Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 408

ციტოზარი – CYTOSAR – ЦИТОЗАР

საერთაშორისო დასახელება:

CYTARABINE

მწარმოებელი: PFAIZER, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ციტარაბინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნრის მოსამზადებლად: ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ციტარაბინი ……..     100 მგ

1 ფლ.

ციტარაბინი ………..  500 მგ

გამხსნელი:

სტერილური ხსნარი+ანტიბაქტერიული კონსერვანტი.

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

ციტარაბინი ………    1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მიეკუთვნება ანტიმეტაბოლურ საშუალებას პირიმიდინის ანალოგების ჯგუფიდან. იგი სიმსივნურ უჯრედში არღვევს დნმ-ის სინთეზს, აინჰიბირებს დნმ-პოლიმერაზას, ასევე ნაწილობრივ ერთვება რნმ-სა და დნმ-ში.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი არ იჩენს ეფექტურობას მისი პერორალურად მიღების შემდეგ, ვინაიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება მიღებული დოზის მხოლოდ 20%. პრეპარატის კუნთებში ან კანქვეშ შეყვანიდან 20-30 წთ-ის შემდეგ სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მაღალი კონცენტრაცია. ამავე დროს მისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ნაკლებია ვენაში ინექციასთან შედარებით. ვენაში მუდმივი ინფუზიის შემდეგ სისხლში აღინიშნება პრეპარატის მაღალი და სტაბილური კონცენტრაცია.

ციტოზარის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 13.3%-ს. მაღალი დოზით (2-3 გ/კვ.მ სხეულის ზედაპირზე) შეყვანის შემდეგ პრეპარატი კარგად აღწევს ცნს-ში. მისი კონცენტრაცია ცერებრულ – სპინალურ სითხეში არ არის დამოკიდებული მისი ინტრავენური ინფუზიის სიჩქარეზე.

პრეპარატის გამოყოფა ხორციელდება ორ ფაზად. პრეპარატის შეყვანილი დოზის 80% გამოიყოფა თირკმელებით 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • ბავშვებსა და მოზრდილებში მიელობლასტური ლეიკოზი (რემისიის ინდუქციისათვის და შემანარჩუნებელი მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიისათვის);
  • ბავშვებსა და მოზრდილებში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი (რემისიის ინდუქციისათვის და შემანარჩუნებელი მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიისათვის);
  • ქრონიკული მიელოლეიკოზი (ბლასტური კრიზი);
  • ერითროლეიკოზი;
  • არახოჯკინის ლიმფომების მკურნალობისათვის ბავშვებსა და მოზრდილებში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;
  • მწვავე ლეიკოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (ინტრათეკალური გამოყენებისათვის).

მიღების წესი და დოზირება:

ციტოზარი ინიშნება ჩვეულებრივი დოზებით მონოთერაპიის, ხოლო მაღალი დოზებით – ქიმიოთერაპიის პროგრამის მიხედვით, ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის სახით.

მოზრდილებში მწვავე მიელობლასტური ლეიკოზის დროს რემისიის ინდუქციისათვის ქიმიოთერაპიის დროს ჩვეულებრივ დოზებში ციტოზარი ინიშნება 200 მგ/კვ.მ/დღეში უწყვეტი ინფუზიით 5 დღის (120 სთ) განმავლობაში. მისი სუმარული დოზა შეადგენს 100 მგ/კვ.მ. ამგვარი კურსის განმეორება შესაძლებელია ყოველ 2 კვირაში, რომელიც დამოკიდებულია პრეპარატის ჰემატოლოგიურ ეფექტზე.

ციტოზარის მაღალი დოზით მიღების პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში იგი ინიშნება 3 გ/კ.ვ.მ 75 წთ-იანი ინფუზიით ყოველ 12 სთ-ში 1-6 დღის განმავლობაში. სხვა სამკურნალო საშუალებებთან დანიშვნისას, ინფუზიის დოზა, ხანგრძლივობა და სიხშირე იცვლება არჩეული პროგრამის მიხედვით.

მაგალითად L-ასპარაგინაზასთან ერთდროული გამოყენებისას ციტოზარი შეყავთ 3 გ/კვ.მ. სამსაათიანი ინფუზიების სახით პირველი შეყვანიდან ყოველ 12 სთ-ში, 36 სთ-ის განმავლობაში,  ხოლო ასპარაგინაზა ინიშნება 42-ე სთ-ს 6000 სე/კვ.მ (1-2 დღეს). შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება. ციტოზართან ერთად შესაძლებელია გამოყენებული იქნას დოქსორუბიცინი, თიოგუანინი, დაუნორუბიცინი, ვინკრისტინი, პრედნიზოლონი და სხვა პრეპარატები. დოზა, ხანგრძლივობა, მიღების სიხშირე დამოკიდებულია არჩეულ პროგრამაზე. ჩვეულებრივ ციტოზარი ინიშნება დოზით 100 მგ/კვ.მ. დღეში, 7 დღიანი უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით. 2-4 კვირიანი შესვენების შემდეგ ლეიკოზის პროცესის პერსისტირებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს ხელმეორედ ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის მოდიფიცირებული კურსი.

საბავშვო და მოზარდების დოზა დგინდება სხეულის წონის ან ზედაპირის შესაბამისად.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი მთლიანობაში მოითხოვს ზემოთანიშნული დოზების დანიშვნას.

მოზრდილებში ნეიროლეიკემიის დროს ციტოზარი ინიშნება ინტრათეკალური შეყვანის სახით 5-დან 75 მგ/კვ.მ.-მდე ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში, ან 4 დღეში ერთხელ, რაც დამოკიდებულია ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებაზე და მკურნალობის ეფექტურობაზე. შედარებით ხშირად გამოიყენება შემდეგი მეთოდი: 30 მგ/კვ.მ ყოველ 4 დღეში, სანამ არ ნორმალიზდება ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობა, შემდგომში საჭიროა კიდევ ერთი დამატებითი შეყვანა.

ბავშვებში ციტოზარის ინტრათეკალური შეყვანა, სოლუ-კორტეფის და მეტოტრექსატის ერთდროულად გამოყენებისას პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება როგორც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, ასევე ნეიროლეიკემიის სამკურნალოდ. რეკომენდებული დოზა შეადგენს: ციტოზარი – 30 მგ/კვ.მ., სოლუ-კორტეფი – 15 მგ/კვ.მ. და 12 მგ/კვ.მ მეტოტრექსატი.

გვერდითი მოვლენები:

სისხლმბადი სისტემების მხრივ: ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, მეგალობლასტოზი, რეტიკულოციტების რაოდენობის დაქვეითება, პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის მხრივ უჯრედული ცვლილებები.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია, ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხით გამოხატული დარღვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულის წარმოქმნა.

