს იყენებენ წვრილმან სახელოსნო საქმეში (კასრების სალტეები, ყავარჯნები და სხვ.) ყლორტებისგან წნავენ კალათებს, მსხვილი ღეროებიდან ხდიან ტკეჩს და მისგან წნავენ მეტად მსუბუქ და გამძლე კალათებსა და გოდრებს. შეფოთლილი ყლორტების მოჭრით ამზადებენ ვიტამინიზებულ მწვანე ნეკერს, რომელსაც ზამთარში ყველა სახის რქოსანი საქონელი ხალისით ჭამს.
თხილის ნახერხი კარგი საშუალებაა ღვინის და ძმრის გასაფილტრავად. თხილის მერქნის ნახშირს მხატვრობაში იყენებნ, წარსულში მისგან თოფის წამალსაც აკეთებდნენ.
მერქნის მშრალი გამოხდით მიიღება სამკურნალო სითხე, რომელსაც ადრე იყენებდნენ ეგზემის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ქერქში 10 პროცენტამდე ტანინებია.
ბულგარეთის მედიცინა სამკურნალოდ თხილის ფოთლებისა და ღეროს ქერქს იყენებს, რომელთაც ძარღვების შევიწროების თვისება გააჩნიათ. გამოიყენება იმპორტული სამკურნალო ნედლეულის ჰამამულისის ნაცვლად ვენების გაგანიერების, პერიფლებიტების, წვივის წყლულებისა და კაპილარული ჰემორარგის დროს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ, ფოთლები და ქერქი ნაყენის სახით გამოიყენება. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (ერთი დღის დოზა).

 

თხაწართხალა – Chamaenerium Angustifolium (L) Scop  – Хаменерион узколистный

ონაგრასებრთა ოჯახს ეკუთვნის. აჭარაში თხაწართხალას ყულაფს, ხარიკუდას ეძახიან. მცენარე სწორმდგომი, დაუტოტავი, ან ოდნავ დატოტვილი ღეროიანი 50-150 სმ სიმაღლისაა. მოგრძო-ლანცეტისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. მათი ნაპირები ოდნავ გამოსახული ძნელად შესამჩნევი კბილებით ხასიათდება, ამიტომ კიდემთლიანი ფოთლების შთაბეჭდილებას ტოვებს.
კენწეროზე აღმამდგომ მტევნად შეკრებილი წითელი ყვავილები საკმაოდ დიდი ზომისაა.
თხაწართხალა ხშირად გვხვდება ტყეებში, ტყის პირებზე, ტყეკაფებზე, ნახანძრალებზე არხების ნაპირებსა და ზოგჯერ მდინარეთა ჭალებში.
ფოთლებში აღმოჩენილია 20 პროცენტამდე მთრიმლავი ნივთიერებები, ლორწო, ალკალოიდები, შაქარი, პექტინი, C ვიტამინი, კუმარინი, ანტოციანური და ფლაონური ნივთიერებები.
ლორწოსთან შეხამებით ტანინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ამ მცენარის ფოთლები საუცხოო ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, განსაკუთრებით წყლულოვანი დაავადების დროს.
თხაწართხალას ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ კუჭის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტისა და კოლიტის დროს.
თხაწართხალას ფოთლებში Cვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობა (თითქმის იმდენივეა, რამდენიც შავი მოცხარის ნაყოფებში) და ფლავონოიდების არსებობა მას მნიშვნელოვან ვიტამინურ საშუალებად ხდის. თხაწართხალას გამონახარში შესწავლილი იქნა ფარმაკოლოგების მიერ. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა მისი სედატიური (საძილე) და კრუნჩხვებსაწინააღმდეგო მოქმედება, რითაც იგი ამინაზინს ჰგავს.
ხალხურ მედიცინაში თხაწართხალათი მკურნალობენ სიყვითლეს, თავის ტკივილს, გამონახარშსა და ნაყენს ხმარობენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, კუჭის წყლულის, ყურის, ყელისა და ცხვირის ანთების წინააღმდეგ. მის ფხვნილს აყრიან ჭრილობებზე.
ტიბეტის მედიცინაში გამონახარშს სიცხის დამწევად, სიყვითლისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ ხმარობენ, აგრეთვე იყენებენ ძილისმომგვრელ საშუალებად.
თხაწართხალა დიდად საყურადღებო თაფლოვანი მცენარეა. მისი ყვავილობა ფუტკრების აქტიური მოქმედების პერიოდს ემთხვევა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნექტარს გამოყოფს ყვავილსაფარის გაშლის დროს და უამრავ ფუტკარსაც იზიდავს. მისი ერთი ჰექტარი რაყა 500-600 კგ ნექტარს, ანუ 250-300 კგ შაქარს იძლევა. მისგან მიღებული მომწვანო თაფლი ძალიან გემრიელია. ფოთლებს ახმობენ და ჩაის შემცვლელად იყენებენ.

