Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 343

სინდრომი კენის – კლიფორდის

კენის სინდრომი

კენის სინდრომი (სინონიმი: კენი-ლინარელის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: ჯუჯობა, ყიფლიბანდის გაძვალების დაგვიანება, ლულისებრი ძვლების კორტიკული სუბსტანციის გასქელება, ახლომხედველობა, გარდამავალი ჰიპოკალციემია და ჰიპერფოსფატემია, კრუნჩხვითი შეტევები.
მკურნალობა სიმპტომურია.

კერშნერ-ადამსის სინდრომი

კერშნერ-ადამსის სინდრომი ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი პნევმონიტია, ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის ნაირსახეობა. პათოლოგია ვითარდება ნელა, წლების განმავლობაში. მისთვის დამახასიათებელია: ხველა მცირეოდენი ნახველით, ჰემოპტიზი (ნახველში სისხლის შერევა), ტკივილი გულმკერდის არეში, პერკუსიის მოყრუების მცირე ზონა, უპირატესად ცალმხრივი მშრალი ხიხინი. საერთო მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ტემპერატურა – ნორმალური. შეინიშნება რენტგენოლოგიურად შემოფარგლული, სეგმენტური დაჩრდილვა, რომელიც მოგვაგონებს ატელექტაზს. ეს სინდრომი ერევათ ბრონქოკარცინომაში. ჩვეულებრივ, ვლინდება 30-50 წლის ასაკში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კერერის სინდრომი

კერერის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომოკომპლექსს, რომელიც უვითარდებათ ქალებს დისპარეუნიის (სქესობრივი აქტის დროს ტკივილის) შედეგად. მისთვის დამახასიათებელია გენიტალიის მყარი ჰიპერემია და ჰიპერლიმფია (გამოწვეული სქესობრივი აქტით); თანდათანობით ვითარდება მენჯის ვენების გაფართოება, მცირე მენჯის შიგნითა კედლების ჰიპერესთეზია, თეთრად შლა, საშვილოსნო გადიდებული, გასქელებული და მკვრივია.
მკურნალობა სიმპტომურია.

კვაშიორკორის სინდრომი

კვაშიორკორის სინდრომი ნიშნავს “ოქროსფერ ბიჭს” ან “წითელ ბიჭს”. ის პირველად აფრიკის კონტინენტზე, ოქროს ნაპირზეა (ამჟამად განა) აღწერილი. კვაშიორკორის სინდრომი გამოწვეულია აბსოლუტურად უცილო დიეტით, რასაც მივყავართ ეგზოგენური ხასიათის მკვეთრ ჰიპოპროტეინემიამდე (ჰიპოალბუმინემია, ჰიპოგლობულინემია). ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია კანისა და თმის პიგმენტაციის შეცვლა, ზრდასა და წონაში ჩამორჩენა, ანორექსია, ფაღარათი, მეტეორიზმი, შეშუპება, ფებრილიტეტი, დამტვრეულობა, თავის ტკივილი, მიკროციტული ჰიპოქრომული ანემია. სისხლში დაქვეითებულია შრატის რკინა, სპილენძი. აღინიშნება ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). პროგნოზი კარგია.
მკურნალობა სიმპტომურია. ინიშნება სრულფასოვანი კვება (ცილოვანი პროდუქტები).

იარის სინდრომი

იარის სინდრომი (სინონიმები: ბად-კიარის სინდრომი, კიარი-აბრიკოსოვის დაავადება) წარმოადგენს ღვიძლის ვენის მაობლიტერირებელ ანთებას. მისთვის დამახასიათებელია პორტული ჰიპერტენზიისა და ღვიძლის ციროზის ნიშნები (დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლის გადიდება, ასციტი). დარღვეულია ღვიძლის ვენებიდან სისხლის უკუდენა (ფლებიტის, თრომბოფლებიტის გამო). განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიარი-ფრომელის სინდრომი

კიარი-ფრომელის სინდრომი (სინონიმები: ჩიარი-ფრომელის, ხიარი-ფრომელის სინდრომი) წარმოადგენს პერსისტირებადი ლაქტაციის სინდრომს, საშვილოსნოს ლაქტაციურ ატროფიას. გვხვდება უმეტესად ახალგაზრდა ქალებში ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ, კერძოდ, ძუძუს წოვების დასასრულს ლაქტორეისა და ამენორეის სახით, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ფეხმძიმობისგან დამოუკიდებლადაც. ხშირად თავს იჩენს დიენცეფალონის დაზიანების ნიშნები – სიმსუქნე ან წონის კლება, თავის ტკივილი, თავბრუ, სისუსტე, ძილიანობა ან უძილობა, აღგზნებადობა, ოფლიანობა, ლიბიდოს დაქვეითება. შეინიშნება გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების ზომიერად გამოხატული ატროფიული ცვლილებები. პაციენტთა უმრავლესობას ადრე თუ გვიან უდგენენ ჰიპოფიზურ ჰორმონულად არააქტიურ სიმსივნეს, რომლისთვისაც ნელი ზრდაა დამახასიათებელი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიბისებრი კუნთის სინდრომი

კიბისებრი კუნთის სინდრომი (სინონიმი: იტონის სიმპტომი) გამოიხატება არტერიული წნევის დაქვეითებითა და სხივის არტერიაზე მაჯისცემის შესუსტებით დაავადებული კიდურისკენ თავის მიბრუნებისა და ღრმა ჩასუნთქვისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიბნერის სინდრომი

კიბნერის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ ბულოზურ ეპიდერმოლიზს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ის ქრონიკული და მორეციდივე პათოლოგიაა. განასხვავებენ მის უბრალო და დისტროფიულ ფორმებს. დამახასიათებელია ბუშტუკების წარმოშობა მექანიკური ტრავმის შემდეგ. ბუშტუკები ზედაპირულია და გამჭვირვალე ან ჰემორაგიული შემადგენლობა აქვს. ლოკალიზებულია წვივების, მუხლისა და იდაყვის სახსრების ირგვლივ. დისტროფიული ფორმის დროს უპირატესად განლაგებულია ეპიდერმისსა და დერმას შორის, უბრალო ფორმის დროს – ეპიდერმისში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კილაიდიტის სინდრომი

კილაიდიტის სინდრომისთვის დამახასიათებელია განივი კოლინჯის ღვიძლის ნაკეცის მდებარეობა ღვიძლსა და დიაფრაგმას შორის. ავადმყოფს აწუხებს მუცელში სიმძიმის შეგრძნება. პერკუსიით შეიძლება მხოლოდ ეჭვის მიტანა ამ სინდრომზე, ვერიფიცირება მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევით არის შესაძლებელი. ამასთან, აუცილებელია კუჭ-ნაწლავის პერფორაციის შედეგად მუცლის ღრუში მოხვედრილი თავისუფალი ჰაერისგან დიფერენცირება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კილინის დაავადება ანუ სინდრომი

კილინის დაავადება ანუ სინდრომი გულისხმობს დაუძლურებას გვიანპუბერტატულ პერიოდში. ეს არის გაურკვეველი ეტიოლოგიის პათოლოგია, ემართებათ 15-16 წლის გოგონებს და ვლინდება გახდომით, კანის ატროფიით, შეშუპებით, თმის ცვენით, მეორეული სასქესო ნიშნების განუვითარებლობით, ამენორეით.
მკურნალობა სიმპტომურია.

კილჰ-ნევენის სინდრომი

კილჰ-ნევენის სინდრომი წარმოადგენს კუნთთა პროგრესული ატროფიის ნაირსახეობას (ე.წ. თვალის ფორმა), ხასიათდება თვალის გარეთა კუნთების ადრეული დაზიანებით.

კიმელშტილ-უილსონის სინდრომი

კიმელშტილ-უილსონის სინდრომი დიაბეტური გლომერულოსკლეროზია. იგი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, ვითარდება დიფუზური ან კეროვანი სკლეროზული ცვლილებები თირკმლის გორგლებში, რაც ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიით, შეშუპებით და თირკმელების მზარდი უკმარისობით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კინდბერგ-ლერის სინდრომი

კინდბერგ-ლერის სინდრომი გამოიხატება ფილტვში ინფილტრატის განვითარებით, მკვეთრი ლეიკოციტოზითა და ეოზინოფილიით. ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი სეპტიკური ციებ-ცხელება, ოფლდენა, ზომიერი გამონაჟონი პლევრის ღრუში. პროგნოზი კარგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კინკ-კინკ სინდრომი
კინკ-კინკ სინდრომი (ინგლ. “კინკ” – მარყუჟი) წარმოადგენს ჰიპერტენზიის პროგრესირებად ფორმას, რომლის მიზეზია აორტის ბრაქიოცეფალური ტოტების თანდაყოლილი ცვლილებები, კერძოდ, მათი დაგრძელება და დაკლაკვნა. არტერიული წნევა იწევს სიმწიფის პერიოდის დასრულების შემდეგ. პათოგენეზი უცნობია.
მკურნალობა სიმპტომურია.


კირნს-სეირის სინდრომი

კირნს-სეირის სინდრომი გამოიხატება თვალისა და გულის სიმპტომების შეუღლებით. იგი მიტოქონდრიული ენცეფალომიოპათიის ვარიანტია და ვლინდება 20 წლის შემდეგ. დამახასიათებელია ოფთალმოპლეგია, ბადურას პიგმენტური დეგენერაცია, ჰემერალოპია, ატაქსია, კუნთების პარეზი, დებილობა, დაბალი ან ჯუჯისებრი ტანი, ჰიპოგონადიზმი, პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
მკურნალობა სიმპტომურია.

კისელის სინდრომი

კისელის სინდრომი წარმოადგენს ეპილეფსიის ფორმას, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულყრის განვითარება სტენოკარდიული შეტევის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიტაჰარას სინდრომი

კიტაჰარას სინდრომი (სინონიმი: მასუდ-კიტაჰარას სინდრომი) – პრერეტინული შეშუპება, ბადურას იდიოპათიური ბრტყელი ატკეცა, ცენტრალური ექსუდაციური რეტინიტი, ანგიოსპასტიკური ცენტრალური რეტინოპათია, ანგიონევრიტული ცენტრალური ქორეორეტინოპათია, ცენტრალური სეროზული ქორეორეტინიტი – თვალების ტოქსიკურ-ინფექციური ბუნების დაავადებაა. ახასიათებს ქორიოკაპილარული ფირფიტის სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა სპაზმი. გამოვლინდება მხედველობის უცაბედი გაუარესებით, ცენტრალური სკოტომის (მხედველობის ველის კუნძულოვანი დეფექტი) განვითარებით, ოფთალმოსკოპიურად – ბადურას შემღვრევითა და შეშუპებით ყვითელი ლაქის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კიუსტერის სინდრომი

კიუსტერის სინდრომი (სინონიმი: მაიერ-როკიტანსკი-კიუსტერის სინდრომი), იგივე ანუ ორწილიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა გადაცემის სავარაუდოდ აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია პირველადი ამენორეა, სტერილურობა. მეორეული სასქესო ნიშნები და მენსტრუალური ციკლი ნორმალურია. აღინიშნება ვიკალური სისხლდენა შარდის ბუშტიდან, სწორი ნაწლავიდან, პირის ღრუდან ან ცხვირიდან. საშო თითქმის არ არის, გაყოფილია ორად, არ არსებობს მისი ღრუ და ენდომეტრიოზი, ფალოპის ლულა ჰიპოპლაზიურია. სარძევე ჯირკვლები ნორმალურად არის განვითარებული, სქესობრივი სურვილიც ნორმალურია. არცთუ იშვიათია თირკმელებისა და შარდგამომყვანი გზების ანომალიები, აორტის თანდაყოლილი ანევრიზმა, მეზენტერიუმის ანომალიები, წელის მეხუთე მალის საკრალიზაცია, მეთორმეტე ნეკნის ჰიპოპლაზია.
მკურნალობა სიმპტომურია.

კლაინფელტერის სინდრომი

კლაინფელტერის სინდრომი წარმოადგენს ცვლილებათა კომპლექსს (თირკმელების ატროფია, ამენორეა, სარძევე ჯირკვლებისა და გარეთა სასქესო ორგანოების ატროფია), რომელიც ვითარდება გენომში ზედმეტი სასქესო ქრომოსომების (XXY ან XXX) არსებობის გამო. იგი თანდაყოლილი პათოლოგიაა და ვლინდება მამაკაცებში პირველადი ჰიპოგონადიზმით. დამახსიათებელია ჰიპოგენიტალიზმი, მაღალი ტანი არაპროპორციული კიდურებით, ზოგჯერ – ქალური ტიპის თმიანობა, გინეკომასტია. ხშირად შეინიშნება ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება, გონებრივი ჩამორჩენის მსუბუქი ფორმა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლარკ-ჰანდფილდის სინდრომი

კლარკ-ჰანდფილდის სინდრომი (სინონიმი: ანდერსენის სინდრომი) იგივეა, რაც მეოთხე ტიპის გლიკოგენოზი, დიფუზური გლიკოგენოზი ღვიძლის ციროზით, ამილოპექტინოზი, გლიკოგენოზი, განპირობებული 1,4 გლუკან 6-ალფა გლუკოზილტრანსფერაზის არარსებობით. დამახასიათებელია ჰეპატოსპლენომეგალია, სიყვითლე, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის ციროზი. მემკვიდრეობითი გადაცემა ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლდის სინდრომი

კლდის სინდრომი გვხვდება უმეტესად ვერტებრობაზილარული არტერიების სისტემაში იშემიის ტიპით სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს. მისთვის დამახასიათებელია თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლა პროცესის მხარეს, მოპირდაპირე მხარეს კი ნათხემის დაზიანების მოვლენები, რომლებსაც ზოგჯერ ერთვის დიზართრია და ყლაპვის გაძნელება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლეინე-ლევეის სინდრომი

კლეინე-ლევეის სინდრომი იშვიათი ავადმყოფური მდგომარეობაა. გამოიხატება ძილისკენ მომატებული მიდრეკილების შერწყმით შიმშილისა და მოძრაობითი მოუსვენრობის პაროქსიზმებთან. მიმდინარეობს სხვადასხვა ნერვულ-ფსიქიკური და სომატური გადახრით. შეტევები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. დაავადებას უკავშირებენ ჰიპოთალამუსისა და ლიმბური სისტემის დაზიანებას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლეინშმიდტის სინდრომი

კლეინშმიდტის სინდრომი წარმოადგენს ბაცილურ ინფლუენცსინდრომს – ინფლუენცის თავისებურ ფორმას. ახასიათებს დაავადების მწვავე დასაწყისი, ცხელება, ყელის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, სასულის სტენოზი ინსპირაციული სტრიდორით, პერიკარდიუმის ხახუნი, გულის საზღვრების გადიდება, ექსუდაციური (სეროზულ-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი) პერიკარდიტი, პლევროპნევმონია, ჩირქოვანი პლევრიტი, მოგვიანებით – ჩირქოვანი მენინგიტი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლეოპატრას სინდრომი

კლეოპატრას სინდრომი ვითარდება სხვადასხვა კოლაგენის კანქვეშა იმპლანტაციის შედეგად (ზოგ შემთხვევაში – კოსმეტიკური ხასიათის ჩარევის შემდეგ). გამოიხატება კოლაგენოზის ტიპის ანთებადი სინდრომით. ახასიათებს შემდეგი ნიშნები: ტემპერატურის მომატება, პოლიართრიტი, წონის სწრაფი დაკლება და ანორექსია. მსგავსი ანთებადი სინდრომი ვითარდება სილიკონისა და პარაფინის იმპლანტაციის შემთხვევაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლერკ-ლევი-კრისტესკოს სინდრომი

კლერკ-ლევი-კრისტესკოს სინდრომი (სინონიმი: ლოუნ-ჯენონ-ლევენის სინდრომი) წარმოადგენს პარკუჭების ნაადრევი აღგზნების სინდრომს. ამ დროს პარკუჭშიდა გამტარობის დაურღვევლად ვითარდება პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიების განვითარებისკენ მიდრეკილება. ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება PR ინტერვალის ხანგრძლივობის შემცირება (მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიბლერ-ნაიარის სინდრომი

კლიბლერ-ნაიარის სინდრომი არის არაჰემოლიზური თანდაყოლილი პირველი ტიპის სიყვითლე, არაჰემოლიზური ჰიპერბილირუბინემია ბირთვული სიყვითლით. ის მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით, განპირობებული ფერმენტ გლუკოკორნილტრანსფერაზის უკმარისობით. გამოვლინდება სიცოცხლის პირველსავე დღეებში და ახასიათებს: სისხლში არაპირდაპირი ჰემოგლობინის მკვეთრი მომატება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, კბილის მინანქრის განუვითარებლობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიკ-სინდრომი

კლიკ-სინდრომი (სინონიმები: ბარლოუს სინდრომი, რიდ-ბარლოუს სინდრომი) წარმოადგენს მიტრალური სარქვლის პროლაფსს. შესაძლოა იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც და განვითარდეს რევმატიზმის, გულის იშემიური დაავადების, კარდიომიოპათიის, გულმკერდის ტრავმული დაზიანების ფონზე, ანდა იყოს იდიოპათიური ბუნებისა. დამახასიათებელია ტკივილი ან დისკომფორტი გულის მიდამოში, გულის ფრიალი, თავბრუ, გულის წასვლა, ქოშინი და სწრაფად დაღლა, თუმცა არც უსიმპტომო მიმდინარეობაა გამორიცხული. ასაკთან ერთად სიმპტომების გამოვლენა ხშირდება. ობიექტურად აღინიშნება მეზოსისტოლური ექსტრატონის ფენომენი (“სისტოლური წკიპურტი”) და ტელესისტოლური შუილი. გადამწყვეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიმაქტერიული სინდრომი

კლიმაქტერიული სინდრომი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ქალებში კლიმაქტერიულ პერიოდში იჩენს თავს. დამახასიათებელია ნერვულ-ფსიქიკური, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, ნივთიერებათა ცვლისა და ტროფიკული დარღვევები. ხშირად აღენიშნებათ ემოციურად გაუწონასწორებელ ქალებს, რომელთაც გადატანილი აქვთ სტრესი, ანდა აქვთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ორგანიზმის განლევას იწვევს. დამახასიათებელია თავსა და გულმკერდში უეცარი წამოხურება, რასაც უხვი ოფლიანობა ახლავს თან. ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, არტერიული წნევის მომატება, გაღიზიანებადობა, ტირილისადმი მიდრეკილება, უძილობა, სწრაფი დაღლილობა. სიმპტომების გამოხატულება და თანაფარდობა სხვადასხვანაირია.
მკურნალობა სიმპტომურია.

კლიპელის სინდრომი

კლიპელის სინდრომი წარმოადგენს პოლინევრიტის შერწყმას ღვიძლის დაზიანებასა და კორსაკოვის სინდრომთან (პოლინევრიტთა კომბინირებული ფსიქოზი, მეხსიერების მკვეთრი მოშლა, განსაკუთრებით – ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების დავიწყება; მეხსიერების დეფექტის კომპენსაცია კონფაბულაციებით; გვხვდება თავის ტვინის ტოქსიკური დაზიანებისას (ალკოჰოლიზმი, დარიშხანით მოწამვლა), აგრეთვე – თავის ქალას ტრავმის, ენცეფალიტის, თავის ტვინის სიმსივნის, პროგრესირებადი დამბლის დროს). აღინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-თეილის სინდრომი

კლიპელ-თეილის სინდრომი განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა. გამოიხატება ხერხემლის კისრის ქვედა და გულმკერდის პირველი მალების შეხორცებით, რაც იწვევს კისრის დამოკლებას და მოძრაობის შეფერხებას (“უკისრო ადამიანი”). ხშირად თან ახლავს განვითარების სხვა მანკები – სპინა ბიფიდა, ფილტვის დამატებითი წილები, გონებრივი განუვითარებლობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ტრენონეს სინდრომი

კლიპელ-ტრენონეს სინდრომი არის ოსტეოჰიპერტროფიული ვარიკოზული ნევუსი. ქვედა კიდურების ღრმა მაგისტრალური ვენების განვითარების ანომალია მათი გამოვლინების დარღვევით, რაც ვლინდება კიდურების ჰიპერტროფიით, კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაფართოებით და კანზე პიგმენტური ლაქებისა და ჰემანგიომების გაჩენით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ტრენონე-ვებერის სინდრომი

კლიპელ-ტრენონე-ვებერის სინდრომი წარმოადგენს სისხლძარღვებისა და ძვლების დიზემბრიოპლაზიას. ეს არის ოსტეოჰიპერტროფიული ვარიკოზული ნერვუსი, ჰიპერტროფიული ჰემანგიოექტაზია. ამ პათოლოგიის დროს დაზიანებული კიდურის მაგისტრალურ ვენაში სისხლდენა ირღვევა. ახასიათებს: კანის ბრტყელი ცალმხრივი ანგიომები, იქვე რბილი ქსოვილისა და ძვლების ჰიპერპლაზია, ტროფიკული წყლულები, კანქვეშა ქსოვილის შეშუპება, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, კანზედა და კანქვეშა კალციფიკატები, ძვლების ქერქოვანი შრის გათხელება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ტრენონე-პარკ-ვებერის სინდრომი

კლიპელ-ტრენონე-პარკ-ვებერის სინდრომი წრმოადგენს თავის ქალას მიდამოში არტერიულ-ვენური სისტემის ცალმხრივი თანდაყოლილი მანკის შერწყმას კიდურთა განვითარების მანკებთან. სისხლძარღვთა მხრივ უპირატესად აღინიშნება არტერიული, ვენური ან არტერიულ-ვენური ანევრიზმები თავის ქალას მიდამოში. ხშირად ერწყმის კანისა და შინაგან ორგანოთა სისხლძარღვების ანომალიებს და თანდაყოლილ სიმახინჯეებს. არტერიული ანევრიზმები, როგორც წესი, მრავლობითია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიპელ-ფელდსტეინის სინდრომი
კლიპელ-ფელდსტეინის სინდრომი წარმოადგენს თავის ქალას მემკვიდრეობით თანდაყოლილ დისპლაზიას. ახასიათებს: ძვლების ძლიერი გასქელება (განსაკუთრებით – ლავიწზე და თავის ქალაში), თავის ქალას იქსისებრი ფორმა ან აკროცეფალია. შენელებულია ხელისა და ფეხის თითების სიგრძეში ზრდა, ხელის თითების მოძრაობები შეზღუდულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიუვერ-ბიუსის სინდრომი

კლიუვერ-ბიუსის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომოკომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ემოციური გულგრილობა, პასიურობა და ყოველივე ამის შერწყმა ჰიპერსექსუალობასთან, აკვიატებულ მისწრაფებასთან, შეეხონ ნებისმიერ საგანს, გაუმაძღრობასთან, გარშემო მყოფი საგნების შეცნობის უნარის დარღვევასთან. ვითარდება საფეთქლის წილების მედიალური სტრუქტურების ორმხრივი დაზიანების დროს, მაგალითად, ჰერპესული ენცეფალიტის ან თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებების ფონზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კლიფორდის სინდრომი
კლიფორდის სინდრომი ახალშობილთა დაავადებაა, რომელიც განპირობებულია პლაცენტის დისფუნქციით, სანაყოფე წყლების მკვეთრი შემცირებით ორსულობის გახანგრძლივების დროს. გამოიხატება კანის სიმშრალითა და აქერცვლით, წონაში ჩამორჩენით, ხშირად ფილტვებში ატელექტაზითა და ჰიალინური მემბრანების განვითარებით სანაყოფე წყლების ასპირაციის გამო.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი იულინგერის – კენიგის

იულინგერის სინდრომი
იულინგერის სინდრომი (სინონიმი: ფრიდრიხ-ერბ-არნოლდის სინდრომი) წარმოადგენს ჰიპერტროფიულ ოსტეოდერმოპათიას,  გენერალიზებულ ჰიპეროსტოზს (ძვლოვანი ქსოვილის ჰიპერტროფია) პაქიდერმიით (კანის პათოლოგიური გასქელება). მისთვის დამახასიათებელია: კიდურთა დაგრძელება, ლულისებრი ძვლებისა და მენჯის ძვლების ჰიპეროსტოზი, პაქიდერმია განსაკუთრებით წინამხრისა და კოჭის მიდამოში, თავის ქალასა და შუბლზე, დოლის ჩხირისებრი თითები, გასქელებული ყურის ნიჟარები, საათის მინისებრი ფრჩხილები. დაავადება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უმეტესად ემართებათ ვაჟებს. პროგრესირებს ნელა და სამ-შვიდ წელიწადში მისი განვითარება წყდება. სავარაუდოდ, გადაეცემა მემკვიდრეობის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.

იცენკო-კუშინგის სინდრომი

იცენკო-კუშინგის სინდრომს უწოდებენ სიმპტომთა კომპლექსს, რომელსაც ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის მოშლის შედეგად ორგანიზმში ჭარბად წარმოქმნილი გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ზემოქმედება განაპირობებს. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უმთავრესად 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს შორის გვხვდება, თანაც ქალებში მამაკაცებთან შედარებით 10-ჯერ ხშირია. ახასიათებს თავისებური სიმსუქნე (მთვარისებრი სახე, ცხიმის ჭარბი დაგროვება, უპირატესად მუცელზე), წითელი ფერის ატროფიული ზოლები მუცელსა და ბარძაყებზე, არტერიული წნევის მატება, კუნთების განლევა,  ოსტეოპოროზი,  ჰიპერგლიკემია, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლა და სხვა. მისი განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს ჰიპოფიზის ადენომა, თავის ტვინში მიმდინარე ანთებითი პროცესები, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ფილტვების, ბრონქების, შუასაყრის სიმსივნე, სხვადასხვა დაავადების გამო გლუკოკორტიკოიდების დიდი დოზით ხანგრძლივი გამოყენება და სხვა.
თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში იცენკო-კუშინგის სინდრომს კუშინგის სინდრომს უწოდებენ (იხ. კუშინგის სინდრომი).

კაზაბახ-მერიტის სინდრომი
კაზაბახ-მერიტის სინდრომისთვის (სინონიმი – გიგანტური ჰემანგიომა თრომბოციტოპენიით) დამახასიათებელია გიგანტური ჰემანგიომა, თრომბოციტოპენიური პურპურა, სისხლდენები და ანემია. ხშირია გოგონებში. პირველი სიმპტომები თავს იჩენს ბავშვის დაბადებისთანავე ან ადრეულ ბავშვობაში ფართო კაპილარული ან კაპილარულ-კავერნოზული ჰემანგიომების სახით; გარდა ერთეული ჰემანგიომებისა, გვხვდება მრავლობითიც ბადურაში, პარენქიმულ ორგანოებსა და კიდურის ძვლებში. კანსა და ლორწოვანზე აღინიშნება პეტექიები და ექსტრავაზატები. მოსალოდნელია სისხლდენა ჭიპიდან,  ლორწოვანი გარსებიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; აღინიშება თრომბოციტოპენია და ანემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კაზამ-ბეკის სინდრომი
კაზამ-ბეკის სინდრომი ვლინდება სუსტი ავსების პულსით, რომელიც შერწყმულია გულის არეში პულსაციის გაძლიერებასთან მარცხენა პარკუჭის ანევრიზმის დროს. ზოგჯერ აღენიშნებათ გულის მძიმე უკმარისობით დაავადებულებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კაკი-რიჩის სინდრომი
კაკი-რიჩის სინდრომი ანუ ღრუბლისებური თირკმელი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ამ დროს აღინიშნება თირკმლის დისტალური მილაკების კისტისმაგვარი გაგანიერება (ღრუბლოვანი თირკმელი). მიმდინარეობს ლეიკოციტურიით, ნეფროლითიაზით, ნეფროკალცინოზით, თირკმლის ჭვლით, ცალმხრივი ნეფრომეგალიით, სხვა ორგანოების მანკებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კალმანის სინდრომი

კალმანის სინდრომი (სინონიმები: დე მორსეს სინდრომი, დე მორსე-გოტიეს სინდრომი) წარმოადგენს ჰიპოგონადიზმისა და ანოსმიის შერწყმას. დამახასიათებელია სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), დაქვეითებული თმიანობა, ქოსა სახე; ავადმყოფს დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება, ვერ არჩევს სუნს, არა აქვს პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია,  ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დერმულია, რასაც თან ახლავს ჰიპერტელორიზმი, ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, აღინიშნება სიყრუე; სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი 46YX.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კობალა-მოსტოს სინდრომი
კობალა-მოსტოს სინდრომს (სინონიმები: დუკა-კაპენატაკისის სინდრომი, ლევენთალის პურპურა) ახასიათებს კანზე პურპურისა და ეგზემისმაგვარ ცვლილებათა ერთდროული გაჩენა, რასაც შემდეგ ლიქენიზაცია და კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია ერთვის. აღინიშნება უმნიშვნელო ქავილი. ლოკალიზაციის ადგილი უმეტესად კიდურებია, მაგრამ არცთუ იშვიათად ვრცელდება მთელ სხეულზეც. ახასიათებს გამწვავების სეზონურობა გაზაფხულზე და ზაფხულში. უმეტესად ავადდებიან მამაკაცები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კავასაკის სინდრომი

კავასაკის სინდრომი ემართებათ ბავშვებს 4 წლამდე, უფრო ხშირად – იაპონელ ბიჭებს. ახასიათებს 3 სტადია:
1. მწვავე – ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, ლიმფადენოპათია, ლორწოვანი გარსების დაზიანება, კონიუნქტივიტი, პირის ღრუსა და ტუჩების დაზიანება, ართრალგია, გრძელდება 1-10 დღე;
2. ქვემწვავე სტადია – ართრიტი, მიოკარდიტი, თრომბოციტოზი, კანის დესკვამაცია, კორონარული არტერიების ანევრიზმა, გრძელდება 10-25 დღე;
3. გამოჯანმრთელების ხანა – იწყება 25-45-ე დღეს, ხშირია განკურნება, ზოგჯერ აღინიშნება საშუალო კალიბრის სისხლძარღვთა დაზიანება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კანალეს სინდრომი

კანალეს სინდრომი წარმოადგენს ერითრემიისა და რეტიკულურ-ენდოთელიური სისტემის ჰიპერპლაზიის თანაარსებობას. ბარილის დაავადებისგან განსხვავებით, ჭარბობს ერითრემია.

კანისა და ლორწოვანის
ლიმფურ-კვანძოვანი
სინდრომი

კანისა და ლორწოვანის ლიმფურ- კვანძოვანი სინდრომი დაკავშირებულია სტაფილოკოკების ტოქსინის ზემოქმედებასთან. გვხვდება უპირატესად ბავშვებში, ზოგჯერ – ზრდასრულებშიც. დამახასიათებელია ციებ-ცხელება ხუთი და მეტი დღის მანძილზე, თან ახლავს კონიუნქტივიტი, პირის ღრუს ლორწოვაის ანთება, ხელის და ფეხისგულების კანის ინდურაცია და დესკვამაცია დაავადების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, ერითემული გამონაყარი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება 1,5სმ-მდე და მეტად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კაპგრას სინდრომი

კაპგრას სინდრომი წარმოადგენს ფსიქოპათოლოგიურ დარღვევას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ფსიქიკურად დაავადებული უცნობ პირებს აღიქვამს როგორც ნაცნობებს, ან პირიქით, ნაცნობებს აღიქვამს უცნობ ადამიანებად, რომელთაც მიიღეს მათი სახე (ნაცნობების).

კაპდეპონ-ჰოჯის
სინდრომი

კაპდეპონ-ჰოჯის სინდრომი (სინონიმები: სტაინტონის სინდრომი, სტაინტონ-კაპდეპონის სინდრომი, ფარგინ-ფარიოლეს სინდრომი, კაპდეპონის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობით ოდონტოპლაზიას გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ამ სინდრომის დროს აღინიშნება მოყავისფრო ან რუხი სარძევე კბილები, მტვრევადი მინანქარი, დენტინური შრის არამგრძნობელობა. ყოველივე ამის შედეგად კბილის გვირგვინი სწრაფად ცვდება, ვითარდება ყბების არასწორი დგომა. ხშირად თან სდევს ძვლების მტვრევადობა, პოლიდაქტილია.

