Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 384

შავი მოცხარი – Ribes Nigrum L – Смородина черная

ხურტკმელისებრთა ოჯახში შედის. შავი მოცხარი 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლებით, რომელნიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ძარღვების გაყოლებით ბუსუსიანი. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი, სიგანეში 1 სმ-მდე, 5-10 ცალი შეკრებილია თავჩაქინდრულ მტევნად, ნაყოფები შავია, იშვიათად შავი-მონაცრისფრო, ბურთისებრ მრგვალი, 1 სმ-მდე დიამეტრში. ყვავის მაის-ივნისში, ზოგან უფრო ადრეც, მის მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. სხვადასხვა პირობებში ერთ ჰექტარზე 50-დან 300 კგ-მდე მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი 1850 კგ/ჰექტ. ნაყოფები ივლის-აგვისტოში მწიფდება. ფართოდ კულტივირებული ბუჩქია.
ნაყოფები შეიცავს 10-13 პროცენტ შაქრებს, 2,6-3,7 პროცენტ თავისუფალ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ღვინის), 1 პროცენტამდე პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით (1400-1500 მგ პროცენტი, კულტივირებულ ფორმებში – 4000-მდე მგ პროცენტი). ამ მხრივ იგი მხოლოდ ასკილსა და აკტონდიას ჩამორჩება, ნაყოფები იჭმება ხილად, აგრეთვე ხარშავენ მურაბას, ხილფაფას, კისელს, კომპოტს და ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს. მაღალ ტემპერატურაზე ვიტამინი C იშლება, ამიტომ შესანახად შაქრის ფხვნილში ურევენ და ისე ინახავენ, ნაყოფებს ტემპერატურული დამუშავების გარეშე. განთქმულია შავი მოცხარის ღვინოები, რომელთაც ყირგიზეთის და ყაზახეთის ქარხნები უშვებენ. ფოთლები და კვირტები 0,7 პროცენტ ეთერზეთს შეიცავენ და იხმარება ნაყენების და ლიქიორების წარმოებაში. ფოთლები ბურახის, სოკოების, კიტრის და პომიდვრის დამწნილებისას მათი არომატიზირებისათვის იხმარება.
შავი მოცხარის ნაყოფები და ფოთლები გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფებს იყენებენ ოფლმდენ, კუჭაშლილობის საწინააღმდეგო და შარდმდენ საშუალებად. ფოთლებს კი რევმატიზმის სამკურნალოდ, ოფლმომგვრელად დიათეზის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
შავი მოცხარის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე სისხლნაკლოვანების, მადის მოსაგვრელად, ხველების დროს. ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ნაყოფებისა და ფოთლების გამონახარშს იყენებენ ხველების, ჰიპერტონიის, რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ოფლმომგვრელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლებისა და კვირტების ნაყენი გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი, სიყვითლის და სისხლნაკლოვანების საშუალება. ზოგჯერ ნაყოფების, ფოთლების და ქერქის ნაყენს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს, გაციებისა და ყივანა ხველის, საშარდე ბუშტის დაავადების და თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. კუჭის წყლულის დროს ნაყოფების წვენს სვამენ და დაახლოებით 60-90 გ დღეში სამჯერ.
შავი მოცხარის ფოთლებს, კვირტებს და ნაყოფებს, ეთერზეთთან ერთად, დეზინფექციის თვისებები გააჩნია, ფოთლებისა და ნაყოფების პრეპარატი სპობს დიზენტერიის ჩხირებს.
შავი მოცხარის, ჟოლოს და მოცვის ფოთლები ასკილის ნაყოფთან ერთად ვიტამინის კომპლექსის შემცველობისაა. ამიტომ იგი საუკეთესო საკვებად ითვლება ადრე გაზაფხულზე ავიტამინოზის დროს. ამ მიზნით ახალგაზრდა ფოთლებს ამზადებენ შემოდგომაზე, ნაყოფების შეგროვების შემდეგ. შეგროვებულ ფოთლებს ზამთარში ჩრდილში ახმობენ. პრეპარატს ამზადებენ შემდეგნაირად: 5 სუფრის კოვზ მშრალ ან ახლად დაკრეფილ, წვრილად დაქუცმაცებული ფოთლებს ათავსებენ მინის ან ემალის ჭურჭელში (უმჯობესია ჰერმეტულად, თერმოსში) დგამენ 40-60 წუთს, მიიღება ჩაის სახით შაქრის დამატებით დღეში 5-6 ჭიქა.