 

თურანულა – Populus transcaucasica A. Jarm (INED) – Тополь закавказский

ტირიფისებრთა ოჯახის 10-12 მ სიმაღლის ხეა. ჩვილი ყლორტები მოწითალო ელფერისაა ძნელად შესამჩნევი ნაცრისფერი ნაფიფქით. კვერცხისებრ-კონუსური მოკლე კვირტები შებუსვილია.
შიშველი ნაცრისფერი, კიდემთლიანი, მოკლეყუნწიანი ფოთლები ვეგეტაციურ ტოტებსა და ჩვილ ყლორტებზე ვიწრო ხაზური ან ხაზურ-ლანცეტისებრია. ამიტომ თურანულას მოზარდი და ახალგაზრდა ამონაყარი ძნელად გასარჩევია ტირიფისაგან.
გენერაციულ ტოტებზე (გარდა მათი კენწრული ნაწილისა) განლაგებული ტყავისებრი ფოთლები ფუძესოლისებრია, კვერცხისებრი ან რომბული, სამკუთხა ან ელიფსურ-მომრგვალო, შუა ნაწილში ძალიან განიერი, რომელთა კიდეები დაუკბილავია ან ზედა ნაწილში ბლაგვი ან წვეტიანდაკბილული, სულ 1-4 კბილის რაოდენობით. ფოთლების ყუნწები საკმაოდ გრძელია, ორი ჩაჭყლეტილი ჯირკვლით ფირფიტის ფუძესთან, რაც არ შეინიშნება ვეგეტაციურ ტოტებსა და ნორჩ ყლორტებზე არსებულ ლანცეტა და ვიწროხაზურ ფოთლებზე.
საქართველოში თურანულა მხოლოდ ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის “დათვისხევის” აგარაკშია გავრცელებული მცირე ფართობიანი კორომის სახით სხვადასხვა სახეობის ღვიებთან ერთად.
თურანულას ხეები აქ გვხვდება როგორც “დათვისხევის” კალაპოტში ასევე მის ფერდობებზეც. წყალი ამ ხევში მხოლოდ წვიმებისა და თოვლის დნობის დროს მოდის, სხვა შემთხვევაში იგი მშრალია.
თურანულა საქართველოში ფრიად შეზღუდული არეალის მცენარეა, ამასთანავე იგი ფაქტიურად გადაშენების უკიდურეს ზღვარზეა. ამიტომ აუცილებლად შეტანილი უნდა იქნას წითელ წიგნში და გატარდეს ქმედითი პრაქტიკული ღონისძიებები მის გადასარჩენად და გასამრავლებლად.
თურანულას ქერქიდან თეთრი ფერის ფისდენა აღინიშნება, რომელიც შუა აზიაში “ბური-არმენის” სახელწოდებითაა ცნობილი და ადრე სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ვერხვის ყველა სხვა სახეობათა შორის თურანულა ყველაზე გვალვაგამძლეა. თავისი ვერცხლისფერი შესახედაობით ფრიად მიმზიდველი და საინტერესო მცენარეა. იგი საუკეთესოა მშრალი ადგილების გასამწვანებლად. ამიტომ სასურველი ხეა თბილისისა და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს ბაღ-პარკებისათვის.

