Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 586

იტასპორი – ITASPOR – ИТАСПОР

საერთაშორისო დასახელება:

ITRACONAZOLE

მწარმოებელი: INTAS

მოქმედი ნივთიერება: იტრაკონაზოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის. ტრიაზოლის წარმოებულები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 4ც.

1 კაფს.

იტრაკონაზოლი – 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები – Ponceau 4R (E 124), კარმუაზინი (E 122), ტარტრაზინი

(E 102), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იტასპორი-ავერსი წარმოადგენს ტრიაზოლის წარმოებულს, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, მისი მოქმედება განპირობებულია  სოკოს უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტის – ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით.

იტრაკონაზოლი აქტიურია დერმატოფიტებით (Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum), საფუარას (Cryptococcus neoformans, Pityrosporum spp., Candida spp., ასევე Candida albicans, Candida glabrata, Candida krusei), Aspergillus spp., Histoplasma spp., Paracoccidioides brasiliensis, Sporothrix schenckii, Fonsecaea spp., Cladosporium spp., Blastomyces dermatidis) და სხვა სოკოებით გამოწვეული ინფექციების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას იტრაკონაზოლის მაქსიმალური ბიოშეღწევადობა აღინიშნება უშუალოდ ჭამის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 სთ-ის შემდეგ. საკვების მიღება გავლენას ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მისი წონასწორული კონცენტრაცია (Css) პლაზმაში მიიღწევა 1-2 კვირის განმავლობაში. იტრაკონაზოლის წონასწორული კონცენტრაცია (Css) მისი მიღებიდან 3-4 სთ-ის შემდეგ შეადგენს 0.4 მკგ/მლ-ს (100 მგ-ის ერთხელ დღეში მიღების შემთხვევაში); 1.1 მკგ/მლ (200 მგ-ის ერთხელ დღეში მიღების შემთხვევაში) და 2 მკგ/მლ (200 მგ-ის 2-ჯერ დღეში მიღების შემთხვევაში).

პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 99.8%.

კერატინის შემცველ ქსოვილებში, განსაკუთრებით კანში, იტრაკონაზოლის კონცენტრაცია 4-ჯერ აღემატება პლაზმაში მის კონცენტრაციას. მისი ელიმინაციის სიჩქარე დამოკიდებულია ეპიდერმისის რეგენერაციაზე.

სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასთან შედარებით, რომლის განსაზღვრა შეუძლებელია მისი მიღების შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ, იტრაკონაზოლის კონცენტრაცია კანში შენარჩუნდება მკურნალობის 4-კვირიანი კურსის დამთავრებიდან 2-4 კვირის განმავლობაში.

ფრჩხილის კერატინში პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 კვირის შემდეგ და შენარჩუნდება 6 თვის განმავლობაში 3-თვიანი მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ.

იტრაკონაზოლის გარკვეული კონცენტრაცია ისაზღვრება ასევე კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში და შედარებით ნაკლებად ოფლში. იტრაკონაზოლი კარგად ნაწილდება სოკოთი დაზიანებულ ქსოვილებში. მისი კონცენტრაცია ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ძვლებში, კუჭში, ელენთასა და ჩონჩხის კუნთებში 2-3-ჯერ აღემატება მის პლაზმურ კონცენტრაციას. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია საშოს ქსოვილებში აღინიშნება პრეპარატის 200 მგ-ით ერთხელ დღეში 3-დღიანი მკურნალობის კურსის დამთავრებიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში და 200 მგ-ით 2-ჯერ დღეში ერთდღიანი მკურნალობის კურსის დამთავრებიდან კიდევ 3 დღის განმავლობაში.

იტრაკონაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში დიდი რაოდენობით მეტაბოლიტების წარმოქმნით. ერთ-ერთი მეტაბოლიტი – ჰიდროქსი-იტრაკონაზოლი in vitro იტრაკონაზოლის მსგავსი ანტიმიკოზური ეფექტით ხასიათდება.

იტრაკონაზოლის ელიმინაცია პლაზმიდან ორფაზიანია, ტერმინალურ ფაზაში ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1-1.5 დღეს. ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია.

პრეპარატის მიღებული დოზის 35 % მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 1 კვირის განმავლობაში, 3-18 % შეუცვლელი სახით  გამოიყოფა ნაწლავების საშუალებით.

ჩვენება:

• დერმატომიკოზი;

• სოკოვანი კერატიტი;

• დერმატოფიტებით და/ან საფუარას სოკოებით გამოწვეული ონიქომიკოზი;

• სისტემური მიკოზები: სისტემური ასპერგილოზი და კანდიდოზი, კრიპტოკოკოზი (მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი), ჰისტოპლაზმოზი, სპოროტრიქოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი, ბლასტომიკოზი და სხვა სისტემური და ტროპიკული მიკოზები;

• კანისა და ლორწოვანი გარსის კანდიდომიკოზი (ვულვოვაგინალური კანდიდოზის ჩათვლით);

• ღრმა ვისცერული კანდიდოზი;

• სხვადასხვაფერი პიტირიაზი.

მიღების წესი და დოზირება:

მაქსიმალური აბსორბციის მიზნით იტასპორი მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებისთანავე (კაფსულა მიიღება მთლიანად).

ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში ან 200 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში;

სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს – 200 მგ ერთხელ დღეში, 7-15 დღის განმავლობაში;

დერმატომიკოზის დროს – 200 მგ ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 100 მგ ერთხელ დღეში 15 დღის განმავლობაში;

სოკოვანი კერატიტის დროს – 200 მგ ერთხელ დღეში 21 დღის განმავლობაში;

კანის მაღალკერატინიზირებული უბნების დაზიანების დროს, როგორიცაა მტევნებისა და ტერფების კანი, ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 100 მგ ერთხელ დღეში 30 დღის განმავლობაში;

პირის ღრუს კანდიდოზის დროს – 100 მგ ერთხელ დღეში 15 დღის განმავლობაში;

დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, მაგ. ნეიტროპენიით, შიდსით დაავადებულ პაციენტებში, იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა მცირდება, შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაორმაგება;

ონიქომიკოზის დროს იტასპორი ინიშნება პულს-თერაპიის ან უწყვეტი თერაპიის სახით. პულს-თერაპიის ერთი კურსი შეადგენს 200 მგ-ს 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. ხელის ფრჩხილების მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კურსს, ხოლო ფეხის ფრჩხილებისა – 3 კურსს. მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ საჭიროა 3-კვირიანი ინტერვალის დაცვა. უწყვეტი თერაპიის დროს ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 3 თვის განმავლობაში. კლინიკური შედეგი მიიღწევა მკურნალობის კურსის ჩამთავრებისას ფრჩხილების ზრდის სიჩქარის შესაბამისად;