კაპლანის სინდრომი

კაპლანის სინდრომი პათოლოგიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია პნევმო¬კონიოზისა და რევმატოიდული ართრიტის შერწყმა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია

კაპოშის სინდრომი

კაპოშის სინდრომი (სინონიმი – კაპოში-იულიუსბერგის ვარიოლიფორმული პუსტულოზი) არის დერმატოზი, რომელიც ვლინდება მრავლობითი ჯგუფური ბუშტუკების წარმოქმნით; მიმდინარეობს საერთი ინტოქსიკაციით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია

კაპოში-ლიბმან-საქსის
სინდრომი

კაპოში-ლიბმან-საქსის სინდრომი (სინონიმები: ლიბმან-საქსის ენდოკარდიტი, ლიბმანის დაავადება) არის ენდოკარდიტის ატიპური მეჭეჭოვანი აბაქტერიული ანთება, რაც წითელი მგლურას თითქმის მუდმივი თანმხლებია. სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ერითემა და სისხლჩაქცევები კანში, ღვიძლის, ელენთისა და ლიმფური კვანძების გადიდება, ალბუმინურია, ერითროციტურია,  ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოპენია,  ედს-ის აჩქარება,  ჰიპერგამაგლობულინემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კარდიოვაზორენული
სინდრომი

კარდიოვაზორენული სინდრომი (სინონიმი: რაიტერ-პომპენის სინდრომი) ხასიათდება კანისა და შინაგან ორგანოთა სისხლძარღვთა კედლებში 2-ამინოფოსფატიდების ჩალაგებით. კანში წარმოიქმნება კერატოანგიომები. ზიანდება გული (კორონარული სისხლმიმოქცევის უპირატესი მოშლით, თირკმელები (ჰემატურია, პროტეინურია, ცილინდრურია)), ღვიძლი, ელენთა, ვლინდება ცვლილებები თვალის ფსკერზე. ეტიოლოგიურ მომენტად მიიჩნევა ცხიმოვანი ცვლის მოშლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია,

კარდიოსტიმულატორის
სინდრომი

ელექტროკარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის შემთხვევათა გახშირებამ გამოავლინა ახალი გართულების შესაძლებლობა, რომელიც კარდიოსტიმულატორის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი. წარმოადგენს ელექტროსტიმულაციის სიხშირესთან ფიზიკური დატვირთვის შეუფარდებლობას, რაც გამოიწვევა პარკუჭთა იზოლირებული სტიმულაციის შემთხვევებში.
მკურნალობა სიმპტომურია.

კარდიოცერებრული
სინდრომი

კარდიოცერებრული სინდრომი თავის ტვინის ფუნქციათა რამდენიმე სახის დარღვევის საერთო დასახელებაა, აღინიშნება გულის დაავადების დროს და გამოწვეულია ტვინის სისხლით მომარაგების გაუარესებით, ტვინის სისხლძარღვთა ემბოლიით ან გულიდან მათზე რეფლექტორული ზემოქმედებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია

კარვერის სინდრომი
კარვერის სინდრომი გასტროდუოდენური წყლულებისა და დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის ერთდროული არსებობაა.

კაროდიტული სინდრომი

კაროდიტული სინდრომი (სინონიმი: დენი-ბრაუნის სინდრომი III) – ეს არის ნევროლოგიური სიპტომოკომპლექსი საძილე არტერიის სტენოზის ან დახშობის დროს. აღინიშნება უეცარი ცალმხრივი ამავროზი,  კონტრლატერალური ჰემიპარეზი და ჰომონიმური ჰემიანოფსია. ხშირია აფაზია, აგრაფია, აკალკულია, ალექსია, აუტოტოპაგნოზია.

კაროტიდული სინუსის
სინდრომი

კაროტიდული სინუსის სინდრომი გამოიხატება ბრადიკარდიითა და არტერიული ჰიპოტონიით, ახასიათებს გულის წასვლისადმი მიდრეკილება, გამოწვეულია საძილე არტერიაში განლაგენული ბარორეცეპტორების გაღიზიანებით. ვითარდება, მაგალითად, საერთო საძილე არტერიის ან შიგნითა საძილე არტერიის ათეროსკლეროზის დროს. გულის წასვლას აპროვოცირებს თავის მობრუნება, მჭიდრო საყელოს ტარება (კაროტიდული სინუსის გაღიზიანების შედეგად; უკავშირდება ცდომილი ნერვის აქტივაციას).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კარპენტერის სინდრომი

კარპენტერის სინდრომი – აკროცეფალოპოლისინდაქტილიის II ტიპი. მემკვიდრეობითი დაავადება გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. დარღვევები პირველი ტიპის აკროცეფალოპოლისინდაქტილიის მსგავსია (ნოაკის სინდრომი). შერწყმულია გონებრივ ჩამორჩენილობასთან, სიმსუქნესა და ჰიპოგონადიზმთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია კარტაგენერის სინდრომი I
კარტაგენერის სინდრომი I (სინონიმები: ლეფლერის I სინდრომი, ლეფლერის ეოზიოფილია, ფილტვების ეოზინოფილური ინფილტრატი) ფილტვის სწრაფად უკუქცევადი ინფილტრატია ეოზინოფილით. წარმოადგენს ალერგიულ ანთებით რეაქციას ანტიგენზე (ბაქტერიული, ინვაზიური და სხვა წარმოშობისა). კლინიკურად ვლინდება დაღლილობით, სახსრებში მტვრევის შეგრძნებით, ხველით. ეოზინოფილია სისხლში 10-დან 70%-მდე იწევს. რენტგენოლოგიურად ფილტვებში შეინიშნება სხვადასხვა ფორმის, ლოკალიზაციისა და სტრუქტურის ინფილტრატი, რომელიც სწრაფად ქრება. ამგვარ ინფილტრაციას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხვა ორგანოებშიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კარტაგენერ-ზივერტის
სინდრომი

კარტაგენერ-ზივერტის სინდრომი (სინონიმი: კარტაგენერის სინდრომი II, ანუ კარტაგენერის ტრიადა) წარმოადგენს თანდაყოლილ მემკვიდრეობით პათოლოგიას, ოჯახური განვითარების კომბინირებულ მანკს. ახასიათებს სამი მუდმივი ნიშნის: ბრონქოექტაზიების, შინაგან ორგანოთა სრული ან ნაწილობრივი გადაადგილების (ინვერსია) და ცხვირის ლორწოვანის პოლიპოზით მიმდინარე ქრონიკული სინუსიტის – შეუღლებით. ამას შესაძლოა თან ახლდეს განვითარების სხვა ანომალიები: კურდღლის ტუჩი, კბილების ანომალიები და სხვა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კასიდი-შოლტის სინდრომი
კასიდი-შოლტის სინდრომი წარმოადგენს წვრილი ნაწლავის მეტასტაზებად კარცინოიდს, კარცინოიდულ სიმსივნეს, ენტეროქრომაფინომას (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო სახელია). მისი მორფოლოგიური სუბსტრატია ნაწლავის არგენტოფინოციტები ან სტრუქტურულად მათი მსგავსი უჯრედები. კარცინოიდები უმეტესად ნაწლავებში გვხვდება. შეიძლება იყოს ჭიაყელა დანამატში, კუჭში, ბრონქებშიც. მისი ნიშნებია ფარაღათი, ხანმოკლე – 2-3-წუთიანი წამოხურება, ტელეანგიექტაზიები სახესა და ტანზე, ჰედინგერის ნიშანი და სხვა. მეტასტაზირებს ძირითადად ღვიძლში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კასირერის სინდრომი

კასირერის სინდრომი – ანესთეზიური ქრონიკული აკროციანოზი, ქრონიკული,  ჰიპერტროფიული აკროასფიქსიის სინდრომი – უცნობი ეტიოლოგიის აკროტროფონევროზია. გამოვლინდება კიდურთა კანის სიმეტრიული შეშუპებით, სილურჯით და თითების ჰიპოსთეზიით წელიწადის ცივ პერიოდში. ემართებათ უმესად ახალგაზრდა ქალებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კასირსკის სინდრომი

კასირსკის სინდრომი – ქვედა კიდურების ჰემორაგიული შეშუპება. დამახასიათებელია ფეხების სისუსტე, კუჭ-წვივის სახსრის (უმეტესად – ცალისა, იშვიათად – ორივესი) შესივება (შეშუპება) და შეწითლება. პუნქციით მიიღება სისხლიან-სეროზული ტრანსუდატი. ტიპურ შემთხვევაში აღინიშნება სისხლჩაქცევა ტერფის თითების საერთო მომხრელ მყესთან და დიდი წვივის უკანა კუნთოვან ბუდეებში. სუბპერიოსტული სისხლჩაქცევა იშვიათია. შეშუპებას თან სდევს ტკივილი და ტემპერატურის ეფემერული ხასიათის მომატება. აღსანიშნავია წონის კლება, ზომიერი ჰიპოქრომული ანემია, ზოგჯერ ლეიკოციტოზი, აჩქრებული ედსი. თრომბოციტების რაოდენობა და კოაგულოგრამა ნორმის ფარგლებშია, სისხლში შეინიშნება ჰიპოპროტეინემია და ჩ ვიტამინის შემცველობის დაქვეითება. მიმდინარეობს, ჩვეულებრივ, მწვავედ, იშვიათად – ქრონიკულად. პროგნოზი კარგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კასპარ-ჰაუზერის სინდრომი
კასპარ-ჰაუზერის სინდრომი – დამახასიათებელია ადამიანებისგან სრული იზოლაციის პირობებში ჩამოყალიბებულ პირთა შეცვლილი და ჩამორჩენილი ფსიქიკისათვის. ეს ეპონიმი დაკავშირებულია მე-18 ს-ში გერმანიაში მცხოვრები ავადმყოფის სახელთან.

კასტარანის სინდრომი

კასტარანის სინდრომი (სინონიმი: პიშონის სინდრომი) იგივეა, რაც სფენოიდური ორბიტის ზედა ნაპრალის სინდრომი. ახასიათებს თავის ტვინის მე-2, მე-3, მე-4, მე-6 წყვილი ნერვებისა და მე-5 წყვილი ნერვის ზედა ტოტის ცალმხრივი დაზიანება. კლინიკურად აღინიშნება ცალმხრივი ტოტალური ოფთალმოპლეგია, სიბრმავე და ანესთეზია სამწვერა ნერვის თვალის ტოტის საინერვაციო არეში. გვხვდება აღნიშნული მიდამოს პერიოსტიტის, სიმსივნის, არაქნოიდიტის, აგრეთვე მენინგიტის და შიგნითა საძილე არტერიის წინა ნაწილის ანევრიზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კასტელანის სინდრომი

კასტელანის სინდრომი იგივეა, რაც ენტერომუსკულური ცხელება, ნაწლავკენჭოვანი ცხელება. დამახასიათებელია კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის 5-10-დღიანი მომატება, ძლიერი ფაღარათი განავლის ტუტე რეაქციით. მიზეზი უცნობია.
მკურნალობა სიმპტომურია.

კასტის სინდრომი
კასტის სინდრომი წარმოადგენს ნების ან წინა ტერფის ძვლებისა და თითების ფალანგების ქონდრომატოზს, შერწყმულს ვენოზურ ჰემანგიომებსა და ფლებოლიტებთან.

კატატონიური სინდრომები
კატატონიური სინდრომი ფსიქიკური მდგომარეობაა მოძრაობითი დარღვევების აღგზნების ფორმით ან სტუპორით, ანდა მათი ურთიერთშენაცვლებით. უფრო მეტად თავს იჩენს შიზოფრენიის დროს, მაგრამ გამორიცხული არ არის, განვითარდეს სიმპტომური და ორგანული ფსიქოზების დროსაც. კატატონური სტუპორი ვლინდება უძრაობით, კუნთთა ტონუსის მომატებით, სრული გაჩუმებით (მუტიზმი). ერთ შემთხვევაში ავადმყოფი დიდხანს ინარჩუნებს მიღებულ პოზას (ცვილისებრი დრეკადობა), სხვა შემთხვევებში ყოველგვარი მცდელობა იმისა, რომ ავადყოფმა პოზა შეიცვალოს, მის მკვეთრ წინააღმდეგობას (ნეგატივიზმი) იწვევს. ზოგჯერ ავადმყოფი ეწინააღმდეგება მისი გამოკვების მცდელობასაც.
კატატონური აგზნება, უგერგილო, მოსულელო ქცევა, გამოიხატება გრიმასულობით, არამოტივირებული სიცილით, უაზრო სტერეოტიპული მოძრაობებით, გარშემო მყოფთა სიტყვებისა და მოძრაობების გამეორებით. ავადმყოფები არიან იმპულსურები, აგრესიულები, ადვილად კარგავენ წონასწორობას, ახასიათებთ უეცარი წამოდგომა.
კატატონური სინდრომები ორი ტიპისაა – ონეიროიდული და ლუციდური.
ონეიროიდული კატატონია მიმდინარეობს ან აღგზნების მოვლენებით, ან ცვილისებრი დრეკადობით მიმდინარე სტუპორით და გონების ონეიროიდული დაბინდვა ახასიათებს.
ლუციდური კატატონია ხშირად მიმდინარეობს იმპულსური აგზნებით ან სტუპორით, რომელსაც თან ახლავს ნეგატივიზმი და შებოჭვა, მკვეთრი კუნთოვანი დაჭიმულობითა და ერთი და იმავე, ხშირად ჩანასახოვანი პოზის ხანგრძლივი შენარჩუნებით.

კატის კნავილის დაავადება
კატის კნავილის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმი – ლეკენის სინდრომი) წარმოადგენს B ჯგუფის ქრომსომების ანომალიით განპირობებულ პათოლოგიას. მისთვის დამახასიათებელია ხორხის ანომალია, რის გამოც ბავშვის ტირილი კატის კნავილს მოგვაგონებს. მისთვის დამახასიათებელია მიკროცეფალია (პატარა ზომის თავის ქალა), გონებრივი ჩამორჩენილობა, ზრდაში შეფერხება, ჰიპერტელორიზმი (რომელიმე წყვილ ორგანოს ან ანატომიურ წარმონაქმნს შორის მანძილის გაზრდა), მთვარისებრი სახე და დაბლა მდებარე დისპლაზიური ყურები.
მკურნალობა სიმპტომურია.

კაუზალგიური სინდრომი

კაუზალგიური სინდრომი (სინონიმი – პიროგოვ-მიტჩელის დაავადება-კაუზალგია) წარმოადგენს პერიფერიული ნერვის დაზიანების გამო და სიმპათიკური ბოჭკოების გაღიზიანებით განპირობებულ პათოლოგიას. ახასიათებს ინტენსიური მწვავე ტკივილი და სისხლძარღვმამოძრავებელი და ტროფიკული დარღვევები დაზიანებული ნერვის ინერვაციის ზონაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კაფ-სილვერმანის სინდრომი
კაფ-სილვერმანის სინდრომი (სინონიმი: კაფის დაავადება) წარმოადგენს ბავშვთა კორტიკალურ ჰიპეროსტოზს (ძვლის დიფუზური დაავადება, ძვლოვანი ქსოვილის ჰიპერტროფია ანთებითი პროცესით ან ახალწარმონაქმნის ჩაზრდის გამო). მისი ეტიოლოგია უცნობია. ახასიათებს ძვლების დიფუზური კორტიკალური ჰიპეროსტოზები (უფრო ხშირად ლავიწის და იდაყვის ძვლების) 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. ვლინდება ძვლის საზრდელის მნიშვნელოვანი გასქელებით, დაზიანებული ნაწილის მტკივნეული შეშუპებით. თან სდევს ცხელება.
მკურნალობა სიმპტომურია.

კაცნელსონის სინდრომი
კაცნელსონის სინდრომი (სინონიმები: ფაბერ-ჰაემის დაავადება, ვიტსის დაავადება, ჰაემ-ფაბრის დაავადება) წარმოადგენს ჰიპოქრომულ ესენციურ ანემიას, მარტივ აქლორჰიდრულ ანემიას. იგი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა. მისი კლინიკური ნიშნებია სისუსტე, გულის ფრიალი, ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები, სიფითრე. შესაძლოა, თან ახლდეს ფუნიკულური მიელოზის ნიშნები (ზურგის ტვინის ქვემწვავე კომბინირებული დეგენერაცია უკანა და გვერდითი ლარების დაზიანებით), პლამერ-ვინსონის სინდრომი (განპირობებულია რიბოფლავინისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობით, ახასიათებს დისფაგია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის ატროფია, ფრჩხილების დისტროფია,  ჰიპოქრომული ანემია, სისხლში რკინის შემცველობის დაქვეითება), აქლორჰიდრია (თავისუფალი მარილმჟავას არარსებობა კუჭის წვენში), ელენთის ზომიერი გადიდება. ჰიპოქრომული ანემია (მიკროციტოზი პოიკილოციტოზით, ანიზიციტოზით), ლეიკოპენია ლიმფოციტოზით. პროგნოზი კარგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კელის სინდრომი
კელის სინდრომი (სინონიმები: კელ-პატერსონ-ვალდენსტრემ-კიეგელბერგის სინდრომი, პატერსონის სინდრომი, პატერსონ-კელის სინდრომი, პატერსონ-კელ-პლუმერ-ვინსონ-სიოგრენის სინდრომი, პლუმერ-ვინსონის სინდრომი) წარმოადგენს პირის ღრუს, სასისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ატროფიას. მისთვის დამახასიათებელია: ჰიპოქრომული ანემია (ქვეითდება სისხლის ფერადობის მაჩვენებელი), ენის გასადავება (ჰუნტერის ენა), კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია, ჰიპოაციდური მდგომარეობა (დაბალი მჟავიანობა), ფრჩხილების ცვლილებები (კოილონიქია). უკავშირებენ B ჯგუფის ავიტამინოზს, თუმცა არ არის გამორიცხული მისი მეორეული გენეზი. კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის შედეგად ხშირია პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ავთვისებიანი სიმსივნეების, ადისონ-ბირმერის და ჰაემ-ფაბრის დაავადებების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კელმეიერ-დეგოსის
სინდრომი

კელმეიერ-დეგოსის სინდრომი (სინონიმები: დეგოსის დაავადება, დეგოს-დელორი-ტრიკოს სინდრომი) ანუ კელმეიერ-დეგოსის დაავადება წარმოადგენს ატროფიულ პაპულოზურ-ქერცლოვან დერმატიტს. ეს არის ატროფიული ავთვისებიანი პაპულოზი, კან-ლორწოვან-ნაწლავის სინდრომი, კან-ნაწლავის დისემინირებული თრომბანგიიტი, ფაიფურის მსგავსი წვეთოვანი ნაწიბუროვანი ერითემა. იგი უცნობი ეტიოლოგიის პათოლოგიაა. ახასიათებს კანისა და ნაწლავთა სისხლძარღვების სისტემური დაზიანება. გამოვლინდება ვარდისფერი მორეციდივე პაპულოზური გამონაყარით (ატროფიული თეთრი ნაწიბურებით), მუცლის ტკივილის შეტევებით, ღებინებით, ფაღარათითა და ცხელებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კელ-პატერსონის სინდრომი
კელ-პატერსონის სინდრომი (სინონიმები: პამერ-ვინსონის სინდრომი, ვალდენსტერმ-კიეგელბერგის სინდრომი, კელის სინდრომი, პატერსონის სინდრომი, პატერსონ-კელ-პლუმერ-ვინსონ-სიოგრენის სინდრომი, კელ-პეტერსონ-ვალდენსტრემ-კიეგელბერგის სინდრომი).

კელ-პატერსონ-ვალდენსტრემ-კიეგელბერგის
სინდრომი

კელ-პატერსონ-ვალდენსტრემ-კიეგელბერგის სინდრომი (სინონიმები: კელის სინდრომი, პატერსონ-კელის სინდრომი, პატერსონ-კელ-პლუმერ-ინსონ-სიოგრენის სინდრომი, პლამერ-ვინსონის სინდრომი).

კენედის სინდრომი
კენედის სინდრომი, იგივე შუბლ-ბაზალური სინდრომი (სინონიმები: ჰოვეს-პატონ-კენედის სინდრომი, ფოსტერ-კენედის სინდრომი) წარმოადგენს ცალ თვალზე მხედველობის ნერვის პირველადი ატროფიისა და მეორე თვალზე დვრილთან შეგუბების შერწყმას. ვითარდება თავის¬ქალასშიდა პათოლოგიური პროცესების (სიმსივნე, არაქნოიდიტი, ანევრიზმა) დროს, რომლებსაც თან ახლავს მხედველობის ნერვის ცალმხრივი კომპრესია თავისქალ¬ასშიდა წნევის მატების შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კენედი-უორტიტის
სინდრომი

კენედი-უორტიტის სინდრომი წარმოადგენს თვალის გუგის გაფართოებას სუბდურალური ჰემატომის მხარეს.

კენიგის სინდრომი
კენიგის სინდრომი გამოიხატება მუცლის ჭვლისმაგვარი ტკივილის, მეტეორიზმის, ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობით. დამახასიათებელია ყურყური მარჯვენა ჰიპოგასტრიუმის პალპაციისას. ვითარდება ნაწლავთა ქრონიკული გაუვალობისას თეძოს ნაწლავის ბრმა ნაწლავში გადასვლის ადგილას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი თორნვალდტის – თრომბოემბოლიური

თორნვალდტის
სინდრომი

თორნვალდტის სინდრომი საყლაპავი ჩანთის ქრონიკული ანთების სიმპტომოკომპლექსია. მისთვის დამახასიათებელია: გამონაყოფი ცხვირ-ხორხიდან, რომელსაც გამოავლენენ ხორხის უკანა ნაწილის გასინჯვის დროს, თავის ტკივილი, უპირატესად – კეფის არეში, არასასიამოვნო სუნი პირიდან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თორნის სინდრომი
თორნის სინდრომი იგივეა, რაც ფსევდოადისტონიზმი, მარილდამკარგველი ნეფრიტი. ეს არის სხვადასხვა წარმოშობის (მაგალითად, პიელონეფრიტით განპირობებული) ნატრიუმის რეაბსორბციის დარღვევა თირკმლის მილაკებში თირკმელზედა ჯირკვლების მეორეული უკმარისობით. დამახასიათებელია: დაღლილობა, სისუსტე, თავბრუ, ღებინება, კუნთების კრუნჩხვა, ჰიპოტონია, ფსიქიკური დარღვევები, კოლაფსი, კომური მდგომარეობა. სისხლში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ნატრიუმის დონე.
მკურნალობა: ნატრიუმის ქლორიდის ვენაში შეყვანის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ქრება.

თრომბოემბოლიური
სინდრომი

თრომბოემბოლიური სინდრომი ანუ დაავადება სხვადასხვა არტერიაში ემბოლიების განმეორებით წარმოშობას გულისხმობს. გამოწვეულია თრომბების წარმომშობი კერის არსებობით.
თრომბით არტერიის სრულ დახშობას მედიცინაში თრომბოემბოლია ეწოდება. ამ დროს სხეულის იმ უბანს, რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავს, სისხლის მიწოდება უწყდება. შედეგად ჯერ ქსოვილების მწვავე იშემია ვითარდება, მერე კი ინფარქტი – სისხლის მიწოდების შეწყვეტის გამო ორგანოს ან მისი ნაწილის კვდომა (ნეკროზი), რასაც განსაზღვრული ნიშნები ახასიათებს.

კიდურის არტერიის
თრომბოემბოლია

კიდურის არტერიის თრომბოემბოლიის დროს ავადმყოფი შეიგრძნობს კიდურის უეცარ, ძლიერ ტკივილს, რომელიც მათრახის დარტყმას მოგვაგონებს და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებითაც კი ძნელად იხსნება. კიდური ფითრდება, ცივდება, მასზე არტერიის პულსაცია ქრება, ვენები ჩაიჩუტება. კუნთები პალპაციისას ძლიერ მტკივნეულია. კიდურის მოძრაობისას ტკივილი ძლიერდება. მალე მტკივან არეზე შეხების შეგრძნება ქრება. ტკივილი შეიძლება შემცირდეს, რაც უკეთესობის ცრუ შეგრძნებას ბადებს. თანდათან კანი მარმარილოსებრ შეფერილობას იღებს, ცივდება. კუნთები აღარ იკუმშება. მოგვიანებით ვითარდება ქსოვილების ნეკროზი.
ამგვარი სურათის განვითარებისას ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ანგიოლოგს (სისხლძარღვთა სპეციალისტს).
კიდურის არტერიის თრომბოემბოლიისას საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, რომლის დროსაც სპეციალური, გასაბერბალონიანი კათეტერით არტერიიდან ემბოლს იღებენ და სისხლძარღვის განვლადობას აღადგენენ.
კიდურის არტერიის თრომბოემბოლიის ეფექტური მკურნალობისთვის დროის ფაქტორი გადამწყვეტია. შედეგები საუკეთესოა, როცა სისხლის მიმოქცევა დაავადების დაწყებიდან 6 საათში აღდგება. 12 საათის შემდეგ კიდურის გადარჩენა – ასიდან 60 შემთხვევაში, ხოლო 24 საათის შემდეგ მხოლოდ 20 შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ნეკროზი უკვე განვითარდა, კიდურის ამპუტაცია (მოკვეთა) გარდაუვალია.
ექიმის მოსვლამდე პაციენტი ასე უნდა მოიქცეს:

  • მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი პრეპარატები (ნო-შპა, პაპავერინი);
  • არ დაიდოს მტკივან კიდურზე თბილი.

ფილტვის არტერიის
თრომბოემბოლია

თუ თრომბმა ფილტვის არტერია დაახშო, განვითარდება ფილტვის ინფარქტი. დათრომბილი სისხლძარღვის დიამეტრის, რაოდენობისა და მდებარეობის, ფილტვისა და გულის საწყისი მდგომარეობის კვალობაზე, ის სხვადასხვაგვარად გამოვლინდება.
ფილტვის ინფარქტის ნიშნები უმეტესად ასეთია:

  • ქოშინის უეცარი აღმოცენება ან უეცარი გაძლიერება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • კანის მოლურჯო (ციანოზური) სიფერმკრთალე;
  • გულის რიტმის დარღვევა (გულისცემის გახშირება – ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია, ექსტრასისტოლები, რასაც ხალხში ხშირად გამოვარდნებს უწოდებენ);
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა ლორწოვანი ან სისხლიანი ნახველით, რაც ბაქტერიული ინფექციის თანდართვის გამო ინფარქტ-პნევმონიის განვითარების მაჩვენებელია.

ფილტვის ინფარქტის უმთავრესი მიზეზია ქირურგიული ჩარევა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, გულის უკმარისობა, მოტეხილობა, ავთვისებიანი სიმსივნე, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი. ასეთი მდგომარეობისას ექიმები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას ფილტვის ინფარქტის პროფილაქტიკაზე.
გახსოვდეთ, ფილტვის ინფარქტის მკურნალობა დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე იწყება, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

თირკმლის არტერიის
თრომბოემბოლია

თირკმლის ინფარქტი თრომბით თირკმლის არტერიის დახშობისას ვითარდება და ხშირია ენდოკარდიტის, გულის მანკის, ზოგჯერ – მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
თირკმლის ინფარქტის დროს თავს იჩენს მკვეთრი, უეცარი, ძლიერი ტკივილი წელისა და მუცლის არეში, სხეულის ტემპერატურის მომატება, ხორცის ნარეცხისფერი შარდი (მასში სისხლის არსებობის გამო). ამ სიმპტომების გამო ბევრს ჰგონია, რომ კენჭის გავლა აქვს.
თუ ამგვარ ჩივილებს ადრე არასოდეს შეუწუხებიხართ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. უმჯობესია, დიაგნოსტიკისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართოთ.

ჯორჯლის არტერიის
თრომბოზი

ჯორჯლის არტერია ნაწლავის მკვებავი სისხლძარღვია. მისი თრომბოზი უმეტესად გვხვდება მამაკაცებს შორის, მოციმციმე არითმიის დროს. მუცლის არეში უეცრად აღმოცენდება ძლიერი ტკივილი. ნაწლავის ინფარქტის პროგრესირებისას იმატებს სხეულის ტემპერატურა, ხშირდება პულსი, იკლებს არტერიული წნევა. ადრე თუ გვიან ვითარდება დანეკროზებული ნაწლავის პერფორაცია, რასაც პერიტონიტი მოსდევს.
ქირურგიული მკურნალობა განგრენისა და პერფორაციის აღმოცენებამდე უნდა დავიწყოთ, ამიტომ ექიმის დროულ კონსულტაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ინსულტი
თუ თრომბმა ტვინის მკვებავი სისხლძარღვი დაახშო, განვითარდება იშემიური ინსულტი – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომლის სიმპტომებიც 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. იშემიურ ინსულტს სხვაგვარად (მიოკარდიუმის ინფარქტის ანალოგიით) ტვინის ინფარქტს უწოდებენ.
თუ არტერიის განვლადობა აღდგა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები შესაძლოა 24 საათში უკუგანვითარდეს. ამგვარ შემთხვევებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალ მოშლას უწოდებენ. სამწუხაროდ, ასეთი რამ იშვიათია. უმეტესად ვითარდება ინსულტი, რომელიც თავის ტვინის ფუნქციების საკმაოდ მდგრად მოშლას იწვევს. ის სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად გამოიხატება და დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივ, უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ არის საპირისპირო შემთხვევებიც.
ინსულტის პირველი სიმპტომებია უეცრად განვითარებული:

  • ზედა და/ან ქვედა კიდურის სისუსტე;
  • ზედა და/ან ქვედა კიდურის დაბუჟება;
  • მეტყველების და/ან მისი აღქმის დარღვევა;
  • თავბრუხვევა, კოორდინაციის, წონასწორობის დარღვევა;
  • გონების დაკარგვა;
  • ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც სტრესის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად ან უმიზეზოდ აღმოცენდება;
  • ტუჩის ან ნახევარი სახის დაბუჟება, სახის მოღრეცა.

ძალიან იშვიათად ინსულტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
თუ რომელიმე აღწერილი ნიშანი  შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ დაგავიწყდეთ – ეს ტვინის დაზიანების სიმპტომებია. ინსულტის შედეგი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დროულ მკურნალობაზე.

ინსულტის შედეგები

თავის ტვინი მთელ ორგანიზმს მართავს. მისი გარკვეული უბანი პასუხისმგებელია ხელის, ფეხის მოძრაობაზე, მეტყველებაზე და ასე შემდეგ. ამის გამო ინსულტის შედეგი დიდწილად არის დამოკიდებული იმ გარემოებაზე, რომელ უბანს კვებავს დახშული სისხლძარღვი. ამა თუ იმ ფუნქციის დარღვევის ხარისხს ტვინის დაზიანებული უბნის ანუ დაზიანების კერის მოცულობა განსაზღვრავს.
ინსულტის შედეგად შეიძლება აღმოცენდეს კიდურის დამბლა (მოძრაობის სრული არარსებობა) ან პარეზი (მოძრაობის შეზღუდვა), მეტყველების მოშლა, სხვისი მეტყველების აღქმის დარღვევა, პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს კითხვისა და წერის უნარი, შეხებისას ვერ ცნობდეს საგნებს, ვერ გრძნობდეს სიცივეს, სითბოს, ტკივილს, არ ჰქონდეს სივრცეში ორიენტაციის უნარი, დაერღვეს მეხსიერება, მხედველობა, ყლაპვა, სუნთქვა, მოძრაობის კოორდინაცია.
დროული მკურნალობა ზიანის შემცირების ერთადერთი გზაა.

მიოკარდიუმის ინფარქტი

გულის კუნთს სისხლით გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიები ამარაგებს. თუ კორონარული არტერიის სანათური თრომბით დაიხშო, გულის კუნთის ნეკროზი ანუ მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარდება.
როგორ ვლინდება მიოკარდიუმის ინფარქტი?
ტიპურ შემთხვევებში ინფარქტის დროს თავს იჩენს ძლიერი ტკივილი გულის საპროექციო არეში – მკერდის ძვლის უკან, ოდნავ მარცხნივ. შეგრძნება 30 წუთზე მეტხანს, ზოგჯერ საათობითაც კი გასტანს. ნიტროგლიცერინის განმეორებითი მიღება ტკივილს არ ხსნის.
არსებობს მიოკარდიუმის ინფარქტის ატიპური ვარიანტებიც:

  • ზოგჯერ ინფარქტი მუცლის ტკივილით ვლინდება. მას ერთვის გულისრევა, ღებინება. კლინიკური სურათი შესაძლოა მწვავე ქირურგიული დაავადებისას ჰგავდეს.
  • ინფარქტი შესაძლოა კარდიული ასთმის შეტევით დაიწყოს. ამ დროს პაციენტს შეტევითი ქოშინი აღენიშნება.
  • გულის რიტმის სხვადასხვა სახის დარღვევა ინფარქტის არითმიული ფორმის დროს გვხვდება.
  • ინფარქტის ცერებროვასკულური ფორმისას წინა პლანზე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისთვის დამახასიათებელი ნიშნები წამოიწევს.
  • ზოგჯერ, განსაკუთრებით – შაქრიანი დიაბეტის დროს, შესაძლოა აღმოცენდეს ინფარქტის უმტკივნეულო ფორმა. ამ დროს ყურადღებას იპყრობს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. ამგვარ შემთხვევებში პაციენტს დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევები რამდენიმეჯერ უნდა ჩაუტარდეს.