 

შავბალახა – Leonurus cardiaca – Пустырник

შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან, 50-150 სმ სიმაღლის გამერქნებული ვერტიკალური ფესურით. კახეთში მას ნაწყენის ბალახს ეძახიან. ღეროები სწორადგმდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი, მწვანე ან მოწითალო-იისფერი, ოთხწახნაგოვანი და ღრუა. ფოთლები ყუნწიანია, მოპირისპირე, ღეროს წვერში პატარა ზომისაა. ზემოთ მუქი ან ღია მწვანე ფერისაა, ქვემოთ ნაცრისფერი. ყვავილები წვრილია, ვარდისფერი, ღეროს ბოლოზე ქმნიან თავთავისებრ ყვავილედს. ყვავილები ფოთლების უბეში რგოლებადაა შეჯგუფული. ნაყოფში სამწახნაგოვანი ოთხი თესლია მოთავსებული. შავბალახა ყვავილობას იწყებს ივნის-ივისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.
შავბალახა სარეველა ბალახია. იგი გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში, იზრდება ბაღ-ვენახების, ყანების, ტყის, გზის პირებში, ეზოებსა, ღობის ძირებში, ნაგვიან ადგილებზე. საქონელი მას არ ძოვს.
ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. ღეროების წვერებს და გვერდით ყლორტებს ყვავილებითა და ფოთლებით ჭრიან დანით ან სეკატორით. უმჯობესია შეგროვება მშრალ ამინდში, ნამის შეშრობის შემდეგ, აშრობენ ჩრდილში, ფარდულში, სხვენზე კარგი ვენტილაციის პირობებში, გაშლილს ქაღალდზე ან ქსოვილზე თხელ ფენად, პერიოდულად აბრუნებენ. გამხმარი ბალახის შენახვის ვადა 3 წელია.
შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა.
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას.
ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობის და შიშების დროს.
შავბალახას ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1-2 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს ასხამენ 250 გრ წყალს, ადუღებენ სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ 2 სუფრის კოვზის დღეში რამდენჯერმე ან ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისათვის, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად.ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდგენაირ ნაყენებს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე, დადგით 2 სთ-ით. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნედლი ბალახის წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას (30-40 წვეთი რამდენიმეჯერ დღეში.)

ყვითელი ძიძო – Melilotus officinalis – Донник лекарственный

ყვითელი ძიძო ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო აღმავალია ან სწორმდგომი, დასაწყისიდანვე დატოტვილი, სიმაღლით 50-100 (200) სმ. ფოთლები მორიგეობითია, სამფოთოლაკიანი, ფოთოლაკები შებრუნებულ-კვერცხისებრია, არათანაბრად ხერხისებურად დაკბილული, წვეროში ფხით. ყვავილები – მოკლეა, ყვავილედებად – მტევნებად არის შეკრებილი.
ზედა ფოთლების უბეებში გვირგვინი ყვითელია, ხუთი არათანაბარი სიდიდის ფურცლით; ნაყოფი პარკია, ოვალური, შიშველი, სადგისისებრი წვერით, ჩვეულებრივად ერთი ან ორი თესლით. ყვავილობს ივნის-სექტემბერში.
ძიძოს ქართლსა და ჯავახეთში ვირის იონჯას ეძახიან, ერწოში – იონჯას, რაჭაში – სამთითას, იმერეთში – ცხენისოფას.
იზრდება ნესტიან, ბალახოვან ადგილებში როგორც სარეველა მცენარე. ნედლეულად იყენებენ ღეროს კენწრულ ნაწილს ფოთლებითა და ყვავილებით. მოჭრილ ღეროებს კრავენ პატარა კონებად და აშრობენ ჩრდილში ან შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება.
ყვითელი ძიძო გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება გაძლიერებული აღგზნებისა და უძილობის დროს; ხალხულ მედიცინაში მას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, სასუნთქი გზების ანთების, მეტეორიზმისა და სისხლის მაღალი წნევის დროს. ძიძოს ხმარობენ აგრეთვე გარეგან საშუალებად დაჩირქებული ჭრილობების, შუა ყურის ანთების დროს (იყენებენ ნედლეულის ადუღების დროს გამოყოფილ ორთქლს). ნიკრისის ქარისა და სახსრების შეშუპებისას იკეთებენ ყვითელი ძიძოს აბაზანებს. თავის ტკივილის შემთხვევაში იყენებენ ძიძოს სპირტიან ნაყენს. ნედლეულს ასხამენ მაგარ არაყს, აჩერებენ 10-15 დღეს, წურავენ და იდებენ ნაყენში დასველებულ საფენს თავზე.
ნედლეულის დიდი ხნით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები: გულისრევა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, რასაც იწვევს მცენარეში არსებული კუმარინები. განსაკუთრებით მძიმე მოწამვლა შეუძლია გამოიწვიოს ნედლეულის შრობის ტექნოლოგიის დარღვევამ და შენახვამ. ამის მიზეზი ხდება ძიძოს ლპობა და მასში დიკუმარინის წარმოშობა. დიკუმარინი ხელს უშლის ორგანიზმში პროთრომბინის წარმოქმნას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მძიმე ფორმით სისხლის ჩაქცევა.
ყვითელი ძიძო უმთავრესად გამოიყენება ნაკრებებში. მისი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის მიზანშეწონილი.
გარეგანი დანიშნულებით (კომპრესები, დასაბანად) ძიძოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ.
ყვითელი ძიძოს ნაყენი როგორც ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ასეთი წესით შეგიძლიათ მოამზადოთ: 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი. დაახურეთ თავზე, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე ანადუღარი წყლით. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ხალხურ მედიცინაში ყვითელი ძიძოს დაქუცმაცებულ ნედლეულს ადუღებენ ზეთში და ამ ნახარშის საფენებს იყენებენ დაჩირქებული ადგილების მოსამწიფებლად.