იშვიათად აღინიშნება ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე, საჭმლის მონელების დარღვევა, საყლაპავის მხრივ წყლულის გაჩენა, ღვიძლის აბსცესი, წვრილი ნაწლავის ნეკროზი, ნეკროზული კოლიტი. არსებობს მონაცემები პერიტონიტისა და მწვავე პანკრეატიტის განვითარების შესახებ.

ცნს–ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ნევრიტი, ნეიროტოქსიკურობა, ხოლო მაღალი დოზის  მიღების  შემთხვევაში – ნათხემისა და თავის ტვინის დისფუნქცია, კომა, პერიფერიული ნეიროპათია, არსებობს მონაცემები მოგვიანებითი, გარდამავალპროგრესირებადი დამბლის განვითარების შესახებ.

სასუნთქი ორგანოების მხრივ: პნევმონია, იშვიათად – ფილტვების შეშუპება, დიფუზური ინტერსტიციული პნევმონიტი; არსებობს მონაცემები მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის განვითარების შესახებ.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ცხელება, იშვიათად – კონიუნქტივიტი. ანაფილაქსიური რეაქციები, ალერგიული შეშუპება, ქავილი, ურტიკარია, კანის დესქვამაცია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

სისხლის შედედების სისტემის მხრივ: თრომბოფლებიტი.

ადგილობრივი რეაქციების მხრივ: ინექციის ადგილას ტკივილი და ანთება, თრომბოფლებიტი.

სხვადასხვა: კანის პიგმენტაცია, ალოპეცია, გულმკერდის არეში ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, ჰემორაგიული კონიუნქტივიტი.

არსებობს ცალკეული შემთხვევები ციტოზარის სინდრომის განვითარების შესახებ, რომლის თანმხლებია: ცხელება, მიალგია, ძვლებში და იშვიათად გულმკერდში ტკივილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, კონიუნქტივიტი და სისუსტე.

ციტოზარის ინტრათეკალურად შეყვანისას აღინიშნება პარაპლეგიის, ასევე ლეიკოენცეფალოპათიის განვითარება, ნეიროტოქსიკური მოქმედება, სიბრმავე.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ანტისიმსივნური თერაპიის ჩატარების გამოცდილება.

◄ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს აუცილებლად სპეციალიზირებულ სტაციონარულ პირობებში, რომელსაც გააჩნია ლაბორატორია და რეანიმაციური განყოფილება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ადექვატური ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა.

◄ მკურნალობის დასაწყისში პაციენტები უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო რემისიის ინდუქციის პერიოდში საჭიროა მათი ლეიკოციტებისა და თრომბოციტების მაჩვენებლების ყოველდღიური შემოწმება.

◄ პერიფერიული სისხლიდან ბლასტური უჯრედების გაქრობის შემდეგ ატარებენ ძვლის ტვინის ხშირ გამოკვლევას.

◄ პრეპარატის მოქმედების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების შემთხვევაში მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ პრეპარატით ხუთდღიანი თერაპიის შემდეგ დოზით 50-600 მგ/კვ.მ. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ატარებს ორფაზიან ხასიათს. პრეპარატის მიღების წესის და დოზირებისაგან დამოუკიდებლად, პირველი 24 სთ-ის განმავლობაში აღინიშნება ლეიკოციტების პირველადი დაქვეითება, ხოლო სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დათრგუნვა აღინიშნება მე-7-9 დღეზე. შემდგომში შესაძლებელია მათი ხანმოკლე მომატება მაქსიმუმ 12 დღემდე. შემდგომში მეორე და შედარებით ძლიერი დათრგუნვა სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის მხრივ აღინიშნება მე-15-24-ე დღეს, ხოლო მომდევნო 10 დღის განმავლობაში ლეიკოციტების რაოდენობა სწრაფად იმატებს საწყის დონეზე უფრო მაღალ მაჩვენებლამდე. თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება აღინიშნება მე-5 დღეს, ხოლო მათ მინიმალურ რაოდენობას ადგილი აქვს მე-12 მე-15 დღეებს შორის. მომდევნო 10 დღის განმავლობაში მათი რიცხვი სწრაფად მატულობს და სჭარბობს საწყის დონეს.

იმ შემთხვევაში, როდესაც თრომბოციტების რაოდენობა დაქვეითებულია 50 000-მდე ან გრანულოციტების 1000-მდე 1 მკლ-ში, დღის წესრიგში დგება საკითხი მკურნალობის კურსის შეწყვეტის და/ან მისი სქემის ცვლილების შესახებ. პერიფერიულ სისხლში ფორმიანი ელემენტების რაოდენობა შესაძლებელია დაქვეითდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ და მათი მინიმალური მნიშვნელობა აღინიშნოს 12-24 დღის შემდეგ; მკურნალობის კურსის განახლება შესაძლებელია ძვლის ტვინის ფუნქციის აღდგენის და ჩვენების არსებობისას არ არის საჭირო პერიფერიული სისხლის ნორმალიზებამდე ლოდინი, რათა პროცესი არ გახდეს უმართავი.

◄ პრეპარატი სიფრთხილით და დაბალ დოზებში ინიშნება თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებს, რომლებიც იღებენ  ციტოზარს, აუცილებელია პერიოდულად ჩაუტარდეთ თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. გულისრევისა და ღებინების კუპირებისთვის პრეპარატის შეყვანა რეკომენდებულია ხანგრძლივი ინფუზიის გზით. მაღალი დოზით თერაპიის ჩატარებისას არ არის რეკომენდებული იმ გამხსნელის გამოყენება, რომელიც შეიცავს ბენზილის სპირტს.

◄ დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სულის ხუთვის სინდრომის განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ბენზილის სპირტთან.

◄ ხსნარის შემთხვევითი კონტაქტის დროს კანსა და ლორწოვან გარსთან საჭიროა მათი დაბანა საპნით და გამდინარე წყლით.

◄ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც იყენებენ ციტოზარს თავი უნდა შეიკავონ ჩასახვისაგან. ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები. მკურნალობა სიმპტომურია. არ არსებობს ანტიდოტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ციტოზარისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება დიგოქსინის წონასწორული სპაზმური კონცენტრაციის დაქვეითება, რაც საჭიროებს დიგოქსინის დონის საგულდაგულო მონიტორინგს.

– მისგან განსხვავებით დიგიტოქსინის წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია არ იცვლება.

–  გენტამიცინსა და ციტოზარს შორის არსებობს ანტაგონიზმი. pneumoniae-ს მგრძნობიარე შტამებთან მიმართებაში. ციტოზარისა და ფლუოროციტოზინის ერთდროული გამოყენებისას არსებობს შესაძლებლობა ამ უკანასკნელის ეფექტურობის დაქვეითების,

– ციტოზარისა და სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ტოქსიკურობისა და იმუნოსუპრესორული აქტივობის გაძლიერება.