იტრაკონაზოლი კანიდან და ფრჩხილიდან უფრო ნელა გამოიყოფა, ვიდრე პლაზმიდან, შესაბამისად ოპტიმალური კლინიკური და მიკოლოგიური ეფექტი, კანის ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დამთავრებიდან 3-4 კვირის შემდეგ, ხოლო ფრჩხილების ინფექციის მკურნალობის დამთავრებიდან – 6-9 თვის შემდეგ;

სისტემური მიკოზები:

ასპერგილოზის დროს ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 2-5 თვის განმავლობაში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში;

კანდიდოზის დროს – 100-200 მგ ერთხელ დღეში 3 კვირიდან 7 თვის განმავლობაში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში;

კრიპტოკოკოზის დროს (თუ არ აღინიშნება მენინგიტის ნიშნები) – 200 მგ ერთხელ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვიდან 1 წლამდე;

კრიპტოკოკული მენინგიტის დროს – 200 მგ 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი თერაპიისათვის 200 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 2 თვიდან 1 წლამდე;

ჰისტოპლაზმოზის დროს – 200 მგ ერთხელ დღეში ან 200 მგ 2-ჯერ დღეში 8 თვის განმავლობაში;

სპოროტრიქოზის დროს – 100 მგ ერთხელ დღეში 3 თვის განმავლობაში;

პარაკოკციდიოიდომიკოზის დროს – 100 მგ ერთხელ დღეში 6 თვის განმავლობაში;

ქრომომიკოზის დროს – 100-200 მგ ერთხელ დღეში 6 თვის განმავლობაში;

ბლასტომიკოზის დროს – 100 მგ ერთხელ დღეში ან 200 მგ 2-ჯერ დღეში 6 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:    დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შესაძლოა განვითარდეს ანორექსია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შექცევადი მომატება, იშვიათად – ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, პერიფერიული ნევროპათია;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

სხვა: ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა მენსტრუალური ციკლის მოშლა, ალოპეცია, ჰიპოკალემია, გულის უკმარისობა და ფილტვების შეშუპება.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა იტრაკონაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს იტასპორი  გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

– იტრაკონაზოლი ხასიათდება უარყოფითი ინოტროპული ეფექტით. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასარგებლო თერაპიული ეფექტი მკვეთრად სჭარბობს პოტენციური უარყოფითი მოქმედების რისკს. აღნიშნულ შემთხვევაში ყურადღება ექცევა დაავადების სიმძიმეს და გულის უკმარისობის განვითარების რისკის ინდივიდუალურ ფაქტორებს.

რისკის ამ ფაქტორებს მიეკუთვნება:

გულის იშემიური დაავადება, გულის სარქველების დაზიანება, ფილტვების დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და სხვა პათოლოგიები, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში საჭიროა პაციენტების მდგომარეობის სისტემატური კონტროლი. გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა იტრაკონაზოლით მკურნალობის შეწყვეტა.

– მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ პედიატრიულ პრაქტიკაში ძალიან მცირეა, აქედან გამომდინარე მისი გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

– მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე, 2 კვირის შემდეგ და  ყოველ თვეში მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.  პაციენტებში ჰეპატიტის ნიშნების (ანორექსია, გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, მუქი ფერის შარდი) გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს იტასპორი-ავერსით მკურნალობა და ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გამოკვლევა.

– იტასპორი-ავერსის გამოყენება ნებადართული არ არის ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში სისხლის შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატების შემთხვევაში.

იტრაკონაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში შედარებით ხანგრძლივია, ბიოშეღწევადობა კი – დაქვეითებული, აქედან გამომდინარე საჭიროა სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი, აუცილებლობის შემთხვევაში კი – დოზის კორექცია.

– ნევროპათიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა იტასპორი-ავერსით მკურნალობის შეწყვეტა.

– იტრაკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება აზოლის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას, პრეპარატის მიღებიდან 1 სთ-ის განმავლობაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობისას – გააქტივებული ნახშირის მიღება. ტარდება სიმპტომური თერაპია.

იტრაკონაზოლი ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით არ გამოიყოფა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითების შემთხვევაში ირღვევა იტრაკონაზოლის აბსორბციის პროცესი. ანტაციდების მიღების შემთხვევაში პაციენტმა ისინი უნდა მიიღოს იტრაკონაზოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

– რიფამპიცინი, რიფაბუტინი, კარბამაზეპინი, იზონიაზიდი და ფენიტოინი აქვეითებენ იტრაკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. იტრაკონაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის სისტემის იზოფერმენტით CYP3A4. აღნიშნული ენზიმის ინჰიბიტორები (რიტონავირი, ინდინავირი, კლარითრომიცინი და ერითრომიცინი) ზრდიან მის ბიოშეღწევადობას.

– იტასპორი სიფრთხილით ინიშნება კალციუმის არხების ბლოკატორებთან, ვინაიდან ისინი განაპირობებენ უარყოფით ინოტროპულ ეფექტს და შეიძლება გამოიწვიონ იტრაკონაზოლის მიერ გამოწვეული მსგავსი ეფექტის გაძლიერება.

– არ არის რეკომენდებული ტერფენადინის, ასთემიზოლის, მიზოლასტინის, ციზაპრიდის, ტრიაზოლამის, პერორალური მიდაზოლამის, დოფეტილიდის, ქინიდინის, პიმოზიდის, სიმვასტატინისა და ლოვასტატინის კომბინირება იტრაკონაზოლთან.

– იტასპორი სიფრთხილით ინიშნება შემდეგ პრეპარატებთან: პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, რიტონავირთან, ინდინავირთან, საქვინავირთან, ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან (ვინკრისტინი, ბუსულფანი, დოცეტაქსელი, ტრიმეტრექსატი), ზოგიერთ იმუნოდეპრესანტებთან (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი), ასევე დიგოქსინთან, კარბამაზეპინთან, ბუსპირონთან, ალფენტანილთან, ალპრაზოლამთან, ბროტიზოლამთან, რიფაბუტინთან,

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით

ისოზიდი – ISOZID – ИЗОЗИД

საერთაშორისო დასახელება:

ISONIAZID

მწარმოებელი: FATOL, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: იზონიაზიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიტუბერკულოზური საშუალება.

