Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 393

თეთრყვავილა კავკასიური – Galanthus caucasicus  – подснежник кавказский

ნარგიზისებრთა ოჯახში შედის. თეთრყვავილა ჩვენი ტყეების ადრე მოყვავილე მცენარეა, იგი 7-15 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბოლქვიანი ბალახია. საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი (ტყის ნიორა, მთის ნიორა, ყვავილნიორა და მწვადინელა).
თეთრყვავილა ძალიან ადრე, ზოგჯერ თებერვალშიაც კი ჰყვავის ხოლმე. უფრო ხშირად ფოთლოვან ტყეებში იზრდება და ერთადერთ თავჩაქინდრულ თეთრ ყვავილს ივითარებს. თეთრყვავილა გაზაფხულზევე ასწრებს დაყვავილებას და თესლის მომწიფებას, ზაფხულისათვის მისი მიწისზედა ნაწილები იკარგება და მიწაში მხოლოდ ბოლქვიღა რჩება. საერთოდ იგი ეფემეროიდული მცენარეა ორი მოგრძო ფოთლით. ყვავილობს საკმაოდ ხანგრძლივად. ყვავილსაფარი 6 ფოთოლაკიანია, რომელთაგან შიგნითა სამი უფრო მოკლეა, ვიდრე გარეთა სამი. თაფლოვანი მცენარეა, ადრე გაზაფხულზე ნექტარით უმასპინძლდება ფუტკრებს.
თეთრყვავილა რამდენადმე ტოქსიკურია, მაგრამ ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მისგან მიღებული ბრომწყალბამდჟავა გალანტამინი გამოიყენება პოლიომიელიტის გადატანის შემდეგ ნარჩენი მოვლენების სამკურნალოდ. მიასთენიისა და მიოპატიის, პოლინევრიტის და რადიკულიტის დროს. გალანტამინი აუმჯობესებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობას და მის მოძრაობით ფუნქციას. მას პროზერინზე უფრო ადვილად იტანენ ავადმყოფები. ზედმეტი დოზის მიღების, ან ამ პრეპარატისადმი ზედმეტი მგრძნობიარობის აღმოჩენისას აღინიშნება მოწამვლის შემთხვევები, რომლის დროსაც დამახასიათებელია ნერწყვდენა, ბრადიკარდია და თავბრუხვევა. ასეთ შემთხვევაში გალანტამინის დოზას ამცირებენ. მისი მიღება არ შეიძლება ეპილეფსიის, ჰიპერკინეზის, ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ბრადიკარდიის, ნაწლავების ჭვალისა და სხვა დაავადებათა დროს.

 

თავშავა – Origanum vulgare – Душица

თავშავა მრავალწლიანი სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა მიწისქვეშა დატოტვილი ფესურით, რომელზეც ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე ყლორტი დატოტვილი ცილინდრული ფორმის მოწითალო ღეროებით. ფოთლები მოპირისპირეა, ყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი, მთლიანკიდიანი, მოყვითალო წერტილებით – ჯირკვლებით, რომლებიც მხოლოდ ლუპით შეიმჩნევა. ყვავილები მოწითალოა, ორტუჩიანი, ჯამიდან გადმოშვერილი გვირგვინით. ისინი სხედან ნახევარრგოლისებურად თანაყვავილედის უბეებში და ტოტის ბოლოში ქმნიან ფარისებრ საგველებს. ყვავილობს ივნის-აგვისტოში.
თავშავას თავყვითელას, ლეილაღას, მარმიჭს და მარნიჭსაც ეძახიან. ზემო რაჭაში მას ჩაის პიტნის სახელწოდებით იცნობენ.
თავშავა გავრცელებულია თითქმის ყველგან. ის იზრდება ველობებში, ტყის პირებში, მშრალ, ღია ადგილებში, ბორცვებზე, ბუჩქნარებს შორის.
ფესვის გარდა ნედლეულად იყენებენ მთელ მცენარეს; ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით ან ნამგლით, აშრობენ შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება და შემდეგ აცლიან ყვავილებსა და ფოთლებს უხეშ ღეროებს.
თავშავას მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1,2%-მდე ეთერზეთს, 12,5%-მდე სეკვიტერპენებს, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია 28%-მდე გამშრალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცირე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს.
თავშავას გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში.
მისი ნაყენი გამოიყენება გაცივების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტების, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მაღალი სექსუალური აღგზების დროს. მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღებად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.
ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 1 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
თავშავას ძირითადად იყენებენ სხვა მცენარეებთან ერთად, ნაკრებების სახით.

