Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 382

ძმერხლი  – Ruscus Hypophyllum L – Иглица подлистная

შროშანასებრთა ოჯახის 60 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. მისი ფოთლისმაგვარი ტოტები (კლადოდიუმები) 2-4 სმ სიგანისა და 1 სმ-მდე სიგრძისაა, ბოლოში მოკლე ან საშუალო სიგრძის უეკლო წვეტით, კლადოდიუმები რკალისებრ ძარღვიანია, მოყვანილობით ოვალური ან ოვალურ-ლანცეტა, რომელნიც ღეროსთან მიმაგრების ადგილას ფოთლის ყუნწისებურადაა შევიწროებული.
ძმერხლის ნამდვილი ფოთლები ძლიერ სახეშეცვლილია. დაკნინებული და ფოთოლტოტების ანუ კლადოდიუმების ქვედა მხარეზე, შუა ნაწილში ქერქლებადაა წარმოდგენილი, სადაც აგრეთვე ყვავილები ვითარდება.
ორსახლიანი მომწვანო ან მოთეთრო ყვავილები კლადოდიუმების ქვედა მხარეს შუა ძარღვზე ჯგუფურად ზის. დაყვავილების შემდეგ ბურთივით მრგვალი წითელი კენკრა ნაყოფი ვითარდება. იზრდება უმთავრესად ნესტიანი ტყის ღელეებში, დასავლეთ საქართველოს რაიონებში ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. აღმოსავლეთ საქართველოში მარტო ბორჯომის ხეობაშია აღწერილი.
საუცხო საკვები მცენარეა, შესამჩნევად ზრდის წველადობას. ხასხასა მწვანე ფერის გამო შესანიშნავია გამწვანებისათვის, ზოგან ოთახის მცენარედაც იყენებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამხმარ მდგომარეობაში კლადოდიუმები ფორმასა და ხასხასა მწვანე ფერს არ იცვლის. ამიტომ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს საყვავილე მაღაზიებისათვის. ამის გამო უკანასკნელ ხანს მეტად მიუღებელი ფორმით უმოწყალო ექსპლოატაციას უწევენ ზოგი მეყვავილეობის მაღაზიების დამამზადებლები აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ სხვა რაიონებში.
მართალია არეალის მიხედვით ეს მცენარე ფართოდაა წარმოდგენილი, მაგრამ მისი მარაგი მცირეა, რაც უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა ზემოაღნიშნული ფაქტების გამო.
სავსებით სამართლიანად ძმერხლი გადაშენების ზღვრამდე მისულ მცენარედაა მიჩნეული საკავშირო წითელ წიგნში, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია ამ მცენარის დამზადების ყველგან აკრძალვა და მისი გამრავლების ხელშეწყობა.
წინათ ძმერხლის ნახარშს საშვილოსნოს სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც სისხლგამომდევნ საშუალებას მშობიარობის შემდეგ, თესლს ფქვავდნენ და ყვავილის სუროგატად იყენებდნენ. ნაყოფი იჭმება, მაგრამ არცთუ მაინცა და მაინც მიმზიდველი გემოს გამო მას ნაკლებად ეტანებიან.
ძმერხლის ნაყოფებისაგან გამოწურულ ზეთს გვამების ბალზამირებისათვის იყენებედნენ.

 