რჩევა:

  • თუ გულის არეში ტკივილი აღმოცენდა, ენის ქვეშ დაიდეთ ნიტროგლიცერინის აბი.
  • თუ ნიტროგლიცერინის ტაბლეტი არასოდეს მიგიღიათ, უმჯობესია, ის მწოლიარემ დაიდოთ ენის ქვეშ.
  • თუ 5 წუთის შემდეგ ტკივილი არ დაცხრა, შეგიძლიათ, ხუთწუთიანი ინტერვალით ნიტროგლიცერინი კიდევ ორჯერ მიიღოთ.
  • თუ ტკივილი გულის არეში 15 წუთი მაინც გაგრძელდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


სინდრომი ვილვონსიდერის – თორაკოაბდომინური

ვილვონსიდერის სინდრომი
ვილვონსიდერის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს. მისთვის დამახასიათებელია: ოლიგოფრენია, სპასტიკური დიზართრია, სიარულის დარღვევა, თვალის ვერტიკალური მოძრაობის დამბლა, სპლენომეგალია, სპილენძის ცვლის დარღვევა. პროგრესირებადი დაავადებაა.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვილიამს-ბარატ-ბოიე-ლოუს
სინდრომი

ვილიამს-ბარატ-ბოიე-ლოუს სინდრომი (სინონიმი: ბოირენის სინდრომი) წარმოადგენს თანდაყოლილ ანომალიათა კომპლექსს. კერძოდ, მისთვის დამახასიათებელია აორტის სუპრავალვულური სტენოზი, ფილტვის არტერიების მრავლობითი სტენოზი, გულის ჰიპერტროფია, მცირე წრის ჰიპერტენზია, იდიოპათიკური ჰიპერკალციემია, ჰიპოდონტია, კბილების მინერალების ჩამორჩენილობა, ქვედა ყბის ჰიპოპლაზია, სახის შეშუპება, ფართო შუბლი.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვილიამს-კემპბელის
სინდრომი

ვილიამს-კემპბელის სინდრომისთვის დამახასიათებელია სეგმენტური, სუბსეგმენტური და უფრო წვრილი ბრონქების გენერალიზებული არასრული განვითარება. იწყება ბავშვობაში, მიმდინარეობა ქრონიკული ბრონქიტის ტიპისაა. დამახასიათებელია ხველა, მცირე რაოდენობის ნახველი, ქოშინი, მსტვენი სუნთქვა. რთულდება ემფიზემით, პნევმოსკლეროზით, ფილტვისმიერი გულით.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვილი-ბალფურ-მაკსვინეის
სინდრომი

ვილი-ბალფურ-მაკსვინეის სინდრომი წარმოადგენს სუბტროპიკულ მეგალოციტურ ანემიას ორსულებში. უმთავრესად სამხრეთ ინდოეთშია გავრცელებული. ახასიათებს საერთო სისუსტე, სახისა და კიდურების შეშუპება, ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ცხელება, სისხლში – ჰიპერქრომული ანემია, მეგალოციტოზი, მეგალობლასტოზი, ლეიკოპენია, შედარებითი ლიმფოციტოზი, თრომბოპენია. განპირობებულია არასაკმარისი კვებით, ძირითადად – ცხოველური ცილის უკმარისობით, A, B, C ვიტამინების ნაკლებობით.
ორსულობის შეწყვეტას და მშობიარობას გამოჯანმრთელება მოჰყვება.

ვილი-პრადერის სინდრომი
ვილი-პრადერის სინდრომი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობით დარღვევას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. ვლინდება გონებრივი ჩამორჩენილობით, კუნთოვანი ჰიპოტონიით, სიმსუქნით, სასქესო ორგანოთა სუსტი განვითარებით.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვილკენშტეინის სინდრომი
ვილკენშტეინის სინდრომი გამოიხატება სისხლდენისადმი მიდრეკილი წყლულოვანი ეზოფაგიტით პორტული ჰიპერტენზიის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვილსონ-მიპიტის სინდრომი
ვილსონ-მიპიტის სინდრომი (სინონიმი: ინტერსტიციული მონონუკლეარული კეროვანი ფიბროზული პნევმონია) წარმოადგენს ახალშობილთა, უმეტესად – დღენაკლულთა, ფილტვების დაზიანებას. მიზეზია ფილტვის ქსოვილებისა და ელასტიკური ელემენტების მოუმწიფებლობა. კლინიკურად ვლინდება ქოშინით, ციანოზით, მუდმივი მშრალი ხველით, რენტგენოლოგიურად – დამახასიათებელი ბადისებრი სურათით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვისკოტ-ოლდრიჩის
სინდრომი

ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი (სინონიმები: ოლდრიჩის სინდრომი, ოლდრიჩ-სტაინბერგ-კემპბელის სინდრომი) სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის რეცესიული ტიპით. განპირობებულია თრომბოციტების წარმოქმნის დარღვევით და სისხლში იმუნოგლობულინების შემცველობის დაქვეითებით. ახასიათებს სისხლდენა, თრომბოციტოპენია, პნევმონიებისადმი მიდრეკილება, ჩირქოვანი ოტიტი, მრავლობითი აბსცესი და სხვა ჩირქოვანი პროცესები.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვირილური სინდრომი
ვირილური სინდრომის დროს ქალებს უჩნდებათ მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები, რაც განპირობებულია ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის მომატებით, ასევე – თირკმელზედა ჯირკვლების, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევით ანდროგენებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. დამახასიათებელია: სახის, კიდურების, ზურგის, გულმკერდის, მუცლის ჭარბი თმიანობა, თმის ცვენა თავიდან მამაკაცური ტიპით,  ხმის ტემბრის ცვლილება, მამაკაცისთვის დამახასიათებელი აგებულება, სარძევე ჯირკვლების ატროფია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კლიტორის ჰიპერტროფია და ვირილიზაცია, საშვილოსნოს დაპატარავება, ენდომეტრიუმისა და საშოს ლორწოვანი გარსის ატროფია. იმატებს ტესტოსტერონის დონე სისხლში, ასევე – შარდთან ერთად ტესტოსტერონისა და 17-კეტოსტეროიდების ექსკრეცია.
საკვერცხეების ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების დროს მკურნალობა ქირურგიულია.

ვოლავშეკის სინდრომი
ვოლავშეკის სინდრომი წარმოადგენს კერატოდერმიის, ფრჩხილების დისტროფიისა და თითების დოლის ჯოხების მსგავსი დეფორმაციის შერწყმას, აღინიშნება სირინგომიელმიის დროს.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვოლმანის სინდრომი
ვოლმანის სინდრომი მემკვდრეობითი ანომალიების კომპლექსია გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. თავს იჩენს ახალშობილობის პერიოდში. დამახასიათებელია: განვითარების დარღვევა, ღებინება, ფაღარათი, დისტროფია, ჰეპატოსპლენომეგალია, კანის მრავლობითი ქსანთომა, ანემია, ლიმფოციტების ცხიმოვანი ვაკუოლიზაცია. ღვიძლის ბიოფსიით დგინდება ქსანთომატოზი, ქოლესტერინისა და ლიპიდების მომატება, რენტგენოლოგიურად – თირკმელზედა ჯირკვლების გაკირვა.
პროგნოზი არასახარბიელოა. მკურნალობა სიმპტომურია.

ვოლფრამის სინდრომი
ვოლფრამის სინდრომი გენეტიკური პათოლოგიაა. ყველაზე ხშირად ვლინდება შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის შერწყმით მხედველობის ნერვის ატროფიასთან, სიყრუესა და საშარდე გზების ატონიასთან.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვოლფსონ-რეზნიკ-გუნთერის
სინდრომი

ვოლფსონ-რეზნიკ-გუნთერის სინდრომი წარმოადგენს ხერხემალში სიმსივნის მეტასტაზების ადრეულ სიმპტომოკომპლექსს. ახასიათებს: ფესვობრივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს, პალპაციით მტკივნეულია ხერხემლის მალის წვეტიანი მორჩი, ედსი მომატებულია, ასევე მომატებულია სისხლის შრატში ტუტე ფოსფატაზის დონე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვოლფ-შალტენბრანდის
სინდრომი

ვოლფ-შალტენბრანდის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომოკომპლექსს ზურგის ტვინის სითხის სპონტანური ჰიპოტენზიის დროს. მისთვის დამახასიათებელია თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც წოლისას გაივლის, სუსტად გამოხატული მენინგეალური სიმპტომოკომპლექსი. ზურგის ტვინის ლიქვორის წნევა დაქვეითებულია, ზოგჯერ უარყოფითიც კი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვოჰანის სინდრომი

ვოჰანის სინდრომი (სინონიმები: ვოჰან-ოქსონის სინდრომი) წარმოადგენს ლეიკოერითრობლასტურ ლეიკოზს. ეს არის ოსტეომიელოპოეზური დისპლაზიის ერითრობლასტური ვარიანტი, როდესაც მიელოიდურ ჰიპერპლაზიასთან ერთად ვითარდება ძლიერი ერითრონორმობლასტოზი. ზოგჯერ პერიფერიულ სისხლში გვხვდება როგორც მეგაბლასტოიდური, ისე ერითრონორმობლასტური ჰიპერპლაზია. მიმდინარეობს 10-15 წელი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვორენჟეს სინდრომი

ვორენჟეს სინდრომი წარმოადგენს ღვიძლის ფუნქციურ ალიმენტურ ლიპოდოგენურ დარღვევას ბავშვებში. ახასიათებს: ღვიძლის გადიდება, მუცლის შებერვა, ხანმოკლე აბდომინური ჭვალი, გულისრევა, პროგრესიული უმადობა, შეკრულობა, დაღლილობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი დილაობით, წყურვილი. ყველა ნიშანი ქრება, როცა ავადმყოფი გადაჰყავთ ნახშირწყლებით მდიდარ და ცხიმებით ღარიბ კვებაზე. ღვიძლის ფუნქციები ლაბორატორიულად უცვლელია. უმეტესად ავადდებიან ვაჟები, ზოგჯერ – მოზრდილებიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვპვ სინდრომი

გული შეიცავს გამტარ სისტემას, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: სინუსური კვანძისა და ატრიოვენტრიკულური კვანძისგან. ნორმის დროს გულის კუნთში იმპულსი ვრცელდება გარკვეული თანამიმდევრობითა და მიმართულებით. კერძოდ, სინუსურ კვანძში წარმოქმნილი იმპულსი გადადის წინაგულებში, აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს, მცირე შეკავების შემდეგ გადაეცემა პარკუჭებს და აღაგზნებს მათ. გულის კუნთის შეკუმშვა ხდება იმავე თანამიმდევრობით, როგორითაც ხდება იმპულსის გატარება.
ვპვ სინდრომის ანუ ვოლფ-პარკინსონ-უაიტის (ვაიტის) სიდრომის დროს ატრიოვენტრიკულური გამტარებლობა აჩქარებულია. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსი პარკუჭებისკენ ერთდროულად ორი გზით ვრცელდება: ჩვეულებრივ, ატრიოვენტრიკულური კვანძის გავლით და დამატებითი გამტარი სისტემით. დამატებითი გამტარი სისტემის არსებობა გულის კუნთში თანდაყოლილი ანომალიაა.
ვპვ სინდრომი შეიძლება ჰქონდეს ახალშობილსაც, ბავშვსაც და მოზრდილსაც (შეძენილი ვპვ სინდრომი). მოზრდილებში ამ სინდრომის განვითარებას ხსნიან პასიურ მდგომარეობაში მყოფი თანდაყოლილი დამატებითი გამტარი გზების აქტივაციით ზოგიერთი დაავადების დროს. ასეთი დაავადებებია: რევმოკარდიტი, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიოპათია, თანდაყოლილი და შეძენილი მანკები და სხვა.
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სიდრომი გვხვდება მსოფლიოს მოსახლეობის 0,15-0,20%-ში. აქედან 40-80% აქვს გულის რიტმის ამა თუ იმ სახის დარღვევა, უმეტესად – პარკუჭოვანი ტაქიკარდია. შესაძლოა აღინიშნოს წინაგულების თრთოლა და ციმციმი (დაავადებულთა 10%-ში). 25%-ში ვპვ სინდრომის მქონე პირებს აქვთ ექსტარსისტოლია. ეს პათოლოგია უფრო ტიპობრივია მამაკაცებისთვის და ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.
სიმპტომები: ვპვ სინდრომის დროს პარკუჭში სინუსური იმპულსი უფრო სწრაფად აღწევს დამატებითი გზებით, ვიდრე ატრიოვენტრიკულური კვანძის გავლით. აქედან გამომდინარეობს, რომ დამატებითი გამტარი გზები იმპულსის გავრცელების უმოკლეს, შემოვლით გზას ქმნიან. დამატებითი გზებით გავრცელებული იმპულსი იწვევს პარკუჭის გარკვეული უბნის ადრეულ აგზნებას. პარკუჭის დანარჩენი უბნების აგზნება კი ხორციელდება მოგვიანებით, ატრიოვენტრიკულური კვანძის გავლით გავრცელებული იმპულსით. ეს იწვევს ეპიზოდურად გულისცემის მოულოდნელ მკვეთრ გახშირებას (ტაქიკარდია) 180-200 დარტყმამდე წუთში. პაროქსიზმული ტაქიკარდიის ეპიზოდებში ავადმყოფს შესაძლოა მკვეთრად დაეწიოს არტერიული წნევა, დაეწყოს თავბრუხვევა, ძლიერი სისუსტე, დაკარგოს გონი.
დიაგნოსტიკა: ვპვ სინდრომის დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ ელექტროკარდიოგრაფიასა და ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას, განსაკუთრებით – ფარული ვპვ სინდრომის არსებობის შემთხვევაში. ელექტროფიზიოლოგიური კვლევა გამტარებლობის დამატებითი გზების ლოკალიზაციის დადგენის საშუალებას იძლევა.
მკურნალობა: ვპვ სინდრომის თერაპია შეიძლება 3 ნაწილად გავყოთ.
I – პაროქსიზმული ტაქიკარდიის დაუყოვნებლივ მოხსნა;
II – შეტევის პროფილაქტიკის მიზნით ქრონიკული თერაპია;
III – ტაქიკარდიის მიზეზის რადიკალური მოშორება.
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია შეტევების სიხშირესა და სიმძიმეზე, თანმხლებ პათოლოგიებზე, ანომალიური გამტარებლობის თავისებურებზე და მოულოდნელი სიკვდილის რისკზე, ასევე – პაციენტის სურვილსა და მის პროფესიულ საქმიანობაზე.
მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის თვალსაზრისით პაციენტები შეიძლება 5 ქვეჯგუფად დაიყონ:
1. პაციენტები გამოხატული სიმპტომატიკით (პრესინკოპე, სინკოპე (გულის წასვლა), პარკუჭოვანი ფიბრილაცია) – საჭიროებენ დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას. ამ დროს მკურნალობა გულისხმობს კათეტერულ დესტრუქციას, თუ უკუჩვენება არ არსებობს. ასევე შეიძლება დაისვას მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის საკითხიც.
2. პაციენტები ზომიერი სიმპტომატიკით – არ საჭიროებენ აუცილებელ ჰოსპიტალიზაციას. მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ავადმყოფთან ერთად და გულისხმობს ან კათეტერულ ოპერაციას, ან მედიკამენტურ თერაპიას.
3. ასიმპტომური პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი რისკის შემცველი პროფესია (მაგ., ავტომანქანის, მატარებლის მძღოლი ან პილოტი). აუცილებელია უეცარი სიკვდილის რისკის განსაზღვრა.
4. ასიმპტომური პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ მაღალი რისკის შემცველი პროფესია. აუცილებელია ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ჩატარება და ავადმყოფის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება.
5. ასიმპტომური პაციენტები სხვადასხვა სიტუაციაში. აუცილებლად უნდა განისაზღვროს მათთვის მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
მედიკამენტური თერაპია გულისხმობს ანტიარითმიული პრეპარატებით მკურნალობას. ამ პრეპარატების შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
დღესდღეობით ვპვ სინდრომის დროს ოპერაცია ღია გულზე იშვიათად ტარდება, ისიც მაშინ, თუ არის თანხმლები დაავადება ან უეფექტოა კათეტერიზაცია.
კათეტერული დესტრუქციის მეთოდი ვპვ სინდრომის მკურნალობის პრიორიტეტული მეთოდია. დამატებითი გამტარი გზების დესტრუქცია ხდება მაღალი სიხშირის დენის გამოყენებით.

ვროლიკის დაავადება
ანუ სინდრომი
ვროლიკის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმები: პორაკ-დურანტეს დაავადება, დენტ-ფრიდმანის სინდრომი) იგივეა, რაც სასიკვდილო ოსტეოპოროზი, პერიოსტეუმის აპლაზია, ძვლების მტვრევადობის თანდაყოლილი ავთვისებიანი ფორმა. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. დამახასიათებელია კიდურებისა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ჯერ კიდევ დაბადებისას კიდურები მეტისმეტად მოკლე და დეფორმირებულია, ახალშობილს აქვს “კაუჩუკის თავი”, თავის ქალა ჩვეულებრივი ზომისაა, კალციუმისა და ფოსფორის შემადგენლობა ნორმალურია, სიმაღლე ჯუჯისებრია, თმა კარგადაა განვითარებული.
მკურნალობა სიმპტომურია, პროგნოზი – მძიმე.

ვუდის სინდრომი

ვუდის სინდრომი ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილების ერთობლიობაა, კბილები TV2-V3 ინვერსია, ღრმა კბილები S1 და Q3. აღინიშნება ფილტვის არტერიაში მასიური ემბოლიების დროს.

ვულპიანის სინდრომი

სითბური გაღიზიანების მიმართ ანესთეზიის პარალელურად აღინიშნება ჰიპერესთეზია სიცივური გამღიზიანებლის მიმართ. გვხვდება ზურგის ტვინის ხმობის დროს.
მკურნალობა პათოგენეზურია.

ვულფ-დოლოვიც-ოლდესის
სინდრომი

ვულფ-დოლოვიც-ოლდესის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს. ვლინდება შემდეგი ნიშნებით: თანდაყოლილი სუბტოტალური სიყრუით, განპირობებულია სმენის ნერვის განვითარების ანომალიით (ვესტიბულური ფუნქცია არ არის დარღვეული), თანდაყოლილი ნაწილობრივი ალბინიზმით. თვალის ფსკერზე გაფანტულია წერტილოვანი პიგმენტური ლაქები. შემთხვევები ფიქსირებულია მხოლოდ ჩრდილოამერიკელ ინდიელებში.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვუნდერლიხის სინდრომი
ვუნდერლიხის სინდრომი იგივეა, რაც პერირენული აპოპლექსია, პერირენული ჰემატომა, პერირენული ჰემოგრაფია. დამახასიათებელია ყრუ ტკივილი თირკმლის არეში სხეულის შერყევის ან თირკმლის არეზე დარტყმის შედეგად, ხანმოკლე ჰემატურია, მოგვიანებით – ლეიკოციტურია, შარდის გამოყოფის დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ზაიტელბერგის სინდრომი
ზაიტელბერგის სინდრომი წარმოადგენს სპასტიკურ ამავროზულ იდიოტიას, ნივთიერებათა ცვლის იშვიათ მემკვიდრეობით დარღვევებს პროგრესირებადი ლიპოიდური დეგენერაციით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. დამახასიათებელია: ფსიქომოტორული განვითარების შეჩერება, ამავროზი, ნისტაგმი, დამბლები, ოლიგოფრენია (იდიოტია), სმენის დარღვევები და სიყრუე, ბულბალური სიმპტომები – ყლაპვის მოშლა, სახის კუნთების, ენისა და საღეჭი კუნთების უნებლიე მოძრაობები, კისრის და კეფის კუნთების დამბლა, შარდისა და განავლის შეუკავებლობა.
მკურნალობა სიმპტომურია.

ზახარსკის სინდრომი
ზახარსკის სინდრომი ინფექციური ხასიათის პათოლოგიაა კატარული ანგინით. ახასიათებს ჰერპესული გამონაყარი სასაზე და ხახის პირში. იწვევს A ქვეჯგუფის კოქსაკის ვირუსი. დამახასიათებელია ინტერმიტირებული ცხელება, ყელის ტკივილი (ყლაპვისას), ბუშტუკები ნუშისებრ ჯირკვლებსა და რბილ სასაზე, ბუშტუკების ირგვლივ ზონა ჰიპერემიულია, რეგიონული ლიმფური ჯირკვლები გადიდებული არ არის, ხშირია კონიუნქტივიტი, კუნთების, მუცლის ტკივილი, ფაღარათი. მიმდინარეობა კეთილთვისებიანია. საინკუბაციოი პერიოდია 2-6 დღე. არცთუ იშვიათია რეციდივები დაავადების დაწყებიდან 3-5 კვირის შემდეგ. უპირატესად ავადდებიან ბავშვები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ზეემანის სინდრომი

ზეემანის სინდრომი – ბავშვებში მეტყველების განვითარების შეჩერებისა და ატაქსიის შერწყმა ნორმალურ სმენასა და ინტელექტთან. აღინიშნება ნათხემის განვითარების ანომალიების დროს.

ზეკელ-ვირხოვის სინდრომი
ზეკელ-ვირხოვის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. ნაყოფი იბადება წონა- და ზომანაკლული, აღენიშნება მიკროცეფალია, ჰიპერტელორიზმი, ცხვირის გამრუდება (ჰგავს თუთიყუშის ნისკარტს), შედარებით დიდი თვალები, ეგზოფთალმი, ეპიკანთუსი,  სიელმე,  მაღალი სასა, ჰიპოდონტია, კბილის მინანაქრის ჰიპოპლაზია,  ჰიპოტრიქოზი, ბარძაყის ამოვარდნილობა, ფეხის დიდი თითების სინდაქტილია, ხელის დიდი თითების ჰიპოპლაზია ან აპლაზია, გულმკერდის აპლაზია, კლინოდაქტილია, ღვიძლის დისპლაზია, თირკმელების ჰიპოპლაზია და დისპლაზია,  კრიპტორქიზმი, მნიშვნელოვანი გონებრივი ჩამორჩენილობა.
მკურნალობა სიმპტომურია.

ზელვერგის
ცერებროჰემატორენული
სინდრომი

ზელვერგის ცერებროჰემატორენული სინდრომი წარმოადგენს ახალშობილთა იშვიათ მემკვიდრეობით პათოლოგიას მემკვიდრეობის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. სინდრომი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. აღინიშნება პეროქსიმომ-ციტოპლაზმურ ორგანელათა არარსებობა (უპირატესად – ჰეპატოციტებსა და თირკმლის მილაკების პროქსიმულ უჯრედებში). დამახასიათებელია ძლიერი ჰიპოტონია, კრუნჩხვები, ძუძუს წოვის სუსტი რეფლექსი, თავის ქალას ცვლილება, ჩონჩხის ანომალია, ჰეპატომეგალია, სუნთქვითი უკმარისობა.
მკურნალობა სიმპტომურია.

ზელტერ-სვიფტ-ფერიის
სინდრომი

ზელტერ-სვიფტ-ფერიის ანუ აკროდინული სინდრომი (სინონიმები: სვიფტის სინდრომი, ფერიის დაავადება, ზელტერის დაავადება) არის პოლინეიროპათიული ერითროდერმია, უცნობი ეტიოლოგიის დაავადება. გვხვდება უმთავრესად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში.  დამახასიათებელია ქცევის შეცვლა მკაფიოდ გამოხატულ ფსიქიკურ დარღვევამდე. კიდურების კანზე შეინიშნება პოლიმორფული ცვლილებები. თან ახლავს ძლიერი ქავილი, ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, კუნთების ჰიპოტონია, პარეზები, დამბლები, ზოგჯერ – კრუნჩხვითი შეტევები.
მკურნალობა სიმპტომურია.

ზელცერ-კაპლანის
სინდრომი

ზელცერ-კაპლანის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით არასფეროციტულ ჰემოლიზურ ანემიას (სავარაუდოდ, გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით). კლინიკური გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: ჰემოლიზური სიყვითლე, ჰეპატო- და სპლენომეგალია, ცვლილებები ძვლებში, მონგოლოიდური სახის ნაკვთები, სისხლში – ნორმოქრომული ანემია, ერითროციტები – ნორმო- ან მაკროციტული, ოდნავ ოვალოციტური, სფეროციტები არ აღინიშნება. ერითროციტების ოსმოსური და მექანიკური რეზისტენტობა ნორმალურია. ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია. კუმბსის სინჯი უარყოფითია. ძვლის ტვინში აღინიშნება გაძლიერებული ერითროპოეზი.
მკურნალობა სიმპტომურია.

ზივერტ-კარტაგენერის
სინდრომი

ზივერტ-კარტაგენერის სინდრომისთვის დამახასიათებელია შინაგან ორგანოთა პირუკუ განლაგება, შეუღლებული ბრონქოექტაზებსა და პანსინუსიტთან.
მკურნალობა სიმპტომურია.

ზივეს სინდრომი
ზივეს სინდრომის ნიშნებია: სიყვითლე, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერქოლესტერინემია და ანემია რეტიკულოციტოზით. გვხვდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. ღვიძლის ბიოფსიურ მასალაში აღინიშნება ცხიმოვანი ინფილტრაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ზიკინგერის სინდრომი
ზიკინგერის სინდრომი წარმოადგენს კონიუნგირებულ ცხიმოვან მჟავათა თეძოს ნაწლავის დისტალურ ნაწილში უკუშეწოვის დარღვევის სიმპტომოკომპლექსს. მისი ნიშნებია: დღის პირველ ნახევარში – ფაღარათი, რომელსაც თან სდევს ტენეზმები (ღამით, კვების შეწყვეტის შემდეგ, ფაღარათიც წყდება), ზომიერი სტეატორეა (ცხიმი განავალში), ჰიპოქოლესტერინემია, ვიტამინ B12-ის შეწოვის დარღვევა, ზომიერი ანემია. აღინიშნება კრონის დაავადების დროს, თეძოს ნაწლავის რეზექციის ან მისი დისტალური ნაწილის გამორთვის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ზოლინგერ-ელისონის
სინდრომი

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი წარმოადგენს სიმსივნურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლულების შერწყმა პანკრეასის კუნძულების ადენომასთან. ვლინდება ძნელად შეხორცებადი წყლულებით (უპირატესად – თორმეტგოჯა ნაწლავისა), ეზოფაგიტით, ფაღარათით, სტეატორეით, სიგამხდრით.
მკურნალობა გულისხმობს მუდმივ ანტისეკრეტორულ თერაპიას, სიმსივნის ლოკალიზაციის დადგენის შემთხვევაში – ქირურგიულ ჩარევას.

ზუდეკის დაავადება
ანუ სინდრომი

ზუდეკის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმები: ზუდეკის მწვავე ძვლოვანი ატროფია, ზუდეკ-კინბოკის დაავადება, ზუდეკ-ლერიშის სინდრომი, ლერიშ-ზუდეკის სინდრომი, ლერიშის დაავადება) ხელის მტევნების და ტერფების ძვლების მწვავე ატროფიაა. ახასიათებს დეკალცინაცია. ჩვეულებრივ, ვითარდება ტრავმის ან დამწვრობის შემდეგ. დაზიანებული სახსრის მოძრაობა შეზღუდულია, შეინიშნება შეშუპება, კანის ლოკალური ციანოზი და ტემპერატურის მომატება. დაავადებას უკავშირებენ ტრავმაზე ლოკალურ სისხლძარღვოვან მოტორულ რეფლექსურ პასუხს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თაისენის სინდრომი

თაისენის სინდრომი (სინონიმი: მაკ-ლენის სინდრომი) გამოიხატება რეფლექსური შეტევის მსგავსი ტკივილით ანალური ხვრელის მიდამოში. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ღრმად. ხშირია ზეწოლის შეგრძნება გულის მიდამოში, სიფითრე, ოფლიანობა, შეკრულობა, ბუასილი, პროსტატიტი, პროქტოსიგმოიდიტი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თევენარის სიდრომი
თევენარის სიდრომი (სინონიმები: ჯიაკაიას სინდრომი, პერონ-დრეკეკულონის სინდრომი) წარმოადგენს ოჯახურ აკროოსტეოლიზს, წყლულოვან მადეფორმირებელ აკროპათიას. ეს არის მემკვიდრეობითი დერმატოზი, რომელიც გამოწვეულია ზურგის ტვინის განგლიების დაზიანებით. გამოვლინდება კიდურთა (უმეტესად) დისტალური ნაწილების ჰიპერკერატოზით, წყლულების წარმოშობით, ძვლებისა და ტერფის დეფორმაციით, წვრილი ძვლების ოსტეოლიზით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თეთრი თითების სინდრომი
თეთრი თითების სინდრომი ანუ ვიბრაციული დაავადება (სინონიმები: ვიბრაციული ანგიონევროზი, რეინოს ცრუ დაავადება, ვიბრაციული სინდრომი) პროფესიული დაავადებაა. მას იწვევს ხელებით ან სხეულის საყრდენი ზედაპირით გადაცემული ვიბრაციის ზემოქმედება. სინდრომს ახასიათებს ანგიოტროფონევროზის განვითარება, რასაც თან სდევს ზოგიერთი ორგანოსა და სისტემის სხვა ფუნქციური დარღვევები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თერსილის სინდრომი

თერსილის სინდრომი წარმოადგენს კოშკის ფორმის თავის ქალას, ეგზოფთალმისა და მხედველობის ნერვთა ატროფიის შერწყმას მხედველობით მოძრაობებთან, ეპილეფსიურ გულყრებსა და ოლიგოფრენიასთან. განპირობებულია კრანისტენოზით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თირკმელ-კანის სინდრომი

თირკმელ-კანის სინდრომი  წარმოადგენს ოჯახური ნეფროპათიის ვარიანტს. იგი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა და  გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში. მორფოლოგიურად თირკმლის სისხლძარღვებში არის ჰიალინოზი და სკლეროზი, კანზე – სისხლძარღვთა პატარ-პატარა ანევრიზმები. თირკმელ-კანის სინდრომისთვის დამახასიათებელია კანის სიწითლე პაპულოვანი გამონაყარითა და ჰიპერკერატოზით. ცვლილებები უმთავრესად გვხვდება კიდურთა გარეთა ნაწილზე და წელის ირგვლივ, შარდში შეინიშნება ალბუმინურია, იზოსტენურია, ჰემატურია. დაავადება მთავრდება ურემიით (ორგანიზმის მოწამვლა თირკმელების დაავადების დროს მათ მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თირკმელზედა
ჯირკვლის ტვინოვანი
შრის სინდრომი

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სინდრომი უმეტესად დაგვიანებით დიაგნოსტირდება როგორც სიმსივნე მუცლის ღრუში, ფეოქრომოციტომა, მეტასტაზით ხერხემალში. გამოკვლევებმა შესაძლოა აჩვენოს სისხლში ადრენალინისა და ნორადრენალინის დონის მომატება, განსაკუთრებით – ჰიპერტენზიული კრიზების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თირკმლისმიერი
სინდრომი

თირკმლისმიერ სინდრომს უწოდებენ ცვლილებებს, რომლებიც გამოხატულია თირკმელების მხრივ როგორც უშუალოდ ამ ორგანოთა დაავადების დროს, ასევე – როგორც თირკმელების რეაქცია სხვა ორგანოთა დაავადების შემთხვევაში.