თავსისხლა – Sanguisorba officinalis – Кровохлебка

თავსისხლა განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. მისი გვარის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვებისაგან Sanguis “სისხლი”, Serbere – “შეწოვა”, რაც მის სისხლის შესაჩერებელ თვისებებზე მიუთითებს. თავსისხლას სახეობის სახელწოდებას თუ ვთარგმნით ლათინურიდან მივიღებთ “სამკურნალოს”, “სააფთიაქოს”.
თავსისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი 1 მ სიმაღლის მცენარეა. ფესვთა სისტემა შედგება ჰორიზონტალური ფესურებისა და მსხვილი ფესვებისაგან. ღერო დატოტვილია, რთული ფოთლებით. ფესვთანური ფოთლები მსხვილია, ყუნწიანი, კენტფრთისებრი, აქვთ 7-25 წილაკი, ფოთლები შიშველია, ზევიდან მუქი მწვანე, ქვევიდან – მონაცრისფრო-მწვანე.
მუქი მეწამული ფერის ყვავილები წვრილია, შეკრებილია ხშირ ოვალურ მოკლე თავთავისებრ ყვავილედებად, რომლებიც სხედან გრძელ საყვავილე ყუნწებზე. ყვავილები ორსქესიანია ან ბუტკოიანი, აქვთ პატარა ზომის მფარავი ფოთლები და ორი მფარავი ქერქლი. ყვავილს გვირგვინი არა აქვს, ჯამი მეწამული ფერისაა, ოთხგანყოფილებიანი. 4 წითელი ფერის სამტვერე ძაფი მიმაგრებულია გაგანიერებული ფორმის მქონე თასისმაგვარი ყვავილსაჯდომის ნაპირზე. ნასკვი შუაა, ბუტკო ერთი, ნაყოფი მშრალია, რომელიც მოთავსებულია გახევებულ ყვავილსაჯდომში. ყვავილობს ივნისიდან-აგვისტომდე.
თავსისხლა გავრცელებულია სტეპებში, მდელოებში, ბარდებში. მთიან რაიონებში გვხვდება ზღვის დონიდან 800-დან 2000 მ-ის სიმაღლემდე.
სამკურნალო მიზნით აგროვებენ ფესურებსა და ფესვებს შემოდგომით. რეცხავენ ცივი წყლით, ჭრიან 10-15 სმ სიგრძის ნაჭრებად და აშრობენ. დასაშვებია მზეზე შრობაც.
თავსისხლას ფესვი შეიცავს 12-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთის კვალს, სახამებელს, საპონინებს, საღებავ ნივთიერებებს.
თავსისხლას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შინაგანი სისხლის დენის (ბუასილის, დიზენტერიის) დროს და ყელში გამოსავლებად; მის ნაყენს იყენებენ ღრძილებში შესაზელად.
თავსისხლას ფესურების ნახარშს იყენებდა ჩინეთის და ტიბეტის მედიცინა სისხლის დენის, ფაღარათების დროს.
თავსისხლას ნახარშის მისაღებად აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა, ძლიერი ნახარშის მისაღებად) ან 400 მლ (2 ჩაის ჭიქა, სუსტი ნახარშის მისაღებად) ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 8 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ აადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში, ჭამის წინ, როგორც სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალება სისხლჩაქცევის, დიდი რაოდენობით მენსტრუაციული სისხლდენის, კუჭისა და ნაწლავებიდან სისხლის დენის, ფაღარათის, დიზენტერიის დროს.