ძირტკბილა – Glycyrrhiza glabra – Солодка

ძირტკბილა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ. ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  მცენარეა იმ სამკურნალო მცენარეებს შორის, რომელთა დამზადება ხდება სამრეწველო წესით. მისი მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს დასამზადებელ ნედლეულს, შედგება დედა-ფესვისაგან და ვერტიკალური ჰორიზონტალური ფესურებისაგან, რომლებიც ქმნიან მრავალფენიან გადახლართულ და ნიადაგში ჩამაგრებულ დამატებით ფესვთა ქსელს. ისინი თითქმის 8 მ-ის სიღრმეზეა ჩასული და აღწევს გრუნტის წყლებს.
მიწისზედა ყლორტები ამოდიან არამარტო ძირითადი ფესვიდან, არამედ ჰორიზონტალური ფესურებიდანაც.
ღეროები შიშველი ან მოკლედ შებუსულია, საზოგადოდ, იშვიათად მიმობნეული წერტილოვანი ჯირკვლებით ან ჯირკვლოვანი ხორკლებით. ფოთლები კენტფრისებრრთულია, სიგრძით 5-20 სმ, ჯირკვლების დიდი რაოდენობის გამო წებოვანი, პრიალა, მკვრივი, მოგრძო კვერცხისებრი ან ლანცეტა, 3-10 წყვილი ფოთოლაკით. ყვავილედი ფოთლის უბეში მოთავსებული მტევანია, სიგრძით 5-12 სმ, საყვავილე ყუნწი 3-7 სმ-ია. ყვავილების გვირგვინი მოთეთრო-იისფერია, ჯამი – მახვილკბილებიანია, სიგრძით 8-12 სმ. ნაყოფი  მოგრძოა, სწორი ან ოდნავ მოღუნული 1-8 თესლიანი პარკია, სიგრძით 3,5 სმ-მდე. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
საქართველოში ძირტკბილა იზრდება ტენიან ადგილებში, დამშრალი მდინარის კალაპოტებში, ასევე ნაკადულების, არხის პირებზე. ძირტკბილა სარეველაა და ხშირად გვხვდება ნათესებში, ნასვენ მიწებში, ნარგავებში, მთიან ადგილებში, ზღვის დონიდან თითქმის 2000 მ სიმაღლეზეც კი გვხვდება.
როგორც აღვნიშნეთ, სამკურნალოდ გამოიყენება ძირტკბილას ფესვი და ფესურები. დამზადების დრო დამოკიდებულია გავრცელების ადგილსა და ამინდზე. ამის შესაბამისად დამზადება ხდება მარტიდან ნოემბრამდე.
სამრეწველო დამზადების დროს იყენებენ მექანიზაციას, ხოლო საოჯახო პირობებში თხრიან ნიჩბებით. შეგროვილ ფესვებს აწყობენ ფაჩხატ თივის ზვინზე, მზეზე გასაშრობად. ფესვები ასევე შეიძლება გაშრეს ფარდულში, ორპირ ქარში, ხოლო საშრობებში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუსს. ფესვი გამომშრალად ითვლება თუ იგი გადაღუნვის დროს ტყდება.
ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი-გლიცირიზინი, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილები (23%-მდე), რომლებიც მას აძლევენ ტკბილ გემოს, 4%-მდე ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.
ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებში შედის საპონინები, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთი და სხვა ნივთიერებები.
ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ნახარში ძირითადად გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების ანთების, ფილტვების იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა, რადგან ფესვებში არსებული საპონინები არბილებენ და აადვილებენ ხველას. ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები იხმარება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, როგორც შარდმდენი, სპაზმოლიტური საშუალება.
ძირტკბილას ფესვებისაგან ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი. დაახურეთ თავსახური, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15-20 წთ. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გაწურეთ; მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ხმარობენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდის შეკავების დროს. ძირტკბილას ფესვების გამონაწური ასე დაამზადეთ: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ (1/2 ლიტრი) წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ.
გაცივების შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ღვინის ჭიქა ყოველი ჭამის წინ.