 

ყვითელი ნიგვზისძირა  – Geum Urbanum L – Гравилат городской

ვარდისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ნიგვზისძირას რაჭაში ეძახიან მარიამხელას 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა. ღეროსა და ფოთლების ყუნწებზე შეიმჩნევა რბილი ბეწვები. ქვედა ფოთლები წყვეტილფრთისებრი და გრძელყუნწაა 2-4 წყვილი სეგმენტით. კენწრული სეგმენტი გაცილებით დიდია სხვა სეგმენტებთან შედარებით. სეგმენტთა ფორმა მოგრძო რომბულია, ძირში სოლისებრ შევიწროებით და კიდეებში მსხვილადაა დაკბილული.
ყვავის აღმამდგომი ყვითელი ყვავილებით აპრილ-აგვისტოს განმავლობაში, თესლი აღჭურვილია კაუჭა დანამატებით რითაც საქონელს ეკვრის და შორ მანძილზე ვრცელდება.
ხშირად გვხვდება კალთაშეთხელებულ მუხნარებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, აგრეთვე ბაღებში. მისი ფესურა საკვებად ვარგა, ზოგან მას ლუდში ხმარობენ იმისათვის, რომ არ დამჟავდეს.
ხალხურ მედიცინაში ნიგვზისძირას ფესურასა და ფესვებს ფხვნილის სახით თაფლში არეულს ხველების წინააღმდეგ იყენებენ, 1 გრ ფხვნილი დღეში 3-4-ჯერ. ფესვების მონახარში იხმარება კუჭისა და ნაწლავების კატარის წინააღმდეგ. გარდა ამისა ნიგვზისძირა გამოიყენება მალარიისა და თირკმლების სამკურნალოდ. რეკომენდებულია დიზენტერიის, პირღებინების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ივლებენ მის მონახარშს.
მონახარშის მოსამზადებლად იღებენ 30 გრ ფესვებს და ასხამენ 240 გრ მდუღარე წყალს. მიიღება თითო ჩაის კოვზი ყოველ ორ საათში. კარგია მისი ღვინოზე ნაყენიც. 60 გრ ფესვებს ასხამენ 0,5 ლიტრ ღვინოს, რამდენიმე დღის შემდეგ იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში ორჯერ.