ზეთისხილი  – Olea Europaea L – олива европейская

ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან მწვანეა მეჩხერი ქერცლებით, ქვემოდან კი ვერცხლისფერ-მონაცრისფერო, კიდეები ქვემოთაა დახრილი. ყვავილები 15-30 შეკრებილია ფოთლების იღლიებში განლაგებულ მტევნებად. ზარისებრი, აპკივით თხელი ოთხკბილიანი ჟამი ნაყოფებზეა შერჩენილი. ყვავილის გვირგვინი მოთეთრო ფერისაა ორი მტვრის პარკითა და ოთხი ფრთით. სქელგარსიანი, ცვილისებრნაფიფქიანი, მოშაო ნაყოფის კურკა ოვალური ან მომრგვალოა. ნაყოფი მდიდარია მაღალხარისხოვანი საჭმელი ზეთით. იგი ფრიად სიმშრალის ამტანი მცენარე, სითბოს და სინათლის მომთხოვნია.
საქართველოში გაველურებული სახით გაგრის ტყეებში გვხვდება. ბაღებში გავრცელებულია ზღვის დონიდან 450 მ სიმაღლემდე. მისი ნაირგვარი ჯიშები არსებობს, ამიტომ მათი ნაყოფებისგან დამზადებული, ე.წ. ზეითუნის ზეთი სხვადასხვა სახისაა. ზოგი ჯიში გამოიყენება საჭმელი ნაყოფის დასამზადებლად, ზოგიც ზეთის გამოსახდელად.
მრავლდება ძირითადად თესლით, რომელსაც დათესვამდე რამდენიმე ხნით ნაცარტუტაში (ნაცარწმენდილში) ათავსებენ გაღივების სტიმულირების მიზნით. კარგად ფესვიანდება გამერქნებული კალმები, ადვილად ხარობს დაყოფითაც. ზეთისხილის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა გაშენებული აფხაზეთში, სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში.
ცოცხლობს საკმაოდ დიდხანს (200-300 წელი) მაგრამ ნელმოზარდია.
საჭმელად მოუმწიფებელ ნაყოფებს აგროვებენ და აწნილებენ. ზეთის გამოხდას ზეთისხილის მომწიფებული ნაყოფებიდან აწარმოებენ. ზეთი სხვადასხვა ხარისხისა და თვისებების გამო სხვადასხვა დასახელებებითაა ცნობილი: ზეითუნის ზეთი, ხის ზეთი, პროვანსული ზეთი.
ოდითგანვე ცნობილია ბრტყელი ჭიის (სოლიტერის) ორგანიზმიდან გამოდევნის შემდეგი მარტივი მეთოდი, რომელიც ახლებურ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებს მისი მისაღებლობის დადგენის თვალსაზრისით. ავადმყოფი სამი დღის განმავლობაში სანახევროდ შიმშილობს. მეოთხე დილით უზმოზე სვამს ყველაზე სუფთა 3 სუფრის კოვზ პროვანსულ ზეთს და 10 წუთის შემდეგ იკეთებს ანადუღარი თბილი რძის ოყნას. კუჭში გასვლისას ჯდება რაიმე ჭურჭელზეб რომელშიდაც თბილი წყალი ან რძე ასხია. სოლიტერი თავისით გამოდის.
მეცნიერულ მედიცინაში პროვანსული ზეთი გამოიყენება ემულსიის სახით შიგშემომგარსველ და რბილ გამხსნელ საშუალებად საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და კენჭოვანი დაავადებების დროს. გარდა ამისა მას ზოგი სამკურნალო ნივთიერებების გამხსნელად იყენებს ამ ნივთიერებათა ორგანიზმში არაკუჭნაწლავის (პარენტერალური) გზით შეყვანისათვის. ზეითუნის ზეთს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა მალამოს საფუძვლად. ფოთლის ექსტრაქტის ცხოველის ვენაში შეყვანა იწვევს არტერიული წნევის დაწევას, ზრდის დიურეზს, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას, აიშვიათებს და აღრმავებს სუნთქვას. უფრო ეფექტურია ახალი ფოთლების ექსტრაქტი, ვიდრე ხმელისა. იგი საზღვარგარეთ ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ხალხური მედიცინის მონაცემებით რევმატიზმის მკურნალობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი საშუალება: იღებენ კარგსაცობიან სქელკედლიან ბოთლს. მასში ასხამენ 154 გრ ხის ზეთს (შესაძლოა პროვანსული ზეთით შეცვლა). შემდეგ ყრიან ათიდან ოცამდე წითელი წიწაკის პარკს, იმისდამიხედვით თუ რა სიმაგრის ნაყენის მიღება სურთ. ყოველივე ამას ამატებენ 154 გრამ კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, ანჯღრევენ და ცხრა დღეს დგამენ თბილ ადგილას, ყოველდღე ანჯღრევენ, ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილს ღამღამობით. დღისით იცვამენ თბილ შალის გრძელ საცვალს და შალის წინდებს.
იმავე ავტორის მიხედვით ჭრილობების სწრაფი შეხორცებისათვის ხალხი წარმატებით იყენებს შემდეგი შემადგენლობის მალამოს: 100 გრამი პროვანსული ზეთი, 8 გრამი ყვითელი სანთელი, 5 გრამი თეთრი სანთელი, 20 გრამი ფიჭვის გამაგრებული ფისი (კოლოფანი), 1 გრამი საკმეველი, 1 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი. კოლოფანი და საკმეველი თუ ნატეხებადაა მას ფხვნილად აქცევენ. ნარევს პატარა მომინანქრებულ ქვაბში ათავსებენ და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურევენ და ქაფს ხდიან (აცილებენ), გაგრილების შემდეგ მინის ქილაში გადააქვთ. მალამოს დოლბანდის ან სხვა რომელიმე თხელი ქსოვილის სუფთა ნაჭერზე უსვამენ და ჭრილობას ადებენ. ხალხს ეს მალამო ძალიან ეფექტურმომქმედად მიაჩნია.
ჭრილობის შესახორცებლად გაცილებით უფრო მარტივი შემადგენლობის მალამოსაც იყენებენ. ორ ნაწილ ხის ზეთზე (შესაძლოა პროვანსული ზეთის გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ხის ზეთი უფრო მიღებულია) ერთ ნაწილ ფუტკრის ცვილს (სანთელს) იღებენ. ამ ნარევის კარგად ადუღებით მიიღება მალამო, რომელსაც ჭრილობაზე სცხებენ და თუ საჭიროა, სახვევს ადებენ.
ღვიძლის გადიდებისა და ტკივილების დროს იღებენ, ერთ ჭიქა პროვანსულ კარგ ზეთსა და 1 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენს. ნარევს ღამღამობით იღებენ, ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ დალევამდე წინასწარ ოყნას იკეთებენ. ნარევის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე წვებიან. დილით ოყნას იმეორებენ. პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის შემდეგ საჭიროების კვალობაზე.
ნაღვლის ბუშტში კენჭების საწინააღმდეგოდ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ ზეთს. პირველად იღებენ 1/2 ჩაის კოვზს და თანდათანობით ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება.
ყურში მოხვედრილი მწერის ან უწვრილესი კენჭის უმტკივნეულო ამოღებისათვის ყურში თანდათანობით აწვეთებენ პროვანსულ ზეთს. ყურში შეჭრილი მწერი ზეთში ამოტივტივდება.