გამოშვების ფორმა:

ხსნარი ი/ვ და ი/მ, ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიტუბერკულოზური საშუალება; მოქმედებს ბაქტერიციდულად, თრგუნავს მიკოლური მჟავების სინთეზს, რომელიც წარმოადგენს მიკობაქტერიის უჯრედული კედლის მნიშვნელოვან კომპონენტს. განსაკუთრებით აქტიურია სწრაფად გამრავლებადი მიკროორგანიზმების მიმართ (მათ შორის, უჯრედში არსებული).

ჩვენებები:

  • ტუბერკულოზი (ნებისმიერი ლოკალიზაციის, მოზრდილებში და ბავშვებში, მკურნალობა და პროფილაქტიკა, კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა, წამლისმიერი ჰეპატიტი და ღვიძლისმიერი უკმარისობა (იზონიაზიდის წინმსწრები მკურნალობის ფონზე), ღვიძლის დაავადება გამწვავების სტადიაში.

სიფრთხილით:

ალკოჰოლიზმი, ღვიძლისმიერი უკმარისობა, კრუნჩხვითი გულყრები, ორსულობა (არ ნიშნავენ 10მგ/კგ მეტი დოზით). გულ–სისხლძარღვთა დეკომპენსირებული დაავადება (გულის ქრონიკული უკმარისობა, სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი).

გვერდითი მოქმედება:

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – განსაკუთრებული დაღლილობა ან სისუსტე, გაღიზიანებულობა, ეიფორია, უძილობა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, პერიფერიული ნევროპათია, მხედველობის ნერვის ნევრიტი, პოლინევრიტი, ფსიქოზი, განწყობის ცვლილება, დეპრესია. ეპილეფსიან ავადმყოფებს შეიძლება გაუხშირდეთ გულყრები.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდია, არტერიული წნევის მომატება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ტოქსიკური ჰეპატიტი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერთერმია, ართრალგია.

ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილის გაღიზიანება.

სხვა: ძალიან იშვიათდ გინეკომასტია, მენორაგია, მიდრეკილება სისხლიდენისა და სისხლჩაქცევებისკენ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, დიზართრია, მოთენთილობა, დეზორიენტაცია, ჰიპერრეფლექსია, პერიფერიული პოლინევროპათია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, კეტონურია, კრუნჩხვები (პრეპარატის მიღებიდან 1–3 სთ–ის შემდეგ), კომა.

მკურნალობა: პერიფერიული პოლინევროპათია (ვიტამინები B6, B1. B12, ATФ, გლუტამინის მჟვა, ნიკოტინამიდი, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები);

კრუნჩხვა: (ი/მ ვიტამინი B6 – 200–250 მგ, ი/ვ 40% დექსტროზის ხსნარი – 20მლ, ი/მ 25% მაგნიუმის სულფატის ხსნარი – 10მლ, დიაზეპამი);

თირკმელების ფუნქციის დარღვევა (მეთიონინი, ლიპამიდი, ATФ, ვიტამინი B12).

მიღბის წესი და დოზირება:

შიგნით, ჭამის შემდეგ, 600–900მგ/დღ 1–3 მიღებაზე, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 600მგ, დღეღამური – 900მგ,

ბავშვებში – 5–15მგ/კგ/დღ. ი/მ – 5–12 მგ/კგ, 1–2 –ჯერ დღეში 2–6 თვე. ი/ვ (30–60წამის მანძილზე) – 10–15 მგ/კგ/დღ 10% ხსნარის სახით; კურსი – 30–150გადასხმა.

შეყვანის შემდეგ აუცილებელია წოლითი რეჯიმის დაცვა 1–1,5 სთ–ის განმავლობაში.

პროფილაქტიკის მიზნით – შიგნით, 5–10მგ/კგ/დღ 2 მიღება 2 თვის მანძილზე ან ი/მ – 300მგ 1–ჯერ დღში.

ორსულობის დროს და ფილტვ–გულის უკიმარისობის მძიმე ფორმის დროს, ათროსკლეროზისას, გულის იშემიური დაავადებისას და არტერიული ჰიპერტენზიისას არ ინიშნება 10მგ/კგ მეტი დოზით.

განსაკუთრებული მითითებები:

მიკრობული რეზისტენტობის განვითარების შენელების მიზნით ნიშნავენ სხვა ანტიტუბერკულოზურ საშუალებებთან ერთად. მეტაბოლიზმის სხვადასხვა სიჩქარის გამო, იზონიაზიდის მიღების წინ მიზანშეწონილია განისაზღვროს მისი ინაქტივაციის სიჩქარე (სისხლში და შარდში შემცველობის დინამისკის მიხედვით).

სწრაფი ინაქტივაციისას იზონიაზიდს იყენებენ უფრო მაღალ დოზებში.

პერიფერიული ნევრიტის რისკისას (65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, ორსულები, ავადმყოფები ღვიძლის ქრონიკული დაავადებით, ალკოჰოლიკები, კვების დარღვევისას, თნმხლები კრუნჩვის საწინაღმდეგო თერაპიისას) რეკომენდებულია 10–25მგ/დღ პირიდოქსინის დანიშვნა.

მკურნალობისას უნდა მოერიდოთ საკვებად ყველის გამოყენებას (განსაკუთრებით შვეიცარიულისას) თევზი, რადგანაც მათი იზონიაზიდთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება (კანის ჰიპერემია, ქავილი, სიცხის და სიცივის შეგრძნება, გულისცემის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, ციება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა) რაც დაკავშირებულია მაო–ს და დიამინოქსიდაზების აქტიობის დათრგუნვასთან და  რაც თავის მხრივ იწვევს თევზში და ყველში შემავალი თიამინისა და ჰისტამინის მეტაბოლიზმის დარღვევას.

მხედველობაშია მისაღები, რომ იზონიაზიდს შეუძლია ჰიპერგლიკემიის გამოწვევა, მეორადი გლუკოზურიით;

ლაბორატორიული მაჩვებლები ალტ, ასტ, ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლის შრატში ტრანზიტორულად შეიძლება გაიზარდოს კლინიკური გამოვლინებების გარეშე. ტოქსიური ჰეპატიტის გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– იზონიაზიდის ციკლოსერინთან კომბინაცია აძლიერებს მიდრეკილებას კრუნჩხვებისადმი;

– ბლორპრომაზინი და ფენირამიდოლი ახანგრძლივებენ იზონიაზიდის ნახევრადგამოყოფის პერიოდს.

– დიფენილჰიდანტოინის, ვალპროის მჟავისა და კარბამაზეპინის მიღებისას იზონიაზიდი ზრდის სისხლის პლაზმაში მათ კონცენტრაციას.