ყვანჩალა –  Stachys Sylvatica L – Чистец лесной, змеиная трава

ტუჩოსანთა ოჯახში შედის. ყვანჩალა 60-120 სმ სიმაღლის, ზედა ნაწილში დატოტვილღეროიანი მრავალწლიანი მცენარე. 8-15 სმ სიგრძის ფოთლების ძირი გულისნაირია, საერთოდ კი ფოთლის ფირფიტა კვერცხისებრი კონფიგურაციისაა, კიდეხერხკბილა და გრძელყუნწაა, გარდა კენწრული ფოთლებისა, რომელთა ყუნწებიც გაცილებით უფრო მოკლეა ქვედა ფოთლებთან შედარებით.
საკმაოდ ხშირი შებუსვის გამო მთელი მცენარე მქისეა. ტყის ქოთანასა და შალამანდილის მსგავსად კენწურ ნაწილში წებოვანი ნივთიერებას გამოყოფს და ხელს ეკვრის. ყვავის ივნისიდან სექტემბრამდე, აღმამდგომ მტევნებად შეკრებილ, მუქი-წითელი, ორტუჩა ყვავილებით. ყვავილის ქვედა ტუჩს ტალღისებრ დაკლაკნილი თეთრი ხაზები გასდევს, რაც დიდ სილამაზეს აძლევს ყვავილს. ყველაზე ადრე მტევნის ქვედა ყვავილები იფურჩქნება, შემდეგ კი თანდათანობითა და თანმიმდევრობით ქვემოდან ზემოთ მიმართულებით იშლება ზედა ყვავილებიც.
საერთო გარეგანი შეხედულებით ყვანჩალა ერთი შეხედვით ჭინჭარს მოგვაგონებს. გამოუცდელი ადამიანი აყვავებულ ყვანჩალას შეხედვისთანავე ჭინჭარს ამსგავსებს და ერიდება. ჭინჭრის და ყვანჩალას პირველი შეხედვისთანავე ერთიმეორისაგან გარჩევა გარკვეული ჩვევების და პრაქტიკული გამოცდილების საქმეა, მით უმეტეს, რომ ორივე ბალახი ტყეში ფართოდაა გავრცელებული.
ყვანჩალა ტიპიური ტყის მცენარეა. უფრო ხშირად წიფლნარებსა და ნაძვნარ-სოჭნარებში გვხვდება, საერთოდ კი ზომიერად ტენიან ადგილსამყოფელის ტყეებისა და ბუჩქნარების მცენარეა. იგი თაფლოვანია, იძლევა მწვანე ფერის საღებავს, ხოლო თესლი კი 28 პროცენტზე მეტ ზეთს შეიცავს.
მედიცინში აყვავებული ყვანჩალას მიწისზედა ნაწილები გამოიყენება სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში მშობიარობის შემდგომ პერიოდში (საშვილოსნოდან სისხლდენის და საშვილოსნოს ატონისის დროს მისი უკუქცევადი პროცესის განვითარების დასაჩქარებლად), აგრეთვე მეანო და მეტრორაგიის შემთხვევებში. ექსპერიმენტებით დადგენილია, ყვანჩალას მცირედი ტოქსიკურობა, იგი სედატიურ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რამდენადმე ამცირებს არტერიულ წნევას. მნიშვნელოვნად აძლიერებს გულის კუმშვის ძალას, ამასთან მის რიტმზე არსებით გავლენას არ ახდენს; საშვილოსნოს მუსკულატურის კუმშვასა და ტონუსს ამაღლებს. საერთოდ ყვანჩალა ფარმაკო-ქიმიურად ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი.

 

ყვავტყემალი  – Amelanchier Rotundifolia (Lam) Dum-Cours – Ирга овальная

ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ყვავტყემალი 3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, კვერცხისებრი ან ელიფსური, და კიდედაკბილული, ქვედა მხრიდან შებუსვილი, 4 სმ-მდე სიგრძის ფოთლებით. ყვავილი თეთრგვირგვინიანია 1,5 სმ-მდე დიამეტრში, შეკრებილია ფარისებრ ყვავილედად ყლორტების კენწრულ ნაწილში. ნაყოფი მრგვალი და წვნიანია, 8 მმ-მდე დიამეტრში, მომწიფების წინ წითელია, მწიფე კი თითქმის შავი ნაცრისფერი ნაფიფქით. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. ნაყოფმოსხმოიარობას 3-4 წლის ასაკიდან იწყებს და 40 წლამდე გრძელდება.
გავრცელებულია როგორც ბარში, ასევე მთაში ზღვის დონიდან 1900 მეტრამდე. იზრდება მშრალ ხირხატ ნიადაგებზე. ნიადაგური პირობებისადმი საერთოდ დაუდევარი ბუჩქია, ნორმალურად მხოლოდ განათებულ ადგილებზე იზრდება. საკმაოდ სწრაფი ზრდით ხასიათდება, მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც, ამიტომ შესანიშნავი ბუჩქია ეროზიის საწინააღმდეგოდ ნარგავებისათვის.
ნაყოფი 12 პროცენტამდე შაქარს, 1 პროცენტამდე ორგანული მჟავებს, 0,5 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს, დაახლოებით 40 მგ პროცენტ ასკორბინის მჟავას, კაროტინს და საღებავ ნივთიერებებს შეიცავს. იჭმება ყოველგვარი მომზადების გარეშე, გარდა ამისა, მისგან მზადდება მურაბა, თათარა, ღვინო და სხვა. ხმელი ნაყოფი საუცხოო შემადგენელი ნაწილია კომპოტებისა და კისელისათვის, რომელთაც იგი მიმზიდველ შეფერილობას აძლევს. ახალი ნაყოფის წვენი შემკვრელი თვისებისაა და სამკურნალო სასმელად იყენებენ კუჭაშლილობის დროს. ფრიად დეკორატიული ბუჩქია, ამიტომ საყურადღებოა გამწვანების მეურნეობისათვის.