 

ძირმწარა – Aristolochia Clematis L – Кирказон ломоносовидный

ძირმწარასებრთა ოჯახში შედის. ძირმწარა 30-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი თავისებური სასიამოვნო სუნის მქონე, მოკლე მხოხავფესვურიანი მცენარეა. სწორმდგომი რამდენადმე დაკლაკნილი შესახედაობის ღერო უფრო ხშირად მარტივი, ე. ი. არ იტოტება, იშვიათად გვხვდება მცირედ დატოტვილ ეგზემპლარებიც.
ღია მწვანე ფერის კიდემთლიანი, გულისებრფუძიანი, საკმაოდ გრძელყუნწიანი, კვერცხისებრი ან მომრგვალო ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული და ზედა მხრიდან უფრო მუქ-მწვანეა ქვედა მხარესთან შედარებით.
18-25 სმ სიგრძის ყვითელი ყვავილები ფოთლების იღლიებში ჯგუფურადაა განლაგებული, 2-8 ცალის რაოდენობით.
მოუმწიფებელი ნაყოფი მწვანე ფერის ხორციანი, მსხლისებრი ან მომრგვალო ფორმის კოლოფია, რომელიც მომწიფებისას 5-6 სმ სიგრძეს აღწევს და 6 გრძივი ნაბზარით იხსნება. ყვავის და ნაყოფი უმწიფდება მაის-სექტემბრის განმავლობაში.
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან ბუჩქნარებსა და ტყეებში, კერძოდ, წიფლნარებში, ტყის ნესტიან ველობებზე, ხევებში, ტყის ნაკადულების პირას. სამკურნალოდ გამოიყენება უფრო ხშირად ფესვურა, ზოგან ნაყოფი და ფოთლებიც. შეგროვების ვადაა მაის-ივნის-ივლისი.
საქართველოში ჩვეულებრივ ძირმწარას გარდა გვხვდება აგრეთვე სამკურნალო სახეობა – ქართული ძირმწარა – (Aristolochia iberica F. A. M.). გარეგნულად იგი იმით გამოირჩევა, რომ მისი ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული. ყვავილსაფრის გადანაღუნი, მომწვანო-ყვითელ ფონზე. სხვადასხვაგვარ სურათს იძლევა. ხახაში ყვითელი ლაქები არ აქვს (როგორც ჩვეულებრივ ძირმწარას), ფოთლები უფრო დიდი ზომისაა, ფართო კვერცხისებრი. გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში და კახეთში. დეკორატიულია. ორივე სახეობა ერთნაირი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ხალხური მედიცინა ძირმწარას ფესურის და ფოთლის გამონახარშს და მისგან მიღებულ წყლის გამონაწვლილსა და სპირტზე ნაყენს იყენებს ხველის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ჭრილობების შეხორცების დამაჩქარებელ საშუალებას და წყლულების მკურნალობისას სველი საფენების სახით. მცირე დოზით მის ნაყენს იყენებენ ოფლისა და შარდმომგვრელ საშუალებად. მასში შემავალი ალკალოიდი “არისტოლოხინი” ტოქსიკური ბუნებისაა და იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გაგანიერებას. სუნთქვის რამდენადმე აღგზნებით ამცირებს სისხლის წნევას ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიაში.
ძირმწარას წყლის გამონაწვლილის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილ ფესვურას იღებენ ერთ ჩაის კოვზს, რომელსაც ასხამენ წინასწარ ანადუღარ და გაგრილებულ ერთ ჭიქა წყალს, ასე ტოვებენ რვა საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გაწურავენ და ერთ ჭიქა გამონაწვლილს იღებენ ერთი დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ რამდენიმეჯერ.
გარეგან სახმარად (სველი საფენები) იღებენ ორ ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფესვებს ორ ჭიქა წყალზე, რომელსაც ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე და გაგრილების შემდეგ წურავენ სუფთა დოლბანდში ან ძაბრში ჩაფენილი სუფთა ბამბით.
ძირმწარა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობითაა დასაშვები.