 

 

ვირისტერფა – Tussilago farfara – Мать и мачеха

 ვირისტერფა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით. ყვავილიანი ღერო, სიმაღლით 10-24 სმ, დაფარულია ქერცლის მაგვარი კვერცხისებურ-ლანცეტისებური, ღეროზე მიკრული მოწითალო ფურცლებით. მოყვითალო-ოქროსფერი ყვავილედი ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ გარშემო თოვლია, პირველი გამოჩნდება ხოლმე ხევების, ხრამების ნაპირებზე, ქანობების, გორაკების სამხრეთ ფერდობებზე. ვირისტერფა ყვავილობს ფოთლების გამოსვლამდე. ყვავილები განლაგებულია ბრტყელ ყვავილსაჯდომზე და გარშემორტყმულია ორრიგად განლაგებული ფოთლის მაგვარი საბურველით. საღამოობით და ნესტიან ამინდში კალათა იხურება და დაბლა იხრება. ფოთლები დაყვავილების შემდეგ გამოდის, გრძელყუნწიანია, მორგვალო, გულისებრი, დიამეტრით 10-24 სმ, კიდეები უთანაბროდ აქვს დაკბილული, ზემოდან პრიალაა, მუქი მწვანე, ქვემოდან რბილია, ქეჩისებრი თეთრი ბუსუსებით შებუსვილი. თესლი 3,5-4,0 მმ სიგრძისაა. ყვავილობს მარტ-აპრილში, თესლი მწიფდება აპრილ-მაისში.
ვირისტერფა გავრცელებულია მთელ საქართველოში როგორც ბარში, ასევე მაღალ მთაშიც, ტყის პირებზე, ნაყარზე, გზის ფერდობებზე, მდინარეების, ნაკადულების და არხის პირებზე, ხრამებში, საერთოდ, ნესტიან, თიხნარ ადგილებში.
ნედლეულად იყენებ ვირისტერფას ყვავილებსა და ფოთლებს. ყვავილებს ჭრიან ძირში ყვავილობის პერიოდში და სწრაფად აშრობენ, ფოთლებს აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში. მისი ფოთლები არ უნდა შეგვეშალოს ბუერისა და ოროვანდის ფოთლებში. შეგროვების დროს ვირისტერფას ფოთლები არ უნდა იყოს დაზიანებული. მოჭრილ ან მოწყვეტილ ფოთოლს უტოვებენ ყუნწის ნახევარს. აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში, შიფერის ან თუნუქის სახურავის ქვეშ.
კალათა ყვავილედში აღმოჩენილია ფარადიოლი, ტარაქსანტინი, სტიგმასტერინი, ფიტოსტერინი, სათრიმლავი ნივთიერებები. ფოთლები შეიცავენ ლორწოს, მწარე გლიკოზიდებს, სიტოსტერინს, ვაშლის, ღვინის და სხვა ორგანულ მჟავებს, საპონინებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას, ინულინს და დეკსტრინს.
ხალხურ მედიცინაში ვირისტერფა გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება. ფოთლების ნაყენს ხმარობენ ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, გაცივების, აგრეთვე ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს. ვირისტერფა გამოიყენება როგორც ნახარშებისა და ნაყენების სახით ცალკე, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ნაკრებში. ქერტლისა და თმის ცვენის დროს იყენებენ ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარშს.
ნედლი მცენარის ფოთლიდან გამონაწური წვენი ითვლება ჭრილობების მოსაშუშებელ საშუალებად. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ცხელი საფენების სახით ჩირქოვან ჭრილობებზე და წყლულებზე დასაფენად.
ვირისტერფას ნახარში ხელს უწყობს ნახველის ამოღებას სასუნთქი ორგანოების გაცივების დროს, ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით ღამით.
4 ჩაის კოვზს დაფშვნილ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა (200 მლ) მდუღარე, დადგით 30 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში იყენებენ ვირისტერფას შემდეგნაირად მომზადებულ ნაყენს: 1 სუფრის კოვზ მშრალ ფოთლებს დაასხით 400 მლ მდუღარე და გააჩერეთ 1 სთ-ის განმავლობაში, მიღებული ნაყენი გაწურეთ, დალიეთ 1 სუფრის კოვზი 4-6-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება.
ვირისტერფას და ჭინჭრის ნახარში, შერეული თანაბარი რაოდენობით გამოიყენება თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ.
ამ მცენარეს ქართლში ჯორისქუსლას უწოდებენ, ხევსურეთში – ცხენისტერფას, თუშეთში – დათვთბუერას, ხოლო აჭარაში გულბამბას. 