თომას სინდრომი I

თომას სინდრომი I – ნათხემის სინდრომი, მემკვიდრეობითი დაავადება გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. ვითარდება უმთავრესად 55 წლიდან. განპირობებულია ნათხემის ქერქის ატროფიით ან გლიოზით.
სინდრომის ნიშნებია: წონასწორობის სტატიკური და დინამიკური დარღვევა, რყევა დგომისა და ჯდომის დროს, მერყევი სიარული, რეტროპულსაცია, ადიადოქოკინეზია, ნათხემისმიერი ატაქსია წერის დარღვევით, მგრძნობელობისა და რეფლექსების დარღვევა, ნათხემისებრი კატალეფსია, გვიან სტადიაში – კიდურთა კუნთების ტონუსის მომატება. ინტელექტი შენარჩუნებულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თომას სინდრომი II
თომას სინდრომი II წარმოადგენს სიმპტომოკომპლექსს, რომელიც ზოგჯერ ვითარდება ნაწილობრივი სტრუმექტომიის (ჰიპერტროფირებული ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის) შემდეგ. გამოვლინდება ჰიპოთირეოიდიზმით, ხელისა და ფეხის თითების დისტალური ბოლოების გასქელებით, გრძელი ლულოვანი ძვლების დისტალურ დაბოლოებათა პერიოსტიტით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თომსონის დაავადება
ანუ სინდრომი

თომსონის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმები: რითმუნდ-კერნერის დაავადება, რითმუნდის დისტროფია, რითმუნდის დაავადება, რითმუნდ-თომსონის სინდრომი) წარმოადგენს კანის მემკვიდრეობით ატროფიას. ეს არის ოჯახური ატროფიული პოიკილოდერმია, კანის თანდაყოლილი დისტროფია, გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. დამახასიათებელი ნიშნები: სიცოცხლის პირველ თვეებში კანი იღებს მარმარილოს ელფერს, ცვლილებები იწყება ნიკაპიდან; შემდეგ კანი ხდება მოყავისფრო-მოწითალო ან მოყვითალო; ოთხი-ექვსი წლის ასაკში ვითარდება ორმხრივი კატარაქტა, კანი თეთრდება, იქერცლება, თავს იჩენს ფრჩხილების დისტროფია, კბილების განვითარებისა და სეკრეციის დარღვევა, თირკმელების ჰიპოპლაზია; მეორეული სასქესო ნიშნები სუსტადაა განვითარებული, შეინიშნება იუვენილური ათეროსკლეროზი, ტანდაბლობა.
მკურნალობა სიმპტომურია.

თორაკალური აპერტურის სინდრომი

თორაკალური აპერტურის სინდრომი გულისხმობს ნეიროსისხლძარღვოვან მოშლილობებს, რომლებიც გამოწვეულია მხრის სახსრის აპერტურის არეში ზეწოლით. უმეტესად ქალებში გვხვდება და იშვიათად არის ორმხრივი. ხშირად საჭიროა ოპერაციული ჩარევა. სიმპტომატიკა ვარიაბელურია და ზეწოლის ხარისხზეა დამოკიდებული. შეინიშნება სისხლძარღვოვანი და ნეიროტროფიკული ცვლილებები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

თორაკოაბდომინური
სინდრომი

თორაკოაბდომინური სინდრომი – ეს არის გულმკერდის ორგანოთა დაავადებების მიმდინარეობა აბდომინური სიმპტომატიკით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე მუცლის მცდარი დიაგნოზის მიზეზად იქცევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი ვაროლის ხიდის – ვილენსკის

ვაროლის ხიდის სინდრომი
ვაროლის ხიდის სინდრომი არის აპოპლექსიური კომის შერწყმა თვალის მოძრაობის დარღვევასთან (მოცურავე თვალის კაკლები, სიელმე), მენინგეალურ სინდრომთან, ბრადიკარდიასთან, სუნთქვის დარღვევასთან. ვითარდება ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვარტენბერგის სინდრომი I

ვარტენბერგის სინდრომი I წარმოადგენს პარესთეზიურ ნევრალგიას, ბრაქიალგიის (შეტევითი, უმეტესად მუდმივი, ყრუ ან მწვავე ნევრალგიური ტკივილი მხრის სახსრის, მხრის სარტყელის ან მხრის არეში) ნაირსახეობას. მისთვის დამახასიათებელია ხელისგულების ტკივილი და დიზესთეზია გაღვიძებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოძრაობის დაწყებისას სიმპტომები ქრება. ახასიათებს წლების განმავლობაში გარდამავალი მიმდინარეობა. აღენიშნებათ უმთავრესად ასაკოვან ქალებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვარტენბერგის სინდრომი II
ვარტენბერგის სინდრომი II წარმოადგენს მცოცავ პოლინევრიტს, მცოცავ ნევრიტს. ახასიათებს მხრებისა და ხელისგულების გარდამავალი ტკივილი, ასევე – სხეულის სხვა ნაწილების ხანმოკლე ტკივილი, რაც დაკავშირებულია ბარძაყის კანის ნერვთან, ჩამკეტ და ბარძაყის ნერვთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვასერმანპოზიტიური
სინდრომი

ვასერმანპოზიტიური სინდრომის (სინონიმები: ფანკონი-ჰეგლინის სინდრომი, ჰეგლინის სინდრომი II) დროს ფილტვებში ყალიბდება ანთებითი კერები. მიმდინარეობს ვასერმანის დადებითი რეაქციით. თან ახლავს ხველა, სისუსტე, ანორექსია, სუბფებრილური სიცხე, სტვენისებური, მოგუგუნე ან სველი ხიხინი ფილტვებში. ედსი მომატებულია. უმეტესად ემართებათ ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს. მოსალოდნელია ელენთის გადიდება და ცერებრული მოვლენები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვასილენკოს
გასტროინტესტინური

სინდრომი
ვასილენკოს გასტროინტესტინური სინდრომისთვის დამახასიათებელია დისპეფსიური დარღვევები, კუჭის ეროზიები და წყლულები, კუჭიდან სისხლდენები მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვაქეზ (ვაქე)-ესმეინის
სინდრომი

ვაქეზ (ვაქე)-ესმეინის სინდრომი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის ნაირსახეობაა. თან ახლავს შაკიკი, კიდურთა დისტალური ნაწილების პარესთეზიები, დიპლოპია, რადიკულარული ტკივილი, ცალმხრივი ან ორმხრივი იშიალგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვებერის სინდრომი
ვებერის სინდრომი (სინონიმები: ვებერ-გიუბლერ-ჟანდრეს სინდრომი, მოალტერნირე პედუნკულური სინდრომი) ვითარდება თვალის მამოძრავებელი ნერვის ფესვებისა და პირამიდული გზების ტვინის ფეხების დონეზე დაზიანების დროს. მისთვის დამახასიათებელია ფთოზის (ზედა ქუთუთოების დაშვება), მიდრიაზის (გუგის გადიდება) და განზიდვითი სიელმის შერწყმა დაზიანების კერის მხარეს, მოპირდაპირე მხარეს კი ჰემიპლეგია (მოძრაობის უნარის დაკარგვა ნახევარ სხეულში), ჰემიპარეზი (თავისუფალი მოძრაობის შესუსტება ნახევარ სხეულში) და ჰემიანესთეზია (მგრძნობელობის დაკარგვა ნახევარ სხეულში).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვებერ-დიმიტრის სინდრომი
ვებერ-დიმიტრის სინდრომი წარმოადგენს მარკ-ვებერის სინდრომის იდიოტიზმსა და ეპილეფსიასთან თანდაყოლილ შერწყმას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვებერ-კოკეინის სინდრომი

ვებერ-კოკეინის სინდრომისთვის (სინონიმები: ვესერენის სინდრომი, ლუტცის სინდრომი) დამახასიათებელია ხელის მტევნებსა და ტერფებზე სხვადასხვა ზომის ბუშტუკების პერიოდული გამოყრა, უმთავრესად – ზაფხულობით. გამონაყარი ალაგდება დანაწიბურებისა და პიგმენტაციის გარეშე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვეიზენბერგ-სიკარ-რობინოს
სინდრომი

ვეიზენბერგ-სიკარ-რობინოს სინდრომი (სინონიმები: სიკარ-რობინოს სინდრომი, სიკარის სინდრომი) წარმოადგენს გლოსოფარინგულ ნევრალგიას, ენა-ხახის ნერვის ნევრალგიას. ვლინდება ენის ძირის, ხახისა და რბილი სასის მოულოდნელი ტკივილით ცხელი, ცივი ან მკვრივი საკვების მიღების, ლაპარაკის, ხველის ან მთქნარების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვეიერსის სინდრომი I

ვეიერსის სინდრომი I წარმოადგენს განვითარების ანომალიების: ჰექსოდაქტილიის, მაჯის ძვლების შეხორცების, ქვედა ყბის გაპობის – შერწყმას.
მკურნალობა ქირურგიულია.

ვეიერსის სინდრომი II

ვეიერსის სინდრომი II წარმოადგენს განვითარების ანომალიების: მიკროფთალმის, სახის ასიმეტრიის, სოლისებრი ხერხემლის მალების, ნეკნთა შეერთების ანომალიებისა და ხერხემლის გამრუდების – შერწყმას.
მკურნალობა ქირურგიულია.

ვეილ-მარკნაზის სინდრომი
ვეილ-მარკნაზის სინდრომი (სინონიმები: მარფანის გაუკუღმართებული სინდრომი, მარკენაზის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადებაა აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია დაბალი ტანი, განუვითარებელი კიდურები, ბრაქიდაქტილია, თვალის ცვლილებები (სფეროფაკია, მიკროფაკია, გლაუკომა, აკომოდაციის დარღვევა).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვეილერ-რეია-ეიდის
სინდრომი

ვეილერ-რეია-ეიდის სინდრომი (სინონიმები: გაილ-რობერტსონის ცრუ სინდრომი, ეიდის სინდრომი) წარმოადგენს კონსტიტუციურ არეფლექსიას, ჰუპილოტონიურ ცრუტაბესს. ახასიათებს სიმპტომოკომპლექსი, შეხამებული გუგის რეაქციის ცალმხრივ შენელებით კონვერგენციაზე – ანიზოკორიასთან და გუგის ცვლილებასთან დღის განმავლობაში. ქვედა კიდურებზე (იშვიათად – ზედაზე) მყესთა რეფლექსები შესუსტებულია ან სრულიად გამქრალი. ემართებათ უმეტესად ქალებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვეიერ-მიტჩელის სინდრომი
ვეიერ-მიტჩელის სინდრომი, იგივე ვეიერ-მიტჩელის დაავადება (სინონიმები: გერჰარდტის დაავადება, მიტჩელის სინდრომი), წარმოადგენს ერითრომელალგიას, ლოკალურ ვაზომოტორულ ნევროზს. მისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების შეტევისებური მწვავე, მწველი ტკივილები, უმთავრესად – ღამით, რბილი ქსოვილის გაწითლება და შეშუპება; დაზიანებული უბანი დანარჩენ სხეულზე თბილია, დაცვარულია ოფლით; აღინიშნება ჰიპერესთეზია; თანდათან თავს იჩენს კანის (ეროზია, მელანოზი, გამკვრივება), ფრჩხილების, თმების, ძვლების ცვლილებები. ემართებათ უმთავრესად მამაკაცებს ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს. უშუალო მიზეზია სისხლძარღვთა გაფართოება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვესმან-ნეტერის სინდრომი

ვესმან-ნეტერის სინდრომი, იგივე ვეისმან-ნეტერის დიზოსტოზი, მემკვიდრეობითი დიზოსტოზის ნაირსახეობაა, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემით. ბავშვი ფეხს იდგამს მხოლოდ ორი-ოთხი წლის ასაკში. წვივის დიდი და მცირე ძვლები გაღუნულია საგიტალურ სიბრტყეში, დიაფიზების კორტიკული სუბსტანციები გასქელებულია, ზრდა დისპროპორციულია, ზოგჯერ ვითარდება ჯუჯობა. წელის მეხუთე მალა დეფორმირებულია, მენჯი – შენაცვლებული. ტკივილი და მოძრაობის დარღვევა არ შეინიშნება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ველანდერის სინდრომი
ველანდერის სინდრომი (სინონიმები: კუგელბერგ-ველანდერის დაავადება, ვოლფარტ-კუგელბერგ-ველანდერის სინდრომი) არის კუნთების ფსევდომიოპათიური ატროფია, კუნთების იუვენილური პროგრესირებადი ატროფია. იგი წარმოადგენს ქრონიკულად მიმდინარე მემკვიდრეობით პროქსიმულ კუნთოვან ატროფიას. გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტური ან რეცესიული ტიპით. დაკავშირებულია ზურგის ტვინის წინა რქების მოტონეირონების დაზიანებასთან, მათ ატროფიასთან, რომელიც ვლინდება ბავშვობის ან სქესობრივი მომწიფების ასაკში ჯერ – მხრისა და ბარძაყის, მერე კი წვივის კუნთების ატროფიით, სისუსტით და წინამხრის ფიბრილური შეკუმშვით. შესაძლოა განვითარდეს წინამხრისა და წვივის კუნთების ფსევდოჰიპერტროფიაც. შეინიშნება ჰიპერკრეატინურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერბრაიკის სინდრომი
ვერბრაიკის სინდრომისთვის დამახასიათებელია ტკივილი და დაჭიმულობის შეგრძნება ფერდქვეშა მიდამოში, შერწყმული დისპეფსიურ მოვლენებთან. აღინიშნება განივი კოლინჯის ღვიძლის კუთხესთან ნაღვლის ბუშტის შეხორცების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერდანის სინდრომი
ვერდანის სინდრომი წარმოადგენს ხელის თითების მოძრაობის შეზღუდვას (განსაკუთრებით – მოხრისას) ხელის მტევნის შეხორცებითი ტენდოვაგინიტის (სასახსრე ნაპრალების ანთება) დროს. შესაძლოა, ამგვარად გართულდეს მეხუთე თითის ამპუტაციაც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერეს (ვერნეტის) სინდრომი
ვერეს (ვერნეტის) სინდრომი (სინონიმი: ვერე-სიკარ-კოლეს სინდრომი) წარმოადგენს რბილი სასის, ხორხის, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და ტრაპეციული კუნთების დამბლის (ან პარეზის), დისფაგიის, ენის უკანა მესამედში გემოვნების დარღვევის, რბილი სასის, ხახისა და ხორხის უკანა კედლის ჰიპერესთეზიის შერწყმას. გამოწვეულია ენა-ხახის, ცთომილი და დამატებითი ნერვების დაზიანებით, რაც თან სდევს პათოლოგიურ პროცესებს ქალას ფუძისა და საუღლე ხვრელის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერლჰოფის მეორეული
სინდრომი

ვერლჰოფის მეორეული სინდრომი წარმოადგენს ჰემორაგიულ დიათეზს თრომბოციტოპენიური პურპურის კლინიკური სურათით. აღინიშნება ინტოქსიკაციის, ინფექციის, კოლაგენოზების, სხივური დაშავების და ზოგიერთი სხვა მდგომარეობის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერმერის სინდრომი
ვერმერის სინდრომი (სინონიმები: მეა-სინდრომი, მენ-სინდრომი) წარმოადგენს თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზისა და წვრილი ნაწლავის პეპტიკური წყლულების შერწყმას. მისთვის დამახასიათებელია: 1. ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეიძლება განვითარდეს მისი ნებისმიერი უჯრედისგან; 2. პარათირეოიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზია, რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები; 3. კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე; 4. პეპტიკური წყლულები ან წყლულები წვრილ ნაწლავში. საფუძვლად უდევს აპუდ-სისტემის (ნეიროენდოკრინული უჯრედები, რომლებიც გაფანტულია მთელ ორგანიზმში, უპირატესად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, და წარმოშობს ჰორმონულად აქტიურ პოლიპეპიდებს) უჯრედებისგან განვითარებული მრავლობითი ენდოკრინული ადენომატოზი, ანუ მრავლობთი ენდოკრინული ნეოპლაზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერნერის სინდრომი I
ვერნერის სინდრომი I, იგივე მოზრდილთა პროგერია, მემკვიდრეობითი პათოლოგიაა (აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემით), რომელიც თავს იჩენს 20-30 წლის ასაკში. უმეტესად აღენიშნებათ მამაკაცებს. ვლინდება კანის, თვალების, ენდოკრინული, ძვლოვანი და სხვა სისტემების დაზიანებით. დამახასიათებელია მაღალი და ჩახლეჩილი ხმა. გამორიცხული არ არის ინტელექტის დაქვეითება. კიდურების კანი ფერმკრთალი, განლეული, რამდენადმე გამკვრივებულია; კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედები ატროფირებულია, რის გამოც კიდურები არაპროპორციულად წვრილია; სახის ნაკვეთები წაწვეტებულია, ცხვირი – ჩიტისებრი, ნიკაპი – წინ წამოწეული, პირის ხვრელი – შევიწროებული, თმა – თხელი, დისტროფიული, აღინიშნება ნაადრევი გაჭაღარავება და დიფუზური ალოპეცია; ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანება ოსტეოპოროზითა და ოსტეოართროზით გამოიხატება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერნერის სინდრომი II
ვერნერის სინდრომი II წარმოადგენს ინსულინრეზისტენტობის სახესხვაობას სომატური დარღვევებითა და ეპიფიზური ჰიპერპლაზიით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერნერ-მორსონის
სინდრომი

ვერნერ-მორსონის სინდრომი (სინონიმი: ალექსანდერ-მორისონის სინდრომი) სიმპტომოკომპლექსია, რომელიც თან ახლავს კუჭუკანა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ადენომას. მისთვის დამახასიათებელია თავსა და მთელ სხეულში სიცხის შეგრძნება, რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას, კოლაპტოიდური მდგომარეობები, ექსიკოზი (გაუწყლოება), ზოგჯერ – ტეტანოიდური კრუნჩხვა, ჰიპოკალიემია. ადენომის ამოკვეთის შემდეგ ეს კლინიკური ნიშნები ქრება. ცოლინგერ-ელისონის სინდრომისგან განსხვავებით, ჰიპერქლორჰიდრია და პეპტიკური წყლულები ამ დროს არ აღინიშნება.
მკურნალობა ითვალისწინებს ადენომის ამოკვეთას.

ვერნე-სიკარ-კოლეს
სინდრომი

ვერნე-სიკარ-კოლეს სინდრომი (სინონიმი: ვერნეს (ვერნეტის) სინდრომი) წარმოადგენს რბილი სასის, ხორხის, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და ტრაპეციული კუნთების დამბლის (ან პარეზის), დისფაგიის (ყლაპვის გაძნელება), ენის უკანა მესამედში გემოვნების დარღვევის, რბილი სასის, ხახისა და ხორხის უკანა კედლის ჰიპერთეზის შერწყმას. გამოწვეულია ენა-ხახის, ცთომილი და დამატებითი ნერვების დაზიანებით, რაც თან ახლავს პათოლოგიურ პროცესებს ქალას ფუძისა და საუღლე ხვრელის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერნიკე-მანის სინდრომი
ვერნიკე-მანის სინდრომი, იგივე ვერნიკე-მანის ჰემიპლეგია, არის ცენტრალური დამბლა შიდა კაფსულის დაზიანების დროს. მისთვის დამახასიათებელია ხელ-ფეხის, ენისა და სახის კონტრლატერალური სპასტიკური დამბლა. შუბლის მუსკულატურა, რომელიც ორმაგად ინერვირდება, ხელუხლებელი რჩება. ამის შედეგად ავადმყოფი იღებს თავისებურ იერს (ეგრეთ წოდებული ვერნიკე-მანის პოზა).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვერჰავეს სინდრომი
ვერჰავეს სინდრომისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ტკივილი გულმკერდში და/ან მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც ირადირებს ზურგში; თან ახლავს ყლაპვის მოშლა, ღებინება, სუთქვის გაძნელება, შოკი; ვითარდება საყლაპავის გასკდომის დროს.

ვესტფალ-ბერნჰარდის
სინდრომი

ვესტფალ-ბერნჰარდის სინდრომი, იგივე ქოლედოქუსის სინდრომი, წარმოადგენს იქტეროგენულ პირველად პაპილიტს. თან ახლავს ფატერის დვრილის მასტენოზებელ ანთებას და ახასიათებს სიმპტომთა ტრიადა: მორეციდივე ცხელება, ნაღვლის ჭვლები, გარდამავალი სიყვითლე. ინსტრუმენტული გამოკვლევა ნაღვლის კენჭებს არ ავლენს. დიაგნოზი დასტურდება მხოლოდ ოპერაციის დროს. მოგვიანებით ყალიბდება ღვიძლის ქოლესტაზური ციროზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვესტფალის სინდრომი

ვესტფალის სინდრომი (სინონიმები: ოჯახური პერიოდული ჰიპოკალიემიური დამბლა, პაროქსიზმული მიოპლეგია) წარმოადგენს პაროქსიზმული დამბლის ჰიპოკალიემურ ფორმას, რომლისთვისაც დამახასიათებელია უეცარი კუნთოვანი სისუსტის ხანგრძლივი შეტევები ზედა და ქვედა კიდურების სრულ დამბლამდე. თან სდევს ვეგეტატიური დარღვევები, სუნთქვის დარღვევები და ტაქიკარდია. სისხლში კალიუმის დონე მკვეთრად არის დაქვეითებული.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვიბრაციული სინდრომი
ვიბრაციული სინდრომი, იგივე ვიბრაციული დაავადება (სინონიმები: რეინოს ცრუ დაავადება, ვიბრაციული ანგიონევროზი, თეთრი თითების სინდრომი), პროფესიული დაავადებაა, გამოწვეული ვიბრაციის ზემოქმედებით, რომელიც სხეულს ხელების ან საყრდენი ზედაპირის მეშვეობით გადაეცემა. ახასიათებს ანგიოტროფონევროზის განვითარება, რომელსაც თან სდევს ზოგიერთი ორგანოსა და სისტემის ფუნქციური დარღვევები.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვიდალის სინდრომი
ვიდალის სინდრომი, იგივე ასპირინის ასთმა (ასპირინით გამოწვეული ასთმა), წარმოადგენს ბრონქული ასთმის შერწყმას ბრონქონაზალურ პოლიპოზსა და ასპირინისადმი ჰიპერმგრძნობელობასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვიდემანის სინდრომი
ვიდემანის სინდრომი (სინონიმი: ვიდემან-ლენცის სინდრომი) – ეს არის თანდაყოლილი დეფექტები ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობისას იღებდნენ ტელიდომიდის შემცველ (ჩვეულებრივ, საძილე) პრეპარატებს. ვიდემანის სინდრომის ნიშნებია: ამელია (ზედა და ქვედა კიდურების უქონლობა ან დაკარგვა) ან დასმელია (კიდურების განვითარების დეფექტები), დიდი თითების აპლაზია (თანდაყოლილი უქონლობა), სხივის, წვივის დიდი ძვლის ან ბარძაყის ძვლების აპლაზია. გარდა ამისა, ხშირია გულის, თირკმელების, ნაწვალთა ანომალიები და ჰემანგიომები.
მკურნალობა დეფექტის შესაბამისია.

ვიდემან-ბეკვეთის სინდრომი

ვიდემან-ბეკვეთის სინდრომი პათოლოგიაა, რომელიც ახალშობილებში ვლინდება და ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 3500 გ-ზე მეტი წონა, ღვიძლის, ელენთისა და გულის გადიდება, ლეთარგია (ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და მისთ.; შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს), ნისტაგმი, კონვულსიები (კრუნჩხვა). სინდრომის ეტიოპათოგენეზი უცნობია.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვიკის გარდამავალი
სინდრომი

ვიკის გარდამავალი სინდრომი საერთო სახელწოდებაა ფსიქოპათოლოგიური (აფექტური, ბოდვითი, ასთენიური და სხვა) სინდრომებისა, რომლებიც ვითარდება ამა თუ იმ ორგანული ფსიქოზის ჩამოყალიბებისას ცნობიერების დაბინდვამდე ან მის შემდეგ. შესაძლოა მათი მონაცვლეობაც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვილანოვა-კანიადელის
სინდრომი

ვილანოვა-კანიადელის სინდრომი, იგივე ჰიპოთირეოიდული ფრინოდერმა (ფოლიკულური კერატოზი), ავიტამინოზის გამოვლინებაა. ამ დროს გარქოვანებული უბნები დეპიგმენტური ზონებით არის გარშემორტყმული. პათოლოგიური ცვლილებები უმთავრესად ლოკალიზებულია ზურგსა და კიდურებზე, შეუღლებულია ჰიპოთირეოიდიზმის ნიშნებთან. გვხვდება ახალგაზრდებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვილარეს სინდრომი
ვილარეს სინდრომი წარმოადგენს ჰორნერის სინდრომის შერწყმას რბილი სასის, ხორხის, ხახის, ხმის კუნთების ცალმხრივ დამბლასთან და ტრაპეციული და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების პარეზთან ან დამბლასთან. განპირობებულია ენა-ხახის, ცთომილი, დამატებითი, ენისქვეშა ნერვებისა და კისრის სიმპათიკური ნერვის ცალმხრივი დაზიანებით, რასაც ყურის ირგვლივ არსებული ანთებადი პროცესები იწვევს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვილარე-დეზუაილის
სინდრომი

ვილარე-დეზუაილის სინდრომი ზედა ყბის თანდაყოლილი ჰიპოპლაზიაა. ზოგჯერ თან ახლავს თურქული კეხის დეფორმაცია, ჰიპოფიზზე ზეწოლა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მეორეული დისფუნქცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვილდერვანკის სინდრომი I

ვილდერვანკის სინდრომი I წარმოადგენს ცერვიკულ-ოკულოფაციალურ დისტროფიას – მემკვიდრეობითი ანომალიების X ქრომოსომასთან შეჭიდულ, გადაცემის დომინანტური ტიპის კომპლექსს. მისთვის დამახასიათებელია ყრუმუნჯობა, ხერხემლის მრავლობითი ანომალია (მოკლე, ნაკლებად მოძრავი კისერი, ხერხემლის სინოსტიზი, სპინა ბიფიდა), კასრისებრი გულმკერდი, თვალის გამზიდველი ნერვის ცალმხრივი ან ორმხრივი დამბლა თვალის კაკლის რეტრაქციით, სახის ასიმეტრია, კბილებისა და თმის ანომალია. აღენიშნებათ მხოლოდ ქალებს.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვილდერვანკის სინდრომი II

ვილდერვანკის სინდრომი II წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კოპლექსს, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტური ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია სახის დისმორფია, ჰიპერტელორიზმი,  ბლეფაროფიმოზი (ქუთუთოების დამოკლება ჰორიზონტალურად, ანუ თვალების ჭრილების დავიწროება), მიკრო- და ჰიდროფთალმი (ახასიათებს თვალშიგა წნევის მომატება, თვალის კაკლების დაჭიმვა და მხედველობის ფუნქციის დარღვევები), გლაუკომა, მხედველობის ნერვის ატროფია – მხედველობის მკაფიო დაქვეითებით, ნისტაგმი, ენოფთალმი, დიდი ყურები, დიდი ცხვირი, მიკროგნატია (მცირე ზომის ზედა ყბა), მიკროგენია (ქვედა ყბის განუვითარებლობა), ჰიპოდონტია (კბილების არასაკმაო რაოდენობა), სმენის დაქვეითება, გამოწვეული შუა ყურის განვითარების ანომალიით, მაპერსისტირებელი სარძევე კბილები, გონებრივი განვითარების ანომალია, გონებრივი განვითარების შეფერხება, ზოგჯერ – ჰიპოსპადია (მამაკაცის შარდსადენისა და ასოს თანდაყოლილი ანომალია – შარდსადენის გარეთა ხვრელის არსებობა ასოს ვენტრალურ ზედაპირზე ან შორისის მიდამოში).
მკურნალობა სიმპტომურია.

ვილდერვანკ-
ბერნდორფერის
სინდრომი

ვილდერვანკ-ბერნდორფერის სინდრომი (სინონიმი: ბერნდორფის სინდრომი) წარმოადგენს თანდაყოლილ ანომალიათა კომპლექსს. კერძოდ, მისთვის დამახასიათებელია ტუჩების, ყბის, სასის, ხელის მტევნების და ტერფების გაპობა, გონებრივი ჩამორჩენილობა, სმენის დაქვეითება ან სიყრუე, ყურის ნიჟარების დისპლაზია. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, ავადმყოფი კვდება სიცოცხლის პირველსავე წლებში.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვილენსკის სინდრომი

ვილენსკის სინდრომი, იგივე მეზენტერიალური ლიმფადენიტი, აბდომინალური ლიმფადენიტი, წარმოადგენს მუცლის ლიმფური კვანძების არასპეციფიკურ ანთებას. ახასიათებს მუცლის შეტევითი ტკივილი, ღებინება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე და რეციდივირებს, გამოხატული პალპატორული ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ეპიგასტრიუმში, იშვიათად – მარცხენა ფერქვეშა არეში, ლეიკოციტოზი შედარებითი ლიმფოციტოზით. ლიმფურ კვანძებში – არასპეციფიკური ანთება რეტიკულოენდოთელიური ელემენტების ჰიპერპლაზიით.

სინდრომი ენსლინის – ვარდენბურგის

ენსლინის სინდრომი
ენსლინის სინდრომს ახასიათებს კოშკისებური თავის ქალას, ეგზოფთალმისა და ადენოიდების თანდაყოლილი შერწყმა. შესაძლოა დაერთოს ნეირორეტინიტი, ბადურას პერიპაპილარული პიგმენტური ატროფია, ამავროზი (ერთი ან ორივე თვალით აბსოლუტური სიბრმავე), ამბლიოპია (მხედველობის ანალიზატორის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება), სიელმე, ნისტაგმი (თვალების უნებლიე სწრაფი მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით), მიდრიაზი (გუგის გადიდება).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ენტერულ-პულმონური სინდრომი
ენტერულ-პულმონური სინდრომი (სინონიმი – ანდრეოლის სინდრომი). სასუნთქი ორგანოების ენტეროგენული პათოლოგიაა. გამოიხატება ხშირად განმეორებადი მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტით, რომლის მიზეზია ნაწლავის ჩხირი (იგი ამოითესება ნახველში). სინდრომი ყალიბდება ქრონიკული კოლიტის ან ხანგრძლივი შეკრულობის ფონზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ენტერულ-რენული სინდრომი
ენტერულ-რენული სინდრომი (სინონიმი – გეიც-ბუაის სინდრომი) პიელიტია, რომელიც ვითარდება ქრონიკული კოლიტის შედეგად ან ნაწლავის მარჯვენამხრივი სტაზის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ენტერულ-ჰეპატური სინდრომი
ენტერულ-ჰეპატური სინდრომი (სინონიმები – ბროლის სინდრომი, გარბანის სინდრომი, ვიდალ-აბრამის დაავადება, აბრამის სინდრომი) წარმოადგენს ენტერულ-ჰეპატურ კოლისეფსისს, ნაწლავის ჩხირის ენდოგენურ ინფექციას – აღმავალ კოლიინფექციას ღვიძლის ქრონიკული ქოლანგიტის მოვლენებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ეოზინოფილურ-მიასთენიური სინდრომი
ეოზინოფილურ-მიასთენიური სინდრომი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კუნთების ტკივილი და სპაზმი, ადვილად დაღლა, სუბფებრილიტეტი და ეოზინოფილია პერიფერიულ სისხლში. ამ ფონზე ვითარდება პარესთეზიები (ცრუ შეგრძნებები: დაბუჟება, ჩხვლეტა, სიმხურვალის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, წვა, ქავილი, ელდენის გავლა და სხვ. – რომლებიც გარეგანი გაღიზიანებით არ არის განპირობებული), კანის ინდურაცია (გამაგრება-გამკვრივება მასში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის (ქრონიკული ანთების, შეგუბებების და სხვ.) შედეგად), კუნთოვანი სისუსტე, პოლინევროპათია. მიკროსკოპიულად კანში, კუნთებში, ფასციებში აღინიშნება მიკროანგიოპათიები და ანთებითი რეაქცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ეპიკონუსის სინდრომი
ეპიკონუსის სინდრომი წარმოადგენს ტერფების სიმეტრიული პერიფერიული პარეზების შერწყმას აქილევსის რეფლექსის არარსებობასთან, ბარძაყის უკანა გარეთა ზედაპირის, წვივის, ტერფის გარეთა კიდის მგრძნობელობის დისოციაციურ დარღვევებთან, მამაკაცებში – ერექციის მოშლასთან; გამოწვეულია ზურგის ტვინის გავის I და II სეგმენტების დაზიანებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ეპინგერ-ბიანკის სინდრომი
ეპინგერ-ბიანკის სინდრომი (სინონიმი – ეპინგერ-ბიანკო-ჩეზას დაავადება) ღვიძლის ციროზის ერთ-ერთი სახეობაა. მისთვის დამახასიათებელია ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), ასციტი, ჰემოლიზური სიყვითლე. მიმდინარეობს შედარებით კეთილთვისებიანად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ეპშტეინის სინდრომი
ეპშტეინის სინდრომი ნეფროზული სინდრომია, გამოიხატება მასიური პროტეინურიით, ცილინდრურიით, გენერალიზებული შეშუპებით. სისხლში დასტურდება ჰიპოდისპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ჰიპერქოლესტერინემია. შარდით ცილის დღიური დანაკარგი 3,5 გ და მეტია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ერბ-გენსელნის სინდრომი
ერბ-გენსელნის სინდრომი (სინონიმები – გენსელნის სინდრომი, შოფარი-მინკოვსკი-გენსელნის დაავადება) წარმოადგენს თანდაყოლილ ჰემოლიზურ სიყვითლეს. დამახასიათებელია ანემია, სიყვითლე, სპლენომეგალია (ელენთის გადიდება). განავალი მუქია და დიდი რაოდენობით შეიცავს სტერკობილინს; შარდში ბევრია ურობილინოგენი და ურობილინი. ხშირად თან ახლავს განვითარების ანომალიები – კოშკისებრი თავის ქალა, ინფანტილიზმი, ბრაქიდაქტილია, გოთური სასა. პერიფერიულ სისხლში შეინიშნება მკვეთრი (40%-მდე) რეტიკულოციტოზი, ზომიერი ლეიკოციტოზი, მიკროსფერული ერითროციტები, რომლებიც შეიცავს ჟოლის სხეულაკებს, ძვლის ტვინში – გაძლიერებული ერითრობლასტოზი, რეტიკულურ უჯრედთა სიმრავლე. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ერბის სინდრომი
ერბის სინდრომი კუნთების პროგრესირებადი ატროფიის (ერბის დაავადების) ნაირსახეობაა. ამ დროს ზიანდება მხარისა და ბეჭის კუნთები.
მკურნალობა სიმპტომურია.