ფარმაცევტული შეუთავსებლობა: ციტოზარი ფიზიკურად შეუთავსებელია ჰეპარინთან, ინსულინთან, მეტოტრექსატთან, 5-ფტორურაცილთან, ნაფცილინთან, ოსქაცილინთან, პენიცილინთან, სოლუ-მედროლთან. ციტოზარი ქიმიურად სტაბილურია 5% დექსტროზას ხსნარში, 2.6 და 8 გ 250 მლ 0.2% ან 9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნაში 7 დღის განმავლობაში – 200C, 40C და ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატი 2 მგ/მლ კონცენტრაციით სტაბილურია კალიუმის ქლორიდის არსებობისას (50 მექვ/500 მლ) ფიზიოლოგიურ ხსნარსა და/ან 5% დექსტროზას ხსნართან 8 დღის განმავლობაში.

ციტოზარი კონცენტრაციით 1 მგ/მლ და 0.2 მგ/მლ სტაბილურია ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნაში (50 მექვ/ლ), 5% დექსტროზას ან 0.24 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 7 დღის განმავლობაში 8-220C ტემპერატურაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ციტეალი – CYTEAL – ЦИТЕАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CHLORHEXIDINE; HEXAMIDINE; CHLORMETACRESOL

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 250 მლ

100 მლ

ქლორჰექსიდინის გლუკონატი ……..  0.5 მლ

ჰექსამიდინ დიიზეტიონატი ………..  0.1 მგ

პარა-ქლორმეტაკრეზოლი ………….    0.3 მგ

შემავსებელი (pHs) – 100 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციტეალი არის ხსნარი, რომელიც ქაფდება და მასში შემავალი სამი კომპონენტით ავლენს: ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე; ბაქტერიოციდულ მოქმედებას Pseudomonas aeruginosa-ზე, ფუნგისტატიკურ მოქმედებას Candida albicans-ის სახეობის სოკოებსა და დერმატოფიტებზე. ეფექტურია, სხვადასხვა ბიოლოგიურ გარემოში (ჩირქი, სისხლი, სეროზული სითხე). წარმოქმნის ქაფს სასიამოვნო სუნით.

არ აღიზიანებს სახის კანს, ლორწოვან გარსებს, ბავშვის კანს. თერაპიული ეფექტი გრძელდება 18 საათის განმავლობაში. ამცირებს კანის ქავილს. არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას. არ არღვევს კანისა და საშოს ეკოლოგიას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს ლორწოვანი გარსების ანტისეპტიკური დამუშავებისათვის;
  • როგორც დამხმარე საშუალება პირველადი ინფექციითა და სუპერინფექციით გამოწვეული კანის დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:

ქირურგიაში პრეპარატი გამოიყენება მედპერსონალის ხელებისა და ჭრილობების ზედაპირის ანტისეპტიკური დამუშავებისათვის. ასევე ჭრილობის ზედაპირის შეხორცების დაჩქარებისა და მეორადი ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

ხელების ოპერაციის წინა დამუშავება: განუზავებელი ხსნარი.

ქირურგიული ჭრილობების დამუშავება: 1:10 განზავებით.

წვივის წყლულების დეზინფექცია: 1:10 განზავებით.

დერმატოლოგიაში ციტეალი გამოიყენება კანის პირველადი და მეორადი ინფექციების სამკურნალოდ.

მიკოზები (ქატოსებრი ლიქენი, სოკოვანი გამოყელვა, ტერფის დერმატოფიტია): განუზავებელი ხსნარი სამკურნალოდ ყოველდღიურად, ხოლო პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-ჯერ.

ბაქტერიული ეგზემა: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

აკნე: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

გამოყელვა ბავშვებში: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

ქვედა კიდურების წყლულები: 1:10 განზავებით.

პირველადი ბაქტერიული დერმატოზები (ფურუნკულოზი, იმპეტიგო, კარბუნკულოზი, ფოლიკულიტი): 1:10 განზავებით.

ვირუსული ინფექცია (1 და 2 ტიპის ჰერპესი): განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

მედპერსონალის ხელების ანტისეპტიკური დამუშავება: 1:10 განზავებით.

გინეკოლოგიაში ციტეალი გამოიყენება საშოსა და გარეგანი სასქესო ორგანოების სოკოვანი Candida albicans პარაზიტული Trichomonas vaginalis ბაქტერიული Gardnerella vaginalis, Staphilococci, Streptococci, Enterobacter და სხვა) წარმოშობის ინფექციების სამკურნალოდ.

ციტეალის გამოყენება რეკომენდებულია ადგილობრივად ტამპონით გარეგანი დამუშავებისათვის (განუზავებელი ხსნარი) ან საშოს გამოსარეცხად (1:10 განზავებით). ყველა შემთხვევაში აუცილებელია აპლიკაცის ადგილის საფუძვლიანი გამორეცხვა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე და ჰექსამიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ამ ტიპის რეაქციის არც ერთი შემთხვევა პრეპარატის გამოშვების მომენტიდან 1977 წ. საფრანგეთში რეგისტრირებული არ არის).

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში.

* დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალსა და ყურში (დაფის აპკის დაზიანების შემთხვეევაში).

ორსულობა და ლაქტაცია:

ციტეალის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოიყენება სიფრთხილით ისეთ პირობებში, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატის სისტემური მოქმედება. მაგ: სხეულის დიდი ფართობის მრავალჯერადი დამუშავების ან კანის დაზიანებული საფარველის (დამწვრობის, ოკლუზიური სახვევების დადების და ა.შ.) შემთხვევაში ციტეალით დამუშავების შედეგად, აუცილებელია კანის საფუძვლიანი ჩამობანვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებების შესაძლო ურთიერთქმედების (ანტაგონიზმი, ინაქტივაცია) გამო, რეკომენდებული არ არის მათი ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ციტაჰექსალი – CITAHEXAL – ЦИТАГЕКСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CITALOPRAM

მწარმოებელი: HEXAL AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ციტალოპრამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი. სეროტონინის ნეირონული უკუშებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ციტალოპრამის ჰიდრობრომიდი ……     20 მგ

1 ტაბ.

ციტალოპრამის ჰიდრობრომიდი ………. 40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოპოვიდონი, 85%-იანი გლიცერინი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, კროსკარმელოზი (ნატრიუმის მარილი), ჰიპრომელოზა მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი(E171) .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციტალოპრამ ჰიდობრომიდი-სეროტონინის (5-ჰიდროქსი-ტრიპტამინის HT), უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი, აბლოკირებს ჰისტამინის, M-ქოლინორეცეპტორებს და ადრენორეცეპტორებს და უმნიშვნელო ხარისხით აინჰიბირებს ციტოქრომ P450.