 

ვარდკაჭაჭა – Cichorium intybus – Цикорий

ვარდკაჭაჭა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი, ხორციანი, თითისტარისებრი ფესვით. ღერო სწორმდგომია, სიმაღლით 30-120 სმ, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს, მოკლეყუნწებიანებია, შებრუნებულ-ლანცეტისებრი. ღეროს ფოთლები კი _ მჯდომარეა, მორიგეობითი, ნახევრადღერომხვევი. ყვავილები მარტოული ან შეკრებილია კონებად. ისინი ისეთი მოკლე ყუნწებიანია, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს სხედან ფოთლების უბეებში. ყვავილები ენისებრია, ცისფერი (იშვიათად თეთრი ან ვარდისფერი). ნაყოფი – თესლურაა სიფრიფანა საფრენით, ყვავილობს ივნის-ოქტომბერში.
ქართლ-კახეთში მას ულეწელას ეძახიან, რაჭა-ლეჩხუმში – ულეწავას, სამეგრელოში – ტატალს, ერწოში – ღორთკაჭაჭას.
ვარდკაჭაჭა გვხვდება მდელოებში, ბალახოვან, მიტოვებულ, დაუმუშავებელ ადგილებში, გზის პირებსა და დასახლებულ ადგილებში.
ნედლეულად იყენებენ ფესვებს, იშვიათად მიწისზედა ნაწილს.
ფესვებს ამზადებენ სექტემბერ-ოქტომბერში, ან ადრე გაზაფხულზე. უმჯობესია წვიმის შემდეგ, რადგან ნიადაგი სველია და მცენარე მიწიდან ადვილად ამოდის. ნედლეულს აშრობენ საშრობებში ან ღუმელებში. გამომშრალი ფესვი გადაღუნვისას ტყდება. მცენარის მიწისზედა ნაწილებს აგროვებენ ივნის-აგვისტოში და მზეზე აშრობენ.
ვარდკაჭაჭას ფესვის შემადგენლობაში შედის ინულინი და მწარე ნივთიერებების კვალი. ფოთლებში – ლაქტონები, ტრიტერპენები, ყვავილებში – კუმარინის გლიკოზიდი.
ვარდკაჭაჭა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამკურნალო მცენარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ, იგი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა პორტალური სისხლის მიმოქცევის არეში შეგუბების დროს, რადგან მას არამარტო შარდმდენი მოქმედება აქვს, არამედ აუმჯობესებს გულის მუშაობასაც. ასეთ შემთხვევებში ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს (ფესვები და მიწისზედა ნაწილები) ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 20-30 წთ-ით. შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, გადაწურავენ, ავსებენ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. იღებენ 1/3 ჭიქას 3-ჯერ დღეში.
ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი, საჭმლის მონელების მარეგულირებელი და სისხლში შაქრის რაოდენობის შემამცირებელი საშუალება. იგი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის წვენის სეკრეციას და პერისტალტიკას, მადის აღმძვრელია. ზოგიერთი მკვლევარის მონაცემების მიხედვით 200-300 გ ნედლეულის მიღების შემედგ სისხლში შაქრის რაოდენობა იკლებს 18-44%-ით. ვარდკაჭაჭას ფესვი მდიდარია ინულინით და ამიტომ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
ვარდკაჭაჭას პრეპარატებს ხშირად იყენებენ როგორც მადის აღმძვრელ კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელ საშუალებას. განსაკუთრებით გასტრიტების, კოლიტების, ენტერიტების დროს; ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ წყლის აბაზანში 15 წუთით. აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურავენ. იღებენ 1/3-1/2 ჭიქას ჭამის წინ.
ვარდკაჭაჭას ხშირად ხმარობენ როგორც საერთო გამამაგრებელ, სისუსტის საწინააღმდეგო საშუალებას. ამ დროს ნაყენებსა და ნახარშებს იღებენ რეგულარულად ჭამის წინ.
სისხლნაკლებობის დროს სვამენ მცენარის ახალ წვენს რძესთან ერთად (1 სუფრის კოვზი წვენი, 1/2 ჭიქა რძე) 3-4-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.
ბევრგან ვარდკაჭაჭას სპეციალურად აშენებენ სალათების მოსამზადებლად შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტური მკურნალობისათვის.
ხალხურ მედიცინაში ცნობილია მისი დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ, ვარდკაჭაჭას გამოყენებას ურჩევენ ნერვული აღგზნების, ისტერიკის, იპოქონდრიის დროს, თუმცა მისი მოქმედების ეფექტი კატაბალახასა და შავბალახას მოქმედებას ვერ უტოლდება.
ვარდკაჭაჭას ნაყენებს იყენებენ კანზე გამონაყარის, ფერიმჭამელების, ძირმაგარების დროს. ძლიერი ნაყენები და ნახარშები გამოიყენება ძველი ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ეგზემის სამკურნალოდ. დიათეზის დროს ბავშვებს უკეთებენ მის აბაზანებს.
ვარდკაჭაჭას ფესვებისაგან იღებენ ფრუქტოზას და სპირტს. მისგან შესაძლებელია ნატურალური ყავის შემცველის მიღება. ამისთვის ნაჭრებად დაჭრილ ფესვებს ხალავენ და შემდეგ ფქვავენ. ფესვებისაგან მიღებულ ფხვნილს ურევენ ნატურალურ ყავას. საუკეთესო თანაფარდობაა 3:1 (3 წილი ყავა, 1 წილი ვარდკაჭაჭა). შეიძლება მომზადდეს ვარდკაჭაჭას სასმელი შემდეგნაირად: 1 სუფრის კოვზი ფხვნილი 0,5 ლ წყალზე. ადუღებენ 2-3 წთ და შემდეგ ფილტრავენ.
შუა აზიაში უძველესი დროიდან კანის ჩირქოვან დაავადებებს, ძველ წყლულებს, სირსველს მკურნალობენ ვარდკაჭაჭას ნაცრით.
ავიცენას მიხედვით ვარდკაჭაჭას საფენები კარგი საშუალებაა ქვეწარმავლების, მორიელის, კრაზანებისა და ხვლიკების ნაკბენის დროს.

