თხილისებრთა ოჯახში შედის. დიდი ზომის, 7 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, გლუვი თხელი ქერქით 60-120 მმ სიგრძის და 50-90 მმ სიგანის მარტივი, ოვალური, კვერცხისებრი, ან უკუკვერცხისებრი, შებუსვილი, ბოლოწვეტიანი, ფუძეგულისებრი, ორმაგხერხკბილა დაკბილული ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ მჭადაყვავილედშია შეკრებილი, რომლებიც მინიატურული ჩურჩხელებივითაა ჩამოკიდებული ტოტებზე. მდედრობითი ყვავილები სათითაოდაა გაბნეული ვარჯში ან წყვილ-წყვილად ზის შეზრდილი თანაყვავილედის ქერქის იღლიაში.
ღია მწვანე ფერის, კიდედაკბილულ საბურველში ჩამჯდარი ერთთესლიანი კაკალი გარეგნულად სხვადასხვა ფორმისაა საკმაოდ სქელი ნაჭუჭით.
ყვავის ადრე გაზაფხულზე, ხშირად მარტში, ანემოფილური მცენარე. ე.ი. დამტვერვა ქარის მეშვეობით ხდება. ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ბუნებრივ პირობებში მოსავალი 50-500 კგ (ჰა). შეადგენს. უხვმსხმოიარობა 1-2 ან 3 წელში ერთხელ აღინიშნება, ზოგჯერ კი სრულმოუსავლიანი წელიც აღინიშნება ხოლმე, რაც გაზაფხულის ყინვების და ხშირი წვიმების მავნე გავლენითაა განპირობებული, თესლით მიღებული ეგზემპლარები ნაყოფმსხმოიარობას 5-10 წლიდან იწყებს, ვეგეტაციურად გამრავლების შემთხვევაში კი გაცილებით ადრე. ცოცხლობს 60-80Oწელი. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყვით, ძირკვის ამონაყარითა და კალმებით.
გვხვდება როგორც ბარდა, ასევე მთაშიც ზღვის დონიდან 2000-2100 მ სიმაღლემდე. საკმაოდ ყინვაგამძლეა, მაგრამ ხანგრძლივი ძლიერი ყინვის დროს ძლიერ ზიანდება ან მიწის ზედა ნაწილები მთლიანად იყინება. იზრდება როგორც ღია ადგილებში, ასევე ტყის კალთის ქვეშ ქვეტყედ, მაგრამ ძლიერ და ხანგრძლივ დაჩრდილვას ვერ იტანს. ძლიერ ზრდას ტენით უზრუნველყოფილ კირით მდიდან ნოყიერ ნიადაგებზე ამჟღავნებს.
თხილის ნაყოფის გული 58-71 პროცენტ ცხიმს, 14-18 პროცენტ ცილებს, 2-5 პროცენტ საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებს და რკინას შეიცავს. გამოიყენება საჭმელად უმად, ან მისგან ამზადებენ კანფეტებს, კრემს, შაქარლამას, საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.
მოხალული გულისგან მზადდება ყავის მსგავსი სასმელი, ფართოდ გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია, მას, გარდა კვების მრეწველობისა და საღებავების, პარფიუმერიისა და საპნის წარმოებაში იყენებენ. ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი მასა ხალვის დასამზადებლად გამოიყენება.
მერქანს იყენებენ წვრილმან სახელოსნო საქმეში (კასრების სალტეები, ყავარჯნები და სხვ.) ყლორტებისგან წნავენ კალათებს, მსხვილი ღეროებიდან ხდიან ტკეჩს და მისგან წნავენ მეტად მსუბუქ და გამძლე კალათებსა და გოდრებს. შეფოთლილი ყლორტების მოჭრით ამზადებენ ვიტამინიზებულ მწვანე ნეკერს, რომელსაც ზამთარში ყველა სახის რქოსანი საქონელი ხალისით ჭამს.
თხილის ნახერხი კარგი საშუალებაა ღვინის და ძმრის გასაფილტრავად. თხილის მერქნის ნახშირს მხატვრობაში იყენებნ, წარსულში მისგან თოფის წამალსაც აკეთებდნენ.
მერქნის მშრალი გამოხდით მიიღება სამკურნალო სითხე, რომელსაც ადრე იყენებდნენ ეგზემის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ქერქში 10 პროცენტამდე ტანინებია.
ბულგარეთის მედიცინა სამკურნალოდ თხილის ფოთლებისა და ღეროს ქერქს იყენებს, რომელთაც ძარღვების შევიწროების თვისება გააჩნიათ. გამოიყენება იმპორტული სამკურნალო ნედლეულის ჰამამულისის ნაცვლად ვენების გაგანიერების, პერიფლებიტების, წვივის წყლულებისა და კაპილარული ჰემორარგის დროს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ, ფოთლები და ქერქი ნაყენის სახით გამოიყენება. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (ერთი დღის დოზა).