ციტალოპრამი თითქმის არ მოქმედებს ნორადრენალინის, დოფამინის და გამა-ამინობუტირმჟავის ნეირონულ უკუშებოჭვაზე. ციტალოპრამის ხანგრძლივი გამოყენებისას მოქმედების ეფექტის შემცირება (არ გააჩნია შეჩვევის ეფექტი) არ აღინიშნება. ციტალოპრამი წარმოადგენს იზობენზოფურანის ბიციკლურ წარმოებულს. არ გააჩნია არანაირი ქიმიური მსგავსება ტრიციკლურ, ტეტრაციკლურ და სხვა ცნობილ ანტიდეპრესანტებთან.

ფარმაკოკინეტიკა:

ციტალოპრამი პერორალურად მიღებიდან სწრაფად აბსორბირდება (არ არის დამოკიდებული  საკვების მიღებაზე), ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%, მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მიღებიდან 4 (1-7) საათში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 80%-ზე ნაკლებია. მეტაბოლიზირდება დიმეთილირების, დეზამინირებისა და დაჟანგვის გზით. წონასწორულ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. არსებობს პირდაპირი კავშირი სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციასა და მიღებულ დოზას შორის.

დღეში 40 მგ ციტალოპრამის მიღებისას, მისი საშუალო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 300 მმოლ/ლ-ს. ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 36 საათს. ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად (85%), ნაწილობრივ თირკმელებით. მიღებული დოზის დაახლოებით 12-23% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.

ასაკოვან პაციენტებს მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან დაკავშირებით აღენიშნებათ პლაზმაში ნახევრადდაშლის პერიოდის გაზრდა და კრეატინინის კლირენსის შემცირება. ციტალოპრამის გამოყოფის პროცესი შედარებით ნელდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა. ნახევრადდაშლის პროცესი სისხლის პლაზმაში და წონასწორული კონცენტრაციის რაოდენობა სისხლის პლაზმაში იზრდება დაახლოებით 2-ჯერ შედარებით იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ნორმალური ფუნქციონირების ღვიძლი. ციტალოპრამის გამოყოფის პროცესი შედარებით მცირდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, ამასთან ერთად მთლიანობაში ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა უცვლელია.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება ყოველდღიურად ერთხელ დღე-ღამეში, ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

საწყისი რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 40 მგ-მდე დღე-ღამეში.

ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება დოზის ნახევარი ანუ 10-20 მგ-მდე დღე-ღამეში.

საწყისი დოზაა 10 მგ დღე-ღამეში. ხოლო შემდგომში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 230 მგ-ს.

ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. თერაპიული კურსი გრძელდება 4-6 თვის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

პრეპარატი იხსნება თანდათან, დოზის შემცირებით 1-2 კვირის მანძილზე.

გვერდითი მოვლენები:

უმნიშვნელოდაა გამოხატული და როგორც წესი ვლინდება მოკლე დროით (1-2 კვირა მკურნალობის დაწყებიდან) და გააჩნია ტრანზიტორული ხასიათი. ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები: ძილიანობა, უძილობა, აჟიტაცია, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა; პალპიტაცია; გულისრევის შეგრძნება, პირის ღრუს სიმშრალე, შეკრულობა, დიარეა; გაძლიერებული ოფლიანობა; აკომოდაციის დარღვევა; ასთენია;

იშვიათად: დისომნია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ღამის კოშმარები, ამნეზია, შფოთვა, ლიბიდოს დაქვეითება, მადის მომატება, ანორექსია, აპათია, სუიციდური მცდელობები; მიგრენი, პარესთეზიები; ტაქიკარდია, ორთოსტატისტიკური ჰიპოტენზია, ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია; დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი, სისუსტე, ჰიპერსალივაცია; შარდის გამოყოფის პროცესის დარღვევა, პოლიურია; სხეულის წონის შემცირება ან მომატება; რინიტი, სინუსიტი. ეაკულაციის დარღვევა, ქალებში ორგაზმის დარღვევა, დისმენორეა, იმპოტენცია; ექზანთემა, ქავილი; მხედველობის დაქვეითება; გემოვნების დარღვევა; დაღლილობა, მთქნარება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გამოვლინდეს ინსომნია და აჟიტირება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

◄ სიფრთხილეა საჭირო ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს (ანტიკოაგულანტები, თრომბოაგრეგანტები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები);

◄ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ციტალოპრამით მკურნალობის შედეგად შეიძლება მოიმატოს შაქრის დონემ. ამ შემთხვევებში, აუცილებელია ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორეგირება.

◄ ეპილეფსიის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ციტალოპრამს, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

◄ სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მანია: ჰიპერმანია ანამნეზში. მანიაკალური ფაზის დასაწყისში ციტალოპრამის მიღება წყდება.

◄ დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობის პროცესში, ფსიქოზის მქონე პაციენტებში შესაძლოა გაძლიერდეს ფსიქოზური სიმპტომები.

◄ არ არის გამოვლენილი სხვა ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის.

◄ მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისაგან და სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისაგან, რადგან, ქვეითდება ყურადღების კონცეტრაციისა და სწრაფი რეაქციის უნარი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შეუთავსებელი ქიმიური კომბინაციები არ იყო აღმოჩენილი.

– ციტალოპრამის და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზები (სეროტონინის სინდრომი).

– ციტალოპრამის ერთდროული დანიშვნა არ შეიძლება სხვა სეროტონინერგიულ საშუალებებთან, ნაწილობრივ, სუმატრიპტანთან ან სხვა ტრიპტანებთან, ტრამადოლთან, ოქსიტრიპტანთან და ტრიპტოფანთან ერთად.

– ციმეტიდინი იწვევს ციტალოპრამის საშუალო წონასწორული კონცენტრაციის ზომიერ მომატებას. ამიტომ საჭიროა ყურადღება მიექცეს ამ გარემოებას, იმ შემთხვევაში თუ ხდება ამ პრეპარატების მიღება მაღალი დოზით.

– არ არის აღმოჩენილი პრეპარატის ურთიერთქმედება ლითიუმთან, ასევე სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება, რომელმაც შესაძლებელია კლინიკური შედეგები გამოიწვიოს, ფენოტიაზინთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მიმართებაში.

– ერთდროული მიღება ციტალოპრამისა და მეტოპროლოლის იწვევს პლაზმაში მეტოპროლოლის დონის 2-ჯერად მომატებას, ამასთან ერთად არ აღინიშნება არანაირი კლინიკურად გამოხატული გავლენა სისხლის წნევასა და გულის შეკუმშვის სიხშირეზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ციტაბიონი – CITABION – ЦИТАБИОН

საერთაშორისო დასახელება:

CYTARABINE

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ციტარაბინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტინეოპლასტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ

1 მლ 1 ფლ.