 

ღოლო ჩვეულებრივი – Rumex confertus – Щавель конский

ჩვეულებრივი ღოლო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5 მ-მდე, სქელი, მძლავრი ფესურითა და ხორციანი დამატებითი ფესვებით. ღოლოს ლათინური სახელწოდება Rumex–(“შუბი”) ფოთლების ფორმის გამო მიიღო, მისი ფოთლები მსხვილია, წაგრძელებული – სამკუთხა ფორმის, კიდეები დატალღული, სიგრძით 30 სმ, სიგანით 12 სმ, გრძელყუნწიანი. ყვავილები – წვრილია, შეუმჩნეველი, მომწვანო, მოყვითალო ფერის მარტივი, ექვსფოთოლაკიანი ყვავილსაფარით, ექვსი მტვრიანითა და ერთი ზედანასკვიანი ბუტკოთი, შეკრებილია საფრქვეველად, რომლებიც ქმნიან ხშირ, ცილინდრულ, თითქმის უფოთლო ყვავილედს.
ნაყოფი – სამწახნაგა კაკლებია, რომლებიც ყვავილედის ფოთლებშია მოქცეული.
ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ივლისში, მაგრამ ზამთრამდე არ ჩამოცვივდება.
ღოლო ჩვეულებრივ კარგად ხარობს მინდვრებში, მდელოებზე, წყალსაცავის ნაპირებზე, საზოგადოდ ზომიერად ნესტიან და ნესტიან ნიადაგებში.
სამკურნალოდ აგროვებენ ძირითადად ფესვებსა და ფესურას აგვისტო-სექტემბერში, იშვიათად ნაყოფსა და ყვავილებს. ფესვებს თხრიან ნიჩბით, ჩამობერტყავენ მიწას, მოაჭრიან ღეროებს, ფოთლებს, კარგად გარეცხავენ გამდინარე წყლით. სქელ ფესვებს ჭრიან სიგრძეზე, გრძელებს განივად, შემდეგ აჭკნობენ და აშრობენ ნებისმიერი მეთოდით: ჩრდილში, მზეზე, გაშლილს თხელ ფენად. უამინდობის შემთხვევაში იყენებენ სპეციალურ საშრობებს (50-60 გრადუს ტემპერატურამდე). მშრალად ითვლება ნედლეული, თუ კი გადაღუნვისას გატყდება.
მშრალი ნედლეულის შენახვის ვადა სამი წელია, ინახავენ მშრალ კარგად განიავებად სტელაჟებზე.
ჩვეულებრივი ღოლოს ფესვები შეიცავენ 4%-მდე ანტრაქინონებს, რომლის შემადგენლობაში შედის ქრიზოფანის მჟავა და ქრიზოფანოლი; სათრიმლავ ნივთიერებებს პიროკატექინის ჯგუფიდან, ფლავონოიდებს, კოფეინის მჟავას, ეთერზეთს, ფისებს, რკინას ორგანული შენაერთის სახით. ფოთლები შეიცავენ ფლავონოიდებს. ასკორბინის მჟავას და კაროტინს. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმის ოქსალატს. გამშრალი ნედლეული შეიძლება შევინახოთ 3 წლის განმავლობაში.
ჩვეულებრივი ღოლოსაგან დამზადებული ნაყენები, ნახარშები, ფხვნილები და ექსტრაქტები გამოიყენება კოლიტების, ენტეროკოლიტების, ბუასილის, სწორ ნაწლავზე ნახეთქების, ჭიების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე პირის ღრუს ანთებითი პროცესების (სტომატიტი, გინგივიტი, ანგინა და სხვა) სამკურნალოდ.
მცენარის ფესვებში არსებული სათრიმლავი ნივთიერებების გამო მისგან დამზადებული ფხვნილი ან ნახარში მცირე დოზებით გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭის აშლილობის დროს, ხოლო დიდი დოზებით – როგორც საფაღარათო საშუალება.
ექსპერიმენტებით დადგენილია მისი სისხლისაღმდგენი მოქმედება. არსებობს კლინიკური გამოცდები სურავანდის სამკურნალოდ. ნაღვლის წარმოქმნისა და მისი გამოდევნის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. მიმდინარეობს ცდები ფსორიაზის სამკურნალოდ ღოლოს გამოყენების ეფექტურობის შესასწავლად.
ჩვეულებრივი ღოლო ხშირად გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ან სამკურნალო ჩაის სახით.
კუჭში გასახსნელად იყენებენ წმინდად დაფქვილი ფესვებისაგან მიღებულ ფხვნილს (0,5-1 გრ ერთ მიღებაზე), სპასტიკური კოლიტების, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს. მისი მოქმედება ვლინდება 8-10 სთ-ის შემდეგ. ამიტომ უმჯობესია ფხვნილის მიღება საღამოს, ძილის წინ. საერთოდ, ქრონიკული შეკრულობის დროს, სასურველია ჩვეულებრივი ღოლოს მიღება შეიცვალოს სხვა საღაფარათო საშუალებებით.
კუჭის აშლილობის დროს მიიღება ფხვნილი 0,2-0,3 გრ 3-ჯერ დღეში 20-30 წუთით ადრე ჭამის წინ.
ჩვეულებრივი ღოლოს ფესვების ნახარშის მოსამზადებლად 5 გრ (2 სუფრის კოვზი), ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთი, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ). შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ როგორც შემკვრელი, გამამაგრებელი საშუალება, კოლიტების, ენტეროკოლიტების, ბუასილის დროს 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამის წინ, ხოლო 1/2 ჭიქა ძილის წინ როგორც საფაღარათო საშუალება.
ხალხურ მედიცინაში ჩვეულებრივი ღოლოს ფესვების ნახარშს იყენებენ აგრეთვე გარეგანად საფენების სახით, მოსაბანად, აბაზანებისთვის კანის იმ დაავადებებისათვის, რომლებსაც თან ახლავს ქავილი;
დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს იფენენ ჩირქოვან მუწუკებზე, ძირმაგარებზე მათი მომწიფების დასაჩქარებლად და წყლულებზე და ჭრილობებზე სწრაფად შესახორცებლად.
ჩვეულებრივი ღოლოს პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია თირკმლების დაავადების დროს.