– დისულფირამისა და იზონიაზიდის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ დროს ძლიერდება დისულფირამის მოქმედება.
– პარაცეტამოლთან კომბინაციაში იზრდება ჰეპატო– და ნეფროტოქსიურობა;
ეთანოლი ამაღლებს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიურობას და აძლიერებს მის მეტაბოლიზმს,
ქვეითდება თეოფილინის მეტაბოლიზმი, რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის მომატებას;
ანტაციდური საშუალებები აქვეითებენ შეწოვის პროცესს და სისხლში ქვეითდება იზონიაზიდის კონცენტრაცია (ანტაციდები მიღება ხდება იზონიაზიდის მიღებიდან არა უადრეს 1 სათისა).

ისმნ სტადა – ISMN STADA – ИСМН СТАДА

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE MONONITRATE

მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდის მონონიტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოდილატაციური საშუალება; ნიტრატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

იზოსორბიდის მონონიტრატი …….    40 მგ

1 კაფს.

იზოსორბიდის მონონიტრატი  ……    60 მგ

 

ვრცლად მონო მაკი(დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

ისმიჟენი – ISMIGEN – ИСМИЖЕН

იმუნომოდულატორების – ბაქტერიული წარმოშობის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატი. Lyophilised bacterial lysate. მწარმოებელი ფირმა – შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო).

ისმიჟენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ისმიჟენი გამოდის 7მგ–იანი ტაბლეტის ფორმით. პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 50 მგ-ს, რომელთაგან 7 მგ ლიზატი შეესაბამება: Staphylococcus aureus – 6 მილიარდი,Streptococcus pyogenes – 6 მილიარდი, Streptococcus viridans – 6 მილიარდი, Klebsiella pneumoniae – 6 მილიარდი, Klebsiella ozaenae – 6 მილიარდი, Haemophilus influenzae B – 6 მილიარდი, Neisseria catarrhalis – 6 მილიარდი,Diplococcus pneumoniae – 6 მილიარდი (ეს უკანასკნელი ბაქტერია შეიცავს სხვადასხვა ტიპს, თითოეულს 1 მილიარდს – TY1/EQ11, TY2/EQ22, TY3/EQ14, TY5/EQ15, TY8/EQ23, TY47/EQ24), და 43 მგ გლიკოკოლი – ლიოფილიზაციის პროცესისთვის.

დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, ამონიუმის გლიცერიზინატი, სილიციუმის დიოქსიდი, მენთოლის ესენცია.

ისმიჟენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:

  • ბრონქიტი ქრონიკული
  • ტონზილიტი
  • ფარინგიტი
  • ლარინგიტი
  • რინიტი
  • სინუსიტი
  • ოტიტი
  • ინფექციები ზედა სასუნთქი გზების, მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე ან ქრონიკული
  • ინფექციები ბრონქოპულმონალური ტრაქტის , მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე ან ქრონიკული
  • რესპირატორული დაავადებების სიხშირის და ინტენსივობის შემცირება

ისმიჟენის ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბაქტერიული წარმოშობის კომბინირებული იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი, რომელიც მიიღება მიკრობული უჯრედების მექანიკური ლიზისით. ისმიჟენი ზრდის ორგანიზმის დაცვით თვისებებს მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ბრონქოპულმონალური ტრაქტის ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ. ასტიმულირებს როგორც სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსში ადგილობრივ უჯრედულ და ჰუმორული იმუნურ პასუხს, ასევე – სისტემურ იმუნურ რეაქციას.

იმუნოელექტროდიფუზიის გზით დადგენილია ისმიჟენის დამცავი მოქმედება ექსპერიმენტული ინფექციების მიმართ, რაც სპეციფიკური ანტისხეულების – იმუნოგლუბულინების (IgA და IgG) ინდუქციით, T და B ლიმფოციტების, ქილერული უჯრედების სტიმულაციით, ინტერლეიკინების პროდუქციით, ფაგოციტოზისა და მაკროფაგების ფუნქციის სტიმულაციით ვლინდება. გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქ სისტემებზე პრეპარატის დეპრესიული ან მასტიმულირებელი მოქმედება არ არის გამოვლენილი.

ისმიჟენის იმუნომასტიმულირებელი თვისებები განპირობებულია:

– IgA-ს სელექციური დეფიციტის დროს T-ლიმფოციტების მემბრანების დარღვეული ფუნქციების აღდგენით

– საპასუხო რეაქციის მნიშვნელოვანი გაზრდით, რაც არ არის დამახასიათებელი მიტოკლონური მიტოგენებისთვის ჯანმრთელ ან დაავადებულ ორგანიზმში

– იმუნური კომპლექსების ცირკულაციის უმნიშვნელო გაზრდით.

პაციენტების სპეციფიკური იმუნური პასუხი, რომლებსაც ისმიჟენით ჩაუტარდათ მკურნალობა, დემონსტრირებული იყო in vitro ლიმფოციტების სტიმულაციით, რაც გავლენას ახდენს მაკროფაგ-მონოციტური სისტემის დამხმარე ეფექტზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ისმიჟენი წარმოადგენს კომპლექსურ, ლიოფილიზირებულ ბაქტერიულ ლიზატს. პრეპარატის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება.

ჩვენებები:

ზედა სასუნთქი გზების და ბრონქოპულმონალური ტრაქტის მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).

ისმიჟენი, იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად, ამცირებს რესპირატორული დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას.

აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ისმიჟენის სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ანტიბიოტიკები და მუკოლიზური საშუალებები) კომბინაციაში დანიშვნა.

მიღების წესები და დოზები:

ორალური ტაბლეტები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება ისმიჟენი 7 მგ (1 ტაბლეტი) ენის ქვეშ გასაწუწნად;

ბავშვებში 6 თვიდან 12 წლამდე – 3,5 მგ (1/2 ტაბლეტი) ენის ქვეშ გასაწუწნად. მცირე ასაკის ბავშვებში დასაშვებია დაფხვნილი ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენები).

მწვავე პროცესების მკურნალობა:

დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი გასაწუწნად (პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა კვების შეზღუდვა არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). ინიშნება ყოველ დღე, მინიმუმ 10 დღის მანძილზე, სიმპტომების გაქრობამდე. თერაპიული კურსი ითვალისწინებს 10 ტაბლეტის მიღებას. ხანგრძლივი სამკურნალო-პროფილაქტიკური გამოყენება:

1 ტაბლეტი ენის ქვეშ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. 20 დღიანი შესვენების შემდეგ, მომავალ თვეში საჭიროა 10 დღიანი კურსის გამეორება. მკურნალობის სრული კურსი, როდესაც მიიღწევა მაქსიმალური იმუნოთერაპიული ეფექტი, შეადგენს 3 თვეს.