ციტარაბინი ……..     50 მგ 500 მგ

 

ვრცლად ციტოზარი (დოზირება ინდივიდუალური)

ცისტოფიტი – CISTOPHIT – ЦИСТОФИТ

ორგანიზმს ყოველდღიური კონტაქტი აქვს ურიცხვ ტოქსიურ ნივთიერებებთან. ყოველი უჯრედი, როგორც ღრუბელი, ტოქსიურ ნივთიერებებს შეიწოვს ჰაერით, წყლით და საკვებით. თანდათანობით ბინძურდება უჯრედშორისი გარემო – უჯრედში გროვდება წყალი და წიდა. ალერგია, თვალის ქვეშ ჩამობერილობები და სილურჯე, შეშუპება, იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითება რაც სხვა დაავადებებთან ერთად გაციებითი დაავადებების გახშირებასც იწვევს –უჯრედის „გაგუდვის“ შედეგია. ასეთი ორგანიზმი არის პრაქტიკულად ყველა დაავადების მიზეზი.

უსარგებლო „ტვირთისგან“, ჭარბი სითხე და ტოქსინები, გათავისუფლებაში ორგანიზმს ეხმარება სამკურნალო ბალახებისგან შექმნილი კომპოზიცია.

შემადგენლობა: ოხრახუში (ფოთლები), წითელი მოცვი (ფოთლები), არყის ხის ფოთლები, ელეუტეროკოკი (ფესვი და ფესურები).

შეფუთვაში 40 ტაბლეტი.

მიღების ჩვენებები:

ცისტოფიტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიურეზს, ხსნის შეშუპებას, აუმჯობესებს საერთო თვითშეგრძნებას ტოქსინების გამოყოფის ხარჯზე, აუმჯობესებს და აჩქარებს ცისტიტის ტრადიციული მკურნალობას.

ბაღის ოხრახუში გამოიყენება შარდის ბუშტის ფუნქციონალური დაავადების დროს და სხვადასხვა გენეზის შეშუპების მოსახსნელად. ოხრახუში გამოიყენება როგორც დიურეზული საშუალება თირკმლოვანი და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას, რომელიც შეშუპებით მიმდინარეობს. პრეპარატის გამოყენება დადებითად მოქმედებს თირკმელკენჭოვანი, შარდსასქესო გზების ლორწოვანის ანთებითი დაავადებისას.

წითლი მოცვი ახდენს სუსტ შარდმდენ მოქმედებას, ხასიათდება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, სედატიური, ლპობით და ანტისეპტიური მოქმედებით.

არყის ხის ფოთლები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხსნის თირკმლისმიერ და გულიდან მომდინარე შეშუპებას. ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავას, გლიკოზიდებს და სხვა.

ელეუტეროკოკი მიეკუთვნება კლასიკურ ადაპტოგენს. ის უზრუნველყოფს იმუნიტეტის შენარჩუნებას, სწრაფად აღადგენს ძალებს გადატანილი დაავადების შემდეგ. ფესვი და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს, ბიოფლავონიდებს, პოლისაქარიდებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და სხვა. ის აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს ძილიანობას, ხასიათდება ანტიდეპრესიული თვისებებით. ელეუტეროკოკი ახდენს ზოგადგამაჯანსაღებელ, მატონიზირებელ მოქმედებას, ააქტივებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაღლებს ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას და მის წინააღმდეგობას არახელსაყრელი გარემომცველი ფაქტორებისადმი.

კომპოზიცია შედგენილია ისე, რომ შემადგენელი მცენარეები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას და „ცისტოფიტს“ ხდის განსაკუთრებით ეფექტურს.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება 2–4 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს. მიღების ხანგრძლიობა 1 თვე.

უკუჩვენება:

კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

მიღების წინ სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

ცისტონე – CYSTONE – ЦИСТОН

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ცისტონი ახდენს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენ მოქმედებას თირკმლის დაავადებების დროს. ცისტონი შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც განაპირობებენ პრეპარატის მოქმედებას. შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია თირკმლისა და შარდსადენი გზების გაზრდილ სისხლისმიმოქცევასთან. პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მოქმედებით ხდება შარდში კალციუმის, ოქსალატების, ჰიდროქსიპროლინის შემცირება, რის შემდეგაც შარდგამომყოფ გზებში კონკრემენტების წარმოქმნის ალბათობა მცირდება.

ცისტონი იწვევს საშარდე გზების კონკრემენტების მიკროდაშლას მუცინზე ზემოქმედებით, რომელიც აწებებს კონკრემენტების მცირე ნაწილებს, ქვიშას და კრისტალებს, ასევე უზრუნველყოფს მისი ორგანიზმიდან გამოყოფას. ცისტონის მოქმედებით აღინიშნება კონკრემენტების დეზინტეგრაცია, რაც იწვევს მის დემინერალიზაციას და დარბილებას.

აღინიშნება ცისტონის ანტიმიკრობული მოქმედება, განსაკუთრებით გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Klebsiella spp., Escherichia coli). პრეპარატი ხასითდება სპაზმოლიტური ეფექტით, რის შედეგადაც მსუბუქდება პაციენტის მდგომარეობა დიზურიული გამოვლინებების დროს. ფარმაკოლოგიური პარამეტრები არ არის შესწავლილი, რამდენადაც პრეპარატის მოქმედება არის მისი შემადგენელი კომპონენტების ერთდროული მოქმედების შედეგი.

Disomocarpus pedicellata (ყვავილები) 65მგ – შეიცავს პედიცინს, იზოპედიცინს, პედიცილინს, ეთერზეთებს ხასიათდება გამოხატული შარდმდენი მოქმედებით.

Saxifraga ligulata (ღეროები) 49მგ – ამცირებს შარდსადენი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ხასიათდება შემკვერელი და შარდმდენი მოქმედებით, გავლენას ახდენს ქვების კრისტალო–კოლოიდურ შემცველობაზე, იწვევს მის გახსნას. ასევე ხასიათდება  ანტიმიკრობული აქტიობით.

Rubia cordifolia (ღეროები) 16მგ – შეიცავს რუბერიტრის მჟავას და ანტრაქინის გლიკოზიდებს, რომელთაც უნარი შესწევს გახსნას შარდგამომყოფი გზების ოქსალატური კონკრემენტები და გამოყოფს ორგანიზმიდან. ხასიათდება შარდმდენი და შემკვრელი მოქმედებით.

Cyperus scariosus (ფესურები)16მგ –უზრუნველყოფს პრეპარტის ანტიბაქტერიულ მოქმედებას შარდგამომყოფ სისტემაზე.

Achyranthes aspera (თესლები) 16მგ- ხასიათდება სპაზმოლიტური და შარდმდენი მოქმედებით.

Onosma bracteatum (მცენარის მიწისზედა ნაწილი) 16მგ – აქვეითებს შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტისეპტიური და დიურეტიკული ეფექტით. მცენარეული ექსტრაქტის გამოყენების არეს წარმოადგენს შარდის ბუშტი (განსაკუთებით გაძნელებული შარდვისას და სპასტიური ტკივილისას).