ღიღილო – Centaurea Cyanus – Василек

 

 

ღიღილო ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-80 სმ, წვრილი დატოტვილი ფესვით და სწორტოტებიანი ღეროებით, რომლებიც შებუსულია მორუხო-თეთრი ბეწვებით. ფოთლები მორიგეობითია, მორუხო-მწვანე, ქვედა სამნაწილიანია, ან ფრთისებრ დატოტვილი, ყუნწიანი, ზედა ხაზურია, მთლიანი. ყვავილები შეკრებილია კალათა ყვავილედად, რომლებიც ტოტის წვერზე და მის განშტოებებზეა მოთავსებული. კიდურა ყვავილები მილისებრია ან ძაბრისებრი, ლურჯი ფერის, შიდა – იისფერია. ნაყოფი რუხი ან მორუხო-ყვითელი, მოგრძო, პრიალა თესლია.
ღიღილო ყვავილობს ივნის-ივლისში, თესლი მწიფდება აგვისტოში. იგი გავრცელებულია როგორც სარეველა ხორბლის, ქერის საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესებში, გვხვდება აგრეთვე მრავალწლიან ბალახებს შორის, ნასვენ მიწებზე, ხოლო ცუდად დამუშავებულ მინდვებში ბარდებადაა მოდებული.
სამკურნალოდ გამოიყენება ღიღილოს კიდურა ყვავილები, რომლებსაც აგროვებენ მისი სრული ყვავილობის პერიოდში ივნის-ივლისში, კრეფენ ხელით. იმისათვის, რომ ყვავილმა ფერი და სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს, აშრობენ მზის სხივებისაგან დაცულ, ჩაბნელებულ, თბილ შენობაში, ან სხვენზე კარგი ვენტილაციის პირობებში.
მშრალი ყვავილების შენახვის ვადა 1 წელია.
ღიღილოს ყვავილები შეიცავს ანტოციანებს, ციანიდებს, გლიკოზიდებს.
ხალხულ მედიცინაში ღიღილოს ყვავილებს იყენებენ როგორც შარდმდენ საშუალებას, დადგენილია მისი ნაღველმდენი თვისებაც.
მედიცინაში ღიღილოს ყვავილებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება თირკმელების ქრონიკული ანთებითი დაავადებების და შარდსადენი გზების კომპლექსური თერაპიის დროს. ასევე ეფექტურია ეს პრეპარატები შეშუპების დროს, რომლებიც გამოწვეულია თირკმელების, გულის სისხლძარღვთა სისტემის დავადებებით.
ღიღილოს ყვავილი შედის შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში, რომლებსაც გამოიყენებენ კენჭოვანი დაავადების, პიელიტების, ცისტიტების, ურეთრიტებისა და სხვა დაავადებების დროს.
ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისესების გამო ყვავილებს იყენებნ კონიუქტივიტების, ბლეფარიტების და მხედველობის დაღლილობის დროს. ღიღილოს ყვავილები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების დაავადების დროს; მცენარეში არსებული მწარე გილიკოზიდები აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციებს. ამიტომაა, რომ იგი შედის ნაკრებებში, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების სამკურნალოდ.
ღიღილოს ყვავილების ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ანადუღარი ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ). შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, როგორც მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი და მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება.
ხალხურ მედიცინაში ღიღილოს გამოიყენებენ ხანგრძლივი ავადმყოფობით დასუსტებულთათვის, თირკმელების, შარდსადენისა და ნაღველის სადინარების დაავადების დროს. მის ექსტრაქტს ხმარობენ აგრეთვე ბრონქული სინდრომის დროს, როგორც ამოსახველებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.
ცხელი ექსტრაქტის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭბქა მდუღარე (200 მლ) წყალი, გააჩერეთ 20 წთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.