 

ძეძვი  – Paliurus Spina – Christi Mill – Держи-дерево колючее

ხეჭრელისებრთა ოჯახის 1-4 მ სიმაღლის ხშირტოტებიანი და ეკლიანი ბუჩქი. ჩვილი ტოტები წვრილი ბუსუსებითაა შემოსილი, შემდეგ კი შიშველი. საკმაოდ ყუნწიანი არასიმეტრიულად კვერცხისებრი, და კიდედაკბილული, სამრკალძარღვიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფოთლებით და ყლორტებით ძეძვი ძალიან ჰგავს უნაბს. ფოთლების ყუნწების ძირში წყვილწყვილი ან თითო მოკაუჭებული მაგარი ეკალი ზის.
მცირე ზომის მოყვითალო ყვავილები ფოთლების იღლიებში მოკლე მტევნებადაა შეკრებილი. მოხაზულობით მომრგვალო ბადროსებრი, ტალღოვან მშრალფრთიანი ნაყოფი შუაში ორივე მხრიდან ამობურცული და გრძელყუნწიანია, რომელიც მომწიფებულ მდგომარეობაში მოჩალისფრო ან მოვარდისფროა.
ძეძვი უფრო ხშირად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული ზღვის დონიდან უმეტეს ნაწილად 1200 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში კი ზღვისპირეთის ქვიშნარებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზეა გავრცელებული. რაჭაში მცირე რაოდენობითაა აღწერილი სოფლების წესისა და კვაცხუთის მიდამოებში.
შესანიშნავი ბუჩქია ცოცხალი ღობეებისათვის, საძოვრებზე კი მავნე მცენარებადაა მიჩნეული, რადგან მის რაყებში ცხვარი დიდი რაოდენობით მატყლს სტოვებს, გარდა ამისა მისი ეკლები მტანჯავ ტკივილებს აყენებს საქონელს.
ძეძვის ფოთლები და ქერქი შემკვრელი თვისებისაა, ამიტომ ხალხურ მედიცინაში მათი ნახარში გამოიყენება კატარისა და კუჭაშლილობის დროს.
ყვავილები დიდი რაოდენობით ნექტარს იძლევა და შესანიშნავ თაფლოვან მცენარედაა აღიარებული. ფოთლები 176 მგ% ვიტამინ C. შეიცავს.
ნაყოფების ნახარში ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც კარგი ამოსახველებელი საშუალება. დადებით ეფექტს იღებენ ბრონქიალური ასთმის საწყის სტადიაში გამოყენებით.
ნახარშის მოსამზადებლად ერთ ჩაის ჭიქა ნაყოფს 1 ლ წყალს ასხამენ, ნელი დუღილით 10-15 წუთს ხარშავენ. სვამენ თბილ მდგომარეობაში ღვინის ჭიქით ყლუპ-ყლუპობით დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

 

ძახველი – Viburnum opulus – Калина

 

ძახველი 4 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია ცხრატყავასებრთა ოჯახიდან, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით და გლუვი ყლორტებით. ფოთლები ერთმანეთის მოპირისპირედაა განლაგებული, ფართო კვერცხისებრია, სიგრძით 5-10 სმ, ხუთნაკვთიანი, ყუნწიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვემოდან უფრო ღია ღერის, სუსტად შებუსული ფოთლის ძარღვების გასწვრივ. ყვავილები თეთრია და ორი სახისაა: კიდურა – უნაყოფო, მსხვილი ქოლგისებრი. გვირგვინით, დიამეტრით 2,5 სმ-მდე, შიდა – ნაყოფის მომცემია, პატარა გვირგვინით (0,5 სმ-მდე). ნაყოფი  ღია წითელი ფერისაა, ოვალური ან სფეროსებრი, წვნიანი, 1 სმ-მდე დიამეტრის მსხვილი კურკით.
ძახველი ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
საქართველოში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც.
ნედლეულად ამზადებენ ძახველის ქერქს, გაზაფხულზე, წვენის ინტენსიური მოძრაობის დროს, აპრილ-მაისში. ამ პერიოდში ქერქი ადვილად სცილდება ხეს. ტოტებს ჭრიან მიწიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე ირიბად. მოჭრილ ტოტებზე აკეთებენ წრიულ ნაჭდევებს ერთმანეთისაგან 10-15 სმ დაშორებით, შემდეგ გრძივ ნაჭდევებს უკეთებენ და აცლიან ქერქს ღარებად ან მილისებურად. უმჯობესია ბუჩქნარს გვერდითი ტოტები მოაჭრათ, რათა ძირითადი ტანი არ დაზიანდეს და ახალი ყლორტები ამოიყაროს.