ვარდკანაფა –  Eupatorium cannabinum L – Посконник конопляный

ასტრასებრთა (რთულყვავილოვანთა) ოჯახში შედის. მრავალწლიანი, 30-150 სმ სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი, მოკლე ბეწვით შებუსული, სწორმდგომღეროიანი ბალახია.
სამად ან ხუთად გაყოფილი, ფრიად მოკლეყუნწიანი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის პირდაპირაა განლაგებული, რომელთა ლანცეტისებრი სეგმენტები ბოლოწვეტიანი და კიდეხერხკბილაა. 2-3 მმ სიგანისაა და 5 მმ სიგრძის მოვარდისფრო კალათა ყვავილები კენწრულ ფარისებრ ყვავილედადაა შეკრებილი. თითოეულ კალათში 5-6 ყვავილია, ყველა მათგანი ორსქესიანი და მილისებრია. ყვავის ივნისიდან დაწყებული სექტემბრამდე. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დიდი რაოდენობით გვხვდება პირწმინდა ჭრის ტყეკაფებზე, ტყის მასივებში არსებულ ველობებზე, თხმელნარებში, ჭალის ტყეებში და, საერთოდ, ტენის მომთხოვნ ბალახსაფარიან, ნოყიერ ნიადაგებზე გავრცელებულ ტყეებში.
ვარდკანაფას ღეროსა და ფოთლებს ხალხი ქსოვილების ლურჯად და შავად შესაღებად იყენებს. თესლი 25 პროცენტ ცხიმს შეიცავს.
ხალხურ მედიცინაში ვარდკანაფა გამოიყენება როგორც ოფლ და შარდმდენი საშუალება, მასვე ხმარობენ კუჭაშლილობის, სიყვითლის, სურავანდის და ციებ-ცხელების დროს გამონახარშის სახით, რომლის მოსამზადებლადაც იყენებენ წყალს, ლუდს ან შრატს. ერთ მუჭა ბალახს 360 გრ სითხეს ასხამენ და ადუღებენ (დაახლოებით 10-15 წუთს) ნელ ცეცხლზე, წურავენ და სვამენ ორ სუფრის კოვზს ყოველ ორ საათში. შვედეთში ვარდკანაფას შრატზე ნახარში წყალმანკის საწინააღმდეგო კარგ საშუალებად ითვლება.
ფარმაკოქიმიურად ეს ბალახი ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი და კლინიკურადაც ნაკლებადაა გამოცდილი.