 

ღვედკეცი  – Periploca Graeca L – Обвойник греческий

Asclepiadaceae-ს ოჯახში შედის. ღვედკეცი მხვიარა (ლიანა) ბუჩქია 30 მეტრამდე სიგრძის ღეროთი. გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად იგი მდ. ალაზნის ჭალებშია, დასავლეთში კი კოლხეთის დაბლობის ტყეებში იზრდება.
მის მოპირისპირედ განწყობილი ფოთლები კვერცხისებრ ლანცეტა ან ლანცეტა ელიფსურია, ხეშეში, ზემოდან უფრო მუქი მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი, ფოთლების კიდეები დაუკბილავია.
მომწვანო-იისფერი ყვავილები ნახევარქოლგისებრ ყვავილედებშია შეკრებილი და მაის-ივნისში იშლება. ყვავილედის საერთო ღერო ფოთლის იღლიიდან ამოდის ტოტის კენწრულ ნაწილში. წყვილი რკალისებრი ნაყოფი ფოთლურაა, რომელიც არცთუ იშვიათად წვერში ერთმანეთთანა შეზრდილი, ძირში კი, ჩვეულებრივ, ერთმანეთთანაა მიახლოებული. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება და შიგნითა მხრიდან მთელ სიგრძეზე სკდება და ბეწვიანი მრავალი თესლი თანდათან გამოსცვივა და ქარის საშუალებით ვრცელდება.
ზღვის დონიდან 400-500 მეტრზე მაღლა თითქმის არ გვხვდება. სიცივეს უერ იტანს, ტიპიური მეზოფიტია და ნესტიან ადგილებზე კარგად ხარობს. ლამაზი ყვავილებითა და ხასხასა მწვანე ფერის გამო ფრიად მიმზიდველი მცენარეა, საუცხოო მასალაა ვერტიკალური გამწვანებისათვის ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში.
მედიცინაში ღვედკეცის ქერქს იყენებენ, რომელსაც ადრე გაზაფხულზე, წვენის მოძრაობის დაწყებისთანავე ამზადებენ. იგი საგულე საშუალება გლიკოზიდ პერიპლოცინს შეიცავს, რომელიც სტროფანტინის მსგავსად გულის უკმარობისას გამოიყენება სისხლის მიმოქცევის მოშლის მძიმე მდგომარეობის დროს. პერიპლოცინის თერაპევტული ეფექტი პულსის ცემის რიცხვის შემცირებაში, გულის კუმშვის გაძლიერებაში, სისხლის მიმოქცევის დაჩქარებაში, სულის ხუთვის შეგრძნების შემცირებასა და დიურეზის (შარდდენის) გადიდებაში გამოიხატება. ღვედკეცის ქერქის ნაყენიც იმავე დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება, რისთვისაც პერიპლოცინს იყენებენ.
სტროფანტინისაგან განსხვავებით პერიპლოცინი უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაში მოქმედებს.
 პერპიპლოცინს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარობის II-III სტადიაზე იყენებენ. აღინიშნება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება. მცირდება სულის ხუთვის შეგრძნება, გულის ცემა, ხელს უწყობს ძილის აღდგენას. მკურნალობის დაწყებიდან 8-12 დღის შემდეგ ბევრ შემთხვევებში ქრება ციანოზი (სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული სილურჯე, კანის და ლორწოვანი გარსის გალურჯება). კლებულობს შეშუპება, მცირდება პულსის სიხშირე და დეფიციტი. მოციმციმე არითმიის დროს ტაქტიკარდიის ინტენსივობა მცირდება.
არტერიული წნევა ჩვეულებრივ, ცოტათი იზრდება (სინდიყის სვეტის 20 მმ-მდე). არტერიული წნევის ნორმალიზება თან ახლავს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, გულის კომპენსაციის აღდგენას. ამავე დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, სისხლის მიმოქცევის სისწრაფეც იზრდება.