 

ნაყოფს კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, სრული სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში. კრეფის დროს სასურველია ნაყოფი არ დაიჭყლიტოს.
იმის გამო რომ ძახველი ძალზე ნელა იზრდება, ხოლო ქერქის დამზადების დროს ხშირად მთელ ბუჩქებს ანადგურებენ, კარგი იქნება თუ თითოეული თქვენგანი დარგავს ამ სამკურნალო მცენარეს საკუთარ ბაღში ან აგარაკზე.
ქერქს აშრობენ სხვენზე, თუნუქის სახურავის ქვეშ, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში. მშრალი ქერქი მოღუნვის დროს ტყდება. მისი შენახვა შეიძლება 4 წლამდე.
ძახველის ნაყოფს ჯერ ჰაერზე აშრობენ, შემდეგ ღუმელებში, 60-80 გრადუს ტემპერატურის დროს. გამშრალ მარცვლებს აცლიან და ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში, მშრალ ადგილას.
ძახველის ქერქი შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს 2%-მდე, ფისებს 6,5%-მდე, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K-ს, ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, სათრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ამისათვის, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით. დალიეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს, გამოიყენება აგრეთვე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე გინეკოლოგიური დაავადების დროს სისხლისდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება.
დამამშვიდებელი მოქმედება აქვს აგრეთვე ძახველის ნაყოფსაც, მისგან ამზადებენ ჩაის: 1 სუფრის კოვზს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში. ასეთი ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფის წვენი და ასეთი სახის ჩაი სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების დროს.
ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.
ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს. ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.
ახალგაზრდა ტოტების ქერქის ნახარში კარგი  საშუალებაა ფეხების ოფლიანობის დროს.
ძახველის წვენი გამოიყენება აგრეთვე საოჯახო კოსმეტიკაში ფერისმჭამელების მოსაშორებლად და დიათეზის დროს (ისვამენ სახეზე 30 წთ-ით ადრე დაბანამდე).

 

ძაღლის სატაცური – Tamus Communis L – Тамус обыкновенный

დიოსკორეასებრთა ოჯახში შედის. ჩვენს წიფლნარებში და მუხნარებში, აგრეთვე სხვა ფორმაციის ტყეებში ფართოდ გავრცლებული მრავალწლიანი მხვიარა მცენარეა. მისი ტუბერის მსგავსად გამსხვილებული ფესვი, რომლის სიგრძე ზოგჯერ 1 მეტრსაც კი აღწევს, ნიადაგში საკმაოდ ღრმად მიდის, გარედან მუქი მოყავისფრო, ხოლო შიგნით მოთეთრო ფერისაა.
ფესვის ყელიდან ჩვეულებრივ რამოდენიმე ღერო ამოდის, თითოეული მათგანის სიგრძე 4 მ-მდე აღწევს.
გრძელყუნწიანი კიდემთლიანი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. რკალნერვიანი ფოთლის ფირფიტა კვერცხისებრია, ღრმა გულისმოყვანილობის ფუძითა და წვეტიანი ბოლოთი.
მდედრობითი ყვავილები მოკლეყუნწიან მტევნებადაა თავმოყრილი ფოთლების იღლიებში. მამრობითი ყვავილების მტევნები ხშირად ფოთლს ყუნწზე გრძელია.
სფერული ფორმის წითელი, კენკრა ნაყოფი 3-6 თესლიანია, ყვავის აპრილ-ივნისში.
ძაღლის სატაცურის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილები შხამიანია. თავდაპირველად ქართული ხალხური მედიცინა იყენებდა მის ფესვებს რევმატიზმის სამკურნალოდ, როგორც გარეგან საშუალებას.
ძაღლის სატაცურის ფესვი გამოიყენება ქართულ ხალხურ მედიცინაში და კავკასიის სხვა მხარეებში რევმატიზმისა და იშიასის სამკურნალოდ. კლინიკური დაკვირვებებით დადასტურებულია ძაღლის სატაცურის ნახარშის ეფექტურობა აღნიშნული დაავადებების მკურნალობისას.
 ძაღლის სატაცურის ჩვილ ყლორტებს ადუღებენ, წყალს რამდენიმეჯერ გადაწურავენ, შემდეგ კვლავ ახალ წყალში ნახარშს შეამზადებენ და საჭმელად იყენებენ, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით ჭამა კუჭაშლილობას იწვევს.
ძლიერი ტოქსიკური თვისებების გამო, ძაღლის სატაცურის საკვებად გამოყენება დაუშვებლად უნდა მივიჩნიოთ.