Vernonia cinerea (მთლიანი მცენარე) 16მგ – ეფექტური დიზურიული მოვლენებისას, შარდის გამოყოფის დარღვევისასა და შარდის ბუშტის სპაზმისას.

პრეპარატის შემადგენლობაში ასევე შედის სილიკონისმაგვარი ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს კონკრემენტების გახსნას შარდგამომყოფ სისტემაში და მოქმედებს როგორც დიურეტიკი. ცისტონში გასუფთვებული მინერალური ფისების დამატება უზრუნველყოფს შარდის გამოყოფის გაუმჯობესებას, მეტაბოლური პროცესების სტაბილიზაციას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, საკვების შეწოვას და ათვისებას.

მიღების ჩვენებები:

  • ურატებით და შარდმჟავა მარილებით წარმოქმნილი კონკრემენტების ლითოლიზი,  (ფოსფატური და ოქსალატური ქვები);
  • შარდგამომყოფი სისტემის ინფექციური ეთიოლოგიის დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში (არასპეციფიური ურეთრიტი, პიელიტი, ცისტიტი);
  • ოპერაციის შემდგომი პრევენციული მკურნალობა საშარდე გზების კონკრემენტების წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ;
  • პოდაგრა;
  • სიალოლითიაზი;
  • შარდის შეუკავებლობა (ქალებში).

მიღების წესები:

ცისტონის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ურატებით და შარდმჟავათი წარმოქმნილი კონკრემენტების ლითოლიზისათვის (ფოსფატური და ოქსალატური ქვები):

14 წელზე ასაკის ბავშვები და მოზრდილები – 2–2– ტაბლეტი;

6–დან 14 წლამდე ასაკის  – თითო ტაბლეტი;

2–დან 6 წლამდე ასაკის – ½ ტაბლეტი ყოველ მიღებაზე. ინიშნება 3–ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლიობა 3–4 თვე. შემდეგ თერაპიას აგრძელებენ დოზით:

14 წელზე უფროსი ასაკის და მოზრდილები – თითო ტაბლეტი, 6–დან 14 წლამდე – ½ ტაბლეტი, 2–დან 6 წლამდე – ¼ ტაბლეტი. პრეპარატი ინიშნება 2–ჯერ დღეში. თერაპია გრძელდება ორგანიზმიდან ქვების (ქვიშის) გამოყოფამდე.

შარდგამომყოფი გზების ინფექციის მკურნალობისას: ბავშვები 14 წლიდან და მოზარდები – მიღებაზე 2 ტაბლეტი, 6–დან 14 წლამდე – თითო ტაბლეტი, 2–დან 6 წლამდე – ½ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 4–6 კვირა.

დაავადების რეციდივული ფორმისას: ბავშვები 14 წლიდან და მოზრდილები – თითო ტაბლეტი, 6–დან 14 წლამდე – ½ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 6–12 კვირა.

თირკმლის კოლიკისას (მწვავე): ბავშვები 14 წლიდან და მოზრდილები – 2 ტაბლეტი მიღებაზე;

6–დან 14 წლამდე – თითო ტაბლეტი მიღებაზე;

2 წლიდან 14 წლამდე –  ½ ტაბლეტი მიღებაზე;

2–დან 6 წლამდე – ½ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში სიმპტომების კუპირებამდე.

პროფილაქტიკური დანიშვნისას კონკრემენტების წარმოქმნის შესაჩერებლად:

თითო ტაბლეტი,  6–დან 14 წლამდე – ½ ტაბლეტი, 2–დან 6 წლამდე – ¼ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში 4–5 თვის მანძლზე.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები ცისტონის კომპონენტებზე.

ორსულობა:

პრეპარატის დანიშვნა შეიძლება ორსულებში და მეძუძურებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

ცისტონის ტაბლეტები ინახება 10–300C ტამპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას.

დამატებით:

პრეპარატის დანიშვნა რეკომენდირებული არ არის პაციენტებში რომელთაც აღენიშნება შარდგამომყოფი გზების გაუვალობა დიდ ზომის კონკრემენტის არსებობის გამო (10მმ დიმატრზე მეტი ზომის დამტკიცებული დამატებითი კველევის მეთოდებით).  მკურნალობის ფონზე ტკივილის სინდრომის ინტენსივობის გაზრდისას ცისტონის მიღება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის მოქმედება ვითარდება თანდათანობით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას დანიშვნისას.

ცისტიუმი სოლიდაგო – CYSTIUM SOLIDAGO – ЦИСТИУМ СОЛИДАГО

საერთაშორისო დასახელება:

SOLIDAGINIS GIGANTEAE HERBA

მწარმოებელი: PHARMA WERNIGERODE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

1 მლ

მცენარე ოქროწკეპლას მშრალი ექსტრაქტი …. 500 მკგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის დიურეტიკული პრეპარატი, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და გარკვეულწილად სპაზმოლიტური მოქმედებით მასში ფლავონიდების, საპონინების და ფენოგლიკოზიდის შემცველობის გამო.

ჩვენებები:

შარდის გამომტანი გზების ინფექციურ–ანთებითი დაავადება (მათ შორის, ნეფროუროლითიაზის ფონზე).

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანად, ჭამამდე 5 მლ 2–4–ჯერ დღეში. რეკომენდებულია ჭარბად წყლის დაყოლება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, გულისა და თირკმლისმიერი შეშუპებები.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების დაავადებისას პრეპარატის მიღება საჭიროა კომბინირებული თერაპიის სახით.

ცისტენალი – CISTENAL – ЦИСТЕНАЛ

სავაჭრო დასახელება: ცისტენალი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიოტროპული სპაზმოლიტური საშუალება

სამკურნალწამლო ფორმა:

შიგით მისაღები წვეთები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი, აქვს  ზომიერი სპაზმოლიტური, ანთებისსაწინააღმდეგო და დიურეტული მოქმედება. შარსადენების გლუვ კუნთებს ადუნებს და აადვილებს მცირე ზომის კონკრემენტების გამოყოფას. ხელს უწყობს ასევე შარდოვანი კონკრემენტების დაქუცმაცებას, რომლებიც შეიცავენ Ca2+ и Mg2+-ს.

ჩვენებები:

ნეფროუროლითიაზი, კრისტალლურია, თირკმლის ჭვალი.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, გლომერულონეფრიტი, ნეფროუროლითიაზი (პიელონეფრიტთან ერთად ან/და თირკმლის უკმარისობასთან ერთად), კუჭისა და 12გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში).

გვერდითი მოვლენები:

გულძმარვა, ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზები:

შიგნით, 3-5 წვეთი 3-ჯერ დღეში, წყალში ან შაქარზე, ½ საათით ადრე ჭამამდე. ხშირი რეციდივებისას შეიძლება გარკვეული ხნით გავზარდოთ დოზა 10 წვეთამდე 3-ჯერ დღეში. მომატებული კუჭის წვენის მჟავიანობის დროს ცისტენალს ღებულობენ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. კუჭის დაქვეითებული მჟავიანობისას ამატებენ აციპეპსოლს.