სრული კურსის ჩასატარებლად საჭიროა ისმიჟენის 30 ტაბლეტის მიღება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, დიარეა.

სხვადასხვა: სხეულის ტემპერატურის მატება, კანის ალერგიული რეაქციები.

ისმიჟენის უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ისმიჟენის ტოქსიკური ეფექტები გამოვლენილი არ არის, ორსულობის ან მოსალოდნელი ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისგან თავშეკავება.

განსაკუთრებული მითითებები

უსაფრთხოების ზომები:

პერორალურ ვაქცინებსა და ისმიჟენის მიღებებს შორის საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.

კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს არ არის რეკომენდებული ისმიჟენის მიღება, ვინაიდან მოსალოდნელია მისი ეფექტურობის შემცირება.

პრეპარატი არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა:

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე.

ჭარბი დოზირება :

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ისმიჟენის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა მედიკამენტებთან, მათ შორის ანტიბიოტიკებთან, ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ვარგისობის ვადა: – 3 წელი.

ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ისმიჟენის გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

ისივენი – ISIVEN – ИСИВЕН

საერთაშორისო დასახელება:

IMMUNOGLOBULIN HUMAN NORMAL

მწარმოებელი: KEDRION SPA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოგლობულინი სისხლის პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელით, 1 გ/20 მლ, 2.5 გ/50 მლ: ფლაკონში.

ჩვენებები:

პირვალადი იმუნოდეფიციტის სინდრომის პროფილაქტიკისათვის ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით: აგამაგლობულინემია, ჩვეულებრივი ვარიაბელური იმუნოდეფიციტისას, დაკავშირებული ჰიპოგამაგლობულინემიასთან, lgG ქვეკლასის დეფიციტი;

მეორადი იმუნოდეფიციტის პროფილაქტიკისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, განპირობებული ქრონიკული ლიმფოლეიკოზით, აივ–ინფექციით ბავშვებში ან ძვლის ტვინის გადანერგვით;

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, კავასაკის სინდრომი (აცეტილსალიცილის მჟავის პრეპარატებით მკურნალობაზე დამატებით), მძიმე ბაქტერიული სეფსისის ჩათვლით (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში) და ვირუსული ინფექციები, ინფექციის პროფილაქტიკისათვის დღენაკლულ ახალშობილებში 1500გრ–ზე ნაკლები წონით, გიენა–ბარეს სინდრომისას და ქრონიკული ანთებითი დემიელინიზირებული პოლინეიროპათია, აუტოიმუნური ნეიტროპენია, პარციალური წითელუჯრედოვანი აპლაზია, იმუნური წარმოშობის თრომბოციტოპენია, მათ შორის პოსტტრანსფუზიული პურპურა, ახალშობილების იზოიმუნური თრომბოციტოპენია, ჰემოფილია, შედედების ფაქტორის ანტისხეულების წარმოქმნით, myasthenia gravis, ციტოსტატიკებითა და იმუნოდეპრესანტებით ინფექციის თერაპიისას. ჩვეული მუცლის მოშლის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ვენაში წვეთოვნად. დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია., დამოკიდებული დაავადების მაჩვენებლებზე, სიმძიმეზე,იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, ინდივიდუალურ ამტანობაზე.

პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტისას ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.2–0.8 გ/კგ (საშუალოდ – 0.4გ/კგ); შეყვანა ხდება 2–4 კვირის ინტერვალით (სისხლის პლაზმაში lg მინიმალური დონის შესანარჩუნებლად , რაც შეადგენს 5გ/ლ).

ძვლის ტვინის ალოტრანსპლანტაციისას ინფექციის პროფილაქტიკისათვის, 0.5 გ/კგ ერთჯერადად ტრანსპლანტაციამდე 7 დღით ადრე, შემდეგ 1–ჯერ კვირაში ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი 3 თვის მანძილზე და 1–ჯერ თვეში შემდგომი 9 თვის მანძილზე.

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დროს – 0.4 გ/კგ 5 დღე მიყოლებით, შემდგომში (აუცილებლობისას) – 0.4გ/კგ 1–4 კვირიანი ინტერვალით თრომბოციტების ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.

კაბასაკის სინდრომისას – 0.6 –2გ/კგ რამდენიმე მიღებაზე 2–4 დღის მანძილზე.

მძიმე ბაქტერიული ინფექციისას (სეფსისის ჩათვლით) და ვირუსული ინფექციისას – 0.4– 1გ/კგ ყოველდღიურად 1–4 დღის მანძილზე.

ინფექციის პროფილაქტიკისთვის დღენაკლულ ახალშობილებში სხეულის მცირე წონით– 0.5–1გ/კგ 1–2 კვირის ინტერვალით.

გიენა–ბარეს სინდრომისას და ქრონიკული დემიელინიზირებული ანთებითი ნეიროპათიისას – 0.4 გ/კგ 5 დღის მანძილზე; აუცილებლობისას მკურნალობის კურსს იმეორებენ 4 კვირიანი ინტერვალით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ადამიანის იმუნოგლობულინის მიმართ, განსაკუთრებით ავადმყოფებში lgA დეფიციტით, მის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნის ხარჯზე.

გვერდითი მოქმედება:

თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, დიარეა, არტერიული ჰიპო– ან ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, ციანოზი, ქოშინი, გულმკერდში ზეწოლის შეგრძნება ან ტკივილი, ალერგიული რეაქციები;

იშვიათად – მძიმე ჰიპოტონია, კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჰიპერთერმია, ჟრჟოლა, ძლიერი ოფლდენა, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი ზურგში, მიალგია, დაბუჟება, სიცხის მოწოლა ან სიცივის შეგრძნება.

ურთიერთქმედება:

შეიძლება დააქვეითოს აქტიური იმუნიზაციის ეფექტურობა: პარენტერალურად მისაღები ცოცხალი ვირუსული ვაქცინების მიღება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში იმუნოგლობულინის შეყვანიდან 30 დღის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:

გვერდითი მოვლენების უმრავლესობა შეიძლება გამოწვეული იყოს გადასხმის მაღალ სიჩქარით. მძიმე გვერდითი მოვლენების გაჩენისას შეყვანა უნდა შეწყდეს (შეიძლება ადრენალინის, ანტიჰისტამინური საშუალებების, კორტიკოსტეროიდების და პლაზმისშემცვლელების გამოყენება).