ერდჰეიმის სინდრომი
ერდჰეიმის სინდრომი (სინონიმი – სკაგლიეტი-დაგნინის სინდრომი) აკრომეგალიის ფორმაა ლავიწის ძვლის, ხერხემლის მალებისა და მალათაშუა ხრტილების გამოხატული ჰიპერტროფიით. ეს ყველაფერი, სხვა ნიშნებთან ერთად, იწვევს ტკივილს, ხელს უწყობს კიფოზის განვითარებას, მოძრაობის შეზღუდვას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ერველ-ლანგე-ნილსენის სინდრომი
ერველ-ლანგე-ნილსენის სინდრომი მემკვიდრეობითი ოჯახური კარდიომიოპათიის ნაირსახეობაა. ამ დროს შეინიშნება პარკუჭების თრთოლისა და ციმციმის ექსცესები, რასაც თან სდევს სინკოპე. შერწყმულია თანდაყოლილ ყრუმუნჯობასთან. ელექტროკარდიოგრამაზე შეინიშნება Qთ ინტერვალის მკვეთრი გახანგრძლივება. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ერიასის სინდრომი
ერიასის სინდრომი არის ღვიძლის გლუკურონილტრანსფერაზის მემკვიდრეობითი დეფიციტის გამოვლინება: კანის, სკლერებისა და ლორწოვანი გარსების სიყვითლე, სისხლში პირდაპირი ბილირუბინის მომატება ჰეპატოციტების დისფუნქციის ნიშნებისა და ჰემოლიზის გარეშე. გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტური გზით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ერისიხთონის სინდრომი
ერისიხთონის სინდრომი წარმოადგენს ალიმენტურ ჰიპერლიპიდემიას, რომლის მიზეზია მუდმივი ძღომის ჩვევა. სინდრომის სახელწოდება უკავშირდება ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟს, თესალიელ ერისითხონს, რომელმაც გაკაფა მიწათმოქმედებისა და მოსავლის ქალღმერთის დემეტრას წმინდა ტყე. უღირსი საქციელისთვის ქალღმერთმა მას მუდმივი შიმშილით ტანჯვა მიუსაჯა.

ერლიხის სინდრომი
ერლიხის სინდრომი ზედა ღრუ ვენის სინდრომია. მისთვის დამახასიათებელია გულისკენ სისხლის დენის შეფერხება, ვენური წნევის მცირედი მომატება. მძიმე შემთხვევაში აღინიშნება სახისა და კისრის შეშუპება, გულმკერდის შეშუპება სათანადო მხარეს, ზედა კიდურებისა და გულმკერდის კანქვეშა ვენური ქსელის გაფართოება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ესკამილა-ლისერის სინდრომი
ესკამილა-ლისერის სინდრომი წარმოადგენს ატიპურად მიმდინარე მიქსედემას შინაგან ორგანოთა უპირატესი დაზიანებით. მისთვის დამახასიათებელია მიქსედემური გული, კუჭ-ნაწლავის და შარდის ბუშტის ატონია, ასციტი, ანემია, მენორაგია. სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა, ხოლო ცილისა იკლებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ექსტრაპირამიდული სინდრომები
ექსტრაპირამიდულ სინდრომებს მოძრაობის ექსტრაპირამიდული სისტემის რეგულაციის პათოლოგია ახასიათებს. ვლინდება მოძრაობის ორგანიზაციის დარღვევით, კუნთოვანი ტონუსის ცვლილებებით, პოსტურალური არამდგრადობით, მათ შორის – პარკინსონიზმითა და ჰიპერკინეზებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვაარდენბურგის სინდრომი
ვაარდენბურგის სინდრომისთვის დამახასიათებელია ორმხრივი ჰიდროფთალმია (თვალშიგა წნევის მომატებით, თვალის კაკლების დაჭიმვით და მხედველობის ფუნქციის დარღვევებით),  ჰიპერტელორიზმი (რომელიმე წყვილ ორგანოს ან ანატომიურ წარმონაქმნს, მაგ., თვალბუდის შიგნითა კიდეებს, ძუძუს დვრილებს შორის მანძილის გაზრდა), კოშკისებრი თავის ქალა, თუთიყუშის ნისკარტისებრი ცხვირი, გაპობილი მაგარი სასა, ჰიპოპლაზიური ქვედა ყბა, ენის ანომალიური მდებარეობა, დეფორმირებული ყურის ნიჟარები, დისპლაზიური ლავიწი, მუხლის სახსრებში კონტრაქტურა, სინდაქტილია, გულის მანკები და სასქესო ორგანოთა ანომალია.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვაარდენბურგ-კლეინის სინდრომი
ვაარდენბურგ-კლეინის სინდრომი – სიყრუისა და ნაწილობრივი ალბინიზმის თანდაყოლილი შერწყმა დამემკვიდრების ავტოსომურ-დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია სმენის დაქვეითება ან სიყრუე (შუა ყურის დაზიანების გამო), სიმუნჯე, თეთრი ზოლი თმაში, თვალის ფერადი გარსის ჰეტეროქრომია და ჰიპოპლაზია. ავადმყოფი ტანდაბალია; თავის ქალა შეუცვლელია; აღინიშნება ძვლებისა და სახსრების ჰიპოპლაზია, მრავლობითი ფიბრომა, ჰიპერტელორიზმი, ბლეფაროფიმოზი, გლაუკომა, მიკროფთალმია, ბადურას ჰიპოპიგმენტაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვაზოვაგალური სინდრომი
ვაზოვაგალურ სინდრომს ახასიათებს ბრადიკარდია, კანის სიფითრე, არტერიული ჰიპოტენზიისა და გულის წუთმოცულობის დაქვეითება, რაც განპირობებულია ცდომილი ნერვის ტონუსის რეფლექტორული მომატებით და ვლინდება როგორც ორგანიზმის რეაქციის პირველი ხანმოკლე ფაზა სისხლის მწვავე მასიური დაკარგვის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვაიზმენ-დოანის სინდრომი
ვაიზმენ-დოანის სინდრომი წარმოადგენს სპლენოგენურ ნეიტროპენიას. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ლეიკოპენია სპლენომეგალიის ფონზე, ანემია და თრომბოციტოპენია.
მკურნალობის ერთადერთი სწორი მეთოდია სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა). პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ვაინგარტენის სინდრომი
ვაინგარტენის სინდრომს ახასიათებს ჰიპერეოზინოფილია, სპასტიკური ბრონქიტი და კეროვანი ინფილტრაციული ცვლილებები ფილტვებში. სინდრომის განვითარებას განაპირობებს ორგანიზმში პარაზიტების – ფილარიების მოხვედრა. ვითარდება თანდათანობით: თავდაპირველად აღინიშნება ზოგადი სისუსტე დილაობით, ხოლო საღამოობით – ხველა, რომელმაც შესაძლოა მიიღოს ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელი შეტევითი ხასიათი. ხშირად მშრალია, ზოგჯერ – მცირედ ნახველიანი. ვითარდება ცხელება, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. აღინიშნება კუჭნაწლავისმხრივი დარღვევებიც. ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, უმადობას. მუდმივი ნიშანია მაღალი ეოზინოფილია პერიფერიულ სისხლში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვაის-სალცბერგერის სინდრომი
ვაის-სალცბერგერის სინდრომისთვის დამახასიათებელია ქერა, სწორი თმის თანდათანობითი სახეცვლილება მუქ, თითქმის შავ ტალღოვან ხუჭუჭა თმად. მიზეზი უცნობია.

ვალენბეგ-ზახარჩენკოს სინდრომი
ვალენბეგ-ზახარჩენკოს სინდრომს საფუძვლად უდევს მოგრძო ტვინის გარე ნაწილების დაზიანება, რომელიც ხერხემლის ან ნათხემის უკანა ქვედა არტერიის დაცობით არის განპირობებული. ვლინდება პათოლოგიური კერის მხარეს მბგერავი იოგებისა და რბილი სასის დამბლით, სახის კანის მგრძნობელობის დაქვეითებით, ხახისა და ხორხის კუნთების დამბლით, გორნერის სინდრომით (მიოზი, ფსევდოფთოზი და ცალი თვალის ენოფთალმი) და ჰემიატაქსიით (სხეულის ნახევარში მოძრაობის კოორდინაციის მოშლა), ხოლო საპირისპირო მხარეს – მგრძნობელობის დარღვევით.
არტერიის ვარიაბელობის გამო აღწერილია აღნიშნული სინდრომის შემდეგი ვარიანტები:
1. სინდრომს ერთვის თავის ტვინის მეექვსე-მეშვიდე წყვილი ნერვების პარეზი;
2. სინდრომი ხასიათდება ტრიპლეგიით ან ჯვარედინი ჰემიპლეგიით;
3. ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის მოშლა აღინიშნება სახის ორივე ნახევარში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვალდენსტრემ-კიელბერგის სინდრომი
ვალდენსტრემ-კიელბერგის სინდრომს (სინონიმები – პლუმერ-ვინსონის სინდრომი, კელი-პეტერსონის სინდრომი) ახასიათებს პირის ღრუს, სასისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსების ატროფიული ცვლილებები. მიზეზად ზოგიერთი მკვლევარი B ჰიპოვიტამინოზს ასახელებს, ზოგიერთს კი ის მეორეულად მიაჩნია. არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს კიბოსწინარე მდგომარეობაა. გვხვდება ადისონ-ბირმერისა (იგივე ბრინჯაოს დაავადება – ენდოკრინული დაავადება, განპირობებული თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ორმხრივი დაზიანებითა და მისი ჰორმონების არასაკმარისი პროდუქციით; ახასიათებს კანისა და ლორწოვანი გარსების ბრინჯაოსფერი შეფერილობა, სიგამხდრე, არტერიული ჰიპერტენზია, წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, სწრაფად დაღლა, კუნთების სისუსტე) და ჰაემ-ფაბერის დაავადების (უცნობი ეტიოლოგიის თანდაყოლილი დაავადება, რომლისთვისაც დამხასიათებელია რკინადეფიციტური ანემია, აქლორჰიდრია, ოსტეოპოროზი და ჩონჩხის გაძვალების შეფერხება, მტკივნეული ნახეთქების წარმოქმნა პირის კუთხეებში და თითებზე, დისფაგია და გლოსიტი) დროს. ხშირად თან ახლავს ანემია და გასადავებული ენა (იხ. ჰუნტერის ენა). ამ დროს ასევე ხშირად გვხვდება ჰიპოაციდური მდგომარეობა (დაბალი მჟავიანობა), კოილონიქია (ჩაღრმავებული, ფორმით საათის მინის მსგავსი ფრჩხილი; აღინიშნება რკინადეფიციტური ანემიის დროს).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვალერი-რადო-ალაჟუნინ-ჰორტონის სინდრომი
ვალერი-რადო-ალაჟუნინ-ჰორტონის სინდრომისთვის დამახასიათებელია თავის ნახევრის მწვავე ტკივილი, სახის გაწითლება, პულსაციის შეგრძნება, ცრემლდენა და საფეთქლის არტერიისა და სახის არტერიების ტაქტილური ჰიპერესთეზია.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვალკვისტ-გასერის სინდრომი
ვალკვისტ-გასერის სინდრომი წარმოადგენს ქრონიკულ კონსტიტუციურ ნეიტროპენიას ლიმფოციტოზით. ვლინდება ბავშვებში სამ წლამდე. ახასიათებს მორეციდივე ცხელება, ანორექსია, ზომიერი სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და მიკროპოლიადენია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება), ქრონიკული ლეიკოპენია სეგმენტბირთვიანი ლეიკოციტების მნიშვნელოვანი შემცირებით, შედარებითი და აბსოლუტური ლიმფოციტოზი, ზოგჯერ – ეოზინოფილია, ძვლის ტვინში – ნეიტროპენია (ძირითადად სეგმენტბირთვიანი ლეიკოციტების ხარჯზე), ერითრობლასტოპენია.
მკურნალობა სიმპტომურია, პროგნოზი – კარგი. სპონტანური განკურნება აღინიშნება ორი-ოთხი წლის ასაკში.

ვალტერ-ბომანის სინდრომი
ვალტერ-ბომანის სინდრომი წარმოადგენს სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევათა კომპლექსს, რომელიც გამოწვეულია ქვედა ღრუ ვენაზე სისხლის ან ნაღვლის მასიური ზეწოლით ღვიძლის ფიბროზული გარსის ქვეშ. ყველაზე ხშირია ქოლეცისტოქტემიისა და ქოლეცისტოდუოდენოტომიის შემდეგ. ახასიათებს ტაქიკარდია, ჰიპოთერმია, ქოშინი, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი. შედეგი ლეტალურია.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან ბოგარტ-დე ვრის სინდრომი
ვან ბოგარტ-დე ვრის სინდრომი მემეკვიდრეობითი, სქესთან შეჭიდული, გადაცემის რეცესიული ტიპის მქონე პათოლოგიაა. ახასიათებს კანისა და ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები: თანდაყოლილი პოიკილოდერმია (კანის დისტროფიული ცვლილებების კომპლექსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბადისებრი ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფიის გაფანტული უბნების მონაცველობა და ტელეანგიექტაზიები), ტელეანგიექტაზიები, კრუნჩხვის შეტევები, პირამიდული და ექსტრაპირამიდული დარღვევები (იხ. პირამიდული სინდრომები, ექსტრაპირამიდული სინდრომები), დემენცია (შეძენილი ჭკუასუსტობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მენტალური აქტივობის დაქვეითება), ჰემიანოფსია (ნახევრად სიბრმავე, მხედველობის არის ნახევრის გამოვარდნა).
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან-ბიუჰემის სინდრომი
ვან-ბიუჰემის სინდრომი მემკვიდრეობითი, გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპის მქონე გენერალიზებული ჰიპეროსტოზია (ანთებითი პროცესით ან ახალწარმონაქმნის ჩაზრდით განპირობებული ძვლის დიფუზური დაავადება, ძვლოვანი ქსოვილის ჰიპერტროფია), რომელიც აკრომეგალიის მსგავსი გარეგნული ცვლილებებით მიმდინარეობს. თავს იჩენს პუბერტატული პერიოდის შემდეგ აკრომეგალიისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით: ნიკაპის, ცხვირის, ლავიწის ძვლების, თითების გადიდებით. მოგვიანებით ამ სიმპტომებს ერთვის სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ეგზოფთალმი, სახის ნერვის ინტერმიტირებადი პერიფერიული დამბლა, რომელიც კეფის დიდი ხვრელის შევიწროებასა და თავის ქალას ფუძის გასქელებას უკავშირდება. რენტგენოლოგიურად ვლინდება გენერალიზებული ჰიპეროსტოზი. სისხლში კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა ნორმალურია.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან ბოგარტ-მილის სინდრომი
ვან ბოგარტ-მილის სინდრომი პათოლოგიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფრიდრეიხის მემკვიდრეობითი ატაქსიის (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ტვინის გამტარი სისტემებისა და პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დეგენერაციასთან; ვლინდება 8-15 წლის ასაკში მერყევი ნაბიჯებითა და ხშირი დაცემით), მიოკლონიური ეპილეფსიის (ცალკეული კუნთოვანი ჯგუფების ერთეული ან არარეგულარულად განმეორებადი კონვულსიები), არაქნოდაქტილიისა (ანომალიურად გრძელი და მოქნილი თითები) და ოლიგოფრენიის (თანდაყოლილი ან შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც ვლინდება ინტელექტისა და ფსიქიკის განუვითარებლობით) შერწყმა.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან ბოგარტ-ოზეს სინდრომი
ვან ბოგარტ-ოზეს სინდრომი მემკვიდრეობითი დაავადება. ახასიათებს სახის ძვლების ანომალია, კიდურთა დამოკლება, კანის ბადისებრი პიგმენტაცია, კრუნჩხვები და ინტელექტის დაქვეითება თავის ტვინის ზრდის დაუსრულებლობის გამო.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან გოგის სინდრომი
ვან გოგის სინდრომის დროს ფსიქიკური ავადმყოფი თავს იზიანებს (მოიკვეთს სხეულის ნაწილს, ჭრილობებს აყენებს საკუთარ თავს), ანდა გადაჭრით მოითხოვს, გაუკეთონ ქირურგიული ოპერაცია. გამოწვეულია ჰიპოქონდრიული მანიით, ჰალუცინაციებით, იმპულსური გამოვლინებებით. ხშირია შიზოფრენიის დროს.
მკურნალობა პათოგენეზურია.

ვან დერ ვუდის სინდრომი
ვან დერ ვუდის სინდრომს ახასიათებს მემკვიდრეობითი ანომალიების: ქვედა ტუჩის სიმეტრიულად განლაგებული ლორწოვანი კისტომების, ზედა სასის (ზოგჯერ – ზედა ტუჩისაც) გახლეჩის შერწყმა.
მკურნალობა ქირურგიულია.

ვან დერ ჰუვეს სინდრომი I
ვან დერ ჰუვეს სინდრომი I (სინონიმები – ჰუვეს სინდრომი, ლურჯი სკლერების სინდრომი) მემკვიდრეობითი პათოლოგიაა (გადაცემის ტიპი – აუტოსომურ-დომინანტური). მისთვის დამახასიათებელია ძვლების მტვრევადობა, რომელსაც მოსდევს ჩონჩხის დეფორმაცია, სმენის დაქვეითება პროგრესირებადი ოსტეოსკლეროზის გამო და სკლერების მორუხო-მოცისფრო შეფერილობა, გამოწვეული სკლერების გათხელებით და მათი გამჭვირვალობის მომატებით.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან დერ ჰუვეს სინდრომი II
ვან დერ ჰუვეს სინდრომი II (სინონიმები – ვაარდენბურგის სინდრომი, ჰალბერსტემ-ვაარდენბურგის სინდრომი, ვაარდენბურგ-კლაინის სინდრომი) ვლინდება განვითარების მანკებით: ქუთუთოების შიგნითა კიდეების საფეთქლისაკენ გადაადგილებით, წარბების რკალის ნაწილის ჰიპერტროფიით, სხვადასხვა ფერის ფერადი გარსებით, შემოფარგლული ლეიკოდერმიით, სიყრუით ან ყრუმუნჯობით, უფრო იშვიათად – ნისტაგმით, სიელმით, ეპიკანთუსით.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან ვიკ-გრამბახის სინდრომი
ვან ვიკ-გრამბახის სინდრომი წარმოადგენს ენდოკრინულ სიმპტომთა კომპლექსს. სავარაუდოა მემკვიდრეობითი გადაცემა. ახასიათებს: მენსტრუაციის ნაადრევი დაწყება, ჰიპოთირეოზი, გალაქტერეა, სიმფიზის მიდამოს უთმობა, თურქული კეხის გაფართოება.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვან კრეველდის სინდრომი
ვან კრეველდის სინდრომისთვის (სინონიმი – გირკეს დაავადება ანუ სინდრომი) დამახასიათებელია ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა ღვიძლში, თირკმელებში, მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვებით და მისი აუთვისებლობით. თან ახლავს ჩამორჩენა ფიზიკური განვითარების მხრივ, ჰეპატონეფრომეგალია (ღვიძლისა და თირკმელების გადიდება), ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის დაცემა), მომატებული მგრძნობელობა ინსულინის მიმართ. აღინიშნება აგრეთვე კეტოაციდოზი (აციდოზი, რომელიც განპირობებულია სისხლში კეტოსხეულების (აცეტილძმარმჟავა, ბეტა-ოქსიერბოს მჟავა, აცეტონი) სიჭარბით), ჰიპერქოლესტერინემია, ოსტეოქონდროზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ვან ლოჰეიზინის სინდრომი
ვან ლოჰეიზინის სინდრომი სისხლძარღვთა მემკვიდრეობით დისპლაზიას წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია: დაბადებისას – ქაღალდივით თხელი კანი სისხლძარღვოვანი სურათით; კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის არარსებობა; ჰიდროცეფალია (თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგტვინის სითხის, ლიქვორის, რაოდენობა); ეგზოფთალმი (თვალის კაკლების გადმოკარკვლა); მიკროგენია (ქვედა ყბის განუვითარებლობა); ცისფერი სკლერები; მუცლის დარბილება; სისხლში ჰიპერკალციემია. სიმპტომები არ პროგრესირებს, ამიტომ საერთო განვითარება შედარებით ნორმალურად მიმდინარეობს.
მკურნალობა სიმპტომურია.

ვარდენბურგის სინდრომი
ვარდენბურგის სინდრომი (იგივე ცეფალოდაქტილია, დისცეფალოდაქტილია, ფოგტის სინდრომი ანუ ფოგტის დისცეფალოდაქტილია) განვითარების მემკვიდრეობითი ანომალიების კომბინაციაა. სავარაუდოა გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპი. ახასიათებს: ორმხრივი ჰიდროფთალმი (ხასიათდება თვალშიგა წნევის მომატებით, თვალის კაკლების დაჭიმვით და მხედველობის ფუნქციის დარღვევებით), ჰიპერტელორიზმი, კოშკისებრი თავის ქალა, “თუთიყუშის ცხვირი”, გაპობილი სასა, ქვედა ყბისა და ნიკაპის ჰიპოპლაზია, კბილების პათოლოგიური განლაგება, ყურებისა და ლავიწის ანომალიები, გულის თანდაყოლილი მანკები, ცრუ ჰემაფროდიტიზმი (ორგანიზმში არსებობს მხოლოდ ქალის სასქესო ჯირკვლები), კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში ცალი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა), ჰიპოსპადია (მამაკაცის შარდსადენისა და ასოს თანდაყოლილი ანომალია. შარდსადენის გარეთა ხვრელის არსებობა ასოს ვენტრალურ ზედაპირზე ან შორისის მიდამოში), იდაყვისა და მუხლების კონტრაქტურა, სინდაქტილია (განვითარების თანდაყოლილი მანკი – ორი ან მეტი თითის ნაწილობრივი ან სრული შეზრდა) ყველა კიდურზე, ტუჩების გახლეჩა, გვიანი სიყრუე.
მკურნალობა სიმპტომურია.

სინდრომი დ’აკოსტას – დეგოსის

დ’აკოსტას
სინდრომი

დ’აკოსტას სინდრომი (მთის დაავადება) წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციურ დარღვევათა კომპლექსს, რომელიც წარმოიშობა სიმაღლეზე სწრაფად ასვლის დროს. ეტიოპათოგენეზურ მომენტად ასახელებენ დაქვეითებული ატმოსფერული წნევის მოქმდებას. ვლინდება ჰაერის უკმარისობით, ქოშინით, ციანოზით, გულის არეში ტკივილითა და სიმძიმის შეგრძნებით, გულის ფრიალით, წნევის აწევით, ეიფორიით ან აპათიით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით, მოძრაობის კოორდინაციის მოშლით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მხედველობისა და სმენის დარღვევებით, ჰალუცინაციებითა და კრუნჩხვებით, მძიმე შემთხვევებში – ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპებით, კომის განვითარებამდე. ამ მდგომარეობას საფუძვლად უდევს ფსიქოგენური ჰიპერვენტილაციური სინდრომი. თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში განიხილება ვეგეტატიური დისტონიის ჩარჩოებში.
მკურნალობა სიმპტომურია.

დაბინ-შპრინცის
სინდრომი

დაბინ-შპრინცის სინდრომი (სინონიმები: დაბინ-ჯონსონის სინდრომი, შპრინც-ნელსონის სინდრომი) მიეკუთვნება მემკვიდრეობითი პიგმენტური ჰეპატიტების რიცხვს. ამ დროს აღინიშნება ღვიძლის დისტროფიული ხასიათის დაზიანება გენეტიკურად დეტერმინირებული ენზიმოპათიით.
დაბინ-შპრინცის სინდრომის მთავარი ნიშანია ქრონიკული ან ინტერმიტირებული სიყვითლე, რომელიც გამოწვეულია სისხლის პლაზმაში შეკავშირებული ბილირუბინის უპირატესი ან პიგმენტის ორივე ფრაქციის თანაბარი მომატებით.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად.

დადლი-კლინგენშტეინის
სინდრომი

დადლი-კლინგენშტეინის სინდრომი აღინიშნება მლივი ნაწლავის სიმსივნის დროს. მისთვის დამახასიათებელია ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში, შავი განავალი პირღებინების გარეშე, ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა.
მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.

დალზას-ნეტერ-მიუსეს
სინდრომი

დალზას-ნეტერ-მიუსეს სინდრომი არის პირველადი ამენორეა და პირველადი უნაყოფობა, რომელიც განპირობებულია ნაწიბურების არსებობით საშვილოსნოს ღრუში სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზის დროს.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად.

დამუხლული განგლიის
სინდრომი

დამუხლული განგლიის სინდრომი (სინონიმები: ჰანტის სინდრომი, რამზაი- ჰანტის სინდრომი) ჰერპეს ზოსტერის ერთ-ერთი ფორმაა. ახასიათებს გამონაყარი ყურის ირგვლივ, ყურის ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა სახის, კეფისა და კისრის მიდამოს. ხშირია სახის ნერვის ნევრიტი.
მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.

დანბარის
სინდრომი

დანბარის სინდრომი – ეს არის კლინიკური სურათი ე.წ. მუცლის ანგინისა, რომელის მიზეზსაც წარმოადგენს მუცლის აორტის ერთ-ერთი ტოტის – ფაშვის ღეროს – მიჭყლეტა. ამ სინდრომს ახასიათებს მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება პალპაციის დროს, ფაღარათი, აუსკულტაციით ისმინება სისტოლური შუილი ფაშვის არტერიის არეში. ფაშვის ღეროს, ჩვეულებრივ, აწვება ათეროსკლეროზული ან ანევრიზმული სისხლძარღვი, ანდა დიაფრაგმის ჰიპერტროფირებული ნაწილები. ზოგჯერ ეს სინდრომი აღმოცენდება თავად ფაშვის ღეროს ათეროსკლეროზის გამო.
მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.

დანბოლტ-კლოსის
სინდრომი

დანბოლტ-კლოსის სინდრომი (სინონიმი: ბრანდტის სინდრომი) წარმოადგენს აკროდერმატიტს (კიდურების დისტალური ნაწილის კანის ანთებას), რომელიც, ჩვეულებრივ, ორ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. დამახასიათებელია ბუშტუკოვანი გამონაყარი თვალის ირგვლივ, პირთან, ანუსთან, იდაყვთან, მუხლთან, საზარდულ-ბარძაყის ნაოჭთან, თეძოსთან, დუნდულასთან, სადაც შემდეგ ყალიბდება აქერცვლადი გამონაყარი. ამას თან სდევს თმის ცვენა, ონიქოპათია, ფოტოფობია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად.

დანდოლტის
სინდრომი

დანდოლტის სინდრომი ამეგაკარიოციტოზია – თანდაყოლილი პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს მომატებული სისხლდენა და თრომბოციტოპენია სიცოცხლის პირველ კვირებში. მისი მიზეზია ძვლის ტვინში მეგაკარიოციტების მნიშვნელოვანი შემცირება ან არარსებობა. ამეგაკარიოციტოზი შერწყმულია ჩონჩხისა და შინაგანი ორგანოების ანომალიებთან.

დარღვეული შეწოვის
სინდრომი

დარღვეული შეწოვის სინდრომი (მალაბსორბციის სინდრომი) წარმოადგენს სიმპტომთა კომპლექსს, რომელიც ვითარდება წვრილ ნაწლავში აბსორბციის დარღვევის შედეგად. ახასიათებს ნივთიერებათა ცვლის (ცილოვანი, ცხიმოვანი, მინერალური, წყალმარილოვანი, ვიტამინოვანი) მოშლა. ის  შეიძლება იყოს პირველადიც – გენეტიკური ენზიმოპათიის (ფერმენტოპათია) შედეგი – და მეორეულიც, დაკავშირებული თირეოტოქსიკოზთან,  ჰიპოპიტუიტარიზმთან (ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით; შესაძლო გამოვლინებებია გასუქება ან კახექსია, ჯუჯობა, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვა), გულის უკმარისობასთან, უმთავრესად კი კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებასა და დიგესტიურ (საჭმლის მომნელებელ) ტრაქტზე ოპერაციული ჩარევის შედეგად განვითარებულ ცვლილებებთან.
დარღვეული შეწოვის სინდრომის დროს აღინიშნება მუდმივი სტეატორეა (ცხიმოვანი განავალი – განავალში ნეიტრალური ცხიმის, ცხიმოვანი მჟავების ან საპნების მომატებული შემცველობა) და კრეატორეა (განავალში გადაუმუშავებელი კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების შემცველობის მომატება). დამახასიათებელია ძლიერი სისუსტე, კვების დაქვეითება კახექსიამდე, ოსტეოპოროზი, მძიმე შემთხვევაში – ოსტეომალაცია, კანისა და ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები, სხეულის შეშუპება. შესაძლოა განვითარდეს პოლიგლანდულარული უკმარისობა (ჰიპოფიზის მიერ ტროპული ჰორმონების წარმოქმნის დაქვეითება ან სრული შეწყვეტა, რასაც თან სდევს ჰიპოთირეოზი, ჰიპოკორტიციზმი და ჰიპოგონადიზმი, ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის სეკრეციის დაქვეითება), ღვიძლის ალიმენტური ციროზი,  ანემია,  ჰიპოპროტეინემია (დარღვეული შეწოვის სინდრომის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის იხ. მალაბსორბციის სინდრომი).

დაუნის
სინდრომი

დაუნის სინდრომი გენეტიკური პათოლოგიაა, რომელიც გონებრივი ჩამორჩენილობით, ძვლების ზრდის დარღვევითა და სხვა ფიზიკური ანომალიებით ვლინდება. მის საფუძველს ქრომოსომის ანომალია წარმოადგენს: ამ დარღვევის მქონე პირებს 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვთ. ზედმეტი ქრომოსომა უჯრედების მომწიფების დარღვევის გამო წარმოიქმნება. სწორედ იგი განაპირობებს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევას.
ყოველ 800-1000 ახალშობილზე დაუნის სინდრომის 1 შემთხვევა მოდის. სინდრომი მამაკაცებსა და ქალებში ერთნაირი სიხშირით გვხვდება.
არსებობს დაუნის სინდრომის სამი ტიპი: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.