 

 

ეწრის გვიმრა  – Pteridium Tauricum (Presl) – орляк крымский

კილამურასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლოვანი, 50-150, ზოგჯერ 200 სმ სიმაღლის, გრძელ მხოხავფესვურიან მცენარეა. გრძელყუნწიანი ფოთლები ფესვურიდან განცალკევებულად ამოდის, რომელიც კონფიგურაციულად განიერფუძიანი სამკუთხედისებრი ან კვერცხისებრია, ორჯერ ან სამჯერ ფრთართული, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული.
სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება. გავრცელებულია საქართველოს უმეტეს რაიონებში როგორც ბარში, ისე მთაში, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე, ხშირად გვხვდება სვანეთსა და რაჭის ფიჭვნარებში, ტყის ნაპირებში, ტყეკაფებზე, ტყის მასივების ყალთაღებში. გავრცელებულია წაბლნარებსა და სხვა ფორმაციის ფოთლოვან ტყეებში. დასავლეთ საქართველოში იგი აბეზარი სარეველაა ჩაის პლანტაციებსა და ციტრუსოვანთა ბაღებში. აღმოსავლეთ საქართველოში ასარევლიანებს საძოვრებს და სხვ.
ჩვილ ფოთლებს ზოგან მხალის სახით საჭმელად იყენებენ. ფესვურებს შემოდგომით აგროვებენ, ახმობენ, ფქვავენ და ჭადში ურევენ, ნორჩ ფოთლებს და ფესვურებს ხალისით ჭამს ღორი. სხვა ცხოველებისათვის ის საწამლავია და საქონელიც არ ეკარება.
ეწრის გვიმრის სახამებლისაგან მომზადებული ბუბკო (სახამებლის წებო) იაპონური ხურმის მოუმწიფებელი ნაყოფებისაგან გამოწურულ წვენთან შერევისა და ქაღალდზე წასმის შემთხვევაში მას წყალგაუმტარს ხდის. ამ ბალახის ეს თვისება იაპონიაში გამოყენებულია წყალგაუვალი ქოლგებისა და ლაბადების დასამზადებლად.
თავისებური არასასიამოვნო სუნის გამო აფრთხობს ბევრ მწერს, ზოგან ეწრის გვიმრით ტენიდნენ ბალიშებსა და ლეიბებს. ასეთ საწოლებიან ოთახებში არ ბუდობდა ტარაკანა, ბუზი და ობობა. მის ფოთლებთან ობის სოკო ვერ ვითარდება, ამიტომ საუცხოო საფუთავი მასალაა შორს გადასატანი ან შესანახი ხილისა და ბოსტნეულისათვის. იგი ჩირქოვანი მუწუკებისა და ეგზემური წყლულების სამკურნალო მცენარეული მალამოს მოსამზადებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მალამოს მოსამზადებლად ეწრის გვიმრის ფესვ-ფესვურებს ფხვნიან, მდუღარე წყალს გადაავლებენ, რის შემდეგ ხარშავენ რძეში და ღორის ქონს ურევენ მანამ, ვიდრე ვაჟინისებრ (სიროფისებრ) ბლანტ სითხეს არ მიიღებენ. წინათ ფესურას ორგანიზმიდან სოლიტერის გამოსადევნადაც ხმარობდნენ, მაგრამ სუსტი ქმედებანურიანობის გამო ამჟამად აღარ იყენებენ.

 

ენდრო – Rubia tinctorum – Марена красильная Грузинская

ენდრო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან. სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროებით, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი საკმაოდ ძლიერი აქვს, სიღრმეში დატოტვილი, ფესვის ზედა ნაწილიდან იზრდება მხოხავი, მერქნისებრი მრავალთავა ფესურა, რომელზეც კვირტებია განლაგებული. ფოთლები ვიწროკვერცხისებრია, წაწვეტებული, ზომით ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებულ ფოთოლზე თითო ბაზალური ძარღვია, რომელზეც, ისევე როგორც ფოთლის ფირფიტის კიდეებზე, ხრტილისებრი ბღაუჭა კბილებია. ღეროები და ფოთლები შებუსულია, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან.
ყვავილედი – გაშლილი, რთული საგველაა, გრძელი ღეროებით. ყვავილები წვრილია, ყვითელი გვირგვინით, მწიფე ნაყოფი შავია, წვნიანი, კენკროვანი, ერთი – იშვიათად ორთესლიანი. მისი წვენი მუქ-ღვინისფერ ლაქებს ტოვებს.
ენდრო ყვავილობს ივნისიდან _ სექტემბრამდე, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
ენდრო გავრცელებულია როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთის ფერდობებზე, თითქმის ყველა სახის ნიადაგზე იზრდება. ხშირად გვხვდება ღობის ძირებში, ვენახებში, ბაღებში, როგორც სარეველა.
ნედლეულად ამზადებენ ენდროს ფესურასა და ფესვებს გაზაფხულზე, მარტსა და აპრილში, ან ვეგეტაციის ბოლოს, სექტემბრიდან – ყინვების დაწყებამდე. მათი მოთხრა შრომატევადი პროცესია, რადგან ენდრო ხშირად ღობის ძირებში, ბუჩქნარებშია გაბნეული. შეგროვილ ნედლეულს აცლიან მიწას. ფესვებსა და ფესურას დაბერტყვით ათავისუფლებენ მიწისაგან. აშრობენ თხელ ფენად გაშლილს ჩრდილში – ფარდულში, სხვენზე, კარგი ვენტილაციის პირობებში, ან საშრობში 45-51 გრადუს ტემპერატურაზე. ნედლეული უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას. არ უნდა დავუშვათ მისი დაობება. შენახვის ვადა 3 წელია.
ენდროს ფესვები შეიცავენ 5-6% საღებავ ნივთიერებებს (ოქსიმეთილსა და ოქსიანტრაქინონებს). მათ შორის რუბერიტრინის მჟავას, რუბიადინს და სხვა. გარდა ამისა, ნედლეული შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, შაქარსა და სხვა.
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ენდროს ფესვებს იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად. მათი გამოყენებით იღებდნენ წითელი ფერის სხვადასხვა ტონებს.
ენდროსშემცველი პრეპარატები შლიან ფოსფატურ და ოქსალატურ ქვებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. აქვთ შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება. აძლიერებენ შარდსადენების მუსკულატურის პერისტალტიკას, რითაც ხელს უწყობენ ქვების გამოდევნას.
ენდროს ფესვებისა და ფესურის ნაყენი შედის პრეპარატ ცისტენალის შემადგენლობაში, რომელსაც უნიშნავენ ავადმყოფებს კენჭოვანი დაავადების დროს. ასეთი ნაყენების გამოყენება არ შეიძლება კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და თირკმელების უკმარისობის დროს.