 

ქრისტესისხლა – Chelidonium majus – Чистотел большой

ქრისტესისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 25-100 სმ. ხევსურეთში იგი სისხლა ბალახას, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ცხენისოფას სახელით არის ცნობილი. ღერო და ფოთლები შეიცავენ ნარინჯისფერ რძეწვენს. მისი ფესვი მთავარღერძაა, დატოტვილი, მოკლე ფესურით. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, შიშველი ფოთლები მწვანე აქვს, ქვემოდან მონაცრისფრო. თითქმის მოპირისპირედ განლაგებული, კენტად ფრთადანაკვთული. ფოთლები უმეტესად მომრგვალოა. არათანაბრად დაკბილული. ყვითელი ყვავილები ღეროს ბოლოს ქოლგისებრ ყვავილედადაა შეკრებილი. ქოლგა შედგება 4 ფართო, კვერცხისებრი ფურცლისაგან. ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, სიგრძით 3-6 სმ-მდე, მრავალი მოშავო-ყავისფერი, პრიალა თესლით.
ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.
გავრცელებულია ჩრდილიან, ქვიან ადგილებში, მეჩხერ ტყეებში, ხშირად საცხოვრებელი სახლების ახლოსაც გვხვდება, ბაღებში, ბოსტნებში, როგორც წესი იზრდება პატარა კვლებად.
აგროვებენ ქრისტესისხლას მიწისზედა ნაწილებს მისი ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით და აცილებენ გაუხეშებულ ნაწილებს. მცენარე შხამიანია, ამიტომ შეგროვების დროს არ შეიძლება ხელებით სახეს ან თვალებს შეეხოთ.
ბალახს აშრობენ თხელ ფენად გაშლილს საშრობებში, სხვენებზე, ფარდულებში, რომლებიც კარგად ნიავდება. იგი პერიოდულად უნდა გადაბრუნდეს. ნედლეული ითვლება გამხმარად, თუ ღერო გადაღუნვის დროს გადატყდება და არ მოიხრება. რაც უფრო სწრაფად გაშრება ნედლეული, მით მეტი რძეწვენი დარჩება მასში. გამხმარი ნედლეული უნდა შევინახოთ ნაჭრის პარკში მშრალ, ჰაერიან ადგილას, შენახვის ვადა სამი წელია.
ქრისტესისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ხელიდონინი, ჰემოხელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ხელერიტრინი, სანგვინარინი, საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, ვიტამინი A, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ქარვის და სხვა.
ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძეწვენს ხმარობენ მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად. წყლულების, ჭრილობების, სირსველის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ ნახარშებსა და ნაყენებს იყენებენ, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს  როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
ქრისტესისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირში და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს.
ქრისტესისხლას გამონაწვლილი რომ მიიღოთ, 1 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს დაასხით 500 მლ მდუღარე და დადგით 1 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ არყის ჭიქით 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენისა და გამონაწვლილის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა (თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ, მისი გამოყენების დროს, საჭიროა დიდი სიფრთხილე და იგი მხოლოდ ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.
ქრისტესისხლას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ფოთოლი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილ მასა გამოწურეთ, შეავსეთ მიღებული ნაყენი ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წთ-ით ადრე.

 

Don`t copy text!