  • ტრისომია დაუნის სინდრომის ასიდან 95 შემთხვევაში აღინიშნება. ამ დროს დედის ან მამის სასქესო უჯრედის დაყოფისას (მეიოზი) არ ხდება 21-ე წყვილი ქრომოსომის განცალკევება და განაყოფიერების შემდეგ წარმოიქმნება ტრისომიული ზიგოტა. ამ შემთხვევაში ორგანიზმის ყველა უჯრედი ანომალიის მატარებელია. რატომ ხდება ასე, დღემდე დაუდგენელია.
  • ტრანსლოკაცია აღენიშნება დაუნის სინდრომის მქონე 100 ადამიანიდან ერთს. ამ დროს უჯრედის დაყოფისას 21-ე ქრომოსომა წყდება და მიემაგრება სხვა ქრომოსომას, ყველაზე ხშირად – მე-14-ს. უჯრედებში ქრომოსომათა რაოდენობა ისევ 46-ია, მაგრამ 21-ე ქრომოსომის დამატებითი ნაწილი იწვევს დაუნის სინდრომს. მიიღება არაბალანსირებული კარიოტიპი.
  • მოზაიციზმი ყველაზე იშვიათი ფორმაა. იგი დაუნის სინდრომის მქონეთა 1-2%-ს აქვს. ამ დროს ემბრიონის დაყოფის დროს არ ხდება 21-ე ქრომოსომის დაშორება და წარმოიქმნება უჯრედების ორი ტიპი: ზოგი ბირთვი 46 ქრომოსომას შეიცავს, ზოგი კი 47-ს. ეს ფორმა შედარებით მსუბუქია, რადგან ანომალია ყველა უჯრედში არ აღინიშნება, თუმცა რთულია მისი დადგენა პრენატალური დიაგნოსტიკის დროს.

გთავაზობთ დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნების ჩამონათვ¬ალს. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს  რამდენიმე მათგანი ან თითქმის ყველა.
ყველაზე გავრცელებული ფიზიკური ნიშნებია:

  • კუნთთა დაბალი ტონუსი – ჰიპოტონია;
  • ბრტყელი პროფილი;
  • ცხვირის ფართო, ჩაღრმავებული ხიდი, პატარა ცხვირი;
  • თვალის ირიბი ჭრილი;
  • დეფორმირებული (დისპლაზიური) ყური;
  • მოკლე, ფართო ხელები, ხელისგულზე – ერთი ღრმა ხაზი;
  • მე-5 თითზე ორის ნაცვლად ერთი მოსახრელი სახსარი;
  • დიდი დაშორება ფეხის პირველ და მეორე თითებს შორის;
  • პატარა პირი;
  • პირთან შედარებით დიდი ენა;
  • განიერი ტერფი პატარა თითებით;
  • მოკლე კისერი;
  • პატარა თავი;
  • ეპიკანტუსი – თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ:

  • გულის თანდაყოლილი მანკი;
  • საჭმლის მონელების პრობლემები;
  • ბავშვობის პერიოდის ლეიკემია;
  • მხედველობისა და სმენის დარღვევები.

ამ დაავადებების უმეტესობა დღეს იკურნება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა.
დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გვიან სწავლობს ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, გვიან ითვისებს საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ ჩვევებს.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმი. მათი წყენინება ადვილია. ამავე დროს ისინი სწრაფად რეაგირებენ მეგობრულ და მშვიდ დამოკიდებულებაზე. მათ უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლეები, არიან ცნობისმოყვარენი.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ნელა სწავლობენ და ნელა ეუფლებიან სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევებს, მაგრამ ძალიან მონდომებულნი არიან; მეტად შედეგიანია მათი წახალისება სწავლებისა და აღზრდის პროცესში.
არც ერთი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა გარეგნული მსგავსება დიდია. მათ, ისევე როგორც სხვა ბავშვებს, განსხვავებული უნარ-შესაძლებლობები და ნიჭი აქვთ. უმეტესობას აქვს მსუბუქი და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა, მცირე ნაწილს კი ძლიერი.
სადღეისოდ დაუნის სინდრომი არ იკურნება, მაგრამ ეფექტურია სიმპტომური მედიკამენტური მკურნალობა, აქტიური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური პროგრამები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები.
ამჟამად არსებობს მრავალი საშუალება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების, მანკის მკურნალობა და ეფექტური ქირურგიული ჩარევა;
  • ადეკვატური, ბალანსირებული დიეტა ნაკლები ცხიმითა და ნახშირწყლებით;
  • სმენისა და მხედველობის დარღვევების მკურნალობა: ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით, ქირურგიული მეთოდით;
  • ბავშვის შესაძლებლობათა ფსიქოლოგიური შეფასება და მისი სწავლებისთვის ადეკვატური სტრატეგიის შემუშავება;
  • მეტყველების თერაპია;
  • ჩვევებისა და ფიზიკური თერაპია;
  • ადრეული ასაკის ინტერვენციის პროგრამები, რაც ნიშნავს ბავშვის სენსორული და მოტორული განვითარების სტიმულირებას ადრეული ასაკიდან, სპეციალური პირობების შექმნას მისი შემეცნებითი აქტივობისთვის.


დაღლის ქრონიკული
სინდრომი

დაღლის ქრონიკული სინდრომი (ქრონიკული დაღლილობის სინდრომი) არის მდგომარეობა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრად განსაზღვრული სტატუსი და რომლის ძირითადი გამოვლინებაა ადვილად დაღლა. დაღლის სინდრომი რამდენიმე კვირას გრძელდება ან განიცდის რეციდივს. მისი ახსნა ამ პერიოდში სხვა დაავადების არსებობით ან ფიზიკური გადაღლით ვერ ხერხდება. დაღლილობა მკვეთრად ძლიერდება გონებრივი დატირთვის შემდეგ და არ იკლებს დასვენებისა და ცხოვრების მრავალ სფეროში აქტიურობის შეზღუდვის შემთხვევაში.
დაღლის ქრონიკული სინდრომი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. იგი უმთავრესად 25-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება.
სინდრომის პათოგენეზი უცნობია. მის განვითარებას ხშირად უკავშირებენ გადატანილ ინფექციას, დარღვევებს იმუნური და ნერვული სისტემების მხრივ, ხშირად ფსიქოგენურ დაავადებადაც განიხილავენ.
დაღლის ქრონიკული სინდრომის წარმოშობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვირუსებს, ფსიქიკურ ფაქტორებსა და იმუნური რეაქციის არასპეციფიკურ აქტიურობას. სინდრომის ვირუსული ბუნების სასარგებლოდ მეტყველებს მისი აღმოცენება ზოგიერთი ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ. პოტენციურ გამომწვევად მიიჩნევა ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ენტეროვირუსი, რეტროვირუსი. ვირუსს შეუძლია სინდრომის პროვოცირება, მაგრამ მისი ხანგრძლივობა იმუნიტეტზეა დამოკიდებული. იმუნურ დარღვევათა სპექტრი (ჰომორულიც და უჯრედულიც) არ არის მუდმივი და აქვს არასპეციფიკური ხასიათი.
დაღლის ქრონიკული სინდრომის მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • იმუნური სისტემის ცვლილებები და მისი ჰიპერრეაქტიულობა;
  • ცვლილებები ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის მხრივ (კორტიზოლის შემცველობის დაქვეითება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მატების ფონზე);
  • უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევა;
  • დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ;
  • ორგანიზმში ვირუსის ან ბაქტერიის არსებობა;
  • გენეტიკური ცვლილებები.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაღლის ქრონიკული სინდრომის სიმპტომები ხშირად მოულოდნელად იჩენს თავს სრული ჯანმრთელობის ფონზე. დაავადება შეიძლება დაიწყოს ჩვეულებრივი გაციების მსგავსად – თავის ტკივილით, სურდოთი, ყელის ტკივილით, სახსრებში მტვრევის შეგრძნებით. რამდენიმე ხნის შემდეგ ყურადღებას იქცევს:

  • პროგრესირებადი დაღლა და სისუსტე;
  • შრომის უნარის დაქვეითება;
  • ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა);
  • დეპრესია, სწრაფი მოთენთვა, თავის ტკივილი, კისრისა და საზარდულის ლიმფური კვანძების ტკივილი, ყურადღების კონცენტრირების უნარის პროგრესირებადი დარღვევა, აზროვნების აქტიურობის შემცირება და ემოციების დაქვეითება;
  • კუნთების სისუსტე და სახსრების ტკივილი.

დაღლის ქრონიკული სინდრომი არ პროგრესირებს. ზოგჯერ სიპტომატიკა თანდათანობით სუსტდება, მაგრამ მხოლოდ ავადმყოფების მცირე ნაწილი გამოჯანმრთელდება მთლიანად. სიმპტომები მძაფრდება ფიზიკური გადაძაბვის და ემოციური სტრესის ფონზე. ავადმყოფთა უმრავლესობას შეუძლია პროფესიული ან საოჯახო საქმეების შესრულება, მაგრამ ვერ ასრულებს სამუშაოს, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს. სიმპტომების კვალობაზე, ავადმყოფი შეიძლება იყოს ინფექციონისტის, რევმატოლოგის, ალერგოლოგის ან ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ ეს მეთვალყურეობა უშედეგოა, რადგან დაავადების მიზეზი არ არის ცნობილი. როგორც წესი, ასეთ ავადმყოფებს უსვამენ ნეიროვეგეტაციური დისტონიის ან ნევროზის დიაგნოზს და უნიშნავენ შესაბამის მკურნალობას, მაგრამ მას დადებითი შედეგი არ მოაქვს, ხდება დაავადების გაქრონიკულება, რაც იმუნურ და ნერვულ სისტემებში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.
დაღლის ქრონიკული სინდრომის დიაგნოსტიკა რთულია. სწორი დიაგნოზის დასასმელად ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიური მაჩვენებლის, ამა თუ იმ პარამეტრის შესწავლა, გამოხატულ სიმპტომთა შეფასება-შეჯერებაა საჭირო, ამიტომ აუცილებლად მიიჩნევა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევის რამდენჯერმე ჩატარება. თუმცა უნდა ითქვას, რომ დეტალური გამოკვლევაც კი ვერ ავლენს ცვლილებებს – ლაბორატორიული პარამეტრების ნორმიდან გადახრას, ენდოკრინულ და იმუნურ დარღვევებს და სხვ., ამიტომ აუცილებლად მიიჩნევა უფრო დეტალური იმუნური გამოკვლევის ჩატარება.
მკურნალობა. დაღლის ქრონიკული სინდრომის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მნიშვნელოვანია სიმპტომური თერაპია.
გამოვლინების კვალობაზე, ინიშნება:

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები – სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამცირებლად;
  • ანტიჰისტამინური საშუალებები – ალერგიული რეაქციების შემთხვევაში;
  • იმუნოკორექტორები;
  • ანტიდეპრესანტები;
  • ვიტამინები (B ჯგუფისა), მიკროელემენტები – მაგნიუმი, თუთია, რკინა, გერმანიუმი, სელენი. მაგნიუმი მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან შედის ატფ-ს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი წყაროა ბუნებრივი ენერგიისა, რომელიც აუცილებელია ამ პათოლოგიის დროს.

ასევე მიზანშეწონილია ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა, მაგრამ ხანგრძლივი დასვენება ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

დე ბარსი-მოან-დირკის
სინდრომი

დე ბარსი-მოან-დირკის სინდრომი წარმოადგენს კანის, თვალისა და ტვინის მემკვიდრეობითი ანომალიების შერწყმას. ამ დროს გამოხატულია ტანდაბლობა, ოლიგოფრენია, დამახასიათებელი სახე (გამოდრეკილი შუბლი, პატარა პირი, წვრილი ტუჩები, თვალის ფართო ჭრილი, ჰიპერტელორიზმი, დიდი ნიჟარები), განუვითარებელი დისპლაზიური ხელის მტევნები და ტერფები, გენერალიზებული კუნთოვანი ჰიპოტონია მყესთა მომატებული რეფლექსებით, მშრალი, გამჭვირვალე, არაელასტიკური კანი. ვითარდება უპირატესად დუნდულებზე, კისერზე, იღლიებსა და საზარდულის მიდამოში, თვალის რქოვანა გარსის შემღვრევა, ფიქსაციური ნისტაგმი, პათოლოგიური ელექტროენცეფალოგრამა კეროვანი ნიშნების გარეშე. რენტგენოპნევმოენცეფალოგრაფია ავლენს პარკუჭთა დიფუზურ გაფართოებას და თავის ტვინის ქერქის ატროფიას.
მკურნალობა სიმპტომურია.

დებლერის
სინდრომი

დებლერის სინდრომი ჰემოლიზური ანემიის იშვიათი ფორმაა. ვლინდება ჩვილ ასაკში ზრდაში ჩამორჩენით, გულისრევით, ღებინებით, დიარეით ან შეკრულობითა და ჰეპატოსპლენომეგალიით (ღვიძლისა და ელენთის ზრდით). შესაძლოა, ახლდეს ცხელება და პორფირინურია (პიგმენტ პორფირინის გამოყოფა შარდში). მოგვიანებით თავს იჩენს ჰიპოქრომული ანემია, ერითრობლასტოზი, რეტიკულოციტოზი, ანიზოციტოზი, პოლიქრომაზია, მიკროციტოზი. ერითროციტების ოსმოსური რეზისტენტობა დაქვეითებულია. რემისიას ხელს უწყობს სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა).

დებრეს
სინდრომი

დებრეს სინდრომი (სინონიმი: ჟულიენ-მარი-დებრეს სინდრომი) ანუ ნეიროდერმატოზური სინდრომი, მცოცავი ტკივილი მთელ სხეულში (განსაკუთრებით – კიდურებში). ახასიათებს რბილი დამბლები,  ჰიპორეფლექსია, მასიური გენერალიზებული შეშუპება. გრძელდება 2-3 კვირას, მერე კი უკუიქცევა. გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ბანალური ინფექციის გადატანის შემდეგ.

დებრე-დე ტონი-ფანკონის
სინდრომი

დებრე-დე ტონი-ფანკონის სინდრომი – გლუკოამინური ფოსფატ-დიაბეტი – მემკვიდრეობითი პათოლოგიაა. დამემკვიდრების ტიპი ავტოსომურ-რეცესიულია. უშუალო მიზეზია თირკმელების პროქსიმულ მილაკებში ფოსფორის, ამინმჟავების, ნახშირწყლებისა და ბიკარბონატების რეაბსორბციის დარღვევა. ვლინდება სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს და მეორე წლის დასაწყისში პოლიურიით, ჰიპოსტენურიით,  არტერიული ჰიპერტენზიით, ჰიპორეფლექსიით, ძვლოვანი სისტემის რაქიტისმაგვარი ცვლილებებითა და ძვლების სპონტანური მოტეხილობებით.

დებრე-სემელენის
სინდრომი

დებრე-სემელენის სინდრომი მიოპათიის ჰიპერტროფიული ფორმაა ბავშვებში პარათირეოზის დროს. ხასიათდება კუნთებისა და ენის ზრდით, კუნთების ტკივილით, მოძრაობის შენელებით. ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის შედეგად კუნთების დაზიანება რამდენიმე თვის განმავლობაში რეგრესირებს.

დებრე-ფიბიგერის
სინდრომი

დებრე-ფიბიგერის სინდრომი (სინონიმი: ფსევდოადისონის სინდრომი), იგივე ინტერრენალური ანდროგენული ინტოქსიკაცია, თირკმელზედა ჯირკვლის პარადოქსული უკმარისობა, ფსევდოპილოროსტენოზი, ადრენოგენიტალური სინდრომია მარილების დაკარგვით. მისთვის დამახასიათებელია დეჰიდრატაცია, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალიემია,  ნატრიუმის მომატებული გამოყოფა შარდთან ერთად. განეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს დამემკვიდრების ავტოსომურ-რეცესიული ტიპით და განპირობებულია კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზის დარღვევით.

დე ვრის
სინდრომი

დე ვრის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით დაავადებას – ჰემორაგიული სინდრომის შერწყმას ხელისგულის განვითარების ანომალიასთან და მტევნის მეორე და მესამე თითების სინდაქტილიასთან.


დე ლანგეს სინდრომი I

დე ლანგეს სინდრომი I თანდაყოლილი სისტემური დაავადებაა მრავალი დეგენერაციული ანომალიის კომბინაციით. ვლინდება დიფუზური კუნთოვანი ჰიპოტროფიით,  ექსტრაპირამიდული და გონებრივი განვითარების დარღვევებით. ახალშობილები ნაკლებმოძრავნი არიან, ცუდად წოვენ, მიდრეკილნი არიან დიარეისკენ, აღენიშნებათ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების მხრივ ჩამორჩენა. ავადმყოფებს აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: მიკროცეფალია ან მიკრობრაქიცეფალია, ფართო შუბლი, მოკლე ცხვირი. გარდა ამისა, აღინიშნება ჰიპერტელორიზმი, ჰიპერპლაზიური ქვედა ყბა, პატარა ტერფები და მტევნები, სინდაქტილია, თაღისებრი სასა, ოლიგოფრენია, ხერხემლის ანომალიები.

დე ლანგეს სინდრომი II

დე ლანგეს სინდრომი II (სინონიმები: ბრუკ-დე ლანგეს სინდრომი) თანდაყოლილი კუნთოვანი ჰიპერტროფია და თავის ტვინის თანდაყოლილი დაზიანებაა. მისთვის დამახასიათებელია თავის ტვინის განვითარების თანდაყოლილილი მანკები (თავის ტვინის ატროფია, ზოლიანი სხეულის პირველადი დეგენერაცია და სხვ.). ავადმყოფებს აღენიშნებათ თანდაყოლილი კუნთოვანი ჰიპერტროფია ფსევდოათლეტური გარეგნობით: თავი დიდი და დისპლაზიურია, ასევე დიდია ყურის ნიჟარები და ენა. კანი და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ატროფიულია. აღინიშნება ფიზიკური განვითარების მხრივ ჩამორჩენა და დებილიზმი.

დე მორსიეს სინდრომი

დე მორსიეს სინდრომი (სინონიმები: კალმანის სინდრომი, დე მორსიე-გოტიეს სინდრომი) ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შეუღლებაა ანოსმიასთან. მისი ნიშნებია სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), მცირე საერთო თმიანობა, სახეზე თმის სრული უქონლობა. ავადმყოფს არ აქვს ყნოსვა, პოლუცია, ერექცია იშვიათია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, გულმკერდი – დეფორმირებული, ზედა ტუჩი და მაგარი სასა – გაპობილი, აღინიშნება ჰიპერტელორიზმი, სიყრუე. სასქესო ქრომატინი ორგანიზმში არ არის, კარიოტიპი 46 XY.
მკურნალობა გულისხმობს ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას გონადოტროპული საშუალებებით.

დე სანკტის-კაკონის
სინდრომი

დე სანკტის-კაკონის სინდრომი (სინონიმი: ქსეროდერმული იდიოტია) მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სიმძიმის ჭკუასუსტობით, პიგმენტური ქსეროდერმიით, დაბალი ტანით, სასქესო ორგანოების ჰიპოპლაზიით, ნევროლოგიური მოშლილობებით.

დეგოსის სინდრომი

დეგოსის სინდრომი (სინონიმები: დეგოს-დელორ-ტრიკოს სინდრომი) უცნობი ეტიოლოგიის იშვიათი სიმპტომოკომპლექსია, რომელსაც კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება ახასიათებს. აღინიშნება მამაკაცებში. საწყისი ნიშანია გამონაყარი ნახევარსფეროს ფორმის პაპულების სახით. განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება ტანზე, კეფაზე, იშვიათად – კიდურებზე. რამდენიმე კვირის შემდეგ პაპულები ქრება და მყარ, ყვავილისმაგვარ ატროფიულ ნაწიბურებს ტოვებს. გამონაყარიდან რამდენიმე კვირის, თვის, ზოგჯერ წლის შემდეგ კი თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (მრავლობითი პერფორაცია, უპირატესად – წვრილი ნაწლავისა), რომლის პირველი ნიშანია მუცლის მკვეთრი შეტევითი ტკივილები, ზოგჯერ – მწვავე მუცლის სიმპტომები. შეტევა იწყება ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მთავრდება ფაღარათით. შესაძლოა აღინიშნებოდეს ნერვული სისტემის დაზიანებაც. დაავადების მიმდინარეობა მძიმეა.

სინდრომი დევიკის – დერკუმის

დევიკის სინდრომი

დევიკის სინდრომი ზურგის ტვინისა და მხედველობის ნერვის დემიელინიზებადი დაზიანებების შერწყმაა, მაგრამ არა ყოველთვის ერთდროული; ვლინდება მხედველობის დაქვეითებით სიბრმავემდე, დამბლებით, მგრძნობელობისა და მენჯის ორგანოთა ფუნქციის დარღვევით. რიგ შემთხვევაში წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის კლინიკურ ვარიანტს, ზოგიერთი შემთხვევა დამოუკიდებელ დაავადებად (დევიკის დაავადება) განიხილება.

დელ კასტილიო-აუმადას
სინდრომი

დელ კასტილიო-აუმადას სინდრომისთვის (სინონიმები: აუმადას სინდრომი, არგონე-დელ კასტილიოს სინდრომი, ფორბე-ოლბრაიტის სინდრომი) დამახასიათებელია ენდოკრინულ დარღვევათა ტრიადა: ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა), გალაქტორეა (სარძევე ჯირკვლებიდან რძის თავისთავადი გამოყოფა), შარდში გონადოტროპინთა შემცველობის დაქვეითება. უმეტესად მემკვიდრეობითი წარმოშობისაა და უკავშირდება ჰიპოფიზის ადენომატოზს ან სიმსივნეს. გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტური გზით. ვლინდება ახალგაზრდა ქალებში, რომელთაც არ გადაუტანიათ ორსულობა და მშობიარობა.
მკურნალობა გულისხმობს გამომწვევი პათოლოგიის მკურნალობას.

დელბანკოს სინდრომი

დელბანკოს სინდრომის მიზეზია სასქესო ასოს თავის მორეციდივე ანთება და სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლა. კლინიკურად ვლინდება სასქესო ასოს თავის პროგრესიული ატროფიით, შარსადინარის გარეთა ხვრელის დავიწროებითა და ლეიკოპლაკიის სიმპტომებით. როცა ზემოაღნიშნულის მიზეზი სასქესო ასოზე ოპერაციული ჩარევაა, შტუმერის სინდრომზე საუბრობენ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დელეი-დენიკერის
სინდრომი

დელეი-დენეკერის სინდრომი, იგივე ნეიროლეპტიკური სინდრომი, წარმოადგენს ექსტრაპირამიდული ნეიროლეპტიკური სინდრომის ვარიანტს, რომელიც ვითარდება როგორც ნეიროლეპტიკური საშუალებებით მკურნალობის გართულება (ხშირად – თერაპიული კურსის დასაწყისში). ახასიათებს ნევროლოგიური, ფსიქიკური და ვეგეტატიური მოშლილობების თანაარსებობა, კერძოდ, კუნთოვანი ტონუსის ჰიპერკინეტიკურ-ჰიპერტონული ცვლილებები და აკინეზიის მოვლენები: მოუსვენრობა, სხეულის მდებარეობის მუდმივი ცვლისკენ მიდრეკილება, ტაქიკინეზია (მოძრაობისა და სიარულის დაუოკებელი სურვილი). ფსიქიკური სფეროს დარღვევები გამოიხატება გულჩათხრობილობით, გარშემო მყოფთა მიმართ ინტერესის დაკარგვით, გუნება-განწყობის დაქვეითებით, ბრადიფრენიით, ცუდი ძილით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დელიუსის სინდრომი

დელიუსის სინდრომი არის ნეიროცირკულარული დისტონია, რომელიც ვითარდება პერიფერიული სისხლჩაქცევის დისრეგულარული მოშლის შედეგად. ამ დროს გამოიხატება ცვალებადი ერითემა სახეზე, კისერსა და მკერდზე ლაქების სახით, რასაც წინ უძღვის აკროციანოზი, კიდურების გაცივება, ტერფებისა და ხელისგულების ჰიპერჰიდროზი. ანგიოგრაფიულად დასტურდება პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი ან გაფართოება.
სინდრომი მეორეულია ან წარმოადგენს სხვა დაავადების, მაგალითად,  ჰიპერტენზიული დაავადების, წინარე სტადიას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დემარკე-რიშეს სინდრომი

დემარკე-რიშეს სინდრომი განვითარების მემკვიდრეობითი ანომალიაა, რომელიც პირის მიდამოს უპირატესი დაზიანებით გამოიხატება. დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. პირის მიდამოს დაზიანებებიდან აღსანიშნავია კურდღლის ტუჩი, მგლის სასა, ქვედა ტუჩის ფისტულა, ჰიპოდონტია. სხვა ნიშნებია ტანმორჩილობა, გულის მანკები, წელის მალების საკრალიზაცია.
მკურნალობა ოპერაციულია.

დემაჟ-ოპენჰეიმის
სინდრომი

დემაჟ-ოპენჰეიმის სინდრომი ან დაავადება ქვედა სპასტიკური პარაპარეზია. აღწერილია თავის ტვინის სისხლძარღვთა დიფუზური სკლეროზის დროს ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დემონ-მეიგს-კოსის
სინდრომი

დემონ-მეიგს-კოსის სინდრომის (სინონიმები: დემონ-მეიგსის სინდრომი, კოს-მეიგსის სინდრომი, მეიგს-კოსის სინდრომი, მეიგსის სინდრომი ანუ ტრიადა) დროს დასტურდება სითხის დაგროვება პერიტონიუმსა და პლევრის ღრუში და საკვერცხის ფიბრომა. ანალოგიური ნიშნები შესაძლოა გამოიხატოს საკვერცხის სხვა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დროსაც. გვხვდება უმთავრესად ხანში შესულ ქალებში. საკვერცხის სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ პლევრისა და მუცლის ღრუში სითხე ქრება.

დელ კასტილიოს
სინდრომი

დელ კასტილიოს სინდრომი (სინონიმი: ტესტიკულარული დისგენეზიის სინდრომი) ასპერმიისა და სათესლეების შემცირების თანაარსებობაა. პათოლოგია მემკვიდრეობითია, დამემკვირდება ხდება X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპით.
სიმპტომები: მამაკაცი ფიზიკურად და სქესობრივად ნორმალურად არის განვითარებული, სათანადოდ აქვს გამოხატული მეორეული სასქესო ნიშნები, მაგრამ აღენიშნება სათესლე ჯირკვლების ჰიპოპლაზია და უნაყოფობა (აზოოსპერმია).
შარდში დაქვეითებულია 17-კს-ის (კეტოსტეროიდები) შემცველობა (17-კს ჰორმონია, რომელიც წარმოადგენს ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) დაშლის პროდუქტს და გამოიყოფა შარდთან ერთად). ბიოფსია ავლენს სპერმატოგენეზის სრულ არარსებობას და ტერმინალური ეპითელიუმის აპლაზიას. სერტოლისა და ლეიდიგის უჯრედები ნორმაშია (სერტოლის უჯრედები – სათესლე კლაკნილი მილაკების ეპითელიუმის ტროფიკული და საყრდენი უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფს მამრობითი სასქესო უჯრედების განვითარებას; ლეიდიგის უჯრედები – მეზენქიმური წარმოშობის ეპითელური უჯრედები, რომლებიც მდებარეობს სათესლის კლაკნილ მილაკებს შორის შემაერთებელქსოვილოვან შუა შრეებში; ვარაუდობენ, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონს).
დელ კასტილიოს სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დიფერენცირება კლაინ-ფელტერის სინდრომისა და ჰიპოგონადიზმის სხვა ფორმებისგან.
მკურნალობა არ ტარდება, ვინაიდან უპერსპექტივოა.

დემპინგსინდრომი

დემპინგსინდრომი, იგივე ოპერირებული კუჭის სინდრომი (სინონიმები: პოსტგასტრექტომიური სინდრომი, მლივი ნაწლავის სინდრომი, ალბატროს სინდრომი) უვითარდება ზოგიერთ ავადმყოფს კუჭის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთის შემდეგ. განპირობებულია ნაწლავში საკვების დაჩქარებული ევაკუაციით, სისხლში შაქრის კონცენტრაციის დაქვეითებით.
განასხვავებენ ადრეულ და გვიან დემპინგსინდრომს.
ადრეული დემპინგსინდრომი აღენიშნება ოპერირებულ პაციენტთა უმრავლესობას ოპერაციის შემდგომ უახლოეს პერიოდში ან მოგვიანებით. პაციენტთა 30%-ს მსუბუქად უვლინდება, 10%-ს – მძიმედ. განვითარება და ინტენსივობა ოპერაციის ხასიათზეა დამოკიდებული: მაქსიმალურია ბილროტ-I-ის მეთოდით ჩატარებული რეზექციის დროს, შედარებით ნაკლებადაა გამოხატული ბილროტ II-ის დროს და ყველაზე ნაკლებად – ვაგოტომიის შემთხვევაში. დემპინგ-რეაქციის განვითარების მიზეზია გადაუმუშავებელი საკვების სწრაფი გადასვლა წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში, რაც იწვევს ნაწლავის სანათურში უჯრედგარე სითხის გადანაცვლებას, ნაწლავის კედლის გაჭიმვას და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების (ჰისტამინის, სეროტონინის, კინინების) გამოყოფას. ამ პროცესების შედეგად მცირდება მოციკულირე სისხლის მოცულობა, ვითარდება ვაზოდილატაცია და ძლიერდება ნაწლავთა პერისტალტიკა.
სიმპტომები და მიმდინარეობა. საკვების, უპირატესად – ტკბილეულისა და რძის ნაწარმის მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ თავს იჩენს სისუსტე, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სიცხის შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, ყურყური, კოლიკისებრი (ჭვლისებრი) ტკივილი და ფაღარათი. გამოხატული დემპინგსინდრომის დროს ავადმყოფები იძულებულნი არიან, ჭამის შემდეგ მიიღონ ჰორიზონტალური მდგომარეობა. დიაგნოსტირება ხდება კლინიკისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემების საფუძველზე.
გვიანი დემპინგსინდრომი (ჰიპოგლიკემიური) საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ ვითარდება. იგი უკავშირდება ადრეული დემპინგ-რეაქციის დროს ინსულინის ჭარბ გამოყოფას, რასაც სისხლში შაქრის მომატება ახლავს თან. ინსულინის გამოყოფის მატება სისხლში შაქრის დონის დაქვითებას განაპირობებს.
სიმპტომები და მიმდინარეობა: აღსანიშნავია სისუსტე, შიმშილის ძლიერი შეგრძნება, მწვავე ტკივილი ეპიგასტრიუმში, კანკალი, თავბრუხვევა, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, სიფითრე, ოფლიანობა. მცირე რაოდენობის საკვების (განსაკუთრებით – ნახშირწყლოვანის) მიღების შემდეგ ეს სიმპტომები გაივლის, ამიტომ ავადმყოფები ხშირად თან ატარებენ შაქარს, ნამცხვარს და ჰიპოგლიკემიის პირველივე სიმპტომების შემჩნევისას ჭამენ.
დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სიმპტომებს, შეტევის დროს სისხლში შაქრის დონის დაწევას.
დემპინგსინდრომის კლასიფიკაცია სიმძიმის ხარისხის მიხედვით:

  • მსუბუქი დემპინგრეაქცია წარმოიშობა მხოლოდ რძისა და ტკბილი პროდუქტების მიღებისას. ახასიათებს უმნიშვნელო სისუსტე, პულსის გახშირება 10-15 დარტყმამდე წუთში. შეტევა ნახევარ საათამდე გრძელდება, სხეულის მასის დეფიციტი არ აღემატება 5 კგ-ს, შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია.
  • საშუალო სიმძიმის დემპინგრეაქცია წარმოიშობა ყოველგვარი საკვების მიღებისას. რეაქციის პიკზე ავადმყოფი იძულებულია დაწვეს. პულსი იმატებს წუთში 20-30 დარტყმით, არტერიული წნევა მიდრეკილია სისტოლური მაჩვენებლის მომატებისკენ. შეტევა გრძელდება დაახლოებით 1 საათს. მასის დეფიციტი შეადგენს 10 კგ-ს. შრომისუნარიანობა დაქვეითებულია.
  • მძიმე დემპინგსინდრომი ყოველგვარი საკვების მიღებისას ვითარდება. ავადმყოფი მწოლიარე ჭამს და 2-3 საათს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში რჩება. პულსი წუთში 30 დარტყმით იმატებს, არტერიული წნევა ლაბილურია, ზოგჯერ აღინიშნება ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, კოლაფსი. სხეულის მასის დეფიციტი აღემატება 10 კგ-ს, შრომისუნარიანობა ძლიერ დაქვეითებულია.