ევკალიპტი – Eucalyptus globulus Labill – Эвкалипт шаровидный

ევკალიპტი მარადმწვანე ხეა, მირტისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-70 მ, ძლიერი ფესვთა სისტემით და სწორი ტანით. ქერქი ხის ტანსა და ღერებზე გლუვია, მონაცრისფრო-თეთრი, ღეროს წვერებისაკენ მოცისფრო ელფერით. გარე კანი ექერქება. ძველი ქერქის ნარჩენები ყოველთვის შეიძლება შეამჩნიოთ ტანის ზემო ნაწილზე, როკებს შორის, ტოტებზე. ყლორტები ოთხკუთხაა, წახნაგოვანი. ყლორტები, ისევე როგორც ფოთლები, დაფარულია ცვილისებრი, მომწვანო-მონაცრისფრო ნაფიფქით. ევკალიპტის ახალგაზრდა ტოტების ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, უყუნწოა ან მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან მოგრძო-კვერცხისებური ფორმის, ფოთლის ძირთან გულისებრი მონაკვეთით, წვეროსაკენ წამახვილებული, თხელი და მკვრივი. მონაცრისფრო-მწვანე, მოცისფრო ელფერით. სიგრძით – 7-16 სმ, სიგანით 1-9 მ. ძველი ტოტების ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი მზის მიმართ წახნაგითაა განლაგებული, წაგრძელებულ-ლანცეტისებრი. იშვიათად ფართო-ლანცეტისებრი, უმეტესად ნამგალივით მოღუნული ფორმის. სქელი, ტყავისებრი, მონაცრისფრო-მწვანე, სიგრძით 10-30 სმ, სიგანით 3-4 სმ. კოკორი კონუსურია, ოთხწახნაგოვანი, ბორცვაკიანი, სიგრძით 2-3 სმ. ყვავილსაჯდომი მოკლეა, ან თითქმის მჯდომარე, მარტოული ყვავილებით, რომლებიც ფოთლის უბეებშია განლაგებული.
ნაყოფი მიჭყლეტილ-სფეროსებრი, მეჭეჭიანი კოლოფია სიგრძით 10-15 მმ.
ევკალიპტი ყვავილობს შემოდგომით 3-5 წლის ასაკში, ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან 1,5-2 წლის შემდეგ.
ევკალიპტი გავრცელებულია აჭარისა და აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში, ნედლეულად ამზადებენ ევკალიპტის ფოთლებს და ერთ ან სამწლიან ყლორტებს. აშრობენ ჩრდილში, სტელაჟებზე, 10 სმ სისქეზე გაფენილს, კარგი ვენტილაციის პირობებში, ხშირად აბრუნებენ.
ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. ასევე შედის მის შემადგენლობაში სათრიმლავი ნივთიერებები.
ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ახალი ინფექციური ჭრილობების, ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისაგან  დამზადებული პრეპარატები იხმარება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ფოთლებისაგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. იხმარება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად. აღნიშნული კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე ფლეგმონების, ასცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ხმარობენ, აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ინგალაციისათვის.
ევკალიპტის ზეთი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში სავლებად და ინჰალაციისათვის.
ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს ხმარობენ როგორც ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისათვის 1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ.

 

Don`t copy text!