განსაკუთრებული მითითებები:

მაგნიუმ სალიცილატი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეაღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ცისტენალის მიღება არ შეიძლება თირკმელის ჭვალის შეტევის დროს (უმჯობესია სპაზმოცისტენალის გამოყენება ან უფრო ეფექტური სპაზმოლიტიკური საშუალებები ინექციისათვის).

ცისპლატინი-ებევე – CISPLATIN-EBEWE – ЦИСПЛАТИН-ЭБЕВЕ

საერთაშორისო დასახელება:

CISPLATIN

მწარმოებელი: EBEWE

მოქმედი ნივთიერება: ცისპლატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 20 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

ცისპლატინი ………   500 მკგ 10 მგ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 50 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ. 1 ფლ.

ცისპლატინი ………….   500 მკგ 25 მგ

 

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 100 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

ცისპლატინი ……….   500 მგ 50 მგ

ვრცლად ცისპლატინი (დოზირება ინდივიდუალური)

ცისპლატინი – CISPLATIN – ЦИСПЛАТИН

საერთაშორისო დასახელება:

CISPLATIN         

მწარმოებელი: PFAIZER, ავსტრალია

მოქმედი ნივთიერება: ცისპლატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ფლ.

ცისპლატინი ………   1 მგ 10 მგ

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 50 მლ და 100 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ. 1 ფლ.

ცისპლატინი ……..    1 მგ 50 მგ

1 მლ 1 ფლ.

ცისპლატინი ……..    1 მგ 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს პლატინის ნაერთს, რომელიც ხასიათდება ანტიკანცეროგენული ეფექტით. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-თან შეკავშირებით, რის შედეგადაც იცვლება დნმ-ის სტრუქტურა და ითრგუნება მისი სინთეზი. ცისპლატინი მცირე ხარისხით აინჰიბირებს ცილებისა და რნმ-ის სინთეზს და არ ხასიათდება ფაზური სპეციფიკურობით.

ფარმაკოკინეტიკა:

ვენაში შეყვანის შემდეგ ცისპლატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები აღიწერება ორფაზიანი ფარმაკოკინეტიკური მრუდით. საწყისი ფაზა ძალიან სწრაფია, ნახევარგამოყოფის პერიოდით 29-45 წთ, რომლის შემდეგაც ვითარდება ხანგრძლივი ფაზა ნახევარგამოყოფის პერიოდით 2-4 დღის განმავლობაში. გამოყოფის ასეთი ხანგრძლივი ფაზა განპირობებულია პრეპარატის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირებით. ჩვეულებრივ პრეპარატის 90%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მისი ინტრავენური, შედარებით ნელი შეყვანის დროს თირკმელებით გამოიყოფა პრეპარატის დოზის 15-25% პირველი 24 სთ-ის განმავლობაში სწრაფად, ძირითადად უცვლელი სახით, ხოლო 20-75% პირველი 24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დარჩენილი რაოდენობა უკავშირდება ქსოვილებსა და პლაზმის ცილებს.

ცისპლატინი გროვდება თირკმელებში, ღვიძლში, წვრილ ნაწლავსა და საკვერცხეებში. იგი ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და არ აღინიშნება ზურგის ტვინის სითხეში მნიშვნელოვანი რაოდენობით.

ჩვენებები:

  • სათესლე ჯირკვლის არასემინომური მეტასტაზირებული სიმსივნეები;
  • საკვერცხეების გავრცელებული რეფრაქტერული სიმსივნე;
  • შარდის ბუშტის რეფრაქერული სიმსივნე დისიმინირების სტადიაში;
  • თავისა და კისრის რეფრაქტერული სიმსივნე;
  • ცისპლატინის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო კომპლექსური თერაპიის სახით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებში მონოთერაპიის სახით ცისპლატინის მიღების წესი შემდეგია:

50-100 მგ/კვ.მ. ერთჯერადი ინფუზიის სახით 6-8 სთ-ის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ. ვენაში ან ნელი შეყვანის გზით – 15-20 მგ/კვ.მ. ყოველდღიურად 5 დღის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში.

ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს.

ცისპლატინის განმეორებითი კურსი არ ტარდება მანამ, სანამ:

– კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შარტში არ აღინიშნება 140 მკმოლ/ლ-ზე ნაკლები, ხოლო პლაზმაში შარდოვანას დონის მაჩვენებელი 9 მმოლ/ლ-ზე ქვემოთ;

– პერიფერიულ სისხლში ფორმიანი ელემენტების რიცხვი არ მიაღწევს მისაღებ დონეს (თრომბოციტები 100000/კუბმმ, მეტი, ხოლო ლეიკოციტები 4000/კუბ.მმ მეტი). ამასთან ერთად საჭიროა ბაზალური აუდიოგრამის გადაღება და პერიოდულად პაციენტის სმენის ორგანოს ფუნქციის მონიტორინგი.

ცისპლატინის ხსნარის მომზადების წესი: ხსნარის მომზადება რეკომენდებულია უშუალოდ გამოყენების წინ. ინფუზია უნდა დასრულდეს ხსნარის მომზადებიდან 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო პრეპარატის დარჩენილი ნაწილი განადგურდეს.

პაციენტებში საჭიროა ჩატარდეს ადექვატური ჰიდრატაცია ცისპლატინის შეყვანამდე და მისი მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში, შარდის გამოყოფის უზრუნველსაყოფად და ნეფროტოქსიკურობის შესამცირებლად. ჰიდრატაცია შესაძლებელია მიღწეულ იქნას ვენაში 2  ლ 5% გლუკოზის და ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში 2-4 სთ-ის განმავლობაში შეყვანით.

საინექციო ცისპლატინის რეკომენდებულ დოზას უმატებენ 1 ლ ფიზიოლოგიურ ხსნარს და შეყვანას აწარმოებენ სასურველი პერიოდის განმავლობაში.

პრეპარატის შეყვანიდან 24 სთ-ის განმავლობაში აუცილებელია ადექვატური ჰიდრატაციისა და შარდის გამოყოფის შენარჩუნება, რაც შესაძლებელია 1-2 ლ ფიზიოლოგიური  ხსნარის შეყვანით 6-12 სთ-ის განმავლობაში.