 

ცხენისწაბლა – Aesculus hippocastanum – Каштан конский

 

 ცხენისწაბლა ცხენისწაბლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხეა, სიმაღლით 30 მ-მდე, განიერი, ხშირტოტებიანი ვარჯით. ხის ტანზე ქერქი მუქი ნაცრისფერია, დახეთქილი, ყლორტები მოყვითალო-ყავისფერია. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყუნწიანია. ფრთართულ ფოთოლში 5-7, საკმაოდ გრძელი, სოლისებრი, არათანაბარი, ორმაგად დაკბილული ფოთოლაკია. ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ნაოჭებიანი, ქვედა მხრიდან უფრო ღია ფერის, ძარღვების გასწვრივ ჟღალი ფერის ბეწვებითაა შებუსული.
თეთრი, წითელი ლაქებიანი ყვავილები პირამიდულ ყვავილედშია შეკრებილი, სიგრძით 20-30 სმ აღწევს. ნაყოფი მწვანე, მომრგვალო 6 სმ დიამეტრის, ეკლებით დაფარული კოლოფია, რომელიც სამი საგდულით იხსნება. თესლი სფეროსებრია და პრიალაა.
ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება, მაგრამ ხდება მისი კულტივირება ბაღებსა და პარკებში.
ამზადებენ ცხენისწაბლას ნაყოფს მისი დამწიფებისა და ჩამოცვენის შემდეგ. ფოთლებს ამზადებენ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. ფოთლებს წყვეტენ ხელით, ყუნწებიანად. აშრობენ ჩრდილში, გაფენილს 10 სმ-ის სისქეზე. პირველი 2-3 დღის განმავლობაში დღეში 1-2-ჯერ აბრუნებენ. ფოთოლი მშრალია თუ ყუნწი გადაღუნვისას ტყდება.
ქერქს ამზადებენ ადრე გაზაფხულზე, ყვავილებს – ყვავილობის დასაწყისში.
ცხენისწაბლას ფოთლები შეიცავენ ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს და ოქსიკუმარინებს, კაროტინოიდებს, ვიტამინ E-ს, პლასტოქინონებს.
ქერქი – გლიკოზიდებს: ესკულინსა და ესკულეტინს, ფრაქსინს.
ყვავილები – კვერციტრინს, რუტინს და სხვ.
ნაყოფში – 25 სხვადასხვა სახის ფლავონოიდია, გარდა ამისა, არის საპონინი,  ესცინი, პურინი, ვიტამინი E და B ჯგუფის ვიტამინები.
მედიცინაში ცხენისწაბლას პრეპარატები გამოიყენება ოპერაციის შემდგომი თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპების პროფილაქტიკისათვის. მისგან დამზადებული პრეპარატები სისხლის შედედების უნარს აქვეითებენ, ამაგრებენ ვენებისა და კაპილარების კედლებს, ხელს უწყობენ წარმოქმნილი თრომბების გაწოვას. ამასთან, მათში არსებული საპონინები სისხლის წნევას დაბლა სწევენ. ცხენისწაბლას ნაყენით ან მისი ექსტრაქტით თრომბოფლებიტის მკურნალობის დროს ავადმყოფებს უმცირდებათ ტკივილები და შეშუპება, დაავადებულ ადგილებში ანთებითი პროცესი მცირდება. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება ბუასილის მკურნალობის დროს. ასევე კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზული ვენების გაგანიერების შედეგად წარმოქმნილი ტროფიკული წყლულების მკურნალობის დროს. აფთიაქებში მისი ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტია ესკუზანი.
ხალხურ მედიცინაში ვენების გაგანიერების და ბუასილის სამკურნალოდ, გარდა ნაყოფისაგან დამზადებული ნაყენისა, იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენს (25 წვეთი 2-3-ჯერ დღეში). ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთების დროს ითვლება  საუკეთესო სამკურნალო საშუალებად. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლის დენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისაგან დამზადებულ ფხვნილებს.
ნაყენის მოსამზადებლად 50 გრ ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ 0,5 ლ 50 გრადუსიან არაყს. იღებენ 30-40 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში.