მკურნალობის დროს თირკმელების ფუნქციის დარღვევისას საჭიროა ავადმყოფზე დაკვირვება (კრეატინინის კონტროლი – გადასხმიდან 3 დღის განმავლობაში). იმუნოგლობულინის შეყვანის შემდეგ მატულობს (პასიურად)  სისხლში ანტისხეულების შემცველობა, რაც შეიძლება იყოს სეროლოგიური გამოკვლევის მცდარი ინტერპრეტაციის მიზეზი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, გაყინვა არ არის რეკომენდებული.

ირუქსოლი მალამო – IRUXOL – ИРУКСОЛ МАЗЬ

მწარმოებელი: NORDMARK AG, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული კომბინირებული საშუალება


გამოშვების ფორმა:
მალამო გარაგანი გამოყენებისთვის.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფერმენტული პრეპარატი, დამზადებული Clostridium hystolyticum– სგან. შეიცავს კლოისტრიდიოპეპტიდაზა A და სხვა პეპტიდაზებს. უზრუნველყოფს ჭრილობის ფერმენტულ გაწმენდას, არ მოქმედებს ინტაქტურ ეპითელზე, გრანულაციურ, ცხიმოვან, კუნთოვან ქსოვილზე. ბაქტერიულად დაინფიცირებული ჭრილობისას ნეკროტული ქსოვილის ფერმენტული დაშლა, ბაქტერიებს საკვებ გარემოს გარეშე ტოვებს.

კლოსტიდიოპეპტიდაზა – პროტეოლიტური ფერმენტია, გამოყოფილი Clostridium hystolyticum–ის მიერ, ქლორამფენიკოლი – ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი, მოქმედების ფართო სპექტრით.

მალამო ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით, ასუფთავებს ჭრილობას, უზრუნველყოფს მის გრანულაციას.


ჩვენებები
:

დაწყლულებული და ნეკროზი (ვარიკოზული წყლულები, ნაწოლები, კიდურების განგრენა, მოყინვა), ძნლად შეხორცებად წყლულები, კანის ტრანსპლანტაციის წინ. ფერმენტული გაწმენდა ნეკროტული ქსოვილისგან კანისა და კანქვეშა დაწყლულებისას.


უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციის დათრგუნვა (მათ შორის ანამნეზში), პანმიელოპათია, ჰემოლიტური სიყვითლე.


გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რექციები, წვა, ტკივილი. როგორც კაუზისტიკა – ჰემოპოეზის დარღვევა (ქლორამფენიკოლის შეწოვის შედეგი).


მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი. მალამოს გამოყენების წინ მშრალი ჭრილობების ფსკერი აუცილებლად უნდა დასველდეს 0.9% NaCl ხსნარით. მშრალი და მაგარი ფუფხი თავდაპირველად უნდა დარბილდეს სველი სახვევით. 2მმ მალამოს ფენას დაიტანენ მაშინვე მსუბუქად დასველებულ ჭრილობაზე 1–2–ჯერ დღეში. ვარიკოზული წყლულების მკურნალობისას ერთდროულად ხდება ირუქსოლის დამწოლი ნახვევის გამოყენება, არტერიალური სისხლის მიმოქცევის დარღვევისას – მკურნალობა ტარდება შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით. ინფექციის სიჭარბისას აუცილებელია ანტიბაქტერიალური თერაპიის ჩატარება.


განსაკუთრებული მითითებები:

ჭრილობის კიდეების გაღიზიანების შემცირების მიზნით შეიძლება თუთიის პასტის ან სხვა მსგავსი პრეპარეტის გამოყენება. ჭრილობაზე დამატებით სხვა პრეპარატის გამოყენებას უნდა ერიდოთ, რადგან ამ დროს შესაძლებელი ირუქსოლის ეფექტისდაქვეითება.


ურთიერთქმედება
:

არ არის რეკომენდებული ადგილობრივი გამოყების სხვა სამკურნალო საშუალებებით სარგებლობა. ანტისეპტიკები, მძიმე მეტალები, დეტერგენტები, საპონი ასუსტებს პრეპარატის აქტიობას.

არ შეიძლება ირუქსოლისა და ტიროტრიცინის, გრამიციდინის ტეტრაციკლინის კომბინირება.

იოჰიმბინი – YOHIMBINE – ИОХИМБИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

იოჰიმბინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს პრესინაფსური ალფა2- ადრენორეცეპტორების სელექტიურ ანტაგონისტს. დიდ დოზებში იგი აბლოკირებს პოსტსინაფსურ ალფა-ადრენორეცეპტორებს. იწვევს რენული, ინტესტინალური და გენიტალიუმის არტერიების ვაზოდილატაციას.

ცნს-ზე მოქმედებით იოჰიმბინის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს სექსუალურ აქტივობას. სათესლე ბაგირაკების სითბური ტრავმის დროს იცავს სასქესო უჯრედებს მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე. პრეპარატი ნაკლებად ტოქსიურია, არ ახასიათებს კუმულაციური თვისებები, გავლენას არ ახდენს სპერმის გენეტიკურ აპარატზე.

ჩვენებები

  • იოჰიმბინს იყენებენ, როგორც პოტენციის გასაძლიერებელ სამკურნალო საშუალებას (აფროდიზიაკი), იმპოტენციის ფსიქიური და ფუნქციური ფორმის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებს პერორალურად ენიშნებათ 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში საკვების მიღებას შორის ინტერვალში 1 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

პაციენტების მიერ იოჰიმბინის ინტენსიური გამოყენების დროს შესაძლებელია ნერვული აგზნებადობა, თავბრუსხვევა, შაკიკი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პრიაპიზმი, დიარეა.

უკუჩვენებები

* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლით გამოწვეული მძიმე დაავადებები;

* ადრენომიმეტური საშუალებით მკურნალობა.

იოქსი – JOX – ЙОКС

საერთაშორისო დასახელება:

ALLANTOIN, POVIDONE-IODINE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: პოლივიდონ-იოდი+ალანტოინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 50 მლ

1 მლ 1 ფლ.

პოლივიდონ-იოდი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,85 მგ 4.3 გ

ალანტოინი   ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,1 მგ 0.005 გ

სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 30 მლ

1 მლ 1 ფლ.