ცისპლატინი ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგ ციტოტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინაციაში: სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს – ვინბლასტინთან, ბლეომიცინთან, აქტინომიცინთან;

საკვერცხის სიმსივნის დროს – ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან, ჰექსამეთილმელამინთან, ფტორურაცილთან;

თავისა და კისრის სიმსივნის სამკურნალოდ – ბლეომიცინთან და მეტოტრექსატთან;

პრეპარატის დოზა განისაზღვრება მიღებული ქიმიოთერაპიული პროგრამის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

თირკმელების მხრივ: პრეპარატის დოზადამოკიდებული კუმულირებით გამოწვეული თირკმელების უკმარისობა წარმოადგენს პრეპარატის ტოქსიკურობის ძირითად მიზეზს, რომელიც ზღუდავს ცისპლატინის დოზას. შედარებით ხშირად აღინიშნება გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება, რაც გამოიხატება შრატში კრეატინინის დონის მომატებით და თირკმელებში სისხლმიმოქცევის დაქვეითებით. მკურნალობის დასაწყისში ან მის შემდეგ ჰიდრატაციის შემცირება იწვევს ნეფროტოქსიკურობის განვითარებას.

სისხლმბადი სისტემების მხრივ: ჰემოპოეზზე ტოქსიკური ზეგავლენა ასევე დოზადამოკიდებულია და განპირობებულია პრეპარატების კუმულირებით. თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შედარებით მცირე რაოდენობა ჩვეულებრივ აღინიშნება მე-18 და 32-ე დღეებს (7.3-დან 45 დღიან დიაპაზონში) შორის და პაციენტების უმრავლესობაში უბრუნდება საწყის დონეს 39 დღის შემდეგ. ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია შედარებით გამოხატულია პრეპარატის 50 მგ/კვ.მ -ზე მაღალი დოზის გამოყენების დროს. ცისპლატინის მომდევნო კურსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ თრომბოციტების დონე არ გადააჭარბებს 100000 /კუბ.მმ, ხოლო ლეიკოციტების – 4000/კუბ.მმ-ს.

პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ ანემია – ჩვეულებრივ მკურნალობის რამოდენიმე კურსის შემდეგ მძიმე შემთხვევების დროს, აუცილებელია ერითრომასის გადასხმა. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ რომ ცისპლატინი იწვევს ჰემოლიზური ანემიის განვითარებას კუმბსის დადებითი პირდაპირი რეაქციით. ცისპლატინით მომდევნო მკურნალობის კურსმა მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზის გაძლიერება.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მხრივ: გულისრევა და ღებინება აღენიშნება თითქმის ყველა პაციენტს, ზოგიერთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ატარებს მძიმე ხასიათს. ამ დროს საჭიროა დოზის შემცირება და/ან მკურნალობის შეწყვეტა. ასევე აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების ასპარაგინტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის  მომატება კლინიკური ნიშნებითა და ტოქსიკური გამოვლინებით.

ცნს–ისა და მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ხშირად აღინიშნება ყურებში შუილი და სმენის დაქვეითება. ყურებში შუილი ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, ხოლო სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და დაკავშირებული 4000-დან 8000 ჰერც სიხშირესთან. მსგავსი დაზიანების სიხშირე და სიმძიმე შესაძლებელია იყოს შეუქცევადი.

პერიფერიული ნეიროპათია ვითარდება პარესთეზიების სახით „წინდის“ და „ხელთათმანის“ ტიპით, არეფლექსიითა და ვიბრაციული მგრძნობელობის დაკარგვით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ცისპლატინი გამოიყენება  რეკომენდებულთან შედარებით მაღალ დოზებში. აღნიშნული ნეიროპათია შესაძლებელია იყოს შეუქცევადი. შესაძლებელია აგრეთვე მხედველობისა და ფერის აღქმის დაქვეითება. ცისპლატინის გამოყენების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება ასევე მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარების შემთხვევები.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია მიასთენური სინდრომისა და კრუნჩხვების განვითარება.

წყალ–ელექტროლიტური ბალანსისა და ნივთიერებათა სხვა სახის ცვლის მხრივ: ჰიპომაგნიემია და ჰიპოკალციემია, რომლებიც ვლინდება კუნთების სპაზმებითა და აგზნებადობით, ტრემორით, კარპოპედალური სპაზმითა და/ან ტეტანიით. შესაძლებელია ჰიპერურიკემია, განსაკუთრებით პრეპარატის 50 მგ/კვ.მ მეტი დოზის მიღების შემდეგ შარდის მჟავას პიკური მაჩვენებლები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების მხრივ:

ანაფილაქსიური რეაქციები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანზე გამონაყარი და ჰიპოტონია. რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში. ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდული და/ან ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენების შემდეგ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება.

უკუჩვენებები:

* თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* სმენის დაქვეითება;

* სისხლმბადი სისტემის დათრგუნვა;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ცისპლატინის ან სხვა პლატინის შემცველი პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ცისპლატინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ქიმიოთერაპიის გამოყენების გარკვეული გამოცდილება.

◄ ნეფროტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად საჭიროა ჰიდრატაციის ჩატარება მკურნალობამდე, მის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ.

◄ მკურნალობის დასაწყისში და მომდევნო დოზის შეყვანისას აუცილებელია შემდეგი პარამეტრების შემოწმება:

– თირკმელების ფუნქციის, გორგლოვანი ფილტრაციის ჩათვლით, სისხლში შარდოვანას აზოტის, შრატისმიერი კრეატინინის და კრეატინინის კლირენსის ჩათვლით, ელექტროლიტების – ჰიპერმაგნიემიის და ჰიპერკალციემიის გამოსავლენად;

– ღვიძლის ფუნქციისა და ნევროლოგიური სტატუსის კონტროლი. აგრეთვე სმენის ფუნქციის, ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი.

◄ ცისპლატინის გამოყენებისას შესაძლებელია ანაფილაქტოიდური რეაქციების წარმოშობა, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ მას საჭიროა მუდმივად თან იქონიონ მედიკამენტები და საჭირო მოწყობილობები.

◄ თირკმელებისა და ღვიძლის  ფუნქციის დარღვევისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

◄ ბავშვებში ოტოტოქსიკურობის წარმოშობის რისკი მოზრდილებთან შედარებით მაღალია.

◄ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ ჩასახვის შესაძლებლობა.

◄ ცისპლატინი რეაქციაში შედის ალუმინთან და წარმოქმნის შავი ფერის ნალექს. ამიტომ ცისპლატინის შეყვანისას ალუმინისაგან დამზადებული ხელსაწყოების: ნემსების, შპრიცების, კათეტერების და სხვა ნაკრებების გამოყენება დაუშვებელია.

◄ ცისპლატინთან მუშაობისას საჭიროა სპეციალური უსაფრთხოების წესების დაცვა. კანსა და ლორწოვან გარსზე შემთხვევითი კონტაქტის დროს აუცილებელია იგი დავიბანოთ წყლითა და საპნით. ორსულებმა თავი უნდა შეიკავონ ცისპლატინთან მუშაობისაგან.

ჭარბი დოზირება:

მოსალოდნელია მძიმე ხასიათის რეაქციების განვითარება. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცისპლატინის ამინოგლიკოზიდებთან ან დიურეზულ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ცისპლატინის ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!