 

ცერცვეკალა – Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv – Верблюжья колючка обыкновенная

პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის. ცერცვეკალა 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა. ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით, ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს და წითელი მოვარდისფრო ყვავილები სწორედ მათზეა გაბნეული 3-8 ყვავილიან ჯგუფებად. კიდემთლიანი, წაგრძელებული, ლანცეტა ან ოვალური ფორმის მარტივი ფოთლები ძირითადად მორიგეობითაა განლაგებული და ნაყოფების დროს უკვე სცვივა.
პარკები სწორია ან ნამგლისებრ მოხრილი 4-5 თესლით. ყვავილობა გახანგრძლივებულია თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში.
იზრდება ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლემდე. უპირატესად მდინარეთა სანაპირო დაბლობებზე, მეჩხერ, ნათელ ტყეებში, მლაშე ნიადაგებზე. გვხვდება შუა ქართლში, ქიზიყში, გარე კახეთში, გარდაბანსა და ქვემო ქართლში. უაღრესად სიმშრალს ამტანი მცენარეა. ხანგრძლივი სიცხეების დროს, როცა ბევრი ბალახა მცენარე უკვე “ჩაიწვა”, იგი თავისი ხასხასა მწვანე ფერით ამკობს მიდამოს.
ცერცვეკალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს 0,17 პროცენტ ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს C და K აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ეთერზეთს, ფლაონურ გლიკოზიდებს, მღებავ და შაქროვან ნივთიერებებს, კაუჩუკს, ორგანულ მჟავებს, ფისსა და სხვა. ბალახის ნახარში აძლიერებს ნაღვლის დენას, გააჩნია შემკვრელი თვისება, გამოიყენება ჭვალის დროს, აგრეთვე გასტრიტის, კუჭის წყლულის მკურნალობში. ამცირებს ადამიანის ორგანიზმში სითხის დანაკარგს. ხალხურ მედიცინაში ცერვეკალას ფოთლის ნაყენს იღებენ ოფლდამდენ საშუალებად, ფესვებს კი ბუასილის და სისხლიანი ფაღარათიანობის სამკურნალოდ, საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.

 