 

თუთუბო – Rhus Coriaria L – Сумах дубильный

თუთუბოსებრთა ოჯახში შედის. თუუთუბო ბუჩქი ან დაბალი, 8 მეტრამდე სიმაღლის ხეა, დიდი კენტფრთართული ფოთლებით. მოყვანილობით კვერცხისებრი და ნაპირებში მსხვილად დაკბილული ფოთოლაკების რიცხვი თითოეულ ფოთოლში 9-17 ცალის ფარგლებში მერყეობს, რომელიც ზემოდან უფრო მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი და ძარღვებშებუსვილია. ფოთლის მთავარი ღერძი ბეწვიანია და ფოთოლაკების მიმაგრების ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე სუსტად გამოსახული ფრთები ჩასდევს.
თუთუბო ერთბინიანია, მაგრამ ყვავილები სქესგაყოფილ აღმამდგომ საგველა ყვავილედებშია შეკრებილი. მამრობითი ყვავილები 5 მტვრიანია განუვითარებელი ნასკვით, მდედრობითი – ერთი ბუტკოთი, რომელსაც სამად გაყოფილი დინგი აქვს, 5 განუვითარებელი მტვრიანათი. კურკიანა ნაყოფები წვრილია, მობრტყო, მრგვალი ან თირკმლისებრი, მუქი მოწითალო გარედან ხორცოვანი გარსით შემოხვეული, რომელიც თავის მხრივ ხშირი ჯირკვოვანი ბუსუსებით სქლადაა მოფენილი.
ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. ნაყოფი მსხმოიარობს უხვად, თითოეულ თანაყვავილედში 200-300 (500-მდე) ნაყოფი ვითარდება. მოზრდილ ბუჩქზე 70-დან 150-მდე მდედრობითი თანაყვავილედია. ამრიგად ერთი ბუჩქის პროდუქტიულობამ შესაძლოა 50 ათასი თესლი შეადგინოს.
ძალიან გვალვაგამძლე და კირისმოყვარული (კალცოფილი) ამავე დროს საკმაოდ ყინვაგამძლეცაა, იტანს -20 გრადუს ტემპერატურას, -25 გრადუს ტემპერატურაზე მიწისზედა ნაწილები იყინება, მაგრამ მისწისქვედა ნაწილები უვნებლად რჩება და კვლავ ამოიყრის ხოლმე.
თუთუბოს ფოთლები მნიშვნელოვანი ნედლეულია მთრიმლავი ექსტრაქტებისა და ტექნიკური და სამედიცინო ტანინის მისაღებად (33 პროცენტამდე ტანინებს შეიცავს). მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარია აგრეთვე ახალგაზრდა ტოტები და ღეროს ქერქი, რომელთაც ცხვრის, თხისა და ხბოს ტყავების გასათრიმლავად ხმარობენ. თრიმლით ღებავენ მატყლსა და ხალიჩებს. ფოთლებით შავად იღებება, ღეროს ქერქით – ყვითლად, ფესვის ქერქით – ყავისფრად, ნაყოფებით – წითლად.
ნაყოფი მდიდარია ღვინის მჟავით, რის გამოც მჟავე გემო აქვს. მის ფხვნილსა და მოუმწიფებელი ნაყოფის მარინადს ცხარე საკაზმად იყენებენ ხორცისა და თევზის კერძებისათვის (მწვადი, ლულა-ქაბაბი და სხვა).
გარდა ამისა, თუთუბო ეროზიის საწინააღმდეგო ნარგაობის შესანიშნავი კომპონენტია, კერძოდ იგი ძვირფასია ხევებისა და ხრამების გასამაგრებლად.
მედიცინაში თუთუბოს ფოთლებისაგან მიღებული ტანინი გამოიყენება დამწვრობის, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების, ქრონიკული ეგზემის სამკურნალოდ, აგრეთვე პირის ღრუში გამოსავლებად ანთებითი პროცესების დროს. დასალევად ხმარობენ სისხლდენის, ფაღარათიანობის, კოლიტის დროს. აგრეთვე – კუჭის ამოსარეცხად ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლისას. თერაპიული მოქმედება აიხსნება მისი ანთების საწინააღმდეგო, კერატოპლასტიკური და მადეზინფიცირებელი თვისებებით.

 

Don`t copy text!