პოლივიდონ-იოდი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,         85 მგ 2.55 გ

ალანტოინი   ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,1 მგ 0.03 გ

დამხმარე ნივთიერებები:

Levomentolum; Acidum citricum; Natriicitras dihydricus; Ethanolum 96%; Propylenglycolum; Aqua purificata.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძირითად მოქმედ ნივთიერებად გვევლინება პოლივიდონ იოდი. ეს არის ნივთიერება, რომელიც კანთან და ლორწოვანთან კონტაქტისას ანთავისუფლებს იოდს, რომელსაც გააჩნია მიკრობთა საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი ბაქტერიების, სოკოების და ზოგიერთი ვირუსების მიმართ; ამიტომ იოქსი გვევლინება პირის ღრუსა და ყელის კარგ სადეზინფექციო საშუალებად. პრეპარატი ასევე შეიცავს ალანტოინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • პირის ღრუსა და ყელის დეზინფექცია ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს – ანგინა, ფარინგიტი, ტონზილოფარინგიტი, ტონზილიტი, გლოსიტი, აფტოზიტი.
  • პირის ღრუსა და სასუნთქ გზებზე ქირურგიული ჩარევისას – ავადმყოფის ქირურგიული ჩარევისათვის მომზადებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
  • ქიმიოთერაპიის დროს წარმოშობილი ორალური ინფექციების მკურნალობისას.
  • სტრეპტოკოკული ინფექციებისას ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება.
  • გრიპოზული მდგომარეობისას გამოიყენება პროდრომულ პერიოდში.

პრეპარატის გამოყენება ასაკით შემოსაზღვრულია.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვთა ასაკში 6 წლამდე, ხოლო სპრეი – 8 წლამდე.

ბავშვებშმა 6-დან 8 წლამდე პრეპარატი შეიძლება მიიღონ მხოლოდ უფროსის კონტროლით.

დოზირების რეჟიმი:

ხსნარის დამზადება გამოსავლებად:

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკის ზევით: ხსნარის გაზავების შემდეგ წყალთან შეფარდებით 1:20 – 1:40 (ე.ი. 2.5-5 მლ. დანაყოფებიანი თავსახურით მიღებისას ან 1/2-1 ჩაის კოვზი 100 მლ წყალში) გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელის არეში. სავლები ჩვეულებრივ გამოიყენება დღეში 2-4-ჯერ, მაქსიმუმ 6-ჯერ დღეში. გამოვლებას შორის მინიმალური ინტერვალი არის 4 საათი. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ხსნარი არ უნდა გადაყლაპოთ!

სპრეი:

მოზრდილები და ბავშვები 8 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივ მიიღება 2-4-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევებში უფრო ხშირად (4 საათის შემდეგ) 1-3 შესხურება მარჯვნივ და მარცხნივ ან უშუალოდ დაზიანებულ ადგილას. აპლიკაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა უმეტეს 4 საათისა, დღის განმავლობაში პრეპარატი შეიძლება მივიღოთ მაქსიმუმ 6-ჯერ. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. გამოფრქვეული ხსნარი არ შეისუნთქოთ და არ გადაყლაპოთ.

მოხსენით დამცავი თავსახური და გაუკეთეთ აპლიკატორი. აპლიკატორს დააჭირეთ 2-3-ჯერ, რომ ხსნარი მოხვდეს გამანაწილებელში და დაჭერის  მომენტში იფრქვეოდეს. ამის შემდეგ აპლიკატორის მილი მოათავსეთ პირის ღრუში 2-3-სმ-ით, შეიკავეთ სუნთქვა და დააჭირეთ 2-ჯერ ისე, რომ ერთი შეფრქვევა მოხდეს მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.

აპლიკატორი გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ირეცხება ცხელი წყლით.

გვერდითი მოვლენები:

– პრეპარატი იოქსი საერთოდ კარგად გადაიტანება. ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია იოდზე (ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

– იშვიათად, უმეტესწილად ბავშვებში, აპლიკაციის ადგილას შეიგრძნობა ხანმოკლე წვის შეგრძნება ან  პირის არეში სიმშრალის შეგრძნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმის გამოვლინება (მეტალის გემო, ნერწყვ- დენის მომატება, თვალის ან ყელის შეშუპება), რომლის გამოვლინებისას უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

– ძალიან იშვიათ შემთხვევაში მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ქოშინი, ტუჩების, თვალების, ხელისგულების ან სასქესო ორგანოების შეშუპება), ამ შემთხვევაში მომენტალურად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

*პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპემგრძნობელობისას იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ.

*ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას;

*დეკომპენსირებული გულის უკმარისობისას;

*თირკმლის უკმარისობისას;

*უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 2 კვირით ადრე და შემდეგ რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას;

*მოქმედი ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

*იოქსი სპრეი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 8 წლამდე. იოქსი ხსნარი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებანი:

– პრეპარატი არ გამოიყენება პერორალურად!

– იოქსისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებისას რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს. თუ ექიმი გინიშნავთ რაიმე პრეპარატს, შეატყობინეთ, რომ იღებთ იოქს.

– მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ თუ დაავადების სიმპტომები არ შეიცვალა ან პირიქით გართულდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტირება პრეპარატის მიღების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

– არ არის სასურველი პრეპარატის შესუნთქვა! ამასთან დაკავშირებით ბავშვებს პრეპარატს უნიშნავენ მხოლოდ 8 წლის ასაკის ზევით, ესეც იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ ეწინააღმდეგება უცხო სხეულს (აპლიკატორს) პირის ღრუში. ასევე თუ შეუძლია სუნთქვის შეკავება შეფრქვევის მომენტში.

– პერედოზირებისას ან თუ ბავშვმა პერორალურად მიიღო პრეპარატი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

– პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში.

– პრეპარატი შეიცავს 18,6% ალკოჰოლს და არ შეიცავს შაქარს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იოქსისა და პირის ღრუსა და ყელის სხვა ადგილობრივი საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება.

არ შეიძლება ერთდროული გამოყენება იოქსისა და სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებებისა, განსაკუთრებით ჟანგბადის ქვეჟანგის შემცველისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: სპრეი – 3 წელი; ხსნარი- 4 წელი.