ცაცხვი – Tilia cordata – Липа сердцевидная

ცაცხვი საკმოდ მაღალი (30 მ-მდე) ხეა ცაცხვისებრთა ოჯახიდან სწორმდგომი ტანით, ფართოდ დატოტვილი ვარჯით და გრძივად დაღარული კანით. ახალგაზრდა ტოტები მორუხო-წითელია, წვრილი მეჭეჭებით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან – ნაცარა, ხშირად შებუსული, სიგრძით 5-9 სმ, სიგანით – 5-8 სმ. ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული. შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში. ყოველ ყვავილში ჯამის ხუთი ფოთოლაკია და გვირგვინის ხუთი ფურცელია. მასში მტვრიანები ხუთ კონადაა შეკრული. ნაყოფი სფერული ფორმის, ერთი ან ორთესლიანი კაკალია. ცაცხვი ცოცხლობს 300-400 წელი (იშვიათდა 600 წლამდე). ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, ხშირად გვხვდება მუხნარებში. ცაცხვის მოჭრა მხოლოდ 90 წლის ასაკშია დასაშვები. ამ დროისათვის მცენარეს შეუძლია დიდი რაოდენობით სამკურნალო ნედლეულის მოცემა. ცაცხვი შესანიშნავი თაფლის მომცემი მცენარეა.
ნედლეულად ამზადებენ ცაცხვის ყვავილებს, თანაყვავილედის ფოთლებთან ერთად. ყველაზე საუკეთესო დრო მათი დამზადებისთვის არის მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტი ყვავილები გაშლილია. შეგროვება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მშრალ ამინდში, დღის საათებში, რათა ყვავილებზე ნამი არ იყოს. ცაცხვი ყვავილობს 10-15 დღე, ამიტომ არ უნდა დაიგვიანოთ. შეგროვილ ყვავილებს აშრობენ თხელ ფენად გაშლილს ჰაერზე ჩრდილში, ან საშრობებში ან საშრობებზე 25-30 გრადუს ტემპერატურაზე. არ უნდა გამოაშროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილები ჩამოცვივდება. მშრალი ნედლეული შეიძლება შეინახოთ 2 წლის განმავლობაში.
ცაცხვის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ჰესპერიდინს, ტილიაცინს, საპონინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას. ეთერზეთის შემადგენლობაში ნაპოვნია ფარნეზოლი.
ცაცხვის ყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს. ძალზე ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაცივების შემთხვევაში. მისი ნახარშები იხმარება აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს. ცაცხვის ყვავილები შედის ასევე ყელში გამოსავლები სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება აგრეთვე ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენების სახით დამწვრობის, წყლულების, სარძევე ჯირკვლის ანთების, ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს.
გაცივების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს ამზადებენ როგორც ჩაის, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთი, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებელად. ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს.
თირკმელების, ღვიძილსა და ჰიპერტონული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა.

ჩადუნა მთის  – Dryopteris Filix-mas (L.) Schott – Щитовник мужской

კალამურასებრთა ანუ ნამდვილი გვიმრების ოჯახიდანა. ჩადუნა აჭარა-გურიაში ტყის გვიმრას სახელითაა ცნობილი, 1 მ-მდე სიმაღლის სპოროვანი, ფესვურიანი მრავალწლიანი მცენარეა. მიწის ზევით განვითარებული ღერო არ გააჩნია. ფესურა კი კარგადაა განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული.
კენტფრთართული დიდი ზომის ფოთლები ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი; ჩვილი ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდის მსვლელობაში თანდათან სწორდება ზეაღმართვით.
ჩადუნა ჩვეულებრივ ნესტიან ტყეებშია გავრცელებული (წიფლნარები და სოჭნარ-ნაძვნარები). ერთეულდაკნინებული ეგზემპლარების სახით ზოგჯერ მუხნარებშიაც გვხვდება.
 ჩადუნას ნორჩი სპირალურად დახვეული ფოთლები ზოგან საჭმელად გამოიყენება მხალის სახით.
სამკურნალოდ ფესურა გამოიყენება, როგორც სოლიტერის საწინააღმდეგო ძლიერ მოქმედი საშუალება, ამ მიზნით გამოიყენება მეცნიერულ და ხალხურ მედიცინაში, აგრეთვე ვეტერინარიაშიც.
საყურადღებოა ჩადუნას ძლიერშხამიანობა. ამიტომ მისი სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ ექიმის რჩევით და მისი ზედამხედველობით დაიშვება.
გარდა აღნიშნულისა, არის ცნობები იმის შესახებაც, რომ ხალხში ჩადუნა ცნობილია, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაც .

 

 

Don`t copy text!