მკურნალობა. დემპინგსინდრომს მკურნალობენ როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მეთოდებით.
კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს ცილებით მდიდარ და ნახშირწყლებით (განსაკუთრებით – მარტივით) ღარიბ დიეტას. კვება უნდა იყოს 5-6-ჯერადი, თხიერი და მაგარი საკვების მიღება ცალ-ცალკე და მცირე ულუფებით უნდა ხდებოდეს. წვრილ ნაწლავში საკვების სწრაფად გადასვლის შესაფერხებლად ინიშნება ნოვოკაინი, ანესთეზინი, ანტიჰისტამინური პრეპარატები (პიპოლფენი, სუპრასტინი), რეზერპინი, ინსულინი ჭამის წინ. ნაჩვენებია ჩანაცვლებითი თერაპია: კუჭის წვენი, მარილმჟავა, პანზინორმი, ფესტალი, ვიტამინები.
ქირურგიულ მკურნალობას შედარებით იშვიათად მიმართავენ. იგი ნაჩვენებია მძიმე დემპინგსინდრომის დროს სამკურნალო კვებისა და ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში.

დენდი-უოკერის სინდრომი

დენდი-უოკერის სინდრომი დიზრაფიული სტატუსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მისთვის დამახასიათებელია ტრიადა: ჰიდროცეფალია, ნათხემის ჭიის აპლაზია ჰიპოპლაზიისა და უკანა ფოსოს კისტის (ზოგჯერ – მე-4 პარკუჭში ჩაზრდით) სახით. კლინიკურად ვლინდება ჩვილებში – ჰიდროცეფალიით, კეფის ძვლის დამახასიათებელი გამოდრეკით, უკანა ფოსოს დაზიანების ნიშნებით (ბულბური ნერვების პარეზი, ნისტაგმი, სხეულის ატაქსია). სხვა კლინიკური სიმპტომებია ქალაშიდა წნევის მომატება, ქალას ნერვების დაზიანება, ატაქსია. მოსალოდნელია გონებრივი ჩამორჩენა. არცთუ იშვიათად თან ახლავს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და შარდსასქესო სისტემის განვითარების მანკები. რენტგენოლოგიურად ვლინდება კეფის ძვლების გამოდრეკით და მკვეთრი გათხელებით. ადრე მას მაჟანდისა და ლუშკას ხვრელების შეხორცებას უკავშირებდნენ. ამჟამად საერთო დიზრაფიული სტატუსის კერძო გამოვლინებად მიიჩნევენ. ამრიგად, შეიძლება შეგვხვდეს როგორც იზოლირებულად, ისე სხვა დიზრაფიულ მოვლენებთან (სინდაქტილია, პოლიდაქტილია და სხვ.) შერწყმით.
მკურნალობა ქირურგიულია.

დენი-ბრაუნის სინდრომი I

დენი-ბრაუნის სინდრომი I (სინონიმი: ეატონ ლამბერტის სინდრომი) ვითარდება ნელა პროგრესირებადი წვრილუჯრედოვანი ბრონქოკარცინომის დროს. ვლინდება კუნთების სისუსტით, განსაკუთრებით – მენჯის, ბარძაყის მიდამოში, ადვილად დაღლით, პირის სიმშრალით, პარესთეზიებით, მყესთა ღრმა რეფლექსების მოშლით, ატაქსიით, ნისტაგმით, დიზართრიით, ინტენსიური კანკალით, თავბრუთი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დენი-ბრაუნის სინდრომი II

დენი-ბრაუნის სინდრომი II – ცერებრული წარმოშობის ნეირომიოპათია კიბოს დროს (უპირატესად – ბრონქოგენური კიბოს შემთხვევაში), რომელიც შეიძლება შეგვხვდეს მეტასტაზების არსებობის გარეშეც. მიზეზად მიიჩნევენ ნერვულ სისტემაზე სიმსივნის ქიმიურ და ტოქსიკურ ზემოქმედებას, ვიტამინების ათვისების დარღვევას, ჰორმონულ დარღვევებს, იმუნურ ძვრებს, ვირუსულ ზემოქმედებას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დენი-ბრაუნის სინდრომი III

დენი-ბრაუნის სინდრომი III, იგივე კაროტიდული სინდრომი, ნევროლოგიური სიმპტომოკომპლექსი, ვითარდება საძილე არტერიის სტენოზის ან დახშობის დროს. აღინიშნება უეცარი ცალმხრივი ამავროზი, კონტრლატერალური ჰემიპარეზი და ჰომონიმური ჰემინოფსია, ხშირია აფაზია, აგრაფია, აკალკულია, ალექსია, აუტოტიპაგნოზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დენი-კორბელის სინდრომი

დენი-კორბელის სინდრომი თირკმლის, ტვინისა და თვალის მემკვიდრეობით ანომალიათა შერწყმაა. თირკმლის პროქსიმული მილაკების ფუნქციის მოშლას თან ახლავს ჰიპერკალციურია, ჰიპერფოსფატურია, აციდოზი, ჰიპოკალიემია, ზომიერი ჰიპოკალციემია, გონებრივი ჩამორჩენილობა, დაბალი ან ჯუჯა ტანი, ჰიდროფთალმი, მეორეული გლაუკომა, მხედველობის დაქვეითება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დენი მარფანის სინდრომი

დენი მარფანის სინდრომი თანდაყოლილი სიფილისური დამბლაა. საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება თანდაყოლილი ათაშანგით დაავადებულ ბავშვებში. ახასიათებს კიდურების სპასტიკური დამბლა, გონებრივი განუვითარებლობა, ციება, კრუნჩხვები, ნისტაგმი, კატარაქტა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დენტ-ფრიდმენის სინდრომი

დენტ-ფრიდმენის სინდრომი (სინონიმი: ვროლიკის დაავადება) მემკვიდრეობითი იდიოპათიური იუვენილური ოსტეოპოროზია. გადაცემა ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. ვლინდება მკვეთრი ოსტეოპოროზით ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, სკლერების მოცისფრო შეფერილობით და არასრულყოფილი ოსტეოგენეზით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დენტოპულმონური
სინდრომი

დენტოპულმონური სინდრომი (სინონიმი: ვენეკლაასის სინდრომი, დენტობრონქული სინდრომი) წარმოადგეს ქრონიკულ ბრონქიტს, რომელიც აღინიშნება კბილების გამოხატული ინფექციის დროს. ახასიათებს ხანგრძლივი ხველა, დილაობით – შეტევის სახით, ქრონიკული ხანგრძლივი ინფექცია, პაროდონტოზი, ლიმფატიკურ-ექსუდაციური დიათეზი, ნორმალური ან მომატებული ედსი, შედარებითი ლიმფოციტოზი, რენტგენოლოგიურად – ფილტვის კარის სიმეტრიული გამკვრივება ფილტვების გაძლიერებული სურათით. უმეტესად ავადმყოფობენ ბავშვები, რომლებსაც სარძევე კბილები ჯერ არ მოუცვლიათ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დეჟანის სინდრომი

დეჟანის სინდრომი აღინიშნება თვალბუდის ფსკერზე მიმდინარე პათოლოგიური პროცესის დროს. ვლინდება ეგზოფთალმით, მხედველობის გაორებით, ზედა ყბის ძლიერი ტკივილით და მგრძნობელობის დაკარგვით სამწვერა ნერვის პირველი და მეორე ტოტის საინერვაციო ზონაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დეჟერინის სინდრომი I

დეჟერინის სინდრომი I, იგივე დიფტერიული ფსევდოტაბესი – ვლინდება ატაქსიითა და ღრმა მგრძნობელობის დარღვევით დიფტერიის დროს.

დეჟერინის სინდრომი II

ცნობილია გარდამავალი სიკოჭლის სახელწოდებითაც. უკავშირებენ ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას სიფილისის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დროს. კლინიკურად დამახასიათებელია გარდამავალი დამბლა ან პარეზი. როგორც წესი, დასაწყისში უფრო მკვეთრად ვლინდება ერთ-ერთ ქვედა კიდურზე, თუმცა საბოლოოდ შესაძლოა მყარი ქვედა პარაპლეგია ჩამოყალიბდეს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დეჟერინ-კლიუმბეკის
სინდრომი

დეჟერინ-კლიუმბეკის სინდრომი, იგივე დეჟერინ-კლიუმბეკის დამბლა, მხრის წნულის ქვედა ნაწილის სინდრომი – მაჯისა და წინამხრის ხელისგულის მხარის კუნთების პერიფერიული დამბლაა. ერთდროულად აღინიშნება მგრძნობელობითი მოშლილობა იდაყვისა და შუა ნერვების საინერვაციო ზონაში. ხელის დისტალურ ნაწილში ვაზომოტორული დარღვევებია. ვითარდება კისრის VII და VIII ნერვებისა და გულმკერდის I ზურგტვინის ნერვის დაზიანების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დეჟერინ-თომას სინდრომი

დეჟერინ-თომას სინდრომი, იგივე დეჟერინ-თომას დაავადება, ოლივოპონტოცერებრული დისტროფია, ოლივოპონტოცერებრული ატროფია – ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესული დაავადებაა. ახასიათებს დისტროფიული პროცესი უმთავრესად ნათხემის თეთრ ნივთიერებაში, ვაროლის ხიდში, ხიდის საკუთარ ბირთვებსა და ქვედა ოლივების განგლიოზურ უჯრედებში. ვლინდება ნათხემის დაზიანების ნიშნებით, კუნთის ტონუსის ექსტრაპირამიდული ცვლილებებით, ინტელექტის დაქვეითებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დეჟერინ-დავალ-პიგშეფის
სინდრომი

დეჟერინ-დავალ-პიგშეფის სინდრომი, იგივე ალკოჰოლური ფსევდოტაბესი, ალკოჰოლური პოლინევრიტია. მისთვის დამახასიათებელია ტკივილი, პარესთეზია, ღრმა მგრძნობელობის გამოვარდნა, ფსევდოტაბესური ატაქსია, ფსიქიკის შეცვლა (მეხსიერების დაქვეითება – ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების გახსენების სირთულე).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დეჟერინ-რუსის სინდრომი

დეჟერინ-რუსის სინდრომი (მხედველობის ბორცვის სინდრომი, თალამური სინდრომი) აღინიშნება თალამუსის დაზიანების დროს. ჩვეულებრივ, იგი სისხლძარღვოვანი გენეზისაა. ვლინდება სხეულის ნახევარში მგრძნობელობის მოშლით, მსუბუქი პარეზითა და კოორდინაციის დარღვევით, საგნების შეცნობის უნარის სრული ან თითქმის სრული დაკარგვით. თან ახასიათებს მუდმივი ინტენსიური ტკივილები პარალიზებულ კიდურებში, ხელისა და ფეხის უნებლიე, ქორეოათეტოზური მოძრაობები დაზიანებულ მხარეს, ხელების ატიპური მდებარეობა (თალამური ხელი), მიმიკის დარღვევა სიცილისა და ტირილის დროს (მიმიკური კუნთების თვითნებური მოძრაობები შენარჩუნებულია).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დეჟერინ-სუკა-სიკარის
სინდრომი

დეჟერინ-სუკა-სიკარის სინდრომი (სინონიმი – მუხლისებრი კვანძის სინდრომი) წარმოადგენს ყურის მწვავე ტკივილის შერწყმას გამონაყართან გარეთა სასმენ ხვრელში და გემოვნების მოშლასთან ენის 2/3-ში. ვითარდება, როდესაც შიგნითა ყურის მიდამოში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს თან სდევს მუხლისებრი კვანძის დაზიანება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

დერკუმის სინდრომი

დერკუმის სინდრომი (სინონიმები – დერკუმის დაავადება, მტკივნეული ლიპომატოზი) ნეიროენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც კანქვეშა უჯრედებში ჩნდება მრავლობითი მტკივნეული 0,5-5 სმ ზომის ლიპომა – დიფუზურად ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნი. ეს წარმონაქმნები უმეტესად ტანსა და კიდურებზეა ლოკალიზებული. დამახასიათებელია ტკივილი ცხიმის დაგროვების მიდამოში, კანის ქავილი, ადინამია, ასთენია, აპათია, ემოციური ლაბილურობა, რეაქტიული დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, იპოქონდრია, ზოგჯერ – დემენცია.
დერკუმის სინდრომი იშვიათია. ავადდებიან უპირატესად ჭარბწონიანი ქალები საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (კლიმაქსის შემდგომ პერიოდში). ამ დროს, ჩვეულებრივ, აღინიშნება ამენორეა და ეკქიმოზიც.
სინდრომი უკავშირდება ჰიპოთალამური არის დაზიანებას ან მენოპაუზის თანმხლებ ჰორმონულ დარღვევებს. ლიპომები ნელ-ნელა, წლობით იზრდება. უმეტესად თავისთავად ქრება, მაგრამ არც მათი გაავთვისებიანებაა გამორიცხული. ამ ფონზე ხშირად ვითარდება გულის უკმარისობა, რაც პროგნოზს ამძიმებს.
დერკუმის სინდრომის დროს რეკომენდებულია ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვა. ინიშნება ფსიქოტროპული საშუალებები (ტრანკვილიზატორები და სხვა). ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

სინდრომი გულის კახექსიის – გუტმან-ფროილენთალის

გულის კახექსიის
სინდრომი

გულის კახექსიის სინდრომი მორფოლოგიური გამოვლინებაა. ამ დროს აღინიშნება გულის ზომებისა და მასის შემცირება (150-200 გ), ეპიკარდიუმის ატროფია, მიოკარდიუმის რუხი ატროფია, იშვიათი არაბაქტერიული თრომბოენდოკარდიტი. გულის კახექსიის ძირითადი მიზეზებია სიმსივნური დაავადება, გამოხატული ტუბერკულოზური და ენდოკრინული დარღვევები.
მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.
გულის ტამპონადის დროს წინაგულებისა და პარკუჭების სისხლით ავსება ირღვევა და იმატებს დიასტოლური წნევა, რის შედეგადაც  გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობა საგრძნობლად მცირდება. სითხის მოცულობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ტამპონადა, მკვეთრად განსხვავებულია. ის უკუპროპორციულია სითხის დაგროვების სიჩქარისა და პერიკარდიუმის პარიესული (გარეთა ფურცლის) სისქისა და პირდაპირპროპორციულია პარკუჭთა კედლის სისქისა. მაგალითად, თუ სითხე სწრაფად გროვდება პერიკარდიუმის ღრუში, ტამპონადის განვითარებისთვის შესაძლოა 200 მლ-მაც კი იკმაროს, ხოლო თუ სითხის დაგროვება ნელ-ნელა მიმდინარეობს, პერიკარდიუმი თანდათან იწელება (იჭიმება) და შესაძლოა ორ ლიტრამდე სითხეც კი დაიტიოს. კრიტიკული მოცულობა მით უფრო მეტია, რაც უფრო სქელია პარკუჭთა კედლები და მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მცირეა პერიკარდიუმის სისქე.
გულის ტამპონადა შესაძლოა ძალზე სწრაფად განვითარდეს, ვინაიდან პერიკარდიუმის დაბალი წევადობის გამო მის ღრუში თუნდაც მცირე რაოდენობის სითხის აკუმულირებამ განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა პერიკარდიუმის შიდა წნევის მკვეთრი მომატება გამოიწვიოს. გულის ტამპონადა მაშინ ვითარდება, როდესაც პერიკარდიუმის ღრუში არსებული წნევა გულის საკნებში დიასტოლის დროს არსებულს უტოლდება. თავდაპირველად ზეწოლას განიცდის გულის მარჯვენა განყოფილებები და ღრუ ვენები, რომლებშიც დიასტოლური წნევა ისედაც დაბალია. შემდეგ, პერიკარდიუმის ღრუში წნევის მატების კვალდაკვალ, დიასტოლური წნევა პროგრესულად იმატებს გულის მარცხენა ნახევარშიც.

სიმპტომები
გულის ტამპონადის ნიშნებია: გულის მოყრუების საზღვრების გადიდება, პარადოქსული პულსი, ფილტვებში შეგუბების არარსებობა, რენტგენოსკოპიის დროს გულის პულსაციის შესუსტება, გულის ჩრდილის გადიდება და სპეციფიკური ელექტროგრაფიული მონაცემები. გულის ტამპონადის დროს სისხლის ნაკადის მოძრაობა განსაკუთრებით გაძნელებულია ღვიძლის ვენებში, რომლებიც დამატებით ზეწოლას განიცდის პერიკარდიუმის მხრიდან (ფაქტობრივად – დიაფრაგმის გადაცემით, გარედან). ყოველივე ეს პერიფერიულ შეშუპებებთან შედარებით ასციტის ადრეულ განვითარებას განაპირობებს. გულის ტამპონადის დროს ფილტვებში შეგუბება, წესისამებრ, არ აღმოცენდება, რადგან მარჯვენა პარკუჭის სუსტი ავსების გამო სისხლი ფილტვებში შეზღუდული რაოდენობით ხვდება. ამ დროს ჩივილები არასპეციფიკურია. ავადმყოფი უჩივის ქოშინს, სისუსტეს, თავბრუხვევას, ტამპონადის ნელი განვითარებისას – მუცლის გადიდებას, გულმკერდისა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ ტკივილსაც. მნიშვნელოვანი სადიაგნოზო ნიშანია პარადოქსული პულსი, რაც გულისხმობს ჩასუნთქვისას სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითებას ვერცხლისწყლის სვეტის 10 მმ-ზე მეტი მაჩვენებლით. პარადოქსული პულსის გამოსავლენად ავადმყოფს სთხოვენ, ნელა და ღრმად ისუნთქოს. ამ დროს ტონომეტრით ზომავენ არტერიულ წნევას. მძიმე შემთხვევებში ჩასუნთქვისას პულსი სუსტდება ან სრულიად ქრება.
პარადოქსული პულსის მექანიზმი ასეთია: ღრუში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების ან შედარებით მცირე მოცულობის სითხის სწრაფი მოხვედრის გამო პერიკარდიუმი ვერ იწელება. ჩასუნთქვისას (ისევე როგორც ნორმაში) გულის მარჯვენა განყოფილებებში სისხლის ნაკადი იმატებს, მარჯვენა წინაგული ფართოვდება,  პარკუჭთაშუა ძგიდე მარცხენა პარკუჭში ჩაიზნიქება, რის გამოც ამ უკანასკნელის მოცულობა საგრძნობლად მცირდება. ქოშინი აძლიერებს პლევრული წნევის მერყეობას და აღრმავებს დარღვევებს.

მკურნალობა
გულის ტამპონადა დაუყოვნებლივ მკურნალობას – პერიკარდიოცენტეზს – მოითხოვს. პერიკარდიოცენტეზი პერიკარდიუმის პუნქციასა და ღრუდან სითხის ასპირაციას (ამოქაჩვას) გულისხმობს. მას უმეტესად მარცხენა მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეში პუნქციით ატარებენ. განსაკუთრებით აშკარა კლინიკურ ეფექტს იძლევა პირველი 25-50 მლ სითხის ასპირაცია. პერიკარდიოცენტეზის შემდგომი ტაქტიკა გულისხმობს ძირითადი დაავადების აქტიურ მკურნალობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტამპონადის რეციდივი (გამეორება). თუ ეს ვერ მოხერხდა, პერიკარდიუმის ღრუში კათეტერს ათავსებენ მუდმივი დრენირებისთვის და მედიკამენტების შესაყვანად. იშვიათად ქირურგიულ ჩარევასაც მიმართავენ – სრულ ან ნაწილობრივ პერიკარდექტომიას ანუ გულის პერანგის მოკვეთას.

გულმკერდის ზედა
აპერტურის კომპრესიული
სინდრომი

გულმკერდის ზედა აპერტური მცირე ზომის სივრცეა, რომელიც ლავიწითა და პირველი ნეკნით არის შემოსაზღვრული. ამ ხვრელიდან ზედა კიდურებთან მიდის სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები. ზოგ შემთხვევაში (ნეკნის, ლავიწის ან კუნთის ზეწოლისას) ეს სივრცე  ვიწროვდება, რაც ზემოთ ჩამოთვლილი წარმონაქმნების მიჭყლეტას იწვევს. ამგვარად აღმოცენდება ზედა აპერტურის სინდრომი.
იმის მიხედვით, იჭყლიტება თუ არა გულმკერდის ზედა აპერტურში ნერვები, არტერიები ან ვენები, ეს პათოლოგია სხვადასხვანაირად ვლინდება. შემთხვევათა 95%-ში გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის გამოვლინება ნერვების კომპრესიასთან არის დაკავშირებული. 3-4%-ში მიჭყლეტილია ვენა (რომლითაც სისხლი ზედა კიდურებიდან გულისკენ მიედინება). ამასთან, ვენის მიჭყლეტის ადგილას ჩნდება თრომბი, რაც ტკივილს და ხელების შეშუპებას განაპირობებს. დანარჩენ 1-2%-ში გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი ვლინდება არტერიაზე ზეწოლის გამო. ზედა კიდურების მსხვილი არტერიების ხანგრძლივი კომპრესია ასევე იწვევს თრომბის განვითარებას მათ სანათურში და შემდგომ – ხელის მთელ სისხლძარღვში, რაც იშემიური ნეკროზის წინაპირობაა.

მიზეზები
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის მიზეზი ყველაზე ხშირად არის დამატებითი  ნეკნი, ლავიწის ან პირველი ნეკნის მოტეხილობა, ანდა, მაგალითად, მხრის ჩამოშვება კუნთოვანი ტონუსის სისუსტის გამო. გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი გვხვდება იმ ახალგაზრდებშიც, რომელთა სამუშაო ხელის განმეორებად მოძრაობებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ ხელების ასეთი მოძრაობისას ხდება ლავიწის პირველ ნეკნზე ზეწოლა, რაც გულმკერდის ზედა აპერტურის შევიწროებას იწვევს. იშვიათად ზოგიერთი ინვაზიური  ჩარევის ან დიაგნოსტიკური პროცედურის, მაგალითად, ანგიოპლასტიკის ან რიტმის ხელოვნური გამტარის ჩადგმის შემდეგ სისხლძარღვის სანათურში ჩნდება თრომბი, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის განვითარებას.

სიმპტომები და მიმდინარეობა
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის გამოვლინება იმაზეა დამოკიდებული, ნერვია მიჭყლეტილი თუ სისხლძარღვი. ყველაზე ხშირად კომპრესიას განიცდის არა რომელიმე ერთი კომპონენტი, არამედ  რამდენიმე, რაც მრავალფეროვან სიმპტომებს იწვევს. გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის ყველაზე გავრცელებული ნიშანია ხელის შეშუპება, ხელის ან მტევნის სისუსტე, ხელში დაღლილობის შეგრძნება, რომელიც ძლიერდება ხელის თავს ზემოთ აწევისას. გარდა ამისა, ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს ხელში ჩხვლეტის შეგრძნებას და დაბუჟებას (ნერვის მიჭყლეტის გამო), ზედა კიდურების (მხრიდან თითებამდე) ტკივილს.
სამწუხაროდ, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის გამოვლინება ხშირად არასპეციფიკურია, რაც შესაძლოა დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცეს.

დიაგნოსტიკა
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ნიშნეულია ბევრი სისხლძარღვოვანი თუ ნერვული დაავადებისთვის (ოსტეოქონდროზი, რეინოს დაავადება და სხვა). თავდაპირველად ექიმმა უნდა გამოკითხოს პაციენტი, გაიგოს, რას უჩივის იგი და რას უკავშირებს ამ ჩივილების განვითარებას. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს გამოკვლევა, დაზუსტდეს ხელისა და მხრის მოძრაობის სიფართოვე. გარდა ამისა,  იყენებენ ე.წ. ედსონის მეთოდს: ავადმყოფი ხელებს მაღლა სწევს და ექიმი უსინჯავს პულსს სხივების არტერიაზე ნეკის არეში. გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დროს არტერიის პულსაცია ქრება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ეს ტესტი ჯანმრთელ ადამიანებსაც დადებითი აქვთ.
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

  • კისრის ან მხრის რენტგენოგრაფია;
  • დოპლერული ექოსკოპიური გამოკვლევა;
  • ნერვის გამავლობის გამოკვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ფლებოგრაფია ან არტერიოგრაფია.

მკურნალობა
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის მკურნალობა დამოკიდებულია როგორც მის მიზეზზე, ისე გამოვლინებაზე. მაგალითად, თუ მთავარი მიზეზი ზედა კიდურების სისხლძარღვების დამატებითი ნეკნით მიჭყლეტაა, მაშინ ექიმი პირველ რიგში ამ მიზეზის მოშორების თაობაზე იძლევა რეკომენდაციას. სხვა შემთხვევაში მკურნალობა იწყება ვარჯიშებით, რომლებიც მიზნად ისახავს კუნთების გაძლიერებას გულმკერდის ზედა აპერტურის მიდამოში. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებს მხრის კუნთოვან სარტყელს და ნერვსა და ზედა კიდურების სისხლძარღვებზე ზეწოლის შემცირების საშუალებას იძლევა. შესაძლოა, საჭირო გახდეს კუნთების რელაქსანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, ტკივილგამაყუჩებლებისა და სტეროიდული ჰორმონების დანიშვნა. გარდა ამისა, ეფექტურია სითბური პროცედურები და  დაზიანებული არის მასაჟი.
დაავადების ადრეულ სტადიაზე  ბევრი პაციენტი ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების შემდეგ შვებას გრძნობს, მაგრამ თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა.
ოპერაციული მკურნალობა  გულისხმობს  გულმკერდის ზედა აპერტურის დეკომპრესიას – დამატებითი ნეკნის (თუ მიზეზი ეს იყო) ან პირველი ნეკნის მოშორებას, რის შედეგადაც ფართოვდება გულმკერდის ზედა აპერტურის სივრცე. გარდა ამისა, ქირურგმა შეიძლება გაჭრას პირველ ნეკნზე მიმაგრებული ზოგიერთი მცირე ზომის კუნთი, ასევე დანაწიბურებული ქსოვილი, რომელიც ნერვს ჭყლეტს.
ხელის ვენების თრომბით დაცობის შემთხვევაში ქირურგი შეეცდება თრომბი სპეციალური ნივთიერების შეყვანით დაშალოს. ამ პროცედურას თრომბოლიზისი ეწოდება.
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დროს ზედა კიდურების არტერიების მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში, რაც ხანგრძლივი კომპრესიის შედეგია, ქირურგმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს მათი აღდგენა შუნტირებით ან სტენტირებით.

გულმკერდის მცირე კუნთის
სინდრომი

გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომი (სინონიმი – რაიტის სინდრომი) განპირობებულია ლავიწქვეშა არტერიასა და მხრის წნულზე პათოლოგიურად შეცვლილი გულმკერდის მცირე კუნთით ზეწოლით. იგი იწყება II-V ნეკნებიდან, მიემართება ცერად ზემოთ და ლატერალურად, მოკლე მყესებით ემაგრება ბეჭის ნისკარტისებრ მორჩს. ამ ადგილას შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვოვან-ნერვული კონის კომპრესია გულმკერდის მცირე კუნთით.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომი შესაძლოა აღმოცენდეს გულმკერდის ყაფაზის ტრავმის გამო კუნთის გადაგვარების, გულმკერდის მცირე კუნთის ჰიპერტროფიის, ამ კუნთის ხანგრძლივი ტრავმატიზების შედეგად. გარდა ამისა, სისხლძარღვებისა და ნერვების კომპრესია შესაძლოა განვითარდეს მუშაობის, ძილის ან დატვირთვის დროს ხელის ზედმეტად გადაწევით მაღლა და უკან.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომის პროვოცირებას იწვევს ზოგიერთი პროფესიისთვის (მღებავი, მხატვარი, ავტომობილების ხელოსანი და სხვა) დამახასიათებელი ხელის განმეორებითი მოძრაობები, ასევე – ძილის დროს ხელების თავქვეშ ამოდების ჩვევა. ახასიათებს ტკივილი და პარესთეზიები გულმკერდის წინა ზედაპირზე და ბეჭის არეში. ტკივილი გადაეცემა მხრის შიდა ზედაპირს, წინამხარს, მტევნებს, რასაც მოძრაობა აპროვოცირებს; აღინიშნება მოძრაობის შეზღუდვა შუა ნევრვის ინერვაციის უბანში, II-III თითების სისუსტე, ზედა კიდურების კუნთოვანი სარტყლის ჰიპოტონია და მოძრაობის შეზღუდვა მხრის სახსარში, აკროციანოზი, წინამხრებისა და მტევნების შეშუპება. სხივის არტერიაზე პულსი ქრება ხელის მაღლა აწევისას და დაავადებული ხელის მტევნის კეფაზე მიდებისას. გულმკერდის მცირე კუნთის პალპაცია (როცა ავადმყოფს ხელები მაღლა აქვს აწეული) ტკივილს იწვევს, ხელით შეიგრძნობა, რომ ეს კუნთი გასქელებული და დაძაბულია.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომის დიაგნოსტირება ხდება სიმპტომების საფუძველზე, ხელის მაქსიმალური განზიდვის დროს დადებითი სინჯების (ტკივილის გაძლიერება, პარესთეზია, ხელზე პულსაციის შემცირება), ნოვოკაინით ბლოკადის დადებითი ეფექტის მიხედვით.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომის დროს ტარდება ბლოკადა ნოვოკაინით და ჰიდროკორტიზონით, ელექტროფორეზი, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური საშუალებები. ეფექტურია ნემსით თერაპია.
კონსერვატიული თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

გულისმიერი კახექსიის
სინდრომი

გულისმიერი კახექსიის სინდრომი ვითარდება სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში. ამ დროს სისხლის პლაზმაში იმატებს ლაქტატის შემადგენლობა, ნაწლავებში ირღვევა აბსორბციის პროცესი, აღინიშება ანორექსია, ასიმილაციის პროცესების დარღვევა და სასუნთქი მუსკულატურის გაძლიერებული მუშაობის გამო იმატებს ენერგიის ხარჯვა. გულისმიერ კახექსიის სინდრომს, ისევე როგორც საზოგადოდ კახექსიას, ახასიათებს მკვეთრი სიგამხდრე, ფიზიკური სისუსტე, ფიზიოლოგიური ფუნქციების დაქვეითება, ასთენია, მოგვიანებით კი აპათიაც.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად.

გუნის სინდრომი

გუნის სინდრომი პალპებრულ-მანდიბულური (ქუთუთოსა და ქვედა ყბასთან დაკავშირებული) სინკინეზიაა (უნებლიე მოძრაობა), რომელიც აღინიშნება თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვის თანდაყოლილი განუვითარებლობით გამოწვეული ცალმხრივი ფთოზის დროს. პირის გაღებასა და ქვედა ყბის ჯანმრთელი თვალისკენ განზიდვას თან ახლავს ჩამოშვებული ქუთუთოს აწევა.
მკურნალობა ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.

გუჟეროს სინდრომი

გუჟეროს ანუ პლურიგლანდულარული სინდრომისთვის (სინონიმები: ფალტის სინდრომი, გუჟერო-ფალტის სინდრომი) დამახასიათებელია მშრალი დანაოჭებული კანის შეუღლება კბილების ნაადრევ დაცვენასთან, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებასთან, ფსიქიკურ და ფიზიკურ ასთენიასთან, აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ატროფიის დროს.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.

გუჟერო-ბლუმის
სინდრომი

გუჟერო-ბლუმის სინდრომი პურპუროზული პიგმენტური ლიქენოიდური დერმატიტია. შედის კანის ჰემოსიდეროზების (რკინაშემცველი პიგმენტის, ჰემოსიდერინის, ჭარბი ჩალაგება კანში) ჯგუფში. გუჟერო-ბლუმის სინდრომი განპირობებულია ქვედა კიდურების კაპილარიტით და ახასიათებს ბარძაყებზე, დუნდულებსა და წვივებზე სიმეტრიულად განლაგებული გამონაყარი (ლიქენოიდური პურპუროზული პაპულები, პეტექიები, ტელეანგიექტაზიები, ბადისებრი პიგმენტაცია).
მკურნალობის მიზანია სისხლძარღვთა კედლების გამაგრება. ანთებითი პროცესის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემები.

გუჟერო-კარტოს
სინდრომი

გუჟერო-კარტოს სინდრომი (სინონიმი – ვიშესაქსის პაპილომატოზი), იგივე პაპულოზური პაპილომატოზი, გაურკვეველი წარმოშობის დერმატოზია. კლინიკურად ვლინდება წვრილი წითელი, სწრაფი გამუქებისა და გარქოვანებისკენ მიდრეკილი პაპულების გაჩენით. პაპულები ერთმანეთს ერწყმის და რომბისებრ კერებს ქმნის. ეს კერები უპირატესად მკერდზე, ბეჭის ძვლებს შორის და ხელისგულებზეა ლოკალიზებული. სინდრომმა თავი შესაძლოა ბავშვობაშივე იჩინოს, მაგრამ უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში გვხვდება.