 

 

იომოგი – YOMOGI – ИОМОГ

საერთაშორისო დასახელება:

saccharomyces boulardii

მწარმოებელი: ARDEYPHARM GmbH, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

250 მგ 10ც კაფსულა

1 კაფსულა შეიცავს:

Saccharomyces boulardii-დან (სინონიმი: Saccharomyces cerevisae HANSEN CBS 5926) გამოყოფილი 250 მგ მშრალი საფუარი, რომელიც შეესაბამება 2.5X109 სიცოცხლისუნარიან უჯრედებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იომოგი ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ეტიოპათოგენეზური ანტიმიკრობული და ანტიდიარეული მოქმედება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლისას Saccharomyces ბოულარდიი ავლენს ბიოლოგიურ დამცველობით მოქმედებას ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე. Saccharomyces boulardii წარმოქმნის რძემჟავას, რომელიც ქმნის არახელსაყრელ გარემოს პათოგენური ფლორის ცხოველქმედებისთვის. აინჰიბირებს შემდეგი მიკროორგანიზმების ზრდას: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterocolitica). აგრეთვე Enthamoeba hystolitica, Lambliae. ავლენს ანტიტოქსიურ მოქმედებას განსაკუთრებით Clostridium difficile-ს ტოქსინების მიმართ, პროტეაზების გამომუშავების გზით, რომლებიც შლიან ტოქსინებს და ენტეროციტების რეცეპტორებს, რომლებსაც უკავშირდებიან ტოქსინები. ანტისეკრეტორული მოქმედება დაკავშირებულია ენტეროციტებში ცამფ წარმოქმნის დათრგუნვასთან.

ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს, IgA და სხვა იმუნოგლობულინების სეკრეტორული კომპონენტების სინთეზის მომატების გზით. ზრდის წვრილი ნაწლავის დისაქარიდაზების აქტივობას (ლაქტაზა, საქარაზა, მალტაზა). აღადგენს შეწოვის პროცესს წვრილ ნაწლავებში კედლისმიერი საჭმლის მონელების აღდგენის გზით.

აუმჯობესებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტროფიკას სპერმინის და სპერმიდინის გამოთავისუფლების გზით. Saccharomyces boulardii რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ და ეფექტურად გამოიყენება მათთან ერთად კომბინაციაში. ისინი ასინთეზებენ B ჯგუფის ვიტამინებს.

Saccharomyces boulardii მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ, ნაწლავებში მოხვედრისას სწრაფად მრავლდება და აღწევს მაღალ კონცენტრაციას, რაც ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. არ აღწევენ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მეზენტერიულ ლიმფურ კვანძებში. მნიშვნელოვანია, რომ Saccharomyces boulardii არ ახდენენ კოლონიზირებას და პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 3-5 დღეში ბუნებრივი გზით ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს.

ჩვენებები:

  • მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული ან ვირუსული);
  • ანტიბიოტიკების მიღებით განპირობებული დიარეის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • Clostridium difficile- თი გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის და რეციდივული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • აკნე.

მიღების წესები და დოზები:

1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

საპროფილაქტიკოდ მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. აკნეს სამკურნალოდ 3 კაფსულა დღეში.

კაფსულები მიიღება საკმაო რაოდენობის სითხესთან (1 ჭიქა წყალთან) ერთად. მკურნალობა გრძელდება დიარეის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ქრონიკული აკნეს შემთხვავაში, რეკომენდებულია იომოგის მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ერთეულ შემთხვევაში აღწერილია: ქავილი, ურტიკარია, კანის ანთებითი რეაქცია, კვინკეს შეშუპება.

უკუჩვენება:

* საფუარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღების პერიოდში განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთებისას, აუცილებელია ლაბორატორიის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს Saccharomyces bourlardii- ს პრეპარატს, ცრუ-პოზიტიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ანტიმიკოზური საშუალებების და იომოგის ერთდროული მიღება იწვევს მისი მოქმედების შემცირებას.

იომოგთან ერთად მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების გამოყენებისას, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

იოდოფოლი – YODOFOL – ЙОДОФОЛ

საერთაშორისო დასახელება:

kalium iodidi, Potassium iodide,

Folic acid

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები.

150 ტაბლეტი პოლიპროპილენის დოზატორში. 1 დოზატორი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ყვითელი ფერის ტაბლეტები.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

კალიუმის იოდიდი …………………….. 200 მკგ, რაც შეესაბამება 150 მკგ იოდს,
ფოლის მჟავა  ……………………………. 400 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის მჟავა, გლუკოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

იოდის პრეპარატები ფოლის მჟავასთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, შედის მისი ჰორმონების (თიროქსინი, ტრიიოდთირონინი) შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში, ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში. ხელს უშლის ენდემური ჩიყვის, კრეტინიზმის განვითარებას. იოდის დეფიციტის შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის, ორსული და მეძუძური ქალებისათვის.

ფოლის მჟავას უკმარისობა იწვევს დნმ-ის სინთეზის დარღვევას უჯრედში, რომელიც ქრომოსომების რეპლიკაციისა და დაყოფისათვის ემზადება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტეტრაჰიდროფოლატის ფორმით ფოლის მჟავას ნუკლეინის მჟავების სინთეზში და უჯრედების დაყოფაში მონაწილეობით, ასევე კოენზიმის სახით პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში მონაწილეობით, რაც მას გადამწყვეტ ფაქტორად ხდის ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირებაში, რომელიც უვითარდება ადამიანს განაყოფიერებიდან მე-15-28-ე დღეს.

ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიბებისათვის და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი უკმარისობა იწვევს სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დაგროვებას, რომელიც არის ათეროსკლეროზული ცვლილებების მარკერი.

ჩვენებები:

– იოდის და ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ქალებში ორსულობის დაგეგმარების პერიოდში, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;

– ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ანომალიების განვითარების პროფილაქტიკა;

– ზრდის და სქესობრივი მომწიფების დარღვევების პროფილაქტიკა მოზარდებში;

– ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობა, მეხსიერების დარღვევა;

– პერიფერიული ნევროპათიები;

– რეციდივების პროფილაქტიკა იოდდეფიციტური ჩიყვის თერაპიული მკურნალობის შემდეგ.

უკუჩვენებები:

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– ჰიპერთირეოზი.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

იოდოფოლი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. მოზარდებს და მოზრდილებს – თითო ტაბლეტი ერთჯერ დღეში.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი იოდოფოლი არ უნდა იქნას მიღებული ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტაციდებთან, კოლესტირამინთან, სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, ციტოსტატიკებთან ერთად, რადგანაც ისინი ამცირებენ ფოლის მჟავას შეთვისებას. კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან იოდოფოლის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.

იოდოფოლის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება ხელს უწყობს ჩიყვის და ჰიპოთირეოზის განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას ან იოდის სხვა პრეპარატების გამოყენებისას პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

Don`t copy text!