კენწეროზე აღმამდგომ მტევნად შეკრებილი წითელი ყვავილები საკმაოდ დიდი ზომისაა.
თურანულას ხეები აქ გვხვდება როგორც “დათვისხევის” კალაპოტში ასევე მის ფერდობებზეც. წყალი ამ ხევში მხოლოდ წვიმებისა და თოვლის დნობის დროს მოდის, სხვა შემთხვევაში იგი მშრალია. 

გარდა ამისა, თუთუბო ეროზიის საწინააღმდეგო ნარგაობის შესანიშნავი კომპონენტია, კერძოდ იგი ძვირფასია ხევებისა და ხრამების გასამაგრებლად.

ფესვებს წითელი ფერის საღებავად იყენებენ.
თირკმლის ჩაი ძლიერ დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქისებრი მცენარეა, სიმაღლით 150 სმ-მდე. მისი სამშობლო სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ტროპიკებია. ჩვენში ხარობს სუბტროპიკულ რაიონებში, როგორც ერთწლიანი კულტურა, სიმაღლით 70 სმ. ფესვთა სისტემა ფუნჯისებურია და ძლიერ დატოტვილი. ღეროები ოთხკუთხაა, ქვემოთ მოშინდისფრო-იისფერი, ხოლო ზედა ნაწილში მომწვანო-იისფერი ან მწვანე, იისფერი კვანძებით. ფოთლები მოკლეყუნწიანია სიგრძით 2-10 სმ, სიგანით 1,5-4 მ. ფოთლები მოპირისპირეა, ამასთან მომდევნო წყვილი წინა წყვილის მიმართ სწორი კუთხითაა განლაგებული. ღეროს ქვედა ნაწილში მდებარე ფოთლები ძარღვების გასწვრივ შებუსვილია, ოვალური, რომბისებურ-ოვალური ან ფართო ლანცეტური ფორმის, გადაწეული წვერით, მისი კიდეები არათანაბრად მსხვილად დაკბილულია. ყვავილები მქრალი-იისფერია, ორსქესიანი. ყვავილედი ქმნის პირამიდულ მტევანს, სიგრძით 4-6 სმ. ნაყოფი შედგება 1-4 კაკლისაგან. ყვავილობს ივლის-სექტემბერში.
თირკმლის ჩაის დიდი ხნის განმავლობაში მიღება თირკმელების ბევრი დაავადების დროს ძალზე ეფექტურია და მასთან უკუჩვენებები არა აქვს.
ნარგიზისებრთა ოჯახში შედის. თეთრყვავილა ჩვენი ტყეების ადრე მოყვავილე მცენარეა, იგი 7-15 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბოლქვიანი ბალახია. საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი (ტყის ნიორა, მთის ნიორა, ყვავილნიორა და მწვადინელა).

თავშავა მრავალწლიანი სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა მიწისქვეშა დატოტვილი ფესურით, რომელზეც ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე ყლორტი დატოტვილი ცილინდრული ფორმის მოწითალო ღეროებით. ფოთლები მოპირისპირეა, ყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი, მთლიანკიდიანი, მოყვითალო წერტილებით – ჯირკვლებით, რომლებიც მხოლოდ ლუპით შეიმჩნევა. ყვავილები მოწითალოა, ორტუჩიანი, ჯამიდან გადმოშვერილი გვირგვინით. ისინი სხედან ნახევარრგოლისებურად თანაყვავილედის უბეებში და ტოტის ბოლოში ქმნიან ფარისებრ საგველებს. ყვავილობს ივნის-აგვისტოში.
თავსისხლა განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. მისი გვარის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვებისაგან Sanguis “სისხლი”, Serbere – “შეწოვა”, რაც მის სისხლის შესაჩერებელ თვისებებზე მიუთითებს. თავსისხლას სახეობის სახელწოდებას თუ ვთარგმნით ლათინურიდან მივიღებთ “სამკურნალოს”, “სააფთიაქოს”.
თავსისხლას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შინაგანი სისხლის დენის (ბუასილის, დიზენტერიის) დროს და ყელში გამოსავლებად; მის ნაყენს იყენებენ ღრძილებში შესაზელად.
ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან მწვანეა მეჩხერი ქერცლებით, ქვემოდან კი ვერცხლისფერ-მონაცრისფერო, კიდეები ქვემოთაა დახრილი. ყვავილები 15-30 შეკრებილია ფოთლების იღლიებში განლაგებულ მტევნებად. ზარისებრი, აპკივით თხელი ოთხკბილიანი ჟამი ნაყოფებზეა შერჩენილი. ყვავილის გვირგვინი მოთეთრო ფერისაა ორი მტვრის პარკითა და ოთხი ფრთით. სქელგარსიანი, ცვილისებრნაფიფქიანი, მოშაო ნაყოფის კურკა ოვალური ან მომრგვალოა. ნაყოფი მდიდარია მაღალხარისხოვანი საჭმელი ზეთით. იგი ფრიად სიმშრალის ამტანი მცენარე, სითბოს და სინათლის მომთხოვნია.
ცოცხლობს საკმაოდ დიდხანს (200-300 წელი) მაგრამ ნელმოზარდია.