გუჟერო-ჰუვერ-
სეგრენ-მიკულიჩის
სინდრომი

გუჟერო-ჰუვერ-სეგრენ-მიკულიჩის სინდრომი (სინონიმები: მიკულიჩ-სეგრენის სინდრომი, სეგრენის ანუ შეგრენის სინდრომი, მულოკ-ჰუვერ-გუჟერო-სეგრენის სინდრომი, მიკულიჩ-გუჟერო-სეგრენის დაავადება, პრედტეჩენსკი-გუჟერო-სეგრენის სინდრომი) ქსეროდერმატოზია, რომლის დროსაც საქმე გვაქვს გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უკმარისობასთან. მისთვის დამახასიათებელია მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, პირისა და ცხვირის ღრუს სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერტროფია და ნერწყვის გამოყოფის უკმარისობა, კუჭის სეკრეციის უკმარისობა ან სრული დათრგუნვა, კუჭქვეშა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის მოშლა; კანი მშრალია, იქერცლება, დეპიგმენტირებულია, შესაძლოა ეგზემის განვითარება; თან ახლავს ქრონიკული პოლიართრიტი, კბილებისა და ძვლების კალციფიცირების დარღვევა, კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი, სისხლში – დისპროტეინემია,  ჰიპოქრომული ანემია, რკინის ნაკლებობა, ფიბრინოგენის კონცენტრაციის მომატება. გვხვდება უმეტესად ქალებში კლიმაქსის ან მენოპაუზის პერიოდში, აგრეთვე – ახალგაზრდა ასაკშიც ოვარიული უკმარისობის დროს.
გუჟერო-ჰუვერ-სეგრენ-მიკულიჩის სინდრომის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად.

გურევიჩის
სინდრომი

გურევიჩის სინდრომისთვის დამახასიათებელია წონასწორობის დარღვევა თვალის კაკლების მოძრაობის დროს, რასაც თან ახლავს ყურების შუილი, თავბრუხვევა და ღებინება. აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებმაც გადაიტანეს თავის ქალას მძიმე ტრავმა ან აქვთ ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
გურევიჩის სინდრომის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სიმპტომურ თერპიას ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.

გურმანის
სინდრომი

გურმანის სინდრომი შესაძლოა წარმოიშვას თავის ტვინის საფეთქლის წილის ორგანული დაზიანების (ენცეფალიტის, ქალა-ტვინის ტრავმის) დროს. ახასიათებს დახვეწილი საკვებისადმი მიდრეკილება, რასაც ზოგჯერ პათოლოგიური გაუმაძღრობა ერწყმის.
მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.

გუტერეს-ნორიეგოს
სინდრომი

გუტერეს-ნორიეგოს სინდრომი არის ფსიქიკური დარღვევები ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. ახასიათებს ინტელექტის დაქვეითება, ფიქსაციური ამნეზია, აფექტური დარღვევები, აპათია, ხასიათის ცვალებადობა, ასოციალური ქცევები და სექსუალური დარღვევები.
გუტერეს-ნორიეგოს სინდრომის მკურნალობა კომპლექსურია, გულისხმობს ალკოჰოლიზმის მკურნალობას და სიმპტომურ თერაპიას.

გუტიერესის
სინდრომი

გუტიერესის სინდრომი შეიძლება წარმოიშვას ნალისებრი თირკმლის დროს. ახასიათებს ტკივილი ფერდქვეშ ან ჭიპის მიდამოში, ქრონიკული შეკრულობა, პროტეინურია და ჰემატურია.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.

გუტმან-ფროილენთალის
სინდრომი

გუტმან-ფროილენთალის სინდრომი კანის პირველადი ლიქენოიდური ამილოიდოზია. წვივის გამშლელ ზედაპირზე ჩნდება წვრილი პაპულები და კვანძები, რაც იწვევს ძალზე შემაწუხებელ ქავილს. მიმდინარეობა ქრონიკულია.

სინდრომი გლინსკი-სიმონდსის – გულმკერდის წინა კედლის

გლინსკი-სიმონდსის
სინდრომი

გლინსკი-სიმონდსის სინდრომი (სინონიმები: ჰიპოფიზური კახექსია,  შიჰენის სინდრომი, სიმონდსის დაავადება, სიმონდს-შიქენის სინდრომი) სხვადასხვა ეტიოლოგიის პათოლოგიაა (ტრავმა, სიმსივნე, სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ნეიროინფექცია). ვლინდება ჰიპოთალამუსის ბირთვის დაზიანებით და ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ტროპული ჰორმონების გამომუშავების დარღვევით. ახასიათებს პოლიგლანდულარული უკმარისობა, კერძოდ, სასქესო, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი. სიმპტომებიდან აღსანიშნავია: პროგრესული ხასიათის გამოფიტვა, სიფითრე, კანისა და მისი დანამატების ატროფია, გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების ატროფია, ამენორეა, საშვილოსნოს ჰიპოპლაზია, ფრიგიდულობა, ჰიპო- და აგალაქტია, წარბებისა და წამწამების ცვენა, იღლიებში და ბოქვენზე თმის ცვენა, ფარისებრი ჯირკვლის ატროფია, სპონტანური ჰიპოგლიკემია, ძირითადი ცვლის, სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის დაქვეითება, ანემია, ბრადიკარდია, აპათია, ჰიპოდინამია, გულის წასვლისადმი მიდრეკილება, გამოხატული ასთენიური და ასთენოდეპრესიული სინდრომები, ფსიქიკური სისუსტე. საყურადღებოა, რომ ამ ფონზე ვითარდება ნაადრევი დაბერება.
გლინსკი-სიმონდსის სინდრომის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოქრომული ანემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოქოლესტერინემია, სისხლის პლაზმაში დაქვეითდეს კორტიზოლისა და თირეოტროპული ჰორმონის, ხოლო სადღეღამისო შარდში -17-ოქსიკორტიკოსტეროიდის და 17-კეტოსტეროიდის დონე.
ავადდებიან ქალები მშობიარობის შემდეგ, პროგნოზი მძიმეა -ავადმყოფთა უმეტესობა იღუპება თანმხლები დაავადებით. მოსალოდნელია სისხლჩაქცევა ჰიპოფიზში გამორიცხული არ არის სიმსივნის განვითარება.

გლორ-ფისკის სინდრომი

გლორ-ფისკის სინდრომი ვითარდება მარცხენა თირკმელზე გადიდებული ელენთის ზეწოლის დროს. ახასიათებს ზეწოლის შეგრძნება მუცლის მარცხენა მხარეს. ისინჯება გადიდებული ელენთა და დისპოზიციური (ადგილნაცვალი) თირკმელი. შარდი არ იცვლება.

გლუკაგონომიის
სინდრომი

გლუკაგონომიის სინდრომი (ნეკროზული მიგრირებადი ერითემა) იშვიათი კლინიკური მდგომარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გამონაყარის გაჩენა კანზე. ვითარდება კუჭუკანა ჯირკვლის ალფა უჯრედების სიმსივნის (გლუკაგონომის) დროს. ავადდებიან 19-დან 73 წლამდე ასაკის ადამიანები; დაავადებულთა 85 პროცენტი 45 წელს გადაცილებული ქალია.
გლუკაგონომიის სინდრომის ყველაზე ხშირი და ადრეული გამოვლინებაა კანის დაზიანება. არცთუ იშვიათად ის წინ უძღვის პანკრეასის სიმსივნის ნიშნებს. ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია: წონის კლება (10-დან 25 კგ-მდე და მეტით), სისუსტე, უმადობა, ანემია, გლოსიტი, შაქრიანი დიაბეტი და კანზე გამონაყარი. გამონაყარი ჩნდება სხვადასხვა ადგილას, ჩვეულებრივ, ერთბაშად ვრცელ უბანზე, მაგრამ ყველაზე მეტად ზიანდება მუცლის ქვედა არე, თეძოები, შორისის არე და დუნდულები. კანთან ერთად ხშირად ზიანდება ტუჩები, პირისა და საშოს ლორწოვანი გარსი. თავდაპირველად ჩნდება ერითემული ლაქები, რომლებიც ბუშტუკებში გადადის. ბუშტუკების ადგილას მალევე წარმოიქმნება ქერქი, ხოლო ის ადგილები, სადაც კანი ხახუნს განიცდის, სველია. გამონაყარი ცენტრში ნეკროზს განიცდის და უჩნდება წითელი ფერის რგოლისებური ქერქი (ამის გამო ამ გამონაყარს ნეკროლიზურ ერითემას უწოდებენ). დამახასიათებელია რამდენიმე კერის გაერთიანება და კანის ჰიპერპიგმენტაცია.
ნეკროლიზური მიგრირებადი ერითემის კლინიკა მრავალფეროვანია: ერთმანეთის გვერდიგვერდ ვლინდება ჰიპერპიგმენტაცია, ერითემული ლაქები, ბუშტუკები და ქერქი. დამახასიათებელია ახალ-ახალი გამონაყარის გაჩენა. შეინიშნება ფრჩხილების დისტროფია, თმის დიფუზური დაზიანება, დაავადებულთა მესამედს აღენიშნება სტომატიტი ან გლოსიტი.
გლუკაგონომიის სინდრომის დროს გამონაყარი ხშირად იღებს ატიპური ფსორიაზული გამონაყარის სახეს, მოედება ქვედა კიდურებს, მუცელს, დუნდულებს, პერიანალურ არეს.
პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, მაგრამ სინდრომი ნელა პროგრესირებს. დროული ოპერაციული მკურნალობა პროგნოზს რამდენადმე აუმჯობესებს.
მკურნალობა გულისხმობს სიმსივნის ამოკვეთას და ქიმიოთერაპიას. გარეგანად კი იხმარება კორტიკოსტეროიდული მალამოები.

გოდფრიდ-პრიკ-კაროლ-პრაკენის
სინდრომი

გოდფრიდ-პრიკ-კაროლ-პრაკენის სინდრომი ნეიროფიბრომატოზისაა და გულის თანდაყოლილი მანკის მემკვიდრეობით განპირობებული შერწყმაა. შესაძლოა, ერთვოდეს ოლიგოფრენია, კიფოსკოლიოზი, ტვინის ანომალიები და საკვერცხეების სიმსივნე.

გოვერსის სინდრომი

გოვერსის სინდრომის დროს ვითარდება ვაზოვაგუსური კრიზი. ამ დროს ფერდქვეშა მიდამოში ერთბაშად აღმოცენდება ტკივილის შეტევა, რომელსაც თან სდევს პულსის გაიშვიათება, არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, სიფითრე, ცივი ოფლი და სიკვდილის შიში. სავარაუდოდ, შეტევა განპირობებულია ცდომილი ნერვის ტოტების მოულოდნელი გაღიზიანებით კაროტიდული სინუსის მიდამოში.

გოვერს-პატონ-კენედის
სინდრომი

გოვერს-პატონ-კენედის სინდრომის (სინონიმები: კენედის სინდრომი, ფოსტერ-კენედის სინდრომი) დროს ერთი თვალის მხედველობის ნერვის პირველადი ატროფია მეორე თვალის დვრილის შეგუბებას ერწყმის. აღინიშნება თავის ქალას შიგნით მიმდინარე პათოლოგიური პროცესების (სიმსივნე, არაქნოიდიტი, ანევრიზმა და სხვა) დროს, რადგან თავისქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვზე ცალმხრივ ზეწოლას იწვევს.

გოიერ-რეინოლდს-ბერკ-ჰოლდერის
სინდრომი

გოიერ-რეინოლდს-ბერკ-ჰოლდერის სინდრომი მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსია. ამ დროს აღინიშნება თირკმელების თანდაყოლილი პოლიკისტოზი, გლომერულონეფრიტი, სიყრუე, იქთიოზი, შარდში გამოხატულია ჰემატურია, პროტეინურია, ოქსიპროლინურია. ჰგავს ალპორტის სინდრომს, თუმცა მისგან განსხვავდება იქთიოზით, ჰიპეროქსიპროლინურიითა და დამემკვიდრების აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.

გოლდბერგის სინდრომი
გოლდბერგის სინდრომი მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსია: ჯუჯა ტანის, გარგოლიზმის ნიშნები (იგივე აქონდროპლაზია -კიდურის ძვლების ზრდის თანდაყოლილი ჩამორჩენა სხეულის, კისრისა და თავის ნორმალური ზრდისას), გონებრივი ჩამორჩენილობა, თვალის რქოვანას შემღვრევა, თვალის ფსკერზე არსებული ყვითელი ხალის (ლაქის) მოწითალო ფერი, კანში ბეტა-გალაქტოზიდაზის დეფიციტი, მრავლობითი დიზოსტოზი და სმენის თანდათანობითი დაკარგვა.

გოლდბერგ-მაქსველის
სინდრომი

გოლდბერგ-მაქსველის სინდრომი (სინონიმები: გოლდბერგ-მორისის სინდრომი, მორისის სინდრომი) მემკვიდრეობითი მამრობითი ფსევდოჰერმაფროდიტიზმია. აღინიშნება მდედრობითი ფენოტიპი, პირველადი ამენორეა, სასქესო გათმიანების უქონლობა. გარეთა სასქესო ორგანოების განვითარება ქალურია, მოკლე და ბრმა ვაგინით, შიდა სასქესო ორგანოებისა -მამრობითი, სათესლე მილაკების ინფანტილური განვითარებით. სქესობრივი ქრომატინი მამრობითია.

გოლდბლატის სინდრომი

გოლდბლატის სინდრომისთვის დამახასიათებელია ვაზორენული ჰიპერტენზია თირკმლის ცალი ან ორმხრივი იშემიის გამო. ოპერაციული ჩარევის გარეშე მიმდინარეობა ავთვისებიანია.

გოლდენის სინდრომი

გოლდენის სინდრომი ანუ ტერმინალური ილეიტი კრონის დაავადების ნაირსახეობაა. აღინიშნება უპირატესად ბავშვებსა და ჭაბუკებში. დამახასიათებელია ნაწლავის კედლის შეშუპება, ლიმფოიდური აპარატის ჰიპერპლაზია და ლორწოვანი გარსის ფსევდოპოლიპოზური ცვლილებები.

გოლდენჰარის სინდრომი

გოლდენჰარის სინდრომის დროს კბილების განვითარების, ყურის ნიჟარებისა და სმენის მილის ანომალიები ერწყმის სახის ნახევრის ჰიპოპლაზიას,  დერმოიდულ კისტას ან კონიუნქტივის ლოპოდერმოიდს.

გოლტც-გორლინის
სინდრომი

გოლტც-გორლინის სინდრომი ოჯახური მემკვიდრეობითი ეგზომეზოდერმული პათოლოგიაა. ვლინდება კანის ჰიპერპიგმენტირებული, მკაფიოდ შემოფარგლული გათხელებული უბნებით, ფრჩხილების დისტროფიით, ჰიპოტრიქოზით (სქესსა და ასაკთან შეუსაბამო, არასაკმარისი თმიანობა), თვალის, ხორხის, გულის ჩონჩხის და სხვ. ანომალიებით. დამემკვიდრების ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.

გოპალანის სინდრომი

გოპალანის სინდრომს (სინონიმები: ფეხის წვის შეგრძნების სინდრომი, ალიმენტური მელალგია (კიდურების ტკივილი)) ახასიათებს ტერფის მწველი ტკივილის შეტევების (ჩვეულებრივ, ღამით) შერწყმა აკროციანოზთან. გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ღვიძლის დაავადების დროს. განპირობებული პანტოთენის მჟავას უკმარისობით.

გორდონის სინდრომი

გორდონის სინდრომი ეწოდება არტერიული ჰიპერტენზიის შერწყმას ჰიპერკალიემიასთან, პლაზმაში რკინისა და ალდოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებასთან. განპირობებულია ქლორის იონების გადაჭარბებული რეაბსორბციით ჰენლეს მარყუჟის მსხვილ აღმავალ ტოტში.

გორლინის სინდრომი

გორლინის სინდრომი რთული ენდოკრინული კრისტოპათიაა. ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს, ორმხრივი ფეოქრომოციტომის, ლორწოვანი გარსის მრავლობითი ნეირომატოზის მარზანოიდული სხეულის სტრუქტურისა და ნაწლავთა ფუნქციის დარღვევის შერწყმა. პათოლოგიის ეს ვარიანტი განიხილება ოჯახურ სნეულებად, რომლის დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. აღწერილია სპონტანური განვითარებაც.

გორტონის აპროგერია ანუ
გოტრონის სინდრომი

გოტრონის სინდრომი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა. ახასიათებს კიდურის კანის თანდაყოლილი ატროფია, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატულია ხელის მტევნებსა და ტერფებზე და თანხვდება მათ ჰიპოპლაზიას. დამემკვიდრების ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია.

გოშეს სინდრომი

გოშეს სინდრომი გულისხმობს პნევმონომიკოზს, ფილტვების ასპერგილოზს. კლინიკური სურათით ჰგავს ფილტვების ტუბერკულოზს. აღინიშნება ძლიერი სისუსტე, მოთენთილობა, სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა, გულმკერდის მჩხვლეტი ტკივილი. გამომწვევია ასპერგილას ტიპის სოკო, რომელიც უხვად არის დაავადებულის ნახველში (წარმოადგენს სადიაგნოზო კრიტერიუმს).

გრაიბელის სინდრომი

გრაიბელის სინდრომი (სინონიმი: პრინცმეტალის სტენოკარდია) ანგიონევროზული მდგომარეობაა მასტენოზებელი კორონაროსკლეროზის დროს. ახასიათებს სტენოკარდიული შეტევები მოსვენებისას, არითმია და ოფლიანობა. შეტევისას ელექტროკარდიოგრაფა ავლენს სუბეპიკარდიულ კეროვან ცვლილებებს, რომლებიც შეტევის შემდეგ სრულ უკუქცევას განიცდის. ნიტროგლიცერინი ნაკლებეფექტურია, ასიდან დაახლოებით 20 შემთხვევაში გადადის ინფარქტში.

გრამის სინდრომი
გრამის სინდრომი გულისხმობს სიმსუქნის, მუხლის სახსრების მადეფორმირებელი ართროზის, კლიმაქსური კერატოდერმიისა და არტერიული ჰიპერტენზიის მემკვიდრეობით განპირობებულ შერწყმას. წარმოადგენს დერკუმის სინდრომის ვარიანტს.

გრანდენიგის სინდრომი
გრანდენიგის სინდრომის (სინონიმი: პირამიდის ძვლის მწვერვალის სინდრომი) დროს აღინიშნება განმზიდველი ნერვის პარეზი, ტკივილი თხემ-საფეთქლის არეში, რაც სამწვერა ნერვის დაზიანებაზე მიუთითებს, ასევე -მხედველობის გაორება და სიელმე. ვითარდება ჩირქოვანი ოტიტის ან საფეთქლის ძვლის პირამიდის სიმსივნის დროს.

გრაუჰანის სინდრომი

გრაუჰანის სინდრომის დროს შეინიშნება ერთდროულად რამდენიმე განვითარების ანომალია: ზემო ტუჩისა და რბილი სასის შეუხორცებლობა, პოლიდაქტილია (კიდურებზე ნორმალურზე მეტი რაოდენობის თითის განვითარება) და შარდსასქესო ორგანოების შეუხორცებლობა.

გრაჰამის სინდრომი

გრაჰამის სინდრომი (სინონიმები: შუა წილის სინდრომი, ბროკის სინდრომი) განპირობებულია შუა წილის ბრონქზე გადიდებული ლიმფური კვანძების ზეწოლით. მისი ნიშნებია: უქეიფობა, სისუსტე, ხველა, გულმკერდის ტკივილი და წონის კარგვა. აღინიშნება შუა წილის ბრონქის ან მისი ლატერალური სეგმენტის შევიწროება, ფილტვებში მეორეული ანთებითი მოვლენები, ზოგჯერ -ლიმფური კვანძების გაკირვა.

გრეგის სინდრომი

გრეგის სინდრომი, იგივე გრეგის ჰიპერტელორიზმი (რომელიმე წყვილ ორგანოს ან ანატომიურ წარმონაქმნს შორის მანძილის გაზრდა), თვალის მემკვიდრეობითი ოჯახური ანომალია. მისთვის დამახასიათებელია ფართოდ ჩამჯდარი თვალები, ცხვირის განიერი ზურგი, მიკროცეფალია და მცირე სიმაღლე, ზოგჯერ -შეერთებული კრიპტორქიზმი, თიაქრები, ყბისა და კბილების ანომალიები, ოლიგოფრენია, ეპილეფსია და სხვა.

გრენბლად-სტრანდბერგის
სინდრომი

გრენბლად-სტრანდბერგის სინდრომი (სინონიმები: გურენის სისტემური ელასტორექსისი, ელასტიკური ფსევდოქსანთომია, კანის ელასტომა, გენერალიზებული ელასტორექსისი) მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს ელასტიკური ბოჭკოების წარმოქმნის დარღვევა და კანის, თვალისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება.

გრეფე-შეგრენის
სინდრომი

გრეფე-შეგრენის სინდრომი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, რომელიც ვლინდება ოლიგოფრენიით, შიზოფრენიისებრი სინდრომით, ნათხემოვანი ატაქსიით, სიყრუით ან სმენის დაქვეითებით, პიგმენტური რეტინიტით, კატარაქტით, რაც ხშირად შერწყმულია ტანდაბლობასთან, მიკროცეფალიასთან, ტერფების დეფორმაციასა და ხერხემლის გამრუდებასთან. დამემკვიდრების ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია.

გრეჰემ-ლიტლის სინდრომი
გრეჰემ-ლიტლის სინდრომი (სინონიმები: ლიტლის ფოლიკულური დეკალვირებული ლიქენი, ლიტლ-ლასიურის სინდრომი, პიკარდი-ლასიურ-ლიტლის სინდრომი, ფელდმანის ბრტყელი ატროფიული ლიქენი) წითელი ფოლიკულური დეკალვირებული ლიქენია. ახასიათებს ფოლიკულური კერატოზული გამონაყარი და თავის არეში, იღლიისქვეშა ფოსოსა და ბოქვენზე ნაწიბუროვანი ალოპეციის შერწყმა. ეტიოლოგია დაუდგენელია.

გრიგ-მორელის სინდრომი
გრიგ-მორელის სინდრომი (სინონიმები: მორგანის სინდრომი, სტიუარტ-მორელის სინდრომი, მორგან-მორელი-სტიუარტის სინდრომი) მეტაბოლური და ნეიროენდოკრინული კრანიოპათიაა. ახასიათებს  თავის ქალას ანომალიებისა და ენდოკრინული დაავადების მემკვიდრეობითი შერწყმა. დამემკვიდრების ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია. ხშირად აღინიშნებათ ქალებს.
სინდრომისთვის დამახასიათებელია: შუბლის ძვლის შიგა ფირფიტის ჰიპეროსტოზი (ანთებითი პროცესით ან ახალწარმონაქმნის ჩაზრდის გამო ძვლის დიფუზიური დაავადება, ძვლოვანი ქსოვილის ჰიპერტროფია) და დარღვევები ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-ენდოკრინული ჯირკვლების სისტემაში, კერძოდ, ვირილიზმი (მეორეული მამაკაცური სქესობრივი ნიშნების -ულვაშების, მამაკაცური აგებულების, ბოხი ხმის და სხვ. -არსებობა ქალებში), ჰირსუტიზმი (მამაკაცის ტიპის თმიანობა ქალებში, რაც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქციით), სიმსუქნე (ჰიპოთალამური ტიპისა,  ცხიმის თანაბარი განაწილებით), წონასწორობისა და ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ეპილეპტიფორმული გულყრები, ჰიპერგლიკემია, წარბების შეერთება, წყლულები წვივებზე.

გრინიოლოს სინდრომი
გრინიოლოს სინდრომი წარმოადგენს  მაანკილოზებელი სპონდილოართრიტისა და თვალის დაზიანების (ჰიპოპიონ-ირიტისა და უვეიტის) შერწყმას. მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ამ დროს უმთავრესად ზიანდება გავა-თეძოს, მალათაშუა, ნეკნ-მალისა და მალების მორჩების სახსრები. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობა და ანკილოზების (სახსარში მოძრაობის შეზღუდვის) ჩამოყალიბება. ჰიპოპიონ-ირიტი არის თვალის ფერადი გარსის ანთება, რომლის დროსაც თვალის ფსკერზე წარმოიქმნება ჩირქოვანი უჯრედების გროვა. უვეიტი თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთებაა.

გრინშპანის სინდრომი

გრინშპანის სინდრომისთვის დამახასიათებელია წითელი ბრტყელი ეროზიულ-წყლულოვანი ლიქენის განვითარება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ეს სინდრომი თავს იჩენს შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე.

გრობის სინდრომი

გრობის სინდრომი ენა-სასის დისპლაზიური თანდაყოლილი დაავადებაა. ახასიათებს ენის განუვითარებლობა ან მისი სრული არარსებობა, ზედა ტუჩის შეუხორცებლობა, ზედა და ქვედა ტუჩებზე მრავლობითი ნაწიბური, ფართო და ჩაჭყლეტილი ცხვირი პატარა ნესტოებით, კიდურთა განვითარების ანომალიები (ბრაქიდაქტილია, პოლიდაქტილია), ფსიქიკური განვითარების შეფერხება, პროგრესული  ჰიპოტროფია.

გრუბერის სინდრომი
გრუბერის სინდრომი (სინონიმები: მეკელის სინდრომი, ჰანჰარტის სინდრომი) წარმოადგენს თავის ტვინის თანდაყოლილ კისტოზურ გადაგვარებას, რომელიც შერწყმულია თირკმელების, ღვიძლის, კუჭუკანა ჯირკვლისა და საკვერცხეების პოლიკისტოზთან. ამ დროს აღინიშნება პოლისინდაქტილია (თითების თანდაყოლილი შეზრდა) და ჰიპერტელორიზმი.  

გუდის სინდრომი

გუდის სინდრომი (თიმომა იმუნოდეფიციტთან ერთად) წარმოადგენს ზრდასრულთა იშვიათ B- და თ-უჯრედოვან იმუნოდეფიციტს. ეს სინდრომი  მემკვიდრეობითი იმუნოპარეზის ნაირსახეობაა.
ახასიათებს თიმომისა და აგამაგლობულინემიის სიმპტომების შერწყმა. ამ დროს მკერდუკანა ჯირკვალი გადიდებულია, სისხლსა და ძვლის ტვინში შესამჩნევად არის დაქვეითებული ყველა კლასის იმუნოგლობულინების დონე, მკვეთრად არის შემცირებული ეოზინოფილური გრანულოციტების რაოდენობა. ახასიათებს ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, ლიმფოპენია, ეოზინოპენოა, ანემია.
ასეთი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტი კლინიცისტების ყურადღების ცენტრში 30-50 წლის ასაკში ხვდება. ხშირად დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თიმომა დიაგნოსტირდება შემთხვევით  გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის დროს. როდესაც სიმსივნე დიდი ზომისაა, ზოგჯერ პაციენტი უჩივის მეზობელ ქსოვილებზე ზეწოლით გამოწვეულ სიმპტომებს -ხველას, გულმკერდის არეში ტკივილს, დისფაგიას, დისპნოეს, დისფონიას.
გუდის სინდრომზე ეჭვი ჩნდება ბაქტერიული ინფექციის უჩვეულო მიმდინარეობის შემთხვევაში, რაც B-უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის დაქვეითების შედეგია და კავშირშია თიმომასთან. ასეთ პაციენტებს ყველაზე ხშირად აქვთ ფილტვისმიერი ინფექციები. ხშირია შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული და კანის ინფექციებიც. არის მიკოპლაზმური ართრიტის შემთხვევებიც.
ამ დროს აუცილებელია იმუნოდეფიციტის კორექცია, მერე კი თიმომის ოპერაციული მკურნალობა.

გუდპასჩერის სინდრომი
გუდპასჩერის სინდრომი არის  სისტემური კაპილარიტი, რომელიც ჰემორაგიული პნევმონიტისა და გლომერულონეფრიტის ტიპის ფილტვებისა და თირკმელების უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. ავადდებიან უმეტესად 20-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები. განვითარების მიზეზები უცნობია, თუმცა შეინიშნება კავშირი ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციასთან, გადაცივებასთან.
გუდპასჩერის სინდრომის საწყის სტადიას ახასიათებს მწვავე მაღალი ცხელება, სისხლიანი ხველა, ქოშინი. აუსკულტაციით ისმინება სველი ხიხინი ფილტვების შუა და ქვედა ნაწილებში, რენტგენოგრაფია ავლენს მრავლობით კეროვან ან გაერთიანებულ დაჩრდილვას ორივე ფილტვის ველში. თითქმის იმავდროულად ვითარდება მძიმე, პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი, თირკმლის უკმარისობა. განმეორებითი სისხლიანი ხველა და ჰემატურია, როგორც წესი, იწვევს ანემიას, რომელიც ღრმავდება თირკმლის უკმარისობის დროს. ლაბორატორიული გამოკვლევები ავლენს ანემიას, ლეიკოციტოზსა და ედსის მომატებას. დაავადებისთვის დამახასიათებელი იმუნოპათოლოგიური ნიშანია თირკმლის ბაზალური მემბრანების ანტისხეულები. პროგნოზი, ჩვეულებრივ, არაკეთილსაიმედოა -პაციენტი იღუპება 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში, ფილტვ-გულის ან თირკმლის უკმარისობის მოვლენების დროს.
გუდპასჩერის სინდრომი იშვიათი ალერგიული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ფილტვებისა და თირკმელების უპირატესი დაზიანებით. ვლინდება ცხელებით, ხველით, ქოშინით, თირკმელების პროგრესირებადი უკმარისობით, ანემიით, ლეიკოციტურიით, პროტეინურიით, ჰემატურიით. მკურნალობა ტარდება გლუკოკორტიკოიდებით, იმუნოდეპრესანტებით, პლაზმოფერეზით.

გულის სინდრომი

გულის სინდრომი აღინიშნება შეხორცებითი პერიკარდიტის დროს, რომელიც გართულებულია ფილტვის ღეროს ზეწოლით. მისთვის დამახასიათებელია მესამე ნეკნთაშუა არის გამობერვა სისტოლის დროს და ჩავარდნა დიასტოლის ფაზაში, გულის გაფართოება მარცხნივ მესამე ნეკნის დონეზე, სისტოლური შუილი ფილტვის არტერიაზე  და გულის მარჯვენა ნაწილების ჰიპერტროფია. აუსკულტაციით ისმინება სისტოლური შუილი ფილტვის არტერიაზე, ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდება დექსტროგრამა.
სინდრომის მკურნალობა ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.

გულის გადაძაბვის
სინდრომი

გულის გადაძაბვის სინდრომი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს გულის რიტმისა და გამტარობის სხვადასხვა დარღვევა. ვითარდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

გულ-დიაფრაგმული
სინდრომი

გულ-დიაფრაგმული სინდრომისთვის დამახასიათებელია გულის არითმიის შერწყმა ტკივილებთან გულის პროექციის არეში გულმკერდის წინა კედელზე. აღინიშნება დიაფრაგმის ზოგიერთი დაზიანების (მაგალითად, დიაფრაგმის თიაქრის) დროს. მკურნალობა გულისხმობს გამომწვევი დაავადების მკურნალობას.

გულმკერდის წინა
კედლის სინდრომი

გულმკერდის წინა კედლის სინდრომი  (სინონიმები: პრინცმეტალ-მასუმის სინდრომი) არის ანგიონევროზულ სიმპტომთა კომპლექსი, რომლებიც თავს იჩენს მიოკარდიუმის ინფარქტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. ახასიათებს  გულმკერდის არეში ტკივილის ხანგრძლივი შეტევები, რომლებიც მოგვაგონებს სტენოკარდიის შეტევებს, მაგრამ განსხვავდება მისგან ტკივილის ირადიაციით, ვეგეტატიური რეაქციებით, ელექტროკარდიოგრამის ცვლილებებით, ასევე -ნიტროგლიცერინის სამკურნალო ეფექტის არარსებობითა და ანალგეზიური საშუალებების ეფექტურობით.
გულმკერდის წინა კედლის სინდრომის შემთხვევაში ტკივილის შეტევის კუპირება ანალგეტიკებით ხდება.

Don`t copy text!